შევარჩიოთ კენგურუ და სლინგი

გააზიარე:

 

რაც უნდა მოხერხებული ეტლი ან სავარძელი ჰქონდეთ, პატარებს დედიკოს ან მამიკოს მკლავებში ყოფნა ყველაფერს ურჩევნიათ, მაგრამ, დამეთანხმებით, ბავშვის მთელი დღე ხელით ტარება წარმოუდგენელია. ამ გასაჭირისგან კენგურუ ან სლინგი გიხსნით.

 

აუცილებელია თუ არა?

არც კენგურუ, არც სლინგი აუცილებელ ატრიბუტებს არ წარმოადგენს – გარეთ ბავშვის სატარებლად თავისუფლად შეიძლება ეტლის გამოყენება, შინ კი მისი ჩასმა პატარებისთვის განკუთვნილ სავარძელში. მაგრამ როგორ მოვიქცეთ, როდესაც ბავშვს მხოლოდ ხელში აყვანა ამშვიდებს, თქვენ კი უამრავი საქმე გაქვთ მოსაგვარებელი? სწორედ ამ დროს მოგევლინებათ მხსნელად კენგურუ ან სლინგი – დედის მკერდს მიკრული პატარა თავს მშვიდად იგრძნობს, თქვენ კი ხელები თავისუფალი გექნებათ და საქმის კეთებას შეძლებთ.

 

რატომ შევიძინოთ      

* ძალზე მოხერხებულია ძუძუთი კვების დროს – ბავშვის გამოკვება მისი ამოყვანის გარეშეა შესაძლებელი. სხვათა შორის, დადგენილია, რომ უჭმელი ბავშვები კენგურუთი ან სლინგით ტარების დროს უკეთ ჭამენ, რადგან დედის სიახლოვე ამშვიდებთ და ჭამის სურვილს უღვივებთ.

* დიდ დახმარებას გაგიწევთ, თუ უფროსი ბავშვიც გყავთ – პატარა ხელს არ შეგიშლით მასზე ზრუნვაში.

* 1986 წელს აშშ-ში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ბავშვები, რომლებიც დღეში 3 საათს მაინც ატარებენ დედის მკლავებში, გაცილებით იშვიათად ტირიან და შფოთავენ ღამით.

* აშშ-ს პედიატრიული კავშირის მონაცემების მიხედვით, ბავშვებს, რომლებსაც ხშირად და დიდხანს ატარებენ ხელში აყვანილს, გაცილებით სწრაფად უვითარდებათ კოგნიტიური უნარები, რადგან ჩართულნი არიან დედის ყოველდღიურ საქმიანობასა და ურთიერთობებში და მხოლოდ შორიდან არ აკვირდებიან მოვლენებს.

* კენგურუთი ან სლინგით ჩვილის ტარება აძლიერებს დედა-შვილის ურთიერთმიჯაჭვულობას და აადვილებს ურთიერთგაგებას.

 

შევარჩიოთ საუკეთესო

კენგურუს ან სლინგის შეძენამდე აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ჩვილის პირად პედიატრთან, მერე კი თვალი გადაავლეთ იმ ფაქტორებს, რომელთა გათვალისწინებითაც მოგიწევთ არჩევანის გაკეთება:

ვინ გამოიყენებს. მხოლოდ თქვენ აპირებთ კენგურუს ან სლინგის გამოყენებას თუ ოჯახის სხვა წევრი ან მომვლელიც? მეორე შემთხვევაში ზომა ისეთი უნდა იყოს, რომ ორივეს მოერგოს.

ტრანსფორმაციის უნარი. ხშირად მშობლები ახალშობილისთვის სლინგს იყენებენ, ხოლო როდესაც ბავშვი წამოიზრდება, კენგურუს გამოყენებაზე გადადიან. შეგიძლიათ, ფული დაზოგოთ და იყიდოთ ისეთი კენგურუ, რომელსაც ტრანსფორმაციის უნარი აქვს და ბავშვს რამდენიმე თვის განმავლობაში გამოადგება.

სიმტკიცე. შეძენამდე შეამოწმეთ, იმდენად მტკიცეა თუ არა კენგურუს ყველა თასმა, ბალთა და შესაკრავი, რომ რამდენიმე თვის ბავშვის წონას გაუძლოს.

სიმარტივე. შეარჩიეთ ყველაზე მარტივი მოდელი. მისი მორგება მარტოსაც მოგიწევთ, ამიტომ სასურველია, ეს ცალი ხელითაც მოახერხოთ.

კომფორტულობა. კენგურუს სამხრეები ფართო და რბილი უნდა იყოს, ხოლო ქსოვილი – მტკიცე და გამძლე. მხრებსა და ზურგზე ბავშვის წონა თანაბრად უნდა ნაწილდებოდეს. ფართო უნდა იყოს ფეხების გასაყოფიც, კიდეები კი რბილი ჰქონდეს, რომ პატარას თეძოებზე არ მოუჭიროს და სათუთი კანი არ გაუხეხოს. სასურველია, მოდელს ჰქონდეს თავისა და კისრის დამცავი ბალიშებიც, რათა, თუ ბავშვს ჩაეძინა, თავი მოხერხებულად ედოს. სლინგის ქსოვილიც რბილი და მტკიცე უნდა იყოს, სასიამოვმო შესახები და, რაც მთავარი, ჰაერგამტარი, რომ პატარა არ ჩაიხუთოს.

ძუძუთი კვება. შეამოწმეთ, მოახერხებთ თუ არა ბავშვისთვის ძუძუს წოვებას კენგურუდან ამოყვანის გარეშე. სლინგის შემთხვევაში ეს გაცილებით იოლია, მაგრამ არსებობს კენგურუს ისეთი მოდელებიც, რომლებიც მოხერხებულად კვების საშუალებას იძლევა.

ჰიგიენურობა. კვების დროს, დიდი შანსია, კენგურუ ან სლინგი დაისვაროს, ამიტომ აჯობებს, ქსოვილი იოლად ირეცხებოდეს (არა მარტო ხელით, არამედ სარეცხ მანქანაშიც) და სწრაფად შრებოდეს.

 

ახლა კი კენგურუსა და სლინგის ყველაზე გავრცელებული მოდელები განვიხილოთ.

 

კენგურუ

არსებობს როგორც 4 თვემდე, ისე 4 თვიდან გამოსაყენებელი მოდელები, თუმცა საუკეთესო ვარიანტი, როგორც გითხარით, კენგურუ-ტრანსფორმერია, რომელსაც ორ წლამდე გამოიყენებთ. უპირატესობა მიანიჭეთ მოდელებს, რომლებშიც შესაძლებელია ბავშვის როგორც თქვენსკენ სახით, ისე თქვენსკენ ზურგით ჩასმა.

კენგურუს გამოყენება არ არის რეკომენდებული, თუ ბავშვს მენჯ-ბარძაყის პრობლემები აქვს.

ნაკლოვანებები: დაკეცილიც კი საკმაოდ დიდ ადგილს იკავებს.

 

სლინგი-შარფი

ეს არის წელვადი ტრიკოტაჟის გრძელი და განიერი ნაჭერი, რომელსაც ტანზე იხვევთ და თქვენთვის მოხერხებულ პოზიციაში კვანძავთ. გამოიყენებთ დაბადებიდან ორ წლამდე. სიმძიმე მთელ ზურგზე ნაწილდება და ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაშიც არ დაიღლებით.

ასეთი სლინგი იდეალურად ერგება ნებისმიერი გაბარიტების ადამიანს. ბავშვის თავი, კისერი და ზურგი მყარადაა ფიქსირებული, ფეხები კი სწორ, ბაყაყისებურ პოზაშია.

ნაკლოვანებები: დიდი ზომის ნაჭრის მორგების პროცესი ზოგისთვის დამღლელი და მოსაბეზრებელია. დაკეცილიც კი საკმაოდ დიდ ადგილს იკავებს. ზაფხულში არც ისე კომფორტულია – ტანზე მჭიდროდ შემოხვეული ნაჭერი და მასში ჩასმული ბავშვი ხელს შეუშლის სხეულის გაგრილებას.

