ზედმეტია თუ არა ნუშურები

გააზიარე:

ქირურგის სკალპელთან მრავალი ჩვენგანის პირველი შეხვედრა ადრეულ ბავშვობაში და, როგორც იტყვიან, ფართოდ გახელილი თვალებით შედგა. ეს ის დრო იყო, როცა საბჭოთა ავადმყოფი ყველაზე ჯანმრთელ ავადმყოფად ითვლებოდა და ჭიაყელა დანამატსაც უნარკოზოდ აჭრიდნენ. ნუშურების ამოკვეთის ათწუთიან პროცედურაზე ხომ დაძინება აზრადაც არავის მოსდიოდა. და მაინც, ამ სისხლიან ინიციაციას თითქმის ყველა გადიოდა – მაშინაც და დღესაც ფართოდ არის გავრცელებული აზრი, რომ ზოგიერთი ორგანო მხოლოდ იმისთვის გვაქვს, რათა მომავალში პრობლემები შეგვიქმნას, ამიტომ რაც უფრო ადრე მოვიცილებთ, მით უკეთესი. მართლა ასეა თუ არა საქმე? რა ფუნქციას ასრულებს ნუშურები? რა გართულება შეიძლება გამოიწვიოს მათმა დაავადებამ? როდის უნდა გადაწყდეს ოპერაციული მკურნალობის საკითხი? ამ და სხვა საკითხებზე გვესაუბრება “ავერსის კლინიკის” ოტორინოლარინგოლოგი შორენა წიკლაური.

– დავიწყებ იმით, რომ ორგანიზმში ზედმეტი არაფერია. ნუშურები ჩვენი იმუნური სისტემის ნაწილია, თანაც უბრალო ნაწილი კი არა, წინა ხაზი – ცხვირსა თუ პირს ხომ ორგანიზმში შესაღწევ კარიბჭედ მრავალი ბაქტერია თუ ვირუსი ირჩევს.
– სად მდებარეობს ეს პირველი ბასტიონი?
– ტონზილებს ანუ სასის ნუშურებს ადვილად დაინახავთ, თუ პირს ფართოდ გააღებთ. ალბათ იცით – ეს ორი მცირე მორგვია სასის წინა და უკანა რკალებს შორის, ხახის ორივე მხარეს. ადენოიდური ვეგეტაციები, რომლებიც ცხვირ-ხახის გადიდებულ ნუშურებს წარმოადგენს, თვალისთვის ბევრად უფრო უჩინარია. ისინი რბილი სასის უკან, ცხვირ-ხახაშია განლაგებული.
– რატომ არის ასე ხშირი ნუშურების დაზიანება?
– მათივე ფუნქციიდან გამომდინარე, ეს ადვილი მისახვედრია – ტონზილები და ადენოიდები ხომ პირველი ბარიერია ნებისმიერი ინფექციისთვის. ქრონიკული ტონზილიტის ჩამოყალიბება და ადენოიდური ვეგეტაციების წარმოქმნა უფრო მეტად მოსალოდნელია ზედა სასუნთქი გზების ხშირი ინფექციის, ბავშვთა ინფექციური დაავადებების, არასათანადო კვების, ცუდი საყოფაცხოვრებო პირობების შემთხვევაში და, საზოგადოდ, ყველა იმ ფაქტორის ზემოქმედებისას, რომლებიც ორგანიზმის თავდაცვით ფუნქციას ასუსტებს, ამის შედეგად კი ჩვენს დასაცავად მოწოდებული  ორგანოები თვითონვე ხდებიან საფრთხის მატარებელნი.
– რა საფრთხეს გულისხმობთ?
– ქრონიკული ინფექციის კერა ორგანიზმის ინტოქსიკაციას იწვევს, რაც საერთო სისუსტით, სწრაფად დაღლით, სახსრების პერიოდული ტკივილით, გულის არეში უსიამოვნო შეგრძნებით, ნორმასთან შედარებით ოდნავ მომატებული სიცხეებით (37.1-37.5) ვლინდება. ამასთანავე, ქრონიკული ტონზილიტის დროს ნუშურებში ხშირად სტრეპტოკოკის ის ნაირსახეობა იდებს ბინას, რომელსაც რევმატიზმისა და თირკმელების ანთების გამოწვევა შეუძლია. შეგახსენებთ, რევმატიზმი მხოლოდ სახსრების გარდამავალი ტკივილი არ არის – ის გულის მანკის მიზეზადაც შეიძლება იქცეს. ქრონიკულ ტონზილიტს შესაძლოა თან ახლდეს დიფუზური გლომერულონეფრიტი, რევმატოიდული ართრიტი, ქოლეცისტიტი, თირეოტოქსიკოზი, აპენდიციტი, კაპილაროტოქსიკოზიც.
დიდი ზომის ადენოიდები, ბუნებრივია, ცხვირით სუნთქვას აძნელებს, მუდმივად პირით სუნთქვა კი ხშირ ანგინას, ლარინგიტს, ტრაქეიტსა და ბრონქიტს იწვევს. ბავშვებს პირღიას, მოუსვენრად სძინავთ, უჩივიან მეხსიერების დაქვეითებას, ყურადღების გაფანტვას, თავის ტკივილს. ამის მიზეზი მხოლოდ ცუდი ძილი არ არის – მუდმივად პირით სუნთქვისას ტვინში სისხლის მიმოქცევა ირღვევა და ტვინს ნაკლები ჟანგბადი მიეწოდება. გარდა ამისა, შეშუპებული და გადიდებული ადენოიდები ხშირად ევსტაქის მილის (შუა ყურის ღრუს ცხვირ-ხახასთან შემაერთებელი ხვრელის) შესასვლელს ახშობს, რაც შუა ყურის ხშირი და ძნელად სამკურნალო ანთებების განვითარებას უწყობს ხელს, ხოლო ადენოიდების ინფიცირება გართულებათა ალბათობას უფრო მეტად ზრდის.
– პათოლოგიის დროს სასისა თუ ცხვირ-ხახის ნუშურები აუცილებლად იზრდება?
– არა, ზომას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. ქრონიკული ტონზილიტის დროს სასის ნუშურები გადიდებულიც შეიძლება იყოს, ნორმალური ზომისაც და დაპატარავებულიც კი, თუმცა ტონზილების მცირე ზომა გართულებას არ გამორიცხავს. გადიდებული ნუშურები, თუ გადიდებას ქრონიკული ინფექცია არ ახლავს თან, შედარებით მოზრდილ ასაკში თავისთავად პატარავდება, ადენოიდები კი 14-16 წლისთვის საერთოდ ქრება.
– რას ემყარება დიაგნოზი, რის საფუძველზე წყდება ოპერაციული მკურნალობის საკითხი?
– ქრონიკული ტონზილიტის დიაგნოზს ყოველ ცალკეულ შემთხვევაში ანამნეზის, ობიექტური გამოკვლევებისა და კლინიკური მიმდინარეობის საფუძველზე ვსვამთ. ბავშვებს ქრონიკული ტონზილიტის სუბიექტური ნიშნები (უცხო სხეულის შეგრძნება ყლაპვისას, სიმშრალე, ჩხვლეტა) სუსტად აქვთ გამოხატული ან საერთოდ არ აწუხებთ. უმეტესად მშობლები ზოგადი ინტოქსიკაციის ნიშნებს აღწერენ. რა თქმა უნდა, დიდი მნიშვნელობა აქვს ნუშურების მდგომარეობას (ქრონიკული ტონზილიტის დროს სასის ნუშურები გაფაშრებულია, მიხორცებულია სასის რკალებთან, სასის წინა რკალები გასქელებული და ჰიპერემიულია, ქვედა ყბისქვეშა ჯირკვლები გადიდებული და რამდენადმე მტკივნეულია), ნუშურების ლაკუნების შიგთავსს (ის ნუშურის ზედა პოლუსზე შპადელის დაჭერისას გამოედინება). სამწუხაროდ, ზემოთ აღნიშნული სიმპტომები ყოველთვის კლასიკური ფორმით არ გვხვდება. სწორედ ეს ქმნის სირთულეს დიაგნოზის დასმისას და იწვევს აზრთა სხვადასხვაობას. არ არსებობს კრიტერიუმი, რომლებიც ერთმნიშვნელოვნად ოპერაციის საჭიროებაზე მიგვითითებდეს.
ოპერაციის მთავარ ჩვენებად ვერც ხშირ ანგინას ჩავთვლით. არის შემთხვევები, როდესაც ტონზილიტი თავიდანვე ქრონიკულად, მაღალი სიცხეების გარეშე მიმდინარეობს. ამ დროს ჩივილი შედარებით ნაკლებია, ვთქვათ, უსიამოვნო სუნი პირიდან, ადვილად დაღლა, რაც მშობლებს შესაძლოა მხედველობიდანაც კი გამორჩეთ და ყურადღება მოგვიანებით, რევმატული პრობლემების აღმოცენების შემდეგ მიიპყროს. იგივე შემიძლია ვთქვა ანალიზებზე: სისხლის ბიოქიმიური ანალიზი გვიჩვენებს, რამდენად აქტიურია რევმატული პროცესი, ეს უკანასკნელი კი, როგორც უკვე გითხარით, ქრონიკული ტონზილიტის გართულებაა. ალბათ დამეთანხმებით, არ იქნება მართებული, გართულებას დაველოდოთ. რევმატული ცვლილებების დროს რომ ოპერაცია გასაკეთებელია, ამაზე არავინ დავობს, მაგრამ ამ დროს მხოლოდ ტონზილექტომია პრობლემას ვერ გადაჭრის – მკურნალობაც არის საჭირო, ოპერაციის გაკეთებაც მხოლოდ აქტიური პროცესის ჩაცხრობის შემდეგ შეიძლება, თანაც აუცილებლად კარდიორევმატოლოგთან შეთანხმებით და სათანადო წინასაოპერაციო მომზადების შემდეგ. ორგანიზმისთვის ოპერაცია სტრესია, რომელმაც შესაძლოა გაააქტიუროს ყველა ფარული პროცესი, რევმოკარდიტი იქნება ეს თუ გლომერულონეფრიტი. ადრეულ ასაკში ასეთი გართულებები შედარებით იშვიათია, ამიტომაც გადადებას და გართულებების ლოდინს არ გირჩევდით.
რაც შეეხება ადენოიდებს, მათი დათვალიერება მხოლოდ სპეციალური სარკით ან ენდოსკოპით შეიძლება, პატარა ბავშვებში კი ამ მანიპულაციების ჩატარება პრაქტიკულად შეუძლებელია, ამიტომაც სადიაგნოზოდ გვერდით პროექციაში გადაღებულ რენტგენის სურათს ვიყენებთ. გარდა ზომებისა, დიდი მნიშვნელობა აქვს კლინიკურ გამოვლინებებსა და გართულებებს. ასეა თუ ისე, ოპერაციის საკითხს ოტორინოლარინგოლოგი და პედიატრი ერთად წყვეტენ.
– რა ასაკიდან შეიძლება ოპერაციის გაკეთება?
– ზოგს მიაჩნია, რომ სასისა თუ ცხვირ-ხახის ნუშურების ოპერაციის გაკეთება სამ წლამდე არასასურველია, ამიტომ ამ ასაკის ბავშვებში ოპერაციული ჩარევისგან თავს იკავებენ. ალბათ დამეთანხმებით, ჯანმრთელი ტონზილების ამოკვეთა არც ერთ ასაკში არ არის სასურველი, მაგრამ რაც შეეხება დაავადებულ ნუშურებს, ისინი დროულად უნდა ამოვკვეთოთ.  არის შემთხვევები, რომ სამ წლამდე ასაკის ბავშვსაც კი ორ კვირაში ერთხელ ანგინა აქვს. უძლიერესი ანტიბიოტიკების გამოყენება გვიხდება და პრაქტიკულად აღარც კი ექვემდებარება მკურნალობას. ხშირად ნათელი პერიოდის პოვნაც კი გვიჭირს, რომ ოპერაცია გავაკეთოთ... ასეთ შემთხვევაში, ბუნებრივია, სამ წლამდე ლოდინი ზედმეტია.
– რა გართულება შეიძლება მოჰყვეს ოპერაციას?
– ტონზილექტომია და ადენოტომია, ერთად თუ ცალ-ცალკე, ბავშვთა ასაკში ყველაზე ხშირი ოპერაციული ჩარევაა, მილონობით ბავშვს ეს ოპერაცია ყოველგვარი პრობლემის გარეშე უტარდება, თუმცა გართულება, ისევე როგორც ნებისმიერ სამედიცინო ჩარევას, მასაც შეიძლება მოჰყვეს. ყველაზე ხშირი გართულება პოსტოპერაციული სისხლდენაა. რაც უნდა დამზოგველად  ჩატარდეს ოპერაცია, სისხლდენისგან დაზღვეული მაინც არ ვართ. გარდა ოპერაციის ტექნიკისა, ბავშვის ორგანიზმზეც ბევრი რამ არის დამოკიდებული. ერთადერთი, რაც მშობელს მოეთხოვება, ყურადღება და სისხლდენის შემთხვევაში ექიმთან დაუყოვნებლივ დაკავშირებაა. დროული კვალიფიციური ჩარევის შემთხვევაში ბავშვის ჯანმრთელობას ეს გართულება საფრთხეს არ უქმნის.
ტონზილექტომიის ერთ-ერთი ხშირი შორეული გართულებაა ქრონიკული ფარინგიტი (რომელიც ყელის სიმშრალით გამოიხატება). ამ კუთხით დიდი მნიშვნელობა აქვს ქირურგის ოსტატობას. რაც უფრო ნაკლებად დაზიანდება ლორწოვანი და მეტად შენარჩუნდება სასის რკალები, მით უფრო ნაკლებია ატროფიის განვითარების ალბათობა. თუმცა საშიშროება ვირტუოზულად გაკეთებული ოპერაციის შემდეგაც არსებობს.
იშვიათად, თუმცა ყოფილა ოპერაციის შემდეგ სახმო იოგების დაზიანებისა და ხმის დაკარგვის შემთხვევებიც.
– თუ შეიძლება, ნუშურები ოპერაციის შემდეგ კვლავ გაიზარდოს?
– სასის ტონზილები ოპერაციის შემდეგ აღარ იზრდება, მაგრამ ადენოიდებზე იმავეს ვერ ვიტყვით. მათი რეციდივის საშიშროება არსებობს, თანაც მის მიზეზს მედიცინა ჯერჯერობით ვერ ხსნის. განმეორება უფრო ხშირია ალერგიულ და ხშირად მოავადე ბავშვებში. რაც უფრო მცირე ასაკში ჩავატარებთ ადენოტომიას, მით მეტია განმეორების ალბათობა.
– რას გვეტყვით გაუტკივარების მეთოდზე? ბევრ მშობელს ნარკოზისა ეშინია და ამჯობინებს, ქირურგიული ჩარევა ბავშვს ადგილობრივი გაუტკივარებით ჩაუტარონ. 
– საზღვარგარეთ ამ ოპერაციას ადგილობრივი ანესთეზიით არც ერთ ასაკში არ აკეთებენ, ბავშვებში კი მით უმეტეს. ტონზილექტომია უმტკივნეულო, მაგრამ სტრესული, უსიამოვნო ოპერაციაა. ქალს მშობიარობის ტკივილებიც კი ავიწყდება, ადგილობრივი ანესთეზიით ჩატარებული ტონზილექტომია კი ყველას ახსოვს. რაც შეეხება ადენოტომიას, ამ დროს ადგილობრივი გაუტკივარება პრაქტიკულად შეუძლებელია. ასე რომ, თუ რაიმე განსაკუთრებული პრობლემა არ არსებობს, ყველას მოვუწოდებ, ზოგად ანესთეზიას მიანიჭონ უპირატესობა. ამ დროს ქირურგს მშვიდად მუშაობის საშუალება აქვს, გართულებების ალბათობა ნაკლებია. სხვათა შორის, ოპერაციის დროს მიღებულმა სტრესმა ბავშვის ფსიქიკას შესაძლოა მძიმე დარტყმა მიაყენოს. საკმაოდ ხშირია ოპერაციის შემდეგ შიშების, უნებლიე მოძრაობების გაჩენა. 
– დასასრულ, რას ურჩევთ მშობლებს?
– მოდი, გეტყვით, რას არ ვურჩევ: სხვადასხვა ექიმთან სიარულს, ვინაიდან ყველა ექიმს განსხავავებული აზრი აქვს. მშობლები იბნევიან და გამოაქვთ თავიანთთვის სასურველი დასკვნა, რომელიც არცთუ იშვიათად მცდარია, ამის შედეგად კი შეიძლება ძვირფასი დრო დაიკარგოს, ჯანმრთელი ნუშურა ამოიჭრას ან პირიქით დაგვიანდეს ოპერაციული მკურნალობა და გართულებებმა იჩინოს თავი. ერთადერთი, რაც შემიძლია დაბეჯითებით გირჩიოთ, ის არის, რომ ენდოთ თქვენს ექიმს.

გააზიარე: