ორსულობის ანატომია
გააზიარე:
ორსულობის დროს ყოველთვის ნაყოფია ყურადღების ცენტრში: როგორ უცემს გული, გრძნობს თუ არა თავს კარგად. ცოტამ თუ იცის, რომ ნაყოფის განვითარება მხოლოდ დედის ჯანმრთელობაზე არ არის დამოკიდებული – პლაცენტა, ჭიპლარი, სანაყოფე გარსები და სანაყოფე წყლები ორსულობის მიმდინარეობაზე უდიდეს გავლენას ახდენს.
პლაცენტა, ჭიპლარი და სანაყოფე გარსები ნაყოფის ნაწილია. ყველა მათგანი განაყოფიერებული კვერცხუჯრედიდან იღებს დასაბამს. შესაბამისად, იგივე გენეტიკური მასალა აქვთ, რაც ნაყოფს.
პლაცენტა
ორსულობის ბოლოს პლაცენტის დიამეტრი 15-20 სმ-ს აღწევს, სისქე – 3-4 სმ-ს, წონა კი 400-500 გრამს. საზოგადოდ, მიჩნეულია, რომ პლაცენტის წონა ნაყოფის წონის 1/6-ს შეესაბამება.
პლაცენტა მაგრდება საშვილოსნოს წინა ან უკანა კედელზე ან ფუძეში. მას აქვს ორი ზედაპირი – დედისმხრივი, რომლითაც უშუალოდ ეკვრის საშვილოსნოს კედელს და ნაყოფისმხრივი, რომელიც ნაყოფისკენაა მიქცეული.
პლაცენტა წილოვანი აგებულებისაა და 15-20 წილისგან შედგება. მისი ზედაპირის ფართობი დაახლოებით 250 სმ2-ია. პლაცენტაში ჭარბად არის განვითარებული სისხლძარღვოვანი ქსელი, რომლის დატოტვის შედეგად ფუნქციური ზედაპირის ფართობი 6მ2-მდე აღწევს.
დამტკიცებულია, რომ თუ რაიმე მიზეზით პლაცენტის ნახევარი ან უფრო მეტი გაითიშა, ნაყოფი ჟანგბადის უკმარისობით იღუპება. ვინაიდან პლაცენტის ფუნქციური ზედაპირი დიდია, მისი მცირე ნაწილის დაზიანება კომპენსირდება და ნაყოფს საფრთხეს არ უქადის.
პლაცენტურ ბარიერს გადის დაბალმოლეკულური ნაერთები: გლუკოზა, მარილები, წყალი; ასევე – ზოგიერთი წამალი, ჰორმონები, ცილები, ანტისხეულები, ტოქსინები, ინფექციური აგენტები, ვირუსები.
გესტაციურ ასაკთან მიმართებით განასხვავებენ პლაცენტის სიმწიფის სამ ხარისხს. გადამწიფებული (III ტრიმესტრის ბოლოსთვის) ან ადრეულ გესტაციაზე ნაადრევად მომწიფებული პლაცენტა ჯეროვნად ვეღარ ასრულებს თავის ფუნქციას.
პლაცენტის ანომალიები
პლაცენტის ანომალიების სპექტრი ფართოა. მათგან შეიძლება გამოვყოთ სამი დიდი ჯგუფი: ფორმის, მიმაგრების და მდებარეობის ანომალიები.
ფორმის ანომალია მრავალნაირია, თუმცა პლაცენტის ფუნქციობას ხელს უმეტესად არ უშლის.
უადგილო ადგილას
ფიზიოლოგიურად პლაცენტა იმპლანტირდება (ინერგება) საშვილოსნოს ტანში, საშვილოსნოს ყელიდან 7-8 სმ-ით ზემოთ. გამოყოფენ პლაცენტის არასწორი მდებარეობის რამდენიმე ფორმას, რომელთა კლასიფიკაცია იმაზეა დამოკიდებული, რამდენადაა დაშორებული პლაცენტის ქვედა კიდე საშვილოსნოს ყელს.
მდებარეობის ანომალიის გამოვლენა ორსულობის მეორე ტრიმესტრის ბოლოს/მესამე ტრიმესტრის დასაწყისშია შესაძლებელი და აუცილებელიცაა, ვინაიდან პლაცენტის არასწორი მდებარეობა განსაზღვრავს მშობიარობის გზას. მაგალითად, პლაცენტის სრული წინამდებარეობისას, როცა პლაცენტა მთლიანად ფარავს საშვილოსნოს ყელს და შეუძლებელს ხდის ბუნებრივ სამშობიარო გზებში ნაყოფის გავლას. ერთადერთი გამოსავალი საკეისრო კვეთაა. გარდა ამისა, არასწორად მდებარე პლაცენტას ახასიათებს მთელი ორსულობის განმავლობაში სისხლდენის განვითარების უფრო მაღალი რისკი, ამიტომ სათანადო ყურადღებაც ექცევა.
არასწორად მიმაგრებული
მიმაგრების ანომალიებზე საუბრისას განასხვავებენ პლაცენტის მჭიდრო მიმაგრებას და პლაცენტის მიხორცებას.
საშვილოსნო ღრუ ორგანოა, რომელიც სამი შრისგან შედგება. შიგნითა შრე ლორწოვანია. მას ენდომეტრიუმს უწოდებენ. სწორედ ენდომეტრიუმში ხდება განაყოფიერებული კვერცხუჯრედის იმპლანტაცია. შუა შრე შედგება კუნთოვანი ბოჭკოებისგან, რომლებსაც აქვს როგორც გრძივი, ისე განივი მიმართულება. კუნთოვანი შრის ასეთი წყობა განაპირობებს საშვილოსნოს კუმშვითი აქტივობის ეფექტურობას. მესამე, გარეთა შრე კი წარმოდგენილია შემაერთებელი ქსოვილით, რომელსაც პერიტონეუმი ეწოდება. პერიტონეუმის ფურცლით ამოფენილია მთელი მუცლის ღრუ, ერთმანეთისგანაა გამიჯნული მეზობელი ორგანოები. ეს, ერთი მხრივ, უზრუნველყოფს ორგანოთა მთლიანობას, მეორე მხრივ კი იცავს მათ ინფექციისა თუ სხვა ზიანის ურთიერთგავრცელებისგან.
ფიზიოლოგიურად პლაცენტა ემაგრება საშვილოსნოს შიგნითა გარსს – ენდომეტრიუმს. ასეთ დროს მისი კვება სათანადოდ ხორციელდება. მშობიარობის შემდეგ კი ის გაურთულებლად სცილდება საშვილოსნოს და იბადება, რაც თავიდან გვაცილებს სისხლდენას. მიმაგრების ანომალიების დროს პლაცენტა იმპლანტირდება უფრო ღრმად: მჭიდრო მიმაგრების შემთხვევაში – საშვილოსნოს კუნთოვან შრეზე, ხოლო მიხორცების შემთხვევაში პლაცენტის ქსოვილი სცდება კუნთოვან შრეს, საშვილოსნოს მფარავ პერიტონეუმს და შესაძლოა, მეზობელ ორგანოშიც შეიჭრას.
მიმაგრების ანომალიებს წინ უძღვის საშვილოსნოს ანთებითი და/ან ინფექციური პროცესები, რაც განაპირობებს კიდეც პლაცენტის არასწორ ჩაზრდას. საკეისრო კვეთის შემდეგ რეკომენდებულ დროზე ადრე დამდგარი ორსულობის შემთხვევაში ხშირია პლაცენტის მიხორცება შარდის ბუშტზე.
პლაცენტის არადროული აცლა
პლაცენტის განვითარებასთან, მიმაგრებასა და ფორმასთან ერთად მნიშვნელოვანი ფაქტორებია მისი დაბადება და დროული მოცილება საშვილოსნოს ღრუდან. პლაცენტის დროული აცლა ხდება მშობიარობის III პერიოდში, ნაყოფის დაბადების შემდეგ. ნაადრევი აცლა გულისხმობს ნორმალურად მიმაგრებული პლაცენტის მოცილებას ნაყოფის დაბადებამდე, რასაც თან ახლავს სისხლდენა. შემთხვევათა მესამედში სისხლდენა ფარულია – გარეთა სასქესო ორგანოებიდან სისხლი არ დის, რაც კიდევ უფრო საყურადღებო მდგომარეობაა; სიმპტომების არარსებობის შემთხვევაში უფრო დიდია როგორც ნაყოფის, ისე დედის დაღუპვის რისკი.
პლაცენტის ნაადრევი აცლა შესაძლოა გამოიწვიოს მუცლის პირდაპირმა ტრავმამ, მრავალწყლიანობამ ან მრავალნაყოფიანობამ, ასევე – პლაცენტის იმპლანტაციის დეფექტებმა.
ასევე მნიშვნელოვანია მშობიარობის მესამე პერიოდში პლაცენტის სრული გამოძევება საშვილოსნოს ღრუდან. წილოვანი აგებულების გამო პლაცენტის ზედაპირი მჭიდროდ არ არის შეკრული, ანთებითი პროცესის შემთხვევაში მისი ნაწილი შესაძლოა ჩარჩეს ღრუში და ლოგინობის ხანის გართულები – სისხლდენა, ცხელება, სეფსისი და ენდომეტრიტი გამოიწვიოს.
ჭიპლარი
ჭიპლარი ფიზიოლოგიურად მაგრდება პლაცენტის ცენტრში. მასში გაივლის სამი სისხლძარღვი: ორი არტერია და ერთი ვენა, – რომლებიც ნაყოფის სისხლით მომარაგებაზეა პასუხისმგებელი. ჭიპლარის სიგრძე დაახლოებით 50-70 სმ-ია, ხოლო სისქე – 1,5 სმ. ჭიპლარის ასეთი ზომები საშუალებას აძლევს ნაყოფს, თავისუფლად იმოძრაოს საშვილოსნოს ღრუში, ხოლო მშობიარობის დროს ნაკლები გართულება წარმოიშობა.
ჭიპლარის მოჭრის შემდეგ ფორმირდება ჭიპი.
ერთი არტერიის არსებობა
ჭიპლარის სისხლძარღვების ანომალია – ჭიპლარში ერთი არტერიის არსებობა – გვხვდება ერთნაყოფიან ორსულობათა დაახლოებით 1 პროცენტში და მრავალნაყოფიან ორსულობათა დაახლოებით 5 პროცენტში. პათოლოგიის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. კვლევების თანახმად, ჭიპლარში ერთი არტერიის მქონე ბავშვებს აქვთ თანდაყოლილი დეფექტების, მათ შორის – გულის, ცენტრალური ნერვული სისტემის და საშარდე გზების, ასევე ქრომოსომული დარღვევების მომატებული რისკი. ორსულს, რომლის ნაყოფს რუტინული ულტრაბგერითი კვლევით ჭიპლარში ერთი არტერია დაუდასტურდა, შეიძლება შესთავაზონ პრენატალური სადიაგნოსტიკო კვლევა თანდაყოლილი დეფექტების გამოსარიცხად. კვლევა მოიცავს დეტალურ ექოსკოპიას, ამნიოცენტეზს (სანაყოფე წყლების შესწავლას ქრომოსომული დარღვევების გამოსავლენად), ზოგიერთ შემთხვევაში კი – ნაყოფის ექოკარდიოგრაფიას (სპეციალური ტიპის ულტრაბგერით კვლევას ნაყოფის გულის შესაფასებლად).
არასწორი მდებარეობა
ჭიპლარის მარყუჟების წინამდებარეობაზე საუბრობენ, როდესაც ჭიპლარის მარყუჟები მდებარეობს ნაყოფის წინამდებარე ნაწილის წინ (თავით წინამდებარეობის შემთხვევაში – თავის წინ, მენჯით წინამდებარეობის შემთხვევაში – მენჯის წინ). როდესაც ჭიპლარის მარყუჟების წინამდებარეობა მოულოდნელად დიაგნოსტირდება მშობიარობის დროს, დროული ჩაურევლობის შემთხვევაში დიდია მკვდრადშობადობის რისკი.
ჭიპლარის მარყუჟების წინამდებარეობის გამოვლენა ხდება ორსულობის ადრეულ ეტაპზე ულტრაბგერითი კვლევით, ნაყოფის სიკვდილიანობის თავიდან აცილება შესაძლებელია საკეისრო კვეთით. ორსულებს, რომლებსაც ჭიპლარის მარყუჟების წინამდებარეობა დაუდასტურდათ, მეორე ან მესამე ტრიმესტრში ზოგჯერ აღენიშნებათ უმტკივნეულო სისხლიანი გამონადენი საშოდან. ორსულმა, რომელსაც ვაგინალური სისხლდენა აქვს, აუცილებლად უნდა მიმართოს სამედიცინო დაწესებულებას, რათა დროულად გაირკვეს მიზეზი და თავიდან ავიცილოთ არასასურველი შედეგები.
ჭიპლარის მარყუჟების გამოვარდნა ვითარდება, როცა სანაყოფე გარსების დარღვევის შემდეგ საშვილოსნოს ყელში ჩნდება ჭიპლარის მარყუჟები. ამ დროს მაღალია ჭიპლარის კომპრესიისა და ნაყოფის ასფიქსიის რისკი. დროული დიაგნოსტირების შემთხვევაში გამოსავალი კეთილსაიმედოა.
სხვა ანომალიები
* ჭიპლარის შემოხვევა. ახალშობილთა დაახლოებით 25 პროცენტი კისერზე ჭიპლარის შემოხვევით იბადება. ზოგჯერ, როცა ნაყოფის გულისცემის მონიტორინგი ავლენს გულისცემის დარღვევებს მშობიარობის დროს, ის შესაძლოა ჭიპლარზე ზეწოლას ასახავდეს. ზეწოლა იშვიათად არის იმ ძალის, რომ სიკვდილი ან სხვა პრობლემა გამოიწვიოს, თუმცა იშვიათად მაინც ხდება საჭირო საკეისრო კვეთა. კიდევ უფრო იშვიათია ჭიპლარის შემოხვევა ბავშვის სხეულის სხვა ნაწილებზე, მაგალითად, ფეხზე ან ხელზე, რაც სრულიად არ აზიანებს პატარას.
* მოკლე ჭიპლარი. არსებობს უჩვეულოდ მოკლე ჭიპლარიც, რომელიც შეიძლება რუტინული ულტრაბგერითი კვლევისას აღმოაჩინონ. მოკლე ჭიპლარი მშობიარობას საკმაოდ ართულებს – ის შეიძლება დაიჭიმოს, გაწყდეს და ნაყოფი დაღუპვამდე მიიყვანოს.
* ჭიპლარის კვანძები – ახალშობილთა დაახლოებით 1 პროცენტი იბადება ჭიპლარის ერთი ან რამდენიმე კვანძით. ზოგიერთი კვანძი ჩნდება მშობიარობის დროს, როდესაც მარყუჟი იჭიმება. კვანძები წარმოიქმნება ორსულობის დროსაც, როდესაც ნაყოფი ძალიან პატარაა და ბევრს მოძრაობს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჭიპლარი უჩვეულოდ გრძელია. კვანძები ყველაზე ხშირად გვხვდება იდენტური ტყუპის შემთხვევაში. თუ ტყუპს საერთო ამნიონური ღრუ აქვს, მათი ჭიპლარები შესაძლოა გადაიხლართოს. სანამ კვანძი მოუჭიმავია, პრობლემას არ უქმნის ნაყოფს, მაგრამ ზოგჯერ ის მჭიდროდ იჭიმება, რის შედეგადაც ნაყოფისთვის ჟანგბადის მიწოდება ირღვევა ან წყდება.
სანაყოფე წყლები
სანაყოფე ანუ ამნიონური წყლები გამჭვირვალე, მოყვითალო ფერის სითხეა, რომელიც ორსულობის პირველ კვირებში წარმოიქმნება და მთელი ორსულობის განმავლობაში გარს აკრავს ნაყოფს, უზრუნველყოფს მის კვებას, თბორეგულაციასა და უსაფრთხოებას. მისი არარსებობისას ორსულობის დასასრული არც ისე სახარბიელოა.
თავდაპირველად ამნიონური სითხე დედის სხეულში არსებული წყლისგან იქმნება, მაგრამ თანდათან უფრო და უფრო იმატებს მასში ნაყოფის შარდის წილი. ნაყოფი ყლაპავს ამ სითხეს და შემდგომ შარდის სახით გამოყოფს. ორსულობის მე–20 კვირისთვის ამნიონური სითხის უმეტეს წილს სწორედ ნაყოფის შარდი წარმოადგენს.
სანაყოფე წყლები შეიცავს მნიშვნელოვან საკვებ ნივთიერებებს, ჰორმონებს და ანტისხეულებს. იგი ბუფერულ ფუნქციასაც ასრულებს – იცავს ნაყოფს პირდაპირი ტრავმისა და დაზიანებისგან.
სანაყოფე წყლების რაოდენობის ცვლილებები
თუ სანაყოფე სითხე მეტისმეტად ცოტა ან მეტისმეტად ბევრია, საფრთხე ემუქრება როგორც ნაყოფს, ისე დედასაც. სანაყოფე წყლების სიჭარბე ხშირად ნაყოფის ქრომოსომულ დარღვევებზე მიუთითებს. ამ შემთხვევაში ექიმმა ორსულს შესაძლოა დამატებითი კვლევები შესთავაზოს. გარდა ამისა, მრავალწყლიანობა ზრდის სანაყოფე წყლების ნაადრევი დაღვრისა და პლაცენტის აცლის რისკს.
მცირეწყლიანობა ხშირად ინფექციური პროცესის მანიშნებელია, თუმცა არის შანსი, ორსული ფარულად ღვრიდეს წყლებს მცირე ულუფებად და ვერ ამჩნევდეს. ამის გასარკვევად არსებობს სანაყოფე წყლების ნაადრევი დაღვრის გამოსავლენი სწრაფი ტესტები, რომლებიც შესაძლოა ექიმმა შესთავაზოს ორსულს. მცირეწყლიანობამ (გააჩნია მის ინდექსს, რომელსაც ექოსკოპიურად ითვლიან) ასევე შეიძლება გაართულოს მშობიარობა.
სანაყოფე წყლების არადროული დაღვრა
ფიზიოლოგიურად სანაყოფე წყლები მშობიარობისას უნდა დაიღვაროს, მაგრამ არსებობს გართულება – სანაყოფე წყლების ნაადრევი დაღვრა, რაც შესაძლოა ნაადრევი მშობიარობისა და აღმავალი ინფექციის მიზეზად იქცეს, ამ უკანასკნელს კი შეუძლია გამოიწვიოს ახალშობილთა სეფსისი ან ინფექციური გართულებები დედის ორგანიზმში. ამ შემთხვევაში ორსულმა აუცილებლად უნდა მიმართოს სამედიცინო დაწესებულებას ჰოსპიტალიზაციისთვის.
სანაყოფე გარსები
ვიდრე ნაყოფი საშვილოსნოშია, ის იმყოფება ამნიონის ღრუში – ერთგვარ ჩანთაში, რომელსაც ჩანასახოვანი გარსები – ამნიონი და ქორიონი – ქმნის. ეს უკანასკნელი პლაცენტის შექმნაში მონაწილეობს. ერთი პოლუსით ემაგრება საშვილოსნოს კედელს და დასაბამს აძლევს პლაცენტას, ხოლო თავისუფალი მხარით ქმნის ბუშტს, რომელშიც ნაყოფი და სანაყოფე წყლებია. სანაყოფე გარსები წარმოადგენს ნახევრად გამჭვირვალე, მოთეთრო ფურცლებს.
მშობიარობის შემდეგ პლაცენტასთან ერთად საჭიროა სანაყოფე გარსების დათვალიერებაც – ისინიც სრულად უნდა გამოძევდეს. საშვილოსნოს ღრუში მათი ნაწილების ჩარჩენამ შესაძლოა ლოგინობის ხანის გართულებები გამოიწვიოს.
ტყუპი
ტყუპი ნაყოფი ორსულობის ადრეულ ეტაპზე ყალიბდება, თუმცა გააჩნია, ემბრიონის განვითარების რომელ სტადიაზე დაიწყება ეს პროცესი. ამის მიხედვით შეიძლება მივიღოთ განსხვავებული ტყუპი – ტყუპი, რომელსაც საერთო პლაცენტა და საერთო სანაყოფე პარკი (შესაბამისად, საერთო სანაყოფე წყლები) აქვს. ამ დროს მაღალია რისკი ორსულობისა და მშობიარობის გართულებისა – ვინაიდან დამატებითი ატრიბუტები ორივე ნაყოფისთვის საერთოა, მათი დაზიანების შემთხვევაში ორივეს თანაბრად ემუქრება საფრთხე.
ერთი პლაცენტისა და ორი სანაყოფე პარკის მქონე ტყუპთან მსგავსი გართულების რისკი შედარებით მცირეა. დამოუკიდებელი პლაცენტებისა და სანაყოფე წყლების მქონე ტყუპი კი შედარებით ადვილი სამართავია. თუ რომელიმე ტყუპისცალს პრობლემა შეექმნა, მეორე ნაყოფი შედარებით დაცულია, ვინაიდან მას დამოუკიდებელი სისხლმომარაგება და მიკროკლიმატი აქვს.
სესილი ცირეკიძე