კომპიუტერული კვლევა
გააზიარე:
ყველას მოგვიკრავს ყური მედიცინის უმნიშვნელოვანესი მიღწევისთვის და თავის წამოტკივებისა თუ უბრალო უქეიფობის გამო, ზოგჯერ კი ისე, ყოველი შემთხვევისთვის, ვცდილობთ, ეს გამოკვლევა ჩავიტაროთ, ხოლო თუ ვერ მოვახერხეთ, გული გვწყდება. და ეს – მიუხედავად იმისა, რომ არც კი ვიცით, რას გულისხმობს სინამდვილეში “კომპიუტერით გაშუქება”. არც ის არის გამორიცხული, მისი სახელით ფოლის აპარატი ან ირიდოდიაგნოსტიკა შემოგთავაზონ.
ოფიციალური მედიცინისგან შორს მდგომ “კვლევებზე” სიტყვას აღარ გავაგრძელებთ. გვსურს, თქვენი ყურადღება მართლაც ძვირფას და უაღრესად ღირებულ გამოკვლევებს მივაპყროთ, რომლებსაც სამართლიანად უნდა უმადლოდეს კომპიუტერი სახელის მოხვეჭას მედიცინაში ჩაუხედავთა თუ ჩახედულთა შორის. ეს კომპიუტერული ტომოგრაფია (კტ) და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიაა (მრტ). მათი არსისა და დიაგნოსტიკური ღირებულების გარკვევაში კი “ავერსის კლინიკის” ექიმები, რადიოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი ნიკა საინიშვილი და რადიოლოგი მარიამ ქუთათელაძე დაგვეხმარნენ.
პრინციპული საკითხი
ამთავითვე შევთანხმდეთ – გამომთვლელი მანქანის ათასჯერ დაჭკვიანებულ შთამომავალს მხოლოდ ის შეუძლია, მიღებული მონაცემები წინასწარ შექმნილი პროგრამული ალგორითმის მიხედვით გადაამუშაოს. ასე რომ, მიუხედავად ხალხში დავარდნილი სახელისა, მოუწევს, დიდების გვირგვინი მეორე, უბრალო ფიზიკურ მოვლენაზე დაფუძნებულ მეცნიერულ მიღწევას დაუთმოს, უკიდურეს შემთხვევაში, გაუყოს მაინც. კომპიუტერული ტომოგრაფიის შემთხვევაში ეს რენტგენის სხივებია, მაგნიტური რეზონანსის დროს კი მაგნიტური ველი და რადიოსიხშირული ტალღები. რენტგენის სხივებს წარდგენა ალბათ არ სჭირდება, ოღონდ, გულმკერდის ან ძვლის რენტგენოგრამებისგან განსხვავებით, ტომოგრაფიის დროს აპარატი საკუთარ მხედველობის არეში მოხვედრილ სხეულის ნაწილს განივი ჭრილის სურათებს “უღებს”, წარმოსახვით ისევე ჭრის, როგორც დიასახლისი – პურის ბატონს (ბერძნულად “ტომოს” სწორედ ნაჭერს, კვეთს ნიშნავს).
ასეთივე კვეთებისა თუ ჭრილების გამოსახულებას გვაძლევს მაგნიტური რეზონანსის აპარატიც, ოღონდ ფიზიკური პრინციპი აქ განსხვავებულია: ძლიერი გარე მაგნიტური ველი ორგანიზმში არსებული ატომების ბირთვებს გარკვეულ გადაჯგუფებას და სასურველი მიმართულებით განლაგებას აიძულებს; რადიოსიხშირული იმპულსების ზემოქმედებით პროტონების მიერ გამოსხივებული ენერგია ფიქსირდება, ხოლო შემდეგ დაფიქსირებული ინფორმაციის მათემატიკური დამუშავებით შესასწავლი ორგანოების საკმაოდ მკვეთრ და კონტრასტულ გამოსახულებებს ვიღებთ. ანატომიურად ეს სურათი გაცილებით დახვეწილი და ნატიფია, ვიდრე ნებისმიერი სხვა დიაგნოსტიკური მეთოდით მიღებული. მაგნიტური ველის პარამეტრების ცვლილებით შეგვიძლია ვცვალოთ გამოსაკვლევი ორგანოს გამოსახულების სიბრტყე, ჭრილის სისქე და პრაქტიკულად ნებისმიერი ფიზიკური პარამეტრი. ამავე დროს, ვინაიდან სხვადასხვა ქსოვილი განსხვავებული კონსისტენციისა და ფიზიკური თვისებების გამო მაგნიტურ ველზე სხვადასხვაგვარად რეაგირებს, ჩვენ სისხლძარღვების, სადინარების სურათის მიღებაც შეგვიძლია. რენტგენოგრაფიის დროს მათ შესასწავლად წინასწარ კონტრასტული ნივთიერების შეყვანაა საჭირო. თუმცა დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად ინტრავენურ კონტრასტირებას ზოგჯერ მრტ-ს დროსაც მივმართავთ.
მაგნიტური რეზონანსის შესაძლებლობები ანატომიური დეტალების დაფიქსირებით არ შემოიფარგლება. საქმე ის არის, რომ ბირთვულ-მაგნიტური რეზონანსის თვისება ყველა ქიმიურ ნივთიერებას აქვს, სპექტრის შესწავლის დროს კი გამოსხივების პიკები სხვადასხვა სიხშირეზე მოდის. ამის მიხედვით შეგვიძლია მოცემულ უბანში ამა თუ იმ მეტაბოლიტის (ნივთიერებათა ცვლაში მონაწილე აქტიური ნივთიერების) რაოდენობა დავადგინოთ. ამ ფუნქციას სპექტროსკოპიას ვუწოდებთ და ჩვენი აპარატურა მისი ჩატარების საშუალებასაც გვაძლევს.
გამოსაკვლევი ობიექტის გამოსახულების სიმკვეთრეს გარკვეულწილად ტომოგრაფის მაგნიტური ველის სიმძლავრე განსაზღვრავს. სიმძლავრის ერთეული ტესლა გახლავთ. “ავერსის კლინიკის” მაგნიტურ-რეზონანსური ტომოგრაფის სიმძლავრე 1.5 ტესლაა, რაც კლინიკური კვლევებისათვის ყველაზე გავრცელებული და უნივერსალური მაჩვენებელია.
მერე არაფერი მომივა?
რენტგენის სხივებს სრულიად უვნებელს ვერ დავარქმევთ, თუმცა ამ შემთხვევაშიც რისკისა და სარგებლის აწონ-დაწონა გვიწევს. თუ არჩევანი გვაქვს, ბავშვებსა და ორსულებს რენტგენოლოგიურ გამოკვლევას არ ვუტარებთ, თუმცა მედიცინაში გამოყენების საუკუნეზე ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე რენტგენის სხივებს მილიონობით ადამიანისთვის ზიანზე ათასჯერ მეტი სარგებლობა აქვს მოტანილი.
რაც შეეხება მაგნიტურ ველსა და რადიოსიხშირულ ტალღებს, ადამიანის ორგანიზმზე მათი მავნე გავლენა არც ერთ გამოკვლევას არ დაუფიქსირებია. მეტსაც გეტყვით: დადგენილია, რომ ორსულის 15 წუთზე ხანმოკლე გამოკვლევა ოდნავადაც არ ზრდის ნაყოფის სიმახინჯეების განვითარების რისკს (უფრო ხანგრძლივი, უბრალოდ, არ შეუსწავლიათ), ამიტომაც მეთოდი არაინვაზიურად – ადამიანის ორგანიზმზე უარყოფითი გავლენის არმქონედ – ითვლება და მისი გამოყენება არამცთუ ორსულებისთვის, არამედ ახალშობილებისა და ჩვილებისთვისაც კი შეიძლება და საკმაოდ ეფექტურადაც ვიყენებთ ნაყოფის ამა თუ იმ სიმახინჯის თუ განვითარების მანკის აღმოსაჩენად.
მაგნიტური რეზონანსის ერთადერთი უკუჩვენება ორგანიზმში არსებული ლითონის იმპლანტატია, მაგალითად, სტენტი, ხელოვნური სახსარი, ისიც მხოლოდ ზოგიერთი სახისა, იმიტომ რომ მაგნიტურრეზონანსთავსებადი სტენტებიცა და სახსრებიც არსებობს.
ცალკე გამოსაყოფი საკითხია პაციენტის წონაც. 150 კგ-ზე მძიმე პაციენტებს დღემდე საქართველოში მრტ-ის ჩატარება გაუჭირდებოდათ, “ავერსის კლინიკის” აპარატისთვის კი პაციენტის მაქსიმალური წონა 250 კგ-ით არის განსაზღვრული.
რას ჰგავს ეს
კომპიუტერული ტომოგრაფიის დროს წვებით მოძრავ საკაცეზე, რომელიც აპარატის წრიულ ჭრილში გაგატარებთ. ამ დროს რენტგენის სხივების წყაროც წრიულად ბრუნავს და სხეულის განსაზღვრულ მონაკვეთს მარაოსებურად ასხივებს, ნაკადის სისქე კი შეიძლება 1-დან 10 მმ-მდე მერყეობდეს. ორგანიზმიდან გამოსულ სხივებს კი დეტექტორები ხვდება და კადრივით აფიქსირებს. რამდენიმე ათეული ბრუნი და მრავალი “კადრი” თითოეული შემობრუნებისას – კომპიუტერს სწორედ ამ მასალის გაანალიზება უხდება.
რაც შეეხება მაგნიტურ რეზონანსს, სუსტი გულის პატრონებსა და დახურული სივრცის შიშით შეპყრობილებს გამბედაობის მოკრება მოუწევთ, თუმცა ჩვენთან – ყველაზე ნაკლებად. მსგავსი სიმძლავრის აპარატებს შორის ჩვენსას ყველაზე მოკლე და შედარებით ფართო გვირაბი აქვს. სწორედ ამ გვირაბში შეჰყავს პაციენტი მოძრავ საკაცეს, სადაც გარკვეული ხნის განმავლობაში გაუნძრევლად წოლა მოგიწევთ. კიდევ ერთი უსიამოვნებაა ხმაური, რომელსაც ტომოგრაფი მუშაობისას გამოსცემს, თუმცა პაციენტს, ვთქვათ, ექიმებისგან განსხვავებით, შეუძლია ყურსაცვამებით ისარგებლოს, რომლებსაც გამოკვლევის დაწყებამდე მივცემთ. ჩვენი სიახლეა ასევე აღნიშნულ ყურსაცვამებში მუსიკალური თემების მიწოდების შესაძლებლობა (პაციენტს შეუძლია, მუსიკალური თემის სახეობა თავად შეარჩიოს).
რაც დავინახეთ
კომპიუტერულმა ტომოგრაფიამ, განსაკუთრებით კი მაგნიტურმა რეზონანსმა, მედიკოსებს საშუალება მოგვცა, თითქმის ყველა ორგანო და ქსოვილი ვიზუალურად შეგვეფასებინა. მრტ პრაქტიკულად ყველა პარენქიმული (ღრუს არმქონე) ორგანოს ნატიფი გამოსახულების მიღების საშუალებას იძლევა. რაც შეეხება ღრუ ორგანოებს, მაგალითად, კუჭსა და ნაწლავებს, მაგნიტური რეზონანსით მათი შესწავლა მხოლოდ ბოლო ხანს დაიწყეს. ამჟამად უკვე არსებობს ვირტუალური კოლონოსკოპია თუ ბრონქოსკოპია, თუმცა მეთოდის სიძვირის გამო ფართო გავრცელება ვერ პოვეს (თანაც, თუ პათოლოგია აღმოვაჩინეთ, ადგილობრივი ჩარევისა და ბიოფსიისთვის ენდოსკოპიური გამოკვლევა მაინც საჭირო გახდება). ყველაზე მგრძნობიარე კი ეს მეთოდი თავისა და ზურგის ტვინის გამოკვლევისას აღმოჩნდა. იმ პირთა 70%-ზე მეტი, ვისაც მაგნიტურ-რეზონანსულ გამოკვლევას ვუტარებთ, ნევროლოგიური პაციენტია.
კიდევ ერთი სიახლე, რომელიც ამიერკავკასიაში ჩვენ დავნერგეთ, გახლავთ მაგნიტურ-რეზონანსული მამოგრაფია, ძუძუს გამოკვლევის უაღრესად ინფორმაციული და აბსოლუტურად უსაფრთხო მეთოდი.
ამ ორი გამოკვლევიდან ერთ-ერთის არჩევისას მრავალი ფაქტორია გასათვალისწინებელი. მაგნიტურ რეზონანსს გაცილებით მაღალი აქვს ქსოვილოვანი დიფერენცირების უნარი, სივრცობრივი გადაწყვეტის თვალსაზრისით კი კომპიუტერული ტომოგრაფია უპირატესია. მაგალითად, ფილტვებისა და გულმკერდის სხვა ორგანოების პათოლოგიებს კტ უკეთ აფიქსირებს. მუცლის ღრუს ორგანოების კვლევისას ულტრაბგერის შემდეგ მეორე რიგის კვლევად კომპიუტერული ტომოგრაფია ითვლება, მაგნიტური რეზონანსი კი უფრო მაღალი კატეგორიაა დიაგნოსტიკურ ალგორითმში.
მცირე მენჯის ღრუს ორგანოების კვლევისას მაგნიტური რეზონანსი უფრო ინფორმაციულია – მცირე მენჯში არსებული სტრუქტურები გაცილებით უკეთ ჩანს, ვიდრე კტ-ს დროს, თუნდაც ინტრავენური გაძლიერებით.
მაგნიტური რეზონანსი უფრო ინფორმაციულია ძვალსახსროვანი სისტემის გამოკვლევის დროსაც, თუმცა ტრავმის შემთხვევაში (თუ დაზიანება სახსარს არ ეხება) უპირატესობას კტ-ს ვანიჭებთ.
ფილტვების გამოსაკვლევად, ასევე – ყველა გადაუდებელი შემთხვევისთვის, კტ ჯობს, თუნდაც იმიტომ, რომ გამოკვლევა უფრო ხანმოკლეა, მართვით სუნთქვაზე მყოფ ავადმყოფსაც კი შეიძლება ჩავუტაროთ და შედარებით იაფია.
დასკვნის მაგივრად
როგორც ხედავთ, ორივე გამოკვლევა თანამედროვე მედიცინის უმნიშვნელოვანესი მიღწევაა, ოღონდ მხოლოდ მაშინ, როცა პლიუს-მინუსები აწონილ-დაწონილი გვაქვს და ვიცით, რას ვეძებთ. ამიტომაც დიაგნოსტიკისა თუ მკურნალობის მეთოდის შერჩევა ჯობს ექიმს მივანდოთ. თუ სამედიცინო ჩვენება არ არსებობს, ჯანმრთელობის პრობლემების რაც შეიძლება ადრე გამოსავლენად სხვა, გაცილებით მარტივი ტესტები (მაგალითად, სისხლის საერთო ანალიზი ან წნევის გაზომვა) უფრო უპრიანია. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ეს გამოკვლევები საკმაოდ ძვირადღირებულია საიმისოდ, რომ ყოველი შემთხვევისთვის, გვჭირდება თუ არა, მაინც ჩავიტაროთ. თუმცა თუ ადამიანს თვითმკურნალობა და თვითდიაგნოსტიკა სურს, რა თქმა უნდა, ჯობს, ისევ არაინვაზიურ მეთოდს – მაგნიტურ-რეზონანსულ გამოკვლევას მიმართოს.
რაც შეეხება კომპიუტერულ ტომოგრაფიას, პროფილაქტიკის მიზნით მისი ჩატარება და ორგანიზმის ზედმეტად დასხივება ალბათ გაუმართლებელია.