კაცების საკითხავი

გააზიარე:

 

  

  

 

სათესლე ჯირკვლის ტკივილი

პროსტატის დაავადებებირა იწვევს და როგორ გავუმკლავდეთ

მამაკაცის უნაყოფობა

სასქესო ასოს პრობლემებირას ველოდეთ და როგორ ავიცილოთ თავიდან

ერექციულ იდისფუნქცია და სხვა პრობლემები

 

სათესლე ჯირკვლის ტკივილი

სათესლე ჯირკვლები მამაკაცის სქესობრივ ცხოვრებაში უდიდეს როლს ასრულებს. სწორედ იქ გამომუშავდება სპერმა და მამაკაცის ჰორმონები. ამრიგად, მათ გარეშე მამაკაცის რეპროდუქციული სისტემის ფუნქციობა წარმოუდგენელია.

სათესლე ჯირკვლების ტკივილის უკან შესაძლოა არაერთი დაავადება იმალებოდეს, რომლებიც სხვადასხვანაირად მიმდინარეობს, სხვადასხვა პროგნოზი აქვს და სხვადასხვანაირი მკურნალობა სჭირდება, ამიტომ მისი აღმოცენებისას სწორი დიაგნოზის დასმა აუცილებელია. თავადაც ხვდებით, ამას ექიმისა და სათანადო გამოკვლევების გარეშე ვერ მოახერხებთ, ამიტომ პირველი, რაც სათესლე ჯირკვლების ტკივილის დროს უნდა გააკეთოთ, ექიმთან მისვლაა.

როგორც აღვნიშნეთ, სათესლე ჯირკვლების ტკივილს არაერთი დაავადება იწვევს, მათ შორის – ორქიტი, ვარიკოცელე, ჰიდროცელე, ჯირკვლის შემოგრეხა. მივყვეთ თანმიმდევრობით.

ორქიტი

ორქიტი სათესლე ჯირკვლის ანთებაა. ის უმეტესად მწვავედ მიმდინარეობს, მისი ქრონიკული ფორმა იშვიათია. ორქიტი უმეტესად სათესლე ჯირკვლის დანამატიდან ინფექციის გავრცელების შედეგად ვითარდება. თავად დანამატის ანთებას კი ეპიდიდიმიტს უწოდებენ. ამრიგად, როცა საქმე სათესლე ჯირკვლის ანთებას ეხება, უფრო მართებული იქნება, ტერმინი “ეპიდიდიმოორქიტი” გამოვიყენოთ.

ეპიდიდიმიტიც შეიძლება იყოს როგორც მწვავე, ისე ქრონიკულიც. მწვავე ფორმა ერთბაშად და მძიმე სიმპტომებით ვლინდება, მაგრამ იოლად ემორჩილება მკურნალობას, ქრონიკულს კი ტალღისებრი მიმდინარეობა ახასიათებს. შესაძლოა, მკურნალობის ფონზე სიმპტომებმა იკლოს, მდგომარეობა გაუმჯობესდეს, მაგრამ დაავადება ბოლომდე არ იკურნება.

მიზეზის მიზეზი

შევთანხმდით, რომ სათესლე ჯირკვლის ტკივილის მიზეზი შესაძლოა თავად ჯირკვლის ან ჯირკვლისა და მისი დანამატის ანთება იყოს, მაგრამ რა იწვევს თავად ანთებას?

მწვავე ანთება უმეტესად ბაქტერიული ინფექციითაა გამოწვეული, მაგრამ სხვადასხვა ასაკში სხვადასხვაა ინფექციის ტიპი. ბავშვებთან ის უმეტესად საშარდე გზების ან თირკმელების ინფექციით იწყება და იქიდან ვრცელდება სათესლეზე. საშარდე გზებიდან დაინფიცირება ხშირია 40 წელს გადაცილებულ პირებთანაც. სქესობრივად აქტიურ მამაკაცებთან კი ინფექციის მიზეზი უმეტესად სქესობრივი გზით გადამდები დაავადებაა – ქლამიდიოზი, გონორეა ან რომელიმე სხვა. დანამატის ანთების გარეშე, იზოლირებულად, ორქიტი ყბაყურას – ეპიდემიური პაროტიტის – ფონზე ვითარდება. იშვიათად ეპიდიდიმიტს ტუბერკულოზიც იწვევს.

სასქესო ორგანოების ანთების უკან შესაძლოა არაინფექციური მიზეზიც იდგეს. არაინფექციურ ეპიდიდიმიტს იწვევს ზოგიერთი მედიკამენტი, მაგალითდ, ამიოდარონი, შარდის პასაჟის დარღვევა კი ე.წ. ქიმიური ეპიდიდიმიტის წარმოშობას უწყობს ხელს. არაინფექციური ორქიტი წინამდებარე ჯირკვლის გადიდების ან შარდგამომყოფი არხის ნაწილობრივი დახშობის ფონზე ვითარდება.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, ანთების რისკფაქტორებს შეიძლება მივაკუთვნოთ:

* მაღალი რისკის შემცველი სქესობრივი ქცევა;

* პარტნიორების სიმრავლე;

* ანამნეზში – სქესობრივი გზით გადამდები დაავადება;

* ისეთი პარტნიორის ყოლა, რომელსაც სქესობრივი გზით გადამდები დაავადება აქვს;

* ყბაყურას აუცრელობა;

* საშარდე სისტემის თანდაყოლილი პათოლოგია;

* საშარდე გზების განმეორებითი ინფექცია;

* საშარდე სისტემის ოპერაცია;

* ფოლეის კათეტერის ხანგრძლივი გამოყენება.

როგორ ვლინდება

* სათესლე ჯირკვლის ან ჯირკვლების ტკივილით;

* სისხლიანი სპერმით;

* ასოდან გამონადენით;

* ტემპერატურით;

* ტკივილით სქესობრივი აქტის ან ეაკულაციის დროს;

* შარდვის დროს ტკივილით;

* სათესლე ჯირკვლის ან ჯირკვლების შეშუპებით, შეწითლებით, შეხურებით, გამკვირვებით.

ცხადია, დაავადების კლინიკური სურათი არა მხოლოდ ინფექციის ლოკალიზაციაზე, არამედ მის პირველმიზეზზეცაა დამოკიდებული, ამიტომ სიმპტომები მრავალფეროვანია. მაგალითად, ასოდან გამონადენი ან გამონაყარი უმეტესად ურეთრიტს ახასიათებს, ხშირი შარდვა და დიზურია – ცისტიტს, ტემპერატურა და წელის ტკივილი თირკმლის ანთებასა და პიელონეფრიტზე მიუთითებს, შარდვის დროს ტკივილი - პროსტატიტზე და ა.შ. რაც შეეხება ყბაყურას ფონზე განვითარებულ ანთებას, ყბაყურა ჯირკვლების შესივება 3-7 დღით უსწრებს ორქიტს.

დააავდების დიაგნოსტიკა ძნელი არ არის. დაგჭირდებათ სისხლისა და შარდის საერთო ანალიზი, შარდის ბაქტერიოლოგიური ანალიზი და ულტრაბგერითი გამოკვლევა.

მწვავე ეპიდიდიმიტისა და ორქოეპიდიდიმიტის მკურნალობა უმეტესად ანტიბიოტიკების გამოყენებას მოითხოვს. რეკომენდებულია თერაპიაში ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატების ჩართვაც. პირველ დღეებში წოლითი რეჟიმის დაცვა გამოჯანმრთელების პროცესს აჩქარებს. შვებას მკურნალობის დაწყებიდან 2-3 დღეში იგრძნობთ, თუმცა სიმპტომების გაქრობას ცოტა მეტი ხანი დასსჭირდება. დისკომფორტი შესაძლოა კურსის დასრულებამდე გაგრძელდეს, სიმაგრე და შეშუპება კი თვეობით დარჩეს.

თუ მდგომარეობა მკურნალობის ფონზეც არ გამოკეთდა, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს.

ამიოდარონით გამოწვეული ეპიდიდიმიტი წამლის მიღების შეწყვეტის შემდეგ მალევე უკუვითარდება. ქრონიკული ეპიდიდიმიტის მკურნალობის მთავარი მიზანი დისკომფორტის მოხსნაა. ამისთვის იყენებენ ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ პრეპრატებს და თბილ საფენებს.

თუ სათესლე ჯირკვალში ან ჯირკვლებში აბსეცის კერები ჩამოყალიბდა, მკურნალობა შესაძლოა უეფექტო აღმოჩნდეს, ამიტომ საჭიროა მუდმივი მეთვალყურეობა, ექოსკოპიური მონიტორინგი. ჩირქოვანი კერების არსებობის შემთხვევაში ქირურგიული ჩარევა გარდაუვალია. ტუბერკულოზური ანთება, ცხადია, შესაბამისი მედიკამენტებით მკურნალობას მოითხოვს. როცა პროცესი შორსაა წასული, საჭირო ხდება ორექტომია – სათესლე ჯირკვლის ამოკვეთა.

გადამდებია?

თუ ანთება სქესობრივი გზით გადამდები დაავადებითაა გამოწვეული, ცხადია, შესაძლოა, თქვენი პარტნიორიც დასნებოვნდეს და თქვენი რეინფიცირებაც გამოიწვიოს. რაც შეეხება საშარდე გზების ინფექციებს, ისინი სქესობრივი გზით არ გადაეცემა. ამ შემთხვევაში პარტნიორის დასნებოვნების შანსი ნულის ტოლია.

შვილოსნობა

პაროტიტის ან ტუბერკულოზის ფონზე განვითარებული ორქიტის დროს ტესტოსტერონის გამომუშავება იკლებს, ასე რომ, ეს დაავადებები მამაკაცს შესაძლოა უშვილობის მიზეზად ექცეს. სხვა წარმოშობის ორქიტის პროგნოზი, წესისამებრ, კეთილსაიმედოა. თუნდაც ცალი სათესლის ამოკვეთა დაგჭირდეთ, თქვენს რეპროდუქციულ ფუნქციას არაფერი ემუქრება – სპერმატოგენეზს ცალი ჯირკვალიც შესანიშნავად ართმევს თავს.

ვენები და ვარიკოზი

ვენების ვარიკოზული გაგანიერება ყველასთვის კარგად ნაცნობი პრობლემაა, რომლის ხსენებაზეც მყისვე კლაკნილი, გამობურცული ვენებით დაფარული წვივის არცთუ მიმზიდველი სურათი წარმოგვიდება თვალწინ. თუმცა ეს ყველაფერი როდია – ვენების ვარიკოზულმა გაგანიერებამ შესაძლოა გაცილებით უხერხულ ადგილას იჩინოს თავი და გაცილებით უხერხულ პრობლემებს დაუდოს სათავე, ხოლო თუ ამ ყველაფერს რეპროდუქციული ფუნქციის დაქვეითებაც დაემატა, გაცილებით დიდ უსიამოვნებას შევეჯახებით, რომელიც დაუყოვნებლივ მკურნალობას მოითხოვს.

ვარიკოცელე – ასე ეწოდება სათესლე ჯირკვლის ვენების ვარიკოზულ გაგანიერებას. ის, შეიძლება ითქვას, ახალგაზრდების დაავადებაა – უმეტესად 15-დან 25 წლამდე ასაკში გვხვდება. ვარიკოცელეს მთავარი მიზეზი კონკრეტული პაციენტის ანატომიის თავისებურებებია. განსაზღვრულ როლს გენეტიკური განწყობაც ასრულებს. ზოგჯერ ის გენერალიზებული ანგიოლოგიური პრობლემის გამოხატულებაცაა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ორმხრივია, ისე კი, ანატომიური თავისებურებებიდან გამომდინარე, უმეტესად მარცხენა მხარეს გვხვდება. დაავადება ხშირად უდასტურდებათ იმ პირებს, რომლებსაც პროფესიული საქმიანობის გამო დიდხანს უწევთ ფეხზე დოგმა ან ამა თუ იმ მიზეზით მუცლის ღრუში წნევა მომატებული აქვთ.

ვარიკოცელეს დამახასიათებელი შესახედაობა აქვს: სკროტუმი, სათესლე პარკი, გადიდებულია, ჩამოწეულია, შორს წასულ შემთხვევაში კი ყურძნის მტევნის მსგავსი ფორმა აქვს. დაავადების მთავარი სიმპტომი ყრუ ტკივილია, თუმცა მოსვენებისას ის შესაძლოა არც კი იგრძნობოდეს, მხოლოდ ფიზიკური დატვირთვის ან ფეხზე დგომისას იჩენდეს თავს.

დაავადება, განსაკუთრებით – მისი მსუბუქი ფორმა, ზოგჯერ უსიმპტომოდ მიმდინარეობს და მკურნალობაც ყოველთვის არ არის საჭირო. ჩივილების მოსახსნელად ზოგჯერ ბანდაჟის ხმარებაც საკმარისია, მაგრამ განსაზღვრულ შემთხვევებში სამედიცინო ჩარევას ვერ გავექცევით. მკურნალობის ერთადერთი გზა კი ქირურგიული ოპერაციაა. მედიკამენეტებით ვარიკოცელე არ იკურნება, წამლებს მხოლოდ ტკივილის გაყუჩება შეუძლია. ტკივილს აყუჩებს ზურგზე წოლაც.

ოპერაციის დროს ვარიკოზული ვენების ლიგირება ან გადაკვეთა და სხვა ვენებთან გადაბმა ხდება. ოპერაციის შემდეგ შესაძლოა რეციდივიც განვითარდეს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ვარიკოცელე ქრონიკული ვენური უკმარისობითაა გამოწვეული.

უნაყოფობა და ვარიკოცელე

ნებაზე მიშვებულმა ვარიკოცელემ შესაძლოა სპერმის ხარისხის დაქვეითება და უშვილობა გამოიწვიოს (საბედნიეროდ, უშვილობა ყოველთვის არ ვითარდება – სტატისტიკური მონაცემებით, მას ვარიკოცელეთი დაავადებულთა მეხუთედი უჩივის), ამიტომ სათესლე ჯირკვლის ვენების გაგანიერებისას აუცილებელია სპემოგრამის გაკეთება. თუ სპერმის მაჩვენებლები შეცვლილია, მას ოპერაციიდან 3-4 თვის შემდეგ აკონტროლებენ. უკეთესობა უმეტესად 6 თვის შემდეგ შეინიშნება, მაგრამ შესაძლოა, ერთი წელიც მოგიწიოთ ლოდინი.

სათესლე ჯირკვლის შემოგრეხა

სათესლე ჯირკვლის შემოგრეხა 4000-დან ერთ მამაკაცს აღენიშნება. ამ უსიამოვნებისგან სათესლე უმეტესად ანატომიურადაა დაცული – მის ირგვლივ მდებარე ქსოვილი კარგადაა განვითარებული და უშლის ხელს შემოგრეხას, მაგრამ ზოგ მამაკაცს ასეთი მძლავრი ფარი არ გააჩნია.

სათესლის შემოგრეხისას ტკივილი უეცარი და იმდენად ძლიერია, რომ ძნელია, ორქიტის ან ვარიკოცელეს დროს აღმოცენებულ ტკივილში აგვერიოს. სათესლე ჯირკვალი თავისივე სისხლძარღვივან ფეხზე ტრიალდება. ეს სათესლეში სისხლის მიმოქცევას აფერხებს და ძლიერი ტკივილსა და შეშუპებას იწვევს. შემოგრეხა გადაუდებელი ოპერაციის ჩვენებაა. თუ სისხლმომარაგება 6 საათში არ აღდგა, დაიწყება სათესლის ატროფია და განვითარდება ინფარქტი. საგანგაშო ნიშანია, თუ ცალი სათესლე შესამჩნევად განსხვავდება მეორისგან ზომით ან ფერით.

შემოგრეხა შესაძლოა ორმხრივად მოხდეს, მაგრამ ასეთი რამ იშვიათია.

საყურადღებოა, რომ შემოგრეხას ფიზიკურ აქტივობასთან კავშირი არ აქვს. ის შეიძლება განვითარდეს როგორც ვარიჯშის, ისე ჯდომის ან სულაც წოლის დროს. დიაგნოზის დასასმელად ზოგჯერ დათვალიერებაც საკმარისია, მაგრამ მაინც ჯობს, დიაგნოზი ექოსკოპიურად დადასტურდეს, ვინაიდან ყოველი წუთი მნიშვნელოვანია და დაგვიანებული ან არასწორი დიაგნოსტიკა მამაკაცს შესაძლოა ძვირად დაუჯდეს.

მკურნალობა მხოლოდ ქირურგიული მეთოდითაა შესაძლებელი, რაც სათესლის შემობრუნებას და მომავალში იმავე გართულებისგან დასაცავად მის ფიქსაციას გულისხმობს. სამწუხაროდ, არცთუ იშვიათად საჭირო ხდება ორქექტომია, განსაკუთრებით მაშინ, თუ ოპერაცია 12 საათზე მეტი ხნით დაგვიანდა.

შვილოსნობა

როგორც აღვნიშნეთ, რეპროდუქციულ ფუნქციას ცალი სათესლეც ართმევს თავს, მაგრამ კვლევები აჩვენებს, რომ შემოგრეხის შემდეგ პაციენტთა დაახლოებით მესამედი სპერმის რაოდენობის დაქვეითებას უჩივის.

პროსტატის დაავადებები:  რა იწვევს და როგორ გავუმკლავდეთ

ამ ორგანოს, სულ რაღაც ოც გრამს რომ იწონის, უდიდესი მისია – ადამიანთა მოდგმის გამრავლება – აკისრია, თუმცა არაერთ სხვა ფუნქციასაც ართმევს თავს.

პროსტატა, იგივე წინამდებარე ჯირკვალი, მამაკაცის სასქესო სისტემის ნაწილია. ჯირკვალს კაკლის ფორმა აქვს და მისი მთავარი დანიშნულება სპეციალური სითხის გამოყოფაა, რომელიც განსაკუთრებულ როლს ასრულებს განაყოფიერების პროცესში. სითხე იცავს და კვებავს სპერმატოზოიდებს და, ამასთან, სპეციალური ნივთიერების წყალობით ინფექციის გავრცელების რისკსაც ამცირებს. პროსტატის სეკრეტი ძირითადად წყლისა და მარტივი შაქრებისგან შედგება, რომლებიც ოდნავ ტუტე გარემოს უზრუნველყოფს. სითხე რძისფერია და ეაკულაციის დროს გამოყოფილი სპერმის 20-30 პროცენტს შეადგენს. ტუტე ანეიტრალებს საშოში არსებულ მჟავას და სიცოცხლეს უხანგრძლივებს სპერმატოზოიდებს. პროსტატის ფუნქციობას ჰორმონი ტესტოსტერონი არეგულირებს.

წინამდებარე ჯირკვალი შარდის ბუშტის უკან და სწორი ნაწლავის წინ მდებარეობს. ის გარს აკრავს შარდსადენ მილს – ურეთრას, ამიტომ მისი შეშუპება, უპირველეს ყოვლისა, შარდის გამოყოფის დარღვევით მჟღავნდება.

განასხვავებენ პროსტატის დაავადებათა ორ ძირითად ჯგუფს: ანთებით მიმდინარეს და სიმსივნურს. განვიხილოთ ორივე.

პროსტატიტი

პროსტატიტი წინამდებარე ჯირკვლის ანთებაა. ის ნებისმიერი ასაკის მამაკაცს შეიძლება დაემართოს, თუმცა უმთავრესად 50 წლამდეა გავრცელებული. სტატისტიკური მონაცემებით, 100-დან 25 მამაკაცს ერთხელ მაინც აქვს გადატანილი პროსტატის ანთება.

რა უნდა ვიცოდეთ ამ დაავადების შესახებ და როგორ ამოვიცნოთ იგი?

მიმდინარეობის ხასიათის მიხედვით განასხვავებენ პროსტატიტის მწვავე და ქრონიკულ ფორმებს. მწვავე პროსტატიტის დროს წინამდებარე ჯირკვალს უმეტესად შარდსადენიდან აღმავალი ინფექცია აზიანებს. დაავადების გამომწვევი ასიდან 80 შემთხვევაში ანაერობული ბაქტერიაა: ენტეროკოკი, ნაწლავის ჩხირი, პროტეუსი, – თუმცა არანაკლებ საშიშია სქესობრივი გზით გადამდები ბაქტერიებიც – გონოკოკი და ქლამიდია, რომლებიც უმთავრესად 35 წლამდე ასაკის მამაკაცებთან გვხვდება და დაუცველი სქესობრივი კონტაქტის დროს გადაედება. არსებობს ვირუსული პროსტატიტიც, რომლის მართვა გაცილებით ძნელია.

ზოგჯერ პროსტატიტი თვეობით გრძელდება. ამ შემთხვევაში დაავადების ქრონიკულ ფორმასთან გვაქვს საქმე.

უროლოგები ცალკე გამოყოფენ პროსტატიტის ისეთ ფორმას, რომელიც უსიმპტომოდ მიმდინარეობს.

როგორ ამოვიცნოთ

დაავადება, გამომწვევი ფაქტორის კვალობაზე, სხვადასხვანაირად მჟღავნდება. სიმპტომების ჩამონათვალი ასეთია:

* წვისა და ტკივილის შეგრძნება შარდვის დროს (დიზურია);

* შარდვის გაძნელება;

* შარდის სუსტი ნაკადი, წვეთწვეთობით შარდვა;

* შარდვის გახშირება, განსაკუთრებით – ღამით (ნიქტურია);

* მოშარდვის უეცარი დაუძლეველი სურვილი;

* შარდის ბუშტის არასრული დაცლის შეგრძნება;

* ტკივილი საზარდულის, მუცლის ან წელის არეში;

* მტკივნეული ორგაზმი;

* ტკივილი ან დისკომფორტის შეგრძნება პენისის მიდამოში;

* გრიპის მსგავსი სიმპტომები: ცხელება, შემცივნება.

არსებობს ფაქტორები, რომლებიც პროსტატიტის განვითარების ალბათობას ზრდის. ესენია:

* 35 წლამდე ასაკი;

* ანამნეზში პროსტატიტის თუნდაც ერთი ეპიზოდის არსებობა;

* საშარდე გზების ინფექციები;

* მენჯის მიდამოს ტრავმა (უმეტესად – ველოსიპედის მართვის ან ჯირითის დროს მიღებული);

* შარდის ბუშტის კათეტერიზაცია;

* დაუცველი სქესობრივი კონტაქტი;

* აივ-ინფექცია;

* მუდმივი ემოციური სტრესი;

* გენეტიკური განწყობა;

* საშარდე გზების თანდაყოლილი ანომალიები.

დიაგნოსტიკა

თავდაპირველად უროლოგი სინჯავს პაციენტს და აფასებს მის მდგომარეობას. გასინჯვის პროცესი არცთუ სასიამოვნოა, ამიტომ მამაკაცები ხშირად უსასრულოდ დებენ ექიმთან მისვლას. უროლოგი პაციენტს სინჯავს სწორი ნაწლავიდან, საიდანაც თითით შეიგრძნობა წინამდებარე ჯირკვალი. ანთებისას ის გადიდებული, შეშუპებული და მტკივნეულია. ექიმმა შესაძლოა რამდენიმე გამოკვლევა დაგინიშნოთ: სისხლის საერთო ანალიზი სისხლში ბაქტერიების გავრცელების გამოსარიცხად, შარდის საერთო ანალიზი და ბაქტერიოლოგიური ანალიზი გამომწვევი ბაქტერიის აღმოსაჩენად, პროსტატის წვენის გამოკვლევა, უროფლუომეტრია (შარდის გამოყოფის კონტროლი), ექოსკოპიური გამოკვლევა.

როგორ მკურნალობენ

მწვავე ბაქტერიული პროსტატიტის დროს, თუ პაციენტს არ სჭირდება გადაუდებელი ჰოსპიტალიზაცია, შეიძლება ბინაზე მკურნალობა დასალევი ანტიბიოტიკებით. არჩევის პრეპარატებია ტრიმეტოპრიმ-სულფამეტოქსაზოლი, ციპროფლოქსაცინი. მკურნალობა 4-6 კვირას გრძელდება.

ქრონიკული პროსტატიტის დროს მკურნალობამ შესაძლოა უფრო მეტხანს – 12 კვირამდეც კი – გასტანოს. ტკივილის შესამსუბუქებლად რეკომენდებულია ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდების მიღება. ალფა-ბლოკატორები ამცირებს შარდვის თანმხლებ ტკივილს.

გართულებები

პროსტატიტის გართულებათა რიცხვს მიაკუთვნებენ ბაქტერიემიას, ინფექციის სისხლში გავრცელებას, აბსცესს – ჯირკვალში ერთგვარი ჩირქოვანი ტომრის ჩამოყალიბებას, რომელიც დრენირებას მოითხოვს, მორეციდივე ცისტიტებს, ნაადრევ ეაკულაციასა და უნაყოფობას. უნაყოფობა უმეტესად ქრონიკული პროსტატიტის გართულებაა.

პროსტატიტის გამოწვევა მცირე მენჯის ღრუში სისხლის მიმოქცევის დარღვევას და სისხლის შეგუბებასაც შეუძლია, ამიტომ რეგულარული სქესობრივი ურთიერთობა აუცილებელია. თავი არიდეთ დიდხანს ჯდომას. თუ ამას თავიდან ვერ აიცილებთ, დაიდეთ რბილი ბალიში, რათა პროსტატაზე ზეწოლა შემცირდეს. ყურადღება მიაქციეთ ველოსიპედის სავარძლის სირბილეს. შეძლებისდაგვარად ერიდეთ კოფეინსა და ალკოჰოლს.

დაუნდობელი პროსტატის კიბო

მამაკაცთა ავადობის სტრუქტურაში პროსტატის კიბო მეორე ადგილს იკავებს. მთელ მსოფლიოში ყოველწლიურად მისი 1 100 000 ახალი შემთხვევა აღირიცხება. აშშ-ს სტატისტიკური მონაცემებით,  2016 წლისთვის   პროსტატის კიბოთი დაავადებულთა რაოდენობა  181 000-ს  მიაღწევს.

40 წლამდე პროსტატის კიბო იშვიათია, მაგრამ თუ მაინც იჩინა თავი, განსაკუთრებით აგრესიულად მიმდინარეობს. დაავადება უმეტესად 70 წელს გადაცილებულ მამაკაცებთან გვხვდება. ავადობის ყველაზე მაღალი მაჩვენებლით აფროამერიკელები გამოირჩევიან.

დაავადების გავრცელებაზე მრავალი ფაქტორი ახდენს გავლენას, მათ შორის – კვების თავისებურებანი. იაპონიასა და ჩინეთში, სადაც ნაკლებცხიმიანი საკვებია მიღებული, კიბოთი ავადობა  სხვა ქვეყნებთან შედარებით დაბალია – 1.2 შემთხვევა 100 000 კაცზე. დამცავი ეფექტი აქვს E ვიტამინს – ის კიბოს სიხშირეს 3.5%-ით ამცირებს. მკურნალობის შედეგზე უარყოფით გავლენას ახდენს სიმსუქნე.

პროსტატის კიბოს უმნიშვნელოვანესი რისკფაქტორია მემკვიდრეობა. ასიდან ცხრა შემთხვევაში ის გენეტიკური ფაქტორებითაა განპირობებული. კიბო 2-3-ჯერ ხშირად აღირიცხება იმ მამაკაცებთან, რომელთა მამას ან ძმას ეს დაავადება ჰქონდა.

დამალობანა

საწყის სტადიებზე პროსტატის კიბო, წესისამებრ, უსიმპტომოდ მიმდინარეობს, ამიტომ ავადმყოფთა 50-70% კლინიკას ხშირად შორს წასული სტადიით მიმართავს.

როდის ვიეჭვოთ პროსტატის კიბო?

სავარაუდოდ, ამ დაავადებასთან გაქვთ საქმე, თუ:

* გაწუხებთ გაძნელებული, ნაკადური შარდვა;

* შეამჩნიეთ შარდის ფერის ცვლილება – ჰემატურია (სისხლი შარდში);

* უჩივით დისკომფორტს მენჯის არეში, ძვლების ტკივილს, ერექციულ დისფუნქციას.

სკრინინგი

პროსტატის კიბოს სკრინინგი მოიცავს ექიმთან ვიზიტს და სწორი ნაწლავიდან თითით გასინჯვას. კიბოს დროს წინამდებარე ჯირკვალი ჩვეულებრივზე დიდი და მკვრივია.

სკრინინგის კიდევ ერთი მეთოდია PSA-ს – პროსტატის სპეციფიკური ანტიგენის –  განსაზღვრა. პროსტატის სპეციფიკური ანტიგენი გლიკოპროტეინია, რომელსაც პროსტატის ეპითელური უჯრედები გამოიმუშავებს. თუმცა PSA-ს მომატება ერთმნიშვნელოვნად კიბოზე არ მიუთითებს – ის იმატებს პროსტატიტისა და პროსტატის ადენომის დროსაც. გარდა ამისა, მის მაჩვენებელზე გავლენას ახდენს ფაქტორთა წყება: ეაკულაცია, რექტალური გასინჯვა, პროსტატის ბიოფსია, – ამიტომ უროლოგები პაციენტებს ურჩევენ, გამოკვლევამდე 48 საათის განმავლობაში თავი შეიკავონ სქესობრივი კონტაქტისგან და ანალიზი გაიკეთონ ბიოფსიიდან 24 საათის შემდეგ. ანალიზი მარტივია, ანტიგენის დონე ვენიდან აღებულ სისხლში განისაზღვრება.

სკრინინგიდან დიაგნოზამდე

დაავადების სრულფასოვანი დიაგნოსტიკისთვის ხშირად საჭიროა დამატებითი გამოკვლევაც:

* ტრანსრექტალური ექოსკოპია, რომელიც გვიჩვენებს პროსტატის ჯირკვლის სიმკვრივესა და ზომებს;

* პროსტატის ქსოვილის ბიოფსია – თუ სავარაუდოა პროსტატის კიბო, სპეციალური ნემსით იღებენ პროსტატის ქსოვილს და ლაბორატორიულად არკვევენ მისი უჯრედების ავთვისებიანობას.

თუ ბიოფსიამ პროსტატის კიბო დაადასტურა, მომდევნო ნაბიჯი სიმსივნის აგრესიულობის განსაზღვრაა. რაც უფრო მაღალია აგრესიულობის კოეფიციენტი – გრეიდი, მით უფრო სწრაფად ვრცელდება სიმსივნე და უარესია პროგნოზი.

პროსტატის კიბოს კლასიფიკაცია მის სტადიასა და სიმსივნური უჯრედების აგრესიულობის ხარისხს ეფუძნება. სტადია მიუთითებს, რამდენად შორსაა წასული სიმსივნე და გავრცელებულია თუ არა ლიმფურ კვანძებში ან სხვა ორგანოებში. მიმართავენ პროსტატის კიბოს მორფოლოგიურ შეფასებასაც, რომლის შედეგიც გამოიხატება გლისონის ქულათა ჯამით. ის გვაწვდის ინფორმაციას უჯრედების აგრესიულობის შესახებ და გვიჩვენებს, რამდენად სწრაფად იზრდება სიმსივნე. სიმსივნე, რომელსაც გლისონის ქულათა ჯამი მაღალი აქვს, უფრო აგრესიულია და ძნელად სამკურნალო.

დაავადების დადასტურების შემდეგ სიმსივნის გავრცელების შესაფასებლად შესაძლოა სხვა გამოკვლევებიც გახდეს საჭირო: ძვლების სკანირება, კომპიუტერული და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, პოზიტრონულ-ემისიური ტომოგრაფია (საქართველოში ეს უკანასკნელი, სამწუხაროდ, არ ტარდება).

მკურნალობა

პროსტატის კიბოს მკურნალობა რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული: რამდენად სწრაფად იზრდება სიმსივნე, რამდენადაა გვრცელებული სხვა ორგანოებში და როგორია პაციენტის ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობა.

არსებობს მკურნალობის რამდენიმე მეთოდი:

* ქირურგიული. გულისხმობს პროსტატის სრულ ამოკვეთას (რადიკალური პროსტატექტომია). მოსალოდნელი გართულებებია შარდის შეუკავებლობა და ერექციული დისფუნქცია.

* კრიოთერაპია (მოყინვა). სპეციალური ნემსით, რომელიც ექოსკოპიური კონტროლით თავსდება პროსტატის სიმსივნურ მიდამოში, შეჰყავთ სპეციალური აირი, რომელიც სიმსივნურ ქსოვილსა და მის ირგვლივ მდებარე ჯანსაღ ქსოვილებს მოყინავს და შლის. როგორც ყველა პროცედურას, გვერდითი ეფექტები მასაც აქვს.

* სხივური თერაპია. სამწუხაროდ, მასაც ახლავს თან გვერდითი ეფექტები: მტკივნეული და გახშირებული შარდვა, მტკივნეული დეფეკაცია სითხის შემცველი მასებით.

* ქიმიოთერაპია. იყენებენ პროსტატის კიბოს გავრცობილი ფორმის დროს, ასევე – ალტერნატიულ ვარიანტად ჰორმონული თერაპიის უეფექტობის შემთხვევაში. ქიმიოთერაპიული პრეპარატების ორგანიზმში შეყვანა შეიძლება როგორც ვენური ინფუზიით, ისე აბებითაც.

* ჰორმონული თერაპია. გულისხმობს ჰორმონ ტესტოსტერონის სინთეზის შეზღუდვას, რადგან ტესტოსტერონის დეფიციტის დროს სიმსივნური უჯრედები აღარ მრავლდება ან მრავლდება ძალიან ნელა.

ჰორმონული თერაპია შეიძლება ჩატარდეს:

. პრეპარატებით, რომლებიც ბლოკავს ორგანიზში ტესტოსტერონის წარმოქმნას. ამ პრეპარატებს მალუთეინიზებელი რილიზინგჰორმონის აგონისტებს უწოდებენ (ლეუპროლიდი, ტრიპტორელინი, ჰისტრელინი);

. ანტიანდროგენებით – მედიკამენტებით, რომლებიც ბლოკავს სიმსივნურ უჯრედებზე ტესტოსტერონის ზემოქმედებას (ენზალუტამიდი, ფლუტამიდი, ნილუტამიდი).

* სათესლე ჯირკვლების ქირურგიული ამოკვეთა (ორქექტომია – ქირურგიული კასტრაცია).

ჰორმონული თერაპიის ყველა მეთოდი ორგანიზმში ტესტოსტერონის დონის დაწევას ემსახურება.

ხშირად ჰორმონულ თერაპიას რადიაციული თერაპიის წინ ატარებენ, რადგან ჰორმონული პრეპარტები აუმჯობესებს სიმსივნეზე სხივური თერაპიის მოქმედების შედეგს.

* ბიოლოგიური მკურნალობა – იმუნოთერაპია. აქ ბრძოლაში იმუნური სისტემა ერთვება. მკურნალობა გულისხმობს საკუთარი იმუნური უჯრედების გენური ინჟინერიით დაპროგრამებას და ორგანიზმში უკანვე შეყვანას სიმსივნესთან საბრძოლველად. მკურნალობის ეს მეთოდი იშვიათი და ძვირია და მასზე ყველას არ მიუწვდება ხელი.

პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია

პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია, იგივე პროსტატის ადენომა, 50 წელს გადაცილებულ პაციენტებთან ყველაზე გავრცელებული კეთილთვისებიანი დაავადებაა. წინამდებარე ჯირკვალი ამ დროს მკვეთრად იზრდება. პროსტატის ჰიპერპლაზია აქვს 51-დან 60 წლამდე ასაკის ყოველ მეორე მამაკაცს. დაგვეთანხმებით, შთამბეჭდავი მაჩვენებელია. წინამდებარე ჯირკვალი 2 ეტაპად იზრდება: პუბერტატულ (მომწიფების) პერიოდში ის 2-ჯერ იმატებს ზომას, ხოლო 25 წლიდან იწყება ჰიპერპლაზიის პროცესი, რომელიც 50 წლის შემდეგ პრობლემებით იჩენს თავს.

ვის ემუქრება დაავადება?

* 40 წელს გადაცილებულ მამაკაცებს;

* მამაკაცებს, რომელთა მშობლებს იგივე პრობლემა ჰქონდათ;

* სიმსუქნით და მეორე ტიპის დიაბეტით დაავადებულ მამაკაცებს;

* მამაკაცებს, რომლებიც პასიურ ცხოვრების წესს მისდევენ.

სიმპტომები იგივეა, რაც პროსტატიტისა და პროსტატის კიბოს დროს. არც დიაგნოსტიკის მეთოდებია განსხვავებული: რექტალური გასინჯვა, ექოსკოპია, პროსტატის სპეციფიკური ანტიგენის განსაზღვრა, ცისტოკოპია (შარდის ბუშტის დათვალიერება) და სხვა.

როგორ მკურნალობენ

მკურნალობისადმი მიდგომა სხვადასხვანაირია. ზოგადი სქემა მოიცავს ცხოვრების წესის შეცვლას, მედიკამენტურ, მცირეინვაზიურ და ქირურგიულ ჩარევას.

ცხოვრების წესის შესაცვლელად:

* მიიღეთ ნაკლები სითხე, განსაკუთრებით – ძილის წინ;

* ერიდეთ ალკოჰოლისა და კოფეინის შემცველ სასმელებს;

* ერიდეთ ანტიდეპრესანტებს, ანტიჰისტამინურ და შარდმდენ საშუალებებს;

* ხშირად შეასრულეთ მენჯის კუნთების გასამაგრებელი ვარჯიშები;

* ეცადეთ, თავიდან აიცილოთ ყაბზობა.

მედიკამენტური მკურნალობისას იყენებენ:

* ალფა-ბლოკატორებს – ტერასოზინს, ტამსულოზინს, სილოდოსინს. ეს პრეპარატები ამცირებს პროსტატის კუნთოვანი ქსოვილის დაჭიმულობას, რის შედეგადაც შარდსადენი შედარებით თავისუფლდება და შარდი უკეთესად გამოიყოფა.

* 5-ალფა რედუქტაზის ინჰიბიტორებს (პროსკარს). ეს პრეპარატები ამცირებს სისხლში დიჰიდროტესტოსტერონის კონცენტრაციას (ამ ნივთიერების მაღალი დონე პროსტატის ჰიპერპლაზიას უწყობს ხელს).

არსებობს კომბინირებული საშუალებები, რომლებშიც ამ ორი ჯგუფის პრეპარატებია გაერთიანებული.

თუ პროსტატის წონა 70 გრამზე მეტია, ხოლო შარდვის მაქსიმალური სიჩქარე – 10 მლ/წმ-ზე ნაკლები, მოშარდვის შემდეგ შარდის ბუშტში ნარჩენი შარდის რაოდენობა აღემატება 250 მლ-ს, ხოლო PSA – 4 ნგ/მლ-ს, აუცილებელია მკურნალობა 5-ალფა რედუქტაზის ინჰიბიტორებისა და ალფა-ბლოკერების კომბინაციით. სხვაგვარად შარდის შეკავება და ქირურგიული ჩარევა გარდაუვალია.

ქირურგიული მკურნალობა ნაჩვენებია, თუ მედიკამენტურმა შედეგი არ გამოიღო, ადენომამ განაგრძო ზრდა და თავი იჩინა ისეთმა გართულებებმა, როგორებიცაა სისხლდენა და შარდის მწვავე ან ქრონიკული შეკავება.

არსებობს ქირურგიული მკურნალობის სხვადასხვა მეთოდი: პროსტატის ტრანსურეთრული რეზექცია (TURP), ტრანსურეთრული ლაზერული განაკვეთი (TUIP), ლაზერული ქირურგია. წინამდებარე ჯირკვლისა და შარდის ბუშტის ულტრაბგერითი გამოკვლევა მეტად მნიშვნელოვანია წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის დროს (გამოკვლევა ტარდება სავსე შარდის ბუშტზე) – ამ გზით ადგენენ ადენომის ზომას, რაც მკურნალობის ტაქტიკის შერჩევისას გადამწყვეტია. თუ ადენომის წონა აღემატება 130-150 გრამს, შესაძლოა დაისვას ღია პროსტატექტომიის (პროსტატის ამოკვეთის) საკითხი.

მამაკაცის უნაყოფობა

უნაყოფობაზე ექიმები მაშინ ლაპარაკობენ, როცა ერთი წელია, წყვილს რეგულარული სქესობრივი ურთიერთობა აქვს, მაგრამ ბავშვი ჯერ კიდევ არ ჩასახულა.

საქართველოში უშვილობასთან მიმართებით მამაკაცის ფაქტორს კარგა ხანს არც კი განიხილავდნენ. ზოგი ოჯახისთვის ამ თემას დღესაც ტაბუ ადევს. ბევრს ვერ წარმოუდგენია, რომ უშვილობის მიზეზი შესაძლოა არა ქალის, არამედ მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყოს, არადა სტატისტიკა მოწმობს, რომ შემთხვევათა მესამედში სწორედ ასეა. მესამედი ქალის უნაყოფობითაა გამოწვეული, დანარჩენ შემთხვევებში კი მიზეზის დადგენა ვერ ხერხდება.

მამაკაცის უნაყოფობას მრავალი მიზეზი აქვს, სათესლეებისა და სპერმის გამომტანი სადინარების პრობლემებით დაწყებული, ჰორმონული ცვლილებებით დამთავრებული. შვილოსნობის უნარზე გავლენას ახდენს წარსულში გადატანილი მაღალი ცხელება ან ყბაყურა, ასევე – გენეტიკური დაავადებები, ცხოვრების წესი და გარემო ფაქტორები.

როგორც იცით, მამაკაცის სასქესო უჯრედები, სპერმატოზოიდები, სათესლე ჯირკვლებში წარმოიქმნება, გროვდება და სქესობრივი აქტის დასასრულს, ეაკულაციის დროს, გარეთ გამოიყოფა. მამაკაცის უნაყოფობა უმეტესად სწორედ სათესლე ჯირკვლების ფუნქციის დარღვევითაა განპირობებული. აქვე იმასაც ვიტყვით, რომ ეს მხოლოდ დიაგნოსტირებულ შემთხვევებს ეხება, რომელთა წილი მხოლოდ 50%-ია. ათიდან ხუთ შემთხვევაში მიზეზს, სამწუხაროდ, ვერ ადგენენ.

საგანგაშო ნიშნები

მამაკაცის უნაყოფობას, გარდა უშვილობისა, სხვა თვალში საცემი გამოხატულება არ გააჩნია, თუმცა ზოგჯერ პაციენტის ძირითადი დაავადებისთვის დამახასიათებელი სიმპტომებიც იჩენს თავს. უშვილობასთან შესაძლოა ასოცირებული იყოს:

* სქესობრივი დისფუნქცია, მაგალითად, ეაკულაციის გაძნელება, ეაკულირებული სითხის სიმცირე, სქესობრივი ლტოლვის გაქრობა ან შემცირება, ერექციული დისფუნქცია;

* სათესლეების ტკივილი, შესივება ან მათში არაბუნებრივი წარმონაქმნის არსებობა;

* მორეციდივე რესპირატორული ინფექცია;

* ყნოსვის უნარის დაკარგვა;

* გინეკომასტია – სარძევე ჯირკვლების გადიდება;

* სახისა და სხეულის თმოვანი საფარველის შემცირება, ქრომოსომული და ჰორმონული დარღვევის სხვა ნიშნები;

* სპერმატოზოიდების რაოდენობის შემცირება, როცა 1 მლ სპერმაში სპერმატოზოიდი 15 მილიონზე ნაკლებია ან ერთჯერადი ეაკულაციისას – 39 მილიონზე ნაკლები.

ჯანსაღი პროცესი

მამაკაცის ფერტილური ფუნქცია კომპლექსურია ანუ რამდენიმე კომპონენტს მოიცავს. პარტნიორის დასაორსულებლად აუცილებელია შემდეგი პირობები:

* მამაკაცმა უნდა გამოიმუშაოს ჯანსაღი სპერმატოზოიდები, რისთვისაც სქესობრივი მომწიფების პერიოდში მისი რეპროდუქციული ორგანოების ზრდა-განვითარება ნორმალურად უნდა წარიმართოს. მამაკაცს ბავშვის ჩასახვის უნარი რომ ჰქონდეს, ერთი სათესლე ჯირკვალი მაინც უნდა ფუნქციობდეს გამართულად. გარდა ამისა, ორგანიზში უნდა გამომუშავდებოდეს ტესტოსტერონი და სხვა ჰორმონები, რომლებიც აუცილებელია სპერმის წარმოქმნის პროცესისთვის.

* სპერმატოზოიდები სპერმის შემადგენლობაში უნდა გადავიდეს. მამაკაცის სასქესო უჯრედები სათესლე ჯირკვლებში წარმოიქმნება, საიდანაც სპეციალური მილაკების საშუალებით გამოდის გარეთ და ერევა სპერმას.

* სპერმაში საკმარისი რაოდენობის სპერმატოზოიდი უნდა იყოს. თუ მათი შემცველობა დაბალია, მცირდება კვერცხუჯრედის განაყოფიერების შანსი.

* სპერმატოზოიდები უნდა იყოს ფუნქციურად აქტიური და მოძრავი. თუ მათი მოძრაობის უნარი ან ფუნქცია დარღვეულია, შესაძლოა, ვერ გაარღვიონ კვერცხუჯრედის გარსი და ვერ გაანაყოფიერონ იგი.

არაჯანსაღი ფაქტორები

მამაკაცის უნაყოფობას მიზეზი, როგორც გითხარით, მრავლად აქვს. უნაყოფო მამაკაცთა 10-15%-ს სპერმატოზოიდების შესამჩნევი დეფიციტი აღენიშნება. ეს, თავის მხრივ, ყველაზე ხშირად ვარიკოცელეთია გამოწვეული, რომელიც უშვილო მამაკაცების 40%-თან გვხვდება.

მოდი, გავეცნოთ შვილოსნობის ფუნქციის დარღვევის ყველაზე გავრცელებულ მიზეზებს:

* ვარიკოცელე, სათესლე ჯირკვლის ვენების ვარიკოზული გაგანიერება, მამაკაცის უნაყოფობის ყველაზე გავრცელებული, მაგრამ შექცევადი მიზეზია. საგულისხმოა, რომ ვარიკოცელეს დროს უნაყოფობის განვითარების მექანიზმი უცნობია. სავარაუდოდ, მთავარი ფაქტორია სათესლე ჯირკვლის ტემპერატურული რეჟიმის რეგულაციის დარღვევა ვენების გაფართოების გამო. ვარიკოცელეს დროს სპერმაში სერმატოზოიდების რაოდენობა, წესისამებრ, მცირდება. მკურნალობა უმეტესად აუმჯობესებს სპერმის ხარისხს და პოტენციურად ზრდის მამაკაცის რეპროდუქციულ შესაძლებლობებს, განსაკუთრებით – დამხმარე რეპროდუქციულ საშუალებებთან ერთად.

* ინფექციები. ზოგი ინფექციული დაავადება გავლენას ახდენს სპერმის როგორც წარმოქმნაზე, ისე ხარისხზეც. შარდსასქესო სისტემის ინფექციური დაავადება ზოგჯერ სპერმის გამომტან გზებს აზიანებს. ეს დაავადებებია: ეპიდიდიმიტი – ეპიდიდიმის, დანამატის თავის, ანთება; ორქიტი – სათესლე ჯირკვლების ანთება; სქესობრივი გზით გადამდები ზოგიერთი დაავადება, მათ შორის – გონორეა და აივ-ინფექცია. მიუხედავად იმისა, რომ ინფექციური დაავადებები სათესლე ჯირკვლების პერმანენტულ დაზიანებას იწვევს, მკურნალობის შემდეგ სპერმის ფუნქცია უმეტესად აღდგება.

* ეაკულაციის დარღვევა. დარღვევის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ტიპია რეტროგრადული ეაკულაცია – ორგაზმის დროს სპერმა გარეთ გამოყოფის ნაცვლად უკან ბრუნდება და შარდის ბუშტში ხვდება. რეტროგრადული ეაკულაცია შესაძლოა გამოწვეული იყოს დიაბეტით, ზურგის ტვინის დაზიანებით, ზოგიერთი მედიკამენტის მოხმარებით, შარდის ბუშტის, წინამდებარე ჯირკვლის ან შარდსადენის გადატანილი ოპერაციით. ზოგიერთი სამედიცინო მდგომარეობის, მაგალითად, ზურგის ტვინის დაზიანების დროს სათესლეებში ნორმალური სპერმა გამომუშავდება, მაგრამ დარღვეულია ეაკულაცია. ასეთ დროს სპერმას შესწევს განაყოფიერების უნარი, მაგრამ საამისოდ დამხმარე რეპროდუქციული მეთოდების გამოყენებაა საჭირო.

* სპერმის საწინააღმდეგო ანტისხეულები. ამ ანტისხეულებს გამოიმუშავებს მამაკაცის იმუნური სისტემა, რომელიც სპერმატოზოიდებს შეცდომით უცხო უჯრედებად, “დამპყრობლებად” აღიქვამს და მათ განადგურებას ცდილობს.

* სიმსივნეები. მამაკაცის რეპროდუქციული ფუნქციის დაზიანება სიმსივნურ პროცესსაც შეუძლია. მაგალითად, ჰიპოფიზის სიმსივნე ჰორმონულ დისბლანსს იწვევს, სიმსივნური პროცესის სამკურნალოდ გამოყენებულ სხივურ თერაპიასა და ქიმიოთერაპიას ზოგჯერ უშვილობამდე მივყავართ.

* კრიპტორქიზმი – სათესლეების ჩამოუსვლელობა სათესლე პარკში. ზოგჯერ სათესლე ჯირკვალი, რომელიც მუცლად ყოფნის პერიოდში მუცლის ღრუშია და იქ ვითარდება, სათესლე პარკში აღარ ჩამოდის და მუცლის ღრუშივე ან საზარდულის არხში რჩება. კრიპტორქიზმის მქონე მამაკაცებთან, განსაკუთრებით – ორივე სათესლის ჩამოუსვლელობისას, უშვილობა საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა.

* ჰორმონული დისბალანსი. უშვილობის მიზეზი შესაძლოა იყოს როგორც თავად სათესლე ჯირკვლების, ისე სხვა ჰორმონული სისტემების, უწინარესად – ჰიპოთალამუსის, ჰიპოფიზის, ფარისებრი და თირკმელზედა ჯირკვლების, ფუნქციის მოშლით გამოწვეული დარღვევებიც. ტესტოსტერონის დაბალი დონე (მამაკაცური ჰიპოგონადიზმი) და სხვა ჰორმონული დარღვევები შესაძლოა სხვა ძირითადმა დაავადებამაც გამოიწვიოს.

* თესლის გამომტანი სადინარების დახშობა. სპერმის ტრანსპორტირებაში მრავალი მილაკი და სადინარი მონაწილეობს. მათ დახშობას ბევრი რამ იწვევს, მათ შორის – დაუდევარი ქირურგიული ჩარევა, გადატანილი ინფექციური დაავადება, ტრავმა, განვითარების დარღვევა, მაგალითად, ცისტური ფიბროზი ან სხვა გენეტიკური დაავადება. ბლოკი შესაძლოა ნებისმიერ დონეზე განვითარდეს – სათესლე ჯირკვლებში, მადრენირებელ მილაკებში, დანამატის თავში, თესლის გამომტან სადინარში, ეაკულაციური მილის ახლოს ან შარდსადენში.

* ქრომოსომული ანომალიები. კლაინფელტერის სინდრომის დროს მამაკაცი იბადება ორი X და ერთი Y ქრომოსომით და მისი რეპროდუქციული ორგანოები არასწორად ვითარდება. სხვა გენეტიკურ დაავადებათაგან, რომლებიც მამაკაცის უშვილობასთანაა ასოცირებული, ყველაზე ხშირად ცისტური ფიბროზი, კალმანის სინდრომი და კართაგენერის სინდრომი გვხვდება.

* სქესობრივ აქტთან დაკავშირებული დარღვევები – ერექციული დისფუნქცია, ნაადრევი ეაკულაცია, მტკივნეული კოიტუსი, ანატომიური ანომალიები, მაგალითად, ჰიპოსპადიაზი, როცა შარდსადენი მილის გარეთა ხვრელი პენისის ქვეშ იხსნება. ასევე მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური ფაქტორი და პარტნიორთან ურთიერთობის სირთულეები.

* ცელიაკია. საჭმლის მონელების თანდაყოლილმა დარღვევამ, რომელიც გლუტენის მიმართ მგრძნობელობასთანაა ასოცირებული, შესაძლოა მამაკაცური უშვილობაც გამოიწვიოს. ადაპტირებული, გლუტენისგან გაწმენდილი დიეტის დაცვის შემდეგ მდგომარეობა, წესისამებრ, უმჯობესდება.

* ზოგიერთი მედიკამენტი. ტესტოსტერონით ჩანაცვლებით თერაპიას, ანაბოლური სტეროიდების ხანგრძლივ მიღებას, სიმსივნის საწინააღმდეგო ქიმიოთერაპიას, ზოგიერთი სოკოვანი ინფექციის ან წყლულის სამკურნალო თერაპიას შეუძლია, უარყოფითი გავლენა მოახდინოს სპერმის წარმოქმნაზე და მამაკაცის ფერტილური ფუნქცია დათრგუნოს.

* გადატანილი ოპერაციები. ზოგიერთი ოპერაციის შემდეგ შესაძლოა ეაკულატში სპერმატოზოიდები ვეღარ მოხვდეს. მათ შორისაა ვაზექტომია (თესლგამომტანი სადინარის ამოკვეთა), საზარდულის თიაქრის პლასტიკა, სათესლე პარკის ან ჯირკვლის ოპერაცია, პროსტატის ოპერაცია, ფართო ოპერაცია მუცლის ღრუზე სათესლის ან სწორი ნაწლავის სიმსივნის დროს. ქირურგიული ჩარევით თესლის გამომტანი გზების აღდგენა უმეტესად შესაძლებელია.

მამაკაცის რეპროდუქციულ ფუნქციაზე არანაკლებ გავლენას ახდენს გარემო ფაქტორებიც. ზოგიერთი ფაქტორის, მაგალითად, სიცხის, ტოქსინებისა და ქიმიური ნივთიერებების, ზედმეტ ექსპოზიციას სპერმის გამოყოფის შემცირება შეუძლია. განსაკუთრებით საგულისხმო ფაქტორებია:

* ინდუსტრიული ქიმიური ნარჩენები. ბენზინის, ტოლუოლის, ქსილოლის, პესტიციდების, ჰერბიციდების, ორგანული გამხსნელების, საღებავებისა და ტყვიის ხანგრძლივი ექსპოზიცია ხელს უწყობს სპერმაში სპერმატოზოიდების რაოდენობის შემცირებას.

* მძიმე მეტალები. ტყვიასთან ან სხვა მძიმე მეტალებთან ხანგრძლივმა კონტაქტმა შესაძლოა მამაკაცის უნაყოფობა გამოიწვიოს.

* რადიაცია და რენტგენის სხივები. რადიაციის ზემოქმედების არეში დიდხანს ყოფნაც ამცირებს სპერმის პროდუქციას, თუმცა განსაზღვრული ხნის შემდეგ ის, წესისამებრ, უბრუნდება ნორმალურ დონეს.

* სათესლეების გადახურება. მაღალი ტემპერატურა აფერხებს სპერმის წარმოქმნას და ვნებს მის ფუნქციას. არსებობს ვარაუდი, რომ სპერმატოზოიდების რაოდენობას დროებით ამცირებს საუნით ხშირი სარგებლობაც, თუმცა ამ საკითხზე კვლევები მცირერიცხოვანი და ნაკლებსარწმუნოა. 

ზოგადი ჯანმრთელობა, ცხოვრების წესი და სხვა მიზეზები

ზემოთ ჩამოთვლილ ფაქტორებთან ერთად მამაკაცის უშვილობის მიზეზთა ნუსხას მიაკუთვნებენ:

* აკრძალული პრეპარატების მიღებას. კუნთოვანი მასის გასაზრდელად ანაბოლური სტეროიდების მიღებისას სათესლე ჯირკვლები შესაძლოა დაპატარავდეს და სპერმის პროდუქციამ იკლოს. ზოგჯერ ამავე, თუმცა დროებით, ეფექტს ახდენს კოკაინისა და მარიხუანას მოხმარებაც.

* ალკოჰოლის მოხმარება. ალკოჰოლი, გარდა იმისა, რომ ამცირებს ტესტოსტერონის დონეს, ერექციულ დისფუნქციას და სპერმის პროდუქციის დაქვეითებასაც უწყობს ხელს. თავის მხრივ, შვილოსნობის პრობლემებს იწვევს ალკოჰოლის ჭარბი მოხმარებით გამოწვეული ღვიძლის დაავადებებიც.

* თამბაქოს წევა. დადგენილია, რომ მწეველ მამაკაცებს არამწეველებზე დაბალი ხარისხის სპერმა აქვთ. ამ თვალსაზრისით პასიური მწეველობაც საზიანოა.

* ემოციური სტრესი. სტრესმა შესაძლოა ჰორმონული დისბალანსი გამოიწვიოს, მწვავე ან გახანგრძლივებულ სტრესს კი შვილოსნობის პრობლემების გამოწვევაც შეუძლია.

* წონა. სიმსუქნე არღვევს მამაკაცის შვილოსნობის უნარს. ის, გარდა იმისა, რომ იწვევს ჰორმონულ დისბალანსს, სპერმაზე უშუალო გავლენასაც ახდენს.

* ცხოვრების წესი. დიდხანს ჯდომამ, მაგალითად, კომპიუტერთან მუშაობისას, და მჭიდრო შარვალმა თუ ტრუსმა შესაძლოა სათესლე პარკში ტემპერატურის მომატება გამოიწვიოს და რამდენადმე შეამციროს სპერმის წარმოქმნა. ზოგიერთი პროფესიაც, რომლებიც დიდხანს ჯდომას ან მაღალი ტემპერატურის წყაროსთან ხანგრძლივ კონტაქტს მოითხოვს (შემდუღაბებელი, მძღოლი), უშვილობის რისკფაქტორია.

* ასაკი. ცნობილია, რომ 35 წლიდან მამაკაცის ფერტილური უნარი თანდათან მცირდება.

როდის მივიდეთ ექიმთან

ზემოთქმულის კვალობაზე, როდესაც წყვილს უშვილობის პრობლემა აქვს, მამაკაცის გამოკვლევა ისევე მნიშვნელოვანია, როგორც ქალისა. ექიმთან დროულა მისვლა მამაკაცს მეუღლის არარსებული “უნაყოფობის” მკურნალობისთვის დახარჯულ დროსა და თანხას დააზოგვინებს. ექიმის კონსულტაცია აუცილებელია, თუ რეგულარული დაუცველი სექსის მიუხედავად, უკვე წელიწადზე მეტია, უშედეგოდ ცდილობთ ბავშვის ჩასახვას ან:

* უჩივით ერექციულ ან ეაკულაციურ დისფუნქციას, დაბალ სექსუალურ პოტენციას ან სქესობრივი ფუნქციის სხვა პრობლემებს;

* ტკივილს, დისკომფორტს, შესივებას ან კვანძს სათესლეების არეში;

* ოდესმე გქონდათ სათესლეების, წინამდებარე ჯირკვლის ან სქესობრივი ფუნქციის პრობლემები;

* ოდესმე გადაგიტანიათ ქირურგიული ჩარევა საზარდულზე, სათესლეებზე, სასქესო ასოზე ან სათესლე პარკზე.

მამაკაცის უნაყოფობის დიაგნოსტირება ადვილია: ექიმი ჯერ ანამნეზს შეკრებს, დაგისვამთ კითხვებს თანდაყოლილი, გადატანილი თუ ქრონიკული დაავადებების, გადატანილი ოპერაციების, სქესობრივი უნარ-ჩვევებისა და განვითარების შესახებ, შემდეგ გაგსინჯავთ და სპერმის ანალიზისთვის გაგგზავნით. ყველა მთავარ კითხვაზე ხშირად სპერმოგრამაც იძლევა პასუხს, მაგრამ ზოგჯერ საჭიროა დამატებითი გამოკვლევაც, მაგალითად:

* სათესლე პარკის ექსოკოპია – მისი მეშვეობით აფასებენ სათესლე ჯირკვლებს, დანამატებსა და სათესლე პარკს. ვარიკოცელეს დიაგნოსტირებაც ულტრასონოგრაფიითაა შესაძლებელი.

* ჰორმონული სტატუსის შეფასება – ჰიპოფიზის, ჰიპოთალამუსის და სათესლეების მიერ გამომუშავებული ჰორმონები გადამწყვეტ როლს ასრულებს სქესობრივი განვითარების პროცესსა და სპერმის პროდუქციაში. ჰორმონულმა დისბალანსმა შესაძლოა ფერტილობის დარღვევა გამოიწვიოს.

* პოსტეაკულაციური (ეაკულაციის შემდგომი) შარდის ანალიზი – მისი მეშვეობით გამოირიცხება შარდში სპერმის არსებობა და, ამის კვალობაზე, რეტროგრადული ეაკულაციაც.

* გენეტიკური ტესტები – როცა სპერმატოზოიდების კონცენტრაცია უკიდურესად მცირეა, შესაძლოა, საქმე გვქონდეს გენეტიკურ მიზეზთან. სისხლის ანალიზის მეშვეობით შესაძლებელია ზოგიერთი გენეტიკური ანომალიის გამოვლენა.

* სათესლე ჯირკვლების ბიოფსია – ამ დროს სათესლიდან ნემსით იღებენ პატარა ნიმუშს და მიკროსკოპით შეისწავლიან. თუ გაირკვა, რომ სპერმის გამომუშავება ნორმალურია, მაშასადამე, პრობლემა თესლის გამომყოფ გზებშია საძიებელი.

* სპერმის ფუნქციური სინჯები – არსებობს ტესტები, რომელთა მეშვეობითაც ადგენენ, როგორ გადარჩება სპერმატოზოიდი ეაკულაციის შემდეგ, შეძლებს თუ არა კვერცხუჯრედის გარსის გარღვევას, არის თუ არა სხვა პრობლემა. პრაქტიკაში ამ ტესტებს იშვიათად იყენებენ, ვინაიდან დიდად არ ცვლის მკურნალობის ტაქტიკას.

უნაყოფობა ხშირად იკურნება!

შემთხვევათა ნახევარზე მეტში მამაკაცის უნაყოფობა იკურნება. მკურნალობის შემდეგ წყვილს შეუძლია, ბუნებრივი გზით იყოლიოს შვილი. თუ კონსერვატიული მკურნალობა ეფექტური არ აღმოჩნდა, არსებობს ქირურგიული მეთოდებიც.

ვარიკოცელესგან განკურნება მხოლოდ ქირურგიული გზითაა შესაძლებელი. ოპერაციული ჩარევაა საჭირო თესლის გამომტანი სადინარის ბლოკირების დროსაც. თუ ინფექციურ დაავადებასთან გვაქვს საქმე, ანტიბიოტიკოთერაპის დაგვჭირდება, თუმცა, ცხადია, ეს უშვილობის პრობლემის ავტომატურ მოგვარებას არ ნიშნავს. ერექციული დისფუნქციისა და ნაადრევი ეაკულაციის დროს აუცილებელია სექსოლოგის კონსულტაცია, მედიკამენტური მკურნალობა, ზოგჯერ კი – ფსიქოლოგის კონსულტაციაც.

ჰორმონული დისბალანსის დროს საჭიროა მისი კორექცია ჩანაცვლებითი თერაპიის მეშვეობით.

თუ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი გზა მოვსინჯეთ, მაგრამ ბუნებრივ ორსულობას მაინც ვერ მივაღწიეთ, დღის წესრიგში დადგება დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების გამოყენების საკითხი. სპერმის მიღება შესაძლებელია როგორც ნორმალური ეაკულაციის, ისე ქირურგიული ექსტრაქციის საშუალებით. შეიძლება დონორის სპერმის გამოყენებაც – ეს კონკრეტულ შემთხვევასა და პაციენტის სურვილზეა დამოკიდებული.

სასქესო ასოს პრობლემებირას ველოდეთ დ აროგორ ავიცილოთ თავიდან

საქართველოში მამაკაცთა უმრავლესობა სასქესო ასოსთან დაკავშირებული სირთულეების დროს არა ექიმს, არამედ ინტერნეტს მიმართავს. სამედიცინო თუ არასამედიცინო ფორუმები სავსეა ასეთი პრობლემების შესახებ დასმული კითხვებით. რა არის ნორმა და რა – პათოლოგია? როდის უნდა მივიდეთ ექიმთან? რა იწვევს მტკივნეულ ერექციას და, საზოგადოდ, პენისის ტკივილს? – ეს ის კითხვებია, რომლებიც ყველა მამაკაცს აწუხებს.

მოდი, მარტივით დავიწყოთ. ზოგი მამაკაცის პენისი ერეგირებულ მდგომარეობაში ოდნავ დეფორმულია – რომელიმე მხარეს იხრება. ცხადია, იბადება კითხვა: რამე დარღვევასთან ხომ არ გვაქვს საქმე? მოხრილი პენისი საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა, მაგრამ ამის გამო ნერვიულობას მხოლოდ მაშინ აქვს აზრი, თუ დეფორმაცია მტკივნეულ ერექციას იწვევს ან სქესობრივი აქტის ჩატარებაში გიშლით ხელს, უმეტესად კი მას არავითარი მკურნალობა არ სჭირდება. დისკომფორტის შემთხვევაში აუცილებლად მიმართეთ უროლოგს.

“მამაკაცურ ღირსებას” არაერთი “მტერი” ჰყავს – გულის დაავადებები, დიაბეტი, ზოგიერთი პრეპარატი, ჰორმონული დისბალანსი, ნევროლოგიური და ფსიქოლოგიური პრობლემები, თამბაქო, ასაკი ერექციულ დისფუნქციას უწყობს ხელს, დაუცველი სექსისა და პენისის პირსინგის დროს არსებობს ინფიცირების რისკი, ხოლო აგრესიული ან აკრობატული სექსის შემთხვევაში მამაკაცმა შესაძლოა პენისის მოტეხილობაც კი მიიღოს.

ყველაზე გავრცელებული პრობლემების – ერექციული დისფუნქციისა და ეაკულაციის დარღვევის – შესახებ უკვე ვისაუბრეთ. სიხშირით მეორე ადგილზეა სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები, მათ შორის – გენიტალური მეჭეჭები, გონორეა, ქლამიდია, სიფილისი და გენიტალური ჰერპესი. ამ დაავადებების საერთო და ყველაზე გავრცელებული ჩივილებია მტკივნეული შარდვა, გამონადენი სასქესო ასოდან, წყლულები და ბუშტუკები პენისისა და გენიტალურ არეში.

საკმაოდ გავრცელებული პათოლოგიაა ფიმოზიც. ამ დროს პენისის მფარავი ჩუჩის ასოს თავზე გადაწევა შეუძლებელია. ფიმოზი თანდაყოლილიც შეიძლება იყოს და შეძენილიც. ის შესამჩნევ დისკომფორტს იწვევს, განსაკუთრებით – სქესობრივი აქტის დროს. როცა ერეგირებული ასო დიდდება, ჩუჩის კიდეებთან მიკრონახეთქები ჩნდება, რაც საკმაოდ მტკივნეულია. დაავადების შორს წასული შემთხვევების დროს ძნელდება შარდვაც. ფიმოზის მკურნალობის ერთადერთი მეთოდი ოპერაციულია და ჩუჩის მოკვეთას ანუ ცირკუმციზიას გულისხმობს.

პარაფიმოზი ფიმოზის ერთ-ერთი გართულებაა. ამ დროს სასქესო ასოს თავი ჩუჩაში იჭედება, რის შედეგადაც ასოს თავი და ჩუჩა შუპდება. ამ დროს დაუყოვნებელი ქირურგიული ჩარევაა საჭირო.

ფიმოზის კიდევ ერთი გართულებაა ბალანოპოსტიტი – ასოს თავისა და ჩუჩის შიგნითა ფურცლის ანთება. ის, წესისამებრ, ასოს მიდამოში ტკივილით, სიწითლითა და გამონადენით მიმდინარეობს. ბალანოპოსტიტის მიზეზი ფიმოზის დროს ასოს თავსა და ჩუჩას შორის სპეციფიკური ნივთიერების დაგროვებაა, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ბაქტერიების გამრავლებისა და ანთებითი პროცესის განვითარებისთვის. არ არის გამორიცხული, ბალანოპოსტიტი, თავის მხრივ, საშარდე გზების აღმავალი ინფექციით გართულდეს. ამის კვალობაზე, ფიმოზის დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჰიგიენის წესების ზედმიწევნით დაცვა და ასოს თავის რეგულარული ბანა.

პეირონის დაავადება ქრონიკული მდგომარეობაა, რომელიც ზრდასრული მამაკაცების 3-9 პროცენტთან გვხვდება. ამ დროს ასოს სტრუქტურაში პათოლოგიური შემაერთებელი ქსოვილი ვითარდება, ზოგჯერ – ფოლაქების სახითაც კი. აღნიშნულმა პროცესმა შესაძლოა სასქესო ასოს მოხრა ან პრიაპიზმი – მტკივნეული ერექცია – გამოიწვიოს. სამწუხაროდ, დაავადების უშუალო მიზეზი უცნობია. პეირონის დაავადებას უმეტესად მედიკამენტურად მკურნალობენ. მხოლოდ შორს წასულ შემთხვევებში შეიძლება გახდეს საჭირო ქირურგიული ჩარევა.

პენისის მოტეხილობა იშვიათი, მაგრამ სერიოზული პათოლოგიაა. ის ერეგირებული ასოს უეცარი ძლიერი ტრავმის შედეგად ვითარდება. თან ახლავს ტკივილი, სპეციფიკური ტკაცუნი, ერექციის მყისიერი გაქრობა და ასოს გალურჯება. ტრავმის დროს ზოგჯერ შარდსადენიც ზიანდება, ამიტომ არც შარდში სისხლის გაჩენაა გამორიცხული. პენისის მოტეხილობა სასწრაფო ქირურგიულ ჩარევას მოითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში მოსალოდნელია ასოს დეფორმაცია და ერექციული დისფუნქცია.

სასქესო ასოს სიმსივნეც იშვიათია. თავდაპირველად მან შესაძლოა თავი იჩინოს ჩუჩაზე, ასოს თავზე ან სხეულზე მცირე ზომის ბებერას სახით, დროთა განმავლობაში კი მეჭეჭისმაგვარ წარმონაქმნში გადაიზარდოს. დროულად გამოვლენილი პენისის სიმსივნე კარგად ემორჩილება მკურნალობას, ამიტომ ასოზე წარმონაქმნის აღმოჩენისას ნუ გადადებთ ექიმთან ვიზიტს.

როგორ ავიცილოთ თავიდან?

* დაიცავით თავი – გამოიყენეთ პრეზერვატივი და ერიდეთ პარტნიორების ხშირ ცვლას. სქესობრივი კავშირის დამყარებამდე დარწმუნდით, რომ პარტნიორს არ აქვს სქესობრივი გზით გადამდები დაავადება.

* ჩაიტარეთ ვაქცინაცია – თუ ჯერ არ გამხდარხართ 27 წლის, გენიტალური მეჭეჭებისგან თავის დასაცავად შეგიძლიათ ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაიტაროთ.

* ფიზიკურად იაქტიურეთ – ეს მაქსიმალურად შეამცირებს ერექციასთან დაკავშირებულ პრობლემებს.

* დაიცავით ჰიგიენის წესები, განსაკუთრებით მაშინ, თუ ცირკუმციზია არ ჩაგიტარებიათ. რეგულარულად იბანეთ პენისი წყლითა და საპნით.

ერექციული დისფუნქცია და სხვა პრობლემები

თუ ახალგაზრდა კაცს ჰკითხავთ, რომელი დაავადება აშინებს ყველაზე მეტად, აღმოაჩენთ, რომ ასეთ დაავადებათა ნუსხაში კიბოს შემდეგ პირველ ადგილს ერექციული დისფუნქცია იკავებს. ხალხში ეს დარღვევა უფრო იმპოტენციის სახელითაა ცნობილი, თუმცა მედიცინის სფეროს წარმომადგენლები ტერმინ “ერექციულ დისფუნქციას” ანიჭებენ უპირატესობას.

მამაკაცებს შორის ყველაზე გავრცელებული სქესობრივი დარღვევა სწორედ ერექციული დისფუნქციაა. სხვადასხვა მონაცემებით, ის მოწიფული ასაკის მამაკაცთა 25-35%-ს აწუხებს. რამდენად სერიოზულია პრობლემა?

ერექციული დისფუნქცია სიცოცხლეს საფრთხეს არ უქადის, თუმცა სტრესის მძლავრი წყაროა. როგორ უნდა მოიქცეს მამაკაცი ამ დროს? მიუხედავად იმისა, რომ "უსექსო" საბჭოთა კავშირში აღარ ვცხოვრობთ და გარეთ ოცდამეერთე საუკუნეა, ზოგისთვის სექსი ტაბუდადებულ თემად რჩება, ინტიმურ საკითხებზე საუბარი დღესაც ბევრს უჭირს. ამიტომაა, რომ ერექციული დისფუნქციის ნამდვილ მიზეზებს ცოტა თუ იცნობს.

რას ეწოდება ერექციული დისფუნქცია?

ერექციული დისფუნქცია – ეს არის დაქვეითება მამაკაცის უნარისა, ადეკვატურ სიტუაციაში მიაღწიოს ხარისხიან ერექციას და შეინარჩუნოს ის სრულფასოვანი სქესობრივი აქტის ჩასატარებლად.

ერექციასთან დაკავშირებული პრობლემები დროდადრო ჯანმრთელ მამაკაცსაც აწუხებს. ეს საგანგაშო არ არის, მაგრამ როცა ერექციის უკმარისობა ხშირად მეორდება, ვითარების სათანადოდ მართვაა საჭირო. სხვაგვარად მამაკაცი განიცდის სტრესს, უქვეითდება თვითშეფასება, უფუჭდება ურთიერთობა პარტნიორთან. ზოგჯერ საქმე დეპრესიამდეც კი მიდის.

ერექციის ფიზიოლოგია

ერექციისთვის მამაკაცს სჭირდება სექსუალური სტიმული, ჰეტეროგენულ წყვილებში – საპირისპირო სქესის წარმომადგენელი. მხედველობითი ინფორმაცია გადაეცემა ტვინს, რის შემდეგაც სასქესო ასოსკენ არტერიული სისხლის დიდი ნაკადი მიედინება. ასო, უხეშად რომ ვთქვათ, ერთგვარი რეზერვუარია, რომლის შემადგენელი ლაკუნები ამ დროს სისხლით გადაივსება. ასოში არსებული სპეციალური ფასციები იჭიმება და მიჭყლეტს ვენებს, რათა სისხლი ასოდან უკანვე აღარ გაედინოს. ასე მიიღწევა სრულფასოვანი ერექცია. ეაკულაციის (სპერმის დაღვრის), სქესობრივი აქტის დასრულების ან გამაღიზიანებელი ობიექტის გაქრობის შემდეგ ერექცია უკუვითარდება, ხდება დეტუმესცენცია – ასო დუნდება.

ვავლენთ დამნაშავეს

ერექციულ დისფუნქციას ფსიქოგენური მიზეზიც შეიძლება ჰქონდეს და ორგანულიც.

ახალგაზრდებში ფსიქოგენური ერექციული დისფუნქცია ჭარბობს. ამის მიზეზი დაბალი თვითშეფასება, გაუბედაობა, მარცხის მოლოდინია. დისფუნქციის მიზეზი ასევე შეიძლება იყოს ისეთი ფსიქოლოგიური პრობლემებიც, როგორებიცაა დეპრესია, შფოთვა, სტრესი.

ერექციული დისფუნქცია ზოგჯერ რომელიმე დაავადებითაა განპირობებული, რომლის განკურნების შემდეგ ერექციის უნარი აღდგება.

35-40 წლიდან ერექციული დისფუნქციის მიზეზად უმეტესად რამდენიმე ორგანული პათოლოგია გვევლინება:

* გულ-სისხლძარღვთა დაავადებები – ათეროსკლეროზი, არტერიული ჰიპერტენზია, სისხლში ქოლესტერინის მომატება;

* დიაბეტი – მოგეხსენებათ, ის წვრილ სისხლძარღვებსა და ნერვებს აზიანებს. ამის კვალობაზე, ერექციის პრობლემებიც იჩენს თავს;

* ჭარბი წონა ან მეტაბოლური სინდრომი;

* ზოგიერთი ნეიროდეგენერაციული დაავადება – პარკინსონის დაავადება, გაფანტული სკლეროზი;

* პენისის პრობლემები, მათ შორის – პრეონის დაავადება. ამ დროს სასქესო ასოს სტრუქტურაში შემაერთებელი ქსოვილი ვითარდება.

ერექციული დისფუნქცია შეიძლება იყოს რომელიმე მედიკამენტის გვერდითი ეფექტი. ნარკოტიკები და ალკოჰოლიც, თავისთავად, იწვევს ერექციის პრობლემებს, ლიბიდოს ანუ სქესობრივი ლტოლვის დაქვეითებას და ეაკულაციის დარღვევას.

მავნე გავლენას ახდენს თამბაქოც. ცნობილია, რომ ნიკოტინი აზიანებს სისხლძარღვებს და იწვევს მათ სპაზმს. ასე რომ, თუ მამაკაცს ერექციული დისფუნქცია განუვითარდა, სასურველია, მოწევას თავი დაანებოს.

პროსტატის, წინამდებარე ჯირკვლის, პრობლემები ერექციულ ფუნქციაზე არცთუ დიდ გავლენას ახდენს, მაგრამ მასზე ჩატარებული ოპერაციის გართულებამ შესაძლოა იმპოტენციამდე მიგვიყვანოს. ყველაზე გავრცელებული გართულებაა რეტროგრადული ეაკულაცია, რომლის დროსაც სპერმა გარეთ კი არ გამოიყოფა, არამედ შარდის ბუშტში იღვრება. ეს ერთგვარ დისკომფორტს იწვევს, თუმცა ერექციას და, საზოგადოდ, სქესობრივ ცხოვრებას ხელს არ უშლის. გაცილებით საშიშია რადიკალური პროსტატექტომია, როცა დაავადების შორს წასული ფორმის დროს წინამდებარე ჯირკვალს მთლიანად ამოკვეთენ – ამ დროს შესაძლოა დაზიანდეს ის ნერვები და სისხლძარღვები, რომლებიც ერექციას უზრუნველყოფს.

ავადმყოფობა თუ პენსიაზე გასვლა?

სტატისტიკურად, ერექციული დისფუნქცია ყველაზე ხშირად 35-დან 50 წლამდე გვხვდება. ადრეულ, 18-19 წლის ასაკში თავჩენილი ერექციის პრობლემა, როგორც წესი, ერთჯერადია და ერექციულ დისფუნქციას არ ნიშნავს. მისი მიზეზი შესაძლოა იყოს არასასურველი პარტნიორი, გარემო, განწყობა... ამის კვალობაზე, მეტად მნიშვნელოვანია პირველი სქესობრივი კონტაქტი. დიდი მნიშვნელობა აქვს მამაკაცისა და მისი პარტნიორის სქესობრივი კულტურის დონესაც.

ასაკთან ერთად პოტენციის დაქვეითება კანონზომიერია. სათესლე ჯირკვლები უწინდებურად ინტენსიურად ვეღარ გამოიმუშავებს მამაკაცის სასქესო ჰორმონებს – ანდროგენებს, სისხლძარღვები და ნერვებიც ზიანდება, მრავლდება პირადი თუ სოციალური პრობლემები. ამ ფაქტორების გავლენით თავს იჩენს ერექციის უკმარისობაც.

ვის მივმართოთ

ერექციული დისფუნქციის დიაგნოსტიკა და მკურნალობა სექსოლოგის კომპეტენციაა. პრობლემის სათავის ძიებისას დიდი მნიშვნელობა აქვს ანამნეზს. სექსოლოგისთვის საინტერესოა, როგორ ვითარდებოდა მამაკაცი მომწიფების პერიოდში, როდის გამოეხატა პირველადი და მეორეული სასქესო ნიშნები, როდის ჰქონდა პირველი პოლუცია – სპერმის უნებლიე გამოყოფა, პირველი სქესობრივი კონტაქტი და რა სახის დაბრკოლება შეხვდა მას.

ერექციული დისფუნქციის მიზეზის დასადგენად ექიმმა შესაძლოა გირჩიოთ:

* სასქესო ასოში სისხლის მიმოქცევის გამოკვლევა, რაც ასოს არტერიების დოპლეროგრაფიას გულისხმობს. ამ დროს იზომება სასქესო ასოში სისხლის დინების სიჩქარე.

* მედიკამენტური ტესტირება — იწვევენ ხელოვნურ ერექციას და აკვირდებიან მის ხანგრძლივობას, რის საფუძველზეც ადგენენ, ფსიქოგენურია დისფუნქცია თუ ორგანული.

* ღამის ერექციების მონიტორინგი. მთელი ღამის განმავლობაში, ძილის დროს, მამაკაცს 5-6-ჯერ უვითარდება ერექცია, რომელსაც თავად ვერ გრძნობს. კვლევისას ასოზე მაგრდება სპეციალური ხელსაწყო, რომელიც ღამის ერექციებს აღნუსხავს.

აუცილებლად უნდა შეფასდეს პაციენტის ჰორმონული სტატუსი.

უნდა გაისინჯოს წინამდებარე ჯირკვალი და მისი დანამატები. სასქესო ასოს ზოგიერთი პათოლოგიის (მაგალითად, პეირონის დაავადების) გამოსარიცხად შესაძლოა პენისის ექოსკოპიაც გახდეს საჭირო.

საჭიროებისამებრ, ტარდება ფსიქოლოგიური ტესტები.

პანიკის გარეშე

სასურველია, მამაკაცმა პირველივე ფიასკოს შემდეგ მიმართოს სექსოლოგს, თუნდაც მხოლოდ კონსულტაციისთვის, ვინაიდან პრობლემა ხშირად ექიმთან პირველივე გასაუბრების შემდეგ გვარდება. საამისოდ ზოგჯერ რაციონალური ფსიქოთერაპია ან უბრალოდ ინფორმაციისა და სასარგებლო რჩევის მიღებაც საკმარისია.

თუ საუბარმა შედეგი არ გამოიღო, ჯერი მედიკამენტებზე მიდგება.

ერექციული დისფუნქციის სამკურნალო პრეპარატების არსენალი ძალიან დიდია. ალბათ ყველას გაგიგონიათ სასწაულმოქმედი აბი – ვიაგრა. ის სილდენაფილის ჯგუფის პრეპარატია და მხოლოდ სიმპტომურად კი არ იყენებენ, არამედ, სწორი დოზირებისას, სამკურნალო ეფექტიც აქვს. ვიაგრას მამაკაცი სქესობრივი აქტის წინ იღებს. მისი მოქმედებისთვის აუცილებელია სქესობრივი სტიმული, სხვაგვარად ერექცია არ განვითარდება. სტიმულის არსებობისას პრეპარატი ასოს სისხლძარღვების გაფართოებას იწვევს და ერექციის განვითარებას უწყობს ხელს.

როგორც ნებისმიერ სხვა წამალს, ამ ჯგუფის პრეპარატებსაც აქვს გვერდითი მოვლენები. გახსოვდეთ, არ შეიძლება ვიაგრასა და მისი მსგავსი საშუალებების მიღება ნიტროგლიცერინის შემცველ პრეპარატებთან ერთად, ვინაიდან არსებობს კოლაფსოიდური მდგომარეობის განვითარების (წნევის უეცარი მკვეთრი დაცემის) საფრთხე. სიფრთხილეა საჭირო მაღალი წნევის საწინააღმდეგო საშუალებებთან ერთად ვიაგრას მსგავსი პრეპარატების გამოყენების დროსაც. აუცილებლად აცნობეთ ექიმს, რომელ პრეპარატებს იღებთ.

მიზანი ამართლებს საშუალებას?!

არის შემთხვევები, როცა ერთადერთი გამოსავალი ქირურგიული ჩარევაა. ლერიშის სინდრომის დროს, როდესაც დახშულია დაღმავალი აორტა, სისხლძარღვის რეკონსტრუქციასა და შუნტირებას გვირჩევენ.

თუ ერექციული დისფუნქციის მიზეზი დაჩქარებული ვენური უკუდენა ანუ პათოლოგიური ვენურ დრენაჟია, დაზიანებულ ვენებს ამოკვეთენ და პრობლემა გვარდება.

თუ მკურნალობის ვერც ერთმა მეთოდმა ვერ გამოიღო შედეგი, რჩება იმპლანტაცია – ასოს ენდოპროთეზირება. მას გართულებათა მთელი წყება ახასიათებს: პროთეზი უცხო სხეულია, აქვს სხეულში ყოფნის განსაზღვრული ვადა, შესაძლოა, ვერ მოერგოს მღვიმოვან სხეულს, ორგანიზმმა მოიცილოს იგი.

არსებობს ვაკუუმხელსაწყოები, რომლებიც უარყოფითი წნევით მოქმედებს ასოზე და მასში სისხლის მიდენას აუმჯობესებს. კვლევებმა აჩვენა, რომ ვაკუუმთერაპიის გამოყენება უშუალოდ აქტის წინ შეიძლება.

ეაკულაციის დარღვევა

ეაკულაციის დარღვევა სიმძაფრით ერექციულ დისფუნქციას არ ჩამოუვარდენა. არსებობს მისი რამდენიმე სახე:

* ნაადრევი ეაკულაცია – სპერმის სწრაფი დაღვრა. ეს საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა – ერექციული დისფუნქციის შემდეგ სქესობრივ დარღვევებს შორის სიხშირით პირველ ადგილს იკავებს.

* ejaculatio ante portas – სპერმის დაღვრა ასოს საშოში შესვლამდე. ეს დარღვევა შესაძლოა უშვილობის მიზეზად იქცეს.

* გახანგრძლივებული ეაკულაცია – ეს ნეიროგენული წარმოშობის პრობლემაა და ნერვული გამტარობის დაქვეითებას უკავშირდება. ხშირად აღენიშნებათ ნარკოტიკზე დამოკიდებულ პირებს. აქტი ხანგრძლივდება ალკოჰოლიზმის დროსაც.

* რეტროგრადული ეაკულაცია — სპერმა ეაკულაციის დროს უკან ბრუნდება და შარდის ბუშტში ჩაიღვრება.

მართალია, ნაადრევი ეაკულაცია იმპოტენციას არ ნიშნავს, მაგრამ სერიოზული პრობლემაა. მისი მიზეზი შეიძლება იყოს ადამიანის კონსტიტუციური ტიპიც – როცა მამაკაცი ადვილად აღეგზნება, მისი ნერვული გამტარობა დაჩქარებულია და ეაკულაციაც ნაადრევად ხდება. ეაკულაციის დარღვევის მიზეზი ხშირადაა არასასურველი პარტნიორიც.

ეაკულაციის დარღვევასაც, წესისამებრ, მედიკამენტებით მკურნალობენ. უმეტესად იყენებენ პროზაკს, რომელიც ძალიან ეფექტურია ასეთი პრობლემების დროს. არსებობს ოპერაციული მეთოდიც – გადაკვეთენ იმ ნერვულ დაბოლოებებს, რომლებსაც იმპულსი ზურგის ტვინის ეაკულაციის ცენტრამდე მიაქვთ.

ხშირად ძალზე შედეგიანია მკურნალობის სექსოთერაპიული მეთოდი. სექსოლოგმა წყვილს უნდა აუხსნას, როგორ მოიქცნენ სექსის დროს, რომ ეაკულაცია მეტ-ნაკლებად შეაკავონ. არსებობს ასოს ლოკალური საანესთეზიო კრემებიც. ზოგჯერ შედეგი პრეზერვატივის გამოყენებითაც მიიღწევა, რადგან ის მგრძნობელობას ამცირებს.

ლიბიდოს დაქვეითება

სქესობრივი ლტოლვის დაქვეითების მთავარი მიზეზი ჰორმონული ცვლილებებია. ასაკთან ერთად სათესლე ჯირკვლების ფუნქცია სუსტდება, მცირდება მამაკაცის სასქესო ჰორმონის, ტესტოსტერონის, დონე და შედეგად იკლებს ლიბიდოც. ცალკეულ შემთხვევებში ეს პრობლემა შესაძლოა გამოიწვიოს არასასურველმა პარტნიორმა, წარუმატებლობის განცდამ, სტრესმა, პროსტატის კიბოს სამკურნალო მედიკამენტმა და სხვა.

გააზიარე: