დედის გული

გააზიარე:



მუცელში ბავშვი მთელი ცხრა თვის განმავლობაში ისმენს და იმახსოვრებს დედის გულისცემას. თურმე სწორედ ამიტომ სიამოვნებს ჩვილს დედის მკერდზე წოლა, მასთან ჩახუტება – ამ დროს მას თავისი ცხოვრების ყველაზე მშვიდი და უზრუნველი პერიოდის თანმხლები ნაცნობი, საყვარელი ხმა ესმის, ნიშნად იმისა, რომ დედა კვლავ მასთანაა.
რა ელის პატარას მაშინ, როდესაც დედის გულს საფრთხე ემუქრება?
ორსულობისა და გულის დაავადებათა ურთიერთკავშირის შესახებ საქართველოს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენციისა და რეაბილიტაციის ასოციაციის პრეზიდენტი, კარდიოლოგი ზურაბ კლიმიაშვილი გვესაუბრა.

– ნაყოფი დამოუკიდებელი ორგანიზმია, დამოუკიდებელი ორგანოთა სისტემა და სისხლის მიმოქცევა აქვს, თუმცა მჭიდროდ არის დაკავშირებული დედის ორგანიზმთან და მის მდგომარეობაზეა დამოკიდებული. კავშირი სპეციალური სისხლძარღვის – ჭიპლარის მეშვეობით ხორციელდება. სწორედ დედის სისხლის მიმოქცევა აკონტროლებს ნაყოფის ორგანიზმში მიმდინარე ფიზიოლოგიურ პროცესებს, ამიტომ ორსულის გულის მუშაობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს როგორც თავად ქალის, ისე ნაყოფის ჯანმრთელობისთვის.

ორსულობა – გულის გამოცდა

– ორსულობა ქალის ორგანიზმში ფიზიოლოგიურ ცვლილებათა წყებას იწვევს. ცხადია, ცვლილებები გულ-სისხლძარღვთა სისტემასაც ეხება. მეტიც – ეს სისტემა ყველაზე მეტად მოითხოვს ახალ მდგომარეობასთან ადაპტირებას, ვინაიდან გული მნიშვნელოვან როლს ასრულებს ყველა სხვა საადაპტაციო მექანიზმის განხორციელებაში. ორსულობისას 50%-ით იზრდება მოცირკულირე სისხლის მოცულობა, იმატებს გულის შეკუმშვათა სიხშირე. ყოველივე ეს, ბუნებრივია, გულს დიდი გამოწვევის წინაშე აყენებს. ნაყოფის ზრდასთან ერთად მისი დატვირთვაც იზრდება და დედის ორგანიზმს უფრო და უფრო მეტი ძალისხმევა სჭირდება ახალ მდგომარეობასთან შესაგუებლად.
გულისთვის სერიოზული გამოცდაა მშობიარობაც. ტკივილი მის შეკუმშვათა სიხშირისა და წნევის მატებას იწვევს, ადგილობრვი ანესთეზია კი ბრადიკარდიას და წნევის ვარდნას უწყობს ხელს. საშვილოსნოს ყელის ყოველი შეკუმშვის დროს სისხლძარღვებში დამატებით 500 მლ პლაზმა გადადის, რის გამოც გულს, ბუნებრივია, უფრო ინტენსიური მუშაობა უწევს.
არ არის გამორიცხული, გულმა დატვირთვას ვერ გაუძლოს და ამა თუ იმ ტიპის დარღვევამ იჩინოს თავი. მით უმეტეს, თუ ქალს ჯანმრთელობის რაიმე პრობლემა, მეტადრე – გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგია, მანამდეც ჰქონდა. ორსულობის დროს უკვე არსებული დაავადება შესაძლოა გამწვავდეს, დამძიმდეს და გართულდეს.
– შესაძლებელია თუ არა, გულის ფარული პათოლოგია პირველად სწორედ ორსულობის დროს გამომჟღავნდეს?
– სავსებით შესაძლებელია. საზოგადოდ, ადამიანის ორგანიზმს დიდი სარეზერვო პოტენციალი აქვს – უნარი შესწევს, განსაზღვრულ ეტაპამდე “დამალოს” პრობლემა. ორგანიზმის რეზერვებით განსაკუთრებით ადვილად კომპენსირდება მსუბუქი დარღვევები. მაგრამ საკმარისია არსებითი ცვლილება, ზედმეტი დატვირთვა, რომ პათოლოგიამ გამოვლენა დაიწყოს. ამგვარ მანიფესტატორად ხშირად სწორედ ორსულობა გვევლინება.

გავრცელებული პრობლემები
– უმეტესად რომელი კარდიოლოგიური პათოლოგიები გვხვდება ორსულებთან?
– კარდიოვასკულარული პრობლემებიდან ორსულებს ყველაზე ხშირად არტერიული წნევის მატება აღენიშნებათ. ჰიპერტენზიად მიიჩნევა მდგომარეობა, როდესაც წნევის მაჩვენებლები 140`90-ს სცდება. ეს მდგომარეობა ძალზე ყურადსაღებია, ვინაიდან შესაძლოა, მძიმე გართულებების – პრეეკლამფსიისა და ეკლამფსიის – განვითარებას შეუწყოს ხელი, ამიტომ სასურველია, ორსულებმა პერიოდულად გაიზომონ არტერიული წნევა.
ასევე გავრცელებული კარდიოლოგიური პრობლემაა გულის სარქვლოვანი აპარატის პათოლოგიები. მოსახლეობა მათ მანკების სახელით იცნობს. გულის მანკი თანდაყოლილიც შეიძლება იყოს და შეძენილიც. რეპროდუქციულ ასაკში უფრო მეტად თანდაყოლილი მანკები გვხვდება. მანკი სხვადასხვა სახისაა. ზოგჯერ ის ორსულს არავითარ პრობლემას არ უქმნის, მაგრამ ხდება ისეც, რომ სერიოზული გართულებების მიზეზად იქცევა. ამ შემთხვევაში ყველაზე მეტად გულის უკმარისობის განვითარებას ვუფრთხით.
ორსულებთან გვხვდება არითმიებიც. ზოგჯერ ეს მეტად საყურადღებო ნიშანია, თუმცა უმეტესად – ნაკლებსაშიში და არცთუ აგრესიული. მეტადრე მაშინ, როდესაც არითმია გულის ორგანულ პათოლოგიას არ ახლავს თან.
შესაძლოა, ქალს კარდიომიოპათია განუვითარდეს. ორსულობისა და მშობიარობის შემდგომ პერიოდში განვითარებული კარდიომიოპათიებს დაავადებათა ცალკე ჯგუფადაც კი გამოყოფენ. კარდიომიოპათია გულის კუნთის დაავადებაა, რომელიც სწრაფად პროგრესირებად გულის უკმარისობას იწვევს. ის ორსულობის ბოლო თვეში ან მშობიარობიდან 5 თვის განმავლობაში ვლინდება. დაავადების დიაგნოზი მაშინ ისმება, როდესაც არ დასტურდება გულთან დაკავშირებული სიმპტომების გამომწვევი სხვა კარდიოლოგიური დაავადება.
იშვიათად შეიძლება შეგვხვდეს სტენოკარდია. ორსულობისას მისი მიზეზი ათეროსკლეროზულ ცვლილებებზე მეტად სისხლძარღვთა ანთებითი პათოლოგიებია ხოლმე.

რა ემუქრებათ დედას და ნაყოფს
– რა გართულებაა მოსალოდნელი ამ მდგომარეობათა დროს?
– კარდიოლოგიური პათოლოგიების დროს იმატებს გართულებების – ინსულტის, პულმონური ემბოლიის, გულის უკმარისობის, არითმიის – განვითარების რისკი, ეს გართულებები კი, თავის მხრივ, როგორც დედისთვის, ისე ნაყოფისთვისაც დიდ საფრთხეს წარმოადგენს.
მაღალმა არტერიულმა წნევამ, გარდა პრეეეკლამფსიისა და ეკლამფსიისა, შესაძლოა გულის უკმარისობა ან თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევა გამოიწვიოს. ეს მდგომარეობები სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს. სარქვლოვანი პრობლემების დროს ყველაზე ხშირი გართულება გულის უკმარისობაა. როცა სარქვლები სისხლს კარგად ვერ ატარებს, სისხლი წინ წასვლის ნაცვლად უკან ბრუნდება ან სისხლის მიმოქცევის მცირე და დიდი წრე ერთმანეთს ერევა და ბუნებრივად ირღვევა გულის მუშაობა.
განსაზღვრული სახის არითმიებთან დაკაშირებული ერთ-ერთი საყურადღებო გართულებაა ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია. სამწუხაროდ, ის ორსულობის ფატალური დასასრულის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია.

გულისკენ მიმავალ გზაზე
– რატომ ვითარდება პულმონური თრომბოემბოლია?
– ამ პათოლოგიის დროს ფილტვის არტერია თრომბით იხშობა. ორსულობისას სისხლის თვისებები იცვლება – იმატებს მისი შედედების უნარი. ეს განსაკუთრებით უკანასკნელ ტრიმესტრში შეიმჩნევა. ამგვარად ემზადება ქალის ორგანიზმი მშობიარობისთვის, რომელიც საკმაოდ დიდ სისხლდანაკარგთან არის დაკავშირებული. სისხლის შედედების უნარის მომატება მშობიარობის შემდგომი სისხლდენის პრევენციას ახდენს. მაგრამ თუ ორსულს თრომბოემბოლიური გართულებების სხვა რისკებიც აღენიშნება, ფიზიოლოგია პათოლოგიად გადაიქცევა. ორსულის ვენური სისტემა, განსაკუთრებით – ქვედა კიდურების ვენები, ისედაც იტვირთება ნაყოფის ზეწოლისა და წონის მატების გამო. ვენურ სისტემასთან დაკავშირებული ყველაზე ხშირი და საყურადღებო გართულება სწორედ პულმონური ემბოლიაა. ქვედა კიდურების ვენების გაგანიერება ყოველთვის სახიფათო და აგრესიული არ გახლავთ, მაგრამ საყურადღებო ყოველთვის არის.
– აღნიშნული გართულებები ნაყოფსაც უქადის საფრთხეს?
– ნაყოფს პირდაპირი ზიანი არ ადგება, მაგრამ ყველა ის მდგომარეობა რომელიც დედის ორგანიზმის ჟანგბადოვან შიმშილს იწვევს, ცხადია, ნაყოფზეც უარყოფითად მოქმედებს. ჰიპოქსია ნაყოფის ზრდასა და განვითარებას აფერხებს.

ყურადსაღები ნიშნები
– როგორ ვლინდება გულის პათოლოგიები? რის საფუძველზე უნდა ვიეჭვოთ ისინი?
– როგორც მოგახსენეთ, გულის მუშაობის ცვლილებებს ფიზიოლოგიური ორსულობაც კი იწვევს, ამიტომ, ბუნებრივია, განსაზღვრული სიმპტომები გამოვლინდება და ისინი პათოლოგიურში არ უნდა აგვერიოს. ეს სიმპტომებია ადვილად დაღლა, დისპნოე, გულის ფრიალი, შეშუპება, განსაკუთრებით – ქვედა კიდურებისა. ცვლილებები შესაძლოა გამოვლინდეს ასევე რენტგენოგრაფიის, ელექტროკარდიოგრაფიის, გულის გასინჯვის, მისი ხმიანობის მოსმენის დროს. გულის დაავადება მაშინ უნდა ვიეჭვოთ, როცა მცირე დატვირთვაც კი ძლიერ დაღლილობას, ქოშინს იწვევს, როცა ფიზიკური აქტივობა ძალზე შეზღუდულია, განსაკუთრებით – პირველ ტრიმესტერში, მაგალითად, გული ორი ნაბიჯის გადადგმაზეც კი ჩქარდება ან ჰაერის მკვეთრი უკმარისობა ვითარდება. აქვე დავძენ, რომ ექიმმა აუცილებლად უნდა გააანალიზოს ყოველგვარი დისკომფორტი, რომელსაც თავად პაციენტი გულს უკავშირებს. არ არის გამორიცხული, მას გულთან არავითარი კავშირი არ ჰქონდეს მაგრამ თუ გულის პათოლოგია არ გამოირიცხა, შესაძლოა, ჯანმრთელობაზე არანაკლებ მავნე გავლენა მოახდინოს შფოთვამ და განცდებმა.

გულის წამალი

– ორსულისა და ნაყოფისთვის რამდენად უსაფრთხოა ამ დროს გამოყენებული მედიკამენტები?
– საზოგადოდ, ორსულობისას რაც უფრო ნაკლებ მედიკამენტს გამოვიყენებთ, მით უკეთესი, ვინაიდან არ არსებობს წამალი, გვერდითი ეფექტი რომ არ ჰქონდეს. თუმცა როცა სარგებელი რისკს აღემატება, წამლების მიღება გარდაუვალია. დაგროვილია ცოდნა და გამოცდილება იმის შესახებ, მედიკამენტთა რომელი ჯგუფია საშიში და ერთმნიშვნელოვნად აკრძალული ორსულობისას და რომელი – უსაფრთხო. არსებობს ისეთი წამლებიც, რომელთა გამოყენება აკრძალული არ არის, მაგრამ დიდი სიფრთხილით უნდა დაინიშნოს, ყოველგვარი რისკის კარგად გააზრების შემდეგ.
– მკურნალობა სტაციონარში უნდა ჩატარდეს?
– გააჩნია დაავადების სიმძიმეს. მძიმე შემთხვევებში, მაღალი რისკის გამო, ქალი საავადმყოფოში თავსდება. ის მულტიდისციპლინურმა გუნდმა უნდა მართოს. მკურნალობის პროცესში, უპირველეს ყოვლისა, უნდა ჩაერთონ მეან-გინეკოლოგი და კარდიოლოგი, ასევე – ნეონატოლოგი და გენეტიკოსი. შესაძლოა, საჭირო გახდეს სხვა სპეციალობის ექიმის ჩარევაც. ორსულობის დასასრული უდიდესწილად სწორედ იმაზეა დამოკიდებული, რამდენად დროულად, სწორად, კოორდინირებულად მოხდება მისი მართვა.
– აქვს თუ არა მნიშვნელობა მშობიარობის გზას?
– ზემოთ ვახსენეთ, რომ მშობიარობა გულისთვის უდიდესი დატვირთვაა, ამიტომ, როდესაც პრობლემა მკვეთრადაა გამოხატული, ხშირად საკეისრო კვეთას არჩევენ, თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ საკეისრო კვეთა ქირურგირული ოპერაციაა და მასთან სიფრთხილე გვმართებს.
– თუ ქალს გულის მანკის გამო ოპერაცია აქვს გადატანილი, მისთვის დაორსულება შეიძლება?
– თუ ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და ქალმა სწორად გაიარა რეაბილიტაციის პერიოდი, ორსულობა ნებადართულია და განსაკუთრებულ მეთვალყურეობას არ მოითხოვს.

კვლავ ჯანსაღი ცხოვრება
– გულის ზოგიერთი დაავადების დროს მედკამენტური მკურნალობა შესაძლოა არც კი დაგვჭირდეს. ასეთ დროს განსაკუთრებით იზრდება ცხოვრების ჯანსაღი წესის მნიშვნელობა. ამ წესს ისედაც ყველა ადამიანი, მით უმეტეს – ყველა ორსული, უნდა მისდევდეს, მაგრამ განსაზღვრულ შემთხვევებში მას ერთიორად დიდი როლი ეკისრება. თუ ქალს კარდიოლოგიური პრობლემა აქვს, ნებისმიერი ფაქტორი, რომელიც ორგანიზმის დატვირთვას გაზრდის, თავიდან უნდა ავიცილოთ, ვინაიდან ყოველგვარი დატვირთვა საბოლოოდ გულის მუშაობაზე აისახება. ასეთი ფაქტორი შეიძლება იყოს ჭარბი კვება, არასწორი ფიზიკური აქტივობა და სხვა. ორსული უნდა იკვებოს ჯანსაღად, მცირე ულუფებით, ხშირ-ხშირად. არასასურველია ზედმეტი სითხის მიღება – ამის მოთხოვნილებას ხშირად მლაშე, ცხარე, მჟავე საკვების მიღება იწვევს. ზომიერი უნდა იყოს ფიზიკური აქტიურობაც. ფიზიკური დატვირთვის საუკეთესო სახე ამ დროს ფეხით სიარულია. მთავარია, ის რეგულარული და ზომიერი იყოს. დატვრთვა, რომელიც ძალიან ღლის, ახშირებს გულისცემას, იწვევს ქოშინს და ორსულს დისკომფორტს უქმნის, უნდა შეიზღუდოს.

გამოსავალი
– რაზეა დამოკიდებული პროგნოზი, რამდენად კეთილსაიმედოა ის?
– ქალმა, რომელსაც გულის რაიმე პრობლემა აქვს, ექიმს დაორსულებამდე უნდა მიმართოს და ორსულობისთვის სათანადოდ მოემზადოს. ასე საგრძნობლად დაიკლებს გართულებების ალბათობა. ზედმიწევნითი მეთვალყურეობა, ცხადია, აუცილებელია ორსულობის დროსაც.
რაც შეეხება პროგნოზს, ამ კუთხით გადამწყვეტია პათოლოგიის ხარისხი, მისი სიმძიმე, რამდენად დიდ გავლენას ახდენს ის გულის მუშაობაზე, სისხლძარღვებში სისხლის გადასროლაზე, რამდენად იწვევს ჰემოდინამიკურ დარღვევებს. არის შემთხვევები, როდესაც, მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე, ორსულობა არარეკომენდებულია. როგორც მოგახსენეთ, არც ფატალური შედეგია გამორიცხული, თუმცა ეს მხოლოდ განსაკურებით მძიმე შემთხვევებს ეხება. ადეკვატური მართვის პირობებში ორსულობა უმეტესად მშვიდობიანად ჩაივლის.
ვისარგებლებ შემთხვევით და თქვენი ჟურნალის ფურცლებიდან ყველა ქალს ჯანმრთელ ფიზიოლოგიურ ორსულობასა და მშობიარობას ვუსურვებ, ჩვენს ერს კი – გამრავლებას და ჯანსაღ მომავალს.

გვანცა გოგოლაძე

გააზიარე: