ინსულტი
გააზიარე:
ისევე, როგორც თითქმის ყველა დაავადება, ინსულტიც პირველად ჰიპოკრატემ აღწერა. მისი აზრით, ის სხვა არაფერია, თუ არა სისხლის სიმცირით გამოწვეული სხეულის ნაწილების უეცარი დამბლა. ასე რომ, ინსულტს მისი ყველა გამოვლინებით მრავალი საუკუნეა იცნობს მედიცინა, თუმცა სახელი მას მხოლოდ 1599 წელს შეარქვეს. არც მანამდე, არც მას შემდეგ ამ დაავადებისადმი ინტერესი არ განელებულა...
დღესდღეობით ინსულტი ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ პათოლოგიად ითვლება. მის შესახებ “ავერსის კლინიკის” ნევროლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი, აკადემიური დოქტორი მედიცინაში, პროფესორი გიორგი ლაჭყეპიანი გვესაუბრება.
. რამდენად ხშირად მოგმართავენ ინსულტის გამო, რამდენად არის გავრცელებული ამჟამად ეს პათოლოგია?
– განვითარებულ ქვეყნებში სიკვდილის ყველაზე ხშირ მიზეზთა შორის ინსულტს მესამე ადგილი უჭირავს გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიებისა და ავთვისებიანი სიმსივნეების შემდეგ. ამავე დროს ეს დაავადება ზრდასრული მოსახლეობის ინვალიდობის ყველაზე ხშირ მიზეზსაც წარმოადგენს. მსოფლიოში ინსულტის შედეგად ყოველწლიურად ხუთ მილიონამდე ადამიანი იღუპება.
გასული საუკუნის ოთხმოცდაათიან წლებში ჩატარებული კვლევების თანახმად, ინსულტით ავადობის ყველაზე მაღალი დონე გამოვლენილია რუსეთში (100 000 კაცზე 486 შემთხვევა), ყველაზე დაბალი კი საფრანგეთში (100 000 კაცზე 151 შემთხვევა). საქართველოში ინსულტით ავადობის მაჩვენებელი ამ ციფრებს შორის უნდა მერყეობდეს.
. ინსულტი ერთ-ერთი იმ დაავადებათაგანია, რომლებსაც სიკვდილობის მაღალი მაჩვენებელი ახასიათებს...
– სიკვდილობის მაჩვენებელი ინსულტის მწვავე პერიოდში ძალიან მაღალია და საუკეთესოდ წარმოაჩენს, როგორი დამოკიდებულება აქვთ ქვეყანაში ამ პრობლემის მიმართ. მაგალითად, რუსეთში ინსულტით განპირობებული სიკვდილობის მაჩვენებელი 35%-ია, გერმანიაში – 15-20%, აშშ-ში, სხვადასხვა მონაცემებით, 13-20%-ს აღწევს, იაპონიაში კი 5-10%-ს არ აღემატება.
. ამრიგად, ინსულტი, გარდა იმისა, რომ ხშირია, ძალიან მძიმე პათოლოგიაც არის. ძვირი უჯდება სახელმწიფოს ამ დაავადების მქონე ადამიანის მკურნალობა?
– მსოფლიოში ინსულტით დაავადებულთა მკურნალობისა და რეაბილიტაციისათვის მართლაც უზარმაზარი თანხები იხარჯება. იაპონიაში ინსულტის მწვავე პერიოდში ერთი პაციენტის მკურნალობა 8 000-დან 11 000 დოლარამდე ჯდება. აშშ-ში ინსულტით დაავადებული ერთი პაციენტის მკურნალობისა და რეაბილიტაციისთვის დაავადების დაწყებიდან პირველი ოთხი წლის განმავლობაში 38 000-დან 49 000 დოლარამდე იხარჯება. სწორედ ამიტომ არის, რომ მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებში უდიდესი ყურადღება ექცევა ინსულტის პროფილაქტიკასა და მკურნალობას. ამ ქვეყნებში შექმნილია ინსულტის სპეციალიზებული სამსახურები (ცენტრები, განყოფილებები), რომლებიც როგორც საგანმანათლებლო, ასევე სამკურნალო საქმიანობას ეწევიან.
. ცნობილია, რომ ინსულტი უეცრად ვითარდება. შესაძლებელია თუ არა, მისი ნიშნები რამდენიმე ხნით ადრე შევამჩნიოთ და მოსალოდნელი საფრთხე ვივარაუდოთ?
– თავდაპირველად მოგახსენებთ, რომ ინსულტი სხვადასხვა ხასიათისაა: ჰემორაგიული, იშემიური; გარდა ამისა, არსებობს ისეთი ცნებაც, როგორიც არის ტრანზიტორული იშემიური შეტევა (ტიშ). იშემიური ინსულტი და ტიშ გამოწვეულია თავის ტვინის ამა თუ იმ უბანში სისხლის მიწოდების შეწყვეტით ან მნიშვნელოვანი შემცირებით, რაც თრომბოზისა და ემბოლის ბრალია და რის შედეგადაც ვითარდება ამ უბნის ლოკალური იშემია. ჰემორაგიული ინსულტის დროს კი ირღვევა თავის ტვინის რომელიმე სისხლძარღვის მთლიანობა და სისხლი ჩაიქცევა ან ტვინის ნივთიერებაში (ინტრაცერებრული პარენქიმული სისხლჩაქცევა), ან ტვინის გარსების ქვეშ (სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევა). ინსულტის დროს თავის ტვინის დაზიანების მყარი ნიშნები ერთ დღე-ღამეზე მეტი ხნის განმავლობაში ვლინდება. ტიშ-ის დროს თავის ტვინის ლოკალური იშემია ხანმოკლეა, მისი ნიშნები თავს 24 საათზე ნაკლები ხნის განმავლობაში იჩენს და მალევე ლაგდება. სწორედ ეს განასხვავებს მას იშემიური ინსულტისაგან.
. უპირატესად რომელი სქესის ადამიანებს ემუქრება ინსულტი და რა ასაკში?
– ინსულტი შუახნისა და ხანდაზმული ადამიანების დაავადებაა. 65-დან 74 წლამდე ის 6-ჯერ უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე 45-დან 54 წლამდე. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ 45-54 წლის მამაკაცებს შორის ინსულტი ორჯერ უფრო ხშირია, ვიდრე ქალებს შორის, მაგრამ ასაკის მატებასთან ერთად განსხვავება მცირდება, ხოლო 65 წლიდან საერთოდ აღარ არსებობს.
. რა გართულება მოჰყვება ინსულტს?
– ინსულტის მწვავე პერიოდში ყველაზე მძიმე გართულებები, რომლებიც სიკვდილს იწვევს, არის თავის ტვინის შეშუპება, გულის და სუნთქვის ფუნქციის მოშლა. ხშირია ფილტვების ანთება და კიდურის ღრმა ვენების თრომბოზი. მწვავე პერიოდის შემდეგ, იმისდა მიხედვით, ტვინის რომელი მიდამო დაზიანდა ინსულტის შედეგად, ავადმყოფს შესაძლოა დარჩეს მხედველობის, მეტყველების, მოძრაობის მოშლა, რაც უკიდურესად აკნინებს მისი ცხოვრების ხარისხს.
. რა პრინციპით წარმოებს დიაგნოსტიკა და მკურნალობა? რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს მკურნალობის დროულ დაწყებას?
– ინსულტის მწვავე პერიოდში როგორც თერაპიული, ასევე ქირურგიული მკურნალობა მით უფრო ეფექტურია, რაც უფრო ადრე დავიწყებთ მას. უკიდურესად მნიშვნელოვანია ინსულტის ხასიათის (ჰემორაგიული, იშემიური) სწორი განსაზღვრა, რაშიც გადამწყვეტ როლს ასრულებს ნეიროვიზუალიზაციის მეთოდები, კერძოდ, კომპიუტერული და ბირთვულ-მაგნიტური ტომოგრაფია. ამის შემდეგ ექიმს საშუალება ეძლევა, ჩამოაყალიბოს მკურნალობის ტაქტიკა: იშემიური ინსულტის დროს ჩაატაროს თრომბოლიზისი, გამოიყენოს ანტიკოაგულანტები და ანტიაგრეგანტები. ინვაზიური მკურნალობა გულისხმობს მექანიკურ ემბოლექტომიას, ინტრაარტერიულ თრომბოლიზისს, ანევრიზმის კოილინგს ან კლიპირებას და ასე შემდეგ. ქირურგიული მკურნალობისას ღია ტვინზე ტარდება ჰემატომის ევაკუაცია (მოცილება) და სხვა მანიპულაციები.
. რამდენად ეფექტურია მკურნალობა? რამდენად მაღალია ინვალიდობის ალბათობა?
– უკანასკნელ ხანს მკურნალობის მეთოდები განუწყვეტლივ იხვეწება. მიუხედავად ამისა, ინსულტის შემდგომ უნარშეზღუდულობის ხარისხი ძალზე მაღალი რჩება. აქედან გამომდინარე, სპეციალისტთა ყურადღება მიმართულია ინსულტის პროფილაქტიკისკენ, რაც რისკის ისეთი ფაქტორების შემცირებას გულისხმობს, როგორიც არის მაღალი არტერიული წნევა, თამბაქოს მოწევა, ჰიპოდინამია... უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება სისხლის იმ პარამეტრების დარეგულირებას, რომლებიც, თავის მხრივ, აჩქარებს ათეროსკლეროზის პროცესს.
. რა პრინციპით წარმოებს რეაბილიტაცია?
– სარეაბილიტაციო ღონისძიებები ინსულტის მწვავე პერიოდშივე იწყება და ამ პერიოდის დასრულების შემდეგაც გრძელდება. რეაბილიტაცია ფიზიოპროცედურებს (აპარატული თერაპია, მასაჟი, სპეციალური ვარჯიშები), ოკუპაციურ, მეტყველების აღდგენით მკურნალობას გულისხმობს.
ინსულტის პროფილაქტიკისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს მედიკამენტებს, კერძოდ, აციტიტილსალიცილის მჟავას (კარდიო ფორსი) და სხვა ანტიაგრეგანტების (კლოპიდინი), ჰიპოტენზიური საშუალებების გამოყენებას.
. დაბოლოს, რას ურჩევდით ჩვენს მკითხველს?
– როგორც ხედავთ, ინსულტი ნერვული სისტემის ერთ-ერთი უმძიმესი დაავადებაა. მისი თავიდან აცილება კი მხოლოდ და მხოლოდ ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვით არის შესაძლებელი.
ინსულტის დასამარცხებლად
ბოლო ხანს სამედიცინო წრეებში ათეროსკლეროზზე ისე ვრცლად და ხშირად საუბრობენ, ლამის კაცობრიობის ყველაზე გავრცელებულ სენად აღიარონ. მას იშემიური ინსულტის ერთ-ერთ მიზეზადაც მიიჩნევენ. როგორც სპეციალისტები გვარწმუნებენ, იშემიურ ინსულტს ასიდან 90-95 შემთხვევაში საფუძვლად სწორედ ათეროსკლეროზი უდევს.
სისხლძარღვში ჩაჭედილი ფოლაქები
სისხლძარღვთა ათეროსკლეროზის ჩამოყალიბებას ხელს უწყობს ჭარბი წონა, მცირე ფიზიკური აქტიურობა, მოწევა, შაქრიანი დიაბეტი, არტერიული ჰიპერტენზია, გადამწყვეტ როლს კი ლიპიდური (ცხიმოვანი) ბალანსის დარღვევა ასრულებს – ათეროსკლეროზის დროს მომატებულია საერთო ქოლესტეროლისა და დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების დონე. ამგვარი ცვლილებების შედეგად სისხლძარღვის კედელზე წარმოიქმნება ერთგვარი ფოლაქი, რომელიც ქოლესტეროლის, კალციუმისა და ფიბროზული ქსოვილისაგან შედგება. მზარდი ათეროსკლეროზული ფოლაქი თანდათან ავიწროვებს სისხლძარღვის სანათურს და ხელს უშლის სისხლის ნორმალურ დინებას. გარდა ამისა, ფოლაქის ზედაპირს შესაძლოა მოსწყდეს პატარა ნაწილაკები, რომლებიც შედარებით მცირე სისხლძარღვებს დაახშობს. თავის ტვინის მკვებავი სისხლძარღვებიდან კი ათეროსკლეროზი ყველაზე ხშირად (ასიდან 75 შემთხვევაში) საძილე არტერიას აზიანებს.
ამოჩემებული საძილე არტერია
საძილე ანუ კაროტიდული არტერიები აორტის რკალიდან იწყება, კისრის წინა ზედაპირზე გადის, შედის ქალას ღრუში და თავის ტვინს სისხლით ამარაგებს. მათი ათეროსკლეროზი ზოგჯერ შეუმჩნევლად, უსიმპტომოდ მიმდინარეობს და მისი პირველი გამოვლინება ხშირად ტრანზიტორული იშემიური შეტევა ან სულაც ინსულტია.
უსიმპტომოდ მიმდინარე სტენოზს ექიმი ხშირად შემთხვევით აღმოაჩენს – კისერზე აუსკულტაციის დროს შუილი ისმის.
ათეროსკლეროზის დიაგნოზს უმთავრესად სისხლში ლიპიდური პროფილის განსაზღვრის შემდეგ სვამენ, ხოლო კაროტიდების სტენოზის დასადგენად ტარდება დუპლექსსონოგრაფია. ამ დროს ულტრაბგერის საშუალებით სისხლძარღვის ორგანზომილებიან გამოსახულებას იღებენ, პარალელურად კი დოპლერით აფასებენ სისხლის ნაკადს. საძილე არტერიების სტენოზის ხარისხს ამ გამოკვლევის საშუალებით ადგენენ. შესაბამისად, მიღებულ მონაცემებს მკურნალობის მეთოდის ასარჩევად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
ხშირად ინიშნება დამატებითი ლაბორატორიული კვლევა, ანგიოგრაფია, კომპიუტერული ტომოგრაფია. მათი საშუალებით ექიმი ადგენს სისხლძარღვებისა და თავის ტვინის დაზიანების ხარისხს, შესაძლო გართულებათა რისკს და ამის მიხედვით არჩევს მკურნალობის მეთოდს.
წამლები, წამლები
ათეროსკლეროზის მკურნალობა ხანგრძლივი პროცესია და ექიმის რეკომენდაციების ზედმიწევნით შესრულებას, ხშირად ცხოვრების წესის რადიკალურ შეცვლას მოითხოვს. აუცილებელია, კვების რაციონში მაქსიმალურად შეიზღუდოს ცხოველური ცხიმების ოდენობა.
დიეტა ინდივიდუალურად ირჩევა. მისი თავისებურებები ისეთ ფაქტორებზე გახლავთ დამოკიდებული, როგორიც არის წონა, სისხლში ქოლესტეროლის დონე, თანმხლები დაავადებები და სხვა. კვების კორექციასთან ერთად ზოგჯერ საჭიროა სისხლში საერთო ქოლესტეროლის დონის დამწევი პრეპარატების – სტატინების დანიშვნა. სტატინების მიღება აუცილებლად დიეტის ფონზე, ლაბორატორიული მონაცემების მკაცრი კონტროლით უნდა მოხდეს. გაითვალისწინეთ: სასურველ ეფექტს მხოლოდ ხანგრძლივი მიღების შემთხვევაში მიაღწევთ.
ეფექტური პროფილაქტიკა
როდესაც ათეროსკლეროზის გამო საძილე არტერიების სანათური საგრძნობლად არის შევიწროებული, განურჩევლად იმისა, პათოლოგია უსიმპტომოდ მიმდინარეობს თუ ტრანზიტორული იშემიური შეტევებით, დაისმის ქირურგიული მკურნალობის საკითხი.
ოპერაციის ერთ-ერთი სახეობაა კაროტიდული ენდარტერექტომია, რომლის დროსაც საძილე არტერიას ათეროსკლეროზული მასებისაგან წმენდენ.
გაითვალისწინეთ: კაროტიდული ენდარტერექტომია კონსერვატიულ მკურნალობასთან შედარებით 6-10-ჯერ ამცირებს ინსულტის რისკს სიმპტომების მქონე იმ პირებში, რომელთაც შიგნითა საძილე არტერიის სანათურის 70%-ზე მეტი შევიწროებული აქვთ.
ისევე, როგორც ყველა ქირურგიულ ოპერაციას, გართულებები კაროტიდულ ენდარტერექტომიასაც შეიძლება მოჰყვეს, თუმცა ალბათობა საკმაოდ მცირეა. ოპერაციის დროს ან მის შემდეგ თავად ინსულტის განვითარების რისკი 3,5-5%-ს უტოლდება. სხვა გართულებათა (ცრუ ანევრიზმის ჩამოყალიბება, თავის ტვინის ნერვების დაზიანება, ჭრილობის ინფექცია, მიოკარდიუმის ინფარქტი, ტრანპლანტატის ინფექცია) წილი 1-დან 5%-მდე მერყეობს.
მიუხედავად გართულების შესაძლებლობისა, კაროტიდული ენდარტერექტომია ძალზე ეფექტურია. ეს ოპერაცია საგრძნობლად ამცირებს ინსულტის განვითარების რისკს, თუმცა რჩება ფოლაქის ხელმეორედ წარმოქმნისა და რესტენოზის (სისხლძარღვის ხელახალი შევიწროების) საშიშროება, ამიტომ ოპერაციის შემდეგ აუცილებელია ექიმის რეკომენდაციების დაცვა და ჯანმრთელობის მდგომარეობის მუდმივი კონტროლი.
აი, რა სჯობია!
ყველაფერს ის სჯობია, ინსულტის ჩამოყალიბების რისკი არ არსებობდეს, მაგრამ ვინაიდან ამგვარი “სიურპრიზისგან” დაზღვეული არავინ არის, ამ ანდაზის გახსენება არ გვაწყენდა: სიფრთხილეს თავი არ სტკივაო.
თუ ინსულტის რისკჯგუფს ეკუთვნით და ეს ექიმმაც გაუწყათ, საკუთარი ჯანმრთელობისადმი განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენას გირჩევთ, თუმცა ამ რჩევების გათვალისწინება ჯანმრთელ ადამიანსაც არ აწყენდა...
მთავარი კანონი
. აკონტროლე არტერიული წნევა. ამისთვის დროდადრო წნევის გაზომვაა საჭირო. თუ ვერცხლისწყალი (ელექტრონული მანომეტრის შემთხვევაში – ეკრანი) მაღალ ციფრებს აჩვენებს, გირჩევთ, ექიმთან კონსულტაცია აღარ გადადოთ. სავარაუდოდ, წონის დაკლება და მარილის შეზღუდვა მოგიწევთ, თუ ეწევით – სიგარეტისთვის თავის დანებებაც. შესაძლოა, არტერიული წნევის მოსაწესრიგებლად განსაზღვრული მედიკამენტების მიღებაც მოგიხდეთ.
არტერიული ჰიპერტენზიის პრევენციისთვის სასურველია მენიუში ცვლილებები შეიტანოთ, კერძოდ, გაიმდიდროთ რაციონი კალიუმის შემცველი პროდუქტით: ბანანით, გარგარით, პომიდვრით, ფორთოხლის წვენით.
. გამოიკვლიე გული. არსებობს პათოლოგიური მდგომარეობა – წინაგულების ფიბრილაცია, მედიცინის ენაზე – ატრიული ფიბრილაციაა (აფ). ამ დროს წინაგულების კუნთოვანი კედელი ქაოსურად იკუმშება. შესაბამისად, გულიც უწესრიგოდ ცემს. ამის შედეგად სისხლი წინაგულებში საჭიროზე მეტხანს ყოვნდება, რამაც შესაძლოა სისხლის შედედება, კოლტების წარმოქმნა გამოიწვიოს. შედედებული სისხლის ნაწილი კი არტერიების საშუალებით ხშირად თავის ტვინამდე აღწევს და სისხლძარღვის სანათურს ახშობს.
შესაძლოა, ამ ფრაზების წაკითხვის შემდეგ შიშმა აგიტანოთ, მაგრამ, როგორც ჩანს, არც მთლად ასე უნდა იყოს საქმე. შესაძლოა, ადამიანი აფ-ის არსებობას არც კი ეჭვობდეს ან სიმპტომები ძალიან სუსტად ჰქონდეს გამოხატული. მიუხედავად ამისა, ყურადღება და ექიმთან ვიზიტი მაინც საჭიროა, თუ ძლიერ მოთენთილობას, სუნთქვის უკმარისობას უჩივით.
. თავი დაანებეთ თამბაქოს წევას. ვინაიდან სიგარეტის წევა ინსულტის რისკს აორმაგებს, მისთვის თავის დანებება, ლოგიკურად, ორჯერ უნდა ამცირებდეს დაავადების ალბათობას. ასეც არის. მრავალი მკვლევარის მოსაზრებით, რისკი პირველივე “უსიგარეტო” დღიდან იწყებს კლებას და დროთა განმავლობაში უფრო და უფრო მცირდება.
. მიიღეთ ნაკლები ალკოჰოლი. შავი ღვინის ზომიერი (დღეში არა უმეტეს 100-150 მლ-ის) სმა, თუნდაც ყოველდღე, სისხლძარღვებისთვის სასარგებლოა. არც 300 მლ ლუდი და 50 მლ არაყი გავნებთ. აი, რამდენიმე სასმლის ერთბაშად და, რაც მთავარია, ჭარბად მიღება კი ნამდვილად საშიშია.
. აკონტროლე სისხლში საერთო ქოლესტეროლის დონე. ვინაიდან ამ ცხიმოვანი ნივთიერების მატება არტერიული წნევის ცვლილებასა და სიმსუქნეს იწვევს, აუცილებელია, მისი დონე ნორმის ფარგლებში შევინარჩუნოთ, ეს კი უმთავრესად ადეკვატური დიეტითა და რიგი მედიკამენტის მიღებით მიიღწევა.
. აკონტროლე შაქარიც. თუ დიაბეტი გაქვთ, თვალყური ადევნეთ სისხლში გლუკოზის დონეს და მკაცრად მისდიეთ ექიმის რეკომენდაციებს.
. რეგულარულად ივარჯიშე. მეცნიერებმა გამოთვალეს, რომ კვირაში 5 დღე 30-წუთიანი ზომიერი ფიზიკური დატვირთვა (რომელიც, სავარაუდოდ, 1000-მდე კალორიას დაგაწვევინებთ) ინსულტის განვითარების რისკს 25%-ით ამცირებს.
ანაერობული ტიპის ვარჯიში ძალიან სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის: დაბლა სწევს მომატებულ არტერიულ წნევას, ამცირებს სისხლში დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების დონეს და ზრდის მაღალი სიმკვრივის (კარგი!) ლიპოპროტეინებისას, რაც ათეროსკლეროზის განვითარების ერთგვარი პროფილაქტიკაა.
ქანცის გაწყვეტამდე ვარჯიში საჭირო არ არის. საკმარისია, დღეში ნახევარი საათი იცურაოთ, ველოსიპედით იაროთ, იძუნძულოთ ან, უბრალოდ, ფეხით ისეირნოთ.
. ერიდე სტრესს. ქრონიკული, თუნდაც მსუბუქი (გააჩნია, ვინ როგორ აღიქვამს) ფსიქიკური ტრავმა, გარდა იმისა, რომ არტერიული ჰიპერტენზიის რისკის ფაქტორია, კოლტების წარმოქმნასაც განაპირობებს, კოლტები კი, თავის მხრივ, იშემიური ინსულტის წინაპირობაა. ასე რომ, შეძლებისდაგვარად არიდეთ თავი სტრესს, იზრუნეთ რელაქსაციაზე – გაიკეთეთ რელაქსაციური მასაჟი არომატული ზეთებით, ივარჯიშეთ...
. შეინარჩუნე წონა, ხოლო თუ ჭარბი გაქვს, დაიკელი. თურმე ზედმეტ 4-5 კგ-თან გამოთხოვება საკმარისი ყოფილა, რომ არტერიული წნევა და ქოლესტეროლის დონე მწყობრში ჩადგეს.
ნაკლები მარილი
მენიუში მარილის შეზღუდვაზე სიტყვა უკვე გადაგიკარით. ახლა – უფრო კონკრეტულად: ნატრიუმის (სწორედ ეს ელემენტი განაპირობებს მარილის თვისებებს) დღიური ნორმა 1500-დან 2400 მგ-მდეა. 1`4 ჩ. კ. მარილი 575 მგ ნატრიუმს შეიცავს, 1`2 ჩ. კ. – 1150 მგ-ს, 3`4 ჩ. კ. – 1725 მგ-ს, 1 ჩ. კ. – 2300 მგ-ს, ხოლო 1 ჩ. კ. საჭმელ სოდაში 1000 მგ-მდე ნატრიუმია.
ნატრიუმის ოდენობა რომ ვაკონტროლოთ, უთუოდ უნდა ვიცოდეთ საკვებში მისი შემცველობა. ნატრიუმი ყველაზე მეტია გადამუშავებულ საკვებში: დაკონსერვებულ ხორცსა და ბოსტნეულში, გაყინულ პროდუქტებში – და აი, რატომ: ნატრიუმს, როგორც წესი, შეიცავს ნივთიერებები, რომლებიც საკვებს გემოს აძლევს და მის პრეზერვაციას (შენახვას) უწყობს ხელს.
ცოტაოდენ ნატრიუმს ბუნებრივად შეიცავს საქონლისა და ფრინველის ხორცი, რძე და რძის პროდუქტები, ბოსტნეული. მაგალითად, ერთ ჭიქა ნაღებმოხდილი რძეში 110 მგ-მდე ნატრიუმია.
თუ ინსულტის და, საზოგადოდ, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მოჭარბებული რისკი გაქვთ, ნუ გადაამლაშებთ:
. უპირატესობა ნატრიუმის დაბალი შემცველობის მქონე პროდუქტებს მიანიჭეთ. ასეთია ცოცხალი ხილ-ბოსტნეული და ახალი, გაუყინავი ხორცი.
. დააკელით კერძს მარილი. თუ შესაძლებელია, საერთოდ ნუ მოაყრით. გემოს მისაცემად სანელებლებით შეაზავეთ.
. თუ დამუშავებული საკვების (ძეხვეულის, სოსისის, კონსერვების და ა.შ.) მირთმევა მოგიხდათ, არჩევანი იმ ვარიანტზე შეაჩერეთ, რომელიც ნატრიუმს ან მარილს ყველაზე მცირე რაოდენობით შეიცავს.
ნაკლები ცხიმი – ნაკლები პრობლემა
ეგებ პირველად სულაც ჩვენი ჟურნალიდან შეიტყვეთ, რომ ცხიმი ორგანიზმისთვის აუცილებელია. მართლაც ასეა, მაგრამ თუ ჭარბი წონისკენ ბრძანდებით მიდრეკილი, მისი შეზღუდვა მოგიწევთ. ეს არც ისე ძნელია: შემწვარის ნაცვლად მოხარშული მჭლე ხორცი მიირთვით, ერბოს ნაცვლად ზეთი გამოიყენეთ (უკეთესია, ზეითუნისა) და, რაღა თქმა უნდა, გაიმდიდრეთ მენიუ ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავის შემცველი პროდუქტებით. ამბობენ, რომ ეს ჯადოსნური ნივთიერება არტერიულ წნევას აწესრიგებს, ხელს უშლის სისხლის უადგილო ადგილას შედედებას და, რაც მთავარია, ეფექტურად არეგულირებს სისხლში ქოლესტეროლის დონეს.
თუ გსურთ, გულ-სისხლძარღვთა პრობლემები განუსაზღვრელი დროით გადადოთ, თევზი (უმჯობესია, მოხარშული, გამომცხვარი) კვირაში ორჯერ მაინც ჩართეთ მენიუში. საუკეთესოა ორაგული, თინუსი, სარდინი.
თუ თევზს ვერ ეწყობით, ომეგა-3-ის მოპოვება სელის თესლიდან შეგიძლიათ.
მეტი ხილი და ბოსტნეული
ჰარვარდის უნივერსიტეტის მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ დღეში 5 ულუფა ხილისა და ბოსტნეულის მიღება ინსულტის ჩამოყალიბების რისკს მთელი 30%-ით ამცირებს. ერთი ულუფა კი, არც მეტი, არც ნაკლები, ნახევარი ფორთოხალი, 1 კივი, 10-12 ცალი ბალი ან ალუბალი, 1 ვაშლი, 1 პომიდორი, 1 კიტრია. შეგიძლიათ, თვალზომით სხვა პროდუქტებიც შეაფასოთ და განსაზღვროთ, რა რამდენ ულუფას შეადგენს.
მეცნიერებმა ისიც დაადგინეს, რომ ადამიანთა უმრავლესობა დღის განმავლობაში ხილისა და ბოსტნეულის საჭირო ულუფის მხოლოდ ნახევარს თუ მიირთმევს. ასე რომ არ მოხდეს:
. დალიეთ დღეში ერთი ჭიქა ხილის ან ბოსტნეულის წვენი. ყველას ფორთოხლის წვენი სჯობს.
. სამსახურში წასახემსებლად ხილი წაიყოლეთ.
. მაკარონი და ვერმიშელი მოშუშული ბოსტნეულით გააწყვეთ. ხორცის გარნირად მოხარშული ან მოშუშული ბოსტნეული გამოიყენეთ.
ერთი ამბავი
ადამიანის ორგანიზმში წარმოიქმნება ამინომჟავა ჰომოცისტეინი, რომელიც ცილის საშენი ერთ-ერთი მასალაა. როგორც აღმოჩნდა (მეცნიერთა წყალობით, რაღა თქმა უნდა), სისხლში მისი სიჭარბე საგრძნობლად ზრდის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, მათ შორის – ინსულტისა და მიოკარდიუმის ინფარქტის განვითარების რისკს. კვლევამ ცხადყო, რომ ჰომოცისტეინის სიჭარბის დროს ორგანიზმში B6, B12 ვიტამინებისა და ფოლიუმის მჟავას (B9 ვიტამინის) დონე მკვეთრად მცირდება. საკმარისია, ამ ვიტამინების ლიმიტი დროულად და ადეკვატურად შეივსოს, რომ ჰომოცისტეინიც სათანადო ოდენობით დაიწყებს ორგანიზმში ცირკულირებას.
ასე რომ, არამც და არამც არ დაივიწყოთ:
. ფოლიუმის მჟავას შეიცავს მწვანეფოთლოვანი ბოსტნეული, ქათმისა და საქონლის ღვიძლი, პარკოსნები, ბრინჯი და დაცეხვილი ხორბლის პური.
. B6 და B12 ვიტამინი უხვად არის ბურღულეულში, დაცეხვილი ხორბლის პურში, საქონლისა და ფრინველის ხორცში, თევზში, რძესა და რძის პროდუქტებში, ბანანში, საზამთროში, კარტოფილში.