ანტიბიოტიკებთან ასოცირებული დიარეა
გააზიარე:
ანტიბიოტიკები ყველას გაგვიგონია. მრავალი ჩვენგანი გაციებისთანავე სწორედ ამ “ჯადოსნური” წამლებით იწყებს მკურნალობას და ჰგონია, ინფექციის დასამარცხებლად საუკეთესო გზა გამონახა. ეს მაშინ, როდესაც მედიკოსები გამუდმებით მოგვიწოდებენ, ანტიბიოტიკები მხოლოდ ექიმის დანიშნულებით – საჭირო დროს და საჭირო ოდენობით მივიღოთ.
- რა საჭიროა ასეთი სიფრთხილე?
საქმე ის არის, რომ როცა ანტიბიოტიკებს არარაციონალურად ვიღებთ, მიკრობები მათ მიმართ გამძლეობას გამოიმუშავებენ. ამ მოვლენას ანტიმიკრობული რეზისტენტობა ეწოდება. ის უფრო და უფრო იკრებს ძალას მთელ მსოფლიოში და თუ რამე არ ვიღონეთ, შესაძლოა, კაცობრიობა ანტიბიოტიკებამდელ ეპოქასაც კი დაუბრუნდეს. მაგრამ ეს ყველაფერი როდია! მაშინაც კი, როდესაც ანტიბიოტიკების მიღება აუცილებელია, ერთი დაავადებისგან განკურნებასთან ერთად მათ შესაძლოა სხვა დაავადების განვითარებას შეუწყონ ხელი. ამჯერად ანტიბიოტიკებით გამოწვეულ ერთ-ერთ პრობლემაზე – დიარეაზე გესაუბრებით.
ანტიბიოტიკების რამდენიმე დოზის მიღების შემდეგ შესაძლოა თქვენც შეუწუხებიხართ ნაწლავთა აშლილობას – მუცლის ტკივილს, სპაზმებს, დიარეას... საქმე ზოგჯერ ისე მწვავდება, ეჭვიც კი გვეპარება, რომ მკურნალობის დაწყება ღირდა. ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები იმის ნიშანია, რომ ანტიბიოტიკებით მკურნალობამ ახალ პრობლემას – ანტიბიოტიკასოცირებულ დიარეას დაუდო სათავე.
- რას ერჩის ანტიბიოტიკი ნაწლავს?
მიკრობები მთელ ორგანიზმში სახლობენ, მაგრამ მათი საყვარელი ადგილი საჭმლის მომნელებელი ტრაქტია. ნაწლავებში ბინადრობენ როგორც სასარგებლო, ისე მავნე მიკროორგანიზმებ. ჩვეულებრივ, ისინი ერთმანეთს აწონასწორებენ და საფრთხეს არ გვიქმნიან. პრობლემები მაშინ იჩენ თავს, როცა ბალანსი ამა თუ იმ მიზეზით ირღვევა.
ანტიბიოტიკები სასარგებლო მიკრობებს ანადგურებენ, რაც მავნეთა გამრავლებას უწყობს ხელს. სწორედ ეს იწვევს საჭმლის მონელებასთან დაკავშირებულ ჩივილებს.
ხელსაყრელი ვითარებით ყველაზე უკეთ კლოსტრიდიუმ დეფიცილე სარგებლობს და შეუზღუდავად მრავლდება. ეს ბაქტერია გამოყოფს ძლიერ ტოქსინს, რომელიც მსხვილი ნაწლავის ანთებითა და სისხლდენით მიმდინარე მძიმე დაავადებას – ფსევდომემბრანულ კოლიტს იწვევს. ანტიბიოტიკასოცირებული დიარეის (აად) ყველაზე ხშირი გამომწვევი სწორედ კლოსტრიდიუმ დეფიცილეა. სტატისტიკის თანახმად, ანტიბიოტიკასოცირებული დიარეა დიარეის შემთხვევათა 5-25%-ში გვხვდება, მისი ყოველი ათიდან ერთ ან ორ შემთხვევაში კი დიარეა სწორედ ფსევდმომებრანული კოლიტის შედეგია.
- ვის ერჩის?
ფსევდომემბრანული კოლიტი წინათ უმეტესად საავადმყოფოსშიდა ინფექციად მიიჩნეოდა, მაგრამ ბოლო ხანს სულ უფრო მეტად გვხვდება იმ პირებთანაც, ვინც საავადმყოფოში არ წოლილა. მიზეზი ანტიბიოტიკური თერაპიის გახშირებაა. თუ ადამიანს სუსტი იმუნური სისტემა აქვს, დაავადების განვითარების რისკი იმატებს. ალბათობას ზრდის გადატანილი წყლულოვანი კოლიტი და კრონის დაავადებაც.
ფსევდომემბრანული კოლიტის გამოწვევა ფაქტობრივად ყველა ანტიბიოტიკს შეუძლია, თუმცა ბრალი უმეტესად ამპიცილინს, კლინდამიცინს, ფთორქინოლონსა და ცეფალოსპორინებს მიუძღვის.
- როგორ ამოვიცნოთ?
ფსევდომემბრანული კოლიტის ნიშნებია:
- დიარეა (ხშირად – დღეში 5-10-ჯერადი);
- სპაზმები მუცლის არეში;
- სისხლიანი განავალი;
- ტემპერატურის მატება;
- დეფეკაციის ძლიერი სურვილი.
- რით ვუშველოთ?
ჩივილების აღსაკვეთად ხშირად საკმარისია ანტიბიოტიკის მიღების შეწყვეტა ან სხვა, ნაკლებად მავნე ანტიბიოტიკის დანიშვნა. მძიმე შემთხვევებში დიარეის მკურნალობა თავად მოითხოვს ანტიბიოტიკების გამოყენებას (მიღებული საშუალებებია მეტრონიდაზოლი და ვანკომიცინი). დიარეით გამოწვეული გაუწყლოების აღმოსაფხვრელად სითხისა და ელექტროლიტების მიღებაა საჭირო. იშვიათად ქირურგიული მკურნალობაც ხდება აუცილებელი. ეს მაშინ, როდესაც დიარეა მედიკამენტურ მკურნალობას არ ექვემდებარება და პაციენტის მდგომარეობა უარესდება.
- ვეხმარებით მიკროფლორას
ვინაიდან დაავადება ნაწლავის ბინადარი სასარგებლო ბაქტერიების განადგურების ბრალია, მკურნალობის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი ამ დანაკარგის შევსებაა. ამ მიზნით იყენებენ პრობიოტიკებს – ნაწლავის მიკრობული ფლორის აღმდგენ საშუალებებს. ზოგიერთი მათგანი დიარეის განვითარების რისკს ამცირებს. მაშასადამე, მათი გამოყენება არა მხოლოდ სამკურნალო, არამედ პროფილაქტიკური მიზნითაც არის შესაძლებელი. გახსოვდეთ: პრობიოტიკების მიღება უნდა განაგრძოთ ანტიბიოტიკოთერაპიის კურსის ჩამთავრებამდე და მერეც, რამდენიმე დღის განმავლობაში.
ფსევდომემბრანული კოლიტი ანტიბიოტიკასოცირებული დიარეის ერთადერთი ფორმა არ გახლავთ _ ნაწლავთა მოქმედების დარღვევის ყველა სხვა შემთხვევაშიც მკურნალობის პრინციპები ასეთივეა.
მიმართეთ ექიმს, თუ ანტიბიოტიკებით მკურნალობის ფონზე უჩივით:
- სისხლიან განავალს;
- დღე-ღამეში დიარეის ხუთ ან მეტ ეპიზოდს;
- მუცლის ძლიერ ტკივილს;
- გაუწყლოების ნიშნებს.
დაბოლოს, არ დაივიწყოთ ექიმებისა და ექსპერტების მთავარი მოწოდება – ფრთხილად გამოიყენეთ ანტიბიოტიკები!
გვანცა გოგოლაძე