 

სლინგი-ჩანთა

ჩანთისებრი სლინგი წარმოადგენს ორივე მხრიდან შეკრულ ქსოვილის ნაჭერს, რომელიც მთლიანობაში ბავშვის მოსათავსებელ ძალზე კომფორტულ ჩანთას ქმნის. ასეთ სლინგს მეტი კომფორტისთვის ზოგჯერ ბალიშიც მოჰყვება.

სლინგის ამ მოდელს არ აქვს არავითარი ბალთა და შესაკრავი, რომელმაც შეიძლება პატარა შეაწუხოს, მსუბუქია და დაკეცილსაც კი ადვილად მოათავსებთ პატარა ჩანთაშიც. ასეთი სლინგი საუკეთესოა ძუძუთი კვების დროს.

ნაკლოვანებები: კენგურუსგან განსხვავებით, ამ სლინგის ტარებისას სიმძიმე ცალ მხარს აწვება, ამიტომ ხანგრძლივი გამოყენებისას შესაძლოა ზურგი აგტკივდეთ. ამასთან, თუ ბავშვმა გადაბრუნება ან წამოჯდომა მოინდომა, მისთვის ხელის შეშველება მოგიწევთ.

 

რგოლიანი სლინგი

ეს არის ორ რგოლს შორის გამავალი დიდი ნაჭრისგან შექმნილი მარყუჟი, რომელშიც პატარები თავს ძალზე კომფორტულად გრძნობენ. ის ისე მარტივად რეგულირდება, რომ მის მოხმარებას ნებისმიერი ზომისა და წონის ადამიანი შეძლებს. გამოიყენება ახალშობილობიდან ორ წლამდე. ჩანთა-სლინგზე უსაფრთხოა და ბავშვისთვის ხელის შეშველებას არ მოითხოვს. ყველაზე ფართო არჩევანი აქვს ბავშვის პოზიციონირებისთვის – შეგიძლიათ დააწვინოთ (ზურგზე ან მუცელზე), დასვათ (სახით ან ზურგით წინ), ფეხები შიგნით მოუქციოთ ან გარეთ გამოაყოფინოთ, თეძოზე შემოისვათ ან ზურგზე დაიმაგროთ.

ნაკლოვანებები: სიმძიმე ამ შემთხვევაშიც ცალ მხარს აწვება, რაც არცთუ ისე კომფორტულია. მისი გამოყენება პრაქტიკას მოითხოვს და პირველ ხანებში შესაძლოა გაგიჭირდეთ. არასწორად შეკრული რგოლები დისკომფორტს უქმნის როგორც დედას, ისე ბავშვსაც.

 

გაითვალისწინეთ

* ბავშვის თავი, კისერი და ზურგი კარგად უნდა იყოს დაფიქსირებული.

* სათანადო ვენტილაცია აუცილებელია – თუ ჰაერი დიდხანს არ მოხვდა, კანი ჩაიხუთება და გაღიზიანდება.

* თუ ბავშვი 4 თვეზე ნაკლები ასაკისაა, ნაადრევად დაიბადა, წონანაკლული იყო ან სუნთქვის პრობლემები აქვს, სლინგის`კენგურუს არჩევამდე აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია პედიატრთან.

* ხშირად შეამოწმეთ, ხომ არ აქვს ბავშვს ცხვირ-პირი ნაჭერში`ბალიშში ჩარგული ან თქვენზე მობჯენილი.

* სლინგის გამოყენების შემთხვევაში უნდა ხედავდეთ ბავშვის სახეს. ანალოგიურად, ბავშვსაც უნდა ჰქონდეს დედის სახის დანახვის საშუალება.

* თუ სლინგის მოუხსნელად გადაწყვიტეთ ბავშვისთვის ძუძუს მოწოვება, კვების შემდეგ პატარა ადრინდელ პოზიციაში დააბრუნეთ და დარწმუნდით, რომ სახე უჩანს ან მისი თავი ქსოვილის ზემოთაა.

ლიკა ქათამაძე

 

 

 

 

 

 

გააზიარე: