რა ვუშველოთ მამაკაცურ შიშს
გააზიარე:
ორი პრობლემა, რომელთა შიში მამაკაცებს ყველაზე მეტად უფრთხობს ძილს, პოტენციის დაქვეითება და პროსტატის კიბოა. პოტენციასა და ლიბიდოზე ამჯერად არაფერს ვიტყვით, – გვსურს, მეორე, გაცილებით საშიშ პრობლემაზე გესაუბროთ, რომელიც, ამასთანავე, პრევენციას ექვემდებარება და რომლის გონივრული პროფილაქტიკის წყალობით სავსებით შესაძლებელია სიკვდილიანობის მაჩვენებლის შემცირება (ბარემ აქვე გეტყვით, რომ ერექციული დისფუნქციის თავიდან აცილებაც შესაძლებელია, თუმცა ამაზე, მოდი, სხვა დროს ვისაუბროთ).
ფაქტები
სანამ პრევენციის მეთოდებზე გადავიდოდეთ, მოდი, ორიოდე სიტყვით თავად პრობლემის არსი, მისი მიზეზები, გამოვლენის ფორმები და მკურნალობის მეთოდები აღვწეროთ.
პროსტატის კიბო ან, როგორც მედიკოსები იტყვიან, წინამდებარე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნე ჯირკვლის ქსოვილში ჩნდება და ურეთრას (საშარდე მილს) გარს შემოეხვევა ხოლმე.
პროსტატის კიბო უპირატესად 60 წელს გადაცილებულ მამაკაცებს ემართებათ, ძალიან იშვიათია 40 წლამდე, 75 წლიდან კი ის მამაკაცთა სიკვდილიანობის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად მიიჩნევა. აშშ-ის სტატისტიკით, წინამდებარე ჯირკვლის სიმსივნე აფროამერიკელებს შორის უფრო მეტად ყოფილა გავრცელებული, ვიდრე თეთრკანიანებს შორის. ასევე დიდი მნიშვნელობა ჰქონია გენეტიკას: თუ მამაკაცის მამას ან ძმას ეს დაავადება ჰქონდა, რისკი იზრდება. სხვა მიზეზებიდან აღსანიშნავია ალკოჰოლის ჭარბი მიღება, მავნე პროფესია (მაგალითად, ტოქსიკურ გარემოში – რეზინის, საღებავების საწარმოში მუშაობა, კადმიუმის შემცველ ქიმიურ ნაერთებთან კონტაქტი), ცხიმიანი საკვებით გატაცება. არ დაიჯერებთ და ვეგეტარიანელებს შორის პროსტატის კიბო გაცილებით იშვიათია. ხანში შესვლისას თითქმის ყველა მამაკაცს წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერპლაზია უვითარდება. ჰიპერპლაზია სხვა არაფერია, თუ არა ჯირკვლოვანი ქსოვილის ზრდა, რაც სავსებით კეთილთვისებიანი ცვლილებაა და არამც და არამც არ იწვევს კიბოს, თუმცა გამოკვლევები მოწმობს, რომ თუ მამაკაცი პროსტატის კიბოს სკრინინგს იტარებს, შესაძლოა ჰიპერპლაზიურმა ცვლილებებმა ტესტის შედეგზე გავლენა მოახდინოს.
არ გამოგეპაროთ!
ამ ქვეთავს შესანიშნავი სიახლით დავიწყებთ: წინამდებარე ჯირკვლის კიბოს აღმოჩენა პირველი ნიშნების გაჩენამდეა შესაძლებელი. ამისთვის საკმარისია სკრინინგი და პსა-ტესტის ჩატარება. ტესტის მიზანია სისხლში სპეციფიკური ანტიგენების აღმოჩენა, რომლებიც კიბოს ალბათობაზე მიუთითებს, თუმცა ამ მარკერების აღმოჩენა იმას არ ნიშნავს, რომ მამაკაცს უთუოდ კიბო აქვს. სკრინინგის შემდეგ დიაგნოზის დასაზუსტებლად ბიოფსიის ჩატარება ან უშუალოდ ქსოვილის გამოკვლევაა საჭირო. აქვე გეტყვით, რომ წინამდებარე ჯირკვლის კიბოს სკრინინგი საქართველოშიც ტარდება, რაც მთავარია, უფასოდ.
ამ შესანიშნავი სიახლის შემდეგ კი არცთუ სასიხარულო ამბავიც უნდა გაუწყოთ: რამდენ ხანს გასტანს საქართველოში სკრინინგის პროგრამა, არავინ იცის, რადგან ტესტი ზედმიწევნით ზუსტი არ არის. იმავდროულად, არც პროსტატის კიბოთი გამოწვეული სიკვდილიანობა უკაკუნებს საგანგაშო ციფრებს. არც ერთ სხვა ქვეყანაში, სადაც მაჩვენებელი ანალოგიური და ოდნავ მაღალიც კია, პროსტატის კიბოს სკრინინგი არ ტარდება. ვინაიდან ეს პროგრამა სახელმწიფოს საკმაოდ ძვირი უჯდება, შედეგი კი არცთუ ისე სახარბიელოა, სკრინინგი შესაძლოა გაუქმდეს.
ახლა კი იმ მეტ-ნაკლებად უტყუარ ნიშნებზე გადავიდეთ, რომლებიც პროსტატის კიბოზე მიუთითებენ.
სიმპტომები, წესისამებრ, საკმაოდ გვიან იჩენს თავს. მათ შორის აღსანიშნავია:
. მოშარდვის გაძნელება შარდის ნაკადის სუსტი დასაწყისით;
. შარდის გამოჟონვა საშარდე მილიდან, განსაკუთრებით – მოშარდვის შემდეგ;
. შარდის სუსტი ნაკადი;
. დაუკმაყოფილებლობის გრძნობა მოშარდვის შემდეგ, თითქოს საშარდე ბუშტი ბოლომდე ვერ იცლება;
. სისხლის წვეთების არსებობა შარდში ან სპერმაში;
. ტკივილის წელის არეში (ეს სიმპტომი უპირატესად კიბოს მძიმე, უკვე გავრცობილი ფორმის დროს წარმოიშობა).
როგორც უკვე გითხარით, დიაგნოზის დასაზუსტებლად ექიმი მამაკაცს დამატებითი გამოკვლევის ჩატარებას ურჩევს. დიაგნოსტიკის გავრცელებული მეთოდია მანუალური გასინჯვა სწორი ნაწლავიდან, მარტივად – რექტალური გასინჯვა.
იმის შესაფასებლად, რამდენად სწრაფად გავრცელდება სიმსივნე, გლისონის სკალას იყენებენ. რაც მეტია ქულა, მით მეტია ალბათობა, რომ ავთვისებიანი სიმსივნე საწყის კერას გასცდება და სხვა ორგანოებსაც მოედება. მაქსიმალური ქულა 10-ია, მინიმალური – 1. აღმოჩენილ სიმსივნეთა უმეტესობა 6-7 ქულას იმსახურებს.
კიდევ ერთი გამოკვლევა, რომელსაც კიბოს ზუსტი ლოკალიზაციის დასადგენად, გავრცელების საზღვრების გამოსავლენად მიმართავენ, კომპიუტერული ტომოგრაფიაა.
მკურნალობის ეფექტურობის შესაფასებლად უკვე ნაცნობ პსა-ტესტს იყენებენ (მაგალითად, ოპერაციიდან ერთი წლის განმავლობაში ეს ტესტი სამ თვეში ერთხელ ტარდება). სანამ სპეციფიკური ანტიგენების დონე იმატებს, მკურნალობა უშედეგოდ მიიჩნევა.
შეტევა სიმსივნეზე
მკურნალობის ტაქტიკა და მეთოდი მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული გლისონის ქულაზე და მამაკაცის ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობაზე. საწყის სტადიაში ექიმი პაციენტს, წესისამებრ, ოპერაციულ ჩარევასა და წინამდებარე ჯირკვლის ამოკვეთას ურჩევს. ინიშნება სხივური თერაპიაც.
არის შემთხვევები, როცა ექიმი ონკოლოგი კიბოზე დაკვირვებას, პსა-ტესტისა და ბიოფსიის ჩატარებას ამჯობინებს. ეს მაშინ, როდესაც მამაკაცი ძალზე ხანდაზმულია და ოპერაცია სარისკოა.
თუ წინამდებარე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნე გვიან აღმოაჩინეს და ის უკვე სხვა ორგანოებზეც არის გავრცელებული, ექიმი ტესტოსტერონის დონის დასაქვეითებლად ჰორმონულ თერაპიას ნიშნავს, თუმცა იმავდროულად პაციენტს შესაძლოა ოპერაცია და ქიმიოთერაპიაც ურჩიოს.
თავდაცვა თავდასხმამდე
პრევენციის საუკეთესო საშუალება რისკის თავიდან აცილებაა. მაგალითად, ნაკლები ალკოჰოლის მიღება, ჯანსაღი კვება. ექიმები მამაკაცებს ურჩევენ, გაიმდიდრონ რაციონი ომეგა-3 ცხიმებით, რომლებსაც უმთავრესად თევზი შეიცავს, ერიდონ ცხოველურ ცხიმს (მსუქან ხორცს, ქონს), უპირატესობა მიანიჭონ ბოსტნეულს და, საზოგადოდ, ვეგეტარიანულ საკვებს.
წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის კიბოდ გადაგვარების თავიდან ასაცილებლად (თუმცა, როგორც უკვე მოგახსენეთ, ასეთი ცვლილების ალბათობა მეტად მცირეა) ზოგიერთ ქვეყანაში განსაზღვრულ მედიკამენტებს ნიშნავენ. ესენია ფინასტერიდი (პროსკარი) და დუტასტერიდი (ავოდარტი), მაგრამ თუ პსა-ტესტით კიბოს ალბათობა არ დასტურდება და გლისონის სკალითაც პათოლოგიურმა მდგომარეობამ მხოლოდ სამი ან ამაზე ნაკლები ქულა მოაგროვა, ამ მედიკამენტების მიღება სასურველი არ არის.