ნაირფერი პიტირიაზი
გააზიარე:
ყველას გვსურს, ზაფხულს იდეალური კანით შევხვდეთ – წელიწადის ამ დროს ხომ უმნიშვნელო დეფექტიც კი შესამჩნევია, ამიტომ ყველა ქალის მთავარი საზრუნავი კანი და მასთან დაკავშირებული პრობლემები ხდება. ამჯერად თქვენს ყურადღებას კანის სოკოვან დაავადებაზე შევაჩერებთ. ის ყველაზე გავრცელებულ დერმატოლოგიურ პრობლემათა რიცხვს ეკუთვნის და ყველა კონტინენტზე გვხვდება. თუ სტატისტიკას ვენდობით, კანის მიკოზი მსოფლიოს მოსახლეობის მეხუთედს აქვს. ყველაზე ხშირად ნაირფერ პიტირიაზს წააწყდებით. ეს პრობლემა განსაკუთრებით აქტუალური წელიწადის ცხელ სეზონზე ხდება. მოგეხსენებათ, სიცხე, ზღვა, ნესტი და ქვიშა სოკოვანი დაავადების გავრცელებისთვის იდეალური პირობებია. დამეთანხმებით, რომ ყოველგვარი დაავადების საწინააღმდეგო საუკეთესო იარაღი ცოდნაა. მაშ, მოდი, მეტი შევიტყოთ მის შესახებ და დავიცვათ ჰიგიენის არცთუ ისე რთული წესები, რათა კანის სოკოვანი დაავადება თავიდან ავიცილოთ.
ნაირფერი პიტირიაზის მკურნალობასა და პროფილაქტიკაზე მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, სრული პროფესორი, ექიმი დერმატოლოგი გიორგი თვალიაშვილი გვესაუბრება:
- – ბატონო გიორგი, რა არის და რამდენად გავრცელებულია ნაირფერი პიტირიაზი?
– ნაირფერი პიტირიაზი კანის სოკოვანი დაავადებაა. ის უმთავრესად კანის ზედაპირულ, რქოვანა შრეს აზიანებს. ნაირფერი პიტირიაზი მთელ მსოფლიოში საკმაოდ არის გავრცელებული. არც საქართველოა გამონაკლისი. პირიქით, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი კლიმატური პირობები ხელსაყრელიც კია ამ დაავადების განვითარებისთვის, ვინაიდან ნაირფერი პიტირიაზი თბილი და ცხელი კლიმატის მქონე ქვეყნების დამახასიათებელი პათოლოგიაა. ის ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეიძლება დაემართოს, თუმცა უფრო ხშირად ტინეიჯერებში გვხვდება, რაც ამ ასაკში საოფლე და ცხიმის ჯირკვლების მომატებული აქტიურობით არის განპირობებული.
- – რა იწვევს ნაირფერ პიტირიაზს და გადამდებია თუ არა ის?
– დიახ, ნაირფერი პიტირიაზი გადამდები დაავადებაა. მართალია, სამედიცინო ლიტერატურაში წააწყდებით მოსაზრებას, რომ ის ერთი ადამიანისგან მეორეს არ გადაეცემა, მაგრამ ეს მოსაზრება მცდარია.
ნაირფერ პიტირიაზს კერატომიკოზების ჯგუფის წარმომადგენელი სოკო Pityrisporum orbicularis ან Malassesia furfur იწვევს. ინფექციის წყარო დაავადებული ადამიანია. გადაცემისთვის დაავადებულთან მჭიდრო და ხანგრძლივი კონტაქტია საჭირო. გამომწვევი უმთავრესად ტანისამოსის, თეთრეულის, პირსახოცის მეშვეობით გადაედება, ზოგჯერ – სამკაულის მეშვეობითაც.
- – როგორ ვლინდება კლინიკურად?
– დაავადება ქრონიკულად მიმდინარეობს და მწვავე მოვლენები არ ახასიათებს. მისი ძირითადი სიმპტომი მცირე ზომის (დაახლოებით ერთთეთრიანისოდენა) მომრგვალო, მოყავისფრო-მოთეთრო მკვეთრსაზღვრებიანი ლაქებია, რომლებიც ზოგჯერ იქერცლება, ზოგჯერ კი შეერთების ტენდენციას ამჟღავნებს. გამონაყარი უმთავრესად ტანის ზედა ნაწილზე – მხრებზე, გულმკერდზე, კისერსა და ზურგზე ჩნდება. პროცესი ერთეული ლაქების გაჩენით იწყება; თუ პაციენტმა არ იმკურნალა, ლაქები შესაძლოა გამრავლდეს, გაიზარდოს და კანის უფრო და უფრო დიდი არეები მოიცვას. ზამთრობით ეს დაავადება “იმალება”, ნაკლებად არის გამოხატული (რადგან ტემპერატურა დაბალი და ადამიანი მაინცდამაინც არ ოფლიანდება), ხოლო ზაფხულობით, როცა მისი განვითარებისთვის ხელსაყრელი პირობებია, ხელახლა იჩენს თავს. ნაირფერი პიტირიაზის გამომწვევი სოკო, როგორც უკვე აღვნიშნე, ეპიდერმისში – კანის ზედაპირულ შრეში – ბინადრობს, მრავლდება და აქ არსებულ უჯრედებს, მათ შორის – მელანოციტებს, აზიანებს. მელანოციტები კი, მოგეხსენებათ, მზის სხივების ზემოქმედებით კანის მუქი ფერის განმსაზღვრელი პიგმენტის, მელანინის წარმოქმნაში მონაწილეობს. ამიტომ გარუჯვისას კანის დაზიანებული უბნები არ მუქდება და ნამზეურის ფონზე ჰიპოპიგმენტური (ღია ფერის) ლაქები რჩება. იშვიათად, როცა გამონაყარი ძალიან დიდ ფართობს მოიცავს, მას შესაძლოა სუსტი ქავილიც დაერთოს. დროთა განმავლობაში გამონაყარი ფერს იცვლის და მის ადგილს ჰიპერპიგმენტური, მოყავისფრო-მოთეთრო ლაქები იკავებს.
- – რა უწყობს ხელს ნაირფერი პიტირიაზის განვითარებას?
– როგორც უკვე აღვნიშნე, მთავარი ხელშემწყობი ფაქტორები მაღალი ტემპერატურა და ოფლიანობაა. ამავე ნუსხას შეგვიძლია მივაკუთვნოთ გარემოს მაღალი ტენიანობა, ზოგიერთი ენდოკრინული დაავადება (მაგალითად, შაქრიანი დიაბეტი, კუშინგის დაავადება), ფარისებრი ჯირკვლის უკმარისობა, კანის ბარიერული ფუნქციის დარღვევა, მალნუტრიცია (არასრულფასოვანი კვება), იმუნური სისტემის დაქვეითება და ის დაავადებები, რომელთა დროსაც ოფლის გამოყოფა იმატებს (მაგალითად, ტუბერკულოზი). კიდევ ერთი ხელშემწყობი ფაქტორია სინთეზური ქსოვილის სამოსის რეგულარული ტარება, ვინაიდან ის სხეულის გადახურებას და ოფლის ჭარბ გამოყოფას იწვევს. დამატებითი რისკფაქტორია ზღვაზე დასვენება – მაგალითად, შეზლონგი ან ქვიშა, სადაც დაავადებული ადამიანი იწვა, შესაძლოა ინფექციის წყარო გახდეს.
- – როგორ სვამენ დიაგნოზს და როგორ გავარჩიოთ ნაირფერი პიტირიაზი კანის სხვა დაავადებებისაგან, კერძოდ, ვიტილიგოსგან?
– ნაირფერი პიტირიაზის დიაგნოსტიკა რთული არ არის. დიაგნოზს კლინიკური სურათის, ბაქტერიოსკოპული გამოკვლევისა და ვუდის აპარატით გაშუქების საფუძველზე ვსვამთ. ვუდის აპარატის ქვეშ (რომელიც სპეციფიკურ სხივებს გამოსცემს) ჩაბნელებულ ოთახში კანის დაზიანებული უბანი ჯანსაღისგან განსხვავებულად, მოწითალო-მოყვითალოდ ანათებს. ასევე აპრობირებული მეთოდია ბალცერის სინჯი – იოდის 5%-იანი ნაყენის ზემოქმედებით კანის დაზიანებული უბანი უფრო მუქად იღებება, ვიდრე ჯანმრთელი კანი. რაც შეეხება ვიტილიგოს, იგი ქრონიკული დაავადებაა, რომელიც ძნელად იკურნება და, ნაირფერი პიტირიაზისგან განსხვავებით, სეზონურობა არ ახასიათებს. იგი ზამთარ-ზაფხულ ერთნაირი ინტენსივობით ვლინდება. ლაქა ვიტილიგოს დროს ქერცლით არ იფარება, არც მოყავისფრო შეფერილობას იღებს და, რაც მთავარია, გადამდები არ არის.
- – როგორ მკურნალობთ?
– მკურნალობის ხანგრძლივობა გამონაყარის ფართობზეა დამოკიდებული, საშუალოდ 3-4 კვირა გრძელდება და უმეტესად ეფექტურია. თუ დაზიანების კერები დიდი არ არის, ადგილობრივი საშუალებების დახმარებით გამონაყარი მთლიანად ალაგდება.
არსებობს სოკოს საწინააღმდეგო შემდეგი საშუალებები: მალამო, კრემი, ლოსიონი და აეროზოლი. ასევე ვიყენებთ სალიცილის მჟავას 2%-იან ხსნარს (მისი გამოყენების დროს ავადმყოფს 5-7 დღე ბანაობა ეკრძალება). ანტიფუნგალური (სოკოს საწინააღმდეგო) მალამოს თხელი ფენის წასმა დღეში ერთხელ ან ორჯერ, დაზიანებული კანის ჩამობანისა და საგულდაგულოდ გამშრალების შემდეგ უნდა მოხდეს. თუ ასეთმა მკურნალობამ შედეგი არ გამოიღო ან დაზიანების კერები დიდია, მხოლოდ ადგილობრივი საშუალებები არ იკმარებს, საჭირო გახდება მკურნალობაში ფლუკონაზოლის ჯგუფის პრეპარატების ჩართვა (შინაგანად მისაღებად). მინდა, ხაზი გავუსვა: მკურნალობა აუცილებლად ექიმმა დერმატოლოგმა უნდა დანიშნოს. თვითმკურნალობა დაუშვებელია, ვინაიდან სოკოს საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებები სისტემური მოქმედების საკმაოდ ტოქსიკური პრეპარატებია, რომლებსაც სერიოზული გვერდითი მოვლენები ახასიათებს. არასწორი მიღების შემთხვევაში მათ შესაძლოა ღვიძლისა და კუჭის დაზიანებაც კი გამოიწვიონ.
- – რა შეიძლება მოჰყვეს ნებაზე მიშვებულ დაავადებას და რამდენად ხშირია რეციდივი?
– საბედნიეროდ, ნაირფერი პიტირიაზი შინაგან ორგანოებზე არ ვრცელდება, მხოლოდ კანს აზიანებს, მაგრამ თუ დიაგნოზი დროულად არ დაისვა ან მკურნალობა არასწორად, უსისტემოდ ჩატარდა, პროცესი კანის უფრო და უფრო დიდ არეს მოიცავს. ამ დაავადების დროს პაციენტებს ვაძლევთ რეკომენდაციას, გამოხარშონ თეთრეული და ტანისამოსი, მერე კი ცხელი უთოთი კარგად დაამუშაონ, რათა დაავადების გამომწვევი სოკო, რომელიც დაავადებულის ტანისამოსსა და თეთრეულში განაგრძობს ცხოვრებას, განადგურდეს. თუ გამომწვევის მთლიანად არ განადგურდა, კანთან კონტაქტისას შესაძლოა ხელახალი ინფიცირება გამოიწვიოს. რეციდივი შესაძლოა არასწორი მკურნალობის შედეგად განვითარდეს, სხვა შემთხვევებში კი დაავადება 100%-იანი განკურნებით სრულდება. ლაქები განკურნების შემდეგ ერთხანს კიდევ რჩება (რამდენიმე კვირიდან თვემდე), მაგრამ დროთა განმავლობაში ისინი მზის სხივების ზემოქმედებით ჩვეულებრივ ფერს იბრუნებს.
- – რას გულისხმობს ნაირფერი პიტირიაზის პროფილაქტიკა?
– პირველ რიგში – ჰიგიენის ელემენტარული წესების დაცვას. არ შეიძლება სხვისი ტანსაცმლის ჩაცმა, მით უმეტეს – თუ ამ ადამიანს სოკოვანი დაავადება აქვს. პირადი ჰიგიენის ნივთები (პირსახოცი, მაკრატელი, საპარსი, ოფლის საწინააღმდეგო საშუალებები) ყველას საკუთარი უნდა ჰქონდეს. თავი უნდა ვარიდოთ სოკოს განვითარების ხელშემწყობ პირობებს, ბანაობის შემდეგ ტანი კარგად უნდა გავიმშრალოთ. ამ შემთხვევაში სოკოვანი დაავადება არ დაგვემართება.
- – მიზანშეწონილია თუ არა ნაირფერი პიტირიაზით დაავადებულისთვის ზღვაზე დასვენება და გარუჯვა?
– ასეთ პაციენტებს ბანაობასა და გარუჯვას არ ვუკრძალავთ, თუმცა უმჯბესია, ეს დიაგნოსტიკისა და მკურნალობის კურსის შემდეგ მოხდეს. ამ შემთხვევაში დასვენება უფრო სასიამოვნო იქნება, ხოლო ნამზეური – უფრო ლამაზი და თანაბარი.
თამარ არქანია