ახალგაზრდა და ლამაზი კანისთვის

გააზიარე:

20-22 წლისას ახალგაზრდობის შენარჩუნებაზე ზრუნვა ალბათ სიცილადაც არ გყოფნიდათ. დარწმუნებული იყავით, მიმიკური ნაოჭებისა და მოდუნებული კანის პრობლემა თქვენ არასოდეს შეგეხებოდათ, მაგრამ, აი, 35-ს გადააბიჯეთ და პირველმა ნაოჭებმაც იჩინა თავი. აღარც სახის კანია ისეთი ელასტიკური, როგორიც ათი წლის წინ... დროს ვერ შეაჩერებთ, თუმცა თუ ჩვენს რჩევებს გაითვალისწინებთ, დაბერების უსიამოვნო პროცესს ნამდვილად შეაყოვნებთ და ახალგაზრდობას საგრძნობლად გაიხანგრძლივებთ.

ადრე არასოდეს არის
ნაოჭების პროფილაქტიკაზე ფიქრს მათ გაჩენამდე უნდა შეუდგეთ, რადგან დანაოჭებული კანის გასწორება ბევრად უფრო რთულია, ვიდრე დანაოჭების 
გადავადება. რაც უფრო ადრე დაიწყებთ სახის კანზე ზრუნვას, მით უფრო მეტხანს შეინარჩუნებთ სინორჩესა და სილამაზეს. ისიც იცოდეთ, რომ გარემოს მავნე ზემოქმედების, არასწორი კვების, ემოციური მიმიკების, თავისუფალი რადიკალების ზემოქმედების, ცხოვრების მჯდომარე წესისა თუ სხვა მიზეზების გამო კანის დაბერების პროცესი საგრძნობლად გაახალგაზრდავდა. თვალის ირგვლივ არსებულ ნაოჭებს, ეგრეთ წოდებული ბატის ნაფეხურებს, ზოგჯერ 22 წლის გოგონებსაც კი შეამჩნევთ, რაც ნორმალური ნამდვილად არ არის, ამიტომ გირჩევთ, კანის მოვლას 20 წლის ასაკიდანვე შეუდგეთ, ოღონდ აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება კრემის ეტიკეტზე გაკეთებულ წარწერას, რომელიც გვამცნობს, რა ასაკის ქალბატონებისა და რომელი ტიპის კანისთვის არის იგი განკუთვნილი. დაიმახსოვრეთ, სხვადასხვა ასაკში კანს სხვადასხვაგვარი მოვლა სჭირდება, ამიტომ თუ 45 წლის ქალბატონებისთვის განკუთვნილ კრემს 25 წლის ასაკში გამოიყენებთ, შესაძლოა, დადებითის ნაცვლად უარყოფითი ეფექტი მიიღოთ.
20-დან 25 წლამდე კანს ყველაზე მეტად სითხე აკლია და ინტენსიური დატენიანება სჭირდება, ამიტომ ამ ასაკში რეკომენდებულია დამატენიანებელი კრემების გამოყენება (შეგვიძლია გირჩიოთ, მაგალითად, “აჰავას” ან “დოლივას” დამატენიანებელი კრემები).
განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს თვალის ირგვლივ არსებული კანი. ეს არის სახის ყველაზე მგრძნობიარე, ნაზი და უცხიმო ნაწილი, რომელიც ყველაზე ადრე გვაწვდის დაბერების სიგნალს, ამიტომ დამატენიანებელი და ნაოჭების საწინააღმდეგო კრემებით ადრეული ასაკიდანვე უნდა გაინებივროთ. კარგი არჩევანი იქნება “დოლივას” თვალის ირგვლივ ნაოჭების საწინააღმდეგო გელი, “აჰავას” ნაოჭების საწინააღმდეგო თვალის კრემი, “ივ სენ ლორანის” ახალგაზრდობის ჰორმონის შემცველი კრემი თვალის ირგვლივ არსებული კანისთვის, “მერი ქეის” თვალის ირგვლივ გამოსაყენებელი კრემი).

მშრალი კანი დაბერების რისკფაქტორია
თუ ცხიმიანი კანი გაქვთ, ნაადრევი დაბერების მაინცდამაინც ნუ გეშინიათ, ოღონდ ზუსტად დაიცავით კრემის ეტიკეტზე მითითებული რეკომენდაციები.
ცხიმიან კანს ცხიმის უხვად შემცველი კრემები არ უხდება. ამ ტიპის კანისთვის ადრეულ ასაკში (25-დან 30 წლამდე) უმთავრესად დამატენიანებელი საშუალებებია რეკომენდებული (მაგალითად, “აჰავას” დამატენიანებელი კრემი ცხიმიანი კანისთვის), 35 წლის შემდეგ კი აუცილებელია ღამის მკვებავი კრემის გამოყენებაც (მაგალითად, “აჰავას” ნაოჭების საწინააღმდეგო ღამის მკვებავი “AHAVA time line”).
მშრალი კანის პატრონებს განსაკუთრებული ყურადღება მართებთ. მათ მკვებავი კრემის გამოყენება ადრეულ ასაკშივე უნდა დაიწყონ, ხოლო 35 წლის შემდეგ ნაოჭების საწინააღმდეგო საშუალებები დღისითაც გამოიყენონ (მაგალითად, “აჰავას” დღის დამატენიანებელი დაბერების საწინააღმდეგო კრემი კანის მინერალური ოსმოტერით).

კანის გაწმენდა-გასუფთავება დაბერების წინააღმდეგ
გაწმენდა-გასუფთავება და პილინგი ნაადრევ სიბერესთან ბრძოლის ერთ-ერთი ყველაზე ნაცადი და ეფექტური მეთოდია. გარქოვანებული გარსის მოცილებით უმჯობესდება კანის სუნთქვა, აქტიურდება სისიხლის მიმოქცევა, უჯრედები უკეთ მარაგდება ჟანგბადით, რაც ნაოჭების წარმოქმნას აფერხებს.
გამწმენდი ნიღბები და პილინგის საშუალებები (მაგალითად, “აჰავას“ ტალახის პილინგი, “აჰავას“ გამწმენდი ტალახის ნიღაბი, “დოლივას“ ნიღაბი მიმიკური ნაოჭების კორექციისთვის) განსაკუთრებით ეფექტურია ცხიმიანი კანის შემთხვევაში, რადგან ასეთი კანისთვის ფორების ზედმეტი ცხიმისგან გასუფთავება სასიცოცხლოდ აუცილებელია. თუმცა ზომიერების დაცვა აქაც გმართებთ: არ გამოიყენოთ სქრაბები და პილინგის საშუალებები მეტისმეტად ხშირად. სახის სქრაბით გასუფთავება კვირაში ერთხელ სავსებით საკმარისია. მშრალი კანის პატრონები სქრაბს ერიდეთ, უმჯობესია, კვირაში ერთხელ სახე სპეციალური კოსმეტიკური საპნით ან გელით დაიბანოთ (ძალიან კარგია, მაგალითად, “დოლივას“ სახის გელი, “აჰავას“ მინერალური საპონი, “აჰავას“ გამწმენდი ტალახის საპონი). ყოველდღიურად კი უპირატესობა გამწმენდ და მატონიზებელ ლოსიონებს და რძეებს მიანიჭეთ (მაგალითად, “აჰავას“ ან “დოლივას“ გამწმენდი რძე).

სახის მასაჟი ახალგაზრდობის შენარჩუნების აუცილებელი კომპონენტია
სპეციალისტთა აზრით, ახალგაზრდობის გახანგრძლივებისა და ნაოჭების გასწორების ერთ-ერთი ყველაზე ეფქტური გზა სახის მასაჟია. კოსმეტოლოგები ნაოჭებთან ბრძოლისას ამ მეთოდს სულ უფრო აქტიურად იყენებენ. თუმცა სულაც არ არის აუცილებელი, მასაჟისთვის კოსმეტოლოგიურ კაბინეტს ეწვიოთ. თუ მოინდომებთ, ნაოჭების საწინააღმდეგო მასაჟის გაკეთებას თვითონაც შეძლებთ.
მაშ ასე: მასაჟის დაწყებამდე სახე საგანგებოდ უნდა მოამზადოთ. განსაკუთრებული  ეფექტისათვის კარგი იქნება, თუ მასაჟს ნიღაბ-პილინგის შემდეგ გაიკეთებთ (მაგალითად, “აჰავას” ტალახის პილინგი). ნიღბის შემდეგ კანი  სპეციალური გამწმენდი რძით (მაგალითად, “დოლივას” გამწმენდი რძით) გაიწმინდეთ. ამის შემდეგ ხელის თითები დაიმუშავეთ მასაჟისთვის განკუთვნილი სპეციალური კოსმეტიკური ზეთით ( გამოდგება ზეითუნის ზეთიც), ზეთი თითებით სახეზეც წაიცხეთ.
მასაჟი შუბლიდან უნდა დაიწყოთ. თითები ნაზი, მსუბუქი დაწოლით ამოძრავეთ ნაოჭების საწინააღმდეგო მიმართულებით. შეეცადეთ, გაასწოროთ ყველა ნაოჭი. შემდეგ წარბებს შორის არეზე გადადით, შემდეგ –  თვალების ირგვლივ არსებულ კანზე, თვალის კუთხეებსა და ცხვირ-ნიკაპის სამკუთხედზე. კანი თითების მსუბუქი, ინტენსიური, დამჭიმავი ეფექტის მქონე მოძრაობებით დაამუშავეთ. შემდეგ გადადით ვიბრაციის ეფექტის მქონე მასაჟზე, დასასრულ კი სპეციალური მასაჟორი გამოიყენეთ, რომელიც აუცილებლად ნატურალური ქვის უნდა იყოს. ბუნებრივი წარმოშობის მინერალური ქვა სიგრილეს ხანგრძლივად ინარჩუნებს. უკვე დამუშავებულ, გახურებულ კანს ის სასიამოვნოდ აგრილებს.
მასაჟის შედეგად უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა. კანი უფრო ელასტიკური და მკვრივი ხდება, უმჯობესდება მისი ფერი და სწორდება ნაოჭები.
 
ყელი და დეკოლტეს ზონა ასაკის სარკეა
რაც არ უნდა მოვლილი სახე გქონდეთ, რაც არ უნდა კარგად დაფაროთ ყველა ნაოჭი სახეზე, თუ ყელსაც სათანადო ყურადღება არ დაუთმეთ, ის თქვენს ასაკს აუცილებლად გასცემს.
ყელისა და დეკოლტეს კანი ნაზი და უცხიმოა. მისი სტრუქტურული შემადგენლობა დაახლოებით ისეთივეა, როგორიც თვალების ირგვლივ არსებული კანისა, ამიტომ მოვლაც მსგავსი სჭირდება.
მკვებავი და დამატენიანებელი კრემები არც  ყელისა და დეკოლტეს ზონისთვის დაიშუროთ. მოარიდეთ ეს მიდამო მზის ულტრაიისფერ გამოსხივებას, განსაკუთრებით –  შუადღის მზეს. არ დაუშვათ კანის გამოშრობა.
ყელისა და დეკოლტეს კანს გაზაფხულზე განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. მკვებავი კრემი მასზე დღეში ორჯერ უნდა წაისვათ. გამოიყენეთ სპეციალურად ამ მიდამოსთვის შექმნილი კრემები (მაგალითად, “L’oreal“-ის მკვებავი კრემი ყელისა და დეკოლტეს ზონისთვის). თუ სპეციალური კრემი არ მოგეძევებათ, შეგიძლიათ, სახის მშრალი კანისთვის განკუთვნილი საშუალებები გამოიყენოთ.
კოსმეტოლოგების რჩევაა, არ დაიზაროთ და ყელი და დეკოლტეს ზონაც ისევე გაისუფთავოთ, დაიტენიანოთ და კვებოთ, როგორც მშრალი სახის კანი. თქვენი მცდელობა განსაკუთრებულ შედეგს გამოიღებს, თუ ყელსა და მკერდის არეს მკვებავი კრემის წასმის შემდეგ კომპრესის ქაღალდით შეიხვევთ და თბილი შარფით ან პირსახოცით შეიფუთავთ. პროცედურა 20-30 წუთს გრძელდება. ამის შემდეგ კომპრესი შეგიძლიათ მოიხსნათ. ამ პროცედურას რაც უფრო ხშირად გაიმეორებთ, მით უფრო მეტხანს დაიცავთ დანაოჭებისგან ყელისა და დეკოლტეს ნაზ კანს.

გამაახალგაზრდავებელი ნიღბები სახის, ყელისა და დეკოლტეს ზონისათვის
კარტოფილის გამაახალგაზრდავებელი ნიღაბი ყველა ტიპის სახის კანისთვის
მოხარშეთ საშუალო ზომის კარტოფილი, გაფცქვენით, დაფშვენით, დაასხით თითო ჩაის კოვზი არაჟანი და ზეითუნის ზეთი, აურიეთ, წაისვით სახეზე და 20 წუთს გაიჩერეთ. შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით და წაისვით დამჭიმავი ეფექტის მქონე კრემი (მაგალითად, “აჰავას“ დამატენიანებელი კრემი დამჭიმავი ეფექტით).

გამაახალგაზრდავებელი ნიღბები ცხიმიანი და კომბინირებული სახის კანისთვის
საფუარის ნიღაბი
1 სუფრის კოვზი საფუარი, 1 სუფრის კოვზი არაჟანი ან იოგურტი, 1 ჩაის კოვზი საჭმელი სოდა და 1 სუფრის კოვზი თბილი წყალი ერთმანეთში კარგად აურიეთ და გაწმენდილ სახეზე წაისვით. გაიჩერეთ 15 წუთს. ნიღბის გაშრობას არ დაელოდოთ, ჩამოიბანეთ თბილი წყლით და წაისვით უცხიმო დამატენიანებელი კრემი (მაგალითად, “აჰავას“ დამატენიანებელი კრემი ცხიმიანი და კომბინირებული კანისთვის). 
 
ქოქოსის ნიღაბი
1 სუფრის კოვზი ქოქოსის რძე, 1 ჩაის კოვზი შვრიის ფქვილი ან ბურბუშელა და 1 ჩაის კოვზი თაფლი ერთმანეთში აურიეთ და წაისვით ორთქლის აბაზანით წინასწარ გასუფთავებულ სახეზე. გაიჩერეთ 15-20 წუთს და ჩამოიბანეთ ჯერ თბილი, შემდეგ ცივი წყლით.
 
გამაახალგაზრდავებელი ნიღბები მშრალი და ნორმალური კანისათვის
გრეიპფრუტის ნიღაბი
2 სუფრის კოვზი თაფლი, ნახევარი ფინჯანი არაჟანი და 1 ჩაის კოვზი გრეიპფრუტის ცედრა წაისვით გაწმენდილ სახესა და ყელზე. გაიჩერეთ 15-20 წუთს. ჩამოიბანეთ  1 ფინჯანი შავი ჩაის ნაყენით.

ნესვის ნიღაბი
2-3 სუფრის კოვზი ნესვის გახეხილი რბილობი, 1 ჩაის კოვზი თაფლი და 1 სუფრის კოვზი არაჟანი კარგად აურიეთ ერთმანეთში და წაისვით გაწმენდილ სახეზე. გაიჩერეთ 15-20 წუთს და ჩამოიბანეთ გრილი წყლით. წაისვით დამატენიანებელი კრემი (მაგალითად, “დოლივას“ სახის კრემი მშრალი და ნორმალური კანისათვის).

გამაახალგაზრდავებელი ნიღბები ყელისა და დეკოლტეს ზონისათვის
ბანანის ნიღაბი
1 ცალი ბანანი ფაფასავით დაჭყლიტეთ, დაამატეთ რამდენიმე წვეთი ნუშის ზეთი, წაისვით ყელსა და დეკოლტეზე და შეიხვიეთ ცხელ წყალში დასველებული პირსახოცით. გაიჩერეთ ნახევარ საათს და ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

კვერცხის, ხაჭოსა და ბანანის ნიღაბი
1 ცალი ბანანი ფაფასავით დაჭყლიტეთ, დაამატეთ 2 სუფრის კოვზი ხაჭო, 2 სუფრის კოვზი ნაღები და 1  კვერცხის გული. კარგად აურიეთ და წაისვით ყელსა და დეკოლტეზე. გაიჩერეთ 30 წუთს და ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

ეს ნიღბები გაგიუმჯობესებთ კანის ფერს, მიანიჭებს კანს ელასტიკურობასა და სიმკვრივეს და დიდხანს შეგინარჩუნებთ ახალგაზრდულ იერს.
დაბოლოს, გახსოვდეთ: ჩვენი რჩევები სასურველ ეფექტს მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიღებს, თუ კანის მოვლას კომპლექსურად მიუდგებით და ცხოვრების ჯანსაღ წესს დაიცავთ.

გააზიარე: