მეტი ივარჯიშეთ

გააზიარე:

 Citius, Altius, Fortius!

თანამედროვე ადამიანი საკუთარ თავს უზომოდ ბევრ მოთხოვნას უყენებს: უთუოდ უნდა ფლობდეს რამდენიმე უცხო ენას, მუშაობდეს პრესტიჟულ კომპანიაში, იღებდეს ჯანსაღ საკვებს (სასურველია, კალორიების ზუსტი თვლა შეეძლოს) და, რაც მთავარია, იყოს შესანიშნავ ფორმაში. მართლაც, რაც დრო გადის, მით მეტი ადამიანი ხდება ცხოვრების ჯანსაღი წესის მიმდევარი, რომლის განუყოფელი ნაწილიც ვარჯიში გახლავთ. 

ამ საკითხთან დაკავშირებით გვესაუბრება საქართველოს ოლიმპიური ნაკრები გუნდის ექიმი თეა ადამია.

-ფიზიკური დატვირთვა აუცილებელია ნებისმიერი ადამიანისთვის, განურჩევლად ასაკისა. მით უმეტეს, თუკი გავითვალისწინებთ, რომ თანამედროვე ადამიანი ნაკლებად მოძრავ ცხოვრების წესს მისდევს. ჰიპოდინამია კი, თავის მხრივ, სხვადასხვა პათოლოგიის მიზეზად გვევლინება. ესენია: ხერხემლის ოსტეოქონდროზი, ბავშვებში ტანდეგობის მძიმე დარღვევები, კომპიუტერთან ხანგრძლივი ჯდომით განპირობებული პათოლოგიური მდგომარეობანი, მაგალითად, მაუსის სინდრომი… ეს უკანასკნელი გამოიხატება მტევნის დაზიანებით, რომელსაც ხშირი დაწკაპუნება და, ამავდროულად, ხელის არასწორი მდებარეობა განაპირობებს. შედეგად აღმოცენდება ძლიერი ტკივილი მთელ სხეულში და, რაღა თქმა უნდა, ხელში, მტევნის მოძრაობა შეზღუდულია. 

როგორ უნდა განსაზღვროს ადამიანმა, რა დოზით დაიტვირთოს?

თუკი ადამიანი ჯანმრთელია, უნდა ივარჯიშოს იმ სახით და ხანგრძლივობით, რაც მისთვის კომფორტულია. ამდენად, ნებისმიერი ფიზიკური დატვირთვა, რომელიც ადამიანს სიამოვნებას ანიჭებს, სავსებით მისაღებია, ცურვა იქნება ეს, შეიპინგი, აერობიკა, აქვააერობიკა თუ, უბრალოდ, ფეხით სეირნობა. 

თავად განსაჯეთ: თუკი ადამიანმა თავი კომფორტულად არ იგრძნო, მალევე დაყრის ფარ-ხმალს. ვარჯიშს აზრი კი მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს, როცა ის ზომიერი დატვირთვით და, რაც მთავარია, რეგულარულად სრულდება. 

როგორი დატვირთვით უნდა ივარჯიშოს ადამიანმა, რომელსაც ესა თუ ის ქრონიკული პათოლოგია აწუხებს?

რომელიმე ქრონიკული პათოლოგიით (მაგალითად, შაქრიანი დიაბეტით, გულ-სისხლძარღვთა ან სასუნთქი სისტემის დაავადებით) ავადობისას წინასწარი გამოკვლევის ჩატარება და დატვირთვაზე ფუნქციური დიაგნოსტირების წარმოებაა საჭირო. ამ გზით გაირკვევა, როგორ ადაპტირდება დატვირთვასთან გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემები. ამგვარი კვლევა, რომელიც ძალიან მარტივად, ველოერგომეტრით წარმოებს, კარდიოგრამის გადაღებისა და გარეგანი სუნთქვის შეფასების საშუალებას იძლევა. შედეგად კი სპეციალისტი განსაზღვრავს, რამხელა დატვირთვით შეძლებს ადამიანი ვარჯიშს.

საჭიროა თუ არა, ვარჯიშის დაწყებამდე ნებისმიერ შემთხვევაში ჩავიტაროთ გამოკვლევა? 

ყოველი ადამიანი, რომელიც ვარჯიშს იწყებს, წინასწარ აუცილებლად უნდა იქნეს გამოკვლეული. ბევრი ქრონიკული პათოლოგია მეტად ვერაგი ბუნების გახლავთ და თუკი მანამდე გვაწუხებდა, შესაძლოა, ფიზიკური დატვირთვისას უეცრად მძაფრად იჩინოს თავი. თანამედროვე დონის  ნებისმიერ ფიტნესცენტრს ექიმი უნდა ემსახურებოდეს და მისი პროფესიული აზრი ინსტრუქტორმა უთუოდ უნდა გაითვალისწინოს. გარდა ამისა, თავად ინსტრუქტორი უნდა ერკვეოდეს, რა ტიპის დატვირთვაა მისაღები ამა თუ იმ ჯანმრთელობის სტატუსის მქონე ადამიანისთვის. 

რომელი ასაკიდან ჩავაბათ შვილი სპორტში?

თუკი მშობელს განზრახული აქვს, მისი შვილი პროფესიონალი სპორტსმენი გახდეს, ზოგიერთ სახეობაში ბავშვი მცირე ასაკიდან უნდა ჩააბას. ასე მაგალითად, მხატვრულ ტანვარჯიშსა და ფიგურულ სრიალზე პატარა უკვე სამი წლიდან უნდა შევიყვანოთ. 

თუკი ჩვენი მიზანი გაკაჟება ან გართობაა, უმჯობესია, სპორტის ერთი სახეობით დავიწყოთ და უთუოდ ისეთი სახეობა შევარჩიოთ, რომ სხეულის ორივე მხარე თანაბრად დაიტვირთოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ფიზიკურ დატვირთვას სხეულის ტანდეგობის დარღვევა მოჰყვება. 
არამც და არამც არ შეიძლება სპორტის ისეთი სახეობის შერჩევა, რომელიც ძლიერ ფიზიკურ დატვირთვას მოითხოვს, მაგალითად, ძალოსნობის. ძლიერი დატვირთვა ზრდის ზონების ნაადრევ დახურვას უწყობს ხელს და, შესაბამისად, ზრდის შეფერხებას იწვევს.

მოზარდის ორგანიზმისთვის საუკეთესოა ცურვა  – ის დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე, არ აფერხებს ხერხემლის ზრდას, ხელს უწყობს კუნთების თანაბრად განვითარებას. 

დაიხსომეთ: არ არის მიზანშეწონილი,  ბავშვის ერთბაშად სპორტის რამდენიმე სახეობაზე შეყვანა. ასე ორგანიზმის ფიზიკური რესურსები მალევე ამოიწურება. 

ნებისმიერი პათოლოგიის არსებობისას, იქნება ეს სკოლიოზი, ბრტყელტერფიანობა თუ სხვა, ვარჯიშის ტიპის განსაზღვრა ინდივიდუალურად უნდა მოხდეს. საზოგადოდ, ბავშვისთვის, რომელსაც ხერხემლის პათოლოგია აქვს, ფიზიკური დატვირთვა მეტად მნიშვნელოვანია. ამ დროს ვითარდება ზურგის კუნთები, მუცლის პრესი და მეტ-ნაკლებად ხდება ტანდეგობის დარღვევის კორექცია. 

რაც შეეხება მხედველობის დარღვევას, გამოკვლევის შედეგად ოფთალმოლოგი გადაწყვეტს, შესაძლებელია თუ არა, ბავშვი სპორტში ჩაებას, რომელი სახეობა და რამხელა დატვირთვა იქნება უვნებელი მისი მხედველობისთვის. 

რამდენად ტრავმულია სპორტი?

ფიზიკური აქტივობის შედეგად ტრავმირების ალბათობა ძალზე მაღალია. ამავდროულად, იმისთვის, რომ ტრავმა მიიღოთ, სრულებით არ აქვს მნიშვნელობა, პროფესიონალი სპორტსმენი ბრძანდებით თუ მოყვარული. 

პროფესიონალი სპორტსმენი მძიმე ფიზიკური დატვირთვის გამო გაცილებით მძიმე ტრავმას იღებს. რატომღაც თვლიან, რომ სპორტსმენები გაცილებით ჯანმრთელნი არიან, ვიდრე არასპორტული ადამიანები. სინამდვილეში კი სრულიადაც არ არის ასე. პროფესიონალი სპორტსმენები არა მხოლოდ ფიზიკურად, ემოციურადაც ძლიერ იტვირთებიან. სხვაგვარად პაექრობაში მონაწილეობა შეუძლებელია. სპორტსმენი ორგანიზმს შესაძლებლობების მაქსიმუმს სთხოვს და ძალების აღდგენის საშუალებას არ უტოვებს. შესაბამისად, ორგანიზმი “ცვდება”, იმუნიტეტი საგრძნობლად ქვეითდება. თუ ჩვეულებრივ ადამიანს ონკანის წყალი არ ვნებს, პროფესიონალი სპორტსმენი შესაძლოა ინტოქსიკაციის მსხვერპლი გახდეს, მარტივად რომ ვთქვათ, მოიწამლოს. მეტსაც გეტყვით: კარიესი, რომელიც თითქმის ყველა ადამიანს აწუხებს, სპორტსმენისთვის ზოგჯერ საკმაოდ სერიოზული პრობლემის მიზეზი ხდება. 

პროფესიონალ სპორტსმენთა უმრავლესობას უძილობა აწუხებს. შესაძლოა, იფიქროთ, რომ ფიზიკური დატვირთვის შემდეგ ჩაძინება იოლია, მაგრამ მეტისმეტი ვარჯიშის მერე ორგანიზმი ძლიერ აგზნებულია.

კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც პროფესიონალური სპორტის მიმდევრებს აწუხებთ, გაზრდილი ლიბიდოს ფონზე განაყოფიერების უნარის დაქვეითება გახლავთ. 

სპორტსმენთა უმრავლესობა  პროფესიონალურ კარიერას მალევე ანებებენ თავს. ეს მათი ფიზიკური რესურსების ნაადრევ ამოწურვას ხომ არ უკავშირდება?

ასეა. მაგალითად, მხატვრულ ტანვარჯიშში 22-23 წლის გოგონა, თავისუფლად შეიძლება, ვეტერან სპორტსმენად ჩაითვალოს. საზოგადოდ კი, ასაკი, როცა კარიერას უნდა შეელიონ, სპორტის სახეობაზეა დამოკიდებული. 

პროფესიონალურ სპორტთან გამომშვიდობება ძალზე მძიმე ფსიქოლოგიური ტრავმაა. სპორტსმენთა უმრავლესობას, დაანებებენ თუ არა პროფესიონალურ კარიერას თავს, დეპრესია უვითარდება. ეს, ძირითადად, ფიზიკური დატვირთვისას ორგანიზმში ენდორფინების ჭარბად გამოყოფით გახლავთ განპირობებული. ეს ის ჰორმონებია, რომლებიც გუნება-განწყობილების ამაღლებაში გვეხმარება. საკმარისია, სპორტსმენმა ფიზიკურ დატვირთვაზე უარი თქვას, რომ ენდორფინების გამოყოფა მცირდება და დეპრესია იჩენს თავს. 

გარდა ფსიქოლოგიური სტრესისა, სპორტისთვის თავის დანებების შემდეგ ხშირად ვითარდება სიმსუქნე. ეს გასაგებიცაა: ენერგიის ჯეროვანი ხარჯვა ვეღარ ხდება. 

კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც ამ დროს იჩენს თავს, ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის შეუძლებლობაა: ყოფილმა სპორტსმენმა არ იცის, რა საქმიანობას მიჰყოს ხელი. 

ცეკვა, მით უმეტეს – ქართული, ფიზიკური დატვირთვითა და ტრავმების განვითარების ალბათობით სპორტს ჰგავს. ნუთუ, მართლა ასეა?

ამ თვალსაზრისით ცეკვა სპორტს არაფრით ჩამოუვარდება. სპორტსმენებისგან განსხვავებით, მოცეკვავეები ფიზიკურად არასრულფასოვნად ემზადებიან, რადგანაც საამისოდ მწვრთნელი არ ჰყავთ. მოცეკვავეებს გაუთავებლად უხდებათ ერთი და იმავე მოძრაობების შესრულება, აქვთ ხანგრძლივი რეპეტიციები, შესაბამისად, ტრავმატიზმის ალბათობაც ძალზე მაღალია. ქართული ეროვნული ცეკვის შემსრულებელ ყველა ვაჟს მუხლი ამა თუ იმ ხარისხით დაზიანებული აქვს. 

თუკი ფეხბურთელისთვის საგანგებო მინდორი არსებობს, მოჭიდავისთვის კი რბილი ხალიჩა, მოცეკვავეები ამგვარ პირობებს მოკლებულნი არიან. გარდა ამისა, პერმანენტული რეპეტიციებისა და კონცერტების გამო ძალების აღდგენას და ტრავმების მოშუშებას ვერ ასწრებენ.
სპორტში ადამიანის ჯანმრთელობას უფრო მეტი პასუხისმგებლობით ეკიდებიან.

დაიმახსოვრეთ:  ზომიერი ფიზიკური დატვირთვა ჯანმრთელობის საწინდარია. ასე რომ, გირჩევთ, თქვენთვის მისაღები, კომფორტული სახეობა შეარჩიოთ. ოღონდ გაითვალისწინეთ – სასურველია, წინასწარ გამოკვლევები ჩაიტაროთ.  

გააზიარე: