ტერფის მიკოზი
გააზიარე:
მართლაც, რას აღარ გაიგონებთ სოკოვან ინფექციაზე. განსაკუთრებით ბევრს ტერფის მიკოზზე ჭორაობენ. ალბათ შეგიმჩნევიათ, რომ ყველაზე მეტ რეკლამასაც ტერფის სოკოვანი დაავადების საწინააღმდეგო საშუალებებს უწევენ – როგორც ჩანს, მეტისმეტად არის გავრცელებული. შესაბამისად, არც ის არის გასაკვირი, რომ მითი ამ ინფექციის შესახებ ასე მრავლადაა.
ამბობენ, სოკო ტერფს ყველგან იპოვისო
ტრიქოფიტია მართლაც უამრავ ადგილას არის ჩასაფრებული, მაგრამ არა ყველგან. ის თავს ყველაზე უკეთ ცხელ და ნესტიან გარემოში გრძნობს, ამიტომ უმეტესად პლაჟებზე, საშხაპეებში, აკვაპარკებში, საუნებსა და აუზებში იდებს ბინას. ამერიკელები ტერფის მიკოზს “ტანმოვარჯიშის ტერფს” უწოდებენ – როგორც ჩანს, ამგვარ ნესტიან ადგილებში სპორტის სწორედ ამ სახეობის მიმდევრები არიან შემჩნეულნი.
ამერიკელებმა ისიც დაადგინეს, რომ ინფიცირების ალბათობა მაღალი ფეხსაცმელების მაღაზიაშიც ყოფილა. თუ ფეხსაცმელის გასინჯვისას ერთჯერადი წინდა არ შემოგთავაზეს, ჯობს, შიშველი ფეხი არ ჩადგათ.
იმასაც ამბობენ, რომ სოკოვანი ინფექცია სალონებშიც აქტიურობს – ტრიქოფიტიები პედიკიურისა და მანიკიურის გასაკეთებელ ხელსაწყოებზე ბუდობენ.
ათიდან ცხრა შემთხვევაში მიკოზის განვითარებაში სოკო ტრიქოფიტიაა დამნაშავე. ტერფებს ეპიდერმოფიტიაც ემტერება, თუმცა უფრო ნაკლებად, ამიტომ მოდი, ამჯერად მხოლოდ ტრიქოფიტიურ აგრესიაზე ვისაუბროთ.
სოკო ყველას ერთნაირად ერჩის
სულაც არა. ტერფის მიკოზი ყველაზე ხშირად მათ ემართებათ, ვისაც:
. ფეხშიშველა სიარული უყვარს ან, პირიქით, მეტისმეტად მჭიდრო ფეხსაცმელს ატარებს (განსაკუთრებით – რეზინისას);
. ტერფებზე კანი დაზიანებული (დახეთქილი, გაკაწრული) ან ძლიერ გაუხეშებული აქვს;
. პედიკიურით ისეა გატაცებული, რომ ფრჩხილები – დაზიანებული, კუტიკულა კი მთლიანად მოჭრილი აქვს;
. ჭარბი ოფლიანობა ან, პირიქით, კანის სიმშრალე აწუხებს;
. აქვს ბრტყელი ტერფი, სჭირს რომელიმე ქრონიკული დაავადება (მაგალითად, დიაბეტი) ან იმუნიტეტი ძლიერ აქვს დაქვეითებული
თქვენ წარმოიდგინეთ, სტატისტიკის თანახმად, ტერფის მიკოზი უფრო ხშირად მამაკაცებს უჩნდებათ.
ტერფის სოკო ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს
მართლაც შესაძლოა, მიკოზი კარგა ხანს შეუმჩნეველი დარჩეს, მაგრამ ადრე თუ გვიან უსათუოდ გამომჟღავნდება.
ადამიანს თავდაპირველად თითებს შორის (განსაკუთრებით კი რატომღაც IV-სა და V-ს) ქავილი აწუხებს. 2-3 დღის შემდეგ ჩნდება ნახეთქი, საიდანაც სეროზული (გამჭვირვალე) სითხე იწყებს ჟონვას, მოგვიანებით კი ბუშტუკები, რომლებიც მალევე შრება და ქერქით იფარება.
თუ დაზიანებულ ტერფს დროულად არ მივხედეთ, პროცესი კიდევ უფრო გაღრმავდება: კანი ბაქტერიებით დაინფიცირდება, წარმოიქმნება შეშუპება, სიწითლე, ჩირქოვანი ბუშტუკები, აღმოცენდება ძლიერი ტკივილი. შესაძლოა, სიცხემაც მოიმატოს.
სოკო აზიანებს ფრჩხილსაც – უცვლის ფერს, ფორმასა და სისქეს.
დაზიანება ფრჩხილის თავისუფალი კიდიდან იწყება. ფირფიტის სიღრმეში წარმოიქმნება მონაცრისფრო-მოთეთრო ლაქები და ზოლები. თანდათან სოკო მთელ ფრჩხილს მოედება. ფირფიტა სქელდება, უსწორმასწორო, ხორკლიანი, ფხვიერი და მტვრევადი ხდება.
როგორც არ უნდა მოინდომო, სოკოს ვერსად გაექცევი
შევთანხმდეთ, რომ სოკოვანი ინფექციისგან თავის დაცვა შესაძლებელია, თანაც ძალიან იოლად:
. ბანაობის შემდეგ გულდასმით გაიმშრალეთ ტერფები, განსაკუთრებით – არეები თითებს შორის.
. ერიდეთ სახიფათო ადგილებში ფეხშიშველა სიარულს, საზოგადოებრივი საშხაპეებით სარგებლობას.
. ნუ ისარგებლებთ სხვისი პირსახოცით, ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით.
. აუზის, პლაჟის ან მსგავსი ადგილების სტუმრობის შემდეგ საკუთარი პირსახოციც კი საგულდაგულოდ გარეცხეთ და გააუთოეთ (უმჯობესია ორთქლით).
. თუ დღის განმავლობაში ფეხსაცმელი მეტისმეტად გიტენიანდებათ, აივანზე გააშრეთ და ისე ჩაიცვით.
. უპირატესობა მიანიჭეთ ბუნებრივი მასალისგან ნაქსოვ წინდებსა და გეტრებს. სასურველია, ისინი თეთრი იყოს, რადგან საღებავი ისედაც დაზიანებულ კანს კიდევ უფრო აღიზიანებს.
. თუ წინდები ან გეტრები ძლიერ გიტენიანდებათ, ხშირად (დღეში 2-ჯერ მაინც) იცვალეთ.
. ატარეთ ტყავის ფეხსაცმელი, რომელიც კარგად ვენტილირდება. ხელოვნური მასალის, განსაკუთრებით რეზინის ფეხსაცმელი კი შეგიძლიათ თაროზე შემოდოთ.
ტერფის მიკოზს თუ არ ვუმკურნალთ, არაფერი დაშავდება
რა თქმა უნდა, სოკოვანი ინფექცია მომაკვდინებელი სენი არ არის, მაგრამ არც მხოლოდ თითებს შორის არსებული უმნიშვნელო დისკომფორტია. ესთეტიკურ მხარეს რომ თავი დავანებოთ, მიკოზს ერთი უცნაურობაც ახასიათებს: სოკო და მისი ტოქსინები ალერგიულ რეაქციას იწვევს, რის გამოც კანზე ბუშტუკოვანი გამონაყარი ჩნდება. ყველაზე ხშირად აყრით ზედა და ქვედა კიდურებზე (უფრო – მტევნებზე) და სახეზე. ისიც შეიძლება სოკოვანი გამონაყარი თავისი «სიურპრიზებით» (ქავილი, აქერცვლა...) სხეულის დიდ უბნებს მოედოს. ასე რომ, თუ ტერფის მიკოზი უკვე გაქვთ:
. აუცილებლად მიმართეთ ექიმს, რადგან სოკოვანი დაავადება თავისთავად არაფრისდიდებით არ გაივლის.
. შეიძინეთ ახალი, მსუბუქი და ჰაერგამტარი ფეხსაცმელი, ძველები კი საგანგებოდ დაამუშავეთ: ჩადეთ შიგნით 10%-იან ფორმალინში ან ძმარში დასველებული ღრუბელი, შემდეგ ფეხსაცმელი პოლიეთილენის პარკში მოათავსეთ და სამი დღით აივანზე დადეთ, ამ ხნის შემდეგ ცელოფნიდან ამოიღეთ და გასანიავებლად რამდენიმე დღით აივანზევე დატოვეთ.
. მტკივან ტერფებს აშუშებს კალიუმის პერმანგანატის სუსტი ხსნარის (1:6000, 1:10000) თბილი აბაზანა.
რაც შეეხება მედიკამენტურ მკურნალობას, ამჟამად უამრავი ანტიმიკოზური საშუალება არსებობს: კრემები, მალამოები, საცხები, ნაყენები, ტაბლეტები... მაგალითად, ეფცენ-150, რომელიც ძალზე ეფექტურია სხვადასხვა სახის სოკოვანი დაავადების სამკურნალოდ. ის უვნებელია შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთა და ასაკოვანთათვის. მარტივია მისი დოზირებაც. ეფცენ-150 სოკოვანი დაავადების პროფილაქტიკისთვისაც გამოგადგებათ.