აორტის ანევრიზმა

გააზიარე:

აორტა ორგანიზმის მთავარი, მაგისტრალური სისხლძარღვია. მისი კედელი ძალზე ელასტიკურია და უნარი შესწევს, სისხლის ნაკადის სიძლიერის მიხედვით გაიწელოს და დაიბრუნოს პირვანდელი ფორმა, თუმცა ყოველთვის ასე არ ხდება. ზოგჯერ ესა თუ ის დაავადება ასუსტებს აორტის კედელს. თუ ამას დაერთო ასაკობრივი ცვლილებები, რომლებიც ისედაც ახდენს გავლენას აორტის სიმკვრივეზე, შესაძლოა სისხლძარღვის კედელი გაიწელოს და გამოიბეროს. ამგვარ ცვლილებას ანევრიზმას უწოდებენ. კედლის გამობერილი ნაწილი გათხელებულიც არის, იქმნება მისი აშრევების ან გასკდომის საფრთხე, რაც ძლიერ, სიცოცხლესთან შეუთავსებელ სისხლდენას იწვევს. აშშ-ში აორტის ანევრიზმის გასკდომა 65-74 წლის მამაკაცებში სიკვდილიანობის რიგით მეათე მიზეზად სახელდება.

აორტის ანევრიზმის შესახებ გვესაუბრება მედიცინის აკადემიური დოქტორი, “ავერსის კლინიკის” ექიმი კარდიოლოგი ალექსანდრე ესაკია. 
– აორტა არის მაგისტრალური სისხლძარღვი, რომელიც გულიდან გამოდის და სისხლთან ერთად ჟანგბადითა და საკვები ნივთიერებებით ამარაგებს ორგანიზმს. იგი 2-3 სმ დიამეტრის მქონე სქელკედლიანი მილია. ანატომიურად აორტა რამდენიმე ნაწილად იყოფა: აღმავალ აორტად, აორტის რკალად, დაღმავალი გულმკერდის ნაწილად და მუცლის აორტად, რომელიც ორად იტოტება. აორტიდან გამომავალი სისხლძარღვები სისხლის მიმოქცევის დიდ წრეს ქმნიან.
– რა არის აორტის ანევრიზმა და რამდენი სახისაა იგი?
– ანევრიზმა სისხლძარღვის კედლის გაფართოებაა. იგი ჭეშმარიტია, როდესაც გაფართოებაში აორტის კედლის სამივე შრეა ჩართული. ამ დროს ყველაზე მეტად ზიანდება აორტის შუა შრის ელასტიკური ბოჭკოები, რის შედეგადაც ფიბროზული ქსოვილი სისტოლის (გულის შეკუმშვის) შემდეგ ბოლომდე ვეღარ უბრუნდება საწყის მდგომარეობას და სანათური ამ ადგილას გაფართოებული რჩება. თუ ანევრიზმა ტრავმის შედეგად განვითარდა, ხშირად ზიანდება აორტის შიგნითა ან შუა გარსი, რის გამოც ანევრიზმის კედელი მხოლოდ აორტის გარე შრისა და პერივასკულარული თრომბებისაგან შედგება და მას ცრუ ანევრიზმას ვუწოდებთ.
ანევრიზმა ფორმით თითისტარს ან ტომარას ჰგავს. თითისტარისებრი ანევრიზმისთვის დამახასიათებელია სისხლძარღვის გაფართოება ყველა მიმართულებით, მთელ გარშემოწერილობაზე (სწორედ ეს ანიჭებს მას თითისტარისებრ ფორმას), ხოლო ტომრისებრი ანევრიზმა მოიცავს სისხლძარღვის გარშემოწერილობის მხოლოდ ნაწილს. იგი ტომარასავით არის ჩამოკიდებული სისხლძარღვზე.
გარდა ამისა, გვხვდება განშრევებადი ანევრიზმა. ამ დროს დაზიანებული ინტიმიდან (აორტის კედლის შიდა შრიდან) სისხლი მედიალური (შუა) შრის გასწვრივ იჟონება და ვითარდება აორტის კედლის განშრევება.
– რა იწვევს ანევრიზმას?
– პირველი მიზეზია აორტის მდებარეობა. სისხლძარღვთა შორის აორტა ყველაზე მეტად განიცდის გულის შეკუმშვისას გადმოსროლილი სისხლის ნაკადის ძლიერი ბიძგების ზემოქმედებას, რაც მისი კედლის დაჭიმვას განაპირობებს. წნევა, რომელიც გულის შეკუმშვის ანუ სისტოლის დროს აორტის შიგნით წარმოიქმნება, იმდენად მაღალია, რომ აორტის კედელს მაქსიმალურად ჭიმავს და, ამრიგად, აორტის ანევრიზმის წინაპირობად გვევლინება. ისეთი ფაქტორები, როგორიცაა ინფექცია, ტრავმა, არტერიული ჰიპერტენზია და უმთავრესად ათეროსკლეროზი, ანევრიზმის ჩამოყალიბებაში წამყვან როლს ასრულებს. მიზეზთა შორის უნდა დავასახელოთ აგრეთვე თანდაყოლილი პათოლოგიები – მარფანის სინდრომი, რომელიც შემაერთებელი ქსოვილის გენეტიკური დეფექტით განპირობებული დაზიანებაა, ერდჰაიმის სინდრომი, ელერს-დანლოს სინდრომი, ელასტინის მემკვიდრეობითი დეფიციტი... ეს იმ პათოლოგიათა არასრული ჩამონათვალია, რომლებიც შეიძლება გავაერთიანოთ შემაერთებელი ქსოვილის დისპლაზიის ცნების ქვეშ. გენეტიკური ფაქტორების როლზე მეტყველებს კვლევები, რომლებიც ცხადყოფს, რომ აორტის ანევრიზმით დაავადებულთა 20%-ის სისხლით ნათესავებსაც ანალოგიური დაავადება ჰქონდათ.
– უმეტესად რა ასაკში ვლინდება ანევრიზმა?
– სტატისტიკურად აორტის ანევრიზმა ყველაზე ხშირად 40-დან 70 წლამდე გვხვდება. ლოკალიზაციის მიხედვით პირველი ადგილი უკავია მუცლის აორტის ანევრიზმას – ასეთია ასიდან 75 შემთხვევა. მუცლის აორტის ანევრიზმა უმთავრესად თირკმლის არტერიის ქვევით ვითარდება. მიზეზი თითქმის ყოველთვის სისხლძარღვთა ათეროსკლეროზული ცვლილებებია.
კიდევ ერთი: ანევრიზმა უფრო ხშირად ემართებათ მამაკაცებს, განსაკუთრებით – თამბაქოს მწეველებს.
– რა კლინიკური სიმპტომებით ვლინდება ეს პათოლოგია?
– აორტის ანევრიზმის კლინიკურ მანიფესტაციას საფუძვლად უდევს მიმდებარე ქსოვილებზე: ბრონქებზე, საყლაპავზე, სისხლძარღვებზე, ნერვებზე – ანევრიზმის ზეწოლა. ჩივილები უმთავრესად ლოკალიზაციაზეა დამოკიდებული – ყრუ, მღრღნელი ტკივილი შესაბამის არეში. მზარდი ტკივილი შესაძლოა აორტის გახეთქვის მომასწავებელი იყოს. ტკივილი ანევრიზმის ყველაზე ხშირი სიმპტომია. როდესაც გამობერილობა ტრაქეასა და მიმდებარე სასუნთქ გზებს აწვება, პაციენტი უჩივის ხველას, ქოშინს, საყლაპავი მილის კომპრესიის დროს – ყლაპვის გაძნელებას.
ანევრიზმების დაახლოებით 40% უსიმპტომოდ მიმდინარეობს და შემთხვევით აღმოაჩენენ კლინიკური ან რენტგენოლოგიური გამოკვლევის დროს.
– როგორ ადგენენ ანევრიზმის არსებობას და რა ინფორმაციას იძლევა თითოეული კვლევა?
– რენტგენოგრამაზე ანევრიზმა ვლინდება პათოლოგიური წარმონაქმნის სახით, რომლის კედელშიც შეიძლება გამოისახოს კალციფიკატები. ულტრაბგერა, წესისამებრ, ზუსტ ინფორმაციას გვაწვდის ანევრიზმის ლოკალიზაციისა და ზომის შესახებ. კომპიუტერული ტომოგრაფია საშუალებას გვაძლევს, ზუსტად შევაფასოთ ანევრიზმის ზომა და მდებარეობა, რაც ქირურგიული მკურნალობისას ძალიან მნიშვნელოვანია.
ძალზე ინფორმაციულია ასევე მაგნიტურ- ბირთვული რეზონანსი და ანგიოგრაფია.
– როდის არის აუცილებელი ოპერაციული მკურნალობა?
– აორტის მკურანლობა მის ზომებზეა დამოკიდებული. მცირე ზომის ანევრიზმის დროს, რომელსაც თან არ ახლავს პათოლოგიური სიმპტომატიკა, შესაძლებელია დინამიკაზე დაკვირვება, რაც ითვალისწინებს კომპიუტერულ ტომოგრაფიას 6 თვეში ერთხელ ანევრიზმის მდგომარეობის შესაფასებლად. ასევე აუცილებელია არტერიული წნევისა და გულის შეკუმშვათა რიტმის მუდმივი კონტროლი და კარდიოლოგის მიერ ამ მიმართულებით დანიშნული მედიკამენტების რეგულარული მიღება.
შედეგიანია მედიკამენტები და დიეტა, რომლებიც ქოლესტეროლის მაჩვენებლის დასაწევად ინიშნება.
თუ ანევრიზმა მაინც იზრდება და წელიწადში 1 სმ-ზე მეტს იმატებს, აუცილებელია ოპერაციული მკურნალობა. ოპერაცია აუცილებელია მაშინაც, როდესაც ანევრიზმას თან ახლავს თრომბოემბოლიური გართულებები (ინფარქტი, ინსულტი და სხვა). სასწრაფო ქირურგიულ ჩარევას საჭიროებს გასკდომაზე საეჭვო და სწრაფად მზარდი ანევრიზმები. თუ ანევრიზმის ზომა იმატებს და აღწევს 6 სმ-ს, რეკომენდებულია ქირურგიული მკურნალობა, რომლის დროსაც ხდება სინთეტიკური გრაფტის (ხელოვნური სისხლძარღვის) იმპლანტაცია.
– როგორ ხორციელდება ეს ოპერაცია?
– ანევრიზმის ქირურგიული მკურნალობა – პროთეზის იმპლანტაცია – შესაძლებელია ორგვარად: ღია ოპერაციით და ენდოვასკულარული მეთოდით. ღია მეთოდი აორტისადმი პირდაპირ მიდგომას მოითხოვს. ამ დროს, ანევრიზმის ადგილმდებარეობის შესაბამისად, იხსნება გულმკერდის ან მუცლის ღრუ. ღია მეთოდი უკვე ორმოცდაათ წელიწადზე მეტია გამოიყენება. ენდოვასკულარული მეთოდის გამოყენება პრაქტიკულ მედიცინაში წინა საუკუნის 90-იანი წლებიდან დაიწყეს. მას შემდეგ ენდოვასკულარულ მეთოდს სულ უფრო ხშირად მიმართავდნენ, ხოლო 2006 წლისათვის იგი რაოდენობრივად დაეწია და გაუსწრო კიდეც ღია მეთოდით ჩატარებულ ოპერაციებს. ენდოვასკულარული მეთოდით სისხლძარღვში პროთეზის იმპლანტირებისას საზარდულის არეში, ბარძაყის არტერიის პროექციაზე, კეთდება პატარა განაკვეთი, საიდანაც აორტის ანევრიზმული გაფართოების ადგილას რენტგენოლოგიური კონტროლის თანხლებით სპეციალური კათეტერით განთავსდება სტენტ-გრაფტი და იქვე გაიშლება. ტრანსპლანტანტი ინარჩუნებს აორტულ სისხლის ნაკადს და ამცირებს აორტის კედელზე ზეწოლას, რაც ამცირებს ანევრიზმის ზომას და აქვეითებს აორტის გახეთქვის რისკს.

– როგორ ირჩევა ოპერაციული მეთოდი ცალკეული პაციენტისთვის და როგორია პოსტოპერაციული პერიოდი?
– სისხლძარღვოვანი პროთეზის ენდოვასკულარული იმპლანატაციისას ჰოსპიტალიზაციის ხანგრძლივობა 2-5 დღეს შეადგენს, ღია ოპერაციისას – 5-7 დღეს, ხოლო მძიმე თანმხლები პათოლოგიის შემთხვევაში შესაძლოა 2-3 თვემდე, სრულ გამოჯანმრთელებამდე გაგრძელდეს. მინიმალურად ინვაზიური ენდოვასკულარული მეთოდის განვითარებამ საშუალება მოგვცა, აორტის ანევრიზმის მკურნალობა ჩავუტაროთ უფრო ასაკოვან პაციენტებსაც. ამ მეთოდის უპირატესობა ის არის, რომ პერიოპერაციული სიკვდილიანობა უფრო ნაკლებია, ვიდრე ღია წესით ქირურგიული ჩარევისას, თუმცა კვლევებმა აჩვენა, რომ განმეორებითი ჩარევა ენდოვასკულარული მეთოდის გამოყენებით დასჭირდა 30% პაციენტს, ხოლო ღია მეთოდის გამოყენებისას – მხოლოდ 10%-ს. ასეა თუ ისე, ქირურგის  გადასაწყვეტია, პაციენტის მდგომარეობის გათვალისწინებით რომელ მეთოდს მიანიჭოს უპირატესობა. თუ პაციენტს ანევრიზმასთან ერთად აქვს აორტის სარქვლის უკმარისობა ან გულის იშემიური დაავადება, მას ღია ოპერაცია უკეთდება. ამ გზით ხდება საქვლოვანი პათოლოგიის კორექცია, აორტის სარქვლის პროთეზირება და ქირურგიული რევასკულარიზაცია, კორონარული არტერიების შუნტირება გულის იშემიური დაავადების დროს.
– რამ შეიძლება ხელი შეუშალოს ოპერაციას?
– ოპერაციული ჩარევის უკუჩვენებაა გულ-სისხლძარღვთა, სასუნთქი და თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევით მიმდინარე დაავადებები.
– რა გართულებას იწვევს არაოპერირებული ანევრიზმა, რა ნიშნებით ვლინდება იგი და როგორ უნდა მოვიქცეთ ასეთ დროს?
– ნებისმიერი ლოკალიზაციის ანევრიზმა შეიძლება გართულდეს განშრევებით ან გასკდომით და განვითარდეს სისტემური ემბოლიზაცია – სიცოცხლესთან შეუთავსებელი მდგომარეობა, რაც გულისხმობს მრავლობითი თრომბის ერთდროულ ჩამოყალიბებას სხვადასხვა ორგანოში – თავის ტვინში, გულში, ფილტვში. ანევრიზმის განშრევება და გახეთქვა ვლინდება ძლიერი ტკივილით, წნევის უეცარი დაცემით, რომელიც არ ემორჩილება მედიკამენტურ მკურნალობას, ხოლო თრომბოემბოლიური გართულებები ლოკალიზაცის მიხედვით იძლევა სხვადსხვა კლინიკურ სურათს: შესაძლოა განვითარდეს ჰემიპარეზი, ინფარქტი, ინსულტი და ა.შ. 
რაც უფრო იმატებს ანევრიზმის ზომა, მისი გასკდომის რისკიც იმატებს. ყოველწლიურად ამ მიზეზით 15 000 ამერიკელი იღუპება.
ანევრიზმის გართულების შემთხვევაში პაციენტს არასტაციონარულ პირობებში ვერაფრით დავეხმარებით; იქვე მყოფ ახლობელს მოეთხოვება, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს მისი გადაყვანა შესაბამისი პროფილის დაწესებულებაში.
– როგორია დაავადების პროგნოზი?
– მკურნალობის გარეშე – არაკეთილსაიმედო. გართულების რისკი ანევრიზმის დიამეტრსა და ადგილმდებარეობაზეა დამოკიდებული. საოპერაციო პაციენტთა დაახლოებით 90%, რომელიც არ ან ვერ იტარებს ოპერაციას, ანევრიზმის გახეთქვის შედეგად უახლოესი 5 წლის განმავლობაში იღუპება. მასიური სისხლდენა იწყება რეტროპერიტონეალურ სივრცეში, თავისუფალ მუცლის ღრუში და სხვა. ამიტომ აორტის ანევრიზმის მქონე პაციენტები აუცილებლად სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იმყოფებოდნენ. ექიმის მითითების მიხედვით მათ ან შესაბამისი ოპერაციული მკურნალობა უნდა ჩაიტარონ, ან მედიკამენტური მკურნალობის ფონზე პერიოდულად აკონტროლონ ანევრიზმის მდგომარეობის დინამიკა.
აორტის ანევრიზმის განვითარების რისკფაქტორები (ამერიკის სამედიცინო ასოციაციის ჟურნალის მიხედვით)
. მოწევა – ანევრიზმის მქონეთა 90% მწეველია;
. მაღალი არტერიული წნევა – აფართოებს აორტის ლორწოვან შრეს;
. სქესი – მამრობითი;
. გენეტიკა – დაავადებები, რომლებიც აქვეითებს შემაერთებელი ქსოვლის სიმტკიცეს;
. ასაკი – წლების მატებასთან ერთად აორტა ნაკლებად ელასტიკური და მკვრივი ხდება;
. ინფექცია – შესაძლოა დააზიანოს გულისა და აორტის ლორწოვანი გარსი;
. ანთება – აორტის ანთებად ქსოვილებზე ჩნდება ნაწიბურები;
. ტრავმა – დაცემამ ან ავტოკატასტროფამ შესაძლოა აორტა დააზიანოს.

გააზიარე: