უხერხული პრობლემის მოხერხებულად მოსაგვარებლად

გააზიარე:

არსებობს პრობლემები, რომელთა შესახებ საუბარიც კი გვეუხერხულება, თუმცა გვაინტერესებს. ერთი მათგანია სწორი ნაწლავის დაავადება – ბუასილი. ალბათ ბევრი წაგიკითხავთ მის შესახებ, იცით, რომ ექიმები მას ჰემოროის, ჰემოროიდული ვენების ვარიკოზს უწოდებენ. ისიც გეცოდინებათ, რომ ჰემოროი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პროქტოლოგიური პრობლემა, ამიტომ სტატისტიკური მონაცემებით, დაავადების განვითარების მექანიზმითა და სიმპტომებით თავს აღარ შეგაწყენთ, პირდაპირ მთავარ საკითხზე გადავალ: როგორ მოვიქცეთ ამ დაავადების აღმოჩენის შემთხვევაში და შესაძლებელია თუ არა მისი პროფილაქტიკა?

გახსოვდეთ, დროულ დიაგნოსტიკასა და ადრეულ მკურნალობას ამ შემთხვევაშიც დიდი მნიშვნელობა აქვს. რაც უფრო მეტად გადადებთ პროქტოლოგთან ვიზიტს, მით მეტი ძალისხმევა დაგჭირდებათ პრობლემის მოსაგვარებლად. როდის უნდა მივმართოთ ექიმს? თუ დეფეკაციის აქტის შემდეგ ტუალეტის ქაღალდზე ან უნიტაზში სისხლი აღმოაჩინეთ, სპეციალისტის კონსულტაცია აუცილებელია. ანუსის მიდამოში ტკივილის ან ქავილის დროსაც უპრიანი იქნება, ექიმს ეჩვენოთ. არ გეგონოთ, ამგვარი ჩივილები მხოლოდ ჰემოროიდულ დაავადებას ახასიათებდეს. შესაძლოა, მარტივ პრობლემასთან – ყითის ნახეთქთან გვქონდეს საქმე, მაგრამ მკურნალობის გარეშე არც მისი დატოვება ივარგებს.

თუ ჰემოროიდული დაავადების დიაგნოზი დაგისვეს, შეეგუეთ, რომ ცხოვრების წესის შეცვლა მოგიწევთ. ხშირად, დაავადების მსუბუქი ფორმების დროს მკურნალობა მხოლოდ ამ უკანასკნელს გულისხმობს. თუმცა ჩვენს სინამდვილეში იშვიათად თუ მიმართავს ვინმე პროქტოლოგს დაავადების ადრეულ სტადიაზე. შორს წასული ფორმების დროს კი მედიკამენტებია საჭირო, ზოგჯერ – ოპერაციული ჩარევაც. ალბათ გაგიგონიათ ბუასილის ოპერაციის შესახებ. მას ერთ-ერთ ყველაზე უსიამოვნო ოპერაციად მიიჩნევენ მტკივნეული პოსტოპერაციული პერიოდის გამო. ყოველივე ამის გათვალისწინებით, ვფიქრობ, დაავადების პროფილაქტიკა ან დროული მედიკამენტური მკურნალობით ქირურგიული ჩარევის თავიდან აცილება თქვენსავე ინტერესებში შედის. თუ ჰემოროი დისკომფორტს იწვევს, ექიმმა შესაძლოა მალამოს, კრემის ან სანთლების გამოყენება შემოგთავაზოთ. ეს პეპარატები ისეთ ნივთიერებებს შეიცავს, რომლებიც ტკივილსა და ქავილს აცხრობს, თუმცა ექიმთან შეუთანხმებლად მათ ერთ კვირაზე მეტხანს ნუ გამოიყენებთ – შესაძლოა, გვერდითმა ეფექტებმა იჩინოს თავი.

მკურნალობასთან ერთად მნიშვნელოვანია სწორი მოვლა და ჰიგიენის წესების დაცვაც. გულისყურით მოეკიდეთ პერიანალური მიდამოსა და შორისის სისუფთავეს. გამოიყენეთ რბილი ტუალეტის ქაღალდი, მაგრამ ისიც გახსოვდეთ, რომ ეს საკმარისი არ არის – აუცილებლად ჩაიბანეთ უკანა ტანი დეფეკაციის აქტის შემდეგ. ხშირად მიიღეთ აბაზანა. ის, გარდა იმისა, რომ სისუფთავეს უზრუნველყოფს, ჰემოროის პროფილაქტიკის ეფექტური საშუალებაც არის –  ანალური მიდამოს მიკროცირკულაციას აუმჯობესებს.

ახლა კი რჩევები იმის შესახებ, როგორ ავიცილოთ თავიდან პრობლემა:

* მოიწესრიგეთ ნაწლავთა მოქმედება. გახსოვდეთ, ყაბზობა ამ დაავადების განვითარების ერთ-ერთი წინაპირობაა.

* იკვებეთ რეგულარულად და ჯანსაღად. მიიღეთ მეტი ბოსტნეული და ხილი.

* ამოიღეთ რაციონიდან ცხარე საკვები და ალკოჰოლი, ერიდეთ მლაშე საკვებს –  ყველაზე ხშირად სწორედ ისინი იწვევენ დაავადების გამწვავებას.

* ეცადეთ, თავიდან აიცილოთ დიარეა. ხშირი კუჭის მოქმედება ისევე ცუდია, როგორც ყაბზობა.

* ეცადეთ, მინიმალურად გაიჭინთოთ დეფეკაციის აქტის დროს.

* ერიდეთ დიდხანს სიცივეში ყოფნას, ცივ ზედაპირზე ჯდომას –  როგორც ამბობენ, ამ დროს ანალური მიდამოს სისხლმომარაგება ირღვევა და ჰემოროიდული დაავადების გამწვავებაა მოსალოდნელი.

* ეცადეთ, არ იჯდეთ დიდხანს. ალბათ გაგიგონიათ, რომ ბუასილი ოფისის დაავადებად ითვლება. მჯდომარე ცხოვრების წესი სისხლის მიმოქცევის დარღვევას და ვენურ სისტემაში მის შეგუბებას იწვევს. თუ ასეთი სამსახური გაქვთ, მოიწყვეთ ხუთწუთიანი შესვენებები, გაიარ-გამოიარეთ. გარდა ამისა, მისდიეთ აერობიკას, იარეთ ფეხით და, რაც მთავარია, იცურეთ.

* ბუასილი მძღოლების პროფესიულ დაავადებადაც ითვლება. ასე რომ, ნუ გაატარებთ ბევრ დროს საჭესთან. თუ გრძელ გზაზე გიწევთ სიარული, დროდადრო გააჩერეთ მანქანა და ფეხით გაიარ-გამოიარეთ.

* რაც მთავარია, დროულად მიმართეთ ექიმს. თვითდიაგნოსტიკა და თვითმკურნალობა ზოგჯერ დამღუპველია. გახსოვდეთ, რომ მსგავსი სიმპტომები უფრო სერიოზულ დაავადებას – სწორი ნაწლავის კიბოსაც ახასიათებს.

 

თამარ არქანია

 

გააზიარე: