ჰორმონები
გააზიარე:
ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები: ოქროს შუალედი
როცა მოზარდი გოგონა სარკესთან საათობით ტრიალს იწყებს ან ბიჭს ხმა უბოხდება და ახალი ინტერესები უჩნდება, ჰორმონებს ვაბრალებთ. ჰორმონების გამო ქალებს თვეში ერთხელ უგუნებობა და გაღიზიანებადობაც ეპატიებათ – რა მათი ბრალია კრიტიკული დღეებით განპირობებული ჰორმონული ცვლილებები?! აზარტის მოყვარულები ზედმეტად სარისკო გადაწყვეტილებებს ადრენალინს აბრალებენ. პასუხისმგებლობის თავიდან ასაცილებლად მარტივი გამოსავალი იპოვეს ჭარბწონიანებმაც: განა მე ვჭამ ბევრს – ჰორმონების ბრალიაო.
ერთი სიტყვით, ჰორმონები შესანიშნავად ასრულებენ განტევების ვაცის როლს. ალბათ სიყვარულის, ბედნიერების და სხვა ემოციების ჰორმონთა შესახებაც გაგიგონიათ...
საინტერესოა, მართლა ასეთი ძლევამოსილები არიან თუ ყველაფერს ვაბრალებთ? ამის გასარკვევად გადავწყვიტეთ, მთავარი თემა ჰორმონებისთვის დაგვეთმო.
იცით თუ არა, რომ...
ყველამ ვიცით, რომ სისტემას, რომელიც ჰორმონთა წარმოქმნასა და ცვლას არეგულირებს, ენდოკრინული ეწოდება. ვიცით ისიც, რომ ჰორმონული დარღვევების დროს ენდოკრინოლოგს უნდა მივმართოთ. ახლა კი რამდენიმე “ჩამჭრელ” კითხვას დაგისვამთ:
რომელია ენდოკრინული სისტემის მთავარი ორგანო?
ნერვულ სისტემაზე რომ იგივე მეკითხა, უსათუოდ, “თავის ტვინიო”, მიპასუხებდით, სასუნთქზე – “ფილტვებიო”, აი, ენდოკრინულზე კი პასუხის გაცემა ნამდვილად გაგიჭირდებათ.
მომდევნო კითხვა: თუ საშარდე სისტემის უპირველესი მოვალეობა შარდის წარმოქმნაა, საჭმლის მომნელებელისა კი საკვების გადამუშავება, რა არის ენდოკრინული სისტემის მთავარი ფუნქცია? დაკვირვებული ყური შეამჩნევს, რომ სისტემებს სახელწოდებაც ფუნქციის შესაბამისი აქვთ: საშარდე, საჭმლის მომნელებელი, სასუნთქი, სასქესო... სიტყვა “ენდოკრინული” კი არაფერს გვეუბნება. დარწმუნებული ვარ, დანამდვილებით არც ის გეცოდინებათ, რომელი ცვლილებები იძლევა ენდოკრინოლოგთან ვიზიტის საფუძველს.
ერთი სიტყვით, ჰორმონულ სისტემაზე მეტის გაგება ნამდვილად არ გვაწყენს.
განსხვავებული ფუნქცია
საქმე ის არის, რომ ენდოკრინული სისტემა ჩვენთვის ცნობილი სხვა სისტემებისგან რამდენადმე განსხვავდება ის მთელ ორგანიზმში მიმობნეული ჯირკვლებისგან შედგება, რომლებიც თან შეთანხმებულად მუშაობენ, თან ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ პროცესებზე ახდენენ გავლენას. ყველა ამ უცნაურობას ენდოკრინული სისტემის ფუნქცია განაპირობებს – ის მარეგულირებელი სისტემაა. სისტემა, რომელიც ორგანოთა სხვა სისტემების მუშაობას აკონტროლებს, არეგულირებს. ამიტომაც ყოფენ ცხვირს ჰორმონები ორგანიზმში მიმდინარე ფაქტობრივად ყველა პროცესში, ამიტომაც ბრალდებათ მათ ამდენი დანაშაული.
ჰორმონები გავლენას ახდენენ ზრდასა და განვითარებაზე, ნივთიერებათა ცვლაზე, რეპროდუქციაზე, სქესობრივ ფუნქციაზე, ხასიათზეც კი. სხვათა შორის, იგივე, ანუ მარეგულირებელი, როლი აკისრია ნერვულ სისტემასაც. ენდოკრინული სისტემა შედარებით ნელ პროცესებს არეგულირებს, მაგალითად, უჯრედების ზრდას, უფრო სწრაფი პროცესები – სუნთქვა, სხეულის გადაადგილება და მისთანანი – კი ნერვული სისტემის მიერ კონტროლდება. არცთუ იშვიათად ნერვული და ენდოკრინული სისტემები საერთო მიზნის მისაღწევად შეთანხმებულად მუშაობენ.
“პროფესიონალები” და “მოყვარულები”
როგორც ითქვა, ჰორმონებს ენდოკრინული ჯირკვლები გამოიმუშავებს. ჰორმონწარმომქმნელი ფუნქცია არაერთ ორგანოს აქვს. ზოგისთვის ეს ძირითადი საქმიანობაა, ზოგისთვის კი დამატებითი, შეთავსებითი. მათ რიცხვს მიეკუთვნება კუჭი, ნაწლავები, გული... მაგალითად, კუჭში გამომუშავებული გასტრინი საჭმლის მონელებას აადვილებს. იგივე ფუნქცია აკისრია წვრილ ნაწლავში სინთეზირებულ სეკრეტინსა და ქოლეცისტეკონინს. გული კი ჰორმონ ატრიოპეპტინს წარმოქმნის, რომელიც, შეიძლება ითქვას, ორგანული შარდმდენია – თირკმელებში წყლის უკუშეწოვას აქვეითებს, ნატრიუმისა და ქლორის გამოყოფას აძლიერებს, ამასთან, აფართოებს სისხლძარღვებს, დაბლა სწევს არტერიულ წნევას, იწვევს ნაწლავის კუნთების რელაქსაციას და სხვ. დროებითი ჯირკვალია პლაცენტა, რომელიც ორსულობისას წარმოიქმნება და გამომუშავებული ჰორმონის – ადამიანის ქორიონული გონადოტროპინის – მეშვეობით ორსულობის შენარჩუნებას უწყობს ხელს. თუმცა გულის ან კუჭის დამსახურებათა ჩამონათვალში ხსენებული ფუნქცია ნამდვილად არ დაიკავებს პირველ ადგილს.
ძირითად ენდოკრინულ ჯირკვლებს, რომელთა ძირითადი (ხშირად – ერთადერთიც) საქმიანობა ჰორმონების წარმოქმნა და ცვლაა, მიეკუთვნება: ჰიპოფიზი, ეპიფიზი, ფარისებრი, თირკმელზედა, კუჭქვეშა ჯირკვლები, სათესლეები და საკვერცხეები. მართალია, ეს ჯირკვლები მთელ ორგანიზმშია მიმოფანტული, მაგრამ მაინც ერთიან სისტემად მოიაზრება, რადგან ფუნქციები, მოქმედების მექანიზმი და ბევრი სხვა მახასიათებელი საერთო აქვს. ისიც უნდა ითქვას, რომ ზოგიერთ ჯირკვალს არაენდოკრინული ფუნქციაც აკისრია. მაგალითად, კუჭქვეშა ჯირკვალი, გარდა ჰორმონებისა, საჭმლის მომნელებელ ფერმენტებსაც გამოიმუშავებს, სათესლეებში სასქესო ჰორმონებთან ერთად სპერმაც წარმოიქმნება და ა.შ.
მოდი, სათითაოდ განვიხილოთ ძირითადი ენოკრინული ჯირკვლები და მათი ფუნქციები.
რეგულატორების მარეგულირებელი
ენდოკრინულ სისტემაზე საუბრისას, უპირველეს ყოვლისა, ჰიპოფიზი უნდა ვახსენოთ. ჯირკვალი, რომლის დიამეტრი სულ რაღაც 1 სმ-ია, უდიდეს ფუნქციას ასრულებს. ჰორმონები, როგორც ვთქვით, ორგანიზმში მიმდინარე პროცესებს არეგულირებენ. მაგრამ თავადაც სჭირდებათ რეგულაცია. ამ რეგულარტორის როლს დიდწილად სწორედ ჰიპოფიზი ასრულებს.
ჰიპოფიზი თავის ტვინში მდებარეობს და ორი ნაწილისგან შედგება – ადენოჰიპოფიზისა და ნეიროჰიპოფიზისგან. შუამდებარე ტვინში არის კიდევ ერთი მეტად მნიშვნელოვანი უბანი – ჰიპოთალამუსი. ის წარმოადგენს ნერვული უჯრედების გროვებს, რომლებიც 30-ზე მეტ ნერვულ ბირთვს შეიცავს. ჰიპოთალამუსი ნერვული გზებით ცენტრალური ნერვული სისტემის თითქმის ყველა უბანს უკავშირდება. მჭიდრო კავშირი აქვს ჰიპოფიზთანაც. ასე რომ, ჰიპოთალამუსი ნერვულ და ენდოკრინულ სისტემათა ერთგვარ შუამავალს წარმოადგენს.
ადენოჰიპოფიზში გამომუშავდება ზრდის ჰორმონი, რომელიც ძვლების, კუნთებისა და სხვა ორგანოების ზრდას ასტიმულირებს. შესაბამისად, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს გარეგნობაზე. აქვე წარმოიქმნება პროლაქტინი. ის სარძევე ჯირკვლის ზრდასა და განვითარებას უზრუნველყოფს და მშობიარობის შემდეგ რძის წარმოქმნას უწობს ხელს. ამ ჰორმონების შესახებ უფრო მეტს მომდევნო გვერდებზე შეიტყობთ, ჩვენ კი გავაგრძელოთ.
ზემოთ ჰიპოფიზის მარეგულირებელი ფუნქცია ვახსენეთ. ბუნებრივია, ისიც ჰორმონების საშუალებით ხორციელდება. მაგალითად, თირეოტროპული ჰორმონი ფარისებრ ჯირკვალს თიროქსინის გამომუშავების ბრძანებას აძლევს, ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონი თირკმელზედა ჯირკვლის მიერ კორტიზოლის გამომუშავებას არეგულირებს, გონადოტროპინები კი – სასქესო ჯირკვლების მუშაობას. ერთი სიტყვით, პერიფერიული ჯირკვლები დავალებას ჰიპოფიზისგან იღებენ. მაგრამ იერარქია და უფროს-უმცროსობა ამით არ მთავრდება. თავად ჰიპოფიზი ბრძანებებს ჰიპოთალამუსისგან იღებს. ის გამოყოფს ჰორმონთა ორ ჯგუფს – ლიბერინებსა და სტატინებს. პირველი მათგანი ასტიმულირებს შესაბამისი ჰორმონის გამომუშავებას, მეორე კი აფერხებს.
ანტიდიურეზული ჰორმონი და ოქსიტოცინი ნეიროჰიპოფიზის ჰორმონებია. პირველი თირკმლის მილაკებში წყლის უკუშეწოვას ასტიმულირებს, რის შედეგადაც შარდთან ერთად ნაკლები წყალი იკარგება. მისი დეფიციტი სითხის ძლიერ კარგვას იწვევს (სხვათა შორის, ამ ჰორმონის საპირისპირო ეფექტი აქვს ზემოხსენებულ ატრიოპეპტინს). ოქსიტოცინი საშვილოსნოს გლუვი კუნთის შეკუმშვას განაპირობებს და ხელს უწყობს ლაქტაციის პერიოდში სარძევე ჯირკვლიდან რძის გამოყოფას.
როგორ მუშაობენ
ჰორმონები სისხლში მოხვედრისთანავე დანიშნულების ადგილისკენ იწყებენ სვლას. ამ გზაზე მათ სპეციალური სატრანსპორტო ცილები ხვდებათ, რომლებსაც ისინი სამიზნემდე მიჰყავთ. სამიზნე უჯრედებს ზედაპირზე რეცეპტორები აქვთ. შესაბამისი ჰორმონი რეცეპტორს უნდა დაუკავშირდეს. ყველა ჰორმონს სხვადასხვა რეცეპტორი მიესადაგება, ასე რომ, ყველა მათგანი მხოლოდ საკუთარ უჯრედს უკავშირდება. როცა ჰორმონულ-რეცეპტორული კავშირი დამყარდება, უჯრედი ინსტრუქციას მიიღებს და დავალების შესრულებას დაიწყებს.
სისხლში ჰორმონის სეკრეცია ან სხვა ჰორმონით, ან რომელიმე ნივთიერებით რეგულირდება. მაგალითად, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის წარმოქმნაზე გავლენას ახდენს ჰიპოფიზის ჰორმონი, ფარისებრახლო ჯირკვლის მუშაობა კი სისხლში კალციუმის დონეზეა დამოკიდებული. ჰორმონების დონეზე გავლენის მქონე სხვა ფაქტორებია სტრესი, ინფექცია, მინერალებისა და სითხის ცვლა და ზოგიერთი სახის გარეგანი ზემოქმედებაც.
ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები: ოქროს შუალედი
ჰორმონებზე საუბრისას კარგად უნდა გვახსოვდეს ორი ცნება: ჰიპოსეკრეცია და ჰიპერსეკრეცია. პირველი ამა თუ იმ ჰორმონის დონის დაკლებას ნიშნავს, მეორე კი მომატებას. ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებთან მიმართებით ტერმინებს “ჰიპერთირეოზს” და “ჰიპოთირეოზს” იყენებენ. ეს ორი მდგომარეობა ურთიერთგანსხვავებულ, მაგრამ მეტად საყურადღებო სიმპტომებს იწვევს.
იმის მისახვედრად, რა მოხდება ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების მომატებისას ან დაკლებისას, ბუნებრივია, უპირველეს ყოვლისა, თავად ამ ჰორმონების მოქმედების მექანიზმს, მათ ფუნქციებს უნდა ვიცნობდეთ.
ფარისებრი ჯირკვლის ძირითადი ჰორმონებია ტრიიოდთირონინი (T3) და ტეტრაიოდთირონინი (T4), იგივე თიროქსინი. სახელებიც მიგვანიშნებს, რომ მათ შემადგენლობაში იოდი შედის. ამ ელემენტის გარეშე ჰორმონები ვერ გამომუშავდება. ამიტომაც არის აუცილებელი ფარისებრი ჯირკვლის დაავადებათა პრევენციისთვის იოდის სათანადო რაოდენობით მიღება, მით უმეტეს – საქართველოში, რომელიც იოდდეფიციტურ ქვეყნად მიიჩნევა.
თირეოიდული ჰორმონები არეგულირებს მეტაბოლიზმს – ორგანიზმის მიერ ენერგიის გამოყენებას, აკონტროლებს სუნთქვას, გულისცემას, საჭმლის მონელებას, სხეულის ტემპერატურას, ფსიქიკურ ჯანმრთელობას. მათი წარმოქმნის მექანიზმები კი მეტად ნატიფი და საინტერესოა.
დადებით-უარყოფითი უკუკავშირები
ფარისებრი ჯირკვლის მოქმედებას, როგორც ითქვა, ჰიპოფიზის ჰორმონები არეგულირებს. როდესაც სისხლში ჰიპოფიზის ჰორმონ თირეოტროპინის (TSH) დონე იმატებს, იმატებს ფარისებრ ჯირკვალში თიროქსინის გამომუშავებაც. ამას დადებითი უკუკავშირი ეწოდება. მაგრამ თუ ასე დიდხანს გაგრძელდა, ბუნებრივია, ორგანიზმში ჰიპერთირეოიდული მდგომარეობა განვითარდება, ამიტომ საჭიროა, ჰიპოფიზის აქტივობა რამემ შეაჩეროს. ასეთი მუხრუჭის როლს ისევ ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები ასრულებენ – განსაზღვრულ ეტაპზე, როდესაც თიროქსინის დონე საჭირო ნიშნულს მიაღწევს, ჰიპოფიზი სიგნალს იღებს, რომ პრობლემა აღმოფხვრილია. შედეგად იკლებს TSH-ის კონცენტრაციაც და, შესაბამისად, ფარისებრი ჯირკვლის აქტივობაც. თუ სისხლში თიროქსინის დონე ისევ შემცირდა, ჰორმონების წარმოქმნაც ისევ გაძლიერდება და პირიქით. ამას უარყოფით უკუკავშირს უწოდებენ.
ასე არეგულირებს ჰიპოფიზი ფარისებრ ჯირკვალს, ხოლო ფარისებრი – ჰიპოფიზს. აქედან გამომდინარე, სისხლში TSH-ის მომატებული კონცენტრაცია იმაზე მიანიშნებს, რომ ფარისებრ ჯირკვალს უჭირს და ჰიპოფიზი მის დახმარებას ცდილობს, დაქვეითება კი თირეოიდული ჰორმონების სიჭარბის ნიშანია.
ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები საკმაოდ გავრცელებულია. ჯანმო-ს მონაცემებით, მათ შაქრიანი დიაბეტის შემდეგ მეორე ადგილი უკავიათ ენდოკრინულ დაავადებათა სტრუტურაში. მაგალითად, ამერიკაში 12 წელს გადაცილებულთაგან ყოველ მეოცეს ჰიპოთირეოზი აქვს. უფრო იშვიათია (1%) ჰიპერთირეოზი.
ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები უმეტესად ქალებსა და 60 წელს გადაცილებულ მამაკაცებთან გვხვდება. რვიდან ერთ ქალს სიცოცხლეში ერთხელ მაინც აწუხებს ფარისებრი ჯირკვლის რომელიმე დარღვევა, ეს კი, თავის მხრივ, ქალური პრობლემების მიზეზად იქცევა.
ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების გავრცელება ყოველწლიურად 5%-ით იმატებს.
იოდდეფიციტური დაავადებები საქართველოსთვის სამხარეო პრობლემად მიიჩნევა, მაღალმთიანი რეგიონები კი ენდემური ჩიყვის კერებად არის ცნობილი, ამიტომ ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების მიმართ განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს.
ქვემოთ ფარისებრი ჯირკვლის ყველაზე გავრცელებულ ორ პათოლოგიაზე – ჰიპერთირეოზსა და ჰიპოთირეოზზე მოგითხრობთ.
ჰიპოთირეოზი
ვის ემუქრება
დაორსულებას უშედეგოდ ცდილობთ, წონაც მოიმატეთ. აღელვებული და იმედგაცრუებული ექიმთან მიდიხართ, ის კი, უპირველეს ყოვლისა, გეკითხებათ, ხომ არ გაქვთ ყაბზობა.
ნუ გაიკვირვებთ და ექიმის კომპეტენციაში ეჭვს ნუ შეიტანთ: სწორედ უნაყოფობა, სიმსუქნე და ყაბზობა ახასიათებს ჰიპოთირეოზს – პათოლოგიურ მდგომარეობას, რომელსაც ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების ნაკლებობა იწვევს.
რა უშლის ხელს ჰორმონების გამომუშავებას? ყველაზე გავრცელებულ მიზეზად ავტოიმუნური დაავადება – ჰაშიმოტოს თირეოიდიტი მიიჩნევა. ამ დროს ავტოანტისხეულები თავს ესხმის ჯირკვალს და ჰორმონების გამომუშავების საშუალებას არ აძლევს.
ჰიპოთირეოზი ასევე მოსალოდნელია, თუ:
* მკურნალობთ ჰიპერთირეოზს;
* იტარებთ სხივურ თერაპიას;
* გადატანილი გაქვთ ფარისებრი ჯირკვლის ოპერაცია;
* გაქვთ ჰიპოფიზის დაავადება;
* გაქვთ იოდის დეფიციტი;
* რომელიმე ახლო ნათესავს აქვს ავტოიმუნური დაავადება (შეგრენის სინდრომი, პერნიციოზული ანემია, შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1, რევმატოიდული ართრიტი, სისტემური წითელი მგლურა);
* ხართ ორსულად ან ცოტა ხნის წინ იმშობიარეთ.
ნაკლები ჰორმონი – ნაკლები ენერგია
ჰიპოთირეოზის კლინიკური სურათი ნელა ვითარდება, რის გამოც ადრეულ საფეხურებზე დაავადების გამოვლენა ჭირს. ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დეფიციტი თავდაპირველად მსუბუქი დაღლილობით ვლინდება. სიმპტომები თანდათან იჩენს თავს. ვინაიდან ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები მეტაბოლიზმს არეგულირებს, მათი დონის დაქვეითება ყველა მეტაბოლური პროცესის შენელებას იწვევს, მატება კი გაძლიერებას. ამის კვალობაზე, ჰიპოთირეოზის კლინიკური სურათის წარმოდგენა ძნელი არ უნდა იყოს:
* ყაბზობა;
* გულის რიტმის შენელება;
* თმისა და ფრჩხილების მტვრევადობა;
* ოფლის გამოყოფის დაქვეითება;
* კანის გამოშრობა;
* სიცივის მიმართ მგრძნობელობის მომატება;
* სახის შეშუპება;
* ქოლესტერინის დონის მომატება;
* წონის უეცარი მომატება;
* კუნთებისა და სახსრების ტკივილი და კრუნჩხვა;
* მტკივნეული მენსტრუაცია, არარეგულარული ციკლი;
* დეპრესია;
* გუნება-განწყობის ცვლილება;
* უხასიათობა;
* ადინამია;
* გულმავიწყობა;
* უნაყოფობა;
* ფარისებრი ჯირკვლის გადიდება – ჩიყვი.
ჰორმონულ ლაბირინთებში
დიაგნოზს სისხლში ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებისა და თირეოტროპული ჰორმონის რაოდენობის მიხედვით სვამენ.
ჰიპოთირეოზის პირველი ნიშანი ჰიპოფიზის ჰორმონის – TSH-ის კონცენტრაციის მომატებაა. განსაზღვრულ ეტაპამდე ჰიპოფიზის ჩარევა საკმარისია და მომატებული TSH-ის ფონზე თიროქსინის მაჩვენებლები სისხლში ნორმალური რჩება. ამას სუბკლინიკურ ჰიპოთირეოზს უწოდებენ. ამ დროს არც კლინიკური ნიშნებია გამოხატული. ექიმთა აზრი მისი მართვის თაობაზე ორად იყოფა: ზოგი ამ ეტაპზევე მედიკამენტური ჩარევის მომხრეა, ზოგი კი მოცდას ამჯობინებს, – ცხადია, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის ინტენსიური კონტროლით. TSH-ის მატება და T4-ის დაქვეითება კი იმაზე მეტყველებს, რომ ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დეფიციტის აღმოსაფხვრელად ჰიპოფიზის გაძლიერებული მუშაობაც აღარ არის საკმარისი. ექიმი შეამოწმებს სისხლში ავტოანტისხეულების არსებობასაც. ეს ჰიპოთირეოზის მიზეზის დადგენაში დაგვეხმარება. ავტოანტისხეულების არსებობა ავტოიმუნურ დაავადებაზე მიუთითებს. აუცილებელ გამოკვლევათა რიცხვს მიეკუთვნება ფარისებრი ჯირკვლის ექოსკოპიაც, რომლის მეშვეობითაც ამ ორგანოს ზომებს, სტრუქტურას, მასში კვანძების არსებობა–არარსებობას ადგენენ.
ხანდაზმულებს, ორსულებს და ქალებს, რომლებიც დაორსულებას გეგმავენ, ჰიპოთირეოზის სკრინინგის ჩატარებას (ე.ი. მისი სტატუსის გამოკვლევას) ურჩევენ, განურჩევლად იმისა, უჩივიან თუ არა რამეს.
რატომ არის ესოდენ მნიშვნელოვანი ჰიპოთირეოზის დროული გამოვლენა, მეტადრე – ორსულებთან? იმიტომ, რომ ნებაზე მიშვებული დაავადება თვითნებითი აბორტის, ნაადრევი მშობიარობის, პრეეკლამფსია-ეკლამფსიის, ნაყოფის ზრდისა და განვითარების შეფერხების მიზეზად იქცევა. კარგად მართული ჰიპოთირეოზის ფონზე კი ორსულობა უმეტესად ყოველგვარი გართულების გარეშე ჩაივლის.
რას ველოდეთ
ჰიპოთირეოზის ფონზე მოსალოდნელია:
* ჩიყვი – ფარისებრი ჯირკვლის გადიდება, რაც ესთეტიკურ პრობლემებთან ერთად ზოგჯერ ყლაპვისა და სუნთქვის გაძნელებასაც იწვევს;
* გულის დაავადებები – ვინაიდან ჰიპოთირეოზი სისხლში გულ-სისხლძარღვთა სისტემის მტრის, მავნე ქოლესტერინის, დონის მატებას იწვევს;
* მძიმე დეპრესია;
* უნაყოფობა;
* მიქსედემა – იშვიათი, სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა, რომელსაც ახასიათებს ფარისებრი ჯირკვლის მკვეთრი უკმარისობა, ძილიანობა, ცნობიერების დაქვეითება. ზოგჯერ საქმე კომამდეც კი მიდის. მიქსედემის დროს ორგანიზმში მიმდინარე ბიოქომიური პროცესები ისე ნელდება, შესაძლოა, სიცოცხლესაც კი დაემუქროს საფრთხე.
ვავსებთ დეფიციტს
დეფიციტის შევსებაზე ადვილი რა უნდა იყოს, თუ შემავსებელი გვაქვს? საბედნიეროდ, არსებობს სინთეზური თიროქსინი (ლევოთიროქსინი), რომელიც ორგანიზმში გამომუშავებულის ზუსტი ანალოგია. მას ჰიპოთირეოზის სამკურნალოდ იყენებენ. წამალს ყოველდღე იღებენ. შედეგად წესრიგდება ნივთიერებათა ცვლა, იკლებს სისხლში ქოლესტერინის დონე, ბრუნდება პირვანდელი წონა, დგება ნანატრი ორსულობა, მაღლდება განწყობა... ოღონდ საუკეთესო ეფექტისთვის საჭირო დოზას უნდა მიაგნოთ, ამისთვის კი შესაძლოა რამდნიმე ცდა დაგჭირდეთ. ექიმი განსაზღვრულ დოზას დაგინიშნავთ, ერთ თვეში ანალიზისთვის დაგიბარებთ და შედეგის მიხედვით განსაზღვრავს, საკმარისია თუ არა თქვენთვის ეს დოზა, მომატება ან მოკლება ხომ არ არის საჭირო. ოპტიმალური დოზის მიგნების შემდეგ მაჩვენებლების გადამოწმება 6 თვეში ერთხელაც საკმარისია.
ჰიპოთირეოზი, წესისამებრ, სავსებით კონტროლდება სინთეზური თიროქსინით, როცა დოზა ზუსტად არის შერჩეული და პაციენტი იცავს წამლის მიღების წესებს.
გაითვალისწინეთ: ორგანიზმის შესაძლებლობაზე, შეიწოვოს სინთეზური ჰორმონი, ბევრი რამ ახდენს გავლენას, მათ შორის – წამლები, დანამატები და საკვები. მაგალითად, სოიის ნაწარმი, უჯრედისით მდიდარი სურსათი, რკინის პრეპარატები, კალციუმი, ქოლესტერამინისა და ალუმინის ჰიდროქსიდის შემცველი მედიკამენტები (ზოგიერთი ანტაციდი). ასე რომ, ექიმთან შეათანხმეთ კვების რაციონი და წამლები, რომლებსაც ჯანმრთელობის სხვა პრობლემის გამო რეგულარულად იღებთ.
იოდი
გახსოვდეთ, რომ თირეოიდული ჰორმონების გამომუშავებისთვის აუცილებელია იოდი.
იოდდეფიციტის პროფილაქტიკა მუცლად ყოფნის პერიოდიდანვე იწყება. ნაყოფმა ის უკვე საჭირო რაოდენობით უნდა მიიღოს. ამიტომაც ურჩევენ ექიმებს, ყველა ორსულს დაუნიშნონ იოდის პროფილაქტიკური დოზა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ქალს აქვს ჰიპერთირეოზით მიმდინარე დაავადების ისტორია.
ყველაზე მეტ იოდს შეიცავს ზღვის პროდუქტები: კამბალა, ქაშაყი, სკუმბრია, ვირთევზა, თევზის ქონი, ზღვის კომბოსტო.
ჰიპერთირეოზი
რა ააქტიურებს ჯირკვალს
ჰიპერთირეოზი – ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების სიჭარბე – ასიდან 70-ზე მეტ შემთხვევაში გრეივსის დაავადების შედეგია. ამ ავტოიმუნური პათოლოგიის დროს გამომუშავებული ანტისხეულები ასტიმულირებს ფარისებრ ჯირკვალს, რაც, ბუნებრივია, ჰორმონის სიჭარბეს იწვევს.
გარდა გრეივსის დაავადებისა, ჰიპერთირეოზის მიზეზად შესაძლოა იქცეს:
* კვანძები, რომლებიც ზოგჯერ დიდდება და ჰორმონს გამოიმუშავებს;
* თირეოიდიტი – ფარისებრი ჯირკვლის ანთება, რომელსაც იმუნური დარღვევები და ვირუსული ინფექციები იწვევს;
* არასწორად ნამკურნალევი ჰიპოთირეოზი.
როგორ ამოვიცნოთ
ჰიპერთირეოზის კლინიკური სურათი ადვილი წარმოსადგენია – ის საპირისპიროა იმისა, რასაც ჰიპოთირეოზი იწვევს:
* წონის კლება;
* ოფლიანობა;
* ნაწლავთა პერისტალტიკის გაძლიერება, ფაღარათისადმი მიდრეკილება;
* მადის გაძლიერება;
* ტრემორი (ხელებისა და თითების კანკალი);
* გულისცემის გახშირება, არარეგულარული რიტმი;
* შფოთვა, ნერვიულობა, გაღიზიანება, აღგზნებადობა;
* ჩიყვი – როგორც ხედავთ, ეს უკანასკნელი შეიძლება განვითარდეს ფარისებრი ჯირკვლის როგორც დაქვეითებული, ისე მომატებული აქტივობის ფონზე. არც ის არის გამორიცხული, ჩიყვის დროს ჰორმონების დონე ნორმალური იყოს და პირიქით – ჰორმონული დისბალანსის მიუხადავად, ჯირკვლის ზომა უცვლელი დარჩეს.
თუ ჰიპერთირეოზის მიზეზი გრეივსის დაავადებაა, სიმპტომებს ემატება გრეივსის ოფთალმოპათია: თვალის უკანა კუნთები შუპდება და თვალის კაკალი წინ წამოიწევს. თვალის სკლერა და რქოვანა გარსი გამომშრალი, წითელი და შეშუპებულია. შეინიშნება თვალების არეში შემაწუხებელი შეგრძნება, სინათლის მიმართ მომატებული მგრძნობელობა, მხედველობის გაორება და თვალის კუნთების მოძრაობის შეზღუდვა.
როგორ დავადგინოთ
ისევე როგორც ჰიპოთირეოზის დიაგნოსტიკის დროს, ამ შემთხვევაშიც, უპირველეს ყოვლისა, სისხლში ჰორმონის დონის განსაზღვრა და ექოსკოპიაა საჭირო. შესაძლოა, დაგჭირდეთ სკანირებაც – მისი მეშვეობით აკვირდებიან ფარისებრი ჯირკვლის უნარს – მიიღოს იოდი.
საშიშია თუ არა ჰიპერთირეოზი?
ნებაზე მიშვებული – ნამდვილად. თუ დროულად არ ვუმკურნალეთ, შესაძლოა გამოიწვიოს:
* გულის პრობლემები – გულის რიტმის დარღვევა (წინაგულების ფიბრილაცია), თრომბოზი, გულის შეგუბებითი უკმარისობა;
* ოსტეოპოროზი (ჰორმონების სიჭარბე ძვლებში კალციუმის ჩალაგებას აფერხებს);
* თირეოტოქსიკური კრიზი – ჰიპერთირეოზის სიმპტომების უეცარი გაძლიერება, რასაც მოჰყვება ცხელება, გაძლიერებული პულსაცია, ცნობიერების დაბინდვაც კი. ამ ნიშნების გაჩენისას დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს.
* ორსულობის პრობლემები – თუ ჰორმონების დონე ოდნავ არის მომატებული, ნაყოფს საფრთხე არ ემუქრება, ნებაზე მიშვებული ძლიერი ჰიპერთირეოზი კი საშიშია, ამიტომ სასურველია, ორსულობის დაგეგმვისას ენდოკრინოლოგსა და გინეკოლოგთანაც გაიაროთ კონსულტაცია. თუ დაავადება ორსულობის დროს აღმოგაჩნდათ, მკაცრად უნდა აკონტროლოთ ის და ზედმიწევნით შეასრულოთ ექიმის რეკომენდაციები.
როგორ დავამშვიდოთ ჰიპერაქტიური ჯირკვალი
ჰიპერთირეოზის მკურნალობის რამდენიმე მეთოდი არსებობს. არჩევანი პაციენტის ასაკზე, ფიზიკურ მდგომარეობაზე, დაავადების მიზეზსა და მდგომარეობის სიმძიმეზეა დამოკიდებული. მიმოვიხილოთ ეს მეთოდები:
* რადიაქტიური იოდი – მის დროს პაციენტი რადიაქტიურ იოდს კაპსულის ან სითხის სახით იღებს. ის ნელნელა შლის ფარისებრი ჯირკვლის უჯრედებს და ამავე დროს არ მოქმედებს ორგანიზმის სხვა ქსოვილებზე. ეს, ბუნებრივად, ჰორმონის დონის კლებას იწვევს. სიმპტომები როგორც წესი 3-6 თვის შემდეგ გაივლის. ვინაიდან მკურნალობის პროცესში მუდმივად ნადგურდება ფარისებრი ჯირკვლის უჯრედები, მკურნალობის საბოლოო შედეგი ხშირად ჰიპოთირეოზია. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ ამ უკანასკნელის მართვა გაცილებით ადვილია, ექიმები ხშირად ირჩევენ რადიაქტიური იოდით მკურნალობას და ხელოვნურად იწვევენ ჰიპოთირეოზს.
რადიაქტიური მეთოდისა ბევრს ეშინია, თუმცა უკვე 60 წელზე მეტია, მკურნალობის ამ ფორმას ეფექტურად იყენებენ. რადიაქტიური იოდით მკურნალობა არ შეიძლება ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს.
* ანტითირეოიდული მედიკამენტები – ეს წამლები ჯირკვლის ჰორმონწარმომქმნელ უნარს ბლოკავენ. სურათი 6-12 კვირის შემდეგ უმჯობესდება, თუმცა მკურნალობის ბოლომდე მისაყვანად ერთი წელი მაინც არის საჭირო. ანტითირეოდიული მედიკამენტები არ გამოიყენება თირეოიდიტით გამოწვეული ჰიპერთირეოზის დროს. შესაძლო გვერდითი ეფექტებია ალერგიული რეაქციები, გამონაყარი, ქავილი, ლეიკოციტების დონის დაწევა და შედეგად ინფექციების მიმართ რეზისტენტობის დაქვითება, იშვიათად – ღვიძლის უკმარისობა.
* რეზექცია – შესაძლოა, ექიმმა არჩევანი ქირურგიულ მკურნალობაზე შეაჩეროს. ოპერაციის დროს ის ჯირკვლის ნაწილს ამოკვეთს. ოპერაციის შემდეგ უმეტესად ვითარდება ჰიპოთიორეოზი (თუ მთელი ჯირკვალი ამოიკვეთა, ეს მდგომარეობა გარდაუვალია) და საჭირო ხდება ჩანაცვლებითი თერაპია. ქირურგიუულ ჩარევას მიმართავენ განსაკუთრებით დიდი ზომის ჩიყვის, უეფექტო მედიკამენტური თერაპიის დროს ან ორსულებთან, რომლებსაც ანტითიროიდული წამლების მიღება არ შეუძლიათ.
* ბეტა ბლოკერები – როგორც ხედავთ, მკურნალობის სხვდასხვა ფორმა შედეგს რამდენიმე კვირის ან რამდენიმე თვის შემდეგ იძლევა. ამ ხნის განმავლობაში პაციენტი ნაკლებად რომ შეწუხდეს, ტარდება სიმპტომური თერაპია ბეტა ბლოკერებით. ბეტა ბლოკერები ჰორმონების დონეზე არ მოქმედებენ – ისინი სიმპტომებს აღკვეთენ მანამდე, სანამ სამკურნალო საშუალებები თავიანთ საქმეს გააკეთებენ. ბეტა ბლოკერების ფონზე სურათი რამდენიმე საათში უმჯობესდება – წესრიგში დგება გულის რიტმი, წყდება კანკალი, შფოთვა.
გაითვალისწინეთ
ჰიპერთირეოზის დროს უნდა ერიდოთ იოდის ჭარბ მიღებას. ყურადღებით გაეცანით ხველის საწინააღმდეგო წამლების შემადგენლობას – ზოგიერთი მათგანი იოდს შეიცავს. გრეივსის ოფთალმოპათიის დროს დისკომფორტის მოსახსნელად დაიდეთ ცივი კომპრესი, გაიკეთეთ მზის სათვალე, სასთუმალი აამაღლეთ, რათა თავისკენ სისხლის მიდენა შეამციროთ.
ალბათ ყველას გაგიგონიათ, ბავშვი ძილში იზრდებაო. ეს გამოთქმა ნამდვილად არ არის საფუძველს მოკლებული: ძილის დროს ადამიანის ორგანიზმში ინტენსიურად წარმოიქმნება ჰორმონი სომატოტროპინი, რომელსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ბავშვის ზრდისა და განვითარებისთვის.
ზრდის ჰორმონი ჰიპოფიზის (თავის ტვინის ფუძეში მდებარე პატარა ჯირკვლის) წინა ნაწილში – ადენოჰიპოფიზში გამომუშავდება და ზრდასთან ერთად ზრდასრული ორგანიზმის ნორმალურ სტრუქტურასა და მეტაბოლიზმზეც აგებს პასუხს. ის აძლიერებს ცილის სინთეზს, ცხიმის წვას და ამ გზით უზრუნველყოფს ქსოვილთა ზრდისთვის საჭირო ენერგიის წარმოქმნას. მისი გავლენით იზრდება და ყალიბდება ძვლები, ნორმალურად ფუნქციონირებს ორგანოები.
სომატოტროპინის გამომუშავებას ასტიმულირებს ზრდის ჰორმონის მასტიმულირებელი ჰორმონი, ხოლო თრგუნავს სომატოსტატინი. ორივე მათგანს თავის ტვინის მეორე სტრუქტურა – ჰიპოთალამუსი გამოიმუშავებს.
ზრდის ჰორმონი 3-5 საათში ერთხელ გამოიყოფა და მისი საღეღამისო ოდენობა ერთიდან ორ მილიგრამამდეა. ჰორმონის ყველაზე დიდი ტალღა ღრმა ძილის ფაზის დადგომისას გამოიტყორცნება, რაც განსაკუთრებით თვალსაჩინოა გარდატეხის ასაკში.
ჯანმრთელი ადამიანის ორგანიზმში სომატოტროპინის გამოყოფა ასევე იმატებს სტრესის, ვარჯიშის, სისხლში გლუკოზის დონის დაქვეითების დროს და მცირდება საკვების მიღების შემდეგ. ბავშვის ზრდასთან ერთად ის უფრო და უფრო ინტენსიური ხდება და პიკს გარდატეხის ასაკში აღწევს, მერე კი ნელ-ნელა მცირდება.
რა ხდება უკმარისობის დროს
როდესაც ჰიპოფიზი ვერ გამოიმუშავებს სათანადო რაოდენობის ზრდის ჰორმონს, წარმოიშობა ზრდის ჰორმონის დეფიციტი (Growth hormone deficiency, GHD). ბავშვებთან ეს მდგომარეობა გაცილებით ხშირად გვხვდება. დეფიციტის განვითარების ალბათობა 7000 ახალშობილზე ერთია. ზოგჯერ ის რომელიმე გენეტიკური დაავადების, მათ შორის – ტერნერის სინდრომის, სიმპტომს წარმოადგენს.
ზრდის ჰორმონის დეფიციტის მკურნალობა შესაძლებელია. იმ ბავშვების უმეტესობა, რომლებსაც ადრეულ ასაკშივე უსვამენ დიაგნოზს, სწორი მკურნალობის შედეგად ნორმალურად ვითარდება და ჯანმრთელი ზრდასრული ადამიანის სიმაღლეს აღწევს, არანამკურნალებ შემთხვევებში კი ვიღებთ საშუალოზე დაბალ ტანადობას და გარდატეხის ასაკის შეფერხებას.
რა იწვევს
* ბავშვებს, რომლებიც ტუჩის ან სასის თანდაყოლილი ნაპრალით (კურდღლის ტუჩით და მგლის ხახით) იბადებიან, ხშირად სათანადოდ არ აქვთ განვითარებული ჰიპოფიზი. შესაბამისად, მეტი შანსია, ზრდის ჰორმონის დეფიციტი ჰქონდეთ.
* ზრდის ჰორმონის დეფიციტი შესაძლოა გამოწვეული იყოს თავის ტვინში არსებული სიმსივნური წარმონაქმნით. ასეთი სიმსივნეები ხშირად ჰიპოფიზში ან ჰიპოთალამუსის ახლოს არის ლოკალიზებული.
* თავის მძიმე ტრავმამ, ინფექციამ, რადიაციულმა დასხივებამ ასევე შეიძლება გამოიწვიოს ზრდის ჰორმონის შეძენილი დეფიციტი როგორც ბავშვებში, ისე მოზრდილებშიც.
როგორ ვლინდება
ბავშვები, რომლებსაც ზრდის ჰორმონის დეფიციტი აქვთ, თანატოლებზე დაბლები არიან, გამოირჩევიან უფრო ბავშვური გამომეტყველებით და მომრგვალო სახით. შესაძლოა, იყვნენ უფრო პუტკუნებიც. ცხიმი უმეტესად მუცლის გარშემო აქვთ ჩალაგებული.
თუ ზრდის ჰორმონის დეფიციტი ორგანიზმის განვითარების შედარებით გვიან პერიოდში ჩამოყალიბდა, მაგალითად, ტრავმის ან სიმსივნის შედეგად, ის უპირატესად გარდატეხის ასაკის შეფერხებით გამოვლინდება. არც სქესობრივი განვითარების შეჩერებაა გამორიცხული.
ზრდის ჰორმონის დეფიციტის მქონე თინეიჯერებს ხშირად დაქვეითებული აქვთ თვითშეფასება დაბალი ტანადობისა და სქესობრივი ნიშნების განუვითარებლობის გამო (მაგალითად, გოგონებს შესაძლოა არ გაეზარდოთ მკერდი, ბიჭებს არ შეეცვალოთ ხმის ტემბრი).
ძვლის სისუსტე და სიმყიფე GHD-ის კიდევ ერთი სიმპტომია. ის ახშირებს მოტეხილობას, განსაკუთრებით – ხანში შესულებთან.
ზრდის ჰორმონის დეფიციტს შესაძლოა თან ახლდეს:
* მუდმივი დაღლილობის შეგრძნება;
* ტემპერატურის ცვალებადობის მიმართ მგრძნობელობის მომატება;
* დეპრესია;
* კონცენტრაციის უნარის ნაკლებობა;
* მეხსიერების სისუსტე;
* შიში, შფოთვა, ემოციური აშლილობა.
მკურნალობა
1980-იანი წლებიდან მოყოლებული, ზრდის ჰორმონის დეფიცტს ბავშვებსა თუ მოზრდილებთან წარმატებით მკურნალობენ სინთეზური ზრდის ჰორმონით. მას ინექციების სახით იღებენ.
გვერდითი მოვლენები, ჩვეულებრივ, უმნიშვნელოა (ინექციის ადგილის შეწითლება), იშვიათად – უფრო მძიმე: თავის ტკივილი, მენჯ-ბარძაყის ტკივილი, სკოლიოზი (ხერხემლის გამრუდება), ძალზე იშვიათად, ხანგრძლივი მკურნალობისას, ზრდის ჰორმონის ინექციებმა შესაძლოა ხელი შეუწყოს შაქრიანი დიაბეტის განვითარებას, განსაკუთრებით – მათთან, ვისაც ამ დაავადების ოჯახური ისტორია აქვს.
ბავშვებს, რომლებსაც ადრეულ ასაკში ზრდის ჰორმონის უკმარისობა ჰქონდათ, ზრდასრულ ასაკში ხშირად ბუნებრივად უწესრიგდებათ მისი გამომუშავება, თუმცა ხდება ისეც, რომ პრობლემა პრობლემად რჩება და მკურნალობა მთელი სიცოცხლე გრძელდება.
ქონდრისკაცობა
ერთ-ერთი მძიმე პათოლოგია, რომელსაც ზრდის ჰორმონის ნაკლებობა იწვევს, არის ქონდრისკაცობა, იგივე ნანიზმი (ტერმინი მომდინარეობს ბერძნული სიტყვისგან “nannos”, რაც ჯუჯას, ქონდრისკაცს ნიშნავს). ამ დროს ზრდასრული ადამიანის სიმაღლე 147 სმ-ზე ნაკლებია, საშუალოდ – დაახლოებით 122 სმ.
ნანიზმი პროპორციულიც შეიძლება იყოს და არაპროპორციულიც.
პროპორციული ნანიზმი ვითარდება დაბადებისას ან ადრეულ ბავშვობაში იმ სამედიცინო მდგომარეობათა შედეგად, რომლებიც აფერხებს სხეულის საერთო ზრდას. ამ დროს თავი, ტორსი და კიდურები მცირე ზომისაა, მაგრამ მოცემული სიმაღლისთვის პროპორციული. ზრდის ჰორმონის დეფიციტი პროპორციული ნანიზმის ყველაზე ხშირი მიზეზია.
არაპროპორციული ნანიზმის დროს სხეულის ზოგიერთი ნაწილი მცირე ზომისაა, ზოგი – საშუალო, ზოგი კი საშუალოზე დიდი და ტანადობასთან მიმართებით არაპროპორციულად გამოიყურება. არაპროპორციულ ნანიზმს ხშირად ისეთი სამედიცინო მდგომარეობები იწვევს, რომელთა დროსაც შეფერხებულია ძვლის ზრდა. ამ დროს თავი სხეულთან შედარებით თითქმის ყოველთვის არაპროპორციულად დიდია.
არაპროპორციული ნანიზმის მქონე თითქმის ყველა ადამიანს სავსებით ნორმალური ინტელექტი აქვს.
ნანიზმის შემთხვევათა დიდი ნაწილი გენეტიკური წარმოშობისაა, თუმცა არის ისეთი შემთხვევებიც, როცა მიზეზი უცნობი რჩება.
ნანიზმის ნიშნებია:
* საშუალო ზომის, მოკლე ან ძალიან მოკლე ტორსი;
* მოკლე კიდურები;
* მოკლე თითები, ხშირად – შუათითსა და არათითს შორის მკვეთრად გამოხატული ფართო განცალკევებით;
* იდაყვების მობილობის შეზღუდვა;
* არაპროპორციულად დიდი თავი მკვეთრად წარზიდული შუბლით და ცხვირის ხიდის გაბრტყელებით;
* რკალისებურად მოღუნული ფეხები;
* ზრდასრული სიმაღლე – დაახლოებით 122 სმ;
* მოკლე კისერი;
* ფართო, მომრგვალებული გულმკერდი;
* ოდნავ გაბრტყელებული ყვრიმალის ძვლები;
* სასის თანდაყოლილი ნაპრალი და სხვა.
როდის მივმართოთ ექიმს
არაპროპორციული ნანიზმის ნიშნები ხშირად დაბადებისთანავე აშკარაა ან ჩვილ ასაკში ვლინდება, პროპორციული ნანიზმი კი შესაძლოა მოგვიანებით გახდეს შესამჩნევი. აუცილებლად მიაკითხეთ პედიატრს, თუ ბავშვს ზრდისა და განვითარების შეფერხება შეატყვეთ.
ვიყოთ კორექტულები
ზოგიერთი ამჯობინებს ტერმინს “დაბალი ტანადობა” და “ქონდრისკაცობის”, “ჯუჯობის”, “ნანიზმის” გამოყენებას ერიდება. ამ საკითხისადმი ფაქიზი მიდგომაა საჭირო, ვინაიდან მათთვის, ვისაც ზრდის შეფერხების პრობლემა აქვს, ეს თემა შესაძლოა ძალზე მგრძნობიარე იყოს. ბევრი თავისი მდგომარეობის გამო სტიგმატიზებულია. მათ ძალზე შეურაცხყოფთ სიტყვა “ლილიპუტი”. განსაკუთრებით დაუცველები კი ნანიზმის მქონე ბავშვები არიან, ვინაიდან ხშირად იქცევიან დაცინვის, ზოგჯერ კი აშკარა ბულინგის ობიექტებად.
ჩვენ მიერ განხილულ ტანადობის დარღვევებს არავითარი კავშირი არ აქვს ოჯახური ხასიათის დაბალ ტანადობასთან. ამ დროს ძვალი ნორმალურად არის განვითარებული და მცირე სიმაღლე მიჩნეულია ნორმის ვარიანტად.
როცა ჰორმონი საკმარისზე მეტია
ალბათ, არ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ ზედმეტმა ზრდის ჰორმონმა შესაძლოა ზედმეტი ზრდა გამოიწვიოს.
ზრდასრულებთან ზრდის ჰორმონის ხანგრძლივი ჭარბი სეკრეცია იწვევს მდგომარეობას, რომელსაც აკრომეგალიას ვუწოდებთ.
აკრომეგალია უმეტესად შუახნის ადამიანებს ემართებათ. ვინაიდან ამ დროს ზრდა დასრულებულია, სიმაღლე აღარ იმატებს, მაგრამ იზრდება სხეულის წარზიდული ნაწილები: ხელები, ფეხები, ნიკაპი, ცხვირი.
ბავშვებთან, რომლებიც ჯერ კიდევ იზრდებიან, ჭარბმა ზრდის ჰორმონმა შესაძლოა გამოიწვიოს გრძელი ძვლების გადაჭარბებული ზრდა და შედეგად – არანორმალური სიმაღლე, რომელსაც გიგანტიზმი ეწოდება.
გიგანტიზმი იშვიათი დაავადებაა – დღემდე მსოფლიოში მისი სულ ასამდე შემთხვევაა აღწერილი. აკრომეგალიაც საკმაოდ იშვიათია, თუმცა გიგანტიზმზე ხშირი. სტატისტიკურად, მილიონ კაცზე მსოფლიოში აკრომეგალიის დაახლოებით 36-69 შემთხვევა მოდის, ხოლო წელიწადში ყოველ მილიონზე – დაახლოებით 3-4 შემთხვევა.
აკრომეგალია
როგორც უკვე აღვნიშნეთ, აკრომეგალია ჰორმონული დარღვევაა, რომლის დროსაც ზრდასრული ადამიანის ჰიპოფიზი მეტისმეტად ბევრ ზრდის ჰორმონს გამოიმუშავებს. ვინაიდან ეს არცთუ ისე გავრცელებული პათოლოგიაა და ფიზიკური ცვლილებებიც ნელ-ნელა ვითარდება, ის შესაძლოა არათუ დაუყოვნებლივ, არამედ წლების განმავლობაშიც კი ვერ ამოიცნონ. თუ მკურნალობა დროულად არ ჩატარდა, აკრომეგალიამ შესაძლოა საკმაოდ მძიმე პრობლემები გამოიწვიოს, სიცოცხლისთვის საშიშიც კი. საბედნიეროდ, სწორ მკურნალობას შეუძლია საგრძნობლად შეამციროს გართულების რისკი და გააუმჯობესოს საერთო მდგომარეობა, სხეულის ნაწილების ზომების ჩათვლით.
აკრომეგალიის შემთხვევათა უდიდესი ნაწილი გამოწვეულია ჰიპოფიზის კეთილთვისებიანი სიმსივნეებით, რომლებიც ჰორმონის გამომუშავებას ასტიმულირებს. იშვიათად დარღვევას იწვევს სხეულის სხვა ნაწილებში, მაგალითად, ფილტვებში, პანკრეასში, თირკმელზედა ჯირკვლებში, არსებული სიმსივნეებიც. ისინიც გამოყოფენ ზრდის ჰორმონს ან მასტიმულირებელ ჰორმონს, რომელიც, თავის მხრივ, ზრდის ჰორმონის გამოყოფას ააქტიურებს.
სიმპტომები
აკრომეგალიის ყველაზე გავრცელებული ნიშანია მტევნებისა და ტერფების ზრდა. ადამიანები, რომლებსაც ეს დარღვევა განუვითარდათ, ამჩნევენ, რომ ვეღარ იკეთებენ ბეჭედს, რომელსაც ადრე თავისუფლად ირგებდნენ და ფეხსაცმელიც ადრინდელზე დიდი ზომისა სჭირდებათ.
აკრომეგალია შესამჩნევად ცვლის სახის ფორმას: ნიკაპი და წარბზედა რკალები წინ წამოიწევს, იზრდება ცხვირი, სქელდება ტუჩების (ტუჩები), ფართოვდება კბილებს შორის არსებული სივრცე.
ვინაიდან აკრომეგალია ნელა პროგრესირებს, ადრეული ნიშნები შესაძლოა წლობით შეუმჩნეველი დარჩეს. ხშირად პაციენტები მდგომარეობის ცვლილებას მხოლოდ ძველ ფოტოებთან შედარებისას ამჩნევენ.
აკრომეგალიამ შესაძლოა წარმოშვას ნიშნები და სიმპტომები, რომლებიც ძალზე ინდივიდუალურია და ყოველ პაციენტთან სხვადასხვა ხარისხითა და ვარიაციით ვლინდება:
* ხელებისა და ფეხების ზრდა;
* სახის ნაკვთების გაზრდა და გაუხეშება;
* კანის გასქელება, გაუხეშება და გაცხიმიანება;
* ჭარბი ოფლიანობა;
* კანზე მცირე წანაზარდების (მაგალითად, მეჭეჭების) წარმოქმნა;
* დაღლილობა და კუნთების სისუსტე;
* ხმის ჩახლეჩა და დადაბლება სახმო იოგებისა და სინუსების გადიდების გამო;
* ძლიერი ხვრინვა სასუნთქი გზების ობსტრუქციის გამო;
* მხედველობის დარღვევა;
* თავის ტკივილი;
* ენის ზრდა;
* სახსრების ტკივილი და მოძრაობის შეზღუდვა;
* მენსტრუალური ციკლის დარღვევა;
* ერექციული დისფუნქცია;
* ღვიძლის, გულის, თირკმელების, ელენთის და სხვა შინაგანი ორგანოების ზრდა;
* გულმკერდის ზრდა (ე.წ. კასრისებური გულმკერდი).
როდის მივმართოთ ექიმს
თუ შეამჩნიეთ აკრომეგალიასთან ასოცირებული რომელიმე სიმპტომი, მდგომარეობის შესაფასებლად აუცილებლად მიდით ექიმთან. დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობა ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან დაავადების პროგრესირებას შესაძლოა სერიოზული გართულებები მოჰყვეს. შინაგანი ორგანოების ზომის ცვლილება ხშირად მათ ფუნქციაზეც აისახება და ვითარდება, მაგალითად, არტერიული ჰიპერტენზია, კარდიომიოპათია, ოსტეოართრიტი, დიაბეტი, ჩიყვი, ნაწლავის პოლიპი, ძილის აპნოე (მდგომარეობა, როდესაც ადამიანი ძილის დროს რამდენიმე წამით წყვეტს სუნთქვას), მხედველობის დაქვეითება, ზურგის ტვინის კომპრესია, საშვილოსნოს ფიბრომა. აკრომეგალიის დროულ მკურნალობას შეუძლია, თავიდან აგვაცილოს ამ გართულებების განვითარება ან დამძიმება, მიშვებულ შემთხვევებს კი ზოგჯერ ფატალურ დასასრულამდე მივყავართ.
პროლაქტინი (PRL) კიდევ ერთი ჰორმონია, რომელსაც ყოვლისშემძლე ჰიპოფიზი გამოიმუშავებს. Lacto ლათინურად რძეს ნიშნავს. ჰორმონსაც იმიტომ უწოდეს პროლაქტინი, რომ მისი პირველადი დანიშნულება რძის წარმოქმნის სტიმულირებაა, თუმცა მას 300-ზე მეტი სხვა ფუნქციაც აკისრია: რეპროდუქციული და იმუნური სისტემების, ნივთიერებათა და სითხეთა ცვლის და არაერთი სხვა პროცესის რეგულირება.
პროლაქტინი სარძევე ჯირკვალში, საშვილოსნოში, პროსტატაში, კანსა და ცხიმოვან ქსოვილშიც წარმოიქმნება. მისი გამომუშავების ინტენსივობა დაძინებიდან ერთი საათის შემდეგ იწყებს მატებას და პიკს დილის 5-დან 7 საათამდე აღწევს, ყველაზე დაბალი დონე კი ორგანიზმში გაღვიძების შემდეგ, გვიანი დილით აღინიშნება.
პროლაქტინის კონცენტრაცია შესაძლოა გაზარდოს სტრესულმა ფაქტორებმა, მაგალითად, გლუკოზის დაბალმა დონემ, ინტენსიურმა ვარჯიშმა, დისკომფორტმა. ადამიანის საერთო ჯანმრთელობისთვის მისი როლი შეუცვლელია.
როგორ რეგულირდება
პროლაქტინის რეგულირება ორი ძირითადი ჰორმონის – დოფამინისა და ესტროგენის საშუალებით ხდება. დოფამინი ჰიპოთალამუსში წარმოიქმნება და ჰიპოფიზს სიგნალს აძლევს, პროლაქტინის გამომუშავება შეზღუდოს, ანუ რაც უფრო მეტია დოფამინი, მით უფრო ნაკლებია პროლაქტინი, ესტროგენი კი პირიქით – ჰიპოფიზიდან პროლაქტინის გამოყოფას აძლიერებს.
მთავარი ფუნქციები
* უზრუნველყოფს რძის წარმოქმნას. პროლაქტინი ხელს უწყობს გლუკოზისა და ამინმჟავების (ცილის საშენი მასალის) ათვისებას და შემდგომ მათ საფუძველზე იმ კომპონენტების წარმოქმნას, რომლებიც რძის გამომუშავებისთვის არის საჭირო. ეს კომპონენტებია კაზეინი (რძის ცილა), ცხიმები, ლაქტოზა (რძის შაქარი) და სხვა.
თავად პროლაქტინის გამომუშავებას უმთავრესად ძუძუს წოვის პროცესი ასტიმულირებს. წოვისას ღიზიანდება დვრილში და დვრილის გარშემო არსებული მექანიკური რეცეპტორები. გაღიზიანება გადაეცემა ზურგის ტვინს და ჰიპოთალამუსს. შედეგად ჰიპოთალამუსი ბლოკავს დოფამინს, რაც სისხლში პროლაქტინის კონცენტრაციის მკვეთრ ზრდას და, შესაბამისად, რძის წარმოქმნის გაძლიერებას იწვევს. როდესაც ლაქტაცია მთავრდება, მკვეთრად მცირდება პროლაქტინის დონეც.
* მნიშვნელოვან როლს ასრულებს მკერდის ჩამოყალიბებაში. პროლაქტინი ჰორმონების იმ ჯგუფის წევრია, რომელიც მკერდის განვითარებას უზრუნველყოფს. იმისთვის, რომ მოფუნქციე სარძევე ჯირკვალი ჩამოყალიბდეს, საჭიროა უამრავი ჰორმონის (ესტროგენის, პროგესტერონის, ზრდის ჰორმონის, ინსულინის, კორტიზოლის, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების და სხვათა) ერთობლივი მოქმედება.
ორსულობის დროს სისხლში პროლაქტინის კონცენტრაციის მატების შედეგია სარძევე ჯირკვლების გადიდება რძის წარმოქმნის პროცესისთვის მოსამზადებლად.
* გვმატებს მზრუნველობის უნარს. პროლაქტინის მაღალი კონცენტრაციის დროს მშობლიური ინსტინქტი უფრო ძლიერია. თუმცა ეს მდგომარეობა ასოცირებულია სხვა ფსიქოსომატურ რეაქციებთანაც, მათ შორის – ცრუ ორსულობასთნ (პათოლოგიური მდგომარეობა, როდესაც ქალი დარწმუნებულია, რომ ორსულად არის და მართლაც უვითარდება იგივე სიმპტომები, რაც ნამდვილი ორსულობისას).
* ხელს უწყობს ნაყოფის ტვინის განვითარებას. პროლაქტინი ასტიმულირებს ნაყოფის ზრდას, განვითარებას და ნივთიერებათა ცვლას. ასტიმულირებს ტვინის აქსონებში (ნერვული უჯრედის ნაწილი) მიელინის საფარველის წარმოქმნას (მიელინი თეთრი ნივთიერებაა, რომლითაც დაფარულია აქსონები და რომელიც უზრუნველყოფს მათ ნორმალურ ფუნქციონირებას).
პროლაქტინი მონაწილეობს დედისა და ნაყოფის ორგანიზმში ნეირონების (ნერვული უჯრედების) წარმოქმნაში, ხელს უწყობს მუცლად ყოფნის განმავლობაში ნაყოფის იმუნურ შემწყნარებლობას და მისი ფილტვების ჩამოყალიბებაშიც მონაწილეობს.
*. იცავს მეძუძურ დედებს უდროო ორსულობისგან. ძუძუს წოვების პერიოდში პროლაქტინის მაღალი დონე თრგუნავს ფერტილობას და დედას ნაადრევი დაორსულებისგან იცავს. თუმცა ჭარბმა პროლაქტინმა შესაძლოა არამეძუძურ ქალებსაც გაურთულოს დაორსულება. ამ ჰორმონის მაღალი დონე აფერხებს ესტროგენებისა და პროგესტერონის ნორმალურ პროდუქციას, რამაც შესაძლოა საკვერცხეების მიერ კვერცხუჯრედების არარეგულარულ გამოთავისუფლებამდე ან შეწყვეტამდე მიგვიყვანოს.
* იმუნოსტიმულატორია. ზოგიერთი კვლევა ცხადყოფს, რომ პროლაქტინი იმუნორეგულატორიც არის. მისი რეცეპტორები აღმოჩენილია თ და B ლიმფოციტებში (იმუნური სისტემის უჯრედებში), რომელთა იმუნურ პასუხს ეს ჰორმონი აძლიერებს. პროლაქტინის სიჭარბე დიდ როლს ასრულებს ავტოიმუნური დაავადებების განვითარებაში.
* შესაძლოა, გაგვასუქოს. ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პროლაქტინი აძლიერებს მადას, ზრდის პანკრეასის მიერ ინსულინის სეკრეციას და გლუკოზის სენსიტიურობას. ეს მექანიზმი, ერთი მხრივ, გვიცავს ორსულობის პერიოდში დიაბეტის განვითარებისგან, მეორე მხრივ კი წონის მკვეთრ მატებას იწვევს.
* შესაძლოა, გამოიწვიოს დეპრესია და შფოთვა. ვაზოინჰიბინი – პროლაქტინის ცხოველქმედების ერთ-ერთი პროდუქტი – იწვევს შფოთვას და დეპრესიულ მდგომარეობას, გუნება-განწყობის ცვლილებებს.
* შესაძლოა, დაამძიმოს შაკიკი. პროლაქტინის სიჭარბეს შესაძლოა კავშირი ჰქონდეს შაკიკისეულ თავის ტკივილთან. კვლევებმა აჩვენა, რომ ქალებს, რომლებსაც შაკიკის დროს მისცეს პროლაქტინის დონის დამაქვეითებელი პრეპარატი, მდგომარეობა შეუმსუბუქდათ.
* შესაძლოა, ასწიოს კიბოს განვითარების რისკიც. ზოგიერთი კვლევა აჩვენებს, რომ ჭარბმა პროლაქტინმა შესაძლოა ხელი შეუწყოს ძუძუსა და პროსტატის კიბოს განვითარებას.
* აკონტროლებს მინერალების ბალანსს. პროლაქტინი პასუხს აგებს ორგანიზმში სითხეებისა და მინერალების ცვლაზე. ის უზრუნველყოფს ნატრიუმის, ქლორის, კალციუმის ტრანსპორტს ნაწლავის მემბრანების გასწვრივ, მოქმედებს თირკმელზე და უზრუნველყოფს ნატრიუმის, კალიუმისა და წყლის შეკავებას.
როცა საკმარისზე მეტია
მდგომარეობას, როდესაც ორგანიზმში საკმარისზე მეტი პროლაქტინია, ჰიპერპროლაქტინემია ეწოდება. ამის ყველაზე ხშირი მიზეზებია ორსულობა, დოფამინის აქტივობის დამაქვეითებელი მედიკამენტების მიღება, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა და ჰიპოფიზის სიმსივნე, რომელიც პროლაქტინომის სახელით არის ცნობილი. პროლაქტინომა თითქმის ყოველთვის კეთილთვისებიანია და არ იწვევს მეტასტაზებს. ქალებთან უფრო ხშირად გვხვდება, თუმცა იშვიათად შესაძლოა ბავშვს ან მოზარდსაც განუვითარდეს.
არსებობს თავის ტვინის სხვა სიმსივნეებიც, რომლებიც ჰიპოფიზის მიერ ჭარბი პროლაქტინის გამომუშავებას იწვევს.
პროლაქტინი როგორც ქალებთან, ისე მამაკაცებთანაც აქვეითებს სასქესო ჰორმონების: ესტროგენისა და ტესტოსტერონის, – დონეს. მისმა სიჭარბემ შესაძლოა გამოიწვიოს უნაყოფობა და სქესობრივი ლტოლვის შესუსტება.
ქალებთან ასევე მოსალოდნელია:
* მენსტრუაციის შეწყვეტა ან არარეგულარული მენსტრუალური ციკლი;
* ვაგინალური სიმშრალე, მტკივნეული სექსი;
* გამონადენი ძუძუდან ორსულობისა და ლაქტაციის გარეშე;
* სპონტანური აბორტები;
* მენსტრუალური დარღვევები და ძუძუდან გამონადენი (პროლაქტინის სიჭარბის შემთხვევაში ასეთი რამ შესაძლოა მოზარდ გოგონებთანაც მოხდეს).
მამაკაცებთან პროლაქტინის სიჭარბემ შესაძლოა გამოიწვიოს:
* ერექციული დისფუნქცია;
* სხეულის თმიანობისა და კუნთოვანი მასის შემცირება;
* მკერდის ზრდა;
* მოზარდებთან – გარდატეხის ასაკის შეფერხება და ტესტოსტერონის დონის დაქვეითება.
როდესაც პროლაქტინომა დიდია, ჰორმონულ დისბალანსთან ერთად მას შეუძლია თავის ტკივილებისა და მხედველობის პრობლემების გამოწვევაც. ამის მიზეზია სიმსივნის მექანიკური ზეწოლა მხედველობის ნერვზე, რომელიც ჰიპოფიზის მახლობლად გადის. თუმცა პროლაქტინომის მქონე ზოგი ადამიანი შესაძლოა სულაც არაფერს უჩიოდეს.
როგორ სვამენ დიაგნოზს
პროლაქტინომის დიაგნოზი სისხლში პროლაქტინის კონცენტრაციის მომატებას და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიული კვლევის შედეგებს ეფუძნება.
პროლაქტინის დონის განსაზღვრა. პროლაქტინის დონე სისხლის ნიმუშში იზომება. ის შეიძლება იყოს როგორც ოდნავ მომატებული, ასევე ნორმაზე რამდენიმე ასეულჯერ მეტიც.
პროლაქტინზე ანალიზისთვის სისხლის აღება წინასწარ მომზადებას არ მოითხოვს, თუმცა რამდენიმე წესის დაცვა მაინც საჭიროა:
* სისხლის ნიმუშის აღება უნდა მოხდეს დილით, გაღვიძებიდან მაქსიმუმ 3 საათის განმავლობაში.
* სისხლის აღებამდე 8-10 საათის განმავლობაში არ უნდა მიიღოთ არც საკვები და არც წყალი.
* ვინაიდან სტრესი პროლაქტინის გამოყოფას ასტიმულირებს, სასურველია, სისხლის აღებამდე 30 წუთი მაინც გავჩერდეთ მშვიდ, წყნარ ადგილას.
* ანალიზის წინა დღეს ვერიდოთ ფიზიკურ დატვირთვას.
* სისხლის აღებამდე 24 საათის განმავლობაში ვერიდოთ ძუძუსთავების სტიმულაციას, რადგან მათმა მექანიკურმა გაღიზიანებამ შესაძლოა ასევე ასწიოს პროლაქტინის დონე.
მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (MღI)
MRI საუკეთესო საშუალებაა ჰიპოფიზში თუ მის მახლობლად მდებარე მოცულობითი წარმონაქმნების გამოსავლენად, მაგრამ როცა წარმონაქმნი მეტისმეტად პატარაა (მიკროადენომა), შესაძლოა, MRI-ის საშუალებით მისი იდენტიფიცირება ვერ მოხერხდეს და არც ყველა სიმსივნე გამოიმუშავებს პროლაქტინსა თუ სხვა ჰორმონს.
სხვა მიზეზების შეფასება
ზოგიერთმა იმ მედიკამენტმა, რომელიც ფსიქიატრიული პრობლემების სამკურნალოდ გამოიყენება, შესაძლოა სისხლში პროლაქტინის კონცენტრაციის მატება გამოიწვიოს. პროლაქტინის დონის მატების პოტენციური მიზეზებია აგრეთვე ჰორმონ ესტროგენის მიღება, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება (ჰიპოთირეოზი) და სხვა.
მკურნალობის პრინციპები
მკურნალობის მიზანი სისხლში პროლაქტინის დონის დაქვეითება და სიმსივნის ზომების შემცირებაა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ის ირგვლივ მდებარე ქსოვილებს აწვება.
ზოგიერთ პროლაქტინომას საერთოდ არ სჭირდება მკურნალობა.
როდესაც მკურნალობა აუცილებელია, პროლაქტინომების უმეტესობა კარგად ემორჩილება დოფამინის აგონისტების ჯგუფის მედიკამენტებით მკურნალობას. როდესაც პროლაქტინომის მედიკამენტური მკურნალობა უშედეგოა ან მძიმე გვერდითი მოვლენები ახლავს თან, განიხილება სხვა საშუალებებიც, მაგალითად, ქირურგიული ოპერაცია.
როცა საკმარისზე ნაკლებია
მდგომარეობას, როდესაც ორგანიზმში მოცირკულირე პროლაქტინის რაოდენობა მეტისმეტად მცირეა, ჰიპოპროლაქტინემია ეწოდება. ჰიპოპროლაქტინემია ძალიან იშვიათია და მოსალოდნელია იმ ადამიანებთან, რომლებსაც ჰიპოფიზის აქტივობა დაქვეითებული აქვთ.
პროლაქტინის გამომუშავების დაქვეითებამ შესაძლოა გამოიწვიოს რძის არასაკმარისი გამომუშავება მშობიარობის შემდეგ.
იმ ადამიანების უმეტესობას, რომლებსაც პროლაქტინის დაბალი დონე აღენიშნებათ, სპეციფიკური სამედიცინო პრობლემა არ აწუხებს, მაგრამ კვლევები მოწმობს, რომ შესაძლოა, დაქვეითებული ჰქონდეთ იმუნური პასუხი ზოგიერთი ინფექციის მიმართ.
თირკმელზედა ჯირკვლების ფუნქციაზე შესაძლოა ყველა თქვენგანს არ ჰქონდეს წარმოდგენა, მაგრამ ადრენალინი ალბათ ყველას გაგიგონიათ – ეს ის ჰორმონია, რომელიც ორგანიზმს ექსტრემალურ და სტრესულ სიტუაციებზე რეაგირებისთვის ამზადებს. მაგრამ თირკმელზედა ჯირკვლების ფუნქცია ამით არ ამოიწურება – ისინი გამოიმუშავებენ სხვა ჰორმონებსაც, რომლებიც ჩვენი ორგანიზმისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია.
თირკმელზედა, იგივე ადრენალური ჯირკვლები პატარა სამკუთხა ორგანოებია, რომლებიც, როგორც მათი სახელიდანაც ჩანს, თირკმელების თავზეა მოთავსებული. ზრდასრული ადამიანის თითოეული თირკმელზედა ჯირკვალი 4-5 გრამს იწონის და შედგება გარეთა ანუ ქერქოვანი და შიგნითა ანუ ტვინოვანი შრისგან. თითოეული შრე სხვადასხვა ჰორმონის გამომუშავებაზეა პასუხისმგებელი.
სად რომელი
თირკმელზედა ჯირკვლის ქერქოვანი შრე ჰორმონების სამ ჯგუფს გამოიმუშავებს. ესენია:
1. მინერალკორტიკოიდები. ამ ჯგუფის ყველაზე მნიშვნელოვანი ჰორმონი ალდოსტერონია. ის მონაწილეობს ორგანიზმში წყლისა და მარილების ბალანსის დაცვაში, რაც, თავის მხრივ, უზრუნველყოფს სისხლის წნევისა და მოცულობის რეგულირებას. ალდოსტერონის მოქმედების გარეშე თირკმელი ჭარბად კარგავს ნატრიუმს. ნატრიუმის კარგვა, თავის მხრივ, განაპირობებს წყლის კარგვას და შედეგად ვიღებთ მძიმე დეჰიდრატაციას – ორგანიზმის გაუწყლოებას, გამოშრობას.
2. გლუკოკორტიკოიდები. ამ ჯგუფში უკონკურენტო დომინანტია კორტიზოლი. ის მონაწილეობს სტრესის საპასუხო რეაქციებში და ორგანიზმს ნივთიერებათა ცვლის რეგულირებაში ეხმარება. კორტიზოლი ასტიმულირებს გლუკოზის გამომუშავებას ამინმჟავებისა და თავისუფალი ცხიმოვანი მჟავების მობილიზაციის გზით. აქვს ძლიერი ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.
3. ადრენალური ანდროგენები. ესენი სუსტი მოქმედების სასქესო ჰორმონებია. მათ შორის მთავარია დეჰიდროეპიანდროსტერონი (DHEA). თუმცა სასქესო ჰორმონები გაცილებით დიდი რაოდენობით გამომუშავდება საკვერცხეებსა და სათესლეებში. ადრენალური ანდროგენები მნიშვნელოვან როლს ასრულებს სასქესო ორგანოების ადრეულ განვითარებაში.
თირკმელზედა ჯირკვლის ტვინოვანი შრის მიერ გამომუშავებულ ჰორმონებს სასიცოცხლო მნიშვნელობა არ აქვს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი არ გვჭირდება. ჰორმონების ამ ჯგუფს კატექოლამინები ეწოდება. მათი ორი მთავარი წარმომადგენელია ადრენალინი და ნორადრენალინი. ეს ჰორმონები ფიზიკურ და ემოციურ სტრესთან გამკლავებაში გვეხმარება, შესწევს უნარი, გაზარდოს გულის შეკუმშვათა ძალა და სიხშირე, გააძლიეროს სისხლის მიწოდება კუნთებსა და თავის ტვინში, შაქრის მეტაბოლიზმი, არტერიული წნევა სისხლძარღვების შევიწროების ხარჯზე და საპასუხო რეაქცია სტრესზე.
ადრენალური ჰორმონების რეგულაცია
თირკმელზედა ჯირკვლის სხვადასხვა ჯგუფის ჰორმონების რეგულაცია სხვადასხვა მექანიზმით ხორციელდება. მაგალითად:
* კორტიზოლისა და ანდროგენების წარმოქმნის გაძლიერება-დათრგუნვას ჰიპოფიზი აკონტროლებს ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონის (ACTH) საშუალებით. როდესაც სისხლში კორტიზოლი საკმარისი არ არის, ჰიპოფიზი იღებს სიგნალს და იწყებს ACTH-ის გამომუშავებას, ACTH კი ასტიმულირებს თირკმელზედა ჯირკვლებს, რომ მეტი კორტიზოლი გამოიმუშაონ.
* ალდოსტერონის რეგულაცია ორგანიზმის წყალმარილოვანი ბალანსისა და თირკმელების საშუალებით ხორციელდება.
* ადრენალინისა და ნორადრენალინის გამოყოფას კი სიმპათიკური ნერვული სისტემა არეგულირებს. ეს უკანასკნელი ავტონომიური ნერვული სისტემის ნაწილია, რომელიც დაძაბული და სტრესული სიტუაციების დროს ორგანიზმის ძალების მობილიზებასა და საჭირო რეფლექსების ჩართვას განაპირობებს. თვითონ თირკმელზედა ჯირკვლის ტვინოვანი შრეც, სადაც ადრენალინი და ნორადრენალინი გამომუშავდება, სიმპათიკური ნერვული სისტემის ნაწილია.
რა მოსდევს ფუნქციის დარღვევას
რით შეუძლია თირკმელზედა ჯირკვლებს, პრობლემები შეუქმნას ჩვენს ჯანმრთელობას? – ჰორმონების მეტისმეტად მცირე ან მეტისმეტად დიდი რაოდენობით გამომუშავებით, რაც ჰორმონულ დისბალანსამდე მიგვიყვანს. ფუნქცია შესაძლოა დაირღვეს როგორც თვითონ თირკმელზედა ჯირკვლის, ისე ჰიპოფიზის პათოლოგიების და ზოგიერთი სხვა დაავადების შედეგად. ქვემოთ განვიხილავთ იმ ძირითად პათოლოგიურ მდგომარეობებს, რომლებსაც თირკმელზედა ჯირკვლის ჰორმონების დისბალანსთან აქვს კავშირი.
ადრენალური უკმარისობა
ადრენალური უკმარისობა ყველა ასაკშია მოსალოდნელი, ქალებსა და მამაკაცებთან – თანაბარი სიხშირით.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, თირკმელზედა ჯირკვლის ქერქოვანი შრე ჰორმონების სამ ჯგუფს: მინერალკორტიკოიდებს, გლუკოკორტიკოიდებს და ანდროგენებს, – გამოიმუშავებს. ადრენალური უკმარისობის დროს ამ ჰორმონების საკმარისი რაოდენობით გამომუშავება ვერ ხერხდება.
განასხვავებენ ადრენალური უკმარისობის ორ სახესხვაობას:
* პირველად ადრენალურ უკმარისობას ანუ ადისონის დაავადებას. ამ საკმაოდ იშვიათი (100 000 ადამიანზე ერთი) პათოლოგიის დროს თირკმელზედა ჯირკვლები სათანადოდ ვერ ფუნქციონირებს და ვერ წარმოქმნის საჭირო რაოდენობის კორტიზოლს. ზოგიერთ შემთხვევაში დაქვეითებულია თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის დანარჩენი ჰორმონების: ალდოსტერონისა და ანდროგენების, – დონეც. ათიდან დაახლოებით შვიდ შემთხვევაში ადისონის დაავადების მიზეზი თირკმელზედა ჯირკვლების ავტოიმუნური დაზიანებაა, როდესაც იმუნური სისტემა მშობლიური ორგანიზმის საწინააღმდეგო ანტისხეულებს გამოიმუშავებს და მის ქსოვილებსა და ორგანოებს უტევს.
* მეორეულ ადრენალურ უკმარისობას. მისი მიზეზი არა უშუალოდ თირკმელზედა ჯირკვლებში, არამედ ჰიპოფიზში არსებული პათოლოგიაა. ამ დროს ჰიპოფიზი ACTH-ით სათანადოდ ვერ ასტიმულირებს თირკმელზედა ჯირკვლებს და ისინიც, შესაბამისად, ვეღარ გამოიმუშავებენ საკმარისი რაოდენობის კორტიზოლს. ამ ტიპის ადრენალური უკმარისობა უფრო მეტად არის გავრცელებული, ვიდრე ადისონის დაავადება.
მეორეული ადრენალური უკმარისობის მიზეზად ასევე შეიძლება იქცეს ჰიპოფიზზე ჩატარებული ქირურგიული ოპერაცია, რადიაციური დასხივება და სხვა.
როგორ ამოვიცნოთ
ადრენალური უკმარისობის სიმპტომები ეტაპობრივად ვითარდება. ესენია:
* ქრონიკული დაღლილობა;
* კუნთების სისუსტე;
* უმადობა;
* წონის კლება;
* ზოგჯერ – გულისრევა, ღებინება და დიარეა;
* დაბალი წნევა, რომელიც უფრო მეტად ეცემა ფეხზე დგომის დროს და თავბრუხვევას და გულის წასვლას იწვევს;
* კანის ჰიპერპიგმენტაცია. მუქი ლაქები უფრო მკაფიოდ ჩანს ნაწიბურებზე, იდაყვებზე, მუხლებზე, თითის სახსრებზე, ტუჩებზე; დამახასიათებელია ე.წ. ჭუჭყიანი ხელების სინდრომი;
* ჰიპოგლიკემია (სისხლში შაქრის დაბალი დონე);
* მენსტრუალური ციკლის რეგულარულობის დარღვევა ან შეწყვეტა.
როგორ ხდება დიაგნოსტიკა
დაავადების ადრეულ ეტაპებზე ადრენალური უკმარისობის დიაგნოსტიკა საკმაოდ ძნელია. მასზე ეჭვი ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომების, განსაკუთრებით – კანის ჰიპერპიგმენტაციის, საფუძველზე მიაქვთ, დიაგნოზს კი ლაბორატორიული ანალიზებისა და ვიზუალიზაციის მეთოდების – ულტრაბგერითი, რენტგენოგრაფიული, კომპიუტერულ-ტომოგრაფიული და მაგნიტურ-რეზონანსულ-ტომოგრაფიული კვლევების – საშუალებით ადასტურებენ.
როგორ მკურნალობენ
ადრენალური უკმარისობის მკურნალობის მთავარი პრინციპი ჰორმონჩანაცვლებითი თერაპიაა. პაციენტი ხელოვნურად იღებს ჰორმონს, რომლის ნაკლებობაც არის ორგანიზმში. შესაძლოა, მკურნალობა მთელი სიცოცხლე გაგრძელდეს. კორტიზოლს სინთეზური გლუკოკორტიკოიდების პრეპარატებით, მაგალითად, ჰიდროკორტიზონის ტაბლეტებით ჩაანაცვლებენ. თუ ალდოსტერონის დეფიციტიც შეინიშნება, შესაძლოა, მინერალკორტიკოიდის მიღებაც გახდეს საჭირო.
რა არის ადრენალური კრიზი
ვინაიდან ადრენალური უკმარისობის სიმპტომები ძალიან ნელა ვითარდება, ხშირად მათ არც კი აქცევენ ყურადღებას, სანამ ადრენალური კრიზი არ განვითარდება. ამ უკანასკნელს ადისონურ კრიზს და მწვავე ადრენალურ უკმარისობასაც ეძახიან. ადრენალურ კრიზზე მიგვანიშნებს:
* წელის, მუცლის ან ფეხების მოულოდნელი გამჭოლი ტკივილი;
* ძლიერი გულისრევა და ღებინება, რომელსაც დეჰიდრატაციამდე მივყავართ;
* წნევის დაცემა;
* გულის წასვლა.
ადრენალური კრიზი გადაუდებელი მდგომარეობაა, რომელიც სასწრაფო სამედიცინო ჩარევის გარეშე შესაძლოა სიკვდილით დამთავრდეს. კრიზში მყოფ ადამიანს სჭირდება გლუკოკორტიკოიდის დაუყოვნებელი ინექცია და სტაციონარში გადაყვანა შემდგომი მკურნალობისთვის.
რა უნდა იცოდეს პაციენტმა
ადრენალური უკმარისობის მქონე ადამიანი მუდამ თან უნდა ატარებდეს სპეციალურ ბარათს გადაუდებელი შემთხვევებისთვის. ამ ბარათზე დატანილი უნდა იყოს ინფორმაცია მფლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. თუ ავადმყოფმა გონება დაკარგა ან მძიმედ დაშავდა და კითხვებზე პასუხის გაცემა არ შეუძლია, სწორედ ბარათმა უნდა აცნობოს სასწრაფო დახმარების ბრიგადას, რომ პაციენტს კორტიზოლის სასწრაფო ინექცია სჭირდება. ბარათზე ასევე უნდა ეწეროს მკურნალი ექიმის ვინაობა და ტელეფონის ნომერი და უახლოესი ნათესავის ვინაობა და ტელეფონის ნომერი. მოგზაურობის დროს ასეთმა ავადმყოფებმა თან უნდა ატარონ საინექციო კორტიზოლიც შპრიცთან ერთად. გარდა ამისა, მათ სჭირდებათ განსაკუთრებული ყურადღება გართულებული ინფექციების, ღებინებისა და დიარეის დროს – უყურადღებობის შემთხვევაში ამ მოვლენებმა ისინი შესაძლოა ადრენალურ კრიზამდე მიიყვანოს.
ჰიპერაქტიური თირკმელზედა ჯირკვლები
თირკმელზედა ჯირკვლების ჰიპერაქტიურობას ჰორმონების ჭარბი გამომუშავება განაპირობებს. ამ ჭარბი ჰორმონების წყარო შესაძლოა თირკმელზედა ჯირკვალში განვითარებული სიმსივნური წარმონაქმნი აღმოჩნდეს. სიმსივნე შესაძლოა იყოს როგორც კეთილთვისებიანი (ადენომა), ისე ავთვისებიანიც. იმის მიხედვით, რომელი ჰორმონია ჭარბად, პათოლოგიური მდგომარეობის სიმპტომებიც სხვადასხვანაირია.
კორტიზოლის სიჭარბე: კუშიგის სინდრომი
კუშინგის სინდრომი კორტიზოლის ჭარბი სეკრეციის დროს ვითარდება. მისი სიმპტომებია:
* წონის მატება, განსაკუთრებით – სხეულის ზედა ნაწილში;
* მომრგვალებული (მთვარისებრი) სახე და ცხიმების ჩალაგება კისრის ქვემოთ;
* სისხლში გლუკოზის მაღალი დონე (დიაბეტი);
* მაღალი არტერიული წნევა;
* ძვლების ოსტეოპოროზული დაზიანება;
* კუნთოვანი მასის შემცირება და სისუსტე;
* კანის გათხელება და ჩალურჯება;
* მოიისფრო-მოწითალო სტრიები (უმეტესად – მუცლისა და მკლავების გარშემო);
* დეპრესია;
* ქალებში – ჭარბთმიანობა სახეზე.
კორტიზოლის ჭარბი სეკრეცია ასევე შეიძლება განპირობებული იყოს ჰიპოფიზში არსებული ადენომის (კეთილთვისებიანი სიმსივნის) მიერ ჰორმონ ACTH-ის ჭარბი გამომუშავებით და შედეგად თირკმელზედა ჯირკვლების ზედმეტი სტიმულაციით. ამ დარღვევას კუშინგის დაავადება ეწოდება.
კუშინგის სინდრომის საკმაოდ გავრცელებული მიზეზია გარეგანი სტეროიდული ჰორმონების ხანგრძლივი მოხმარებაც. მაგალითად, პრედნიზოლონისა ან დექსამეტაზონისა, რომლებიც უამრავი ავტოიმუნური და ანთებითი დაავადების დროს ინიშნება: რევმატოიდული ართრიტის, ასთმის, მრავლობითი სკლეროზის და სხვა.
კუშინგის სინდრომის მკურნალობა პათოლოგიის მიზეზზეა დამოკიდებული. გარეგანი სტეროიდების გამოყენების შედეგად განვითარებული კუშინგის სინდრომის დროს ამ პრეპარატების შეწყვეტის შემდეგ პრობლემები თავისთავად გვარდება. აქ ის არის გასათვალისწინებელი, რომ წამლის ერთბაშად მოხსნა არ შეიძლება – მკურნალობა დოზის ეტაპობრივი შემცირებით უნდა შეწყდეს.
თირკმელზედა ჯირკვლის ან ჰიპოფიზის ადენომის გამო განვითარებული კუშინგის სინდრომის ან კუშინგის დაავადების დროს მკურნალობის ფაქტობრივად ერთადერთი გზა ქირურგიული ჩარევაა. მიუხედავად იმისა, რომ ოპერაცია ხშირად შედეგიანია, ზოგიერთ პაციენტს შესაძლოა დასჭირდეს კორტიზოლის დონის დამაქვეითებელი მედიკამენტების მიღება ან სხივური თერაპია ორგანიზმში დარჩენილი სიმსივნური უჯრედების გასანადგურებლად.
ალდოსტერონის სიჭარბე: ჰიპერალდოსტერონიზმი
პირველადი ჰიპერალდოსტერონიზმი ვითარდება მაშინ, როდესაც თირკმელზედა ჯირკვლები ჭარბად გამოიმუშავებს ალდოსტერონს. პირველადი ჰიპერალდოსტერონიზმი იშვიათ დაავადებად მიიჩნეოდა, თუმცა თანამედროვე ექსპერტები ამტკიცებენ, რომ მაღალი წნევის მქონე ყოველი ათი ადამიანიდან ერთს მაინც შეიძლება ეს პათოლოგია ჰქონდეს.
ჰიპერალდოსტერონიზმი მეორეულია, როდესაც ალდოსტერონის სეკრეცია არა თვითონ თირკმელზედა ჯირკვლის, არამედ სხვა პრობლემების გამო იმატებს.
ვინაიდან ალდოსტერონი ორგანიზმში წყალმარილოვანი ბალანსის დაცვას უზრუნველყოფს, მისმა სიჭარბემ შესაძლოა დიდი რაოდენობით ნატრიუმისა და წყლის შეკავება და არტერიული წნევის მატება გამოიწვიოს, არაკონტროლირებადი წნევა კი ზრდის ინფარქტის, გულის შეტევის, გულისა და თირკმლის უკმარისობის რისკს. ჰიპერალდოსტერონიზმით გამოწვეული წნევის მატების შემთხვევაში ეს რისკი უფრო მაღალია, ვიდრე სხვა მიზეზებით გამოწვეული წნევის მატების დროს.
პირველადი ალდოსტერონიზმის მიზეზად ასევე შეიძლება იქცეს თირკმელზედა ჯირკვლის ადენომა – ამ მდგომარეობას კონის სინდრომი ჰქვია – და თირკმელზედა ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნე, რომელიც ძალიან იშვიათია.
ჰიპერალდოსტერონიზმის დიაგნოსტიკა განსაზღვრული ტესტების საფუძველზე ხდება და მისი მკურნალობაც პრობლემის მიზეზზეა დამოკიდებული. როდესაც პათოლოგიურ პროცესში ორივე თირკმელზედა ჯირკვალია ჩართული, მკურნალობა ძირითადად საჭირო მედიკამენტების მიღებასა და ცხოვრების წესის შეცვლას ეფუძნება. ექიმმა ამ დროს შესაძლოა სპეციალური ტიპის წნევის დამწევი პრეპარატი დაგინიშნოთ, რომელიც ალდოსტერონის მოქმედებას ბლოკავს. გარდა ამისა, საჭირო იქნება მარილის შეზღუდვა. როდესაც ჰიპერალდოსტერონიზმის მიზეზი კონის სინდრომია, ექიმები უმეტესად სიმსივნის ამოკვეთას ურჩევენ, თუმცა მედიკამენტური მკურნალობა შესაძლოა მაინც გახდეს საჭირო. ამასთან ერთად აუცილებელია ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვა.
რეკომენდაციები ასეთია:
* მიიღეთ რაც შეიძლება ნაკლები მარილი;
* საჭიროების შემთხვევაში ეცადეთ, დაიკლოთ წონა;
* რეგულარულად ივარჯიშეთ;
* მინიმუმამდე დაიყვანეთ ალკოჰოლის მოხმარება;
* უარი თქვით თამბაქოზე.
სასქესო ჰორმონები ქალისა და მამაკაცის სასქესო ჯირკვლებში – საკვერცხეებსა და სათესლეებში გამომუშავდება და რეპროდუქციული ორგანოების ზრდასა და განვითარებას, მათ ფუნქციურ რეგულაციას, მეორეული სასქესო ნიშნების განვითარებასა და უამრავ სხვა, ჩვენი ორგანიზმისთვის უმნიშვნელოვანეს ფუნქციას ითავსებს. მცირე რაოდენობით ისინი თირკმელზედა ჯირკვლებშიც წარმოიქმნება.
ქალის ჰორმონები
სქესობრივად მომწიფებული ქალის საკვერცხე ჰორმონების ორ მთავარ ჯგუფს – ესტროგენებსა და პროგესტერონს გამოიმუშავებს.
რა ევალება ესტროგენებს
ესტროგენები სტეროიდული ჰორმონებია, რომელთა პირველადი ფუნქციაა, გარდაქმნან გოგონა სქესობრივად მომწიფებულ ქალად.
სქესობრივი მომწიფება გამოიხატება:
* მკერდის განვითარებით;
* საშვილოსნოსა და გარეგანი სასქესო ორგანოების განვითარებით;
* მენჯის გაგანიერებით;
* ბოქვენისა და იღლიის არეში თმოვანი საფარველის განვითარებით;
* ცხიმოვანი ქსოვილის განვითარებით.
გარდა ამისა, ესტროგენებს ევალებათ, ყოველთვიურად მოამზადონ ქალის ორგანიზმი შესაძლო ორსულობისთვის და დაორსულების შემთხვევაში ხელი შეუწყონ ნაყოფის ფიზიოლოგიურ განვითარებას.
ესტროგენებს აქვთ არარეპროდუქციული ფუნქციაც:
* ისინი აბათილებენ პარათჰორმონის (ფარისებრახლო ჯირკვლების ჰორმონის) ეფექტს და მინიმუმამდე დაჰყავთ ძვლებიდან კალციუმის დანაკარგი, რითაც ხელს უწყობენ ჯანმრთელი და ძლიერი ძვლების შენარჩუნებას;
* მონაწილეობენ სისხლის შედედებაში.
საკვერცხე ესტროგენების სამ ჯგუფს: ესტრადიოლს, ესტრონსა და ესტრიოლს, – გამოიმუშავებს, რომელთაგან მთავარი ესტრადიოლია. სისხლში ესტროგენების კონცენტრაცია მენსტრუალური ციკლის ფაზების მიხედვით მერყეობს.
ქალის ორგანიზმში ესტროგენების დონე ასაკთან ერთად იკლებს და მენოპაუზის პერიოდში, როდესაც საკვერცხეები ფუნქციონირებას ამთავრებს, ერთბაშად ეცემა.
ესტრადიოლს მამაკაცის ორგანიზმიც გამოიმუშავებს, თუმცა გაცილებით ნაკლებს, ვიდრე ქალისა.
რა ევალება პროგესტერონს
პროგესტერონიც სტეროიდული ჰორმონია, რომელიც ძირითადად საკვერცხის ყვითელ სხეულში გამომუშავდება მენსტრუალური ციკლის მეორე ნახევარში. მას უდიდესი როლი აკისრია მენსტრუალური ციკლისა და ორსულობის ადრეული ეტაპის სწორად წარმართვაში.
ოვულაციის ფაზაში (ციკლის დაახლოებით მე-14 დღეს), როდესაც საკვერცხის ფოლიკული სკდება და იქიდან მწიფე კვერცხუჯრედი გამოთავისუფლდება, გამსკდარი ფოლიკულის ადგილას წარმოიქმნება სტრუქტურა, რომელსაც ყვითელი სხეული ჰქვია. ეს სტრუქტურა გამოიმუშავებს პროგესტერონს და ცოტაოდენ ესტრადიოლსაც. პროგესტერონი ორგანიზმს ორსულობისთვის ამზადებს. თუ კვერცხუჯრედი არ განაყოფიერდა, ყვითელი სხეული უკუგანვითარდება, პროგესტერონის დონე დაეცემა, რასაც მოჰყვება მენსტრუალური სისხლდენა და დაიწყება ახალი მენსტრუალური ციკლი.
თუ კვერცხუჯრედი განაყოფიერდა, პროგესტერონი ასტიმულირებს ენდომეტრიუმის (საშვილოსნოს შიგნითა შრის) მკვებავი სისხლძარღვების ზრდას და საშვილოსნოს კედელს განაყოფიერებული კვერცხუჯრედის იმპლანტაციისთვის ამზადებს. ორსულობის ადრეულ სტადიებზე პროგესტერონს ჯერ კიდევ ყვითელი სხეული გამოიმუშავებს და ის უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს პლაცენტის ჩამოყალიბებაში, ხოლო დაახლოებით მე-12 კვირიდან მის გამომუშავებას უკვე პლაცენტა იღებს საკუთარ თავზე. პროგესტერონის დონე მთელი ორსულობის განმავლობაში სტაბილურად იზრდება. ეს ჰორმონი მონაწილეობს ნაყოფისა და დედის სარძევე ჯირკვლების განვითარებაში, აძლიერებს და მშობიარობისთვის ამზადებს მენჯის ღრუს კედლის კუნთებს.
მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის ორგანიზმში პროგესტერონის მთავარი წყარო ყვითელი სხეულია, მცირე რაოდენობით ის გამომუშავდება თვითონ საკვერცხის ქსოვილშიც, თირკმელზედა ჯირკვლებშიც და, როგორც უკვე ვთქვით, პლაცენტაშიც ორსულობის დროს.
როგორ რეგულირდება
ესტროგენებისა და პროგესტერონის სეკრეცია ჰიპოფიზის მიერ გამომუშავებული გონადოტროპული ჰორმონებით რეგულირდება. ესენია ფოლიკულმასტიმულირებელი ჰორმონი (FSH), რომელიც ესტროგენების სტიმულირებას ახდენს და მალუთეინიზებელი ჰორმონი (LH), რომელიც პროგესტერონის სტიმულაციას ეწევა. ჰიპოფიზის ამ ჰორმონებს კი, თავის მხრივ, ჰიპოთალამუსი არეგულირებს გონადოტროპინმასტიმულირებელი ჰორმონის (GnRH) საშუალებით.
ზღვარს გადასული ჰორმონები
ესტროგენების სიჭარბე არაერთ პრობლემას იწვევს. მათგან შედარებით მსუბუქია:
* აკნე;
* ყაბზობა;
* ლიბიდოს (სქესობრივი ლტოლვის) დაკარგვა;
* დეპრესია.
უფრო სერიოზულ და შორს წასულ შემთხვევებში კი მოსალოდნელია:
* წონის მატება;
* შვილოსნობის უნარის დაკარგვა;
* საშვილოსნოსა და ძუძუს კიბო;
* ინფარქტი და გულის შეტევა.
მამაკაცებში ესტროგენების სიჭარბემ შესაძლოა გამოიწვიოს:
* სქესობრივი დისფუნქცია;
* კუნთების ტონუსის დაქვეითება;
* სხეულის ცხიმოვანი საფარველის ზრდა;
* ქალური ნიშნების განვითარება (გინეკომასტია);
* არსებობს ჰიპოთეზა, რომ განსაზღვრულ ასრულებს როლს პროსტატის კიბოს განვითარებაშიც.
პროგესტერონის სიჭარბით გამოწვეული მძიმე სამედიცინო მდგომარეობა აღწერილი არ არის. ორსულობის დროს ამ ჰორმონის რაოდენობა ბუნებრივად იმატებს. ვარაუდობენ, რომ ზოგიერთ შემთხვევაში პროგესტერონის დონის მატება ძუძუს კიბოს რისკის მატებასთან არის ასოცირებული.
დანაკლისი
ესტრადიოლი აუცილებელია ძვლის ნორმალური ფუნქციონირებისთვის. შესაბამისად, ადამიანები, რომლებსაც ამ ჰორმონის დეფიციტი აქვთ, ძვლოვანი ჩონჩხის პათოლოგიებისკენ არიან მიდრეკილნი. ასეთი პათოლოგიებია ძვლის არასაკმარისი ზრდა, ოსტეოპოროზი.
გოგონებთან ესტროგენების დეფიციტი იწვევს გარდატეხის ასაკის შეფერხებას, მეორეული სასქესო ნიშნების განვითარების შეფერხებას, მენსტრუალური ციკლის დარღვევას ან არარსებობას, უნაყოფობას.
ესტრადიოლს დიდი როლი აკისრია თავის ტვინის ნორმალურ ფუნქციონირებაში. მისმა უკმარისობამ შესაძლოა დეპრესია, გადაღლილობა და განწყობის ცვალილებები გამოიწვიოს.
პროგესტერონის დეფიციტმა შესაძლოა არარეგულარული და ძლიერი სისხლდენით მიმდინარე მენსტრუალური ციკლის განვითარებამდე მიგვიყვანოს. ორსულობის დროს მისი დონის დაცემის შედეგად მოსალოდნელია მუცლის მოშლა ან ნაადრევი მშობიარობა.
სისხლში პროგესტერონის დონის ნაკლებობა ნიშნავს, რომ საკვერცხის ფუნქციამ – გამოათავისუფლოს მწიფე კვერცხუჯრედი – მარცხი განიცადა. ამ პრობლემას შესაძლოა წავაწყდეთ საკვერცხეების პოლიკისტოზის დროს.
მამაკაცის ჰორმონები
მამაკაცის სასქესო ჰორმონების, ანდროგენების, მთავარი ფლაგმანი ტესტოსტერონია. მისი ძირითადი ულუფა სათესლეებში არსებულ ლეიდიგის უჯრედებში წარმოიქმნება. ტესტოსტერონის სეკრეცია მკვეთრად იმატებს გარდატეხის ასაკში და მამაკაცის რეპროდუქციული ორგანოების განვითარებას და მეორეულ სასქესო ნიშნებს (წვერი, ხმის დაბოხება და ა.შ.) განაპირობებს.
ტესტოსტერონს შეუცვლელი ფუნქცია აკისრია სპერმის პროდუქციაში.
ეს ჰორმონი მცირე რაოდენობით როგორც მამაკაცის, ისე ქალის თირკმელზედა ჯირკვლებშიც გამომუშავდება.
გარდა მამაკაცის რეპროდუქციული სისტემის განვითარებასა და ნორმალურ ფუნქციონირებაში შეტანილი წვლილისა, ტესტოსტერონი ასტიმულირებს სისხლის ახალი უჯრედების წარმოქმნას, უზრუნველყოფს ძვლებისა და კუნთოვანი მასის ზრდასა და გაძლიერებას, აძლიერებს ლიბიდოს.
რეგულაცია
ტესტოსტერონის წარმოქმნის რეგულირებაც ჰიპოფიზისა და ჰიპოთალამუსის მეშვეობით ხორციელდება. თავდაპირველად ჰიპოთალამუსში იმატებს გონადოტროპინმასტიმულირებელი ჰორმონის (GnRH) სეკრეცია. პასუხად ჰიპოფიზი წარმოქმნის მალუთეინიზებელ ჰორმონს (LH), რომელიც სისხლის მიმოქცევაში ხვდება და სათესლეებს ტესტოსტერონის გამომუშავებას აიძულებს.
როდესაც ტესტოსტერონის დონე მოიმატებს, სიგნალი ჰიპოთალამუსს გადაეცემა, რის პასუხადაც მცირდება GnRH-ის გამოყოფა. შედეგად ჰიპოფიზიც თრგუნავს LH-ის სეკრეციას და აიძულებს სათესლეებს, ტესტოსტერონის გამომუშავება შეამცირონ.
ზედმეტი ტესტოსტერონი
ტესტოსტერონის სიჭარბის შედეგად განვითარებული დარღვევები ასაკსა და სქესზეა დამოკიდებული. ალბათობა, რომ მოწიფულ მამაკაცს განუვითარდება პათოლოგია, რომლის შედეგადაც მისი ორგანიზმი ნორმაზე გაცილებით მეტ ტესტოსტერონს გამოიმუშავებს, ძალიან მცირეა. ზრდასრულ მამაკაცებთან თავად ტესტოსტერონის სიჭარბეც ძნელი შესამჩნევია. ეს მდგომარეობა უფრო მკაფიოდ ჩანს ბავშვებთან, რომლებიც ტესტოსტერონის სიჭარბის შედეგად შესაძლოა ნაადრევად შევიდნენ გარდატეხის ასაკში. ამ ჰორმონული დისბალანსის დროს გოგონებსაც შეიძლება განუვითარდეთ გენიტალიების არაბუნებრივი ცვლილებები და საბოლოოდ საქმე უნაყოფობამდე მივიდეს.
ქალებთან ტესტოსტერონის სიჭარბე შესაძლოა საკვერცხის პოლიკისტოზის გამოვლინება იყოს. ამ მდგომარეობაზე ხშირად მიუთითებს შემდეგი ნიშნები:
* აკნე;
* ჰირსუტიზმი (მამაკაცის ტიპის თმიანობა);
* თავის წინა, ზედა ნაწილის გამელოტება;
* კუნთოვანი მასის მომატება;
* ხმის დადაბლება და დაბოხება.
არსებობს პათოლოგიური მდგომარეობებიც, რომელთა დროსაც ორგანიზმი ზოგჯერ ჭარბად გამოიმუშავებს ტესტოსტერონს. ასეთებია, მაგალითად, ანდროგენული რეზისტენტობა, თანდაყოლილი ადრენალური ჰიპერპლაზია, საკვერცხის კიბო.
როცა არ გვყოფნის
თუ ტესტოსტერონის უკმარისობა მუცლად ყოფნის პერიოდშივე დაიწყო, ფერხდება ნაყოფის მასკულინიზაცია (მამრობითი სასქესო ნიშნების ჩამოყალიბება), რამაც შესაძლოა სქესობრივი განვითარების თანდაყოლილი დარღვევა გამოიწვიოს.
თუ დეფიციტმა გარდატეხის ასაკში იჩინა თავი, ფერხდება ზრდა და მეორეული სასქესო ნიშნების განვითარება. ასეთ ვაჟებს ფიზიკური ძალა და გამძლეობაც ნაკლები აქვთ.
ზრდასრულ მამაკაცებთან ტესტოსტერონის ნაკლებობამ შესაძლოა გამოიწვიოს კუნთოვანი მასის შემცირება, სხეულის თმიანობის შემცირება, პერგამენტის მსგავსი კანი.
ტესტოსტერონის დონე ასაკთან ერთად ბუნებრივად იკლებს. ერთგვარი მსგავსების გამო ამ პროცესს ხანდახან "მამაკაცების მენოპაუზადაც" მოიხსენიებენ. ტესტოსტერონის დაბალმა დონემ შესაძლოა გამოიწვიოს გუნება-განწყობის დარღვევა, კუნთების ტონუსის დაქვეითება, ერექციული დისფუნქცია, ოსტეოპოროზი, კონცენტრაციის უნარის დაქვეითება, მეხსიერების შესუსტება, ძილის დარღვევა, თუმცა ბოლოდროინდელი კვლევები ცხადყოფს, რომ ასეთი დარღვევები ძალიან ცოტა მამაკაცს უვითარდება.
გვანცა გოგოლაძე
ელენე ზურაბიშვილი