მავნებელია თუ არა ყავა?

გააზიარე:

გათენდა – ყავა, შესვენებაა – ყავა, დაიღალე – ყავა, თავი გტკივა – ყავა, შიმშილმა შეგაწუხა – ყავა, ინტელექტუალური სამუშაო გელოდება – ყავა, ნაბახუსევი ხარ – ყავა, ჭორაობა მოგინდა – ყავა, სტუმარი მოვიდა – ყავა... ეს სასმელი ჩვენი ცხოვრების იმდენად ორგანულ ნაწილად იქცა, ზოგი მას წყალზე მეტსაც კი სვამს. ამბობენ, რომ ყავის დიდი რაოდენობით მიღება ჯანმრთელობის პრობლემებს იწვევს. საინტერესოა, მართლა ასეა თუ ეს მორიგი მითია.

ყავადამოკიდებულება
“ყავადამოკიდებულება” კოფეინის დამსახურებაა. სწორედ ის იწვევს ყველა იმ დადებით თუ უარყოფით ეფექტს, რომელიც ჩვენს ცნობიერებაში ყავას უკავშირდება. ის გერმანელმა მეცნიერმა ფერდინანდ რუნგემ აღმოაჩინა1819 წელს, XIX საუკუნის ბოლოს კი გერმან ემილ ფიშერმა მისი შემადგენლობა გაშიფრა და კოფეინი ხელოვნური გზით მიიღო. ამ დამსახურებისთვის მას ნობელის პრემიაც კი მიანიჭეს.
ნარკოტიკულ ნივთიერებათა ნუსხას თვალს თუ გადაავლებთ, იქ კოფეინსაც იპოვით. დიახ, კოფეინი ნარკოტიკია, თუმცა მისი მოხმარება კანონით არ ისჯება და არც კოფეინდამოკიდებულების სამკურნალო თუ სარეაბილიტაციო ცენტრები არსებობს. ის მსუბუქი ნარკოტიკების რიცხვს მიეკუთვნება, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი მოხმარება ჯანმრთელობაზე დამანგრევლად არ მოქმედებს, თუმცა დამოკიდებულების გამოწვევა შეუძლია, ამიტომ თუ ყავის ოდენობის შემცირება მოგინდათ, ეს ერთბაშად კი არა, ნელ-ნელა უნდა გააკეთოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში აბსტინენციის სინდრომი, უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, “ლომკა” განგივითარდებათ.

ნატურალური კოფეინი
კოფეინი 60-ზე მეტ მცენარეში მოიპოვება. ყველაზე მეტი – ყავისა და კაკაოს მარცვლებში, ჩაის ფოთლებში, კოლას ნაჭუჭში. დამუშავებული საკვები პროდუქტებიდან კოფეინს შეიცავს ყავა, ჩაი, შოკოლადი, კოლა, ენერგეტიკული სასმელები. კოფეინი შედის ზოგიერთი მედიკამენტის, მათ შორის – ტკივილგამაყუჩებლებისა და გაციების საწინააღმდეგო საშუალებების შემადგენლობაში.

სწრაფი და ხანმოკლე ეფექტი
კოფეინი ცენტრალური ნერვული სისტემის მასტიმულირებელი და შარდმდენი საშუალებაა. ის ადვილად შეიწოვება და სწრაფად აღწევს თავის ტვინამდე. მისი გავლენით აღდგება შრომისუნარიანობა, სუსტდება დაღლილობის შეგრძნება, იმატებს როგორც ფიზიკური, ისე ფსიქიკური შესაძლებლობები. ამრიგად, ნამდვილად შეიძლება მისი გამოყენება დაღლილობისა თუ ძილიანობის მცირე ხნით მოსახსნელად. თუმცა კოფეინი არ გროვდება სისხლში და არ რჩება ორგანიზმში – მიღებიდან განსაზღვრული ხნის შემდეგ შარდთან ერთად გამოიდევნება გარეთ. შესაბამისად, ეფექტიც ხანმოკლე აქვს.

ვარდი უეკლოდ
დარწმუნებული ვარ, თქვენს სიახლოვესაც იქნებიან ადამიანები, რომლებიც, დიდი სურვილის მიუხედავად, ყავას ვერ სვამენ: ზოგი გულის აჩქარებას უჩივის, ზოგიც – ძილის დარღვევას. აუცილებლად მოიძებნება ვინმე ისეთიც, ვინც ამტკიცებს: დღეში 5 ფინჯანიც რომ დავლიო, არც გული ამიჩქარდება და არც უძილობა შემაწუხებსო. რომელია მართალი? ორივე. კოფეინზე ორგანიზმის რეაქცია მის თვისებებთან ერთად თავად ორგანიზმის ინდივიდუალურ თავისებურებებზეცაა დამოკიდებული. კოფეინს მართლაც ახასიათებს გვერდითი ეფექტები, თუმცა მის შესახებ არსებულ წარმოდგენათა უმეტესობა მითია. ზოგს ის მეტისმეტად მავნედ მიაჩნია, ზოგი კი პირიქით, მეტისმეტად ბევრ ღირსებას მიაწერს. მოდი, გავარკვიოთ, სად მითია და სად – სინამდვილე.

გულო, ჩადექ საგულესა
მათთანაც კი, ვინც ჰიპერტენზიას არ უჩივის, კოფეინი წნევის ხანმოკლე, მაგრამ მნიშვნელოვან მატებას იწვევს. მიზეზი ჯერჯერობით დაუდგენელია. მეცნიერთა ნაწილს მიაჩნია, რომ კოფეინი იმ ჰორმონებს ბლოკავს, რომლებიც არტერიების გაფართოებას უწყობს ხელს, ნაწილის აზრით კი ის თირკმელზედა ჯირკვალს ადრენალინის გამომუშავებას აიძულებს, რასაც საბოლოოდ წნევის მატებამდე მივყავართ. კოფეინი არ იწვევს არტერიულ ჰიპერტენზიას, ის მოკლე ხნით ზრდის წნევის მაჩვენებლებს, თუმცა მათთვის, ვისაც ისედაც აწუხებს მაღალი წნევა, ხანმოკლე მატებაც კი არასასურველია.
რაც შეეხება ინდივიდუალურ თავისებურებებს: იმ ადამიანების გარკვეულ ნაწილს, ვინც კოფეინიან სითხეებს რეგულარულად მოიხმარს, უფრო მაღალი წნევა აქვს, ვიდრე მათ, ვინც ასეთ სასმელებს ერიდება, თუმცა ზოგ რეგულარულ მომხმარებელს კოფეინისადმი ტოლერანტობა უვითარდება. შედეგად კოფეინი მათ წნევაზე დიდ გავლენას ვეღარ ახდენს. აღმოჩნდა, რომ კოფეინის ძალა ყველაზე მეტად 70 წელს გადაცილებულ მამაკაცებსა და ჭარბწონიანებთან იჩენს თავს.
იმის მისახვედრად, მოქმედებს თუ არა კოფეინი თქვენს არტერიულ წნევაზე, გაიზომეთ წნევა კოფეინიანი სასმლის მიღებიდან 30-120 წუთის შემდეგ. თუ მაჩვენებლებმა 5-10 მმ-ით მოიმატა, ე. ი. თქვენი ორგანიზმი კოფეინიანი პროდუქტების მიმართ მგრძნობიარეა.

სვით ყავა და დაიკელით წონა?
ბევრი ქალი ყავის დიდი რაოდენობით მიღების მიზეზად წონის დაკლების სურვილს ასახელებს. აღმოჩნდა, რომ კოფეინი მართლაც უწყობს ხელს წონის კლებას და უშლის მომატებას. ამ ფენომენის შესასწავლად კვლევები ჯერ კიდევ მიმდინარეობს. დღესდღეობით აღნიშნულ კავშირს რამდენიმე თეორიით ხსნიან. ერთი მხრივ, კოფეინი მადის დაქვეითებას იწვევს, მეორე მხრივ, მოსვენებულ მდგომარეობაშიც კი ზრდის ენერგიის მოხმარებას, თუმცა არ არსებობს სარწმუნო მტკიცებულება, რომ კოფეინი წონის მნიშვნელოვან კლებას იწვევდეს. მისი ეფექტი მინიმალურია, ასე რომ, თუ გახდომა გსურთ, ყავის იმედად ყოფნას არ გირჩევთ.
კიდევ ერთი მითი: ბევრს დღემდე ჰგონია, რომ ფინჯანი ყავა ნაბახუსევზე დაეხმარება. სინამდვილეში კოფეინს ალკოჰოლის ეფექტის შემცირება არ შეუძლია.

კალციუმის მტერი
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ დიდი რაოდენობით კოფეინის მიღებამ შესაძლოა კალციუმის შეწოვა შეაფერხოს და საქმე ძვლის გამოფიტვამდე – ოსტეოპოროზამდე მივიდეს. მაშასადამე, ის, ვისაც კალციუმის დეფიციტი აქვს, განსაკუთრებით – ქალები პოსტმენოპაუზურ პერიოდში, კოფეინის მიღებას უნდა ერიდოს.
კოფეინს კიდევ ერთ არასასურველ ეფექტს მიაწერენ: ვარაუდობენ, რომ ის შესაძლოა საფუძვლად დაედოს ფიბროზულ-კისტოზურ მასტოპათიას – სარძევე ჯირკვლის კეთილთვისებიან დაავადებას, რომელიც საშიში არ არის, მაგრამ ნებაზე მიშვებისა და გართულების შემთხვევაში კიბოსწინარე მდგომარეობად მიიჩნევა.
გარდა ამ მდგომარეობებისა, კოფეინმა შეიძლება გამოიწვიოს შფოთვა, დეპრესია, ძილის დარღვევა, გულისრევა, ღებინება, კანკალი, ხშირი შარდვა.

ნაყოფზე ზემოქმედება
კოფეინი პლაცენტურ ბარიერს გაივლის და შესაძლოა, ზიანი მიაყენოს ნაყოფს. ნაყოფზე მოქმედებს დედის გულისცემის გახშირება და მეტაბოლიზმის აჩქარება, რომელსაც კოფეინი იწვევს, დღეში 300 მგ ამ ნივთიერების მოხმარება კი სპონტანური აბორტის რისკს ზრდის, ამიტომ ორსულობისას კოფეინთან სიფრთხილე გმართებთ, თუმცა მცირე რაოდენობით ამ დროსაც ნებადართულია.

რამდენი?
ამერიკის სამედიცინო ასოციაციის სამეცნიერო საკითხთა საბჭო ირწმუნება, რომ ჩაისა თუ ყავის ზომიერი მოხმარება თქვენს ჯანმრთელობას ვერაფერს ავნებს, მეტადრე – როცა სხვა კვებითი ჩვევები ჯანსაღი გაქვთ.
რა ოდენობა მიიჩნევა ზომიერად? დღეში საშუალოდ 400 მგ კოფეინი. ეს დაახლოებით 1 ლიტრ (4 ულუფა) ყავას შეესაბამება. კოფეინიანი უალკოჰოლო სასმელების ნებადართული დოზა კი 5 ულუფაა. ოღონდ არ დაგავიწყდეთ, რომ 5 ულუფა უალკოჰოლო კოფეინიანი სასმელი 700 კალორიაზე მეტს შეიცავს და გასუქებას უწყობს ხელს. ამ შემთხვევაში ყავის გასახდომი ეფექტი წონის მატებას ნამდვილად ვერ მოერევა. ასე რომ, კარგად დაითვალეთ დღიურ რაციონში კოფეინის შემცველობა. გახსოვდეთ ისიც, რომ სასმლის ბრენდზეც არის დამოკიდებული. ნურც იმას დაივიწყებთ, რომ კოფეინის დათვლილი რაოდენობა შესაძლოა რეალურზე ნაკლები აღმოჩნდეს, ვინაიდან კოფეინის შემცველი ზოგიერთი პროდუქტის შემადგენლობაში ეს უკანასკნელი არც კია მითითებული. ორსულებისთვის ნებადრთულია დღეში ერთი-ორი პატარა ფინჯანი ყავა ან ჩაი.

რა უნდა გაითვალისწინოთ, სანამ ყავას დაისხამთ
კოფეინის მიღებისას გასათვალისწინებელია მედიკამენტებთან მისი ურთიერთქმედება. მაგალითად, ეფედრინისა და კოფეინის ერთდროული მიღება წნევის მატებას, ინფარქტის, ინსულტის, კრუნჩხვის განვითარებას უწყობს ხელს. თეოფილინს, რომელიც ბრონქული გზების გასაფართოებლად გამოიყენება, კოფეინის მსგავსი ეფექტები ახასიათებს, ამიტომ კოფეინთან ერთად მისმა მიღებამ შესაძლოა უფრო ძლიერი გვერდითი ეფექტები გამოიწვიოს. აქედან გამომდინარეობს მარტივი დასკვნა: ყოველი მედიკამენტის მიღებამდე ექიმთან გაიარეთ კონსულტაცია.

ცხოვრება კოფეინის გარეშე

მიიღეთ ნაკლები კოფეინი, თუ გაქვთ:
* სტრესისა და შფოთვისკენ მიდრეკილება;
* ძილის დარღვევა;
* ფიბროზულ-კისტოზური მასტოპათია;
* კუჭის წყლული ან რეფლუქსური დაავდება;
* მაღალი წნევა, რომლის დასარეგულირებლად მედიკამენტების მიღება გჭირდებათ;
* გახშირებული ან არარეგულარული გულისცემა;
* ქრონიკული თავის ტკივილი.
ერიდეთ კოფეინის მიღებას ისეთი ქმედების შესრულებამდე, რომელიც წნევის მატებას უწყობს ხელს (ასეთია, მაგალითად, ვარჯიში, მძიმე სამუშაო)

ერთით ნაკლები მავნე ჩვევა
კოფეინზე ნუტრიციული მოთხოვნილება არ არსებობს, ასე რომ, თამამად შეგიძლიათ, ის მენიუდან ამოიღოთ, ოღონდ გაითვალისწინეთ, რომ ყავის გადაჩვევასაც თავისი წესები აქვს.
როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ყავაზე ერთბაშად უარის თქმა მოხსნის ანუ აბსტინენციის სინდრომს იწვევს. სავსებით ბუნებრივია, ნარკოტიკული ნივთიერების შეწყვეტის შემდეგ “ლომკა” განვითარდეს. აბსტინენციის სინდრომი ვლინდება ძილიანობით, თავის ტკივილით, გაღიზიანებადობით, გულისრევით, ღებინებით. თუ ყოველივე ამის განცდა არ გინდათ, ყოველდღიურად მცირედით შეამცირეთ ყავისა თუ სხვა კოფეინიანი სასმელების ოდენობა. განსაკუთრებით ერიდეთ მათ მიღებას დღის ბოლოს. კოფეინიანი ყავა უკოფეინოთი შეცვალეთ – ასეთი სახეობების უმეტესობას ისეთივე გემო აქვს, როგორიც კოფეინიან ანალოგებს.

გვანცა გოგოლაძე

გააზიარე: