ჰერპესული ინფექცია

გააზიარე:


ჰერპესთა არმია ძალზე მრავალრიცხოვანია – ვირუსების 2 000-მდე სახეობას აერთიანებს, მაგრამ მეცნიერებმა მხოლოდ რვა მათგანს აღმოუჩინეს ადამიანის ინფიცირების უნარი. რვა პათოგნომური (დაავადების გამომწვევი) ვირუსიდან უკანასკნელი სამი – მე-6, მე-7 და მე-8 – ახალაღმოჩენილია და მათ მიერ გამოწვეულ დაავადებებს ჯერ კიდევ შეისწავლიან, პირველ ხუთ ტიპს კი საზოგადოება უკეთესად იცნობს.
პირველსა და მეორეს მარტივ ჰერპესვირუსებს უწოდებენ, მესამე ტიპისა კი ბავშვებში მეტად გავრცელებულ ინფექციას – ჩუტყვავილას იწვევს. ეს უკანასკნელი მძიმედ არ მიმდინარეობს, მაგრამ დათრგუნული იმუნიტეტის პირობებში შესაძლოა ძალზე არასასურველი შედეგი მივიღოთ.
მეოთხე ტიპის ჰერპესვირუსს ეპშტეინ-ბარის ვირუსი ეწოდება და ინფექციურ მონონუკლეოზს იწვევს, რომელიც ცხელებით, ლიმფური ჯირკვლების გადიდებით, ჰეპატოლიენური სინდრომით (ღვიძლისა და ელენთის გადიდებით) და სისხლში სპეციფიკური ცვლილებებით მიმდინარეობს.
მეხუთე ტიპის ვირუსს კი ციტომეგალოვირუსს უწოდებენ და ბოლო ხანს განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს.

მარტივი და ბანალური
მრავალ მეცნიერს მიაჩნია, რომ მარტივი ჰერპესის ვირუსით (განსაკუთრებით – პირველი ტიპით) დედამიწის ლამის მთელი მოსახლეობაა ინფიცირებული, მაგრამ დაავადება შემთხვევათა მხოლოდ მესამედში იჩენს თავს. ამ დროს ადამიანი უჩივის გრიპის მსგავს სინდრომს (მაღალ ტემპერატურას, შემცივნებას, ლიმფური ჯირკვლების შეშუპებას), პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დაზიანებას და სხვა. დანარჩენ შემთხვევებში კი ქრონიკული ინფექცია ვითარდება. ამ დროს ვირუსი ნერვულ განგლიებამდე (კვანძებამდე) აღწევს და იქვე იბუდებს. ასე ვითარდება ლატენტური (ფარული) ინფექცია. ვირუსი კარგა ხანს არაფრით ამჟღავნებს თავის არსებობას, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს მოულოდნელად აიწყვეტს ხოლმე. სწორედ ამ დროს იჩენს თავს ყველასთვის კარგად ნაცნობი კლინიკური ნიშნები: ბუშტუკოვანი გამონაყარი ცხვირ-ტუჩის არეში, იშვიათად – სახის სხვა ნაწილებზე (ლოყაზე, ყურზე...). მეორე ტიპის ჰერპესვირუსი კი გამონაყარს უმთავრესად სასქესო ორგანოებზე (სასქესო ასოზე, საშოს ლორწოვანზე, უკანა ტანის სიახლოვეს, ბარძაყებზე, დუნდულებზე) აჩენს. 
გამონაყარის მომდევნო ეპიზოდები უფრო მსუბუქად მიმდინარეობს, მით უმეტეს, მაშინ, როცა ჰერპესული გამონაყარის სტარტიც არცთუ ისე აგრესიული იყო. ბუშტუკები, წესისამებრ, 8-10 დღე რჩება ხოლმე, მერე კი ნელ-ნელა ქრება.
მართალია, პირველი ტიპის ვირუსი უფრო მეტად სახეს ემტერება, ხოლო მეორე ტიპისა – გენიტალიებს, მაგრამ არც ის არის გამორიცხული, ერთმანეთს ადგილი გაუცვალონ ანუ პირველი ტიპის ჰერპესვირუსი სასქესო ორგანოების გამონაყარის მიზეზად იქცეს და პირიქით.

რატომ დამაჯდა ტუჩზე ბუშტუკი?

ამერიკელებს მიაჩნიათ, რომ აშშ-ის ზრდასრული მოსახლეობის 50-80%-ს ორალური ანუ ტუჩის ჰერპესი აქვს. თურმე საკმარისია ჰერპესწამოსკუპებულთან ახლო კონტაქტი (კოცნა, შეხება...), რომ ორი კვირის განმავლობაში არცთუ მომხიბლავი ბუშტუკი შესაძლოა თქვენც  წამოგაჯდეთ სახეზე.
გამონაყარის პირველი ეპიზოდი უფრო მძაფრად მიმდინარეობს, ვიდრე განმეორებითი. ეს იმიტომ, რომ იმუნიტეტი ჰერპესთან ბრძოლისთვის მოუმზადებელია. ამ დროს ბუშტუკები შესაძლოა დიდ ფართობს მოეფინოს: ზედა ტუჩს, ტუჩის შიგნითა ზედაპირს, ნესტოს, ლოყას, ნიკაპს, პირის ღრუს...
გამონაყარი იმდენად მრავალფეროვანია, რომ ერთი შეხედვით შესაძლოა ვერც კი მიხვდეთ, ჰერპესი გერჩით თუ სხვა ინფექცია. ჰერპესული ბუშტუკი შეიძლება აგვერიოს მწერის ნაკბენში, სოკოვან ინფექციაში, ბანალურ ჭრილობაში...
დაიხსომეთ: სახეზე წამოსკუპული ჰერპესული ბუშტუკიდან ინფექცია ძირითადად კოცნის დროს გადაედება. მართალია, მხოლოდ მაშინ, როცა კანი დაზიანებულია, მაგრამ გარისკვა არ ღირს – ტრავმა შესაძლოა ისეთი პატარა იყოს, რომ ვერ შეამჩნიოთ. ისიც გაითვალისწინეთ, რომ ჰერპესვირუსი გადასადებად მზად არის გამონაყარის გაჩენამდე რამდენიმე დღით ადრე, პროდრომულ პერიოდში, როდესაც ადგილი, სადაც ბუშტუკი უნდა გაჩნდეს, ტკივილსა და ქავილს იწყებს, კანი კი დაჭიმულია.
და კიდევ: ტუჩის ფორმის გენიტალურ არეზე გადაცემა იშვიათობაა, რადგანაც ორალურ ვარიანტს პირველი ტიპის ვირუსი იწვევს, ხოლო სასქესო ორგანოებს კი მეორე ტიპის ვირუსი ერჩის.

SOS!
როდესაც ადამიანს იმუნიტეტი დაქვეითებული აქვს (მაგალითად, შიდსის დროს), ჰერპესი აქტიურდება, ინტენსიურად მრავლდება და დაავადება კანსა და ლორწოვან გარსებთან ერთად სხვა ორგანოებსა და სისტემებზეც ვრცელდება. შესაძლოა, დაზიანდეს ღვიძლი, გული, ფილტვები, ტვინი...

არცთუ იშვიათად ორსულს ჰერპესვირუსის გამოსავლენად ლაბორატორიულ ტესტირებას ურჩევენ. ნაყოფს ჰერპესი, წესისამებრ, მშობიარობისას,  ჰერპესის ბუშტუკებით მოფენილ სამშობიარო გზებში გაძრომისას გადაედება.
პაწია მაშინაც დაინფიცირდება, თუ აქტიური ჰერპესით ინფიცირებულმა აკოცა ან ვირუსებით ამოვსებულ ბუშტუკს შეეხო და შემდეგ ჩვილს მოეფერა.
გამოთვლილია, რომ აშშ-ში ახალშობილთა მხოლოდ 0,1%-ს უვლინდება ნეონატალური (ახალშობილთა) ჰერპესინფექცია, მაშინ, როდესაც ორსულთა 25-30%-ს გენიტალური ჰერპესი აღენიშნება. ეს იმის დასტურია, რომ პაწია ყოველთვის არ ინფიცირდება.
ამ კუთხით განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს, თუ ქალი ორსულობისას, უფრო კი მის მეორე ნახევარში დაინფიცირდა. ამ შემთხვევაში ქალის ორგანიზმში ანტისხეულების გამომუშავება ვერ ესწრება. თუ დედა დაორსულებამდე იყო ინფიცირებული, მისი ანტისხეულები პლაცენტური ბარიერის გავლით ნაყოფის ორგანიზმში ხვდება და ინფიცირებისგან იცავს.
ნეონატალური ჰერპესი მძიმედ მიმდინარეობს – ზიანდება ცენტრალური ნერვული სისტემა და ბავშვი გონებრივი განვითარების მძიმე დარღვევებით იბადება.

ვუტევთ ჰერპესს
ლოგიკური იქნება, ვირუსს ანტივირუსული მედიკამენტებით შევუტიოთ. ასეც არის: ექიმი სწორედ ამგვარ საშუალებებს ნიშნავს, უპირატესად – აციკლოვირის (ზოვირაქსი, ჰერპევირი), ვალაციკლოვირისა (ვალტრექსი) და ფამციკლოვირის (ფამვირი) შემცველებს. ტუჩის ჰერპესის შემთხვევაში ეფექტურია კრემებისა და მალამოების წასმაც.
თუ ადამიანი წინასწარ გრძნობს, რომ გამოაყრის ანუ შეუძლია, დაავადების პროდრომულ პერიოდშივე მიიღოს მედიკამენტები, გამონაყარი მალევე გაქრება.
თუ გამონაყარი მალ-მალე იჩენს თავს (წელიწადში 6-ჯერ და მეტად), აუცილებელია სუპრესორული თერაპია. ასეთი მკურნალობის ფონზე გამწვავების ეპიზოდები 80%-ით იშვიათდება.
გაითვალისწინეთ: დაავადების პირველ წელს გამონაყარი ყველაზე მძაფრი და ხშირია. გამწვავებას (გამონაყარის განვითარებას) ხელს უწყობს: ავადმყოფობა (მაგალითად, გრიპი), მკაცრი დიეტა, ემოციური და ფიზიკური სტრესი, მზეზე დიდხანს ყოფნა (გარუჯვა, თხილამურებით სრიალი), ქირურგიული ტრავმა, ჰორმონული მედიკამენტების მიღება. ჯანსაღი კვების, ვარჯიშის და, საზოგადოდ, ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვის შემთხვევაში მთვლემარე ჰერპესი იშვიათად იღვიძებს.

გააზიარე: