აერობიკა სახისათვის

გააზიარე:

თუ გსურთ  სახის ჯანსაღი ფერი, კანის ელასტიურობა და ახალგაზრდული იერი დიდხანს შეინარჩუნოთ, კოსმეტიკურ საშუალებებს სახის სპეციალური ვარჯიშებიც უნდა დაახმაროთ. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ სახის აერობიკაზე გესაუბროთ. ვარჯიშებზე, რომლებიც თქვენი სახის მოშვებულ კუნთებს ტონუსში მოიყვანს, სისხლის მიმოქცევას გაგიუმჯობესებთ, ახლად გაჩენილ ნაოჭებს გაასწორებს და ჯანმრთელ-ახალგაზრდულ იერს ხანგრძლივი დროის მანძილზე შეგინარჩუნებთ.

ჰო მართლა, ვარჯიშის დაწყებამდე სახე ყინულის კუბიკით გაიწმინდეთ ან ბალახების ნაყენით დაიბანეთ. ხოლო თითოეული ვარჯიში 8-10-ჯერ გაიმეორეთ.

ღაბაბი რომ არ გაგიჩნდეთ
მხრებში გაიმართეთ, თავი სწორად დაიჭირეთ და ქვედა ტუჩი ხან მარჯვენივ გასწიეთ, ხან მარცხნივ, ხან ზევით და ხანაც ქვევით ნიკაპისკენ. ასეთი 
მოძრაობა გაააქტიურებს ნიკაპის და ყელის კუნთებს. მთავარია ვარჯიშის დროს ზედა ტუჩი უმოძრაოდ იყოს. 
თუ ამ ვარჯიშს ყოველდღიურად 8-10-ჯერ გააკეთებთ, არც ღაბაბი გაგიჩნდებათ და არც კანი ყელზე დაკარგავს ელასტიურობას.
 
ვარჯიში თვალის ირგვლივ კუნთებისათვის
1. ეს ვარჯიში შეგიძლიათ გააკეთოთ, როგორც მჯდომარე მდგომარეობაში, ასევე დაწოლილმაც (მაგალითად დილით, სანამ საწოლიდან წამოდგებით). 
ორივე ხელის შუა თითები წარბებს შორის დაიდეთ, საჩვენებელი თითებით კი თვალის გარე კუთხეებს ოდნავ დააწექით. ფართოდ გაახლითეთ თვალები და აიხედეთ ჯერ მაღლა, ისე რომ ქვედა ქუთუთო დაიჭიმოს, შემდეგ დაბლა, მარჯვნივ და მარცხნივ. 
2. საწყისი მდგომარეობა იგივეა. თვალები მაგრად დახუჭეთ,  ისე რომ იგრძნოთ, როგორ დაიძაბა თვალის კუნთები. დათვალეთ ორმოცამდე და თვალები გაახილეთ. ვარჯიშის დასრულების შემდეგ თვალები კვლავ დახუჭეთ რამდენიმე წამით და კუნთები მოადუნეთ. 
კარგი იქნება, თუ ამ ვარჯიშებსს დღეში ორჯერ გააკეთებთ. ასეთი ტრეინინგი თვალის ირგვლივ ნაოჭების გაჩენის პროფილაქტიკის არაჩვეულებრივი საშუალებაა.

უნაოჭო და კრილა შუბლი
ორივე ხელის საჩვენებელი, შუა და არათითები შუბლზე დაიწყეთ და მსუბუქად დააჭირეთ კანს. შეეცადეთ თვალები და წარბები რაც შეიძლება მაღლა ასწიოთ, ისე რომ დაძლიოთ თითების წინააღმდეგობა. 5-6 წამის განმავლობაში ასე გაჩერდით და შემდეგ საწყის მდგომარეობას დაუბრუნდით. 

ახალგაზრდული სახის ოვალისა და ლამაზი ღაწვებისათვის
გაიღიმეთ, ისე რომ ბაგეები ერთმანეთს არ მოაცილოთ, გაჩერდით ასე 8-10 წამი, შემდეგ კი ტუჩის კუთხეები რაც შეიძლება ქვემოთ დაუშვით. გაჩერდით 8-10 წამი ამ მდგომარეობაშიც და კუნთები მოადუნეთ. 

ცხვირ-ტუჩის ნაოჭების წინააღმდეგ
1. ფართოდ გააღეთ პირი და რიგ-რიგობით წარმოთქვთ ყველა ხმოვანი ბგერა. 
2. ორივე ხელის საჩვენებელი, შუა და არათითი ტუჩის კუთხეებთან დაიდეთ და გასწიეთ ტუჩები აქეთ-იქით.

ვარჯიში მთელი სახისათვის
ტუჩები ერთმანეთთან შეატყუპეთ, ისე თითქოს კოცნას აპირებთო, შემდეგ კი ფართოდ გაიღიმეთ და თვალები დახუჭეთ. ეს ვარჯიში სახის ყველა კუნთზე მოქმედებს.
დაბოლოს, სახისთვის არაჩვეულებრივი ვარჯიშია მთქნარება. ამთქნარეთ რაც შეიძლება ხშირად (ოღონდ არ დაგეძინოთ) და კუნთებიც მუდამ ტონუსში გექნებათ.

გააზიარე: