ნუშურები გულის წინააღმდეგ
გააზიარე:
ნუშურა ჯირკვლების ანთება რომ ცუდად შეიძლება დამთავრდეს, ყველა მშობელმა იცის, მაგრამ სახელდობრ რას უქადის ბავშვს ესა თუ ის გართულება, ამაზე ბევრს მხოლოდ ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს. მრავალ ჩვენგანს რევმატიზმი დღესაც მხოლოდ სახსრების დაავადება ჰგონია, სისხლში ჯვრების რაოდენობა კი უტყუარი დიაგნოზი. ზოგიერთს მიაჩნია, რომ ნუშურები რაც შეიძლება ადრე და მალე უნდა ამოიშანთოს, ზოგი კი ოპერაციას ჭირის დღესავით უფრთხის. ამდენ მითს შორის სად იმალება სიმართლე? გვესაუბრება “ავერსის კლინიკის” რევმატოლოგი ხათუნა ლეწვერიძე:
– ნუშურა ჯირკვლები ერთგვარი კარიბჭეა. ისინი პირველადი ბარიერია საკვებისთვის, რომელსაც ადამიანი იღებს. ცნობილია, რომ სურსათი სასარგებლოსთან ერთად მავნე ნივთიერებებსა და მიკროორგანიზმებსაც უხვად შეიცავს. მათ გასანეიტრალებლად პირველად იმუნურ წინააღმდეგობას სწორედ ნუშურა ჯირკვლები ქმნიან. დაცვითი მექანიზმი მათი იმუნური ანთებით – ტონზილიტით გამოიხატება, რომელიც ყოველთვის მშვიდობიანად არ ჩაივლის. ზოგჯერ დაცვის პირველ ფორპოსტს მტერი იგდებს ხელთ და საკუთარ ბანაკად აქცევს. ორგანიზმში ანთების ქრონიკული კერა ჩნდება, ეს კი, ბუნებრივია, ბავშვს კარგს არაფერს უქადის. შესაძლოა, მხოლოდ ადგილობრივი გართულებები – აბსცესი (ნუშურა ჯირკვლების შემოფარგლული დაჩირქება) ან ფლეგმონა (გავრცობილი დაჩირქება) – განვითარდეს; შესაძლოა, ინფექცია მთელ ორგანიზმს გადასწვდეს. იმუნური დაცვის შესუსტებისას მიკრობები შესაძლოა სისხლის ნაკადს გაჰყვნენ და მთელ ორგანიზმს მოედონ – ეს უკვე სეფსისია. თუ ნუშურებში გამაგრებული მავნებლები განსაზღვრული ჯგუფის სტრეპტოკოკები აღმოჩნდნენ და გენეტიკურმა ფაქტორებმაც ხელი შეუწყო, შესაძლოა, თირკმელების მწვავე ანთება (გლომერულონეფრიტი), ქრონიკული ტონზილოგენური კარდიოპათია ან რევმატიზმი ჩამოყალიბდეს.
– რა არის ქრონიკული ტონზილოგენური კარდიოპათია და რევმატიზმი? რევმატიზმს ხალხი ხშირად სახსრების ანთებასა და ტკივილთან აიგივებს. რამდენად მართებულია ეს წარმოდგენა?
– ეს წარმოდგენა უბრალოდ მცდარია. რევმატიზმი არ გულისხმობს მხოლოდ სახსრების ტკივილს, ისევე, როგორც სახსრების ტკივილი ყოველთვის რევმატიზმს არ ნიშნავს. ეს დაავადება დიფუზურ შემაერთებელქსოვილოვან დაავადებათა ჯგუფს მიეკუთვნება, ამიტომაც შესაძლოა, მრავალფეროვანი და ატიპური სიმპტომებით გამოვლინდეს, ყველაზე ხშირად კი სახსრების, გულის, ცენტრალური ნერვული სისტემის, კანისმიერ გამოვლინებებს ვხვდებით.
სახსროვანი სინდრომისთვის დამახასიათებელია სიმეტრიული სახსრების “მფრინავი” ტკივილი, ხშირად – მსხვილ სახსრებში ანთებითი გამოვლინებით. რევმატიზმს არ სჩვევია რომელიმე ერთი სახსრის “სიყვარული”, რაც მრავალი სხვა რევმატოლოგიური დაავადებისთვის დამახასიათებელი და სპეციფიკურია. რევმატიზმის დროს სახსრების დაზიანება შექცევადია, ანთების მწვავე ეპიზოდის ჩავლის შემდეგ თითქოს უკვალოდ ქრება.
გულის, უფრო ზუსტად, მისი სარქვლოვანი აპარატის, დაზიანება კი გაცილებით მძიმე და შეუქცევადია. ექიმები ხშირად ვამბობთ, რომ რევმატიზმის სახსრებს მხოლოდ ლოკავს, გულს კი კბენს. გულის შიგნითა გარსის რევმატული ანთება ხშირად შეუმჩნევლად, ძალზე მწირი სიმპტომატიკით ვითარდება და გულის მანკითა და გულის უკმარისობით მთავრდება.
რევმატიზმის პირველადი გამოვლინება ზოგჯერ ცენტრალური ნერვული სისტემისდაზიანებას უკავშირდება. მას საიდენჰემის ქორეა ანუ მცირე ქორეა ეწოდება და ბავშვის არაკოორდინირებული მოძრაობებით ვლინდება (მასწავლებლები ხშირად ჩივიან, რომ ბავშვი გაკვეთილზე წრიალებს, ერთ ადგილზე ვერ ჩერდება). არც უფრო მძიმე დაზიანება, ტვინის გარსებისა (მენინგიტის) და უშუალოდ თავის ტვინის (ენცეფალიტის) ანთების ჩამოყალიბებაა გამორიცხული.
კანისმიერი გამოვლინებებიდან სპეციფიკურია ანულარული ანუ რგოლოვანი ერითემა – მოწითალო პაპულური გამონაყარი, რომელიც შესაძლოა კიდურებიდან მთელ ტანზე გავრცელდეს.
ზოგადი სიმპტომებიდან აღსანიშნავია სისუსტე, ცხელება, ოფლიანობა, ცხვირიდან სისხლდენა, წონის კლება.
ქრონიკული ტონზილოგენური კარდიოპათია ფუნქციური, გარდამავალი ხასიათის კარდიოლოგიური სიმპტომების ერთობლიობაა, რომლებიც ორგანიზმში ზოგადი ინტოქსიკაციის საპასუხოდ ვითარდება. რევმატიზმისგან მის დიფერენცირებას სპეციალისტი კლინიკური და ლაბორატორიული მაჩვენებლების საფუძველზე ახდენს.
– ქრონიკული ტონზილიტი და რევმატიზმი რომ ჩამოყალიბდეს, აუცილებელია, ბავშვს ანგინა ხშირად ემართებოდეს?
– სრულიადაც არა. ანგინა ნუშურა ჯირკვლების მწვავე ანთებაა და ადეკვატური მკურნალობისას ერთ კვირაში იკურნება, თუმცა ნუშურებისა და კისრის ლიმფური ჯირკვლების შეშუპება შეიძლება კიდევ დიდხანს დარჩეს. ხშირი ანგინით გაწამებული მშობლები და პედიატრი, ჩვეულებრივ, ნუშურების ამოკვეთას ამჯობინებენ და ამით რევმატიზმის განვითარებას თავიდან იცილებენ. ამავე დროს შედარებით ნაკლებად გამოხატული სიმპტომები, ყელის ან ყურის შედარებით სუსტი ხშირი ტკივილი, დაბალი (37-38ºC) ცხელება, პირიდან არასასიამოვნო სუნი, ყლაპვის დროს ტკივილი, ხმის შეცვლა, კისრის ლიმფური ჯირკვლების შეშუპება, ნუშურა ჯირკვლების სიწითლე, ნუშურებზე ყვითელი ან თეთრი ნადები, ასევე – რევმატული პროცესის საწყისი გამოვლინებები – ადვილად დაღლა, სახსრების გარდამავალი ტკივილი ან არაკოორდინებული მოძრაობები – შესაძლოა მშობლებს უყურადღებოდ დარჩეთ და უმძიმესი შედეგები გამოიწვიოს. არადა ქრონიკული ტონზილიტი ძალიან ხშირად სწორედ ასე, ნაკლებად გამოხატული ან წაშლილი სიმტომატიკით მიმდინარეობს.
– ზემოთ ლაბორატორიული გამოკვლევები ახსენეთ. რა მნიშვნელობა აქვთ მათ ტონზილოგენური კარდიოპათიისა და რევმატიზმის დიაგნოსტიკისთვის? ბევრს მიაჩნია, რომ ჯვრების რაოდენობა რევმატიზმის უტყუარი ნიშანია...
– ლაბორატორიულ და ინსტრუმენტულ კვლევებს პარაკლინიკურ დამატებით კვლევებსაც ვუწოდებთ, რითაც ხაზს ვუსვამთ, რომ მათ მხოლოდ დაავადების კლინიკურ სურათთან ერთად აქვთ მნიშვნელობა და ექიმისთვის ერთგვარ დამხმარე საშუალებას წარმოადგენენ. ტონზილოგენური კარდიოპათიისა და რევმატიზმის არსებობისა და სიმძიმის დასადგენად, ჩვეულებრივ, ვატარებთ სისხლისა და შარდის საერთო ანალიზს, ხახიდან აღებულ ნაცხში ვეძებთ სტრეპტოკოკებს, სისხლში განვსაზღვრავთ ანტისტრეპტოკოკული ანტისხეულებისა და ანთების ცილების (C-რეაქტიული ცილა, დიფენილამინი, სერომუკოიდი) დონეს, ელექტრო-, ექო და ფონოკარდიოგრაფიის საშუალებით ვაფასებთ გულის მდგომარეობას. რევმატიზმისთვის ყველაზე სპეციფიკური ანტისტრეპტოლიზინ O-ს (სტრეპტოკოკების საწინააღმდეგო ანტისხეულების) ტიტრის განსაზღვრაა. მისი მატება იმუნური აქტივობის მაჩვენებელია და რევმატული პროცესის აქტიურობაზე მიუთითებს. თუმცა დაბალი ტიტრი არ გამორიცხავს ქრონიკულ ანთებას. დაავადების საწყის ფაზაში ანტისტრეპტოლიზინის ტიტრი შესაძლოა მომატებული არც კი იყოს. C-რეაქტიული ცილის ჯვრებისა და რევმატიზმის ურთიერთკავშირი კი მითია, რომელიც, საბედნიეროდ, თანდათან იფანტება და შეცდომაში ნაკლები ხალხი შეჰყავს.. ეს ტესტი რევმატიზმისთვის სპეციფიკური არ არის და მის არსებობას არ ამტკიცებს, თუმცა ინფორმაციულია რევმატიზმის აქტიურობის ხარისხის დასადგენად.
– როგორ მკურნალობენ ამ პათოლოგიებს და რამდენ ხანს გრძელდება მკურნალობა?
– მკურნალობა მოიცავს რაციონალურ ანტიბიოტიკოთერაპიას, ანთებითი კერის ადგილობრივ სანაციას, საჭიროების შემთხვევაში – ოპერაციულ მკურნალობას, დაავადების გაქრონიკულების პროფილაქტიკას. ხანგრძლივობა ინდივიდუალურია, თუმცა ხშირად გართულებების თავიდან ასაცილებლად თერაპიული კურსების ჩატარება წლების განმავლობაშია საჭირო. ასეა თუ ისე, გადაწყვეტილება მხოლოდ ექიმმა უნდა მიიღოს. გავრცელებულ შეცდომას, ზოგადი სიმპტომატიკის გაქრობის შემდეგ მკურნალობის კურსის თვითნებურ შეწყვეტას, სავალალო შედეგამდე – პროცესის გაქრონიკულებამდე და შემდგომ პროგრესირებამდე მივყავართ, რაც შესაძლოა გულის მანკის ჩამოყალიბებით და გულის ქრონიკული უკმარისობით დასრულდეს.
– როგორ ავიცილოთ თავიდან რევმატიზმი და ტონზილოგენური კარდიოპათია?
– რევმატიზმისა და ტონზილოგენური კარდიოპათიის თავიდან ასაცილებლად მათი მიზეზების – ქრონიკული ტონზილიტის, ფარინგიტის, სინუსიტების დროული გამოვლენა და სწორი მკურნალობაა საჭირო. ამ საკითხის გადაჭრით განვითარებულმა ქვეყნებმა რევმატიზმის პრობლემა ფაქტობრივად აღმოფხვრეს. განვითარებადი სამყაროსთვის ის ჯერ კიდევ აქტუალურია, ქართული სტატისტიკა კი პირდაპირ სამწუხაროა.
– თუ ასეა, ხომ არ სჯობს, ნუშურა ჯირკვლები ყველა ბავშვს მცირე ასაკშივე ამოვაჭრათ? ვის კომპეტენციაში შედის ოპერაციის მიზანშეწონილობის განსაზღვრა? საკმარისია თუ არა ლაბორატორიულ გამოკვლევათა შედეგები გადაწყვეტილების მისაღებად?
– ორგანიზმში ზედმეტი არაფერია. ნუშურებსაც კონკრეტული და ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრია. ჯანმრთელი ჯირკვლის ამოკვეთა დაუშვებელია, ისევე როგორც ქრონიკული ანთებითი კერის ორგანიზმში დატოვება, თუმცა ბოლო ხანს სამეცნიერო ნაშრომებში გაჩნდა მონაცემები, რომლებიც ადასტურებს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ტონზილექტომიის პირდაპირი ჩვენება არ არსებობს, ნუშურა ჯირკვლების ამოკვეთა გაცილებით ეფექტური და იაფია, ვიდრე ქრონიკული ტონზილიტის კონსერვატიული მკურნალობა. ოპერაციული მკურნალობის პირდაპირი ჩვენებაა ყელის მუდმივი ტკივილი, წლის განმავლობაში ტონზილიტის 3-დან 5-მდე ეპიზოდი, შეშუპებული ტონზილებით გამოწვეული შექცევადი ყურის ინფექცია, ყლაპვისა და სუნთქვის გაძნელება, დიდი ტონზილები, ტონზილოლითები (ქვები ნუშურა ჯირკვლებში). დასკვნის გამოსატანად ლაბორატორიული კვლევების მონაცემები, რა თქმა უნდა, საკმარისი არ არის. მეტსაც გეტყვით: თუ რევმატული პროცესი უკვე დაწყებულია, ტონზილექტომიამდეც და მის შემდეგაც აუცილებელია მკურნალობა. წინააღმდეგ შემთხვევაში მოსალოდნელია სისხლდენის განვითარება, დაავადების შემდგომი გამწვავება და პროგრესირება. კონკრეტულ გადაწყვეტილებას კი პედიატრი იღებს ოტორინოლარინგოლოგთან და, თუ საჭიროა, რევმატოლოგთან შეთანხმებით.