სიმსუქნის ეპიდემია ბავშვებში
გააზიარე:
გვესაუბრება თსსუ-ის ენდოკრინოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი, თბილისის ბავშვთა მთავარი ენდოკრინოლოგი, მედიცინის დოქტორი მარინა გორდელაძე
– წონა და მისი დინამიკა, ბავშვის ჯანმრთელობისა და ზრდა-განვითარების ძალიან მგრძნობიარე მაჩვენებელია. ამაზე საუბარი ჩვენში მით უფრო აქტუალურია, რომ ჯანმრთელად ხშირად მხოლოდ ლოყებღაჟღაჟა, ჩაპუტკუნებულ-ჩამრგვალებულ ბავშვებს მიიჩნევენ. ნებისმიერი დედა თუ ბებია ცდილობს, რაც შეიძლება უკეთესად გამოკვებოს თავისი თვალისჩინი. ზედმეტი კილოგრამები კი ლამის ეპიდემიად იქცეს და მსოფლიო წალეკოს.
სიმსუქნე, როგორც სოციალური პრობლემა, ბრიტანელებს ყოველწლიურად 15 მილიარდი გირვანქა სტერლინგი უჯდებათ, ხოლო ამერიკელებს – 75 მილიარდი დოლარი. ჭარბი წონა და სიმსუქნე დღეს მოსახლეობის ნახევარზე მეტს აწუხებს არა მარტო აშშ-ში, ევროპასა და ავსტრალიაში, არამედ ისეთ განსხვავებულ ქვეყნებშიც, როგორიც არის მექსიკა, ეგვიპტე და სამხრეთ აფრიკა. განვითარებული ქვეყნის მოზარდთა 15%-ს სიმსუქნე აღენიშნება, კიდევ 25%-ს – ჭარბი წონა. აშშ-ში ბავშვთა ასაკში სიმსუქნის გავრცელება 25-30%-ია. ორი უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში ბავშვებსა და მოზარდებში სიმსუქნის გავრცელების მაჩვენებელი თითქმის გასამმაგდა.
ალბათ, თვითონაც მიხვდით – მედიცინის მუშაკთა შეშფოთება მხოლოდ კოსმეტიკურ პრობლემას არ გამოუწვევია. ჭარბი წონა ისეთ საშიშ დაავადებებს უკავშირდება, როგორიც არის შაქრიანი დიაბეტი, არტერიული ჰიპერტენზია, ნაღველკენჭოვანი დაავადება, ონკოლოგიური პათოლოგიები… სულ ცოტა ხნის წინ ისინი მხოლოდ მოზრდილთა სნეულებებად მიიჩნეოდა, დღეს კი პედიატრიულ პრაქტიკაშიც გამოჩნდა და თანდათან ხშირდება. გარდა ამისა, სიმსუქნე არღვევს სქესობრივი მომწიფების პროცესს – გოგონებში აჩქარებს მას, ხოლო ვაჟებში ანელებს.
სიმსუქნესთან დაკავშირებული რისკებიდან გასაკუთრებით გამოვყოფ შაქრიან დიაბეტს – მძიმე ქრონიკულ დაავადებას ისეთი საშიში გართულებებით, როგორიც არის თირკმლის დაზიანება მის სრულ უკმარისობამდე, მხედველობის დაკარგვა, ქვედა კიდურების განგრენა, ინფარქტი, ინსულტი… დიაბეტის შემთხვევათა 90% ტიპ 2-ს (ინსულინდამოუკიდებელ ფორმას) მიეკუთვნება და მათი განვითარების ძირითად მიზეზად ჭარბი წონა ან სიმსუქნეა მიჩნეული. წინათ ეს დაავადება, ჩვეულებრივ, 40-45 წლის შემდეგ გვხვდებოდა, დღეს კი დიაგნოზს უკვე 11-19 წლის მოზარდებსაც ვუსვამთ. ჩემთვის, როგორც პედიატრისთვის, დედისთვის, მოქალაქისთვის, განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ით დაავადებულ ბავშვთა სიცოცხლის ხანგრძლივობა საერთო პოპულაციასთან შედარებით 20-27 წლით ნაკლებია. ამავე დროს უამრავმა კვლევამ დაადასტურა, რომ ფიზიკური აქტივობითა და დიეტით შესაძლებელია მეორე ტიპის დიაბეტის თავიდან აცილება ან გადავადება.
დიეტა ბავშვებისთვის
ბავშვებსა და მოზარდებში ჭარბ წონას დიეტოთერაპიით ვმკურნალობთ. დიეტა აუცილებლად ბალანსირებული და პროფესიონალის შერჩეული უნდა იყოს. არ შეიძლება მზარდი ორგანიზმისთვის აუცილებელი ინგრედიენტების რაციონიდან გამორიცხვა, თუმცა კარგიიქნება, თუ უარს ვიტყვით რაფინირებულ ნახშირწყლებზე – შაქარზე, საკონდიტრო ნაწარმზე, მურაბებზე... დიეტის ფონზე აუცილებელია ცხიმში ხსნადი ვიტამინების, ზოგ შემთხვევაში – კალციუმის პრეპარატების მიღება. ასევე აუცილებელია სწორად შერჩეული, დოზირებული ფიზიკური აქტივობა, სამკურნალო ფიზკულტურა, წყლის პროცედურები. ძლიერი ფიზიკური დატვირთვა რეკომენდებული არ არის.
საკუთარი პრაქტიკიდან გამომდინარე, მინდა გითხრათ, რომ ბავშვები მოზრდილებთან შედარებით ადვილად იკლებენ წონას, ოღონდ დდი მნიშვნელობა აქვს სწორ ფსიქოლოგიურ მიდგომას, ბავშვის მოტივირებას. პუბერტული ასაკის გოგონასთან შეიძლება გარეგნობის გაუმჯობესებაზე გავაკეთოთ აქცენტი, ბიჭებთან კი მამაკაცურ თვისებებზე. თუ სწორი ფსიქოლოგიური გასაღები მოიძებნა, წონის კორექცია ძნელი არ იქნება.
მინდა, მივმართო ბებიებსა და ბაბუებს, რომლებიც ჭარბ წონასთან ბრძოლისას ჩვენს მხარეს ძალიან იშვიათად არიან. მახსენდება ლამის ანეკდოტური შემთხვევა ჩემი პრაქტიკიდან: როდესაც ბავშვს დიეტა დავუნიშნე, ბაბუამისმა მკითხა, ეს საკვები ბავშვს ჭამამდე უნდა მივცე თუ ჭამის შემდეგო.
ბებიებო და ბაბუებო, ენდეთ პროფესიონალების რჩევას: კანფეტები, ტორტები, მურაბები თქვენს შვილიშვილს სარგებლობას ნამდვილად არ მოუტანს.
წინასწარი ზომები
საყოველთაო ჭეშმარიტება, რომ მკურნალობას პრევენცია სჯობს, ჭარბ წონასთან მიმართებითაც სწორია. თუ გსურთ, ბავშვის წონა ყველა ასაკში ნორმის ფარგლებში დარჩეს, ჯანსაღი კვება და ფიზიკური აქტივობა ოჯახურ ტრადიციად აქციეთ. ნებისმიერ ქადაგებას და ნოტაციას სჯობს, შვილებისთვის თვითონ იქცეთ მაგალითად. დართეთ ნება, თავიანთი წვლილი შეიტანონ ჯანსაღი საკვების დაგეგმვასა და მომზადებაში, მიეცით არჩევანის საშუალება. ზოგ ქვეყანაში ორგანიზებულია საბავშვო ბაღები, სადაც ბავშვებს უფროსების დახმარებით მოჰყავთ პროდუქტები და თვითონვე ამზადებენ ჯანსაღ საკვებს.
ხშირად ბავშვებს მავნე ჩვევებს ჩვენ თვითონვე ვუყალიბებთ, ამიტომაც:
- ნუ დააჯილდოებთ ბავშვს ტკბილეულით კარგი საქციელისთვის. ნუ შეეცდებით, კამფეტებით აღკვეთოთ მისი ცელქობა.
- ნუ მოსთხოვთ, კერძი ბოლომდე შეჭამოს. მიაჩვიეთ, მხოლოდ მაშინ ჭამოს, როცა მოშივდება.
- ბევრს ნუ ილაპარაკებთ “მავნე საკვებზე“. ნურც საყვარელ ტკბილეულს გამორიცხავთ ბავშვის რაციონიდან – აკრძალული ხილი, ხომ იცით, გემრიელია, ბავშვებს კი აჯანყება სჩვევიათ.
კიდევ რამდენიმე რჩევა:
- თუ შესაძლებელია, ბავშვს აუცილებლად აწოვეთ ძუძუ. მრავალ სხვა სიკეთესთან ერთად ბუნებრივი კვება წონის ჭარბ მატებასაც უშლის ხელს.
- რაც შეიძლება ადრე დაიწყეთ სასარგებლო ჩვევების ჩამოყალიბებაზე ზრუნვა. მცირე ასაკიდანვე შესთავაზეთ ბავშვს მრავალფეროვანი და ჯანსაღი რაციონი. ზოგჯერ ათი ცდაც არ კმარა, ბავშვი ახალ გემოს რომ მიეჩვიოს. ასე რომ, მოთმინებით აღიჭურვეთ.
- ყოველდღე ასაუზმეთ.
- ეცადეთ, მთელმა ოჯახმა ერთად ისადილოთ. ყოველდღიურად მიირთვით სხვადასხვა ხილი და ბოსტნეული.
- არ მისცეთ ბავშვს უფლება, დიდხანს იჯდეს ტელევიზორთან ან კომპიუტერთან. გადაააჩვიეთ ტელევიზორის ყურებისას ჭამას.
- ხელი შეუწყვეთ, რომ ფიზიკურად იაქტიუროს. დაეხმარეთ მოძებნოს სპორტის სახეობა, რომელიც შეუყვარდება და მთელი ცხოვრება არ მიატოვებს. ნუ აიძულებთ მანცდა მაინც თქვენს მიერ ამორჩეულ სექციაში იაროს.
- თუ შეამჩნიეთ, რომ ბავშვმა დროის მცირე მონაკვეთაში მკვეთრად მოიმატა წონაში, კანზე გაუჩნდა პიგმენტური ლაქები, ნახეთქები. დაერთვა სქესობრივი მომწიფების ვადები, აუცილებლად მიმართეთ ბავშვთა ენდოკრინოლოგს;
- დაბოლოს, ყველაზე მთავარი: აგრძნობინეთ პატარას, რომ განურჩევლად იმისა, რამდენს იწონის, ძალიან გიყვართ და გინდათ დაეხმაროთ, იყოს ბედნიერი, ჯანმრთელი და წარმატებული.