ენის მოკლე ლაგამი – როდის არის საჭირო ოპერაცია
გააზიარე:
ენის მოკლე ლაგამი, ანკილოგლოსია, ასიდან სამ-ხუთ ბავშვს აქვს. ზოგჯერ ის ისე სუსტად არის გამოხატული, ვერც კი ვამჩნევთ, ზოგჯერ კი ისე მკვეთრად, რომ ბავშვს კვებასა და მეტყველებაში ხელს უშლის.
რა არის ენის ლაგამი? როგორ ამოვიცნოთ მისი სიმოკლე? როდის არის აუცილებელი ოპერაცია? ამ და სხვა კითხვებზე "ავერსის კლინიკის" პედიატრიული სამსახურის უფროსმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა თამარ ობგაიძემ გვიპასუხა:
– ენის ლაგამი ლორწოვანი ქსოვილის მჭიდრო ზოლია, რომელიც ენას პირის ფუძეს უკავშირებს, ამაგრებს, აფიქსირებს და თავისუფალი მოძრაობისგან იცავს. ნორმალური ლაგამის მქონე ადამიანს ენის გამოყოფაც შეუძლია და სასაზე მიბჯენაც.
ენის მოკლე ლაგამი, ანკილოგლოსია, თანდაყოლილი მდგომარეობაა, რომელიც ენის მოძრაობის დიაპაზონს ზღუდავს.
მუცლად მყოფი ბავშვის ენა შეზრდილია პირის ფუძესთან. დაბადებამდე ენის წინა მხარე და პირის ღრუს ფსკერი ერთმანეთს შორდება, ენა თანდათან თავისუფლდება და მხოლოდ ლაგამით რჩება დაფიქსირებული.
ზოგჯერ ლაგამი იმდენად მოკლეა ან ისე ცუდად იჭიმება, რომ ბავშვი პირის ფუძეს ვერ აშორებს ენის წვერს.
რა იწვევს ლაგამის სიმოკლეს, უცნობია. ზოგჯერ ის გენეტიკური ფაქტორებით არის განპირობებული. გვხვდება მისი ოჯახური შემთხვევებიც. ბიჭებთან ეს მდგომარეობა უფრო ხშირია, ვიდრე გოგონებთან.
სიმპტომები
– ენის მოკლე ლაგამი თვალში საცემ სიმპტომებს არ იწვევს. თუ დავაკვირდებით, შეიძლება შევამჩნიოთ, რომ:
- ბავშვს უჭირს:
- ენის წვერის აწევა და ზედა კბილებამდე მიტანა;
- ენის ერთი გვერდიდან მეორეზე გადატანა;
- ენის გამოწევა ქვედა წინა კბილების წინ;
- გამოყოფილი ენა გულის ფორმისაა და ეტყობა ნაჭდევი.
– რომელ ასაკში როგორ ვლინდება ანკილოგლოსია?
– მოკლე ლაგამის მქონე ჩვილს შესაძლოა უჭირდეს ძუძუს წოვა, რადგან ძუძუს კარგად ვერ მოეჭიდება. კარგი მოჭიდებისთვის ბავშვმა პირში უნდა ჩაიდოს არეოლის დიდი ნაწილი, ხოლო ენა ქვედა ღრძილის ზემოთ მოაქციოს. ლაგამის სიმოკლის გამო ბავშვი მხოლოდ ძუძუსთავს პირში ჩადებას ახერხებს, შესაძლოა, დაიწყოს მისი ღეჭვაც და ძუძუ დააზიანოს. წოვის დროს ბავშვი წრიალებს, ეძებს მოხერხებულ პოზას, აწკლაპუნებს პირს, განსაკუთრებით მაშინ, თუ ბოთლით ვაწოვებთ.
ენის მოკლე ლაგამის მქონე ახალშობილთა უმეტესობას, წესისამებრ, არ უჭირს საწოვარათი ჭამა. თუ გაუჭირდა, შესაძლოა, მისი ზრდა შენელდეს, ამიტომ მშობელმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს, თუ ეჩვენება, რომ ბავშვი საკმარისზე ნაკლებს ჭამს.
რაც შეეხება მოკლე ლაგამის მქონე მოზრდილ ბავშვებს, მათ შესაძლოა:
- გაუჭირდეთ ტუჩების ლოკვა, ნაყინის ლოკვა, კოცნა;
- ვერ მოახერხონ ენის გამოწევა კბილების წინ;
- ენის ქვეშ, ლაგამზე, გაუჩნდეთ ჭრილობა ქვედა წინა კბილებს შორის მისი მოხვედრის გამო;
- გაუჭირდეთ ჩასაბერ ინსტრუმენტებზე დაკვრა;
- გაუჭირდეთ აქტივობები, რომლებიც ლაპარაკს მოითხოვს, რადგან ზოგიერთი მათგანი გარკვევით ვერ ლაპარაკობს ან უჭირს ზოგიერთი ბგერის (დ, ლ, თ, ზ, ს, რ) წარმოთქმა.
გართულებები
– ენის მოკლე ლაგამს შეუძლია, გავლენა მოახდინოს პირის ღრუს განვითარებაზე, კვებაზე, მეტყველებასა და ყლაპვაზე. მაგალითად, გამოიწვიოს მალნუტრიცია და ზრდაში ჩამორჩენა, მეტყველების დარღვევა. გარდა ამისა, მოკლე ლაგამის მქონე ბავშვისთვის ძნელია პირის ღრუს ჰიგიენის დაცვა, რადგან პირის ღრუს სათანადოდ ვერ ისუფთავებს ენით, ამას კი კბილების გაფუჭებისა და ღრძილების ანთებისკენ მივყავართ. ზოგჯერ ლაგამის სიმოკლის გამო ქვედა წინა კბილებს შორის დიდი დაშორება ჩნდება.
დიაგნოსტიკა
– ანკილოგლოსიის დასადგენად ვამოწმებთ, ზღუდავს თუ არა ლაგამი ენის მოძრაობას. თუ ბავშვი უკვე ლაპარაკობს, მის მეტყველებასაც ვაკვირდებით და ვაფასებთ, ხომ არ უჭირს ზოგიერთი ბგერის გამოთქმა. შესაძლოა, საჭირო გახდეს დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში სხვადასხვა დარგის სპეციალისტების, მაგალითად, ყელ-ყურ-ცხვირის ექიმის, ბავშვთა სტომატოლოგის, ქირურგის, ლაქტაციის კონსულტანტის, მეტყველების თერაპევტის ჩართვაც.
მკურნალობა
– მოკლე ლაგამის მკურნალობისადმი რამდენიმე მიდგომა არსებობს. ზოგს მიაჩნია, რომ პრობლემა დაუყოვნებლივ, ახალშობილის სამშობიაროდან გაწერამდე უნდა მოგვარდეს, ზოგი კი ლოდინის სტრატეგიას ამჯობინებს. მოკლე ლაგამი უმეტესად არავითარ პრობლემას არ იწვევს, ზოგჯერ კი პირველ ხანებში ზღუდავს ენის მოძრაობას, მაგრამ დროთა განმავლობაში ეშვება და ენას საკმარის თავისუფლებას აძლევს. ამ შემთხვევაში ხშირად საკმარისია, დედამ რეკომენდაციები მიიღოს ძუძუთი კვების შესახებ. თუ ბავშვს მეტყველების პრობლემები აქვს, მეტყველების თერაპიას უნდა მივმართოთ.
თუ მოკლე ლაგამმა უფრო მნიშვნელოვანი პრობლემები გამოიწვია, საჭიროა ქირურგიული მკურნალობა: ფრენოტომია – ლაგამის ჩაჭრა ან ფრენულოპლასტიკა – ლაგამის პლასტიკა.
– კერძოდ, რა მიუთითებს იმაზე, რომ ლაგამის კორექცია საჭირო?
– ოპერაცია უნდა ჩატარდეს, თუ:
* ყოველგვარი ძალისხმევის მიუხედავად, ჩვილი ვერ იმატებს წონას, რადგან წოვა უჭირს;
* ბავშვს, რომელიც უკვე იღებს დამატებით საკვებს, უჭირს პირში ლუკმის გადაადგილება, მისი დამუშავება,
* ბავშვს, რომელიც იმ ასაკშია, რომ უკვე გამართულად უნდა ლაპარაკობდეს, აქვს მეტყველების პრობლემები.
– ვინ ატარებს ოპერაციას და რა განსხვავებაა ფრენოტომიასა და ფრენულოპლასტიკას შორის?
– ოპერაციას ატარებს ყელ-ყურ-ცხვირის ექიმი, სტომატოლოგი ან ყბა-სახის ქირურგი. ფრენოტომიის დროს ექიმი სკალპელით, ლაზერით ან მაკრატლით ოდნავ ჩაჭრის ლაგამს. პროცედურა სწრაფია, ხოლო დისკომფორტი – მინიმალური, რადგან ენის ლაგამში ნერვული დაბოლოება და სისხლძარღვი ცოტაა. მას არც სისხლდენა ახასიათებს, მაქსიმუმ ორიოდე წვეთი წამოვიდეს. შესაძლოა, პროცედურა ოდნავ მტკივნეული იყოს, ამიტომ ზოგჯერ მას ანესთეზიის ფონზე ატარებენ.
ფრენულოპლასტიკა რეკომენდებულია, როდესაც საჭიროა ლაგამზე დამატებითი ჩარევა ან ლაგამი მეტისმეტად სქელია ფრენოტომიისთვის. ის ტარდება ზოგადი ანესთეზიის ფონზე ქირურგიული ინსტრუმენტებით.
ამ ორი ოპერაციის პოტენციური გართულებები ერთმანეთის მსგავსია, თუმცა საკმაოდ იშვიათი. ესენია: სისხლდენა, ინფექცია, ენის ან სანერწყვე ჯირკვლების დაზიანება, ნაწიბურის წარმოქმნა, ალერგიული რეაქციები ანესთეზიაზე.
– ხანგრძლივი რეაბილიტაციაა საჭირო ამ პროცედურების შემდეგ?
– ფრენოტომიის შემდეგ ჩვილი სწრაფად გამოჯანმრთელდება. უმეტესობა ძალიან მალე იწყებს ჭამას და სწრაფად აუმჯობესებს კვების პროცესს, ზოგს კი შესაძლოა დრო დასჭირდეს ადაპტაციისთვის. მოზრდილი ბავშვებიპროცედურის შემდეგ ტკივილს უჩივიან, მაგრამ ერთ-ორ კვირაში ისიც თავისთავად გაივლის.
ფრენულოპლასტიკის შემდეგ რეკომენდებულია ენის ვარჯიშები ენის მოძრაობის გასაძლიერებლად და ნაწიბურების წარმოქმნის შესამცირებლად.
არ არის გამორიცხული, მკურნალობის შემდეგ ლაგამი კვლავ შეუხორცდეს ენის ფუძეს. ამის თავიდან ასაცილებლად პროცედურიდან სამი-ოთხი კვირის განმავლობაში საჭიროა მისი ყოველდღიური გაჭიმვა.
ტუჩის ლაგამი
– არსებობს ზედა ტუჩისა და ქვედა ტუჩის ლაგამებიც, რომლებიც ტუჩებს ღრძილებზე ამაგრებს. ტუჩის მოკლე ლაგამი უფრო იშვიათია, ვიდრე ენისა. მიიჩნევა, რომ არც ის არის საშიში, თუ ჩვილი წონას ასაკის შესაბამისად იმატებს.
სქელი, ხისტი, მოკლე ზედა ტუჩის ლაგამი ხელს უშლის ძუძუთი კვებას. ამის კვალობაზე, შესაძლოა, შეაფერხოს წონის მატებაც. ასეთი ლაგამის მქონე ბავშვს კოვზით ჭამაც უჭირს. ჭამის დროს ბევრი ჰაერის ყლაპვის გამო შესაძლოა ჰქონდეს რეფლუქსი. შესაძლოა, იყოს გაღიზიანებული, ბევრ დროს ანდომებდეს ჭამას, ჭამის დროს პირს აწკლაპუნებდეს, პირიდან რძე გადმოსდიოდეს.
არანამკურნალებმა ტუჩის მოკლე ლაგამმა შესაძლოა გამოიწვიოს კარიესი, თუ მშობელი ბავშვს ტუჩების უკანა ზედაპირს კარგად არ უსუფთავებს რძისა და საჭმლის ნარჩენებისგან. თუ ლაგამის ბოჭკოები ზედა ცენტრალურ საჭრელებს შორის ჩაიზარდა, გამოიწვევს მათ დაშორიშორებას – დიასტემას.
შესაძლოა, მოკლე ლაგამმა მოქაჩოს ღრძილი და კბილის ფესვი გააშიშვლოს. არც ის არის გამორიცხული, წინ წამოიწიოს ზედა საჭრელებმა.
ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლებელია ზედა ტუჩის ლაგამის თანდათანობით გაწელვა თითით, სპეციალური ტექნიკის გამოყენებით.
რაც შეეხება ქვედა ტუჩის ლაგამს, ზოგს ის საერთოდ არ გააჩნია, ზოგს კი რამდენიმე აქვს. ქვედა ტუჩის მოკლე ლაგამის კორექციას მიმართავენ, როცა ის თანკბილვის ანომალიათა განვითარების საშიშროებას წარმოშობს.
მარი აშუღაშვილი