ტკბილი საფრთხე
გააზიარე:
გაყიდვების სტატისტიკის თანახმად, ზაფხულში ნაყინს კონკურენტი თითქმის არ ჰყავს. მართლაც, ცხელი დღეები ამ ნუგბარის გარეშე წარმოუდგენელია. მისგან უამრავი სხვა გამაგრილებელი დესერტის მომზადებაც შეიძლება.
ნაყინის ავტორობას ჩინელები იჩემებენ. მისი ერთ-ერთი ნაირსახეობა ევროპაშიც არსებობდა საუკუნეების წინ, თუმცა იმხანად ეს პროდუქტი გაცილებით ჯანსაღი იყო, ვიდრე დღეს, რადგან ბუნებრივი ინგრედიენტებისგან მზადდებოდა.
ნაყინი საკმაოდ კალორიულია. გარდა ამისა, მდიდარია კალციუმით, B ჯგუფის, A, D, E ვიტამინებით, შეიცავს ნაღებსა და ნაღების ცხიმს, ხშირად – კაკაოს ცხიმს, გლუკოზას. ნაყინის მთავარი ინგრედიენტი რძეა, ამიტომ არ ვურჩევთ მათ, ვინც ლაქტოზის მიმართ მაღალი მგრძნობელობით გამოირჩევა – ამ დროს ნაყინი კუჭ-ნაწლავის ტრაქტს აღიზიანებს. თუმცა ამ ტკბილეულის მთავარი ნაკლი ქიმიური დანამატებისა და ტრანსცხიმოვანი მჟავების უხვი შემცველობაა.
ტრანსცხიმები
ტრანსცხიმები ნახევრად ჰიდროგენიზებული თხევადი მცენარეული ცხიმისგან, უმეტესად – სოიისა და პალმის ზეთისგან მიიღება (ჰიდროგენიზება ქიმიური ტექნოლოგიაა, რომელსაც თხევადი ცხიმის გასამკვრივებლად იყენებენ). ზოგიერთ ქვეყანაში ტრანსცხიმების გამოყენება კანონით არის შეზღუდული, რადგან ის არა ბუნებრივი, არამედ ტექნოლოგიური პროდუქტია და ადამიანის ჯანმრთელობაზე მისი მავლე გავლენა უკვე არაერთგზის არის დამტკიცებული.
ტრანსცხიმები არღვევს უჯრედის მემბრანის სტრუქტურას, სრულფასოვნად ვერ მონაწილეობს ნივთიერებათა ცვლაში, გამოირჩევა ორგანიზმში დაგროვების უნარით, იწვევს დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების (LDL-C) – ე. წ. ცუდი ქოლესტერინის – მატებას და მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების (HDL-C) – კარგი ქოლესტერინის – შემცირებას, რითაც ზრდის იშემიური დაავადების რისკს. გარდა ამისა, წარმოშობს ინსულინისადმი რეზისტენტობის დაქვეითების და ამ ფონზე შაქრიანი დიაბეტის განვითარების საფრთხეს. ზოგი მეცნიერი მათ ალცჰაიმერისა და ონკოლოგიური დაავადებების რისკის მომატებასაც მიაწერს.
ჯანმრთელობაზე ასეთი გავლენის გამო, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, ტრანსცხიმების დღიური ულუფა არ უნდა აღემატებოდეს მიღებული ცხიმის საერთო რაოდენობის 1%-ს, რაც დაახლოებით 2-2.5 გრამის ეკვივალენტია, თუმცა აჯობებს, საერთოდ ამოვიღოთ რაციონიდან.
საშიში დანამატები
მზა პროდუქტები, რომლებიც გაყიდვამდე დიდხანს აწყვია მაღაზიაში, უხვად შეიცავს სტაბილიზატორებს, ემულგატორებს და სხვა დანამატებს. არც ნაყინია გამონაკლისი. ზემოთ ჩამოთვლილი ნივთიერებები ხელს უშლის დნობას და ნაყინის მასაში ყინულის კრისტალების წარმოქმნას, აუმჯობესებს პროდუქტის გემოსა და შესახედაობას.
ყველა ქიმიურ დანამატს, რომელსაც კვების მრეწველობაში იყენებენ, აქვს ოდენობის ზღვარი, რომლის სისტემატური გადაჭარბების შემთხვევაში ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება.
ბრიტანეთის საკვების მაკონტროლებელი სააგენტოს ცნობით, აკრძალული დანამატები შენელებული მოქმედების ნაღმს ჰგავს. ორგანიზაციის წევრი, ექსპერტი კოლინ ანდერსი, ამბობს, რომ ადამიანის ორგანიზმზე ისინი დაახლოებით ისეთივე ეფექტს ახდენს, როგორსაც მცირე დოზით, მაგრამ ხანგრძლივად მიღებული ანტიბიოტიკები. მათი უმრავლესობა არღვევს ბიოქიმიურ რეაქციებს, ანადგურებს სასარგებლო ბაქტერიებს და ნელ-ნელა წამლავს სხეულს. ეს ნაღმი ისეთ დროს ფეთქდება, როცა არ ელი და შესაძლოა, ვერც კი დაინახოთ კავშირი დაავადებასა და არაჯანსაღი საკვების მიღებას შორის.
ყოველივე ამის გამო კვების მრეწველობაში დანამატების დიდი ნაწილის გამოყენებას ზოგიერთი ქვეყანა კანონით კრძალავს. ევროპაში აკრძალული საკვებდანამატების რიცხვი ყველაზე დიდია. ამერიკა ამ მხრივ უფრო მეტ ლოიალურობას იჩენს, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში კი რეგულირება ფაქტობრივად არ ხდება.
Codex Alimentarius – კომისია, რომელიც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ და გაერთიანებული ერების სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ შექმნეს საკვები პროდუქტების სტანდარტებისა და გაიდლაინების შესამუშავებლად – ნაყინის შემადგენლობაში შემავალ დანამატებს დეტალურად განიხილავს და მათ მავნეობაზე საუბრობს.
* საღებავები (აღინიშნება E100-დან E199-მდე ინდექსით) პროდუქტს ვიზუალურ მომხიბვლელობას ანიჭებს. უმეტესად იყენებენ წითელს, ყვითელსა და ყავისფერს. 2007 წელს ბრიტანეთის სურსათის სააგენტომ დააფინანსა კვლევა, რომელმაც ცხადყო, რომ ამ საღებავების მიღების შემთხვევაში ბავშვებში ჰიპერაქტიურობის ალბათობა იმატებს.
* კონსერვანტები (ინდექსი – E200-დან E299-მდე) თრგუნავს ზოგიერთი მიკროორგანიზმის გამრავლებას და ამ გზით ახანგრძლივებს პროდუქტის შენახვის ვადას, თუმცა მათი ჭარბი მიღებისას სასარგებლო ბაქტერიებიც ნადგურდება და საქმე დისბაქტერიოზამდე მიდის.
* ანტიოქსიდანტები (E300-დან E399-მდე) აფერხებს ჟანგვას, რაც ასევე უწყობს ხელს პროდუქციის დიდხანს შენახვას. სწორედ მათი დამსახურებაა, რომ ზოგი ნაყინი 6-დან 12 თვემდეც კი ინახება. დოზის გადაჭარბება იწვევს ჰიპერაქტიურობას, ალერგიულ რეაქციებს, უარეს შემთხვევაში – ონკოლოგიურ დაავადებებს.
* სტაბილიზატორები და ემულგატორები (E400-დან E599-მდე) ნაყინს უნარჩუნებენ სათანადო სტრუქტურას და უზრუნველყოფს ერთგვაროვან კონსისტენციას. მათი უმრავლესობა კანცეროგენულ ნივთიერებათა ჩამონათვალში ლიდერობს. ევროპის კანონმდებლობით, იკრძალება სურსათის წარმოებაში ამ ქვეჯგუფის ნივთიერებათა დიდი ნაწილის გამოყენება.
* გემოს გამაძლიერებლები და არომატიზატორები (E600-დან E699-მდე), როგორც სახელწოდებაც მიანიშნებს, ნაწარმის საგემოვნო თვისებების ხაზგასასმელად ან შესაცვლელად არის განკუთვნილი. მათგან შედარებით ნაკლები საფრთხე გვემუქრება, ვინაიდან მრეწველობაში სკრუპულოზური სიზუსტით მოიხმარენ – მათი გადაჭარბებისას ხომ პროდუქტი უჩვეულო გემოს მიიღებს და საკვებად უვარგისი გახდება.
ნაყინის მწარმოებლები ყველაზე ხშირად იყენებენ შემდეგ დანამატებს: E407-ს, E471-ს, E412-ს, E415-ს, E410-ს. მათი ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს მთელი მასის 0,3-0,5%-ს. გერმანიის სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის 2009 წლის კვლევამ დაადასტურა, რომ ეს დანამატები ჯანმრთელობისთვის ისეთი საშიში არ არის, როგორიც E466. ეს უკანასკნელი ცელულოზის ნაერთს წარმოადგენს და ევროპის ყველა და პოსტსაბჭოთა სივრცის ზოგიერთ ქვეყანაში აკრძალულია. სამწუხაროდ, საქართველო ამ ქვეყნების რიცხვში არ შედის.
E123 – ამარანტი – აზიანებს თირკმელს, ვნებს ნაყოფის განვითარებას. აკრძალულია ევროპის ქვეყანათა უმრავლესობასა და რუსეთში. საქართველოს კანონმდებლობით (ჯანმრთელობის მინისტრის ბრძანება 311`ნ “საკვებდანამატების გამოყენების სანიტარიული წესებისა და ნორმების” შესახებ), მისი მხოლოდ დოზირება იზღუდება. მაგალითად, ერთ კილოგრამ ნაყინში 30 მილიგრამი ამ დანამატის შემცველობა დასაშვებად მიიჩნევა.
იგივე შეიძლება ითქვას შაქრის შემცვლელებზეც (E950, E951, E952, E954), რომლებსაც ფართოდ მოიხმარენ საქართველოს სარეალიზაციო ქსელში არსებული ნაყინისა და სხვა ტკბილეულის წარმოებისას. ევროპელი მკვლევრები ამტკიცებენ, რომ ჯანმრთელობაზე ეს დანამატები არასასურველ გავლენას ახდენს. მაგალითად:
* აცესულფამი (ინდექსი – E950) 1974 წელს აშშ-ში აღიარეს ტოქსიკურ ნივთიერებად, რომლის დიდი რაოდენობით გამოყენება ავთვისებიანი სიმსივნის განვითარებას იწვევს.
* ასპარტამი (E951, კომერციული სახელწოდება – სვიფტლი, სლასტილინი, სუკრაზიდი, ნუტრისვიტი). 1985 წელს აღმოაჩინეს მისი ქიმიური არამდგრადობა 300c-ზე. ცნობილია ისიც, რომ გაზიან წყალში ეს დანამატი წარმოქმნის A ჯგუფის კანცეროგენს – ფორმალდეჰიდს. ამიტომ გახსოვდეთ, რომ ნაყინთან ერთად ლიმონათის, კოკა-კოლას და სხვა გაზიანი სასმელების დალევა არამც და არამც არ შეიძლება, მით უფრო – თუ ის ამ დანამატს შეიცავს.
* ციკლამატი (E952, ცუკლი) 1969 წელს აკრძალეს აშშ-ში, საფრანგეთში, ინგლისსა და რამდენიმე სხვა ქვეყანაში, რადგან თირკმლის უკმარისობას იწვევს, თუმცა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში სიიაფის გამო საკმაოდ გავრცელებულია.
* საქარინი (E954, Sweet’n Low, Spinkle Sweet, Twin, Sweet-10) ბევრ ქვეყანაში ნებადართულია, თუმცა არსებობს ეჭვი, რომ პროვოცირებას უწევს ნაღველკენჭოვანი დაავადების განვითარებას და გამწვავებას.
* ქსილიტი (E967), სორბიტი (E420) – მათი დიდი დოზები (30 გრამზე მეტი ერთჯერადად) კუჭის დაზიანებას იწვევს.
ამერიკის პედაგოგთა აკადემია ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერმგრძნობელობის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლებს ურჩევს, პატარები იშვიათად გაანებივრონ ნაყინით და, საზოგადოდ, ისეთი საკვებით, რომელიც ჩამოთვლილი დანამატებიდან ერთს მაინც შეიცავს, განსაკუთრებით – საღებავებს და ნატრიუმის ბენზოატს.
საქართველოში კი, სანამ ჩვენს ჯანმრთელობას კანონი დაიცავს, უმჯობესია, თავად ვიზრუნოთ მასზე და აკრძალული დანამატების არა ქართული, არამედ ევროპული სიით ვიხელმძღვანელოთ. შესაბამისად, ზომიერად მივირთვათ ყველასათვის საყვარელი ნუგბარი – ნაყინი.
თამარ ციბალაშვილი