დაბალი წნევა

გააზიარე:

თანამედროვე მონაცემებით, ნორმაში არტერიული წნევა 120/80-ს არ უნდა აღემატებოდეს. მრავალი ექსპერტი მიიჩნევს, რომ ოპტიმალური მაჩვენებელი 115/75-ზეა. უფრო მაღალი ციფრები გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიების საგრძნობლად მომატებულ რისკზე მიუთითებს. რაც შეეხება დაბალ წნევას, ის უფრო რთული განსასაზღვრია. ზოგიერთი კარდიოლოგის აზრით, ჰიპოტენზიად უნდა ჩავთვალოთ სისტოლური წნევის 90-ზე და დიასტოლურის 60-ზე ნაკლები მაჩვენებლები, თანაც სავსებით საკმარისია, მხოლოდ ერთი ციფრი სცდებოდეს ნორმის საზღვარს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ თქვენი სისტოლური წნევა იდეალურ 115-ს უჩვენებს, ხოლო დიასტოლური – 50-ს, დაბალწნევიანად ჩაითვლებით. თუმცა ასეთ მიდგომას ბევრი უმართებულოდ მიიჩნევს, ვინაიდან ის, რაც ერთისთვის დაბალია, მეორისთვის შესაძლოა სავსებით ნორმალური იყოს. კარდიოლოგების აზრით, ქრონიკულად დაბალი წნევა პათოლოგიად მხოლოდ მაშინ ითვლება, თუ ის შესამჩნევ სიმპტომებს იწვევს ანუ პატრონს საგრძნობლად აწუხებს.

წნევის სწრაფი ვარდნა კი საშიშია. 20 მმ-იანმა ცვლილებამაც კი  შეიძლება, თავბრუხვევა და გულის წასვლა გამოიწვიოს – ამ დროს ხომ ტვინი უსისხლოდ და უჟანგბადოდ რჩება. უფრო დიდმა ცვალებადობამ, განსაკუთრებით – უკონტროლო სისხლდენით, მძიმე ინფექციით ან ალერგიული რეაქციით  გამოწვეულმა, შესაძლოა, სიცოცხლესაც კი შეუქმნას საფრთხე.

ჰიპოტენზიის მიზეზები

ათლეტებსა და მოვარჯიშე ხალხს წნევა უფრო დაბალი აქვთ, ვიდრე მათ, ვისაც განძრევაც კი ეზარება. ასევე დაბალი მაჩვენებელი გამოარჩევს არამწეველებს, სწორი კვების მოყვარულებს და ნორმალური წონის მქონეებს. ზოგ შემთხვევაში კი დაბალი წნევა შესაძლოა მძიმე, საბედისწერო დაავადების ნიშანიც კი იყოს, თუმცა მიზეზი ყოველთვის ნათელი არ არის. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ წნევის დაცემა შეიძლება გამოიწვიოს:
- ორსულობამ. ორსულობისას სისხლძარღვოვანი ქსელი მეტისმეტად სწრაფად ფართოვდება, ისე რომ, წნევის შემცირება ბუნებრივი მოვლენაა. გესტაციის პირველი 24 კვირის განმავლობაში სისტოლური წნევა, ჩვეულებრივ – 10, დიასტოლური კი 10-15 მმ-ით იკლებს;

- მედიკამენტებმა. ჰიპოტენზიური ეფექტი აქვთ დიურეტიკებს (შარდმდენებს) და მაღალი წნევის სამკურნალო სხვა პრეპარატებს, ბეტაბლოკატორებს, პარკინსონის დაავადების სამკურნალო საშუალებებს, ზოგიერთ ანტიდეპრესანტს, სილდენაფილს (ვიაგრას), განსაკუთრებით – ნიტროგლიცერინთან ერთად, ნარკოტიკებს, ალკოჰოლს. გარდა ამისა, არსებობს პრეპარატები, რომლებიც წნევის საწინააღმდეგო საშუალებების მოქმედებას აძლიერებს და შესაძლოა, წნევის ძლიერი ვარდნა გამოიწვიოს;

- გულის პათოლოგიებმა. დაბალი წნევა შეიძლება გამოიწვიოს მეტისმეტად გაიშვიათებულმა გულისცემამ (ბრადიკარდიამ) გულის სარქვლის პრობლემებმა, მიოკარდიუმის ინფარქტმა, გულის უკმარისობამ. ესეც ბუნებრივია, ვინაიდან დაუძლურებულ გულს ფიზიკურად აღარ შეუძლია, მიმოქცევაში საკმარისი რაოდენობის სისხლი გადატყორცნოს;

- ჰორმონულმა დარღვევებმა. მიზეზი შეიძლება იყოს ფარისებრი ჯირკვლის ზედმეტი აქტიურობა ან, პირიქით პასიურობა, თირკმელზედა ჰორმონების უკმარისობა, სისხლში შაქრის ოდენობის შემცირება, დიაბეტიც კი.

- დეჰიდრატაციამ. ცხელება, ღებინება, ძლიერი ფაღარათი, შარდმდენების ჭარბი გამოყენება, ქანცის გამწყვეტი ვარჯიში თუ ფიზიკური მუშაობა შესაძლოა ორგანიზმის გაუწყლოების მიზეზად იქცეს. მსუბუქი დეჰიდრატაციაც კი სისუსტეს, თავბრუხვევას და დაღლილობას იწვევს, უფრო მძიმეს კი ჰიპოვოლემიურ შოკამდე – გაუწყლოების ძალიან საშიშ გართულებამდე მივყავართ. ამ დროს სისხლის მოცულობის შემცირება წნევის სწრაფად დაცემას და ქსოვილების ჟანგბადოვან შიმშილს იწვევს. თუ დახმარებამ დროზე არ მიუსწრო, ჰიპოვოლემიური შოკი რამდენიმე წუთში ან საათში სიკვდილით მთავრდება.

- სისხლდენამ. ძლიერი ტრავმის ან შინაგანი სისხლდენის დროს, როცა ორგანიზმი კრიტიკული რაოდენობის სისხლს კარგავს, წნევა მკვეთრად ეცემა.

- მძიმე ინფექციამ (სეპტიცემიამ). ეს მდგომარეობაა, როცა ინფექციის გამომწვევები სისხლში აღწევენ და მთელ ორგანიზმში მოინდომებენ მოთესვას. ამ მძიმე მოვლენას შესაძლოა წნევის სიცოცხლისთვის საშიში დაცემა – ე.წ. სეპტიკური შოკი მოჰყვეს.

- ალერგიულმა რეაქციამ (ანაფილაქსიამ). ანაფილაქსიური შოკი ზოგჯერ საბედისწერო ალერგიული რეაქციაა წამალზე, საკვებზე ანდა მწერის ნაკბენზე. შოკის ამ ფორმას სუნთქვის გაძნელება, გამონაყარი, ქავილი, ხორხის შეშუპება და წნევის დაცემა ახასიათებს.

- კვების დარღვევამ. B12 ვიტამინისა და ფოლიუმის მჟავას ნაკლებობამ შესაძლოა ანემია გამოიწვიოს, რაც თავის მხრივ დაბალი წნევის მიზეზად იქცევა.

როდის მივმართოთ ექიმს

დაბალი წნევა ყოველთვის არ გახლავთ საგანგაშო, თუნდაც საყურადღებო სიგნალი. თუ მანომეტრმა დაბალი ციფრები აჩვენა, მაგრამ თავს მშვენივრად გრძნობთ, ყველაფერი რიგზეა. ხანდახან თავბრუხვევა გაწუხებთ? შესაძლოა, არც ეს იყოს საშიში – ბრალი მსუბუქ დეჰიდრატაციას, შაქრის დაბალ დონეს ანდა მზის გულზე თუ ცხელ აბაზანაში ნებივრობას მიუძღვოდეს. მსგავს სიტუაციებში მნიშვნელოვანია არა ის, რამდენად მკვეთრად ეცემა წნევა, არამედ ის, რამდენად ხშირია ასეთი ეპიზოდი, თუმცა დაბალი წნევის სრული იგნორირებაც არ იქნება მართებული საქციელი.

მეორე მხრივ, დაბალი წნევა შესაძლოა სხვა დაავადების სიმპტომი იყოს, განსაკუთრებით – თუ იგი სწრაფად ეცემა ანდა თან ახლავს:

- თავბრუხვევა;
- გულის წასვლა;
- კონცენტრაციის დაქვეითება;
- მხედველობის დაბინდვა;
- გულისრევა;
- ცივი, ნამიანი კანი;
- სწრაფი, ზედაპირული სუნთქვა
- ადვილად დაღლა;
- დეპრესია;
- წყურვილი

საუკეთესო გამოსავალია, ზუსტად აღნუსხოთ დაბალი წნევის შემთხვევები, სიმპტომები, ასევე – როდის დაგემართათ და რას აკეთებდით ამ დროს. თუ წნევა ისეთ დროს ეცემა, რომ შეიძლება, თქვენ ან სხვას საფრთხე შეუქმნას, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

რა ვიღონოთ

სიმპტომური ჰიპოტენზიისას მკურნალობა მიზეზზეა დამოკიდებული. ექიმების ყურადღების ცენტრში ძირითადი დაავადება – დეჰიდრატაცია, გულის უკმარისობა, დიაბეტი თუ ჰიპოთირეოზი ექცევა. თუ მიზეზი მედიკამენტია, ჩვეულებრივ, დოზის დარეგულირება ანდა პრეპარატის შეცვლაა საჭირო. ამავე დროს, რამდენიმე მარტივი ხერხიც არსებობს, რომლებიც დაბალი წნევით გამოწვეულ უსიმოვნებებს შეგიმცირებთ:

- სვით მეტი წყალი და ნაკლები ალკოჰოლი. სპირტიანი სასმელი დეჰიდრატაციას იწვევს და შეიძლება, წნევა ერთმა ჭიქამაც კი დაგიგდოთ. წყალი კი, პირიქით, ავსებს სითხის დანაკლისს და სისხლის მოცულობას ზრდის.

- იკვებეთ ჯანსაღად. მიიღეთ ყველა საჭირო ინგრედიენტი მრავალფეროვანი საკვებით, მათ შორის – დაუმუშავებული მარცვლეული, ხილი, ბოსტნეული, ქათმის ხორცი, თევზი.

- ნუ იჩქარებთ. ორთოსტატიკური ჰიპოტენზიისას თავბრუხვევას და სხვა სიმპტომებს მნიშვნელოვნად შეამცირებთ, თუ დილით, ახალგაღვიძებულზე, კი არ წამოხტებით, არამედ ჯერ რამდენიმე წუთის განმავლობაში ღრმად ისუნთქებთ, შემდეგ კი ნელა წამოჯდებით და ადგებით. იგივე ეფექტი აქვს რამდენადმე ამაღლებულ სასთუმალზე ძილსაც. თუ წნევის დაქვეითება ფეხზე ხანგრძლივად დგომისას გაწუხებთ, ბარძაყები მაკრატლისებურად გადააჯვარედინეთ და ბარძაყის კუნთები შეკუმშეთ. მეორე ხერხია ფეხის სკამზე შემოდება და წინ დახრა. ეს მარტივი მანევრები ფეხებიდან გულისკენ სისხლის დინებას აადვილებს.

- მიირთვით ცოტ-ცოტა, ნაკლები ნახშირწყლის შემცველი საკვები. ჭამის შემდეგ წნევა რომ არ დაეცეს, საკვებს დღეში რამდენჯერმე მცირე ულუფებად შეექეცით, შეზღუდეთ ნახშირწყლებით მდიდარი სურსათი: კარტოფილი, ბრინჯი, მაკარონი, პური. საკვებთან ერთად კოფეინიანი სასმლის ჩაის ან ყავის დალევა წნევას მცირე ხნით მოგიმატებთ (საშუალოდ 3-14 მმ-ით), მაგრამ რაკი კოფეინმა სხვა პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს, ამ ხერხის გამოყენებამდე რჩევა ექიმს ჰკითხეთ.

- მიირთვით მეტი მარილი. კოფეინის არ იყოს, ეს გადაწყვეტილებაც მხოლოდ ექიმის რჩევით შეგიძლიათ მიიღოთ. ჭარბმა ნატრიუმმა, განსაკუთრებით ხანდაზმულებში, შესაძლოა გულის უკმარისობას შეუწყოს ხელი. 

- იხმარეთ კომპრესიული თეთრეული. ელასტიკურ წინდებს, ჩვეულებრივ, ვენების ვარიკოზული გაგანიერების დროს ტკივილისა და შეშუპების შესამცირებლად იცვამენ. ისინი ფეხებში სისხლის შეგუბებას ამცირებს და შესაძლოა, წნევაზეც სასურველი გავლენა მოახდინოს.

გააზიარე: