რა იწვევს სპონტანურ აბორტს
გააზიარე:
სპონტანური დანაკარგი
სპონტანური აბორტი, უბრალო ენით – მუცლის მოშლა, ორსულობის მე-20 კვირამდე ვითარდება. ნაყოფის მოწყვეტა არც 21-ე კვირის შემდეგ არის გამორიცხული, მაგრამ ამ შემთხვევაში მას უკვე ნაადრევ მშობიარობას უწოდებენ.
ამერიკელებმა გამოთვალეს, რომ სპონტანური აბორტი ორსულთა 10-20 %-ს უვითარდება. სინამდვილეში მუცლის მოშლის შემთხვევა უფრო მეტია, მაგრამ მათი ნაწილი ფეხმძიმობის ისეთ ადრეულ ეტაპზე ვითარდება, ქალმა არც კი იცის, რომ ორსულად იყო და აზრადაც არ მოსდის, სისხლდენა, თუნდაც უხვი, სპონტანურ აბორტად მიიჩნიოს.
***
მუცლის მოშლა ყველაზე მეტად ორსულობის პირველი თორმეტი კვირის განმავლობაშია მოსალოდნელი. სპონტანური აბორტი შეიძლება ვიეჭვოთ, თუ ქალი უჩივის:
. ვაგინალურ (საშოდან) სისხლდენას ან საცვალზე სისხლის კვალს, თუმცა ეს სიმპტომი ყოველთვის მუცლის მოშლაზე არ მიუთითებს;
. ტკივილის შეგრძნებას მუცლის ქვედა ნაწილში ან წელის არეში;
. საშოდან სითხის გამოჟონვას;
. საშოდან სისხლის კოლტების ან ქსოვილისმაგვარი წარმონაქმნის გამოყოფას.
დაიხსომეთ: სისხლდენა, თუნდაც ძლიერი, იმას სულაც არ ნიშნავს, რომ ორსულს მუცელი აუცილებლად მოეშლება.
თუ სპონტანურ აბორტს საშვილოსნოს ღრუში ინფექციის შეჭრა მოჰყვა, შესაძლოა, ქალს სხვა სიმპტომებიც გამოაჩნდეს, მაგალითად:
. ცხელება;
. შემცივნების შეგრძნება;
. სახსრების ტკივილი და ტეხა;
. საშოდან სქელი, წებოვანი და სუნიანი გამონადენი.
თუ ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან რომელიმემ შეგაწუხათ, რა უმნიშვნელოდაც უნდა იყოს ის გამოხატული, ექიმთან კონსულტაციას მაინც გირჩევთ.
მიზეზების ძიებაში
სპონტანური აბორტის მიზეზი
ყველაზე ხშირად დაზიანებული გენები და ქრომოსომებია. სწორედ ისინი იწვევენ ემბრიონის განვითარების პათოლოგიებს.
. მეთორმეტე კვირამდე მუცლის მოშლის შემთხვევათა ნახევარი დაზიანებული, ე. წ. ლაყე კვერცხუჯრედით განაყოფიერების ბრალია. ამ დროს ვითარდება პლაცენტა, სანაყოფე გარსი, მაგრამ ემბრიონის ჩამოყალიბება არ ხდება.
. არსებობს შემთხვევები, როდესაც ემბრიონი ვითარდება, მაგრამ ორსულობის სიმპტომების გამოვლენამდე კვდება. ამ პათოლოგიური პროცესის მიზეზი უმეტესად გენების დეფექტია.
. არსებობს მეტად იშვიათი პათოლოგია – გესტაციური ტროფობლასტური დაავადება, რომელსაც ბუშტნამქერსაც უწოდებენ. ის ათასიდან ერთ ორსულს თუ განუვითარდება. ამ დროს პლაცენტა ორსულობის საწყის ეტაპზე ყოველგვარი კონტროლის გარეშე ბუშტუკების გროვის სახით იზრდება. ამგვარი მასა შესაძლო არც კი შეიცავდეს ემბრიონს. ემბრიონი, თუკი არსებობს, ორსულობის საწყის ეტაპზე წყვეტს ზრდა-განვითარებას.
გარდა გადაგვარებული გენებისა და ქრომოსომებისა, სპონტანურ აბორტს ორსულის პათოლოგიური მდგომარეობაც იწვევს. კერძოდ:
. დიაბეტი, რომელსაც ჯეროვნად ვერ აკონტროლებენ;
. ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები;
. ზოგიერთი ინფექცია;
. ზოგიერთი ჰორმონული პრობლემა;
. საშვილოსნოს დეფექტი.
გახსოვდეთ, თუ ორსული ჯანმრთელია, მუცლის მოშლას არ იწვევს:
. ზომიერი ვარჯიში;
. მძიმე საგნების აწევა ან ხელში დაჭერა;
. სქესობრივი კონტაქტი;
. ნებისმიერი სახის სამუშაო, რომელიც ტოქსიკური გამონაბოლქვებით გაჟღენთილ გარემოში არ სრულდება.
როდის გვჭირდება სიფრთხილე
არსებობს მრავალი ფაქტორი, რომელიც სპონტანური აბორტის განვითარების ალბათობას ზრდის. ესენია:
. ასაკი. 35 წელს გადაცილებულ ორსულებს შორის მუცლის მოშლა გაცილებით ხშირია. 35 წლის ორსულთათვის სპონტანური აბორტის რისკი 20%-ს შეადგენს, 40 წლისთვის 40%-ია, ხოლო 45 წლისთვის – 80%. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ განსაზღვრული მშობლების ასაკობრივ სხვაობასაც ჰქონია. თუ მამაკაცი ქალზე 30 წლით უფროსია, მუცლის მოშლის ალბათობა მაღალი ყოფილა.
. მუცლის მოშლის სხვა შემთხვევები. თუ ქალს წინამორბედი ორსულობების დროს სპონტანური აბორტი ორჯერ და მეტჯერ განუვითარდა, მუცლის მოშლის ალბათობა მაღალია, თუ მხოლოდ ერთხელ – ალბათობა ისეთივეა, როგორიც იმ ქალებში, ვისაც მუცელი არასდროს მოშლია.
. სიგარეტის მოწევა და ალკოჰოლის მიღება. კვლევები ადასტურებს, რომ ეს მავნე ჩვევები საგრძნობლად ზრდის მუცლის მოშლის საფრთხეს.
როდესაც სხვა გამოსავალი არ არსებობს
თუ მუცლის მოშლის საფრთხე არსებობს, მკურნალობა აუცილებელია. ექიმი მოსვენებას, ხშირად, ზოგჯერ ხანგრძლივად წამოწოლას, ფიზიკური დატვირთვისა და სქესობრივი კავშირისგან თავშეკავებას გირჩევთ. არც ხანგრძლივი მგზავრობაა რეკომენდებული.
ულტრაბგერითი მეთოდის წყალობით იოლი დასადგენია, რა მდგომარეობაშია ემბრიონი, შესაძლებელია თუ არა, მუცლის მოშლა თავიდან ავიცილოთ და სხვა. ზოგჯერ ექოსკოპიური კვლევა აჩვენებს, რომ სპონტანური აბორტი გარდაუვალია. ამ შემთხვევაში ექიმმა შესაძლოა ურჩიოს ორსულს, დაელოდოს მუცლის მოშლას. სპონტანური აბორტი ემბრიონის სიკვდილიდან დაახლოებით ორ კვირაში ვითარდება. იშვიათად მოლოდინი შესაძლოა 3-4 კვირას გაგრძელდეს.
გარდაუვალი სპონტანური აბორტი შესაძლოა სპეციალური მედიკამენტის მიღებით დაჩქარდეს. ასიდან 70 შემთხვევაში მედიკამენტი ეფექტს 24 საათის განმავლობაში ავლენს. თუ მისმა მიღებამ მთელი დღე-ღამის განმავლობაში არ გამოიღო შედეგი, უნდა ვივარაუდოთ, რომ ორსულს მუცელი რამდენიმე დღეში ან ერთ კვირაში მოეშლება.
კიდევ ერთი მეთოდი, რომელსაც გარდაუვალი სპონტანური აბორტის დროს მიმართავენ, ხელოვნური ქირურგიული ჩარევა (გამოფხეკა) გახლავთ.
მერე?
მუცლის მოშლის შემდეგ ქალი ჩვეულ ფიზიკურ ფორმას რამდენიმე დღეში იბრუნებს, მენსტრუაცია კი 4-6 კვირის შემდეგ აღდგება.
მუცლის მოშლიდან ორი კვირის განმავლობაში მოერიდეთ სქესობრივ კონტაქტს, ტამპონის გამოყენებას და საშოს გამორეცხვას.
თუ სპონტანური აბორტიდან რამდენიმე კვირის განმავლობაში განვითარდა ძლიერი სისხლდენა, ციებ-ცხელება ან მუცლის ქვედა არის ძლიერი ტკივილი, უთუოდ მიმართეთ ექიმს.
ხელახლა დაორსულება მენსტრუაციული ციკლის აღდგენისთანავეა შესაძლებელი, თუმცა ექიმმა შესაძლოა გირჩიოთ, ჩასახვისგან ერთი თვე მაინც შეიკავოთ თავი.
თუ სპონტანური აბორტი უკვე რამდენიმეჯერ განმეორდა, უთუოდ გამოიკვლიეთ მიზეზი.
მართალია, მუცლის ორ ჯერზე მეტი მოშლა სპონტანური აბორტის ალბათობას ზრდის, მაგრამ გარდაუვალს ნამდვილად არ ხდის. ნურც ის შეგაშფოთებთ, თუ მუცლის ხშირი მოშლის მიზეზი ვერ დაადგინეს – გაურკვეველი მიზეზით განვითარებული რამდენიმე სპონტანური აბორტის შემდეგ ქალთა 60-70% ორსულად რჩება და ნაყოფს ბოლომდე ინარჩუნებს.
არცთუ სავსებით სპონტანური
ყოველ წელიწადს 1,3 მილიონი ამერიკელი ქალი აბორტს იკეთებს. საქართველოში ბოლო ოცი წლის მანძილზე ხელოვნური აბორტების რიცხვი შემცირდა, მაგრამ საერთო ჯამში მაინც მაღალია: წელიწადში დაახლოებით 15-20 ათასი. შედარებისთვის, 90-იან წლებში ეს რიცხვი 50 000-ს აჭარბებდა.
რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ აბორტის ნეგატიური მხარეების შესახებ, მასზე უარის თქმას ჩვენი საზოგადოების მშვენიერი ნაწილი მაინც არ აპირებს. საქართველოში ხელოვნური აბორტი რატომღაც ჯერ კიდევ ითვლება ოჯახის დაგეგმვის ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ სახეობად. და ეს მაშინ, როდესაც მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში ოჯახის დაგეგმვისთვის თანამედროვე კონტრაცეფციულ საშუალებებს იყენებენ.
სტატიის ეს ნაწილი არც იმ ორსულთა გასამართლებას ისახავს მიზნად, ვინც აბორტს იკეთებს და არც იმ ექიმებისა, ვინც აკეთებს. უბრალოდ, ვნახოთ, რა მეთოდები არსებობს საამისოდ და რა გართულება შეიძლება მოჰყვეს ამ მანიპულაციას.
ხელოვნურ აბორტს უმთავრესად ორსულობის მე-12 კვირამდე მიმართავენ. მას შემდეგ, რაც ულტრაბგერითი კვლევა ორსულობას დაადასტურებს, ქალი ირჩევს აბორტის მეთოდს. აქამდე ყველაზე გავრცელებული იყო ქირურგიული მეთოდი, რომელიც უპირატესად ადგილობრივი ანესთეზიით კეთდება. საშვილოსნის ღრუს შიგთავსს სპეციალური ვაკუუმ-ასპირატორით გამოდევნიდნენ. ამ მეთოდით გაკეთებული აბორტის შემდეგ ქალი მალევე მიდის შინ. ინფექციის შეჭრის თავიდან ასაცილებლად ექიმი ქალს ანტიბიოტიკის მიღებას ურჩევს. სისხლდენა ორ კვირამდე გრძელდება.
მეორე მეთოდი მედიკამენტური აბორტია. ის ორსულობის მე-7-9 კვირის დასრულებამდე კეთდება. მედიკამენტური აბორტის დროს ანესთეზიას არ მიმართავენ. ამასთანავე, არ არსებობს რისკი, რომელიც თან სდევს ნებისმიერ ქირურგიულ მანიპულაციას. პროცესი უფრო ბუნებრივად მიმდინარეობს და ფსიქოლოგიური კუთხითაც უფრო იოლად აღიქმება ქალის მიერ.
მედიკამენტური აბორტისთვის უმთავრესად იყენებენ ორ ჰორმონულ პრეპარატს: მიფეპრისტონს და მიზოპროსტოლს. მედიკამენტის მიღების შემდეგ ნაყოფის გამოძევება უმეტესად 24 საათის განმავლობაში ხდება, მაგრამ რიგ შემთხვევაში პროცესი შესაძლოა რამდენიმე დღე და მთელი კვირაც კი გაგრძელდეს. კლინიკაში მისვლა ქალს 2-4-ჯერ უწევს, თუმცა არსებობს ამ პრეპარატის სახლში მიღების პრაქტიკაც, რასაც ვიზიტების რაოდენობა ორამდე დაჰყავს, ეს კი რიგ შემთხვევაში უფრო მოხერხებულია ქალისთვის.
დაიხსომეთ: მედიკამენტური აბორტი შესაძლოა უშედეგო აღმოჩნდეს და საჭირო გახდეს ქირურგიული ჩარევა. ამისთვის ქალი მზად უნდა იყოს.
რისკზეც ვისაუბროთ
ისევ ამერიკულ სტატისტიკას მოვიყვანთ: ორსულობის დასაწყისში გაკეთებული ხელოვნური აბორტის შემდეგ ასიდან მხოლოდ ერთს უვითარდება გართულება, ხოლო მოგვიანებითი აბორტის შემთხვევაში – ასიდან ორს.
გართულება კი ასეთი შეიძლება იყოს:
. ინფექციის შეჭრა;
. სისხლდენა;
. საშვილოსნოს პერფორაცია. შესაძლოა, ხელსაწყომ საშვილოსნოს კედელი გახვრიტოს. ამ შემთხვევაში ორგანოს მთლიანობის აღსადგენად ოპერაციული ჩარევაა საჭირო;
. არასრული აბორტი. ამ შემთხვევაში დამატებითი გამოფხეკა ტარდება;
. სიკვდილი. ლეტალური შედეგი იშვიათია, მაგრამ რისკი (აშშ-ის სტატისტიკის თანახმად, 1 შემთხვევა 100 000 ხელოვნური, ქირურგიული აბორტიდან) მაინც არსებობს.
დაიხსომეთ: თუ ხელოვნური აბორტის დროს საშვილოსნო ძლიერ დაზიანდა, შესაძლოა, მომავალში ამან უნაყოფობა გამოიწვიოს. ასე რომ, ვიდრე აბორტს გაიკეთებთ, დაფიქრდით, ეგებ, გადაიფიქროთ...