ნინო ჩაკვეტაძის ბავშვური ოცნებებით სავსე ფერწერა

გააზიარე:

 

სინაზითა და სიყვარულით, მონატრებითა და სევდით სავსე მის ნახატებს გულგრილად ვერ აუვლი გვერდს. ალბათ იმიტომ, რომ ისინი სულის ყველაზე მგრძნობიარე სიმებს ეხება – აღვიძებს ბავშვობის ხატებს, რომლებსაც თითოეული ჩვენგანი სათუთად ინახავს მოგონებათა სკივრში.

ნინო ჩაკვეტაძეს ზანდუკელის ქუჩაზე, გალერეა “ნოჩაში” ვესტუმრე. ზარის დარეკვისას ისეთი განცდა დამეუფლა, თითქოს ზღაპრული სამყაროს კარი უნდა შემეღო. კარზე მიხატული ბუ რომელიღაც მულტიპლიკაციური ფილმიდან მახსოვდა, ან იქნებ სიზმრიდან, ან სულაც შორეული ასოციაცია გახმიანდა მეხსიერებაში...

გალერეაში მყუდროებაა. ნინოს ნახატები, მისივე ნამუშევრებით მოხატული მაისურები, ჩანთები, ბალიშები, სკივრები და სათამაშოები ბავშვობაში გვაბრუნებს.

– ბევრი მხატვარი ოცნებობს საკუთარ კუთხეზე, სადაც მუდმივად იქნება გამოფენილი მისი ნამუშევრები. მე ეს ოცნება ორი წლის წინ ამიხდა. რა თქმა უნდა, მანამდეც ვმონაწილეობდი გამოფენებში, პერსონალური გამოფენებიც გამიმართავს, და მივხვდი, რომ ჩემი ნახატების ნახვა ბევრს უნდოდა. იმავე ეზოში, სადაც ბავშვობა გავატარე, პატარა სალონი გავხსენი, ფერწერული ტილოები გამოვფინე. მერე ბარათების ბეჭდვა დავიწყეთ. თანდათან გავაფართოეთ იმ სუვენირების ასორტიმენტი, რომლებსაც ჩემი ნამუშევრები ამშვენებს. იდეამ გაამართლა, თუმცა ბიზნესში წარმატება ჩემი თვითმიზანი არასოდეს ყოფილა, არც მკაფიო გეგმა დამისახავს, ის კი არა, მეგობარმა მაისურზე ჩემი ნახატების გადატანა რომ შემომთავაზა, მეუცხოვა კიდეც, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ხალხს მოსწონს, სუვენირების შეძენის მსურველებიც მრავლად არიან. ასე რომ, დღეს საკუთარ ბიზნესს ვუძღვები, მაგრამ, უნდა ვაღიარო, აქტიური ადამიანი არ ვარ. არ მიყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა. თავს ყველაზე უკეთ მაშინ ვგრძნობ, როცა ჩემს კუთხეში ვზივარ სიწყნარეში და ვხატავ.

– თქვენი ნამუშევრები მართლაც გამორჩეულია – სტილით, თემატიკით...

– ხატვის ამ მანერას 2010-2011 წლებში მივაგენი. ფერებიც ჩემია – მშვიდი, დამჯდარი, ბუნებრივი.

ბევრი მსაყვედურობს, შენს ნახატებზე ყველას სევდიანი თვალები აქვსო, მაგრამ ასე მეხატვინება. მიყვარს პატარა ბავშვების, მოხუცებისა და ანგელოზების ხატვა. მომწონს, როდესაც ჩარჩოც ამ განწყობას იმეორებს. ერთხანს ნახატებს ძველი მაქმანებითაც ვაფორმებდი.

ჩემი შემოქმედება ბავშვობის ერთგვარი გამოძახილია. შარშან სათამაშოების კოლექცია შევქმენი, თემატური გამოფენა – “დათვები ბავშვობიდან” მოვაწყვე. ყველა ნახატში სათამაშო დათვი ფიგურირებდა. დარბაზშიც ყველგან დათუნიები ეწყო. ნაძვის ხეზეც დათვები ეკიდა... დამთვალიერებლები ამბობენ, რომ ჩემი გალერეის ატმოსფერო მათ ბავშვობაში აბრუნებს.

– თავად როგორი ბავშვობა გქონდათ?

– მშვიდი და ბედნიერი, მოსიყვარულე ოჯახითა და ნათესავებით გარემოცული. ზაფხულობით ტაშისკარში ვისვენებდით –ბორჯომის ხეობის ულამაზეს სოფელში, ტყის პირას მდგარ სახლში. მიყვარდა ტყეში ხეტიალი, ხეებზე ცოცვა... ბედნიერი წლები იყო.

მერვე კლასიდან სწავლა იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში გავაგრძელე. ექსკურსიებზე დავდიოდით, ვმოგზაურობდით, პრაქტიკებს მთაში გავდიოდით... 1990 წელს სამხატვრო აკადემიაში ჩავაბარე. ასე რომ, ჩემი სტუდენტობა 90-იან წლებს დაემთხვა.

პერსპექტივა არ ჩანდა, მაგრამ სხვა პროფესიაზე არც მიფიქრია. ჩემი ძმაც სამხატვრო აკადემიაში სწავლობდა – მონუმენტური ხელოვნების ფაკულტეტზე, მამა კი არქიტექტურის ფაკულტეტის ლექტორია დღემდე.

აკადემია დავამთავრე თუ არა, ვიქორწინე. მეუღლე ფიზიკოსია, ჩემი შემოქმედების დიდი გულშემატკივარი. ორი ქალიშვილი გვყავს. უფროსი სახვით ხელოვნებას არ გაჰყოლია, უმცროსს კი ჯერ არ გადაუწყვეტია, რა პროფესიას აირჩევს მომავალში.

ფერწერას სერიოზულად მხოლოდ ბოლო წლებში მოვკიდე ხელი. მანამდე საბავშვო ილუსტრატორი ვიყავი. რამდენიმე ძალიან კარგი წიგნი გავაფორმე, მაგრამ გამუდმებით მაწუხებდა აზრი, რომ თვითრეალიზაციას ვერ ვახერხებდი.

თავდაპირველად ნატურმორტებზე ვმუშაობდი, რადგან ასეთი კომპოზიციები ფიქრსა და ემოციებს არ ითხოვს. ერთ მშვენიერ დღეს კი ბებია დავხატე, რომელიც სკამზე თვლემს, ბავშვი კი მაგიდის ქვეშ შემძვრალა... სუფრაზე მწვანე ჭიქა და ჩაიდანი – ჩემი ბავშვობის დროინდელი ჭურჭელი – “გავშალე”... მივხვდი, რომ ჩემს თემას მივაგენი. მერე საკუთარი თავი დავხატე ბავშვობაში – ხის ტოტზე ჩამომჯდარი, ჩიტთან ერთად... ასე დავიწყე და თანდათან ჩავდექი ამ კალაპოტში.

ჩემი შემოქმედება ბევრმა გაიცნო. მოხდა ასეთი სასიამოვნო ამბავიც – სამი წლის წინ ასტრიდ ლინდგრენის სახელობის პრემიაზე წარმადგინეს. ამ პრემიით ყოველწლიურად აჯილდოებენ საუკეთესო მწერლებს, ილუსტრატორებს, გამომცემლობებს მთელი მსოფლიოდან. საქართველოდან ორნი ვიყავით წარდგენილი – ზაზა აბზიანიძე და მე.

ახლახან ლიტვის ორ ქალაქში ჩემი და ბუბა არაბულის ფერწერული ნამუშევრები გამოიფინა.

უახლოეს მომავალში ესტონეთში მივემგზავრები. ერთმა ფსიქოლოგმა მიმიწვია. ეს ქალბატონი ხშირად ჩამოდის საქართველოში. თავად მესტუმრა გალერეაში და ასე გამიცნო. ტალინში კერძო საბავშვო ბაღი აქვს, რომელიც უნიკალური პროგრამითა და მეთოდებით არის ცნობილი. გამოფენის მოწყობა და ჩემი მიწვევა კი ტალინის დღეებთან დაკავშირებით გადაწყვიტა. ტალინელებს ულამაზესი ტრადიცია აქვთ –მოქალაქეები და ორგანიზაციები თავიანთ ქალაქს ყოველწლიურად უძღვნიან საჩუქარს. ჩვენი მასპინძლის საჩუქარი ტალინის ერთ-ერთი ძველი უბნის ქუჩებში ჩემი ნამუშევრების გამოფენა იქნება. მერე კი ბიბლიოთეკაში ბავშვებთან შეხვედრა იგეგმება.

 

***

– გამუდმებით ვაპირებ ვარჯიშის დაწყებას. ზოგჯერ ვიწყებ კიდეც, მაგრამ ენთუზიაზმი ცოტა ხანს მყოფნის. როგორც ჩანს, მხოლოდ იმ საქმის კეთება მეხალისება, რომელიც მიყვარს. ვიცი, რომ ფიზიკური აქტივობა აუცილებელია, ველოსიპედიც კი შევიძინე, მაგრამ დგას თავისთვის...

მოვახერხე და, დიდი სიყვარულის მიუხედავად, ტკბილეულზე უარი ვთქვი. წონაც დავიკელი და უფრო ენერგიულადაც ვგრძნობ თავს. კმაყოფილი ვარ, რომ ეს ნაბიჯი გადავდგი, მეუღლეც ამყვა და ერთად გაგვიადვილდა.

ვიცი, რომ ფეხით სიარული სასარგებლოა, მაგრამ ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში ეს შეუძლებელია მავნე გამონაბოლქვისა და დაბინძურებული ჰაერის გამო.

როდესაც ადრე ვიღვიძებ, უფრო ნაყოფიერად ვმუშაობ, მაგრამ ამას იშვიათად ვახერხებ, რადგან მუშაობას უმეტესად საღამოობით ვიწყებ, როცა ყველა იძინებს, სრულ სიჩუმესა და სიმყუდროვეში. სახელოსნო შინ მაქვს მოწყობილი. შინ მუშაობას ის პლუსიც აქვს, რომ ოჯახს ყურადღებას არ ვაკლებ.

***

– ხატვას მართლაც აქვს გამაჯანსაღებელი ეფექტი. ისიც კი, ვისაც ფუნჯი არასოდეს სჭერია ხელში, ხატვისას საოცარ სიამოვნებას განიცდის, მშვიდდება.

 

***

– ყველაფერი მაინც სიყვარულისკენ მიდის. ცხოვრება ამ გრძნობისთვოს ღირს. რაც შეიძლება მეტი სიყვარული უნდა გავცეთ, დავეხმაროთ მას, ვისაც ჩვენი თანადგომა სჭირდება, არ დავცინოთ განსაცდელში ჩავარდნილს. თუ ამ პრინციპით ვიცხოვრებთ, თავადაც ბედნიერად ვიგრძნობთ თავს.

თამარ ციბალაშვილი

 

 

 

 

 

 

 

 

 

გააზიარე: