ალერგია ბავშვებში

გააზიარე:
 


მწერი, მტვერი ჩვენ რას დაგვაკლებს?!

პატარა ონავარს შუშის ზარხუფის ქვეშ ვერ გაზრდი - ვერც მტვერს მოარიდებ და ვერც ოთხფეხა მეგობრებთან თამაშს დაუშლი, თუმცა ოდესღაც ვიღაცისგან გაგვიგონია, რომ გარემო სავსეა აგრესიული ნაწილაკებით, რომლებიც ათას დაავადებას იწვევს. ამჯერად ამ ათასიდან ერთზე გესაუბრებით, რომელსაც ხატოვნად - ცივილიზაციის სენს, ხოლო ოფიციალურად ალერგიას უწოდებენ.

ყველგან, ყველგან...

ალერგიის გამომწვევი ფაქტორები, ალერგენები, ლამის ყოველ კუთხე-კუნჭულში არიან ჩასაფრებულნი. საკმარისია, პაწიამ შინიდან ცხვირი გაყოს, რომ ჰაერში მოფარფატე ნამცეცა აგრესორი უმალ თავს დაესხმება.
ალერგენი მრავალნაირია. ერთნი თუ სასუნთქი გზების საშუალებით აღწევენ ორგანიზმში, მეორეთ საკვები აქვთ ამოჩემებული. მაგრამ მხოლოდ ეს რომ იყოს, კიდევ რა უშავს; აგრესიულ ალერგენთა შესაძლებლობები ესოდენ ლიმიტირებული ნამდვილად არ არის...

ჰაერის მოტანილი პრობლემები

. მტვრის ტკიპა ლამის ყოველ კუთხე-კუნჭულში ბინადრობს: ქვეშაგებში, პლედზე, ხალიჩაზე, პლუშის სათამაშოებზე... ეს იმ ალერგენთაგანია, რომლის ბინიდან განდევნაც ძნელზე ძნელია.
. მცენარეული მტვერი სეზონურად დაფრინავს ჰაერში. დაავადებას, რომელსაც ეს მოფარფატე ალერგენი იწვევს, პოლინოზი ეწოდება.
. თურმე ცხვირცემინება ხავსმაც შეიძლება გამოიწვიოს! ის სახლშიც შეიძლება შეგვხვდეს (ცუდად ვენტილირებად, სველ სააბაზანოში, სარდაფში, სამზარეულოში, უმეტესად - ნიჟარის ახლოს) და გარეთაც, უპირატესად - ნესტიან, ბნელ გარემოში. გარემოს ბინადარნი უმეტესად სეზონურად გვიღიტინებენ ცხვირში, ხოლო სახლში ჩასაფრებულები, როგორც წესი, მთელი წლის განმავლობაში აქტიურობენ.
. შინაური ცხოველები, უფრო სწორად, მათი ბეწვი. თურმე ალერგიის გამომწვევი აგრესიული ნაწილაკები ცხოველს ნერწყვში აქვს. საკმარისია, ბეწვი გაილოკოს, რომ ნერწყვი ზედ შერჩება, შეაშრება და მისი ცილოვანი კომპონენტები ტიპურ ალერგენებად იქცევა. ყველაზე ხშირად ალერგიას კატა იწვევს, რასაც მეცნიერები ასე ხსნიან: კატის ბეწვი ნერწყვით ყველაზე ხშირად სველდებაო (მოგეხსენებათ, როგორ უყვარს ფისოს სისუფთავე - სულ ბეწვის ლოკვაშია).
გარდა ნერწყვისა, ალერგენები ცხოველებს ჰქონიათ ქერტლში, ბეწვსა და შარდშიც.
. ტარაკანა არა მარტო სიბინძურესთან, არამედ ალერგიასთანაც ასოცირდება. ამერიკელმა მეცნიერებმა შეამჩნიეს, რომ ტარაკნებით სავსე შენობებში მცხოვრებ ბავშვებს ასთმა გაცილებით ხშირად ემართებათ.

ეს ალერგენები უმეტესად ალერგიულ რინიტს ანუ სურდოს იწვევს. სხვათა შორის, ამერიკელებმა ისიც შეამჩნიეს, რომ  თუ ალერგიულმა რინიტმა 10 წლის ასაკში აიღო სტარტი, პიკს 20 წლისთვის აღწევს, მერე კი თანდათან უკუვითარდება, დაახლოებით 40 წლისთვის შესაძლოა გაქრეს კიდეც.
სურდოს, წესისამებრ, ერთვის ცხვირცემინება, ცხვირის ან ყელის ქავილი, სუნთქვის გაძნელება (ცხვირის გაჭედვა), ხველა, ასევე -თვალის ლორწოვანი გარსის სიწითლე, ქავილი და ცრემლდენა (ალერგიული კონიუნქტივიტი).  

საკვებში ჩამალული აგრესორები

ამერიკული სტატისტიკის თანახმად, აშშ-ში მცხოვრებ ბავშვთა 8%-ს (დაახლოებით 2 მილიონს) საკვებისმიერი ალერგია აქვს. ალერგიული საკვების ჩამონათვალში ლიდერობენ: 
. ძროხის რძე. მასში შემავალი ცილა კაზეინი ახალშობილთა 6%-ს უქმნის პრობლემებს. ამ შემთხვევაში მშობლებს ისეთი საკვები ფორმულის შერჩევა მოუწევთ, რომელიც კაზეინს არ შეიცავს, თუმცა ეს აგრესიული ცილა რძის ნებისმიერ პროდუქტში შეიძლება აღმოჩნდეს.
. კვერცხი. ამ ალერგენის გაშიფვრა ძალიან ძნელია, რადგან მას უამრავი პროდუქტი შეიცავს (მაგალითად, ნამცხვარი). ალერგიის გამომწვევი აგრესორი უმეტესად ცილაში ბუდობს, იშვიათად - გულშიც.
. ზღვის პროდუქტები ნებისმიერი ასაკის ბავშვებში იწვევს ალერგიას, მაგრამ ყველაზე მეტად მაინც მოზარდებს ემტერება. ზოგიერთი საკვების (მაგალითად, რძის, კვერცხის) ალერგია თუ ასაკთან ერთად გაივლის, ზღვის პროდუქტების აგრესიას წლები ვერაფერს აკლებს.
. თხილეული. ყველაზე ხშირად ალერგიას მიწის თხილი იწვევს. ამგვარი თხილმოძულე აშშ-ში უამრავია - დაახლოებით 1,5 მლნ ადამიანი. ხდება ისეც, რომ მიწის თხილის მიმართ ალერგიულ ბავშვს თხილზე, ნუშზე, ნიგოზზე, ფსტაზეც უვლინდება ანალოგიური რეაქცია. ზღვის პროდუქტების მსგავსად, თხილეულისადმი ალერგია ასაკთან ერთად იშვიათად ქრება. 
. სოია. ხშირად ალერგიულ ბავშვებს სოიის პროდუქტებს უნიშნავენ, მაგრამ ზოგჯერ პაწიებს მის მიმართაც უვლინდებათ ჰიპერრეაქცია (ანუ ალერგია). თურმე იმ ბავშვების 30-40%, ვისაც ძროხის რძეზე აქვს ალერგია, ვერც სოიას მიირთმევს.
. ხორბალი. ამ მარცვლეულის ცილა უამრავ საკვებშია, ამიტომ ალერგიულ რეაქციასაც ხშირად იწვევს.
ხორბლისადმი მომატებული მგრძნობელობა ხშირად ცელიაკიაში ერევათ. ეს უკანასკნელი დაავადებაა, რომლის დროსაც ორგანიზმს არ ძალუძს გლუტეინის შემცველი პროდუქტის (ხორბლის, შვრიის, ჭვავის) ათვისება.

საკვებით გამოწვეული ალერგიის დროს თავს იჩენს:

. მოწითალო, მქავანა გამონაყარი;
. ცხვირის ქავილი, რინიტი;
. მუცლის ტკივილი, ნაწლავთა ჭვალი, ღებინება და დიარეა (ორგანიზმი ალერგენის გამოდევნას ცდილობს);
. პირის ღრუსა და ხახის ქავილის შეგრძნება ლუკმის გადაყლაპვის დროს. ამ მდგომარეობას პირის ალერგიის სინდრომს უწოდებენ.
. სუნთქვის გაძნელება, ანაფილაქსიური შოკის ნიშნები.
 
და კიდევ რამდენიმე...
. მწერის  ნაკბენი პაწიებს ხშირად უშუპდებათ, უწითლდებათ და ექავებათ. ქავილის დროს კი მოსალოდნელია, ნაკბენი ადგილი ფრჩხილით დაზიანდეს და ინფექცია შეიჭრას. მაგრამ ეს არ არის ყველაზე საშიში რამ, რასაც შეიძლება ველოდეთ; გამორიცხული არ არის, კბენის შემდეგ პატარას ანაფილაქსიური შოკი განუვითარდეს.

. მედიკამენტები. მათ შორის ალერგიას ყველაზე ხშირად ანტიბოიტიკები იწვევს. საზოგადოდ, დიდი სიფრთხილე მართებს მშობელს ბავშვისთვის იმ მედიკამენტის მიცემისას, რომელიც ალერგიული რეაქციის განვითარებაშია შემჩნეული. 
. ქიმიური ნივთიერებები. აგრესიული "ქიმიის" ჩამონათვალი ვრცელია, მაგრამ ყველაზე ხშირად ალერგიას იწვევს სარეცხი ფხვნილი, კოსმეტიკური საშუალებები, საღებავები, ავეჯის საწმენდი ხსნარები, პესტიციდები.

მწერის კბენას შესაძლოა მოჰყვეს: ხორხის შეშუპება, სუნთქვის გაძნელება, პირღებინება, დიარეა, გამონაყარი მთელ კანზე, გონების დაკარგვა.

გაითვალისწინეთ: კვებითი ალერგია განსაკუთრებით წლამდე ასაკის ბავშვებს აწუხებთ, 1-დან 4 წლამდე ძირითადად კანისმიერი გამოვლინებები გვხვდება, 5 წლიდან პუბერტულ  ასაკამდე კი უმთავრესად ზემო და ქვემო სასუნთქი სისტემის ალერგიული დაავადებები აღინიშნება.

შოკისმომგვრელი მწერები 
და არა მარტო მწერები! ანაფილაქსიური შოკის გამოწვევა თითქმის ყველა ალერგენს შეუძლია. ის უეცრად ვითარდება და სასწრაფო ჩარევას მოითხოვს.
ანაფილაქსიური რეაქციის დროს აღინიშნება:
. სუნთქვის გაძნელება;
. შეშუპება, ძირითადად - სახეზე, ხახის ლორწოვანზე, ენაზე;
. არტერიული წნევის მკვეთრი დაცემა;
. გამონაყარი;
. გონების დაბინდვა.
ანაფილაქსიური შოკი შესაძლოა ორგანიზმში ალერგენის მოხვედრიდან ორიოდე წუთში განვითარდეს, თუმცა არც ის არის გამორიცხული, ორი საათის შემდეგ იჩინოს თავი. ასე უმეტესად კვებისმიერი ანაფილაქსიის დროს ხდება.
საბედნიეროდ, ეს შოკისმომგვრელი რეაქცია ხშირი არ არის; ყველაზე მეტად ასთმის, ეგზემისა და პოლინოზის მქონე ბავშვებს ემუქრებათ, ყველაზე ხშირი მიზეზი კი (ათიდან 8 შემთხვევაში) თხილეული ყოფილა.

სეზონური განსაცდელი

პოლინოზი ალერგიული დაავადებაა, რომელსაც სეზონურობა ახასიათებს. ბუნებრივიც არის: მცენარეები, რომლებიც ალერგიას იწვევენ, ყოველთვის წელიწადის ამა თუ იმ დროს ყვავილობენ.
ვინაიდან მცენარეები ყველგან ყვავის, ეს დაავადებაც მთელ მსოფლიოია გავრცელებული და მოსახლეობის 5%-ს აწუხებს. მათ შორის ძალიან ბევრი ბავშვია.
ყოველგვარი მტვერი როდი იწვევს ალერგიას; ცხვირცემინება და ცრემლდენა რომ გამოიწვიოს, მტვერს გარკვეული თვისებები უნდა ახასიათებდეს: გარდა იმისა, რომ ალერგიული ბუნებისა უნდა იყოს, ჭარბადაც უნდა წარმოიქმნებოდეს და კონკრეტულ რეგიონში ფართოდ ვრცელდებოდეს, ამისთვის კი ძალზე მსუბუქი უნდა იყოს და იოლად დაფრინავდეს.
გაითვალისწინეთ: ყველაზე მეტი მცენარის მტვერი ჰაერში დილით, დღისით და მშრალ, მზიან ამინდში დაფრინავს. სამაგიეროდ წვიმიან ამინდში მისი აგრესიულ-ალერგიული ნაწილაკები თითქმის ქრება. ასე რომ, თავად განსაზღვრეთ, როდის გაიყვანოთ პაწია ონავარი სასეირნოდ.

საქართველოში ალერგიული მცენარეები სამ პერიოდში ყვავილობენ. 
I პერიოდი - იწყება მარტიდან და მაისის პირველ კვირამდე გასტანს. ამ დროს ყვავის ხეები: ჭადარი, ფიჭვი, ალვა, კაკალი, ევკალიპტი, წაბლი, მურყანი. ამ პერიოდის წილად პოლინოზის შემთხვევათა 7-10% მოდის.
II პერიოდი - მაისიდან იწყება და ივლისის შუა რიცხვებამდე გრძელდება. ამ დროს ძირითადად პურეული მცენარეები ყვავის: ტიმოთელა, სათითურა, წივანა, თივაქასრა, შვრიელა, ჭვავი. საქართველოში პოლინოზთა შემთხვევათა ძირითადი ნაწილი, 60-70%, სწორედ ამ პერიოდის წილად მოდის.
III პერიოდი - აგვისტოდან მოყოლებული გვიან შემოდგომამდე გასტანს. ამ დროს ყვავის ამბროზია, ავშანი, თუთუბო. ამ პერიოდზე მოდის პოლინოზის 15-20%.

პოლინოზის დროს ყველაზე ხშირად რინოკონიუკქტივიტი ვითარდება. ეს რთული სახელწოდების მქონე სინდრომი ყველასთვის კარგად ნაცნობი ნიშნებით ვლინდება. ესენია: ქუთუთოების ქავილი, თვალის ლორწოვანი გარსის შეწითლება, ცრემლდენა, თვალების წვისა და ჭრის შეგრძნება. მასთან ერთად შეინიშნება ცხვირცემინება, ცხვირის წვა, ცხვირით სუნთქვის გაძნელება ლორწოვანის შეშუპების გამო, ცხვირიდან გამონადენი, სახის, ხახის, ყურების ქავილი.
ალერგენი მხოლოდ სასუნთქი გზებიდან როდი ხვდება ორგანიზმში. აგრესიული მტვრის ნაწილაკები შესაძლოა ბავშვმა საკვებთან ერთადაც აითვისო. ამ დროს კუჭ-ნაწლავის პრობლემები, უხშირესად გულისრევა და პირღებინება იჩენს ხოლმე თავს, რასაც არც თუ იშვიათად ჭინჭრის ციება და კვინკეს შეშუპებაც ერთვის. ასე რომ, თუკი პაწიას პოლინოზი შემოეჩვია, ალერგიის სეზონზე სასურველია დიეტური საკვები შესთავაზოთ.
გარდა ამისა, თუ ბავშვს ალერგია ხეების მტვერზე აქვს, მოარიდეთ ვაშლს, კაკალს, ალუბალსა და ატამს, ბალახებზე ალერგიის შემთხვევაში - ხორბლისა და ჭვავის პურს, სარეველა მცენარეებზე ალერგიისას კი ჰალვას, მზესუმზირას (ან მის ზეთს), საზამთროსა და ნესვს. ასევე მოარიდეთ თაფლს, რადგან მისი 10% მცენარის მტვერია. სიფრთხილე გამოიჩინეთ მცენარეული წამლების მიმართაც.

***
პოლინოზის სამკურნალოდ ექიმი ბავშვს მედიკამენტებს დაუნიშნავს, მაგრამ საჭიროა სხვა ღონისძიებებიც:
აგრესიული მცენარეების ყვავილობის პერიოდში მოარიდეთ ბავშვი სკვერებს, ბაღებს, პარკებს, ნურც პიკნიკზე და ლაშქრობაში გაუშვებთ.
. ნუ გაუშვებთ შინიდან მშრალ, ცხელ და ქარიან ამინდში.
. თუ ბავშვი შინიდან აუცილებლად უნდა გაიყვანოთ, გაუკეთეთ მზის სათვალე და თან გაიყოლეთ სველი ცხვირსახოცი. გამოგადგებათ ერთჯერადი სველი ხელსახოცებიც.
. ხშირად დაალაგეთ ბინა სველი წესით.  

ტესტი ალერგ-უნარებში

ნეტავ რაზე აქვს ბავშვს ალერგია? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა სპეციალისტმა გასაუბრებისას თუ ვერ შეძლო,  ალერგიული სინჯების გაკეთების შემდეგ უთუოდ მოახერხებს.
კანის სინჯები ერთ-ერთ ყველაზე სანდო, ხელმისაწვდომ და შედარებით მარტივ მეთოდად მიიჩნევა, ამიტომ ყველაზე ხშირად მათ მიმართავენ. ამ გზით საკმაო სიზუსტით ვლინდება მცენარეული, ეპიდერმული (ცხოველის კანსა და მის დანამატებთან - ბეწვთან, ქერტლთან დაკავშირებული) და შენობის (მაგალითად, ოთახის მტვრის ტკიპის) ალერგენების მიმართ მომატებული მგრძნობელობა. იგივე ტესტები ინფორმაციულია წამლისმიერი ალერგიის დროსაც, აი, კვებითი ალერგენების მიმართ კი შედარებით ნაკლებმგრძნობიარეა.
პრინციპი მარტივია: კანში მცირე დოზით შეჰყავთ ალერგენი და რეაქციას აკვირდებიან. გაწითლება, ამობურცვა და ქავილი ალერგიაზე მეტყველებს. თუმცა კანის სინჯები შესრულების ტექნიკით ერთმანეთისგან განსხვავდება. სკარიფიკაციული მეთოდი ანუ ალერგენის კანში გაკაწვრით შეყვანა უკვე მოძველებულად მიიჩნევა, რადგან ნაკაწრის სიღრმის და, შესაბამისად, კანში მოხვედრილი ალერგენის კონტროლი ძალიან ძნელია. დღეს უმეტესად კანის პრიკ-ტესტირებას მიმართავენ: კანი იჩხვლიტება სპეციალური ლანცეტით, რომელიც შემზღუდავი შვერილების გამო კანში ყოველთვის თანაბარ სიღრმეზე ჩადის და დოზის კონტროლის პრობლემაც ნაკლებად იჩენს თავს.
ალერგენისადმი მგრძნობელობის გამოსავლენად სისხლის ანალიზსაც მიმართავენ. ამ მიზნით ყველაზე ხშირად სისხლში სპეციფიკური IgE-ს (E კლასის იმუნოგლობულინების) განსაზღვრა ხდება.
იმუნოგლობულინებს ორგანიზმის გენეტიკური მუდმივობის ანუ ყოველივე უცხოსთან მებრძოლი იმუნური სისტემა გამოიმუშავებს დაუპატიჟებელ სტუმრებთან საბრძოლველად, E კლასი კი დაუყოვნებელი ტიპის ალერგიულ რეაქციებზეა პასუხისმგებელი. ეს ანალიზი ერთ-ერთი ყველაზე ზუსტი და ძვირადღირებული მეთოდია მცენარეული, ეპიდერმული, ოთახის მტვრის ტკიპების, საკვების, ობის, სოკოს ალერგენების მიმართ მომატებული მგრძნობელობის გამოსავლენად. გამოკვლევას წამლისმიერი ალერგიის დიაგნოსტიკისთვისაც იყენებენ, ოღონდ მხოლოდ დაუყოვნებელი ტიპის ალერგიული რეაქციების ალბათობის დასადგენად. ამავე დროს IgE-ს დაბალი მაჩვენებელი ამ ტიპის რეაქციას არ გამორიცხავს.

გააზიარე: