როცა ბავშვი გაციებულია

გააზიარე:

მწვავე რესპირაციული ვირუსული ინფექცია – ასეთ დიაგნოზს წელიწადის ცივ დროს ხშირად სვამენ ექიმები, განსაკუთრებით კი პედიატრები. ზამთრობით პატარები მართლაც ხშირად ხდებიან ამ არცთუ იოლად გამოსათქმელი დაავადების მსხვერპლნი. უბრალო ენით კი ამ დაავადებას გაციებას ვუწოდებთ.

ხველა, სურდო, მაღალი ტემპერატურა – თითქოს არცთუ ისე საშიში სიმპტომებია, მაგრამ პაწიას მოუსვენრობით შეწუხებული დედიკო რას აღარ აკეთებს შვილის დასახმარებლად. ეგებ ჩვენ დედიკოს დავეხმაროთ?..

ვუტევთ სურდოს...

სურდოს სხვაგვარად რინორეას უწოდებენ. მიზეზიც მრავლად მოჰყავთ: სიცივე, გრიპი, ალერგია (უმთავრესად – ოთახისა თუ მცენარის მტვერზე, ცხოველის ბეწვზე). ცხვირის ლორწოვანი გარსი სიგარეტის კვამლისა და მძაფრი სუნების მიმართაც მეტისმეტად მგრძნობიარეა.

რამაც არ უნდა გამოიწვიოს სურდო, ის ძალიან შემაწუხებელია, განსაკუთრებით – პატარასთვის: გამონადენი ან წყალივით მოდის, ან სქელდება და იჭედება, სუნთქვის გაძნელებას და ქოშინს იწვევს...

სურდო, მიიუხედავად იმისა, რომ უმეტესად თავისთავად გაივლის და გართულებას არ იწვევს, ყურადღებას მაინც იმსახურებს: ბოლოს და ბოლოს, შეწუხებული ბავშვის ჭირვეულობის გაძლება არ გინდა?! ასე რომ, დაეხმარეთ პატარას, რინიტისგან იოლად გათავისუფლდეს:

. ძალიან ნელა მოხოცეთ ცხვირი, არ სთხოვოთ, მთელი ძალით “ჩაბეროს” ცხვირსახოცში.
. თუ გაციებას ალერგიამაც “წააშველა ხელი” (სურდოს თან სდევს ცხვირცემინება, ქავილი, ცრემლდენა), შეგიძლიათ, ბავშვს ალერგიის საწინააღმდეგო მედიკამენტი  მისცეთ.
. ჩვილ ბავშვებსა და ახალშობილებს ცხვირი გაუთავისუფლეთ სპეციალური, პიპეტის მსგავსი ხელსაწყოთი, რომლის შეძენაც აფთიაქში შეგიძლიათ.
. ჩააწვეთეთ ბავშვს მხოლოდ და მხოლოდ მისი ასაკისთვის განკუთვნილი ცხვირის წვეთები.
. უხვად ასვით სითხე.
. მოარიდეთ გამაღიზიანებელ ფაქტორებს, მაგალითად, სიგარეტის კვამლს, მძაფრ სუნებსა და ტემპერატურის მკვეთრ ცვალებადობას

უთუოდ უხმეთ პედიატრს, თუკი:

  • ბავშვი 2 თვემდე ასაკისაა და სიცხე აქვს;
  • რინორეა ათ დღეზე მეტია გრძელდება;
  • ცხვირიდან გამონადენი მომწვანო შეფერილობისაა და ბავშვს სტკივა შუბლი, თვალბუდის არე (ეს წიაღების – ცხვირის გარშემო არსებული ძვლოვანი ღრუების, უპირატესად ჰაიმორის ღრუს ანთებაზე მიუთითებს);
  • პატარას ასთმა აქვს ან იმუნოსუპრესორებს იღებს;
  • გამონადენს სისხლი მოჰყვება.

შემდეგ – ხველას...

გაციებულ ბავშვს თითქმის ყოველთვის ახველებს. ხველა უმეტესად ერთი კვირა გრძელდება და შემდეგ თავისთავად გაივლის. შესაძლოა, რამდენიმე კვირაც გასტანოს – ეს სულაც არ გახლავთ შეშფოთების საფუძველი. აი, თუ თვეზე მეტხანს გაგრძელდა, მაშინ კი ყურადღება გვმართებს.
მიიჩნევა (ყოველ შემთხვევაში, ასე მიაჩნიათ ამერიკელ პედიატრებს), რომ თუ ხუთ წლამდე ასაკის ბავშვი წლის განმავლობაში 4-ჯერ გახდა რესპირაციული ინფექციის მსხვერპლნი, საგანგაშო არაფერია, ხოლო თუ უფრო ხშირად და მძიმედ ავადმყოფობს, დიდხანს ახველებს – გაღრმავებული გამოკვლევა და შედარებით ხანგრძლივი მკურნალობა სჭირდება.

მეტი ყურადღების გამოჩენას და ექიმთან საკონსულტაციოდ მისვლას გირჩევთ, თუკი:

  • ხველასთან ერთად ბავშვს სუნთქვაც უჭირს ან მეტისმეტად სწრაფად სუნთქავს;
  • ხველასთან ერთად ბავშვს უკვე რამდენიმე დღეა მაღალი ტემპერატურაც აქვს;
  • ტემპერატურა არცთუ ისე მაღალია, მაგრამ პაწია ჯერ სამი თვისაც არ არის ან სულაც ახალშობილია;
  • ნახველი სისხლიანია ან მოყვითალო-მომწვანო ელფერი დაჰკრავს;
  • ხველა  მსტვენია და შორ მანძილზეც ისმის.

ხველის ძირითადი მიზეზი ვირუსული ინფექციაა, ასე რომ, ნუ გაგიკვირდებათ, თუ პედიატრმა ბავშვს ანტიბიოტიკი არ დაუნიშნა. ანტიბაქტერიული მედიკამენტი მაშინ შეიძლება დაინიშნოს, თუ ხველა გახანგრძლივდა და ექიმი დარწმუნდა, რომ დაავადება ბაქტერიული ხასიათისაა.

ხველისგან გათავისუფლებაში ბავშვს შეგიძლიათ თავადაც დაეხმაროთ. ამისთვის:

  • გაციებულ პაწიას თბილი სითხეები ასვით, გულმკერდი დაუთბილეთ. კარგია დაზელა და შემდეგ დათბილვა.
  • მიეცით ეფექტური ამოსახველებელი საშუალება, ოღონდ – ექიმთან კონსულტაციის შემდეგ. არამც და არამც არ დაალევინოთ მოზრდილთათვის განკუთვნილი მედიკამენტი.
  • მოარიდეთ სიგარეტის, ბუხრის ან ნებისმიერი სხვა წარმოშობის კვამლს.

გაითვალისწინეთ, რომ ძლიერი ხველის შემდეგ ბავშვს შესაძლოა ღებინება დაეწყოს. ასეა მაშინ, როდესაც ჭარბი ნახველი კუჭში ხვდება. თუ ღებინება ნახველისგან გათავისუფლებისთანავე შეწყდა, საგანგაშო არაფერია. ხოლო თუ გახანგრძლივდა, ექიმს უხმეთ.

...დაბოლოს – სიცხეს

მაღალ ტემპერატურას დედიკოს ხელისგულიც იოლად იგრძნობს, მაგრამ მეტი დამაჯერებლობისთვის თერმომეტრი უნდა მოვიშველიოთ.

გახსოვდეთ:

  • სიცხიან ბავშვს ტემპერატურა დღის განმავლობაში სამჯერ მაინც უნდა გაუზომოთ. ყველაზე მაღალ ციფრს თერმომეტრი, როგორც წესი, საღამოობით გიჩვენებთ, ყველაზე დაბალს – დილაობით.
  • უმჯობესია, ტემპერატურა ყოველდღე ერთსა და იმავე დროს გაზომოთ.
  • ტემპერატურის გაზომვისგან თავი შეიკავეთ, თუ ბავშვი აფორიაქებულია და ტირის. 

თუ პატარას სიცხე აღმოაჩნდა, ასე მოიქეცით:

  • დაალევინეთ სიცხის დამწევი საბავშვო პრეპარატი, მანამდე კი გულდასმით წაიკითხეთ წამლის ინსტრუქცია და სწორად განსაზღვრეთ დოზა. ისიც გაითვალისწინეთ, რომ საბავშვო მედიკამენტები, სიროფი იქნება ეს თუ საღეჭი აბები, შეიცავს არომატიზატორებს და სხვა დანამატებს, რომლებმაც შესაძლოა ალერგია გამოიწვიონ, ამიტომ თუ ბავშვს ასეთ პრეპარატს პირველად აძლევთ, გულისყურით დააკვირდით მის რეაქციას.
  • რაც არ უნდა მაღალი ტემპერატურა ჰქონდეს ბავშვს, არ შეიძლება წამლის ჭარბად და ხშირად  მიცემა. მიღებიდან მიღებამდე შორის შუალედი 4 საათი მაინც უნდა იყოს. საზოგადოდ კი სასურველია, სიცხიან პატარას მედიკამენტი ექიმის მითითებით დაალევინოთ. ისიც გაითვალისწინეთ, რომ ბავშვისთვის ასპირინის მიცემა დაუშვებელია.
  • თუ სხეულის ტემპერატურა 39,5 გრადუსს მიუახლოვდა, ბავშვს სხეული წყლით დაუზილეთ. ეფექტურია ძმრიანი (3%-იანი) წყალი, ოდნავ თბილი ან სხეულის ტემპერატურისა. არამც და არამც არ შეიძლება ბავშვის სპირტით დაზელა – ის საკმაოდ ტოქსიკურია, გარდა ამისა, მისი  ორთქლი ფილტვებსა და სასუნთქ გზებს აღიზიანებს.
  • დაისხით ხსნარი ხელისგულზე და ფრთხილად დაუზილეთ პატარას გულმკერდი, მუცელი, ზურგი და კიდურები. ნუ შეეხებით სახეს. შეგიძლიათ, ბავშვს  ძმრიან წყალხსნარში დასველებული წინდებიც ამოაცვათ, ოღონდ 10 წუთში უნდა გახადოთ.
  • მაღალი ტემპერატურის დროს ბავშვი დიდი ოდენობით სითხეს კარგავს, ამიტომ უხვად და ხშირ-ხშირად ასვით გრილი (და არა ცხელი!) სითხეები, მაგრამ არ დააძალოთ. შესთავაზეთ ბულიონი, ლიმონიანი და ჟოლოსმურაბიანი ჩაი, მინერალური წყალი, კომპოტი. მართალია, ბავშვები დიდი სიხარულით სვამენ კოკა-კოლას და ლიმონათს, მაგრამ მაღალი სიცხის დროს მაინც ნუ დაალევინებთ – ამ სასმელებს შარდმდენი ეფექტი აქვს და სითხისგან ცლის პატარას ორგანიზმს. 
  • თუ სიცხიანი ბავშვი ჭამაზე უარს ამბობს, ნუ დააძალებთ, მხოლოდ საყვარელი სასუსნავი შესთავაზეთ. როგორც კი სიცხე დაუწევს, ბავშვი აუცილებლად აინაზღაურებს დანაკლისს.
  • სიცხის დროს უმჯობესია ბავშვი დააწვინოთ, მაგრამ თუ საწოლში არ ჩერდება, ნურც წოლას დააძალებთ. ტემპერატურის ნორმალიზებიდან კიდევ 24 საათი შინ გააჩერეთ.

რა არ უნდა გააკეთოთ

  • ნუ გაუკეთებთ ბავშვს ოყნას.
  • ნუ ეცდებით, ოფლის მოსადენად თბილად ჩააცვათ – შესაძლოა, სითბური დაკვრის მსხვერპლი გახდეს.
  • გასაგრილებლად არ დაახუროთ სველი ზეწარი ან პირსახოცი.

ექიმის გამოძახებას ნუ დააყოვნებთ, თუკი:

  • ადრე მაღალი ტემპერატურის ფონზე ბავშვს კრუნჩხვა განუვითარდა;
  • პაწიას ასაკი არ აღემატება 2 თვეს;
  • ბავშვს აქვს ნევროლოგიური დარღვევა, სისხლის მიმოქცევის ან სასუნთქი სისტემის ქრონიკული დაავადება;
  • მდგომარეობა ყოველ წუთს უარესდება: პატარა კანკალმა აიტანა, უჩივის სახსრების ძლიერ ტკივილს (თუ, რა თქმა უნდა, ლაპარაკი იცის და შეგრძნებებს გადმოსცემს), გაფითრდა ან კანი აუჭრელდა.

კვლავ იხმეთ პედიატრი, თუკი:

  • ტემპერატურამ კვლავ მაღალ ციფრებს მიაღწია;
  • ბავშვს უჭირს სუნთქვა, გამუდმებით ტირის, არ იძინებს;
  • მიუხედავად ანტიპირეტიული (სიცხის საწინააღმდეგო) მედიკამენტების მიღებისა, რამდენიმე დღეა, მაინც მაღალი სიცხე აქვს.
გააზიარე: