ჰიპოგლიკემია ბავშვებთან

გააზიარე:

გლუკოზა ორგანიზმისთვის ენერგიის მთავარი წყაროა, ყველაზე მეტად კი მასზე თავის ტვინია დამოკიდებული – ნერვულ უჯრედებს არ შეუძლიათ გლუკოზის წარმოქმნა ან შენახვა, სისხლში ამ ნივთიერების ნორმალური რაოდენობა მათთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია.

ჰიპოგლიკემია, სისხლში გლუკოზის დონის დაქვეითება, ტვინის შემეცნებით უნარებზე უარყოფით გავლენას ახდენს. ბავშვებისთვის ის განსაკუთრებით საშიშია, რადგან ზრდის განვითარების შეფერხების, ფიზიკური და შემეცნებითი უნარების დარღვევის საფრთხეს.

როგორ ვლინდება

სისხლში გლუკოზის ნორმალური დონე დამოკიდებულია დღე-ღამის მონაკვეთზე, ადამიანის ნაკვებობაზე, საკვების მიღების დროზე. ყოველივე ამის გათვალისწინებით, ნორმა 70-დან 140 მგ`დლ-მდე მერყეობს. ჰიპოგლიკემია გლუკოზის დონის ისეთი დაქვეითებაა, რომელიც ტვინის დისფუნქციისთვის დამახასიათებელ სიმპტომებს იწვევს. ბავშვებთან ის სხვადასხვანაირად ვლინდება: გულისცემის გახშირებით, კანკალით, თავბრუხვევით, ოფლიანობით, შიმშილის გრძნობით, თავის ტკივილით, გაღიზიანებით, კანის სიფერმკრთალით, განწყობის ან ქცევის უეცარი ცვლილებით. ზოგ შემთხვევაში ბავშვი უმიზეზოდ იწყებს ტირილს, ასრულებს უკონტროლო, ტლანქ მოძრაობებს, უჭირს ყურადღების კონცენტრირება. მძიმე და გახანგრძლივებული ჰიპოგლიკემიის დროს საქმე შესაძლოა გულყრებსა და ტვინის სერიოზულ დაზიანებამდეც კი მივიდეს.

ჩვილებსა და მცირე ასაკის ბავშვებთან ჰიპოგლიკემიის სიმპტომები არასპეციფიკურია.

საყურადღებოა, რომ ახალშობილებთან გლუკოზის გარდამავალი დაბალი კონცენტრაცია ნორმად მიიჩნევა, ვინაიდან მშობიარობის შემდეგ ამ ნივთიერების წყარო იცვლება: პლაცენტით მუდმივი მომარაგების ნაცვლად ორგანიზმი დედის რძით წყვეტილ მომარაგებაზე გადადის.

როგორ რეგულირდება სისხლში გლუკოზის დონე

როგორც გავარკვიეთ, ჰიპოგლიკემიის დროს შეუსაბამობა იქმნება გლუკოზის დონესა და მასზე მოთხოვნას შორის. ადამიანისთვის ამ ნივთიერების ძირითადი წყარო სასმელი და საკვებია, ხოლო იმისთვის, რომ კვებიდან კვებამდე და ღამის განმავლობაში ის უწყვეტად და სრულყოფილად მომარაგდეს გლუკოზით, მექანიზმების მთელი ჯგუფი აქტიურდება. მათ შიმშილის მარეგულირებელ მექანიზმებს უწოდებენ.

სისხლში გლუკოზის დონეს უმთავრესი ჰორმონი – ინსულინი აწესრიგებს. მისი დახმარებით გლუკოზა უჯრედებში აღწევს. როცა ინსულინი არ არის საკმარისი, – მაგალითად, შაქრიანი დიაბეტის დროს, – სისხლში გლუკოზის დონე იმატებს, ხოლო როდესაც ეს ჰორმონი ჭარბად წარმოიქმნება, სისხლში გლუკოზის დონე იკლებს.

გლუკოზის დონის რეგულირებაზე სხვა ჰორმონები აგებენ პასუხს: გლუკაგონი, კორტიზოლი, ზრდის ჰორმონი.

გლუკოზის შენახვასა და წარმოქმნაში დიდ როლს ასრულებს ღვიძლიც.

თუ რომელიმე ეს მექანიზმი მოიშალა, ჰიპოგლიკემიის განვითარების საფრთხე წარმოიშობა.

რა იწვევს

ბავშვებთან ჰიპოგლიკემიის ყველაზე ხშირი მიზეზია ჰიპერინსულინემია. ამ დროს პანკრეასის ბეტა უჯრედები ჭარბად გამოყოფს ჰორმონ ინსულინს, რის გამოც სისხლში გლუკოზის დონე დაბლა იწევს. თავად ინსულინის სიჭარბეს შესაძლოა საფუძვლად ედოს დედის შაქრიანი დიაბეტი ორსულობის დროს, ნაყოფის სტრესი მშობიარობამდე ან მშობიარობის შემდეგ, გენეტიკური დეფექტები, ზოგჯერ კი ინსულინომა – პანკრეასის სიმსივნე. ის უმეტესად კეთილთვისებიანია, თუმცა ინსულინის ჭარბი წარმოქმნა ახასიათებს.

ჰიპოგლიკემიის სხვა მიზეზები უკავშირდება ზრდის ჰორმონის ან კორტიზოლის დეფიციტს, ღვიძლში არსებულ გენეტიკურ დეფექტებს, რაც ხელს უშლის მის მიერ გლუკოზის წარმოქმნას. ჰიპოგლიკემია შესაძლოა იყოს დიაბეტის სამკურნალო ზოგიერთი მედიკამენტის ან ალკოჰოლის შემთხვევითი თუ განზრახ მიღების შედეგი, ზოგჯერ კი შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1-ს მქონე ბავშვებთან აღირიცხება. უკანასკნელ შემთხვევაში რისკის ფაქტორებია ბავშვის მცირე ასაკი, ინსულინის დოზების ფიქსირებული რეჟიმით მკურნალობა, კვების დაგვიანება ან გამოტოვება, ინტენსიური, ენერგიული ფიზიკური აქტიურობა ან ვარჯიში, მწვავე ავადმყოფობა. ჰიპოგლიკემია თან ახლავს ნებისმიერი მიზეზით გამოწვეულ ღვიძლის მწვავე მძიმე უკმარისობას, განვითარებად მსოფლიოში კი თანმხლები ინფექციების, მაგალითად, მალარიის გავრცელებული გართულებაა.

ბავშვებთან ჰიპოგლიკემიის განვითარებას ხშირად ხელს უწყობს თანმხლები დაავადება, რომლის გამოც ბავშვი ნორმალურად  ვერ იკვებება. ზოგჯერ მიზეზად იქცევა არასრულფასოვანი კვების ფონზე განვითარებული დიარეა. თუმცა მცდარია წარმოდგენა, თითქოს ჰიპოგლიკემია ბავშვებთან ჩვეული მოვლენა იყოს რუტინული დაავადებების დროს. ამ მიდგომამ შესაძლოა ხელი შეუშალოს დროულ დიაგნოსტიკას და შედეგად ნევროლოგიური დარღვევების განვითარების ალბათობა გაზარდოს.

დიაგნოსტიკა

სამედიცინო ისტორიისა და გასინჯვის მონაცემების შეკრებასთან ერთად, ჰიპოგლიკემიის გამომწვევი დაავადების დასადგენად ტარდება სხვადასხვა გამოკვლევა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჰიპოგლიკემიის სიმპტომები შაქრიანი დიაბეტის არარსებობის ფონზე ვითარდება. სისხლში გლუკოზის დონესთან ერთად იზომება ლაქტატისა და კეტონების შემცველობა და ჰორმონების დონე უშუალოდ სიმპტომების არსებობის პერიოდში. თუ ამ დროს საანალიზო მასალის აღება ვერ მოხერხდა, ატარებენ დიაგნოსტიკურ შიმშილის ტესტს სათანადო მომზადებისა და დაკვირვების ქვეშ სტაციონარულ პირობებში. ამ ტესტით განისაზღვრება გლუკოზისა და კეტონების დონე მშიერი ადამიანის ორგანიზმში, ყურადღება ექცევა სიმპტომების აღმოცენების დროს და გამოვლენის ხარისხს. ჰიპერინსულინემიის დიაგნოსტიკისთვის ლაბორატორიულად ხდება ინსულინის სიჭარბის დადასტურება.

სკრინინგის ფარგლებში სისხლში გლუკოზის კონცენტრაცია არ იზომება, თუ ახალშობილი ჯანმრთელი, ასიმპტომური და დროულია დ გაურთულებელი ორსულობის შემდეგად არის დაბადებული. სკრინინგი ტარდება გესტაციური ასაკისთვის დიდი წონის ნაყოფის, საშვილოსნოსშიდა ზრდის შეფერხების, დედის შაქრიანი დიაბეტის, ნაადრევი მშობიარობის შემთხვევაში.

მკურნალობა

თუ ბავშვს ჰიპოგლიკემიისთვის დამახასიათებელი სიმპტომები შეამჩნიეთ, დაუყოვნებლივ მიეცით რამდენიმე ყლუპი ნახშირწყლების შემცველი სასმელი (მაგალითად, ხილის წვენი, დედის რძე) ან რამდენიმე ლუკმა ტკბილი საკვები (მაგალითად, ნამცხვარი), სპეციალური გლუკოზის გელი ან გლუკოზის ტაბლეტები. თუ ჰიპოგლიკემია მძიმე ფორმით არის გამოხატული ან შეინიშნება ცნობიერების დარღვევა, აუცილებელია გადაუდებელი სამედიცინო დახმარება, სპეციფიკურ მკურნალობას კი ექიმი დანიშნავს ჰიპოგლიკემიის გამომწვევი დაავადებისა და ისეთი ფაქტორების გათვალისწინებით, როგორებიცაა ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობა და სამედიცინო ისტორია, დაავადების სიმძიმის ხარისხი, სპეციფიკური მედიკამენტებით მკურნალობის მიმართ ბავშვის ამტანობა.

ჰიპოგლიკემიით მიმდინარე დაავადებების დროს მკურნალობის მიზანია სისხლში გლუკოზის დონის უსაფრთხო მაჩვენებლების შენარჩუნება. ამისთვის ექიმის მიერ დადგენილი სიხშირით მოწმედება სისხლში გლუკოზის დონე, ხდება ბავშვისა და მისი მეთვალყურის განსწავლა, რათა დროულად მოხდეს სიმპტომების ამოცნობა და მკურნალობა დროულადვე ჩატარდეს.

მარიამ რამაზაშვილი

გააზიარე: