გაფანტული სკლეროზი

გააზიარე:


ნერვული ბოჭკოები, რომლებიც ჩვენ მიერ განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებაში, გარე იმპულსების აღქმასა თუ აზროვნებაში მონაწილეობენ, მიელინის გარსით არიან დაფარულნი. მათი საშუალებით იმპულსები უსწრაფესად მოძრაობენ ცენტრალურ ნერვულ სისტემასა და პერიფერიას შორის. თუმცა მარადიული არაფერია და ზოგჯერ მიელინის გარსიც ზიანდება.
გაფანტული სკლეროზის შესახებ “ავერსის კლინიკის” ნევროპათოლოგი მაკა მანია გვესაუბრება.

– გაფანტული სკლეროზი დემიელინიზაციურ დაავადებათა რიცხვს ეკუთვნის. დემიელინიზაცია მიელინის გარსის დაშლას ნიშნავს. მიელინის გარსი თეთრი ნივთიერებაა, რომელიც გარს აკრავს ნერვულ ბოჭკოებს და მათ გასწვრივ ნერვული იმპულსის სწრაფ და იზოლირებულ მოძრაობას უზრუნველყოფს. მიელინის გარსის დაშლის შედეგად ირღვევა ნერვული იმპულსის გადაცემის პროცესი, რაც დაავადების სახით ვლინდება. დემიელინიზაციას ხშირად მოჰყვება რემიელინიზაცია ანუ დაშლილი მიელინის გარსის სპონტანური, თავისთავადი აღდგენა, რისი წყალობითაც ნერვულ ბოჭკოში იმპულსი კვლავ შეუფერხებლად გაივლის.
– რა განაპირობებს გაფანტული სკლეროზის კლინიკურ სურათს? რატომ ეწოდა დაავადებას ეს სახელი?
– გაფანტული სკლეროზის სიმპტომატიკა დემიელინიზაციის შედეგია, რემიელინიზაცია კი მის მორეციდივე-რემისიულ მიმდინარეობას განაპირობებს, რაც იმას ნიშნავს, რომ დაავადების სიმპტომები განსაზღვრული პერიოდულობით იჩენს თავს, ამ პერიოდებს შორის კი პაციენტი ან სავსებით, ან თითქმის ჯანმრთელია. დაავადების ასეთ მიმდინარეობას ექიმები სიმპტომების დროში დისემინაციას უწოდებენ.
გაფანტული სკლეროზის კლინიკური სიმპტომები მრავალფეროვანია, რადგან დემიელინიზაცია შესაძლოა ცენტრალური ნერვული სისტემის თითქმის ყველა ბოჭკოს შეეხოს, მათ შორის – მოძრაობის ძალაზე, კოორდინაციაზე, მგრძნობელობაზე, მხედველობაზე პასუხისმგებელ ბოჭკოებსაც. ამასთანავე, დაავადებას აქვს ტიპობრივი უბნებიც, რომლებიც ყველაზე ხშირად ზიანდება, მათ შორის – ნათხემი, ზურგის ტვინი, მხედველობის გზა. როცა გაფანტული სკლეროზი უკვე დაავადებად არის ჩამოყალიბებული, ცენტრალურ ნერვულ სისტემაში რამდენიმე დემიელინიზაციის უბანი გვხვდება. შესაბამისად, ნერვული სისტემის რამდენიმე ფუნქცია ერთდროულად არის დაზიანებული. ამ მდგომარეობას ექიმები სიმპტომების სივრცეში დისემინაციას უწოდებენ.
ამრიგად, გაფანტული სკლეროზის სიმპტომები დროსა და სივრცეშია გაფანტული. აქედან მომდინარეობს მისი სახელწოდებაც: გაფანტული სკლეროზი. არის შემთხვევები, როდესაც დაავადების სიმპტომატიკა დროში არ არის გაფანტული და კლინიკური სურათი უწყვეტად, რემისიების გარეშე პროგრესირებს, რასაც პროგრედიენტული მიმდინარეობა ეწოდება, სივრცეში დისემინაცია კი მისი აუცილებელი კომპონენტია.
– რა ასაკში ვითარდება გაფანტული სკლეროზი? 
– გაფანტული სკლეროზი უპირატესად ახალგაზრდა ქალებს ემართებათ. ავადობის პიკი 20-დან 40 წლამდე ასაკზე მოდის. 10 წლამდე და 60 წლის შემდეგ გაფანტული სკლეროზის დებიუტი ძალიან იშვიათია.
– რამდენად არის გავრცელებული გაფანტული სკლეროზი საქართველოში?
– დაავადების გავრცელების მიხედვით მსოფლიო დაყოფილია სამ ზონად: 1) ქვეყნები, სადაც გაფანტული სკლეროზი ხშირია; 2) ქვეყნები, სადაც გაფანტული სკლეროზი არცთუ ისე ხშირია; 3) ქვეყნები, სადაც გაფანტული სკლეროზი იშვიათია. ჩვენ მეორე კატეგორიის ქვეყანას წარმოვადგენთ. საზოგადოდ, დაავადება ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპაში უფრო მეტად არის გავრცელებული, ვიდრე აზიასა და აფრიკაში. მოსახლეობის მიგრაციის მონაცემების გაანალიზების შედეგად აღმოჩნდა, რომ თუ ადამიანი ბავშვობაშივე შეიცვლის საცხოვრებელ გარემოს და მაღალი სიხშირის ქვეყნიდან დაბალი სიხშირის ქვეყანაში გადასახლდება, გაფანტული სკლეროზის განვითარების რისკი ისეთივე ექნება, როგორიც არის ახალ საცხოვრებელ გარემოში (ანუ დაბალი), მაგრამ თუ მიგრაცია 15 წლის შემდეგ მოხდა, დაავადების ალბათობა ისეთივე დარჩება, როგორიც მანამდე ჰქონდა (ანუ მაღალი). ეს მაგალითი ცხადყოფს, რამდენად დიდია გარემო ფაქტორების როლი დაავადების განვითარებაში.
როგორც პრაქტიკიდან ჩანს, ბოლო ხანს საქართველოში დაავადება გახშირდა, თუმცა ერთი მხრივ ამას ხელი შეუწყო ახალი დიაგნოსტიკური მეთოდების ფართოდ გამოყენებამაც, რომელთა საშუალებითაც დიაგნოზის დასმა გაცილებით ადვილია.
– კიდევ რომელ ფაქტორები ახდენს გავლენას გაფანტული სკლეროზის განვითარებაზე? აქვს თუ არა მნიშვნელობა მემკვიდრეობას?
– გაფანტული სკლეროზი მემკვიდრეობითი დაავადება არ არის, საუბარია მხოლოდ მისდამი განწყობაზე, ხოლო მაპროვოცირებელ მექანიზმებად მოიაზრება აუტოიმუნური პროცესები, ინფექციები, გარემო ფაქტორები და სხვა.
დაავადება ხშირად მწვავდება გაზაფხულზე და ზაფხულში. გამწვავებას შესაძლოა ხელი შეუწყოს უბრალო ვირუსულმა ინფექციამ, გასტროენტერიტმა და სხვა. მაპროვოცირებელ ფაქტორია ემოციური სტრესიც. ორსულობისას რეციდივის ალბათობა არ მცირდება, მშობიარობის შემდეგ კი იმატებს კიდეც, თუმცა ძუძუთი კვება გაფანტული სკლეროზის მიმდინარეობაზე უარყოფით გავლენას არ ახდენს.
– როგორ ხდება დიაგნოსტიკა?
– დიაგნოსტიკის სპეციფიკური მეთოდები არ არსებობს. გაფანტული სკლეროზის დიაგნოზი უნდა დაისვას კლინიკური და ანამნეზური მონაცემების საფუძველზე, ცენტრალური ნერვული სისტემის სიმპტომატიკის დროსა და სივრცეში დისემინაციის მიხედვით. დამხმარე მნიშვნელობა ენიჭება გამოკვლევის ისეთ მეთოდებს, როგორიც არის მხედველობით გამოწვეული პოტენციალები, თავისა და ზურგის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, თავზურგტვინის სითხის გამოკვლევა და სხვა. ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ ტომოგრაფიული მონაცემები არასპეციფიკურია და აუცილებელია მათი კომპლექსური განხილვა კლინიკურ სურათთან ერთად. ამდენად, დაავადების ერთმნიშვნელოვანი დიაგნოსტიკა შეუძლებელია. დიაგნოზი მდგომარეობის მრავალჯერადი შეფასებისა და დაკვირვების შედეგად დროთა განმავლობაში ისმება.
– როგორ ვლინდება დაავადების რეციდივი?
– მართალია, გაფანტული სკლეროზი თითქმის ყოველგვარი სიმპტომით შეიძლება გამოვლინდეს, მაგრამ ყოველი წაბორძიკება თუ თვალთ დაბნელება დაავადების რეციდივზე არ მიანიშნებს. მწვავე ეპიზოდი ანუ რეციდივი ისეთი მდგომარეობაა, როცა გაფანტული სკლეროზით დაავადებულ პაციენტს ნევროლოგიური სიმპტომატიკის გამწვავება არანაკლებ 24 საათის განმავლობაში აღენიშნება.
– რომელი სიმპტომები მიუთითებს გაფანტულ სკლეროზზე?
– ძნელია ისეთი სიმპტომის დასახელება, ერთმნიშვნელოვნად ამ დაავადებაზე რომ მეტყველებდეს, მაგრამ არსებობს რამდენიმე სინდრომი, როდესაც განსაზღვრული ალბათობით შეგვიძლია გაფანტული სკლეროზი ვივარაუდოთ. ასეთი სინდრომებია, მაგალითად, მხედველობის ნერვის ნევრიტი და განივი მიელიტი. მკითხველმა უნდა იცოდეს, რომ თუ ახალგაზრდა უჩივის მხედველობის სწრაფ და მკვეთრ გაუარესებას ან დაბინდვას (ტკივილით ან ტკივილის გარეშე), უჭირს ფერების გარჩევა და სხვა, ეს ყველაფერი რამდენიმე დღე ან რამდენიმე თვე გაგრძელდება და შემდეგ თავისთავად გაივლის, აუცილებელად მიმართოს ექიმს. ასევე, თუ ახალგაზრდა უჩივის ქვემო კიდურების სისუსტეს, უჭირს სიარული, მუხლებში იკეცება, ერღვევა შარდვისა და დეფეკაციის უნარი და ამ ყველაფერმაც რამდენიმე ხნის შემდეგ თავისთავად გაიარა, შესაძლოა, ეს განივ მიელიტზე მიუთითებდეს. ასეთ ადამიანს სასწრაფო სამედიცინო შემოწმება სჭირდება.
ცალკე აღნიშვნას იმსახურებს ისეთი სიმპტომი, როგორიც არის წონასწორობის დარღვევა სიარულის დროს.
გაფანტული სკლეროზისთვის დამახასიათებელია სიმპტომატიკის გაუარესება მაღალ ტემპერატურაზე. თავის დახრისას ხერხემლის გასწვრივ შესაძლოა გაჩნდეს დენის გავლის მაგვარი შეგრძნება და სხვა.
კიდევ ერთხელ დავუბრუნდები ზემოთქმულს: გაფანტული სკლეროზისთვის ეს ნიშნები დამახასიათებელია, მაგრამ მის უეჭველ არსებობას არ ნიშნავს. მათ შესაძლოა სხვა დაავადებების დროსაც იჩინონ თავი. ეს ის შემთხვევებია, როცა სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ და განსაზღვრული მიმართულებით ჩავატაროთ კვლევა.
– რას ითვალისწინებს გაფანტული სკლეროზის მკურნალობა?
– მკურნალობა მიზნად ისახავს მწვავე ეპიზოდის უკუგანვითარებას და დაავადების პროგრესირებისთვის ხელის შეშლას. თითოეულ მიმართულებას თავ-თავისი ჩვენება აქვს.
რაკი დაავადების პირველი ეპიზოდი და მისი რეციდივი დემიელინიზაციურ პროცესებს უკავშირდება, სამკურნალოდ მოწოდებულია ანთების საწინააღმდეგო და იმუნოდეპრესიული თვისებების მქონე კორტიკოსტეროიდული პრეპარატები. პაციენტისთვის შემაწუხებელი მწვავე ეპიზოდის შემთხვევაში ისინი შეძლებისდაგვარად ადრე და დიდი დოზებით გამოიყენება. სტეროიდთერაპიის პირველი კურსი სასურველია სტაციონარში ჩატარდეს. არ არის მიზანშეწონილი ამ პრეპარატების ხშირი (წელიწადში 3 ჯერზე მეტად) და ხანგრძლივი (3 კვირაზე მეტხანს) გამოყენება.
დაავადების პროგრესირების წინააღმდეგ მიმართული თერაპია მოიცავს ბეტა-ინტერფერონებსა და გლატირამერის აცეტატს (კოპაქსონი). ჩვენებისამებრ გამოიყენება ასევე იმუნოდეპრესიული პრეპარატები, იმუნოგლობულინები და პლაზმაფერეზი.
გაფანტული სკლეროზით დაავადებულებს ურჩევენ, ხშირად მიიღონ ლინოლის მჟავას შემცველი პროდუქტები, ვინაიდან ამ ცხიმოვან მჟავას დაავადების პროგრესირების შენელება ძალუძს. ლინოლის მჟავათი მდიდარია მზესუმზირა, ხორბალი, სოია და ზაფრანა.
– რას ურჩევდით გაფანტული სკლეროზით დაავადებულებს? როგორ ცხოვრების წესია მათთვის რეკომენდებული?  
– დაავადებულებისთვის არასასურველია მზის აბაზანები, საუნა და სხვა სითბური პროცედურები. ზაფხულში, ვურჩევთ, სიცხეს ერიდონ და კონდიციონერი გამოიყენონ. კარგი იქნება თუ პაციენტი რეგულარულად შეასრულებს მსუბუქ ფიზიკურ ვარჯიშებს და იცურებს.
გაფანტული სკლეროზით დაავადებულთათვის ნებისმიერი ოპერაცია ნებადართულია. ასევე შეუზღუდავია ანესთეზიის მეთოდები. დღევანდელი მონაცემებით, ასეთი ჩარევა არ ზრდის რეციდივის განვითარების რისკს. ფიზიკური ტრავმა, განსაკუთრებით კი ქალა-ტვინისა, ზოგჯერ საერთოდ არ ახდენს გავლენას გაფანტული სკლეროზის დასაწყისსა და რეციდივის განვითარებაზე, ზოგჯერ კი მისი გავლენა უმნიშვნელოა. 
ვინაიდან ინფექციური დაავადებები, მათ შორის – სეზონური გრიპი, გაფანტული სკლეროზის რეციდივს უწყობს ხელს, მათი საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარება მართებული იქნება. კვლევები ცხადყოფს, რომ ვაქცინაცია დაავადებაზე უარყოფით გავლენას არ ახდენს, მაგრამ მძიმე რეციდივის შემთხვევაში ჯობს, ვაქცინაცია მის უკუგანვითარებამდე გადაიდოს. ეს არ ეხება სასიცოცხლო მნიშვნელობის ვაქცინებს, მაგალითად, ტეტანუსის საწინააღმდეგოს.

გააზიარე: