მეხსიერების ფენომენი
გააზიარე:
“შენხელა რომ ვიყავი, შესანიშნავი მეხსიერება მქონდა. ეს ახლა არ მახსოვს, ნახევარი საათის წინ რა ვჭამე, თორემ...“ ჩვენი მოხუცების წუწუნს ისე შევეჩვიეთ, ყურადღებას აღარც კი ვაქცევთ – დიდი ამბავი, ადრე თუ გვიან ხომ ჩვენც იგივე გველის... თუმცა სპეციალისტები ირწმუნებიან, არ არის აუცილებელი, ხანდაზმულობისას მეხსიერება დაგვიქვეითდესო. მეორე მხრივ, ისიც ფაქტია, რომ ზოგჯერ ძლიერი და შეუქცევადი გულმავიწყობა ახალგაზრდობაშივე იჩენს თავს...
მეხსიერების დარღვევის სხვადასხვა გამოვლინებაზე, მათი მკურნალობის თანამედროვე მეთოდებზე გვესაუბრება აკად. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის ნევროლოგი, მედიცინის დოქტორი მაია მგალობლიშვილი.
მეხსიერების გაუარესებასთან დაკავშირებული ჩივილები ბოლო ხანს საგრძნობლად გახშირდა. მეხსიერების დაქვეითებას მრავალი ახალგაზრდა უჩივის და ამაში თანამედროვე ცხოვრების დაძაბულ რიტმს მიუძღვის ბრალი, თუმცა, საბედნიეროდ, ეს არის არა ორგანული ცვლილების ფონზე განვითარებული პათოლოგიური პროცესი, არამედ უბრალო გონებაგაფანტულობა, კონცენტრაციის უნარის დაქვეითება, რომელიც მეხსიერების გაუარესებაში ერევათ.
საზოგადოდ, მეხსიერების იზოლირებული მოშლა ძალიან იშვიათია. ის, წესისამებრ, სხვა სიმპტომებთან ერთად ვლინდება და რომელიმე პათოლოგიის ნიშანია. ასეთ შემთხვევაში ანამნეზის შეკრებისას მეხსიერების დაქვეითებას უმეტესად მეხუთე ადგილზე იხსენიებენ, თუმცა არის შემთხვევებიც, როდესაც უპირატესად მეხსიერების დაქვეითებას უჩივიან და ამის გამო მოგვმართავენ. ასეთი პაციენტები უმეტესად ასაკოვანი ადამიანები არიან, რომელთაც უჭირთ შეეგუონ მეხსიერების დაქვეითებით გამოწვეულ დისკომფორტს.
მეხსიერებას განაგებს თავის ტვინის ლიმბური სისტემა, რომელიც ჰიპოკამპს, თალამუსს, ჰიპოთალამუსსა და თავის ტვინის ქერქის შუბლის ნაწილს აერთიანებს. სწორედ ამ უბნებში განვითარებული პათოლოგიური ცვლილებები იწვევს მეხსიერების მოშლას – ამნეზიას.
დაზიანების ხასიათის მიხედვით განასხვავებენ მეხსიერების მწვავე, ქვემწვავე და ქრონიკულ მოშლილობას.
ამნეზიის მიზეზი შესაძლოა იყოს:
* თავის ტვინის ტრავმა. მეხსიერების მოშლის მიზეზებს შორის სიხშირით ის პირველ ადგილს იკავებს.
* მომდევნო, არანაკლებ ხშირი მიზეზია თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლა ანუ ინსულტი. ამ დროს მეხსიერების დაქვეითების სიმწვავის შესაფასებლად უდიდესი მნიშვნელობა აქვს იმას, ტვინის რომელი უბანი, რომელი სისხლძარღვია დაზიანებული. თუმცა ინსულტი მხოლოდ მეხსიერების დაქვეითებას როდი სჯერდება; მას თან სდევს სიმპტომების მთელი წყება – მეტყველების მოშლა, დამბლა...
* ტრანზიტორული ამნეზია, მეხსიერების გარდამავალი დაქვეითება, პათოლოგიური მდგომარეობაა, რომელიც სტრესული სიტუაციის ფონზე ვითარდება, უპირატესად ქალებს ემართებათ და ძალიან ხანმოკლეა. შესაძლოა, უცნაური მოგეჩვენოთ, მაგრამ ტრანზიტორული ამნეზია ხშირად ვითარდება ისეთი სტრესფაქტორის ზემოქმედებით, როგორიც არის ცივ წყალში ბანაობა.
* თავის ტვინის სიმსივნე. მეხსიერების დაქვეითების ხასიათისა და სიმძაფრის შესაფასებლად აუცილებელია სიმსივნის ლოკალიზაციის განსაზღვრა.
* ეპილეფსია, განსაკუთრებით – ეპილეფსიური სტატუსი.
* შაკიკი ანუ ჰემიკრანია. შაკიკის შეტევის კუპირების შემდეგ მეხსიერების დაქვეითება ხშირია.
* ჰიპოგლიკემიური მდგომარეობა, რომელსაც შესაძლოა კომური მდგომარეობა მოჰყვეს.
* ფსიქოგენური ფაქტორი, რომელიც თან სდევს სტრესს. ფსიქოგენური ამნეზიის დროს ადამიანს არ ახსოვს მიმდინარე მოვლენები, მაგრამ ახსოვს, რა მოხდა დიდი ხნის წინ. ზუსტად ასეა მოხუცებშიც: მათ კარგად ახსოვთ წლების წინ მომხდარი ამბები, მაგრამ დაქვეითებული აქვთ ხანმოკლე მეხსიერება.
რჩება შთაბეჭდილება, რომ ასაკთან ერთად თავჩენილი მეხსიერების პრობლემები ასაკის მატებასთან ერთად სისხლძარღვთა ათეროსკლეროზის ფონზე მეხსიერება ნელ-ნელა ქვეითდება. ეს განგაშის საბაბი არ არის, თუმცა არსებობენ ადამიანები, რომელთაც მეხსიერების თუნდაც ასაკობრივი დაქვეითება დიდ დისკომფორტს უქმნით და შველა სჭირდებათ.
რასაკვირველია, მეხსიერების დაქვეითება ყოველთვის ასაკობრივი ცვლილებების მიზეზით არ ხდება. დიაგნოსტირებისას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება მეხსიერების დაქვეითების ტემპს, თანმხლებ პათოლოგიებს, სიტუაციას, რომელშიც მოხდა მეხსიერების დაქვეითება და ა.შ. თუკი პათოლოგიური პროცესი ყოველგვარი წინაპირობის გარეშე ჩამოყალიბდა, მდგომარეობა საყურადღებოა. რაც შეიძლება მალე უნდა მივმართოთ სპეციალისტს.
დაავადება, რომლის პირველი და უმნიშვნელოვანესი სიმპტომი მეხსიერების ფუნქციის მოშლაა, გახლავთ დემენცია ანუ ჭკუასუსტობა. მისი ყველაზე ხშირი გამოვლინებაა ალცჰაიმერის დაავადებაა, რომელიც, როგორც ბევრს ახსოვს, ამერიკის პრეზიდენტ რონალდ რეიგანს სჭირდა. ამჟამად ეს პათოლოგია მეცნიერთა და სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენელთა დიდ ყურადღებას იპყრობს. ეს ბუნებრივიც არის: ალცჰაიმერის დაავადება საკმაოდ ახალგაზრდა – 45-დან 60 წლამდე – ასაკში ვითარდება და მძიმე ინვალიდობას იწვევს, სიცოცხლისუნარიანი ადამიანი უეცრად ეთიშება გარემოს, ყოველდღიურ საქმიანობას.
• რა იწვევს ალცჰაიმერის დაავადებას? უშუალო მიზეზის დადგენა ჯერ კიდევ ვერ მოხერხდა. ამიტომაც ეძღვნება მას მთელ მსოფლიოში მრავალი სემინარი და კონფერენცია. თუ წინათ გაფანტულ სკლეროზს ექცეოდა განსაკუთრებული ყურადღება, ამჟამად მეცნიერები უპირატესად ალცჰაიმერის დაავადების შესწავლით არიან დაკავებულები.
ამ დროს პიროვნების უცნაურ ქცევას, როგორც წესი, პირველად გარშემო მყოფები ამჩნევენ. ძნელი შესამჩნევი არ არის, თანდათან როგორ იცვლება ადამიანი: ხდება დაბნეული, კარგავს ორიენტაციის უნარს, ავიწყდება, რა გააკეთა, სად იყო… ეს მდგომარეობა დღითი დღე მძაფრდება და საბოლოოდ ადამიანი იძულებული ხდება, ექიმს მიმართოს.
დიაგნოზი უმთავრესად მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის საშუალებით დაისმის. ეს მეთოდი თავის ტვინის განსაზღვრულ უბანში დაზიანებულ, ატროფირებულ უჯრედებს ავლენს.
ალცჰაიმერის დაავადების მკურნალობა შრომატევადი, ხანგრძლივი და რთული პროცესია. რთული, ვინაიდან პათოლოგია სწრაფად პროგრესირებს და არც ისეთი პრეპარატი არსებობს, რომელიც პრობლემას მთლიანად მოხსნიდა.
მკურნალობის ტაქტიკა უკავშირდება იმ პროცესებს, რომლებიც თავის ტვინის სისხლით და, შესაბამისად, ჟანგბადით მომარაგების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. მკურნალობა ამ შემთხვევაშიც საკმაოდ ხანგრძლივია. თერაპიული კურსის განმავლობაში პროცესზე პერმანენტული დაკვირვებაა საჭირო.
• მშობლები ხშირად ამბობენ, რომ მათ შვილს უჭირს გაკვეთილების სწავლა, ახალი მასალის დამახსოვრება, ყურადღების ამა თუ იმ საგანზე შეჩერება. ამ შემთხვევაში პათოლოგიასთან გვაქვს საქმე თუ პრობლემა ბავშვის ბუნების გამო იჩენს თავს?
გირჩევთ, მეხსიერების უმნიშვნელო დაქვეითებასაც კი ჯეროვანი ყურადღება მიაქციოთ და დროულად მიმართოთ სპეციალისტს. შესაძლოა, ერთი შეხედვით უმნიშვნელო სიმპტომის უკან მძიმე ორგანული დაზიანება იმალებოდეს, რომლის მკურნალობაც, ფუნქციური ხასიათის სტრესული ამნეზიისგან განსხვავებით, საკმაოდ რთულია. დაიხსომეთ ისიც, რომ თვითნებურად, ექიმის დანიშნულების გარეშე, მეხსიერების გამაუმჯობესებელი მედიკამენტების მიღება არამც და არამც არ შეიძლება.