საინტერესო ფაქტები დიეტების ისტორიიდან
გააზიარე:
ექიმების რეკომენდაციებით გაწამებული ერთი რუსი პოეტი ჩიოდა, ვიდრე დიეტებს მოიგონებდნენ, საწუთრო უფრო გრძელი იყოო, მაგრამ თუ ისტორიას დავუჯერებთ, ასეთი ბედნიერი ხანა კაცობრიობას საერთოდ არ ჰქონია.
დიეტა ბერძნულად ცხოვრების წესს ნიშნავს, თუმცა კარგა ხანია, ამ სიტყვას ასე ფართო მნიშვნელობით აღარ ვიყენებთ – მისი წარმოთქმისას კონკრეტულად რაციონს, კვების რეჟიმს ვგულისხმობთ. თავისებურ დიეტას – მართალია, გაუაზრებლად, მაგრამ მაინც – პირველყოფილი ადამიანებიც იცავდნენ – უბრალოდ, იმას ჭამდნენ, რასაც მოიხელთებდნენ. მათი რაციონი მრავალი თანამედროვე დიეტოლოგის ოცნებაა: უამრავი კენკრა და ძირხვენა, ცოტა ხორცი და არავითარი შემწვარ-მოხრაკული, შესაბამისად, ნაკლები ქოლესტეროლი და ბევრზე ბევრი უჯრედისი... ზოგიერთი პროდუქტის შეგნებული არჩევანი, სხვებზე კი უარის თქმა, შეიძლება ითქვას, ცივილიზაციის მონაპოვარია – მასთან ერთად ვისწავლეთ.
ანტიკური სამყაროდან
ნადიმის ერთ-ერთი პირველი აღწერა ძველეგვიპტური სამარხის კედლებზეა აღმოჩენილი. მიზეზი ნამდვილად მნიშვნელოვანი ყოფილა – ფარაონს ტყუპი ვაჟი შესძენია. წვეულთათვის ჯერ თხის ყველი, შემწვარი ღორის ხორცი, არაჟანში ჩაწყობილი ნიორი, ქერის სუპი და მდინარის თევზი მიურთმევიათ, ჩაროზად კი თაფლიანი ფუნთუშები, ფინიკი და ბროწეული. მომავალი რამზეს III-ისა და მისი ძმის დაბადების ასე მოკრძალებულად აღნიშვნას მზეთამზეს, სავარაუდოდ, არც სიღარიბე აიძულებდა და არც სიძუნწე. ვინ იცის, იქნებ ქურუმებმა ღმერთების ნება გადასცეს... ასეა თუ ისე, კარგად მოფიქრებული და, სხვათა შორის, დაბალანსებული რაციონი სახეზეა.
კათეტებსა და ჰიპოტენუზას შორის ურთიერთკავშირის დადგენასთან ერთად პითაგორა ისტორიას ფილოსოფიური სკოლის დამაარსებლის სახელითაც შემორჩა. თავის მიმდევრებს ელინი ბრძენი ცხოვრების ჯანსაღი წესის საფუძვლებს – ჭამის, სმისა და დასვენების სწორ თანაფარდობას უნერგავდა. პითაგორელები მკაცრ მცენარეულ დიეტას იცავდნენ და პარკოსნებზეც კი უარს ამბობდნენ. ლეგენდა მოგვითხრობს, როგორ ხდებოდნენ ტყის ნადირები ვეგეტარიანელები პითაგორასთან გასაუბრების შემდეგ (ძველი ბერძნები არც იუმორთან ყოფილან მწყრალად ).
სპარტული შეჭამანდის გასინჯვის შემდეგ სპარსეთის მეფე მიმხვდარა სპარტელთა სიმამაცისა და შეუპოვრობის საიდუმლოს: “ამის ჭამას ხომ სიკვდილი სჯობიაო”... მართლა ასე იყო თუ არა, ფაქტია, სპარტელი მეომრები მთელ ანტიკურ სამყაროში ამტანობით, ძალითა და სიმამაცით იყვნენ განთქმულნი. შვიდი წლიდან ბიჭები ყაზარმებში გადაჰყავდათ, სადაც სანახევროდ შიმშილობდნენ და საზრდო თავად უნდა მოეპოვებინათ (ან მოეპარათ), ზრდასრული მეომრების მთავარი საჭმელი კი სისხლიანი შეჭამანდი იყო – მას ღორის ხორცისა და ოსპისგან ხარშავდნენ და ძმრითა და მარილით აზავებდნენ. კერძი მაწიერი კი გამოდიოდა, მაგრამ გემო საზიზღარი ჰქონდა.
ვილჰელმ დამპყრობელს კი სულ სხვა საზრუნავი ჰქონია: ერთ დღეს აღმოაჩინა რომ მის უზარმაზარ სხეულს ვერც ერთი ცხენი ვეღარ ძრავდა და სასწრაფოდ შეუდგა შესაბამისი ზომების მიღებას: შეწყვიტა ჭამა და დაიწყო სმა… რა თქმა უნდა, ღვინისა. ამბობენ, რომ თავის დიეტას შეეწირა კიდეც – ცხენმა კი დაძრა, მაგრამ თავად ვეღარ შეიმაგრა თავი, ჩამოვარდა და სული განუტევა.
არჩენს თუ კლავს
მოლიერის ეპოქაში, თუ მისი პიესების მიხედვით ვიმსჯელებთ, ორად ორი წამალი სცოდნიათ: ოყნა და სისხლის გამოშვება, თუმცა მაშინდელი ექიმების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ შემწვარ-მოხრაკულისგან გაჩენილი კუჭის წყლული უწამლოდ, რძე-მცენარეული დიეტითაც მშვენივრად მოურჩინეს. უცხიმო ყველი, მჟავე რძე, ხილ-ბოსტნეული და სუფთა ჰაერზე სეირნობა – ამ დანიშნულების წყალობით დრამატურგი მარტო წყლულისგან კი არა, ტუბერკულოზისგანაც განკურნებულა, სართად კი ჯანსაღი სახის ფერი და მშვენიერი ფიგურაც მიუღია.
ვერ ვიტყვით, რომ დიეტამ იდუმალ ლორდ ბაირონზეც ეგზომ კეთილისმყოფელი გავლენა მოახდინა. არისტოკრატულ ტრინიტი-კოლეჯში სწავლისას დონდლო და მსუქანა ყოფილა, მაგრამ, მიუხედავად კოჭლობისა, ფარიკაობისა და კრივის შესწავლა დაიწყო, ცურავდა, ჯირითობდა, შვიდ ჟილეტსა და პალტოში ჩატენილი კრიკეტსაც თამაშობდა, დღეში მხოლოდ ერთხელ ჭამდა, არც ხორცს ეკარებოდა და არც ლუდს. ერთი წლის შემდეგ უკვე ნეკნებს დაუთვლიდით, სახე კი პირდაპირ უბრწყინავდა და იდუმალი სიფითრით იზიდავდა ქალებს. მიღწეულ შედეგს თითქოსდა უნდა შეეჩერებინა ლორდი, მაგრამ არამცთუ თავი არ დაანება ვარჯიშს, რეჟიმი უფრო მეტადაც კი გაიმკაცრა: კვირაში სამჯერ თურქულ აბანოში დაიწყო სიარული, მხოლოდ ძმრიან წყალს სვამდა და ბრინჯს ჭამდა, შიმშილს კი თამბაქოს ღეჭვით ებრძოდა. ყოველივე ამის შემდეგ უბრალოდ გასაკვირია, რომ პოეტმა 37-ე დაბადების დღეს მიაღწია... მედიკოსებმა მაინც ვერ დაადგინეს, რომელმა სენმა იმსხვერპლა. გაკვეთისას აღმოჩნდა, რომ ტვინი, გული და ღვიძლი ნაადრევად ჰქონდა დაბერებული.
კაცი ვარ და ქუდი მხურავს
ავადმყოფური სიფითრე მოდიდან მალევე გავიდა და ჭირვეულმა მოდამ “ნამდვილ მამაკაცს” სულ სხვა მოთხოვნები წაუყენა. XIX საუკუნის ბოლოს მოკრივეები ხორცით, რძით, ღვინოთი და ლუდით საზრდობდნენ. კუნთები დღესაც მოდაშია. როკი-რემბო სტალონე ფორმას ხილის სალათით, სპაგეტით, ლობიოთი და იოგურტში გამომცხვარი ბადრიჯნით ინარჩუნებს.
კუნთები კუნთებად და არანაკლები გამოწვევა გვესროლა კოსმოსმა. მას შემდეგ, რაც გაგარინმა დედამიწას შემოუფრინა და არმსტრონგმა მთვარეზე ფეხი დადგა, ბუნებრივია, კოსმონავტების გამოკვების საკითხიც დადგა. თავდაპირველად საუკეთესო გამოსავალი საკვები აბები ეგონათ, ყველა აუცილებელ კომპონენტს რომ მიაწვდიდა ორგანიზმს და გრამ ნარჩენს არ დატოვებდა, მაგრამ ასეთი რამ ვერ გამოიგონეს. პირველი კოსმოსური სადილი გერმან ტიტოვს ერგო. ტუბებიდან სიამოვნებით თუ არა, ინტერესით მაინც გამოწუწნა სუპ-პიურე, ხორცის პაშტეტი და შავი მოცხარის წვენი. ოცდახუთსაათიანი ფრენის განმავლებაში ასე სამჯერ იტრაპეზა, მაგრამ მიწაზე დაშვებისთანავე იკივლა, ხალხი არა ხართ, რამე მაჭამეთ, სადაცაა შიმშილისგან გული წამივაო. მას შემდეგ კოსმოსურ მენიუში ბორშჩიც შევიდა, ღვეზელიც, კატლეტიც და ქათმის ფილეც. მეცნიერულად დაბალანსებული, ვიტამინებით გაძეძგილ საკვებს ერთადერთი ნაკლი აქვს – უგემურია. ეს რუსული ვარიანტია, ნასა კი თავის კოსმოსურ დიეტას არ ახმაურებს, თორემ ვინ იცის, იქნებ სასარგებლოსა და გემრიელის კომბინაციაც მოიფიქრეს...
არც ისე ახალი
თუ მოვინდომებთ, მრავალ თანამედროვე დიეტურ ახირებას საკმაოდ ღრმა ისტორიულ ფესვებს გამოვუძებნით. თუნდაც ასე პოპულარულ ანანასს, ცხიმების დაწვას რომ აბრალებენ. ეკატერინე II-ს კარისკაცს, გრაფ ზავადოვსკის, ეს ხილი ისე ჰყვარებია, რომ ყოველგვარი სახით მიირთმევდა და მისი დამწნილებაც კი მოიფიქრა. ჩვენი მტერ-მოყვარე მეზობლები ამტკიცებენ, დამჟავებული ანანასი ჩვენი გამოგონილიაო.
ანანასისა არ იყოს, საზღვარგარეთ დღეს ძალიან პოპულარულია დიეტა ნიახურის სუპით. ეს კერძი ცნობილი კურტიზანის მარკიზა დე პომპადურის საიდუმლო იარაღი ყოფილა. სპეციალურ აღმგზნებ წვნიანს ქალბატონი თურმე ტრიუფელების, ნიახურის, წიწაკისა და ნივრისგან ამზადებდა. მისი მეშვეობით მხოლოდ ფიგურას კი არ ინარჩუნებდა, უავგუსტოეს საყვარელს ლუდოვიკო XV-საც უღვიძებდა ვნებას და პაემანზე სათანადო ფორმაში ყოფნასაც ახერხებდა – თურმე ყოვლისშემძლე ფავორიტს სინამდვილეში სუსტი ჯანმრთელობა და, თავისივე აღიარებით, “ქათმის” ტემპერამენტი ჰქონია.
მომავალში ჩვენი დროის დიეტური ტენდენციების აღწერა თუ მოინდომეს, მათი მრავალფეროვნება და უკიდურესობები, სავარაუდოდ ძალიან დააბნევთ. ასე რომ, თვალები ფართოდ გაახილეთ და ყურადღებით ამოარჩიეთ. დიეტამ შეიძლება კიდეც მოგკლათ და კიდეც მოაგარჩინოთ. სხვა თუ არაფერი, ბაირონისა და მოლიერის მაგალითი თვალწინ გაქვთ.