რატომ დიდდება ლიმფური კვანძები?

გააზიარე:

ჯერ კიდევ ძველმა ბერძნებმა იცოდნენ, რომ სისხლი ადამიანის ორგანიზმში მოცირკულირე ერთადერთი სითხე არ არის. არსებობს კიდევ ერთი, გამჭვირვალე სითხე, რომელიც თავის კალაპოტში მიედინება. ბერძნებმა მას “ლიმფა” უწოდეს, რაც “სუფთა წყალს”, “ნამს” ნიშნავს, ხოლო სადინარებს, რომლებშიც ის მოძრაობს – ლიმფური ძარღვები. ამ ძარღვების თავისებურება ის არის, რომ მათზე გზადაგზა ლიმფური კვანძებია განლაგებული.

  • რა ფუნქცია აკისრია ლიმფურ კვანძებს ჩვენს ორგანიზმში?

პატარა ფილტრები
ადამიანის ორგანიზმში ოთხასიდან ათასამდე ლიმფური კვანძია (და არა ჯირკვალი! ჯირკვალი გარკვეული ფუნქციისა და სტრუქტურის მქონე ორგანოა). ისინი ბუნებრივი ნაკეცების მიდამოში არიან განლაგებულნი, კერძოდ, იდაყვისა და მუხლქვეშა ფოსოებში, ყბის ქვეშ, კისერზე, საზარდულის მიდამოში, გულმკერდისა და მუცლის ღრუში. ლიმფური კვანძები ადამიანის იმუნური სისტემის უმნიშვნელოვანესი ნაწილია და ბიოლოგიური ფილტრის ფუნქციას ასრულებს – სხეულის სხვადასხვა ნაწილიდან მომავალ ლიმფას დაუღალავად ფილტრავს. ლიმფა სისხლის თხევადი ნაწილისგან წარმოიქმნება, რომელიც კაპილარებიდან უჯრედშორის სივრცეში გადადის, ქსოვილებს წმენდს და ლიმფური ძარღვების მეშვეობით კვლავ სისხლს უბრუნდება. ლიმფურ კვანძებში ლიმფა ნელა გაედინება, ხოლო აქ არსებული იმუნური უჯრედები, მაკროფაგები, მიკრობებს, ვირუსებს, უცხო ცილებსა და დეფექტურ (სიმსივნურ) უჯრედებს ანადგურებენ. ლიმფურ კვანძებშივე წარმოიქმნება ლიმფოციტები – დამცავი უჯრედები, რომლებიც უცხო სხეულებისა და უჯრედების განადგურებაში მონაწილეობს.
როდესაც ლიმფურ კვანძში ლიმფა ანთებადი ქსოვილიდან მიედინება, მასზე დატვირთვა არსებითად იმატებს, რაც უკვალოდ არ ჩაივლის და ლიმფური კვანძი დიდდება, ზოგჯერ კი თავადაც ანთებადი ხდება. როდესაც დაავდება უკან იხევს, კვანძი ისევ პატარავდება, მაგრამ მკვრივდება.

  • როდის დიდდება ლიმფური კვანძი?

ლიმფური კვანძის გადიდება იმის მანიშნებელია, რომ მის მიერ კონტროლირებად ზონაში პათოლოგიური პროცესი მიმდინარეობს. ეს პროცესი უმეტესად ინფექციურია, ზოგჯერ კი სიმსივნური ხასიათისა.
დაწვრილებით განვიხილოთ ლიმფური კვანძის გადიდების მიზეზები:
. ინფექცია. სხვადასხვა ინფექციური დაავადების (წითელა, ყურის ინფექცია, კარიესი, კანისა და ჭრილობის ინფექციები) დროს ლიმფური კვანძები ხშირად დიდდება.
. ვირუსი. ვირუსული დაავადების დროს ლიმფური კვანძის გადიდება ჩვეული იმუნური რეაქციაა. ორგანიზმი ასეთ რეაქციას გამოხატავს ნებისმიერი გენერალიზებული ინფექციის დროს, უბრალო გრიპით დაწყებული, აივ-ინფექციით (ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი) დამთავრებული.
. ანთება. ანთებითი პროცესების დროს ანთებადი რეგიონის ლიმფურ კვანძებში ანთების უჯრედები ხვდება.
. სიმსივნე. ამ დროს ხდება ლიმფური კვანძების ინფილტრაცია სიმსივნური (მეტასტაზური) უჯრედებით. ეს უჯრედები სიმსივნის უბნიდან ლიმფურ კვანძში ლიმფის საშუალებით ხვდება.
. სისხლის ავთვისებიანი დაავადება. ლიმფომის ან სარკომის დროს ლიმფურ კვანძებში ლიმფოციტები უკონტროლოდ მრავლდება.
ლიმფური კვანძების დათვალიერებისას ყურადღება ექცევა:
. თანმხლები დაავადების არსებობა-არარსებობას;
. კვანძის ზომას;
. კვანძის სიმკვრივეს;
. მოძრავია კვანძი თუ ირგვლივ არსებულ ქსოვილებთანაა შეზრდილი.
თუ ლიმფური კვანძი თანმხლები დაავადების გარეშეა გადიდებული, საქმე ლიმფადენოპათიასთან გვაქვს. სავარაუდოდ, მიმდებარე უბანში ანთებადი კერა წარმოიშვა.
გადიდებული ლიმფური კვანძის მტკივნეულობა ლიმფადენიტის ნიშანია. ლიმფადენიტი საკუთრივ ლიმფური კვანძის ანთებაა. ის მაშინ ვითარდება, როცა ლიმფური კვანძი ინფექციას ვერ უმკლავდება (რაც იმუნიტეტის დაქვეითებით ან ძლიერ გამძლე და აგრესიული ინფექციური აგენტის შეჭრითაა განპირობებული).
ზოგჯერ ლიმფური კვანძი ჩირქდება, რაც ფლეგმონის (ჩირქოვანი ანთების მიმდებარე ქსოვილებზე გავრცელების) საფრთხეს წარმოშობს. ამ შემთხვევაში ქირურგიული ჩარევაა აუცილებელი.
ძლიერ მკვრივი, კონგლომერატებად გაერთიანებული, ირგვლივ მდებარე ქსოვილებთან შეზრდილი და ნაკლებად მოძრავი ლიმფური კვანძები ავთვისებიანი პროცესისთვის არის დამახასიათებელი. მსგავსი შემთხვევა ონკოლოგის გადაუდებელ კონსულტაციას მოითხოვს. თუ გგონიათ, რომ ადამიანის ორგანიზმს წარმოდგენა არა აქვს, რა არის სიმსივნური უჯრედი, ძლიერ ცდებით. თითოეული ჩვენგანის ორგანიზმში ყოველდღიურად ასი ათასამდე სიმსივნური უჯრედი წარმოიქმნება. ეს გენეტიკური “შეცდომების” გამო ხდება და უჯრედის თვისებების შეცვლას (ცილების სტრუქტურის დარღვევა, უსასრულო გამრავლების უნარის შეძენა) იწვევს. ასეთი უჯრედები იოლად სცილდება თავდაპირველ ადგილს და ლიმფურ სისტემაში ხვდება. ნორმალურ შემთხვევებში ისინი ლიმფური კვანძების ბარიერს ვერ გადალახავენ და იღუპებიან. ეს მაშინ, როდესაც ლიმფური კვანძები ბარიერულ ფუნქციას ინარჩუნებენ და იმუნური უჯრედებიც აკეთებენ თავიანთ საქმეს.

  • როგორ ვლინდება?

ლიმფური კვანძების გადიდებისთვის უამრავი სიმპტომია დამახასიათებელი. ზოგიერთი არაფერს უჩივის და ექიმთან პროფილაქტიკური ვიზიტის დროს აღმოუჩენენ ხოლმე გადიდებულ ლიმფურ კვანძს, ზოგჯერ კი გადიდებული კვანძი იმდენად მტკივნეული და მგრძნობიარეა, რომ ძლიერ დისკომფორტს იწვევს. უფრო მნიშვნელოვანი და ინფორმაციულია თანმხლები დაავადებისთვის დამახასიათებელი სიმპტომები: ცხელება, ღამის ოფლიანობა, წონის კლება, კბილის, ყელის ტკივილი. ეს ყველაფერი ექიმს სწორი დიაგნოზის დასმაში ეხმარება. სიმპტომები კვანძის მდებარეობასა და გადიდების მიზეზზეა დამოკიდებული. შესაძლოა, აღინიშნებოდეს ზედა სასუნთქი გზების რესპირატორული ინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომები (სურდო, ყელის ტკივილი, ცხელება), ყურის, ნიკაპქვეშა, კისრის ლიმფური კვანძები გადიდებული და ოდნავ მტკივნეული იყოს. სხეულის სიღრმეში არსებული კვანძების გადიდებას კანქვეშა ლიმფური კვანძების გადიდებისგან განსხვავებული შედეგები აქვს. ღრმად მდებარე ლიმფური კვანძის გადიდებას შესაძლოა ლიმფის დინების შეფერხება და კიდურის შეშუპება მოჰყვეს, ფილტვის ლიმფური კვანძის გადიდებამ შესაძლოა ქრონიკული ხველა გამოიწვიოს. ზოგიერთი ინფექცია (მონონუკლეოზი, აივ ინფექცია, სოკოვანი და პარაზიტული ინფექციები) შესაძლოა ლიმფური კვანძების სისტემური გადიდებით წარიმართოს, თუმცა არა ყოველთვის – ზოგჯერ მხოლოდ კანისმხრივი სიმპტომები და სიწითლეა გამოხატული. ზოგიერთ იმუნურ დაავადებასაც (მგლურას, რევმატოიდულ ართრიტს) ახასიათებს ლიმფური კვანძების სისტემური გადიდება.
იშვიათად ლიმფური კვანძი ან კვანძების ჯგუფი სწრაფად სივდება და უმოძრაო ხდება.

  • როდის მივმართოთ ექიმს?

გადიდებული კვანძები თავისთავად დიდ პრობლემას არ წარმოადგენს, მაგრამ თუ ამას თან სხვა სიმპტომებიც ერთვის, ექიმთან კონსულტაცია აუცილებელია. ექიმს უნდა მიმართოთ როცა:
. ლიმფური კვანძების გადიდება ორ კვირაზე მეტია გრძელდება და`ან თან ახლავს ისეთი სიმპტომები, როგორებიცაა წონის კლება, ღამის ოფლიანობა, სისუსტე და გახანგრძლივებული ცხელება.
. კვანძები მაგარი, კანთან შეზრდილი და სწრაფად მზარდია.

 . ლავიწისა და კისრის ქვედა უბანში შესივებას გრძნობთ.
. გარშემო კანი წითელი და ანთებადია და ინფექციასეჭვობთ.
. კისრის გადიდებული ლიმფური კვანძი სუნთქვაში ხელს გიშლით.
ლიმფური კვანძების გადიდება სასწრაფო ჰოსპიტალიზაციას იშვიათად მოითხოვს.
დიაგნოზს თანმხლები სიმპტომების შეფასების, ფიზიკალური გამოკვლევისა და სისხლის საერთო ანალიზის საფუძველზე სვამენ. ზოგჯერ რენტგენოლოგიური და კომპიუტერული კვლევაც ტარდება. სიმსივნური პროცესის გამოსარიცხად გადიდებული ლიმფური კვანძის ბიოფსიაც საჭიროა.
.ლიმფური კვანძი გამიდიდდა! როგორ მოვიქცე?

 პანიკის საფუძველი არ არსებობს. ყველაზე ხშირად ეს იმის მანიშნებელია, რომ თქვენი იმუნური სისტემა გამართულად მუშაობს, მაგრამ მიზეზის გასარკვევად ექიმ თერაპევტთან ვიზიტს მაინც ნუ გადადებთ.
თუ უბრალო გრიპისთვის დამახასიათებელი სიმპტომები გაქვთ, პრობლემის მოგვარება სახლის პირობებშიც შესაძლებელია. განკურნებიდან ორ კვირაში ლიმფური კვანძები საწყის ზომას დაუბრუნდება. სპეციფიკური მკურნალობა არ არის საჭირო.
თუ კვანძი მცირე (2 სმ-ზე ნაკლები) ზომისაა, საზარდულის ან ნიკაპქვედა არეში მდებარეობს და თქვენ მოზარდი ხართ, არაფერია საშიში – ამ ასაკში ეს ჩვეული მოვლენაა. ბავშვებს მოზრდილებთან შედარებით აქტიური ლიმფური სისტემა აქვთ და მათი კვანძები ხშირადაა გადიდებული. ლიმფური კვანძის სწრაფად, 1-2 დღეში გადიდებას სხვადასხვა მიზეზი აქვს და მკურნალობასაც სხვადასხვაგვარს მოითხოვს, ამიტომ ამის შესახებ აუცილებლად ამცნეთ ექიმს.
გადიდებული ლიმფური კვანძების სტანდარტული მკურნალობა ტკივილგამაყუჩებლისა და სიცხის დამწევი პრეპარატების (იბუპროფენი, აცეტამინოფენი) მიღებას გულისხმობს. თბილი საფენებიც ამცირებს შესივებას. თუ მიზეზი ინფექციაა, ანტიბიოტიკების ან ანტივირუსული პრეპარატების მიღებაა მიზანშეწონილი. აბსცესს დრენირება სჭირდება. სიმსივნური დაავადების მკურნალობა კი ქირურგიულ, რადიაციულ და ქიმიოთერაპიას მოიცავს. თუ მიზეზი იმუნური დარღვევაა, საქმეს ძირითადი დაავადების მკურნალობა შველის. სიტუაციის შეფასება და იმის დადგენა, რამდენად საშიშია თქვენი დაავადება, მხოლოდ ექიმს შეუძლია. მიზეზის დადგენისა და აღმოფხვრის შემთხვევაში ლიმფური სისტემა ნორმალურ მდგომარეობას დაუბრუნდება. ნებისმიერ ადამიანს ცხოვრების მანძილზე ლიმფური კვანძები იმდენჯერ უდიდდება და უმცირდება, რომ ვერ მოთვლით. მთავარია, სერიოზული დაავადება არ გამოგეპაროთ და მცირედი ეჭვის არსებობის შემთხვევაშიც კი სპეციალისტს მიმართოთ.
თამარ არქანია

გააზიარე: