C ჰეპატიტი ჩუმი და ვერაგი

გააზიარე:

დედამიწის მოსახლეობის დაახლოებით 3% C ჰეპატიტის ვირუსით არის ინფიცირებული. მხოლოდ საქართველოში ინფიცირების მაჩვენებელი ზრდასრული მოსახლეობის 6,7%-ს შეადგენს....

დაავადება რომ განვითარდეს, ვირუსი ჰეპატოციტებში – ღვიძლის უჯრედებში – უნდა შეიჭრას, სადაც გამრავლდება და ღვიძლის ქსოვილის ანთებით დაზიანებას გამოიწვევს.
C ჰეპატიტის შესახებ გვესაუბრება “ავერსის კლინიკის” გასტროენტეროლოგი, ინფექციონისტი თენგიზ თელია.
– ბატონო თენგიზ, რას წარმოადგენს C ჰეპატიტის ვირუსი? რატომ ვერ ახერხებს ადამიანის ორგანიზმი, ისევე გაუმკლავდეს მას, როგორც, მაგალითად, გრიპის ვირუსს?
– C ჰეპატიტის ვირუსი (HCV) ჰეპატივირუსების ოჯახს ეკუთვნის. ვერ დაგეთანხმებით, რომ ადამიანი საერთოდ ვერ ახერხებს მასთან გამკლავებას. ცნობილია, რომ C ჰეპატიტის ვირუსით ინფიცირებული ორგანიზმი ათიდან დაახლოებით ორ შემთხვევაში მთლიანად თავისუფლდება ვირუსისგან და დაავადება ქრონიკულ ფორმას მხოლოდ რვა შემთხვევაში იღებს. თუმცა C ჰეპატიტის გამომწვევი ვირუსის მნიშვნელოვანი თავისებურებაა მისი გენეტიკური არაერთგვაროვნება. HCV -ს შესწევს უნარი, ხელიდან დაუსხლტეს იმუნურ ზედამხედველობას. მისი ანტიგენური სტრუქტურა წუთის განმავლობაში მრავალჯერად იცვლება, მიმდინარეობს “დროში შეჯიბრება” ახალი ანტიგენური შტამების წარმოქმნასა და გამანეიტრალებელი ანტისხეულების გამომუშავებას შორის. ამ შეჯიბრებაში ვირუსი იმარჯვებს, რაც განაპირობებს HCV -ს მრავალწლიანი ინფექციის ფორმირებას.
სხვადასხვა გეოგრაფიულ არეალში HCV -ის სხვადასხვა გენოტიპია გავრცელებული. ვირუსის გენეტიკურ ტიპს მნიშვნელოვანი დიაგნოსტიკური და კლინიკური ღირებულება არ გააჩნია, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია HCV ინფექციის მკურნალობის ხანგრძლივობისა და პროგნოზის განსაზღვრისთვის.
– როგორ ინფიცირდება ადამიანი C ჰეპატიტის ვირუსით?
– C ჰეპატიტის ვირუსი გადაეცემა:
. წამლების (წესისამებრ, ნარკოტიკების) ინტრავენური მიღებისას ინფიცირებული სისხლით დაბინძურებული შპრიცის, ნემსისა და სხვა სამედიცინო ინსტრუმენტების მეშვეობით;
. ვირუსით ინფიცირებული სისხლისა და მისი კომპონენტების გადასხმისას;
. ვირუსშემცველი დონორის ორგანოთა და ქსოვილთა ტრანსპლანტაციისას;
. სისხლთან პროფესიული კონტაქტისას;
. ინტრავენური წამლის მომხმარებელთან სქესობრივი ურთიერთობისას, თუმცა სტაბილურ პარტნიორებს შორის რისკი შედარებით დაბალია – 2%, ხოლო მრავალი პარტნიორის შემთხვევაში 4-6%-ს უტოლდება.
ვირუსი ასევე გადაეცემა დაავადებული დედისგან ნაყოფს ორსულობისა და მშობიარობის დროს (5-7%).
რისკფაქტორებს განეკუთვნება ჰემოდიალიზი, ტატუირება და სხეულის პირსინგი.
HCV -ს გადაცემის დამატებითი რისკფაქტორია იმ საყოფაცხოვრებო ნივთებით სარგებლობა, რომელთა სისხლით დაბინძურების ალბათობა არსებობს. მაგალითად, სამართებლით, კბილის ჯაგრისით და სხვა.
ინფიცირების განსაზღვრულ რისკს შეიცავს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში სამ დღეზე მეტხანს დაყოვნებაც.
– შესაძლოა თუ არა, C ჰეპატიტის ვირუსი კოღოს ან სხვა მწერის ნაკბენით, ანდა ჰაერწვეთოვანი გზით გადაედოს?
– ჰაერწვეთოვანი გზით ვირუსი არ გადაედება, ხოლო მწერის ნაკბენით ინფიცირების ფაქტი დღემდე არ არის აღწერილი.
– ინფიცირებიდან რამდენ ხანში ვლინდება დაავადება? რას ნიშნავს ტერმინები ”მწვავე C ჰეპატიტი” და ”ქრონიკული C ჰეპატიტი”?
– HCV ინფექციის საინკუბაციო პერიოდი, ანუ პერიოდი ვირუსის ორგანიზმში შეჭრიდან მის გამოვლენამდე, 20-დან 150 დღემდე გრძელდება, უმეტესად – 40-50 დღე. მწვავე C ჰეპატიტი – HCV ინფექციის მწვავე ფაზა – ხშირად შეუმჩნეველი რჩება, რადგან ასიდან 75 შემთხვევაში უსიმპტომოდ მიმდინარეობს.
მწვავე C ჰეპატიტი ვირუსის ორგანიზმში შეჭრიდან 6 თვის ფარგლებში ვითარდება. დაავადებას აქვს სიმპტომური (სიყვითლით და უსიყვითლოდ მიმდინარე) და უსიმპტომო ფორმები. სიმპტომური C ჰეპატიტის 50% გამოჯანმრთელებით მთავრდება. უსიმპტომო მწვავე C ჰეპატიტის შემთხვევაში გამოჯანმრთელების ალბათობა გაცილებით ნაკლებია. ჯამში, ასიდან 70-85 შემთხვევაში HCV ინფექცია ქრონიკულ სახეს იღებს.
– რას უჩივის ადამიანი C ჰეპატიტის სიმპტომური ფორმის შემთხვევაში?
– მწვავე C ჰეპატიტის სიმპტომური ფორმის დროს ავადმყოფთა უმეტესობას აღენიშნება სხვადასხვა ინტენსივობის სიყვითლე. გარდა ამისა, უჩივიან სისუსტეს, ადვილად დაღლას, უმადობას, დისკომფორტს მუცლის ღრუში, სიმძიმეს მარჯვენა ფერდქვეშ, ზოგჯერ – ტემპერატურის მატებას, შარდის გამუქებას, განავლის გაბაცებას, გულისრევის შეგრძნებას, ღებინებას. შედარებით მუდმივი ჩივილი, რომელიც მეტ-ნაკლებად ყოველთვის ახლავს თან მწვავე C ჰეპატიტს, არის პროგრესირებადი საერთო სისუსტე და, შედარებით იშვიათად, უმადობა. მწვავე C ჰეპატიტის სიყვითლით მიმდინარე ფორმისას სხვა ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები უფრო ინტენსიურად არის გამოხატული.
– როგორ მიმდინარეობს ქრონიკული C ჰეპატიტი?
– ქრონიკული C ჰეპატიტი შეიძლება მიმდინარეობდეს ფარულად, პერიოდული გამწვავებით, ანდა მუდმივად პროგრესირებდეს. ლატენტური (ფარული) ფაზა შეიძლება 15-20 წელიწადიც კი გაგრძელდეს. ამ პერიოდში ინფიცირებული პრაქტიკულად ჯანმრთელია, არაფერი აწუხებს, კლინიკური მანიფესტაციის შემთხვევაში კი ავადმყოფები უჩივიან ადვილად დაღლას, სისუსტეს, შრომისუნარიანობის დაქვეითებას, წონის კლებას და სხვა.
დაავადება ძირითადად სიყვითლის გარეშე მიმდინარეობს. შესაძლოა, თან ახლდეს სუბფებრილიტეტი ანუ სხეულის ტემპერატურის მატება 37-38 0C -მდე.
ღვიძლში ქრონიკულად მიმდინარე ანთებითი პროცესის შედეგად ვითარდება ღვიძლის ფიბროზი, რაც ღვიძლის ქსოვილში დიდი რაოდენობით კოლაგენის ჩალაგებით და მისი ელასტიკურობის დაქვეითებით ვლინდება, თუმცა ღვიძლის სტრუქტურა და ფუნქციები ძირითადად შენარჩუნებულია. პროგრესირებადი ფიბროზის ფონზე ავადმყოფთა 20-40%-ს ინფიცირებიდან დაახლოებით 20-30 წლის შემდეგ შეიძლება განუვითარდეს ღვიძლის ტერმინალური დაავადებები: ღვიძლის ციროზი, ღვიძლუჯრედული კიბო და ღვიძლის უკმარისობა.
HCV ინფექციას ახასიათებს მრავალწლიანი, ნელი ინფექციისთვის დამახასიათებელი მიმდინარეობა.
– რას წარმოადგენს ტერმინალური დაავადებები?
– ღვიძლის ციროზი ქრონიკული ჰეპატიტის ერთ-ერთი მძიმე გართულებაა. ამ დროს დარღვეულია ღვიძლის სტრუქტურა და ძირითადი ფუნქციები, რაც ღვიძლის უკმარისობის განვითარების წინაპირობაა.
ჰეპატოცელულარული კარცინომა, იგივე ღვიძლუჯრედოვანი კიბო, ღვიძლის უჯრედებისგან განვითარებული ავთვისებიანი სიმსივნეა, რომელიც ათიდან რვა შემთხვევაში ღვიძლის ციროზით დავადებულებს უვითარდებათ, თუმცა გამორიცხული არ არის, ღვიძლის ქრონიკული ანთების ფონზე ის ციროზის გარეშეც განვითარდეს.
ჰეპატოცელულარული კარცინომა სიხშირით მეხუთე ადგილზეა ავთვისებიან სიმსივნეებს შორის და სწრაფად პროგრესირებს.
– რა განაპირობებს დაავადების სწრაფ პროგრესირებას?
– C ჰეპატიტი გაცილებით სწრაფად პროგრესირებს იმუნოკომპრომეტირებულ (აივ ინფექცია`შიდსის მქონე) პირებში. პროგრესირების ტემპი ასევე დამოკიდებულია ინფიცირების გზაზე. მაგალითად, დაავადების სწრაფი პროგრესირება აღინიშნება პოსტტრანსფუზიული (დასნებოვნებული სისხლის გადასხმის შედეგად) ინფიცირების შემთხვევაში.
ციროზის ჩამოყალიბებას განსაკუთრებით აჩქარებს ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება, ღვიძლის თანმხლები დაავადებები, სიმსუქნე. ცნობილია, რომ მამაკაცებში დაავადება ქალებთან შედარებით სწრაფად პროგრესირებს. მნიშვნელოვანია პაციენტის ასაკიც – რაც უფრო ზრდასრულ ასაკში მოხდება ინფიცირება, მით უფრო სწრაფად პროგრესირებს დაავადება.
ქრონიკული HCV ინფექციის პროგრესირების, დაავადების სიმძიმის შეფასების მნიშვნელოვანი მაჩვენებელია ღვიძლის ფიბროზის ხარისხი.
– გარდა ღვიძლისმიერი გართულებებისა, რით ვლინდება C ჰეპატიტი?
– HCV უმთავრესად ღვიძლის ქსოვილს აზიანებს, თუმცა ცნობილია დაავადების ბევრი ღვიძლგარე გამოვლინებაც, რომლებიც HCV ინფექციის მქონეთა 30-36%-ს აღენიშნება. ეს გამოვლინებები მოიცავს კანს, თვალებს, სახსრებს, იმუნურ სისტემას, ნერვულ სისტემას, თირკმელებს, ასევე – სხვა ორგანოებსა და ორგანოთა სისტემებს. მათი განვითარების მექანიზმები დაწვრილებით არ არის შესწავლილი, თუმცა ცნობილია, რომ ამ გამოვლინებათა უმრავლესობა აუტოიმუნური გენეზისაა.
ხშირად აუტოიმუნური დარღვევები იმდენად მკაფიოდ არის გამოხატული, რომ დამატებით თერაპიულ ჩარევას საჭიროებს. მსუბუქი ღვიძლგარე გამოვლინებები ანტივირუსული მკურნალობის ფონზე უკუვითარდება.
– როგორ სვამენ დიაგნოზს?
– C ჰეპატიტის დიაგნოზის დასმა კლინიკური ნიშნების მიხედვით თითქმის შეუძლებელია, რადგან ამ დაავადებას პათოგნომური სიმპტომები არ გააჩნია, ამიტომ აუცილებელია HCV -ს ლაბორატორიული დიაგნოსტიკა. ამჟამად C ჰეპატიტის ლაბორატორიული დიაგნოსტიკის ძირითადი მეთოდია სისხლში ვირუსსაწინააღმდეგო ანტისხეულებისა და ვირუსის გენეტიკური მასალის განსაზღვრა. ვირუსის იდენტიფიცირება პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციით ხორციელდება. მხოლოდ ეს გამოკვლევა იძლევა უტყუარ პასუხს იმის თაობაზე, არის თუ არა ვირუსი ორგანიზმში. ვირუსსაწინააღმდეგო ანტისხეულების აღმოჩენა მხოლოდ ირიბად მიანიშნებს, რომ პაციენტს C ჰეპატიტის ვირუსთან ჰქონდა კონტაქტი. ინფექციის მწვავე სტადიაში ანტისხეულები შესაძლოა საერთოდ არ იყოს, ან ძალიან მცირე კონცენტრაციით იყოს სისხლში, ამიტომ მწვავე C ჰეპატიტზე ეჭვის დროს ანტისხეულების ერთჯერადი განსაზღვრა საკმარისი არ არის.
ვინაიდან ინფექციის მწვავე ფაზა მეტწილად უსიმპტომოდ მიმდინარეობს, მწვავე C ჰეპატიტს ხშირად შემთხვევით, რუტინული გამოკვლევის დროს აღმოაჩენენ.
ღვიძლის უჯრედების დაზიანების ხარისხის, ღვიძლის ფუნქციისა და მკურნალობის ეფექტიანობის შესაფასებლად, საბოლოო შედეგის პროგნოზირებისთვის აუცილებელია სისხლში ბიოქიმიური მაჩვენებლების განსაზღვრა. ღვიძლის ფიბროზის ხარისხის, ციროზის, კარცინომის დასადგენად მიმართავენ ღვიძლის ულტრაბგერით გამოკვლევას, კომპიუტერულ ტომოგრაფიას, ღვიძლის ბიოფსიას, ღვიძლის ელასტოგრაფიას და სხვა თანამედროვე არაინვაზიურ მეთოდებს.
– როგორ მკურნალობენ C ჰეპატიტს? 
– C ჰეპატიტს მთელს მსოფლიოში პეგილირებული ინტერფერონითა და ნუკლეოზიდის ანალოგით მკურნალობენ. ვირუსის I და ნაწილობრივ III გენოტიპის შემთხვევაში ეფექტურია მესამე პრეპარატის, პროტეაზის ინჰიბიტორის დამატება.
ამჟამად მიღებული მკურნალობა (პეგილირებული ინტერფერონითა და რიბავირინით) ძვირადღირებულია და ხშირად იწვევს სერიოზულ გვერდით ეფექტებს, რომელიც სათანადო მართვას საჭიროებს. ამიტომ ყოველ ცალკეულ შემთხვევაში უნდა შეფასდეს დაავადების სიმძიმე (ის უმთავრესად ფიბროზის ხარისხით ფასდება), გართულებათა არსებობა-არარსებობა, შესაძლო გვერდითი ეფექტების განვითარების რისკი, HCV-ს გენოტიპი, მკურნალობის მოსალოდნელი ეფექტიანობა და სხვა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მკურნალობის დაწყებამდე აუცილებლად უნდა შეფასდეს მისი ეფექტიანობის პროგნოზული მარკერები და მხოლოდ ამის საფუძველზე გადაწყდეს, ჩატარდეს თუ არა მკურნალობა.
– ვისთვის არის მკურნალობა უკუნაჩვენები?
– მკურნალობა უკუნაჩვენებია დეკომპენსირებული ციროზის დროს, ასევე – ორსულებსა და ასაკოვან პაციენტებში. სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ თანმხლები დაავადებების შემთხვევაში. ამ დროს მკურნალობის თაობაზე გადაწყვეტილებას ინდივიდუალურად იღებენ. მით უმეტეს, C ჰეპატიტის სამკურნალოდ გამოსაყენებელ პრეპარატებს მრავალი გვერდითი ეფექტი ახასიათებს: დეპრესია და ქცევის ცვლილებები, უძილობა, სისუსტე, ცხელება, თავის ტკივილი, კუნთებისა და სახსრების ტკივილი, ანემია გულისრევა, ღებინება, ფაღარათი, წონის კლება, გამონაყარი, კანის სიმშრალე, თმის ცვენა...
– როგორია განკურნების ალბათობა?
– HCV ინფექციის ანტივირუსული მკურნალობის შედეგი მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის – ვირუსის გენოტიპზე, ავადმყოფის სქესსა და ასაკზე, ვირუსის კონცენტრაციაზე, დაავადების სიმძიმეზე (ფიბროზის ხარისხზე, ციროზის არსებობა-
 არარსებობაზე) და სხვა.
საინტერესოა, რომ არსებობს ერთგვარი კორელაცია ვირუსის კონცენტრაციასა და დაავადების საბოლოო შედეგს შორის. კერძოდ, იმ პაციენტებში, რომლებსაც ვირუსის მაღალი კონცენტრაცია დაუდასტურდათ, გაცილებით შესამჩნევია გამოჯანმთელების ტენდენცია, რაც შესაძლოა აიხსნას იმით, რომ ვირუსის მაღალმა კონცენტრაციამ იმუნური სისტემის უფრო ძლიერი წინააღმდეგობა, ძლიერი იმუნური პასუხი გამოიწვია.
და მაინც, აბსოლუტური განკურნების ალბათობა C ჰეპატიტის პირველი გენოტიპის შემთხვევაში 45%-ს არ აღემატება, თუმცა, უკანასკნელი მონაცემებით, მისი მკურნალობის სტანდარტულ სქემაში ახალი პრეპარატის – პროტეაზის ინჰიბიტორის ჩართვა ეფექტს საგრძნობლად ზრდის. მეორე და მესამე გენოტიპების შემთხვევაში მკურნალობის ეფექტიანობა 70-80%-ს აღწევს. პაციენტი განკურნებულად მიიჩნევა, თუ მის ორგანიზმში მკურნალობის დასრულებიდან 6 თვის შემდეგ პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციით ვირუსი არ განისაზღვრება.
იდეალური შედეგია სრული განკურნება, მაგრამ თუ ეს ვერ მოხერხდა, მკურნალობას აქვს სხვა მიზნებიც: გართულებათა თავიდან აცილება, ღვიძლგარე გამოვლინებებისა და ვირუსის გავრცელების პრევენცია.
– რას გულისხმობს C ჰეპატიტის პრევენცია?
– დაავადების პრევენციას ძალზე ართულებს C ჰეპატიტის პროფილაქტიკური ვაქცინისა და იმუნოგლობულინის არარსებობა, თუმცა რჩება სხვა გზაც – ყველა იმ ღონისძიების გატარება, რომლებიც ვირუსის გადაცემას აგვაცილებს თავიდან.
ვის უნდა ჩაუტარდეს გამოკვლევა HCV ინფექციაზე:
. ნარკოტიკების ინექციური გზით მომხმარებლებს;
. აივინფიცირებულებს;
. ჰემოფილიით დაავადებულებს;
. ჰემოდიალიზზე მყოფებს;
. სისხლის ან სისხლის პროდუქტების რეციპიენტებს;
. ორგანოტრანსპლანტირებულ პირებს;
. HCV -პოზიტიური დედების შვილებს;
. მედპერსონალს, რომელსაც HCV -ინფიცირებულ სისხლთან ჰქონდა შეხება კანქვეშა კონტაქტის (ჩხვლეტა, გაჭრა) ან ლორწოვანზე სისხლის მოხვედრის შემთხვევაში; 
. HCV -ინფიცირებულთა სქესობრივ პარტნიორებს;
. პირებს, რომელთაც აღენიშნებათ ამინოტრანსფერაზების აქტივობის აუხსნელი მომატება.
მარი აშუღაშვილი

გააზიარე: