რესპირატორულ-სინციტიური ვირუსი

გააზიარე:

რესპირატორულ-სინციტიური ვირუსი სასუნთქი გზებისა და ფილტვების ინფექციის გამომწვევია. ეს ინფექცია ზრდასრულებთანაც გვხვდება, თუმცა უმთავრესად ორ წლამდე ასაკის ბავშვებს შორისაა გავრცელებული. ვირუსით თითქმის ყოველი მეორე პატარა ინფიცირდება. ინფექცია ტოვებს იმუნიტეტს, მაგრამ არა სამუდამოს, ასე რომ, განმეორებითი ინფიცირების საფრთხე ყოველთვის არის. საბედნიეროდ, მეორედ განვითარებული ინფექცია გაცილებით მსუბუქად მიმდინარეობს.

დაავადებას სეზონურობა ახასიათებს, ამიტომ ბავშვებს განსაკუთრებით გაუფრთხილდით შემოდგომის დამდეგს და გაზაფხულის მიწურულს – ვირუსი სწორედ ამ პერიოდშია ყველაზე აქტიური, შესაბამისად, ინფიცირების რისკიც ამ დროსაა ყველაზე მაღალი.

ზრდასრულებსა და უფროსი ასაკის ბავშვებთან რსვ ინფექცია მსუბუქად, ბანალური გაციების მსგავსად მიმდინარეობს. შინ მკურნალობა ამ დროს საკმარისია. დღენაკლულ, გულ-ფილტვის სისტემის დაავადებათა მქონე ახალშობილებთან, სუსტი იმუნიტეტის მქონე ზრდასრულებსა და მოხუცებთან კი ავადმყოფობა საკმაოდ რთულ ფორმას იღებს.

რა იწვევს

რესპირატორულ-სინციტიური ვირუსი ჰაერწვეთოვანი გზით ვრცელდება. ორგანიზმში ის თვალების, ცხვირისა და პირის საშუალებით აღწევს. ავადმყოფის მიერ ხველებისა თუ ცემინების დროს გამოყოფილი ვირუსის შემცველი წვეთები რამდენიმე ხანს ჰაერში ტივტივებს. ასეთი ჰაერის ჩასუნთქვა ინფექციას იწვევს. ინფიცირება ასევე შესაძლებელია პირდაპირი კონტაქტის, მაგალითად, ხელის ჩამორთმევის, ან ვირუსით დაბინძურებულ ნივთთან შეხების შედეგად.

ავადმყოფი რამდენიმე კვირაა გადამდები, თუმცა რისკი ყველაზე მაღალია ინფექციის დაწყებიდან პირველი რამდენიმე დღე.

რა ახასიათებს

ავადმყოფობის ნიშნები ინფიცირებიდან 4-6 დღეში იჩენს თავს. მოზრდილებსა და უფროსი ასაკის ბავშვებთან ისინი, ჩვეულებრივ, მსუბუქია, გაციების მსგავსი: ცხვირის დახშობა ან გამონადენი ცხვირიდან, მშრალი ხველა, ტემპერატურის ოდნავი მომატება, ყელის ტკივილი, თავის მსუბუქი ტკივილი. პატარებთან კი ინფექცია ხშირად რთულდება ქვედა სასუნთქი გზების ანთებით, უმეტესად – პნევმონიით (ფილტვების ანთებით) ან ბრონქიოლიტით (უწვრილესი ბრონქების ანთებით), რომლებსაც ცხელება, ძლიერი ხველა, ხიხინი, ქოშინი და ჟანგბადის დეფიციტის გამო ციანოზი (კანის მოლურჯო ელფერი) ახასიათებს. მწოლიარე ბავშვს სუნთქვა უჭირს, ამიტომ ჯდომას არჩევს.

ინფექცია ყველაზე მძიმედ ახალშობილებთან მიმდინარეობს. ჩვილს სუნთქვა ზერელე და გახშირებული აქვს. განსაკუთრებით რთულ შემთხვევებში სუნთქვის აქტში დამატებითი კუნთებიც (ნეკნთაშორისი კუნთები) ერთვება, რასაც შეუიარაღებელი თვალითაც შეამჩნევთ. ხდება ისეც, რომ სასუნთქი გზების ინფექციის სიმპტომები საერთოდ არ ვლინდება და მშობელი მხოლოდ უმადობას, უჩვეულო ძილად მივარდნას, გაღიზიანებადობას ამჩნევს.

ბავშვებისა და ზრდასრულების უმრავლესობა ავადმყოფობას, ჩვეულებისამებრ, ერთ-ორ კვირაში უმკლავდება, დღენაკლულ ახალშობილებსა და გულ-ფილტვის ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებთან ვირუსი მძიმე გართულებებს იწვევს, ამიტომ მათი სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია აუცილებელია.

როდის მივმართოთ ექიმს

რესპირატორულ-სინციტიური ვირუსით გამოწვეული ინფექციის შემთხვევათა უმრავლესობა სიცოცხლისთვის საშიში არ არის, მაგრამ გვხვდება ისეთი შემთხვევებიც, როცა ჰოსპიტალიზაციაა საჭირო სასუნთქი სისტემის მონიტორინგისა და სითხის ინტრავენური გადასხმისათვის.

სასწრაფო სამედიცინო ჩარევა აუცილებელია, თუ თქვენ (ან თქვენს პატარას):

* გაქვთ მაღალი სიცხე;

* გიჭირთ სუნთქვა;

* კანზე ამჩნევთ მოლურჯო ელფერს, განსაკუთრებით – ტუჩებისა და ფრჩხილის ბუდეების არეში.

რისკის ჯგუფები

არსებობს პაციენტთა რამდენიმე ჯგუფი, რომლებსაც ინფექციის გართულების რისკი უფრო მაღალი აქვთ. ესენი არიან:

* ექვს თვემდე ასაკის ბავშვები;

* წლამდე ასაკის დღენაკლული ან გულ-ფილტვის დაავადებათა მქონე პატარები;

* სუსტი იმუნური სისტემის მქონე ბავშვები, განსაკუთრებით – ქიმიოთერაპიისა და ტრანსპლანტაციის შემდეგ;

* ასთმის, გულის უკმარისობის ან ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების მქონე ზრდასრულები;

* იმუნოდეფიციტის მქონე პაციენტები (ლეიკემიით, შიდსით და სხვა).

რესპირატორულ-სინციტიური ვირუსის გართულებებია:

* პნევმონია ან ბრონქიოლიტი, რაც ზედა სასუნქი გზებიდან ქვედასკენ ვირუსის გადაადგილების შედეგია;

* შუა ყურის ანთება – გვხვდება უმეტესად ახალშობილებსა და მცირეწლოვან ბავშვებთან;

* ასთმა;

* რეციდივი, რაც დაავადების პერიოდული გამწვავებით გამოიხატება და, საბედნიეროდ, მხოლოდ ბანალური გაციების მსგავსად მიმდინარეობს.

დიაგნოზი

ანამნეზის, გასინჯვით მიღებული მონაცემებისა და სეზონის გათვალისწინებით ექიმი ივარაუდებს რესპირატორულ-სინციტიური ვირუსული ინფექციის არსებობას. გასინჯვისას ის აუცილებლად მოუსმენს ფილტვებს პათოლოგიური ხმიანობის აღმოსაჩენად.

მეტი სიზუსტისთვის ექიმმა შესაძლოა შემოგთავაზოთ:

* პულსოქსიმეტრია – სისხლში ჟანგბადის კონცენტრაციის დასადგენი უმტკივნეულო პროცედურა;

* სისხლის ტესტები თეთრი უჯრედების რაოდენობის დასადგენად, ვირუსების, ბაქტერიებისა და სხვა ორგანიზმების აღმოსაჩენად;

* რენტგენი პნევმონიის არსებობის დასადასტურებლად;

* ცხვირის სეკრეტის ნაცხის ანალიზი _ ვირუსის აღმოჩენის საკმაოდ ეფექტური მეთოდი.

მკურნალობა

მკურნალობა უმთავრესად სიმპტომურია ანუ სიმპტომების შემსუბუქებაზეა ორიენტირებული. ცხელების შემთხვევაში სახლის პირობებში შეგიძლიათ გამოიყენოთ სიცხის დამწევი, კერძოდ, პარაცეტამოლი _ ის ეფექტურიცაა და ყველაზე უვნებელიც. ანტიბიოტიკს კი ექიმი მხოლოდ თანდართული ბაქტერიული ინფექციის, მაგალითად, პნევმონის არსებობისას გამოწერს. აუცილებელია ბავშვისთვის საკმარისი რაოდენობის სითხის მიწოდება და დეჰიდრატაციის სიმპტომების მუდმივი კონტროლი (ეს სიმპტომებია გამომშრალი პირის ღრუ, შარდის რაოდენობის შემცირება, ჩაცვენილი თვალები, ძილიანობა).

გართულებულ შემთხვევებში ჰოსპიტალიზაცია აუცილებელია. ექიმი, უპირველეს ყოვლისა, სითხის დეფიციტის აღდგენასა და ორგანიზმის ჟანგბადით უზრუნველყოფაზე იზრუნებს. ზოგჯერ დახშული სასუნთქი გზების გასათავისუფლებლად საჭიროა ბრონქოდილატატორის (ბრონქების გამაფართოებლის) ინჰალაცია (სასუნთქ გზებში შეფრქვევა). საჭიროებისამებრ, შესაძლოა ანტივირუსული პრეპარატებისა და ადრენალინის ინჰალაციაც დაგინიშნონ.

დაავადების ხანგრძლივობაზე გავლენას ვერ მოახდენთ, მაგრამ შეგიძლიათ, ავადმყოფ ბავშვს მდგომარეობა შეუმსუბუქოთ:

* შეინარჩუნეთ მის ოთახში სუფთა, თბილი, ტენიანი ჰაერი _ მშრალი, ცივი ჰაერი ხველას აუარესებს.

* ბავშვს საწოლი ისე მოუწყვეთ, რომ მოხერხებულად იჯდეს _ ჯდომა სუნთქვას აადვილებს. ძილის დროს თავი შედარებით მაღალ, დაახლოებით 6-7 სმ სიმაღლის სასთუმალზე დაადებინეთ.

* მიაწოდეთ საკმაო რაოდენობის სითხე, სასურველია, თბილი, მაგალითად, სუპი. ძუძუთი და ხელოვნური საკვებით კვება ადრინდელი რეჟიმით განაგრძეთ.

* საჭიროებისამებრ, ჩააწვეთეთ ცხვირის წვეთები _ ეს სუნთქვას გაუადვილებს.

* მაღალი სიციხის შემთხვევაში მიეცით პარაცეტამოლი. ის საკმაოდ ეფექტური დამწევია, ამასთან, ყელის ტკივილსაც ასუსტებს და პატარაც მეტ სითხეს სვამს.

* მოარიდეთ ბავშვი სიგარეტის კვამლს.

როგორ შევუშალოთ ხელი

რესპირატორულ-სინციტიური ვირუსული ინფექციის თავიდან აცილება შესაძლებელია. ამისთვის:

* ხშირად იბანეთ ხელები, განსაკუთრებით _ ბავშვთან კონტაქტამდე. ბავშვსაც ასწავლეთ ხელების ბანა და აუხსენით მისი მნიშვნელობა.

* თავი არიდეთ ინფექციის წყაროს, გრიპიან ადამიანს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როცა საქმე მცირეწლოვან ბავშვებს ეხება.

* დაიცავით სისუფთავე სამზარეულოსა და სააბაზანოში, განსაკუთრებით მაშინ, როცა ოჯახის რომელიმე წევრი ავადაა. საჭიროა ბავშვის სათამაშოების რეგულარული რეცხვაც.

* იქონიეთ საკუთარი ჭიქა. ბავშვს ცალკე ჭურჭელი გამოუყავით.

* თავი არიდეთ მოწევას, უკიდურეს შემთხვევაში, ბავშვის სიახლოვეს მაინც. ბავშვები, რომლებთაც თამბაქოს კვამლთან რეგულარული კონტაქტი აქვთ, გაცილებით ხშირად ავადმყოფობენ, თანაც მძიმე ფორმებით.

არსებობს მედიკამენტი პალივიზუმაბი (სინაგისი), რომლითაც შესაძლებელია მაღალი რისკის ჯგუფის ბავშვების დაცვა. მედიკამენტი ინიშნება ინფექციის სეზონურ პიკზე, ხუთი თვის განმავლობაში. ოღონდ გაითვალისწინეთ, რომ თუ ადამიანმა უკვე გადაიტანა რესპირატორულ-სინციტიური ვირუსი, პალივიზუმაბი საპრევენციოდ აღარ გამოდგება.

თამთა ხელიძე

 

გააზიარე: