მწერის ნაკბენი

გააზიარე:

ზაფხულში უფრო და უფრო აქტიურდებიან მწერები, რომელთა ნაკბენს ალერგიული რეაქციის გამოწვევა შეუძლია. საქართველოში გავრცელებულ მწერებზე, ინსექტურ ალერგიასა და მისი პრევენციის გზებზე ექიმი ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი გვესაუბრა. 

 

რა არის

– იმ მწერებიდან, რომელთა ნაკბენიც ალერგიულ რეაქციას იწვევს, საქართველოში უმთავრესად ფუტკარი, კრაზანა და ნესტრიანი ჭიანჭველა არიან გავრცელებული. კბენის დროს ისინი თავიანთ შხამს ადამიანის სხეულში უშვებენ, ჩვენი იმუნური სისტემა კი ეპასუხება უცხო ნივთიერებას, რაც სხვადასხვა სიმძიმის ალერგიული რეაქციით გამოიხატება. უმეტესად ეს არის მსუბუქი ლოკალური რეაქცია ნაკბენის გარშემო, იშვიათად – ანაფილაქსიური შოკი.

– ეს ნორმაა თუ პათოლოგია?

– ფიზიოლოგიურად მიიჩნევა მწერის ნაკბენის გარშემო კანის შეწითლება და შეშუპება, რომლის დიამეტრიც არ აღემატება 5 სანტიმეტრს, ქავილი და ტკივილი. მსუბუქი ლოკალური რეაქცია ორგანიზმის ბუნებრივი პასუხია მწერის ნაკბენზე და განსაკუთრებულ ჩარევას არ მოითხოვს.

თუ ნაკბენ ადგილას კანის სიწითლემ და შეშუპებამ მოიმატა და 10 სანტიმეტრს გასცდა, ამას დიდ ლოკალურ რეაქციას უწოდებენ. ასეთ დროს მტევნიდან დაწყებულმა რეაქციამ შესაძლოა მთელი წინამხარი მოიცვას ან ტერფზე არსებულმა ნაკბენმა მთელი წვივის შეშუპება გამოიწვიოს.

ინსექტური ალერგიის ინტენსივობა კბენიდან 24-48 საათის განმავლობაში იმატებს, შესაძლოა, რამდენიმე დღეს გაგრძელდეს, მერე კი იკლებს.

სიცოცხლისთვის საშიშია ნაკბენზე სისტემური რეაქცია, რომელსაც ანაფილაქსიურ შოკს ვუწოდებთ. მას ახასიათებს ჭინჭრის ნასუსხისმაგვარი გამონაყარი, კვინკეს შეშუპება (ქუთუთოების, ტუჩის, ენის შეშუპება), ბრონქოსპაზმი, უნებლიე შარდვა,  წნევის ვარდნა. თუმცა ის არ არის ხშირი, შემთხვევათა რაოდენობა მთელი პოპულაციის 0,5%-ს არ აღემატება.

ანაფილაქსიური შოკი, წესისამებრ, კბენიდან რამდენიმე წუთში, მაქსიმუმ ერთ საათში ვითარდება. კბენიდან მეორე-მესამე დღეს მისი განვითარების საშიშროება პრაქტიკულად არ არსებობს.

პათოლოგიური რეაქციის ნიშნებია:

* კანის სიწითლე და შეშუპება ნაკბენ ადგილას 10 სმ და მეტი დიამეტრით;

* ჭინჭრის ციება;

* კვინკეს შეშუპება (ქუთუთოები, ტუჩი, ენა, ხორხი);

* ხმის ტემბრის შეცვლა, სუნთქვის გაძნელება ან მსტვენი სუნთქვა;

* მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება ან დიარეა;

* ანაფილაქსია (გონების დაკარგვა, წნევის ვარდნა).

თუ მწერის ნაკბენის შემდეგ განვითარდა პათოლოგიური რეაქცია, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს!

პირველი დახმარება

–  უპირველეს ყოვლისა, პინცეტით ძალიან ფრთხილად უნდა ამოვიღოთ ნაკბენში ჩარჩენილი ნესტარი (შეგახსენებთ, რომ მხოლოდ ფუტკარი ტოვებს ნესტარს, კრაზანას და ბზიკს ამის უნარი არ შესწევთ). დანით ნაკბენის გადაფხეკას არ გირჩევთ –შხამი უფრო დიდ ფართობზე გავრცელდება და შესაძლოა, ინფექციაც შეიჭრას. კანის ინფიცირებისგან თავი რომ დავიზღვიოთ, ნესტრის ამოღების შემდეგ ნაკბენი ადგილი საპნიანი წყალით უნდა ჩამოიბანოს. შეშუპებისა და ქავილის შესამცირებლად შეიძლება, ნაკბენზე 15-20 წუთით დავადოთ ყინული.

ფიზიოლოგიური რეაქციის დროს შეგვიძლია, დისკომფორტის შესამცირებლად ნაკბენზე წავუსვათ ანტიალერგიული გელი.

დიდი ლოკალური რეაქციის შემთხვევაში აუცილებელია ალერგოლოგთან მისვლა, რათა რეაქციის სიმძიმის მიხედვით დაინიშნოს შესაბამისი წამლები: ალერგიის საწინააღმდეგო საშუალებები, ადგილობრივი და სისტემური გამოყენების გლუკოკორტიკოსტეროიდები (პრედნიზოლონი, დექსამეტაზონი).

ანაფილაქსიური შოკის დროს პირველადი დახმარება ადრენალინის გამოყენებაა და ეს რაც შეიძლება მალე უნდა გაკეთდეს.

როგორ ვმართოთ

– ინსექტური ალერგიის დროს ორგანიზმი გამოიმუშავებს მწერის შხამის საწინააღმდეგო ანტისხეულებს. სისხლის შრატში სწორედ ამ ანტისხეულების განსაზღვრით არის შესაძლებელი იმის დადგენა, რომელი მწერის მიმართ ხართ ალერგიული. პირველივე, თუნდაც მსუბუქი რეაქციის შემთხვევაში, გირჩევთ, ჩაიტაროთ გამოკვლევა და შეიმოწმოთ სისხლში ამ მწერის შხამის საწინააღმდეგო ანტისხეულების არსებობა, რადგან თუ იმავე მწერმა მეორედ გიკბინათ, რეაქცია შესაძლოა უკვე ისეთი სერიოზული აღმოჩნდეს, რომ გამოიწვიოს ანაფილაქსია – ხორხის შეშუპება, სუნთქვის გაძნელება, გონების კარგვა, წნევის ვარდნა და გულის გაჩერებაც კი.

გავრცელებული  მწერები, რომელთა საწინააღმდეგო სპეციფიკურ იმუნოგლობულინსაც (IgE) წარმოქმნის ჩვენი იმუნური სისტემა, არიან:

* ფუტკარი (Honey bee venom);

* ბზიკი (Common wasp\ Yellow jaket);

* ბზიკი  (European paper wasp);

* კოღო (Mosquito).

ინსექტური ალერგიის ანალიზით დადასტურების შემთხვევაში ალერგენსპეციფიკური იმუნოთერაპია (ალერგიული ვაქცინაცია) არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ერთადერთი მკურნალობა მომავალში მწერის ნაკბენზე ანაფილაქსიური შოკის განვითარებისგან თავის დასაცავად.

იმუნოთერაპიას გადაურჩენია ისეთი პროფესიის ადამიანები, რომლებიც თავიანთი საქმიანობის გამო მიეკუთვნებიან მაღალი რისკის ჯგუფს, მათ შორის – მეფუტკრეებიც კი.

– როგორ გავიგოთ კბენამდე, გვაქვს თუ არა ინსექტური ალერგია?

– თუ მწერს თქვენთვის არასოდეს უკბენია, მის მიმართ ვერ იქნებით ალერგიული. გახდებით თუ არა ალერგიული კბენის შემდეგ, ამის პროგნოზირება შეუძლებელია. თუ მემკვიდრეობითი ანამნეზი ინსექტური ალერგიით არის დატვირთული, ნაკბენზე ალერგიული რეაქციის განვითარების შანსი იზრდება.

პირველი კბენის შემდეგ უკვე შეგიძლიათ ჩაიტაროთ ანალიზი და დაადგინოთ, ხართ თუ არა ალერგიული ამა თუ იმ მწერის ნაკბენის მიმართ.

პირველ ნაკბენზე სისტემური გენერალიზებური რეაქცია წესისამებრ, იშვიათად ვითარდება და ლეტალური გამოსავალიც ფაქტობრივად ნულის ტოლია. თუ ადამიანს სიცოცხლეში ერთხელ მაინც ჰქონია პათოლოგიური რეაქცია მწერის ნაკბენზე, მან აუცილებლად უნდა მიიღოს ალერგოლოგის კონსულტაცია და ჩაიტაროს სათანადო კვლევა, რათა მომავალში მსგავს შემთხვევებს მომზადებული დაეხვდეს.

მარი მარღანია

გააზიარე: