ფიბრომიალგია

გააზიარე:

დილით ძვლებისა და კუნთების ტკივილი გაღვიძებთ, მაგრამ ყველაფერს გუშინდელ გადაღლას მიაწერთ და ჩვეულებისამებრ მიდიხართ სამსახურში, თუმცა ტკივილი დღიდან დღემდე უფრო და უფრო შემაწუხებელი ხდება. უამრავ ექიმს მოივლით, მაგრამ თქვენი პრობლემა ყველას ნამდვილ თავსატეხად ექცევა. ექიმები ყოველგვარ ძვალსახსროვან დაავადებას გამორიცხავენ, მაგრამ ზუსტ დიაგნოზს ვერავინ დაგისვამთ, თქვენ კი თანდათან დაკარგავთ განკურნების იმედს და დეპრესია დაგეუფლებათ.

თუ ზემოთ აღწერილ სიტუაციაში საკუთარი თავი ან რომელიმე ახლობელი ამოიცანით, ჩვენი სტატია აუცილებლად დაგაინტერესებთ. ის ფიბრომიალგიას ეხება – დაავადებას, რომლის სიმპტომებიც ბევრი სხვა დაავადებისას ჰგავს და ხშირად დიაგნოზის დასმა მხოლოდ ყველა ამ სნეულების გამორცხვის შემდეგ ხერხდება.

  • როგორ ვლინდება

ფიბრომიალგიას ახასიათებს საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის გავრცობილი ტკივილი, დაღლილობის შეგრძნება, ძილის დარღვევა, მეხსიერების დაქვეითება. მკვლევრებს მიაჩნიათ, რომ ფიბრომიალგიის დროს ტკივილის შეგრძნების გაძლიერება თავის ტვინში მისი აღქმის ცვლილების შედეგია.
სიმპტომები ზოგჯერ ფიზიკური ტრავმის, ქირურგიული ოპერაციის, ინფექციის ან ძლიერი ფსიქოლოგიური სტრესის შემდეგ იჩენს თავს, ზოგჯერ კი ეტაპობრივად ვითარდება თვალსაჩინო მიზეზის გარეშე.
ფიბრომიალგია უფრო ქალებთან გვხვდება. ზემოთ ჩამოთვლილ სიმპტომებთან ერთად პაციენტები უჩივიან თავის ტკივილს, საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის ტკივილს, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომს, შფოთვას, დეპრესიას.
ფიბრომიალგია არ იკურნება, მაგრამ მედიკამენტებით მისი მართვა შესაძლებელია. მდგომარეობის გაუმჯობესებას ვარჯიში, რელაქსაცია და სტრესის შემცირებაც უწყობს ხელს.

  • რა იწვევს

ფიბრომიალგიის ნამდვილი მიზეზი უცნობია. ვარაუდობენ, რომ მის განვითარებაში რამდენიმე ფაქტორი მონაწილეობს. ესენია:
* გენეტიკა – ფიბრომიალგიას მემკვიდრეობითი გადაცემა ახასიათებს, ასე რომ, შესაძლოა, მის განვითარებაში კონკრეტული გენების მუტაციას მიუძღოდეს ბრალი;
* ინფექციები – ზოგიერთი ინფექციური დაავადება იწვევს ან ამძიმებს ფიბრომიალგიას;
* ფიზიკური ან ემოციური ტრავმა – დადგენილია ფიბრომიალგიის განვითარებასთან პოსტტრავმული სტრესის კავშირი.

  • რისი ბრალია ტკივილი

მკვლევრები მიიჩნევენ, რომ ნერვის განმეორებითი სტიმულაცია ფიბრომიალგიის მქონე პაციენტის თავის ტვინში ცვლილებებს იწვევს. ამ ცვლილებების შედეგად არანორმალურად იმატებს ზოგიერთი ქიმიური ნივთიერების დონე, კერძოდ, ნეირონტრანსმიტერებისა, რომლებიც ტკივილის აღქმაში მონაწილეობენ. გარდა ამისა, თავის ტვინში არსებული ტკივილის რეცეპტორებს ტკივილისადმი ერთგვარი მეხსიერება უყალიბდებათ და უფრო მგრძნობიარენი ხდებიან, რის გამოც ტკივილზე მწვავედ რეაგირებენ.

  • სიმპტომები

* გავრცობილი ტკივილი. ფიბრომიალგიასთან დაკავშირებულ ტკივილს ხშირად აღწერენ როგორც მუდმივ ყრუ ტკივილს, რომელიც უკვე რამდენიმე თვეა გრძელდება. ტკივილი გავრცობილად რომ ჩაითვალოს, ის უნდა მოიცავდეს სხეულის ორივე მხარეს და წელის როგორც ზედა, ისე ქვედა ნაწილებს.
* დაღლილობა. ფიბრომიალგიით დაავადებულები ხანგრძლივი ძილის შემდეგაც კი გაღვიძებისას დაღლილობას გრძნობენ. ტკივილი ხელს უშლის ჩაძინებას. შესაძლოა, ძილის სხვა დარღვევებიც შეინიშნებოდეს, მაგალითად, მოუსვენარი ფეხების სინდრომი და ღამის აპნოე.
* ცნობიერების პრობლემები. დაავადება ხელს უშლის ყურადღების ფოკუსირებასა და კონცენტრაციას.
* სხვა პრობლემები. ფიბრომიალგიით დაავადებულთაგან ბევრი უჩივის დეპრესიას, თავის ტკივილს, კრუნჩხვებს, ტკივილს მუცლის არეში.

  • გართულებები

ფიბრომიალგიის თანმხლები ტკივილი და ძილის დარღვევა საგრძნობლად აქვეითებს შრომისუნარიანობას და ცხოვრების ხარისხს. ხშირია გაღიზიანებადობა, იმედგაცრუება, რასაც დეპრესიამდე მივყავართ.

  • ექიმთან მისვლამდე

ვიდრე ექიმთან მიხვიდოდეთ, სასურველია:
* დაწვრილებით აღწეროთ და ჩამოწეროთ არსებული სიმპტომატიკა;
* გაიხსენოთ გადატანილი დაავადებები და ჯანმრთელობის სხვა პრობლემები;
* მოიძიოთ ინფორმაცია თქვენი ოჯახის წევრების ჯანმრთელობის პრობლემების შესახებ;
* ჩამოწეროთ ყველა ის მედიკამენტი თუ საკვები დანამატი, რომელსაც ამჟამად იღებთ;
* ჩაინიშნოთ კითხვები, რომლებიც გინდათ დაუსვათ ექიმს.

  • რას უნდა ელოდეთ

ანამნეზის შეკრებისა და გასინჯვის შემდეგ ექიმმა შესაძლოა გკითხოთ, ხომ არ უჩივით ძილის დარღვევას, გაღიზიანებას, დეპრესიულ განწყობას.

დიაგნოზი
წინათ ფიბრომიალგიის დიაგნოსტიკის დროს ადამიანის სხეულის 18 სპეციფიკურ წერტილს იკვლევდნენ და ძლიერი ზეწოლისას მტკივნეული წერტილების რაოდენობას ადგენდნენ. თანამედროვე პროტოკოლების მიხედვით, ასეთი გამოკვლევა საჭირო აღარ არის. დღეს ფიბრომიალგიის დიაგნოზი ისმება, როცა პაციენტს სამ თვეზე მეტია აწუხებს გავრცობილი ტკივილი და არ დასტურდება ამ სიმპტომის გამომწვევი არც ერთი სხვა დაავადება.
ფიბრომიალგიის სადიაგნოსტიკო სპეციფიკური ტესტი არ არსებობს. დიაგნოზის დასაზუსტებლად საჭიროა გამოკვლევათა წყება მსგავსი სიმპტომატიკის მქონე სხვა დაავადებების გამოსარიცხად. ეს გამოკვლევებია:
* სისხლის საერთო ანალიზი;
* ერიტროციტების დალექვის სიჩქარე;
* ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია.

  • მკურნალობა

ფიბრომიალგიას მკურნალობენ როგორც მედიკამენტურად, ისე არამედიკამენტური მეთოდებითაც. მკურნალობის მიზანია სიმპტომატიკის შესუსტება და საერთო მდგომარეობის გაუმჯობესება.
მედიკამენტური მკურნალობა ტკივილს ამსუბუქებს და ძილს აუმჯობესებს.
დაავადების სიმპტომების მართვისთვის გამოიყენება:
* ტკივილის საწინააღმდეგო საშუალებები – პარაცეტამოლი, იბუპროფენი და სხვა;
* ანტიდეპრესანტები;
* კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალებები. ეპილეფსიის სამკურნალო მედიკამენტები ხშირად ეფექტურად ამსუბუქებს განსაზღვრული ტიპის ტკივილს.
თვითნებურად, ექიმთან კონსულტაციის გარეშე, ანტიდეპრესანტების და ეპილეფსიის სამკურნალო საშუალებების მიღება არ შეიძლება!

  • რა ვიღონოთ

ცხოვრების წესი და თავის მოვლა ფიბრომიალგიის დროს ძალიან მნიშვნელოვანია.
სიმპტომების შესამსუბუქებლად და ცხოვრების ხარისხის ასამაღლებლად აუცილებელია:
* სტრესის შემცირება. უნდა ვისწავლოთ ემოციების მართვა და გადაღლის თავიდან აცილება, სათანადო დრო დავუთმოთ დასვენებას, მაგრამ ისე, რომ ხელი არ შეეშალოს ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობას. დადგენილია, რომ პაციენტები, რომლებმაც სამსახურს თავი დაანებეს, მათზე გაცილებით უარესად გრძნობდნენ თავს, ვინც აქტიურ ცხოვრებას არ ჩამოშორდა. ეცადეთ, დაეუფლოთ სტრესის მართვის ტექნიკას, მაგალითად, სუნთქვით ვარჯიშებს, მედიტაციას.
* საკმარისი ძილი. დაღლილობა ფიბრომიალგიის ერთ-ერთი წამყვანი სიმპტომია, ამიტომ საკმარისად უნდა იძინოთ. ეცადეთ, დაეუფლოთ ძილის მართვის მეთოდებს, მაგალითად, ერთსა და იმავე დროს დაწოლასა და ადგომას, უარი უნდა თქვათ დღისით თვალის მოტყუებაზე.
* რეგულარული ვარჯიში. თავდაპირველად ვარჯიშებმა შესაძლოა გაამწვაოს ტკივილი, მაგრამ რამდენიმე ხანში აუცილებლად იგრძნობთ უკეთესობას. მთავარია, სიმპტომების შემსუბუქების შემდეგ ვარჯიშს თავი არ მიანებოთ. კარგია სიარული, ცურვა, ველოსიპედის ტარება, წელის აერობიკა. ძალზე შედეგიანია გაჭიმვა.
* თავის გამხნევება. არსებობს დღეები, როცა სიმპტომები მინიმალურია და პაციენტს ბევრი რამის გაკეთება შეუძლია, მაგრამ არსებობს მძიმე დღეებიც. ეცადეთ, არ გადაიტვირთოთ, როცა თავს კარგად გრძნობთ და სრულიად უმოძრაოდ არ გაატაროთ პერიოდები, როცა სიმპტომები შემაწუხებელი ხდება.
* მისდიეთ ცხოვრების ჯანსაღ წესს. მიირთვით ჯანსაღი საკვები, შეამცირეთ კოფეინის დღიური ულუფა, აკეთეთ რამე სასიამოვნო საქმე.

  • ალტერნატიული მედიცინა

* აკუპუნქტურა. ძალიან წვრილი ნემსები სხვადასხვა სიღრმეზე შეჰყავთ კანში. მიჩნეულია, რომ ისინი გავლენას ახდენენ სისხლის მიმოქცევაზე და თავისა და ზურგის ტვინში ნეიროტრანსმიტერების დონეს ცვლიან.
* მასაჟი. ის ამცირებს გულისცემის სიხშირეს, ადუნებს კუნთებს, აუმჯობესებს სახსრების მოძრაობას და ზრდის ორანიზმის ბუნებრივი ტკივილგამაყუჩებლების დონეს. ხშირად ეფექტურად ხსნის გაღიზიანებასა და სტრესს.
* იოგა და ტაი ჩი, რომელიც აერთიანებს მედიტაციის, ნელ მოძრაობებს, ღრმა სუნთქვასა და რელაქსაციას. ორივე მათგანის ეფექტიანობა ფიბრომიალგიის სიმპტომების მართვაში დადასტურებულია.
როგორც აღვნიშნეთ, ფიბრომიალგიის მკურნალობის მიზანი სიმპტომების შემსუბუქება და ცხოვრების ხარისხის ამაღლებაა. მხოლოდ მედიკამენტებით აქ ვერაფერს გავხდებით, აუცილებელია ცხოვრების წესის შეცვლაც. სასოწარკვეთილებას ნუ მიეცემით, რადგან დღეიდან უკვე იცით, რომ ფიბრომიალგიის მართვა შესაძლებელია!

თამთა ხელიძე

გააზიარე: