ლაქტაციის დათრგუნვა

გააზიარე:

ლაქტაციის დათრგუნვა – ამ ტერმინით აღინიშნება მედიცინაში მოვლენა, რომელსაც საუბარში ძუძუს გაშრობას ვუწოდებთ.

ლაქტაციისთვის მზადებას ქალის ორგანიზმი ორსულობის პერიოდშივე იწყებს. ამ დროს ის მთელ რიგ ქიმიურ, ჰორმონულ და ორგანულ ცვლილებებს განიცდის. მაგრამ დგება დრო, როცა ძუძუთი კვება უნდა დასრულდეს. პროცესი, რომლისთვისაც ორგანიზმი თვეობით ემზადება და რომელიც კიდევ თვეობით გრძელდება, შეუძლებელია, სწრაფად და უხეშად დასრულდეს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ძუძუთი კვება ორ წლამდეა რეკომენდებული, თუმცა ქალს ნებისმიერ დროს შეუძლია მისი შეწყვეტა, თუ ჯანმრთელობის მდგომარეობა ან სხვა გარემოებები აღარ აძლევს ძუძუს წოვების საშუალებას, ან ბავშვი წამოიზარდა, ან დედას თვითონვე აღარ უნდა ძუძუთი კვების გაგრძელება.

როდის დავიწყოთ

ძუძუსთვის თავის დასანებებლად იდეალური დრო მაშინაა, როდესაც დედასაც და შვილსაც სურთ ეს. თუმცა, რაც უნდა დიდი იყოს სურვილი, რძის გაშრობა მაინც სტრესია როგორც დედის ორგანიზმისთვის, ისე ბავშვისთვისაც.

არის შემთხვევები, როცა ლაქტაციის დათრგუნვა იმაზე ადრე გიწევთ, ვიდრე გეგმავდით. მაგალითად, დაუყოვნებლივ გჭირდებათ მკურნალობა, რაც ძუძუს წოვების საშუალებას არ გაძლევთ ან თქვენს მდგომარეობაში ძუძუთი კვება საერთოდ უკუნაჩვენებია (ქიმიოთერაპია, აქტიური ჰერპესული ინფექცია და სხვა).

ლაქტაციის დათრგუნვის პროცესი რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის – ბავშვის ასაკსა და რძის იმ მოცულობაზე, რომელსაც გამოიმუშავებს დედის ორგანიზმი დღის განმავლობაში.

ზოგიერთ შემთხვევაში ორგანიზმი რამდენიმე დღეში წყვეტს რძის გამოყოფას, ზოგჯერ კი რამდენიმე კვირაც სჭირდება. ლაქტაციის დათრგუნვის შემდეგ, თუმცაღა იშვიათად, შესაძლოა განვითარდეს რელაქტაცია, იგრძნოთ რძის მოწოლა და მკერდის გაჯირჯვება, მაგრამ თუ ლაქტაციის სტიმულაცია (კერტების გაღიზიანება, რძის გამოწველა, ძუძუს წოვება, მასაჟი) არ მოხდა, პროცესი ადვილად უკუიქცევა.

ყველაზე უსაფრთხო და კომფორტული გზა ძუძუდან ბავშვის თანდათანობითი მოშორებაა. ძუძუთი კვების უეცარმა შეწყვეტამ და მკერდის არასათანადო მოვლამ შესაძლოა გამოიწვიოს სარძევე ჯირკვლის ანთება (მასტიტი), ინფექცია, ჰორმონული დისბალანსი.

როგორ წარმოიქმნება რძე

ვიდრე ლაქტაციის დათრგუნვის მეთოდებზე ვისაუბრებდეთ, გავიხსენოთ, როგორ ხდება სარძევე ჯირკვალში რძის წარმოქმნა.

ეს პროცესი რეგულირდება განსაზღვრული ფიზიკური და ბიოქიმიური ფაქტორების ურთიერთქმედებით. ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია ძუძუს წოვებისას სარძევე ჯირკვლების დაცლა.

როცა ბავშვი ძუძუს წოვს, კერტები ღიზიანდება და ნერვული იმპულსები გადაეცემა ჰიპოფიზს – თავის ტვინის იმ ნაწილს, საიდანაც ჰორმონი პროლაქტინი გამოიყოფა. რძის წარმოქმნა სწორედ ამ ჰორმონის გავლენით ხდება. პროლაქტინი ამწიფებს სარძევე ჯირკვლების უჯრედებს, რომლებიც ქალის ორგანიზმში მოცირკულირე სითხისგან რძეს წარმოქმნის.

ძუძუს წოვება ოქსიტოცინის გამოყოფასაც იწვევს. ამ ჰორმონის გავლენით იკუმშება სარძევე ჯირკვლის უჯრედები (ე.წ. მიოეპითელური უჯრედები), რის შედეგადაც რძე ჯირკვლებიდან სადინარებში გადადის.

რძის მარაგის შენარჩუნება სარძევე ჯირკვლის რეგულარულ დაცლაზეა დამოკიდებული. თუ რძე დიდხანს დაყოვნდა სარძევე ჯირკვალში, შესაძლოა, შეფერხდეს მის კაპილარებში სისხლის მიმოქცევა, შედეგად კი რძის წარმოქმნამ იკლოს. შესაბამისად, როცა ძუძუს წოვება ხანგრძლივი ინტერვალებით ხდება, ქალის ორგანიზმი უფრო და უფრო ნაკლებ რძეს წარმოქმნის.

პროლაქტინის გამოყოფაზე გავლენას ახდენს სხვა ფაქტორებიც:

* ბავშვის ტირილი – მას ისეთივე გავლენა აქვს, როგორიც ბავშვის ძუძუზე მოჭიდებას;

* მკერდის გაღიზიანება – ჩვილებს უყვართ ძუძუს წოვის დროს დედის მკერდზე შეხება. ესეც დადებითად აისახება ლაქტაციაზე.

პრაქტიკული რჩევები

დავიწყოთ იმით, რომ ძუძუს წოვება არ არის უბრალოდ კვება – ეს დედისა და შვილის ურთიერთობაცაა. როგორ და როდის დასრულდეს ის, ამის თაობაზე მკაფიო რეკომენდაციები არ არსებობს. გარდა ამისა, ყოველი დედა და ყოველი ბავშვი ინდივიდუალურია; რაც ეფექტურია ერთისთვის, შესაძლოა არ გაჭრას სხვასთან.

საუკეთესო გზა, როგორც ვთქვით, ლაქტაციის თანდათანობითი დათრგუნვაა.

რაც უფრო გვიან მიატოვებინებთ პატარას ძუძუს, მით უფრო მეტ სარგებელს მიიღებთ ორივე. ოპტიმალურია ასაკი, როცა ბავშვი მყარი საკვების მიღებას იწყებს (5-6 თვე), მაგრამ გახსოვდეთ, რომ წლამდე ასაკის ბავშვისთვის აუცილებელია დედის რძე ან ადაპტირებული ნარევი, ამიტომ თუ ამ ასაკამდე მოიშორებთ ძუძუდან, პედიატრთან ერთად აუცილებლად შეურჩიეთ ხელოვნური რძე.

ექვსი თვიდან ბავშვი, წესისამებრ, ხუთჯერად კვებაზე გადადის. აქედან სამი დედის რძის წილად მოდის. თავდაპირველად სადღეღამისო რეჟიმიდან ამოიღეთ ერთი ძუძუთი კვება და ის მყარი საკვებით შეცვალეთ. ამავე დროს, ხშირ-ხშირად ასვით პატარას წყალი, რომ გაუწყლოება არ დაემართოს (განსაკუთრებით – ზაფხულში).

ყველაზე ძნელად დასათმობი მაინც ღამის კვებაა. გარდა იმისა, რომ ბავშვების აბსოლუტური უმრავლესობა ძუძუს წოვის დროს იძინებს, ღამითაც ხშირად ითხოვენ დედის ყურადღებასა და ძუძუს – შიმშილის გამო კი არა, არამედ დედასთან სიახლოვისთვის და წოვითი რეფლექსის დასაკმაყოფილებლად. ამის გადასაჩვევად უმჯობესია, ბავშვი არა დედამ, არამედ ოჯახის სხვა წევრმა დააძინოს. ძილის წინ ნუ დაენახებით. ეცადეთ, ყურადღება სხვა რამეზე გადაატანინოთ. ნუ დააძინებთ მშიერს – მიეცით მსუბუქი საკვები და წყალი (ჩაი, ხილის კომპოტი, ოღონდ უშაქრო, თორემ შესაძლოა, ადრეული კარიესი განუვითარდეს). იდეალურ შემთხვევაში რამდენიმე დღით გამოუცვალეთ გარემო – უთქვენოდ გაუშვით დასასვენებლად. ორი-სამი ღამის განმავლობაში მცირე დისკომფორტი შეაწუხებს, მაგრამ შედეგს აუცილებლად მიიღებთ.

რა ხდება შემდეგ

ვიდრე არ დარწმუნდებით, რომ პატარამ ძუძუს თავი დაანება, რძის გაშრობას ნუ იჩქარებთ. მზად იყავით გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის. შეინარჩუნეთ რძის მარაგი – როგორც კი იგრძნობთ, რომ მკერდი გაგიჯირჯვდათ ან რძე მოგაწვათ, გამოიწველეთ.

როგორც კი დარწმუნდებით, რომ პატარა ძუძუს აღარ ითხოვს, შეგიძლიათ, ლაქტაციის დათრგუნვა დაიწყოთ: 

* დასაწყისისთვის გამოიწველეთ რძე, მაგრამ ბოლომდე ნუ დაცლით ჯირკვალს.

* დღისითაც და ღამითაც გეცვათ მჭიდრო აზღუდი.

* ერიდეთ მკერდის გაღიზიანებას, ხშირად შეხებას.

* ბანაობისას ხშირად ნუ შეეხებით არეოლას და კერტს.

* თუ რძის მოწოლას იგრძნობთ, გამოიწველეთ იმდენი, რომ შვება იგრძნოთ. ძუძუს ბოლომდე ნუ დაიცლით.

* დისკომფორტის შემთხვევაში შეგიძლიათ დაიდოთ ცივი საფენები, ტკივილის შემთხვევაში კი მიიღოთ ტკივილგამაყუჩებელი საშუალება.

* არსებობს ლაქტაციის დათრგუნვის მედიკამენტური გზაც, თუმცა ამისთვის აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს. სუპრესიის სქემა ყველა პაციენტისთვის ინდივიდუალურად დგება.

მცენარეული მეთოდები

ლაქტაციის დათრგუნვისთვის უხსოვარი დროიდან იყენებდნენ მცენარეულ საშუალებებს, თუმცა ჩვილებზე მათ გავლენა დღემდე არ არის შესწავლილი, ამიტომ თუ ამ მეთოდს მიმართავთ, პატარას ძუძუ აღარ უნდა მისცეთ.

რძის რაოდენობას ამცირებს სალბი. დაიწყეთ მცირე ულუფებით, რათა ნახოთ, როგორ რეაგირებს მასზე თქვენი ორგანიზმი. არსებობს სალბის შემცველი მცენარეული ჩაი. ის შეიძლება გააზავოთ მანამდე, სანამ თქვენთვის სასურველ კონცენტრაციას არ იპოვით.

რძის გაშრობის პოტენციალი აქვს პიტნას, ოხრახუშს და ჟასმინს.

ნაცადი მეთოდია კომბოსტოს საფენები. თუ იგრძენით, რომ რძე მოგაწვათ და სარძევე ჯირკვალი გაგიმაგრდათ, აგტკივდათ, შეგიშუპდათ და შეგიწითლდათ, დაიდეთ მკერდზე კარგად გარეცხილი კომბოსტოს რამდენიმე ფურცელი და ჩაიცვით ბიუსტჰალტერი. გამოიცვალეთ ორ საათში ერთხელ, ვიდრე სიმპტომები არ გაივლის.

მეთოდები, რომლებსაც არ უნდა მიმართოთ

არსებობს შინაური მეთოდები, რომლებიც საშიშია ჯანმრთელობისთვის.

. მკერდის აკვრა

ამ მეთოდს დიდი ხნის ისტორია აქვს და ბევრ ძველ სახელმძღვანელოშიც შეხვდებით.

2003 წელს ჩატარდა კვლევა იმ მელოგინე ქალებს შორის, რომლებიც ახალშობილებს ძუძუს არ აწოვებდნენ. მათ ნაწილს მკერდი აკრული ჰქონდა, ხოლო ნაწილს მელოგინე დედის ბიუსტჰალტერი ეცვა. დადგინდა, რომ მკერდის აკვრა რძის რაოდენობას არ ამცირებდა – დედებს ორივე ჯგუფში ერთნაირი რაოდენობის რძე ჰქონდათ, თუმცა ქალები, რომლებიც მკერდის აკვრის ნაცვლად ბიუსტჰალტერს იცვამდნენ, ნაკლებად უჩიოდნენ ტკივილს, დისკომფორტსა და რძის გაჟონვას.

. სითხის შეზღუდვა

მეძუძურ ქალებს ხშირად ურჩევენ ბევრი სითხის სმას, რათა კარგი ლაქტაცია ჰქონდეთ.

ლაქტაცია ნერვულ-ჰორმონული პროცესია, რაც ნიშნავს, რომ თუ მკერდი არ გაღიზიანდა და ამის საპასუხოდ ოქსიტოცინ-პროლაქტინი არ გამოიყო, ის ვერ შედგება. შესაბამისად, ჰიდრატაცია ლაქტაციის ხელშემწყობი ფაქტორია და არა განმაპირობებელი. სასმელი წყლისა და სხვა სითხეების შეზღუდვა ავნებს დედის ჯანმრთელობას, ლაქტაციის დათრგუნვაში კი ვერ დაეხმარება, ამიტომ თამამად სვით წყალი.

. ორსულობა და ძუძუთი კვება

ორსულობის დროს ძუძუთი კვება უსაფრთხოა. ქალის სხეული აგრძელებს რძის წარმოქმნას უფროსი შვილის კვებისათვის, ხოლო მუცლად მყოფი პატარა დედის სხეულიდან იღებს ყველა საჭირო საკვებ ნივთიერებას.

ძუძუთი კვება საშვილოსნოს მსუბუქ შეკუმშვას იწვევს, რაც უსაფრთხოა ფიზიოლოგიურად მიმდინარე, გაურთულებელი ორსულობის დროს, მაგრამ თუ გაქვთ მუცლის მოშლის ან ნაადრევი მშობიარობის რისკი, ტყუპს ელით, გადატანილი გაქვთ თვითნებური აბორტი ან ნაადრევი მშობიარობა, უმჯობესია, ექიმთან გაიაროთ კონსულტაცია.

დედის რძე უფროს შვილს საკმარისად უზრუნველყოფს საკვებ ნივთიერებებით, თუმცა ორსულობის ვადის მატებასთან ერთად რძის როდენობა იკლებს და მისი შემადგენლობაც იცვლება, ვინაიდან დედის ორგანიზმი ხსენის წარმოქმნას იწყებს. ეს ცვლილებები ორსულობის მე-20-22-ე კვირიდან იღებს სათავეს.

თუ უფროსი შვილი ერთ წელზე უმცროსი ასაკისაა, ყურადღება მიექციეთ მისი წონის ნამატს – ვინაიდან ორსული დედის ორგანიზმში რძის რაოდენობა იკლებს და მისი შემადგენლობაც იცვლება, შესაძლოა, ბავშვს დამატებითი საკვები დასჭირდეს. კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.

ცვლილებები ინდივიდუალურია, ამიტომ გაურთულებელი ორსულობა რძის გაშრობის ჩვენებად არ მიიჩნევა. ბევრი ქალი წარმატებით აწოვებს ძუძუს მთელი ორსულობის განმავლობაში.

როდის მივმართოთ ექიმს

ლაქტაციის დათრგუნვა არასასიამოვნო პროცესია – შესაძლოა, ტკივილმა, რძის გაჟონვამ ან მკერდის გაჯირჯვებამ შეგაწუხოთ.

დახშული სარძევე სადინარი მკერდის მგრძნობელობის მომატებას და გამაგრებას იწვევს. ამ შემთხვევაში გამოიყენეთ კომბოსტოს ფურცლის საფენები და ფრთხილად, მცირე ულუფებით გამოიწველეთ რძე. გახსოვდეთ, რძის გამოწველა არ უნდა იყოს მტკივნეული. თუ გტკივათ, ესე იგი რაღაცას არასწორად აკეთებთ.

მიმართეთ ექიმს, თუ 12 საათის განმავლობაში ვერ გამოიწველეთ დაგროვილი რძე ან გაქვთ (8 გრადუსზე მაღალი სიცხე – ეს შესაძლოა მასტიტის ნიშანი იყოს.

სესილი ცირეკიძე

გააზიარე: