გამოუსადეგარი ჭაობი თუ უნიკალური ეკოსისტემა

გააზიარე:

გასეირნება კოლხეთში

 

ვფიქრობთ, არ გავაზვიადებთ, თუ ვიტყვით, რომ ასეთ ლანდშაფტს საქართველოში სხვაგან ვერსად ნახავთ. კოლხეთის დაბლობზე მდებარეობს ჭარბტენიანი ტერიტორიები, რომლებსაც დედამიწაზე ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესანარჩუნებლად განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. გამყინვარების პერიოდის დასრულების შემდეგ აქ გავრცელდა და დღემდე შემორჩა შორეულ ჩრდილოეთს შეგუებული მცენარეები. გარდა ამისა, სწორედ აქ პოულობენ დასასვენებელ ადგილს გადამფრენი ფრინველები ევრაზიასა და აფრიკას შორის მოგზაურობისას.

კოლხეთის ნაკრძალი 1935 წელს დაარსდა, რითაც იმ ჭაობებისა და დაჭაობებული ტყეების მნიშვნელობას გაესვა ხაზი, რომლებიც მდინარეებს რიონსა და ფიჩორს შორის 500 ჰექტარზე იყო გადაჭიმული და მანამდე გამოუსადეგარ, უფუნქციო ტერიტორიად მიიჩნეოდა, რომელსაც არაერთხელ დაუპირეს დაშრობა.

1996 წელს კი, მას შემდეგ, რაც საქართველო შეუერთდა რამსარის კონვენციას წყლის ფრინველთა საბინადროდ ვარგისი ჭარბტენიანი ტერიტორიების შესახებ, ნაკრძალმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. გადამფრენი ფრინველების გამოზამთრებისა და ბუდობისთვის ამ ტიპის ლანდშაფტს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, საქართველოში კი რამდენიმე ასეთი ტერიტორიაა, რომელთა შორისაც განსაკუთრებული ადგილი უკავია კოლხეთის ეროვნულ პარკს.

გარდა იმისა, რომ კოლხეთის დაბლობის ლანდშაფტი განუმეორებელია თავისი სილამაზით და გადამფრენი ფრინველების გამოსაზამთრებლადაც ფასდაუდებელია, აქაურ ჭაობებს და დაჭაობებულ ტყეებს დიდი სამეცნიერო მნიშვნელობაც აქვს: მათი შესწავლა საშუალებას იძლევა, გაირკვეს კოლხეთის თანამედროვე ფლორის თავისებურება, შემადგენლობა, განვითარების ისტორია, კლიმატის ცვალებადობა ამ რეგიონში და სხვა.

 

ფლორისა და ფაუნის განუმეორებელი მრავალფეროვნება

თუ კოლხეთის დაცული ტერიტორიებისკენ გაგიწიათ გულმა, გახსოვდეთ, რომ ეროვნული პარკი ყველაზე მეტად ბოტანიკური და ორნითოლოგიური თვალსაზრისით არის საინტერესო. აქ გავრცელებულია წითელ წიგნში შეტანილი მცენარეების ორი სახეობა – ყვითელი ყაყაჩურა და ზღვის შროშანი. ტბებისა და ჭაობის მდინარეების გასწვრივ, ძლიერ დანესტიანებულ ადგილებში, ხარობს ისეთი მცენარეები, როგორებიცაა კოლხური და ყვითელი დუმფარა, წყლის კაკალი და ლემნა, ტორფიან ჭაობებში კი ტუნდრისმაგვარ ჩრდილოურ სახეობებთან ერთად სამეფო გვიმრა და იმერული ისლიც გვხვდება.

თბილი, სასიამოვნო კლიმატი და უხვი მცენარეულობა კოლხეთში დამსვენებლებს უმეტესად ზაფხულობით იზიდავს, მაგრამ თუ გსურთ, კოლხეთის ეროვნული პარკის უნიკალურობა გაისიგრძეგანოთ, მას შემოდგომაზე ან გაზაფხულზე უნდა ეწვიოთ, რადგან ზაფხულში ფრინველთა უმრავლესობა შორეულ ჩრდილოეთში მიფრინავს, სადაც ბუდეებს იშენებენ და ბარტყებს ზრდიან.

კოლხეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე 194 სახეობის ფრინველს შეხვდებით. შემოდგომაზე – ჩრდილოეთიდან სამხრეთით, ხოლო გაზაფხულზე თბილი ქვეყნებიდან ბუდობის ადგილებისკენ დაძრული მილიონობით ფრინველისთვის დაუსახლებელი ჭაობები საუკეთესო ადგილია დასასვენებლად და სულის მოსათქმელად, მრავალი სახეობის ფრთოსნისთვის კი კოლხეთი გამოსაზამთრებელ ადგილს წარმოადგენს.

ფრინველებიდან კოლხეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე წყლის პატარა ქათამურა ყანჩა, ლურჯი ალკუნი გვხვდება, ოქტომბერში კი სამხრეთისკენ დაძრულ მტაცებლებზე დაკვირვებაა შესაძლებელი. კაკაჩები, ძერები, კირკიტები, მარჯნები, შევარდნები, ძელქორები, კრაზანაჭამია, თეთრკუდა, ველისა და ბექობის არწივები გუნდ-გუნდად მიუყვებიან ზღვის სანაპიროს. ზამთარში ჩრდილოეთიდან იხვების, ბატების, გედების, ჩვამების გუნდები მოფრინავენ. სამწუხაროდ, იშვიათად თუ შეხვდებით საქართველოს ფაუნის სიამაყეს, ულამაზეს ხოხობს.

მსხვილი ძუძუმწოვრებიდან კოლხეთის ჭაობიან ჭალებში, ტყეებსა და ბარდნარებში გავრცელებულია ტურა და გარეული ღორი, შველი, წავი. მრავალრიცხოვანია ეროვნული პარკის ტერიტორიის წყლის ბინადართა ჩამონათვალიც. აქ თევზის 88 სახეობას ნახავთ. ხრტილოვანი თევზებიდან აღსანიშნავია ატლანტური ზუთხი და სვია, ხოლო ძვლოვანი თევზებიდან – შავი ზღვის ორაგული, ქაშაყი, ლობანი, ქარიყლაპია, სკუმბრია. აქვე დელფინის სამ სახეობასაც შეხვდებით: აფალინას, თეთრგვერდა დელფინს და ზღვის ღორს.

 

როგორ შევარჩიოთ მარშრუტი

ვაშლოვნის, ლაგოდეხისა და ბორჯომ-ხარაგაულის ნაკრძალებისგან განსხვავებით, კოლხეთის ეროვნულ პარკში ფეხით სავალზე მეტი მოწონებით სანაოსნო მარშრუტები სარგებლობს. ეს არც არის გასაკვირი, რადგან ჭარბტენიანი ტერიტორიების დათვალიერების საუკეთესო საშუალება სწორედ მოტორიანი კატარღაა. თუ ორნითოლოგიით ხართ გატაცებული, კოლხეთს ეროვნულ პარკს შეუძლია, საგანგებო ტური შემოგთავაზოთ. Bირდწატცჰნგ-ის სახელით ცნობილი ტურიზმის ფორმა საქართველოში უფრო და უფრო პოპულარული ხდება. პარკის ტერიტორიაზე ყველაფერია მათთვის, ვისაც ფრინველებზე დაკვირვება უყვარს: ინფრასტრუქტურა, ღამის გასათევი, სპეციალური ინვენტარი.

სანამ სასურველ მარშრუტს დაგეგმავდეთ, გვინდა, კოლხეთის დაცული ტერიტორიების რამდენიმე კვანძო ადგილი გაგაცნოთ.

 

პალიასტომის ტბა და მდინარე ფიჩორი

თუ ანაკლიის მახლობლად, იქ, სადაც მდინარე ჭურია შავ ზღვას უერთდება, ნავში ჩასხდებით და მდინარეს აღმა აუყვებით, პალისტომის ტბას მიადგებით. რამდენიმე ათასი წლის წინ ეს ტბა შავი ზღვის ლაგუნა იყო. ასეულობით წლის განმავლობაში ტალღებმა, რომლებიც ქვიშასა და კენჭებს სანაპიროს გასწვრივ გადაჰქონდათ, ლაგუნა ზღვას მოსწყვიტა. პალიასტომის ტბის ნაპირებზე ნახავთ ულამაზეს პეიზაჟებს, ტბის სამხრეთით – ჩრდილოეთის ისლის მძლავრ კოლბოხებს, სამეფო გვიმრის ხშირ საფარს. თუ გზას განაგრძობთ, თვალწინ მდინარე ფიჩორის შესართავის თვალწარმტაცი ხედი გადაგეშლებათ. აქ ყოველი მოსახვევი ახალ-ახალ სურპრიზს და ფრინველთა იშვიათ სახეობებთან შეხვედრას გიქადით.

 

კოლხური ტყეები

ისეთი ჭარბტენიანი რელიქტური ტყეები, როგორსაც მდინარე ფიჩორისა და ტორფნარის განაპირას შეხვდებით, საქართველოში სხვაგან არსად მოიპოვება. აქაური ტყის მცენარეები შეგუებულნი არიან ჭარბ ტენს, თბილ კლიმატს, მაღალ ფარდობით ტენიანობას, ხშირ წყალმოვარდნასა და დატბორვას. კოლხური რელიქტური ტყეები ოდესღაც დიდი ბიომრავალფეროვნებით გამოირჩეოდა. ხეების მაქსიმალური სიმაღლე აქ 30 მეტრს აღემატებოდა. უგულისყურო მოპყრობამ მცენარეული საფარი გააღარიბაა. დღეს დიდი ხეები გაჩეხილია და ბატონობს სწრაფმოზარდი მურყანი – ალნუს ბარბატა, რომლის სიმაღლე 10 მეტრს აღწევს.

 კულტური ისტორიული ძეგლები

კოლხეთის ეროვნული პარკში ვიზიტს უფრო საინტერესოს ხდის მის მიმდებარე ტერიტორიებზე არსებული არქეოლოგიური და კულტურის ძეგლები, ასე რომ, თუ კოლხეთის ეროვნული პარკის დალაშქვრას გადაწყვეტთ, არც ამ ძეგლების მონახულება დაიზაროთ:

* ლაზიკის ძველი დედაქალაქი არქეოპოლისი (იგივე ნოქალაქევი – ციხეგოჯი) ადრეული შუა საუკუნეების საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია. სავარაუდოდ, სწორედ ნოქალაქევის ტერიტორიაზე მდებარეობდა მითიური ქალაქი აია, საიდანაც არგონავტებმა ოქროს საწმისი მოიპარეს. ნოქალაქევში მისასვლელად გეზი სენაკიდან მარტვილისკენ უნდა აიღოთ. ანტიკური ქალაქი გზის პირას მდებარეობს.

* ხობის მონასტერი, XIII-XIV საუკუნეების ძეგლი, ხობის ცენტრიდან 4 კილომეტრზეა. მისი აშენება გუბაზ მეფის, დავით აღმაშენებლის, თამარ მეფისა და ცოტნე დადიანის სახელებს უკავშირდება. ხობის მონასტერი ულამაზესი ჩუქურთმებითა და ფრესკებითაა შემკული. საბჭოთა ხელისუფლების დამყარებამდე აქ იყო დასვენებული ღვთისმშობლის კვართი, თამარ მეფის გულსაკიდი ჯვარი და სხვა სიწმინდეები, ხოლო შუა საუკუნეებში ხობის მონასტერი საქართველოს კათოლიკოსის რეზიდენციასაც წარმოადგენდა. ხობის ცენტრიდან მონასტრამდე მისვლა შესაძლებელია როგორც ავტომანქანით, ასევე ფეხით.

* დადიანების სასახლე ამჟამად მუზეუმადაა ქცეული. ის ზუგდიდში, ქალაქის ცენტრთან ახლოს მდებარეობს. სამუზეუმო კომპლექსი სამეგრელოს დედოფლის ეკატერინე დადიანისა და თავადი ნიკო დადიანის სასახლეებისგან, კარის ეკლესიისა და დადიანების მიერ გაშენებული ბოტანიკური ბაღისგან შედგება. მუზეუმში დაცულია მსოფლიო მნიშვნელობის ექსპონატები და ქრისტიანული სიწმინდეები.

* რუხის ციხე XV საუკუნის ძეგლია. ის სოფელ რუხის ტერიტორიაზეა, ზუგდიდიდან 8 კმ-ის მოშორებით. თუ ზუგდიდიდან სოხუმისკენ აიღეთ გეზს, მალე გზის პირას რუხის ციხეს დაინახავთ.

 

ამჯერად სულ ეს იყო, სასიამოვნო გასეირნებას გისურვებთ.

გააზიარე: