მცხუნვარე მზის გამოცდის შემდეგ

გააზიარე:

ზაფხული რომ კანისთვის სერიოზული გამოცდაა, ყველამ კარგად იცის, თუმცა მას არც შემოდგომაზე სჭირდება ნაკლები  მოვლა-პატრონობა. მით უმეტეს, თუ ცდუნებას ვერ გაუძელით, გარუჯული კანის ბრინჯაოსფერმა ხიბლმა ულტრაიისფერი სხივების მავნე ზემოქმედების შესახებ ექიმების ყველა გაფრთხილება დაგავიწყათ და მზეზე ნებივრობით გული იჯერეთ. ასე რომ, სწორედ ის დროა, ჩვენს რჩევებს გაეცნოთ და ნამზეურ კანს ისე მოუაროთ, რომ გარუჯული სხეულით დიდხანს მოიწონოთ თავი.

კანის მოვლა მისი გაწმენდით იწყება. გარუჯული კანი ხშირად იქერცლება და გარქოვანებული ზედაპირის მოცილებას ითხოვს. ქალები, იმის შიშით, რომ აქერცლილ კანს ნარუჯიც არ გაჰყვეს, სქრაბის გამოყენებისგან თავს იკავებენ. ეს შეცდომაა.  ნარუჯი კანში ბევრად უფრო ღრმად ჯდება, ვიდრე
გარქოვანებული და მკვდარი ზედა ფენაა. ასე რომ, რაც უფრო მალე გათავისუფლდებით აქერცლილი მკვდარი უჯრედებისგან, მით უკეთესი, თუმცა უნდა გახსოვდეთ, რომ შემოდგომის დამდეგს კანი გამომშრალი და განსაკუთრებით მგრძნობიარეა, ამიტომ ინტენსიურ პილინგს და ღრმად გამწმენდ საშუალებებს დროებით უნდა ერიდოთ. მით უმეტეს, რომ სექტემბერში მზის აქტიურობა ჯერ კიდევ მაღალია – უდიერი მოპყრობის შედეგად შესაძლოა სახე პიგმენტური ლაქებით დაგვეფაროს. გირჩევთ, უპირატესობა ზედაპირულ პილინგს მიანიჭოთ. მაგალითად, სახის მოსახვეწად შეგიძლიათ გამოიყენოთ “აჰავას” ტალახის პილინგი ან “დოლივას” სახის დასაბანი გელი, სხეულისთვის კი – “დოლივას” შხაპ-პილინგი.
ნამზეური დიდხანს რომ შეინარჩუნოთ, კანის დატენიანება არ უნდა დაიზაროთ. სპეციალისტები გვირჩევენ E, F, B 5, C ვიტამინებით გამდიდრებულ ნელსაცხებლებს და ისეთ დამატენიანებელ კრემებს, რომლებიც საგანგებოდ გარუჯული კანისთვის არის განკუთვნილი. დამატენიანებელი კრემი (მაგალითად,  “დოლივას” სახის დამატენიანებელი კრემი მშრალი კანისთვის ან  “აჰავას” დამატენიანებელი კრემი მშრალი და ნორმალური კანისთვის) სახეზე დილით  უნდა წაისვათ. თუ კანმა კრემი  მყისიერად შეიწოვა, გადაისვით დამატენიანებელის მეორე, უფრო თხელი ფენა, ნარჩენი კი ხელსაწმენდით მოიცილეთ.
არანაკლებ მნიშვნელოვანია სხეულის კანის დატენიანება, განსაკუთრებით – დეკოლტეს ზონაში და სხეულის სხვა მგრძნობიარე უბნებზე. სხეულის დატენიანება ყოველდღეა საჭირო. შხაპის შემდეგ აუცილებლად წაისვით გარუჯული კანისთვის განკუთვნილი სხეულის დამატენიანებელი საშუალებები (მაგალითად, “დოლივას” დამატენიანებელი ქაფი გარუჯული კანისთვის ან “ეივონის” გარუჯული კანისთვის განკუთვნილი კრემ-სუფლე), მით უფრო – თუ იმ დღეს შინიდან გასვლას აპირებთ.
გარუჯული კანით დიდხანს რომ მოიწონოთ თავი, გაწმენდა-დატენიანების გარდა კიდევ  რამდენიმე ფაქტორს უნდა მიაქციოთ ყურადღება:
* სვით რაც შეიძლება მეტი სითხე. უპირატესობა ახალგამოწურულ ხილისა და ბოსტნეულის წვენებს მიანიჭეთ.
* ეცადეთ, ხშირად მიირთვათ ისეთი პროდუქტები, რომლებიც დიდი ოდენობით შეიცავს A ვიტამინს.
* ერიდეთ  კანის გამათეთრებელ ნიღბებს და ისეთ კოსმეტიკურ საშუალებებს, რომლებიც ლიმონმჟავას, რძის შრატს და კიტრს შეიცავს.
* ერიდეთ საუნას და ცხელ აბაზანას. ცხელი წყალი კანის ფორებს აფართოებს, ეს კი ნამზეურისთვის არცთუ ხელსაყრელია.
* ერიდეთ სოლარიუმს. ზოგს ჰგონია, რომ თუ მზის სხივებით გარუჯულ კანს ხელოვნურ ულტრაიისფერ სხივებს მიაშველებს, ნარუჯი უფრო ეფექტური იქნება და დიდხანს გაძლებს. სინამდვილეში საქმე სულ სხვაგვარად არის – ხელოვნურმა დასხივებამ შესაძლოა მზის სხივებისგან ისედაც გაღიზიანებული კანი კიდევ უფრო დააზიანოს და პიგმენტური ლაქები გააჩინოს. ასე რომ, სოლარიუმში წასვლამდე კანი ერთი თვე მაინც დაასვენეთ.
თუ  ზაფხულის მზემ კანზე პიგმენტური ლაქები გაგიჩინათ, მათ მოცილებას მათეთრებელი საშუალებით ნუ შეეცდებით. უმჯობესია, ლაქები პუდრის თხელი ფენით დაიფაროთ.
ასიამოვნეთ გარუჯულ კანს და ისიც ამითვე გიპასუხებთ.

გააზიარე: