დედის ტვინი
გააზიარე:
ქალების უმრავლესობა პირველი ორსულობის დროს და ხშირად ბავშვის გაჩენის შემდეგაც განიცდის ისეთი კოგნიტიური უნარების დაქვეითებას, როგორიცაა ფიქრი, ფოკუსირება და მახსოვრობა. ეს უნარები კი იმდენად საჭიროა ყოველდღიურ ცხოვრებაში, რომ მათი დაქვეითება ახალბედა დედის გადატვირთულ გრაფიკს კიდევ უფრო მძიმე ტვირთად აწვება.
კოგნიტიური უნარების დაქვეითებას, რომელიც ახალბედა დედებს ახასიათებთ, Mommy Brain-ს – “დედის ტვინს” უწოდებენ.
რას ნიშნავს ტერმინი "დედის ტვინი"
ყოველდღიურ ცხოვრებაში კოგნიტიურ უნარებს ვიყენებთ ისეთი პროცესების სამართავად, როგორიცაა დასწავლა, დამახსოვრება, განსჯა და ფიქრი, დაგეგმვა და წარმართვა. ტვინის სხვადასხვა უბანი სხვადასხვა კოგნიტიურ უნარს აკონტროლებს. დედის ტვინი ეწოდება მდგომარეობას, როდესაც ორსულს ან ახალბედა დედას ეს უნარები მკვეთრად უქვეითდება.
ტერმინი "დედის ტვინი" გულისხმობს:
* მეხსიერებასთან დაკავშირებულ პრობლემებს;
* კონცენტრაციის უნარის მკვეთრ დაქვეითებას;
* გულმავიწყობას;
* დაბნეულობას და დეზორიენტაციას;
* კოორდინაციის უნარის დაქვეითებას;
* ყურადღების კონცენტრაციის უნარის დაქვეითებას.
დედების უმრავლესობა გულმავიწყობას უჩივის. შესაძლოა ქალს ორსულობამდე დაწვრილებით ახსოვდეს ყველა მოვლენა, ოჯახის წევრების, ნათესავებისა თუ მეგობრების დაბადების დღეები და ტელეფონის ნომრები, მაგრამ მას შემდეგ, რაც დედის ტვინის მფლობელი გახდება, შესაძლოა, საღამომდე დაავიწყდეს, დილით რა ჭამა. ასეთ დროს ქალებს ხშირად:
* უჭირთ დიალოგის წამოწყება და საუბრისას კონცენტრაციის შენარჩუნება. თუ დიალოგი სამ წუთზე მეტ ხანს გაგრძელდა, შესაძლოა, საერთოდ აღარ ესმოდეთ, რას ამბობს თანამოსაუბრე – ტვინი ამ დროს უბრალოდ ითიშება და არასასურველ ინფორმაციას აღარ უშვებს.
* უჭირთ ჩამოწერილი გეგმაზე გარეშე დღის განმავლობაში ნებისმიერი საქმის კეთება. გეგმის ჩამოწერა და მისით ხელმძღვანელობა არ არის ცუდი, მაგრამ გეგმაზე ასეთი ძლიერი დამოკიდებულება ტვინს უფრო მეტად აზარმაცებს. თუ გასაკეთებელ საქმეებს ზეპირად ვერ იმახსოვრებთ, ავარჯიშეთ ტვინი სხვა მეთოდებით, რომლებსაც ქვემოთ გაგაცნობთ.
* ხშირად ავიწყდებათ დანაპირები, დაგეგმილი შეხვედრები, ელექტრონულ წერილზე პასუხის დაბრუნება, გადარეკვა.
* უჭირთ წაკითხულის გააზრება.
ამ ყველაფრის გამო ახალბედა დედები თავს იკავებენ სამსახურში დაბრუნებისგან, რადგან ეშინიათ, რომ საქმეს თავს ვეღარ გაართმევენ.
ვეძებთ გამოსავალს
ახალბედა დედას ისედაც თავზე საყრელად აქვს საქმე, ამიტომ აუცილებელია, ყველა ხელის შემშლელი ფაქტორი რაც შეიძლება მალე მოიტოვოს უკან. "დედის ტვინის" დასაძლევად საჭიროა რამდენიმე მარტივი უნარის გამომუშავება, რომლებიც ნელ-ნელა პრობლემასაც მოაგვარებს და ყოველდღიურობასაც შეგიმსუბუქებთ.
• იყავით მომთმენი საკუთარი თავის მიმართ
თუ საკუთარი თავით იმედგაცრუებას გრძნობთ და გეჩვენებათ, რომ ყველაფერს ისე ვერ აკეთებთ, როგორც ჩაფიქრებული გქონდათ, კარგად გაიაზრეთ, რამხელა სასწაულის შემოქმედი ხართ – თქვენ ხომ ახალი სიცოცხლე მოუვლინეთ სამყაროს! თქვენი სხეული და გონება იმხელა ცვლილებებს განიცდის, რომ ამ დროებით დისკომფორტს უფლება არ უნდა მისცეთ, დაჩრდილოს ეს სასწაული, რომელიც თქვენი დამსახურებაა.
კონცენტრირდით დადებითზე: პატარას მოვლაზე. ეცადეთ, დღეში სულ ცოტა დრო მაინც გამონახოთ საკუთარი თავისთვის. გაიაზრეთ, რამდენად მნიშვნელოვანი ხართ ამ პატარა ადამიანისთვის, რომელიც ახლახან მოევლინა ქვეყნიერებას და თქვენს დაბნეულობას და გულმავიწყობას განწყობას ნუ გააფუჭებინებთ – იცოდეთ, რომ ეს მდგომარეობა დროებითია.
• დაგეგმეთ დღე
აიღეთ დიდი, ლამაზი, ფერადფურცლებიანი ბლოკნოტი ან პლანშეტი, ჩამოწერეთ ყველაფერი, რისი დავიწყებისაც გეშინიათ: რომელ საათზე მიეცით პატარას სიცხის დამწევი, დილით კვერცხი აჭამეთ თუ არა, დღეს თევზის დღე აქვს თუ ხორცის, საფენები ხომ არ თავდება, როდის უწევს აცრა თუ პედიატრთან ვიზიტი, ხვალ მეგობრის დაბადების დღეა, მილოცვა არ დაგავიწყდეთ... ამით ზედმეტ ნერვიულობას თავიდან აიცილებთ.
• ავარჯიშეთ და კვებეთ ტვინი
მიუხედავად იმისა, რომ გამუდმებით სამუშაო რეჟიმში მყოფ დედის ტვინს დასვენება წყალივით სჭირდება, ის დროდადრო აუცილებლად უნდა გაავარჯიშოთ. თავისუფალ დროს იკითხეთ წიგნები, – ჟანრს მნიშვნელობა არ აქვს. ფილმებისა და ვიდეოების ყურებით ნუ შემოიფარგლებით, გახსოვდეთ, რომ კითხვა ყველაზე უკეთესად აცოცხლებს მოდუნებულ ტვინს. ააწყვეთ ფაზლი, შეავსეთ კროსვორდი. თუ უფროსი შვილი გყავთ, ამ აქტივობებში ისიც ჩართეთ – ეს თქვენს ტვინსაც წაადგება და ბავშვთან ერთადაც ნაყოფიერად გაატარებთ დროს.
ტვინს კვებაც სჭირდება, ამიტომ აუცილებლად შეიტანეთ რაციონში ბროკოლი, მოცვი, კურკუმა.
• დაიძინეთ, როგორც კი საამისო შესაძლებლობა მოგეცემათ
ძნელია, ძილი პრიორიტეტად აქციო, თუ საკუთარი თავისთვის მხოლოდ მაშინ იცლი, როცა პატარა იძინებს. თუ საშუალება გაქვთ, დაიხმარეთ ახლობლები – ბავშვის მამა, ბებიები და ბაბუები, მეგობრები, ნათესავები. დახმარების თხოვნა არ მოგერიდოთ. წინასწარ დაგეგმეთ, რომელ დღეებში დაიძინებთ პატარას დაძინების შემდეგ და რომელ დღეებში ავარჯიშებთ ტვინს.
მთავარია, გახსოვდეთ, რომ დედის ტვინი დროებითი მოვლენაა. მართალია, ამიერიდან მთელი ცხოვრება დედა იქნებით, მაგრამ გულმავიწყობა და დაბნეულობა მალე გაივლის და ისეთივე აქტიურ და ნაყოფიერ ცხოვრებას დაუბრუნდებით, როგორიც ბავშვის დაბადებამდე გქონდათ.
ლიკა ქათამაძე