ახალშობილის მოვლის ანა-ბანა

გააზიარე:

მშობიარობის რთული პროცესი უკან მოიტოვეთ. ახლა თქვენ მიერ სამყაროში ახლად მოვლენილ ადამიანზე უნდა იზრუნოთ. ადამიანის ნაშიერი ერთ-ერთი ყველაზე დაუცველია ძუძუმწოვართა ნაშიერებს შორის. მას ნელა უვითარდება გადარჩენისთვის საჭირო რეფლექსები და ცნობიერება, ამიტომ უნდა მოვარიდოთ ყველაფერს, რასაც მისთვის ვნების მიყენება შეუძლია, სათუთად უნდა ვიზრუნოთ მასზე, ვინაიდან სამყაროს ბავშვისეული აღქმა კომფორტის, მზრუნველობისა და სიყვარულის განცდით იწყება.

 

ფიზიკური საჭიროებები

პამპერსი

სანამ თქვენი პატარა წამოიზრდება, პამპერსთან ურთიერთობაში საკმაოდ ბევრ დროს გაატარებთ. ერთ ახალშობილს დაახლოებით ხუთი ათასი პამპერსი სჭირდება. მაგრამ მოდი, ამ საკითხს სხვაგვარად შევხედოთ.

მშობლების უმეტესობა პამპერსის გამოცვლას უსიამოვნო პროცედურად აღიქვამს, თუმცა ამ რამდენიმე წუთის განმავლობაში გაცილებით მეტი ხდება, ვიდრე უბრალოდ დასვრილი საფენის სუფთათი შეცვლაა. ამ დროს ახალშობილი გრძნობს და ეჩვევა თქვენს შეხებას, ესმის თქვენი ხმა, ახლოდან ხედავს და სწავლობს თქვენს სახეს და თვითონაც ცდილობს თქვენთან კომუნიკაციას – ჭყიპინებს, ღუღუნებს და გიღიმით. ამიტომ პამპერსის გამოცვლის დრო ჩვილთან ურთიერთობისთვის გამოიყენეთ. ეცადეთ, უკმაყოფილება არ გამოხატოთ. თქვენი სახე ბავშვისთვის სარკეა.

როგორ შევარჩიოთ

როგორ პამპერსს შეარჩევთ, ბიოდეგრადირებადს თუ ჩვეულებრივს, თქვენი გადასაწყვეტია, მაგრამ სასურველია, ის მთლიანად ბუნებრივი მასალისა იყოს, რომ ახალშობილს კანი არ გაუღიზიანოს. შესაძლოა, ძებნა მოგიწიოთ, მაგრამ მთავარი ხომ ბავშვის კომფორტია და არა თქვენი.

როგორ გამოვუცვალოთ

უპირველეს ყოვლისა, ყველაფერი ახლოს მოიწყვეთ: სუფთა პამპერსი, სველი ხელსახოცები, ახალშობილის კანის მოვლის საშუალებები (კრემი ან ტალკი), თუ საჭიროა – სუფთა ტანსაცმელიც, რომ, როცა გამოცვლას შეუდგებით, მთელი ყურადღება ბავშვზე გადაიტანოთ.

გაითვალისწინეთ:

* ბავშვებს უყვართ მოშარდვა, როდესაც შიშვლები არიან, ასე რომ, სიურპრიზისთვის მზად იყავით. მოიმარაგეთ დამატებითი ტანსაცმელი და პამპერსი.

* სიცოცხლის პირველ დღეებში ახალშობილს დღეში 1-2-ჯერ აქვს კუჭის მოქმედება. პირველი კვირის ბოლოსთვის ეს რიცხვი შესაძლოა ათამდე გაიზარდოს – პატარას იმდენჯერ ჰქონდეს კუჭის მოქმედება, რამდენჯერაც შეჭამს. ახალშობილის საჭმლის მომნელებელი სისტემა თანდათან მომწიფებას იწყებს და კუჭის მოქმედებაც იშვიათდება. ერთი თვის შემდეგ, როცა პატარა ახალ რეჟიმზე გადავა, გამოუცვალეთ პამპერსი უშუალოდ ჭამის წინ, რომ კვების პროცესი პამპერსის გამოცვლამ არ შეაფერხოს და ვინაიდან კუჭის მოქმედება ჭამაზე აღარ იქნება დამოკიდებული, დანაყრებული და სუფთა პატარა გეყოლებათ, რაც საშუალებას მოგცემთ, ჭამის შემდეგ სხვა საქმე აკეთოთ.

თუ გაქვთ საშუალება, ახალი პამპერსის ჩაცმამდე პატარა დაბანოთ, ნუ დაიზარებთ. განსაკუთრებით – ზაფხულის ცხელ დღეებში, რომ კანის გაღიზიანებისა და გამონაყარისგან დაზღვეული იყოთ.

პამპერსის გამონაყარი იშვიათი არ არის, მაგრამ თუ ის მეტისმეტად ხშირად ჩნდება, ექიმს დაუკავშირდით. მით უმეტეს – თუ გამონაყარი ორ-სამ დღეზე მეტია გრძელდება, თანდათან უარესდება, ცხელება ერთვის ან მტკივნეულია, მუქი წითელია ან ბუშტუკოვანი.

დაზიანებული კანი მგრძნობიარეა ბაქტერიებისა და სოკოების მიმართ, ინფექციამ კი შესაძლოა მდგომარეობა უფრო მეტად გააუარესოს. გამონაყარიან ადგილებზე უფრო სათუთად შეეხეთ და გულმოდგინედ დაუმუშავეთ ისე, როგორც ექიმი გირჩევთ.

გაითვალისწინეთ გოგონებისა და ბიჭებისთვის პამპერსის გამოცვლის წესებიც:

* თუ არ ჩაბანთ, გაუწმინდეთ შორისი თბილი წყლით დასველებული პირსახოცით, განსაკუთრებით – სიცოცხლის პირველ კვირებში. არასათანადოდ დამუშავებული გარეთა სასქესო ორგანოები შესაძლოა გაღიზიანდეს.

* გოგონას კარგად გაუსუფთავეთ სასქესო ბაგეები და ყოველთვის ამოძრავეთ პირსახოცი წინიდან უკან, რომ ვულვის დაბინძურებისა და საშარდე გზების ინფექციისგან თავი დაიზღვიოთ.

* ბიჭებს ჩუჩას ნუ გადაუწევთ, ისე გაუწმინდეთ კანი. შორისი, გოგონების მსგავსად, მხოლოდ ერთ მიმართულებით გაუსუფთავეთ – წინიდან უკან, პამპერსის შეკვრამდე კი ყურადღება მიაქციეთ, რომ ასო ქვემოთ იყოს მიმართული, რათა მოშარდვისას შარდის ნაკადი გარეთ არ გადმოვიდეს.

ჭიპის მოვლა

სამშობიარო ბლოკში ჭიპლარის გადაჭრისას პატარას ჭიპის ახლოს პლასტმასის სპეციალურ კლიპს ადებენ, რომ ჭრილობამ ადვილად შეიკრას პირი და სამედიცინო გართულებები არ განვითარდეს. ამ კლიპს სამშობიარო სახლშივე, 24 საათის შემდეგ ხსნიან. სიცოცხლის პირველ დღეებში ჭიპის რგოლი შესაძლოა შეშუპებული იყოს. ამის შემდეგ ის გაშრობას და შეჭმუხვნას დაიწყებს და 2-3 კვირის შემდეგ მოძვრება.

უნდა გახსოვდეთ, რომ  ჭიპი ჭრილობაა, რომელსაც სათუთი მოვლა სჭირდება. ის არ უნდა გააღიზიანოს პამპერსის კიდემ ან ტანსაცმელმა, არ უნდა დაინფიცირდეს და მშრალი უნდა იყოს, რომ სწრაფად და კარგად შეხორცდეს. ექიმი შეგირჩევთ სპეციალურ ანტისეპტიკურ საშუალებას, რომლითაც ჭიპის ფუძეს დღეში რამდენჯერმე დაამუშავებთ პამპერსის გამოცვლისას. როდესაც ჭრილობა შეხორცდება და ჭიპლარის ნაწილიც მოძვრება, დამუშავება კიდევ რამდენიმე დღე გააგრძელეთ.

თუ ჭიპის არე შესამჩნევად შეშუპდა, გაწითლდა, მგრძნობიარე ან მტკივნეული გახდა, არასასიამოვნო სუნი ან ჩირქისმაგვარი გამონადენი გაუჩნდა, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

ფრჩხილების მოვლა

ზოგიერთი ახალშობილი ისეთი გრძელი ფრჩხილებით იბადება, რომ მაშინვე უნდა დააჭრან, რომ სახე არ გაიკაწროს. ახალშობილს ხელის ფრჩხილები მოზრდილზე სწრაფად ეზრდება. დაჭრის პროცედურა ნუ შეგაშინებთ. თუ ყველაფერს სწორად გააკეთებთ, საშიში არაფერია.

ეცადეთ, ახალშობილს ფრჩხილები ღრმა ძილის ფაზაში დააჭრათ. ამისთვის სულ რამდენიმე წუთი დაგჭირდებათ და არც ბავშვს დაუფრთხობთ ძილს. ღრმა ძილის ფაზის ამოცნობა არც ისე ძნელია: ამ დროს ახალშობილს კიდურები მაქსიმალურად აქვს მოდუნებული, ხოლო მკლავები – თავისუფლად გადაშილი.

გამოიყენეთ მხოლოდ საბავშვო, ფრჩხილებისთვის განკუთვნილი, ბოლოებმომრგვალებული მაკრატელი, რომ უნებლიეთ არ დააშავოთ პატარა. ფრჩხილები ამ ასაკში ქაღალდივით თხელია და ადვილად იჭრება.

კანი რომ არ გაუჭრათ, თითის ბალიშს ისე დააწექით, რომ კანსა და ფრჩხილს შორის ადგილი გამოჩნდეს.

თუ ფრჩხილის მოჭრისას ბავშვს თითიდან სისხლი წამოუვა, მაშინვე შეწყვიტეთ პროცედურა, დააწვეთეთ ჭრილობაზე ანტისეპტიკური ხსნარი, ბამბის ბურთულა დაადეთ, მსუბუქად დააწექით და ცოტა ხანს ასე გეჭიროთ.

ფეხის ფრჩხილები ჩვილს შედარებით ნელა ეზრდება. ფრჩხილის წვერი შესაძლოა კანით იყოს დაფარული, რაც მის მოჭრას ართულებს. ეს ნუ შეგაშინებთ – პატარებში ფრჩხილის ჩაზრდა ძალიან იშვიათია.

თუ მაინც გეშინიათ ან რეგულარულად ვერ ახერხებთ ბავშვისთვის ფრჩხილების დაჭრას, გირჩევთ, დამცავი ხელთათმანები ჩააცვათ.

ბანაობა

ახალშობილებს ბევრი საჭიროზე ხშირად აბანავებს. ჩვილები ასე ადვილად არ ისვრებიან, განსხვავებით იმ ასაკის ბავშვებისგან, რომლებიც ხოხვასა და სიარულს სწავლობენ.

პირველად როდის ვაბანაოთ ახალშობილი, ჯერ კიდევ საკამათოა. ზოგი ექსპერტი რეკომენდაციას უწევს ბავშვის არა დაბანას, არამედ საბავშვო ღრუბლით გაწმენდას, ვიდრე ჭიპის ჭრილობა არ შეხორცდება, ზოგი – პირიქით. როგორც არ უნდა იყოს, ეს თქვენი და თქვენი ექიმის გადასაწყვეტია.

ხშირად დასმული კითხვები

* ჩვილი მხოლოდ მისთვის განკუთვნილ პატარა აბაზანაში უნდა დაბანოთ. არ დაგავიწყდეთ წყლის ტემპერატურის შემოწმება სპეციალური თერმომეტრით. სასურველია, ის სხეულისას უახლოვდებოდეს, რაც ამ ასაკის ბავშვისთვის 37-38 გრადუსია ცელსიუსის სკალით.

* დაბანის სიხშირე იმაზეა დამოკიდებული, რამდენად ხშირად ისვრება ბავშვი. კვირაში ერთხელ ან ორჯერ დაბანა სავსებით საკმარისია. ოღონდ პამპერსის გამოცვლისას ჰიგიენის ყველა წესი უნდა დაიცვათ და ახალშობილს ზოგი ადგილი ყოველდღე გაუწმინდოთ სუფთა სველი პირსახოცით, განსაკუთრებით – ზაფხულობით და გაოფლიანებისას. ასეთი ადგილებია ყურების უკანა არეები, კისრის ნაოჭები, საზარდული, ფეხის ნაკეცები.

* ბანაობისას საპნისა და შამპუნის გამოყენების აუცილებლობაზე ბევრი რამ შეიძლება ითქვას. არსებობს ბავშვებისთვის განკუთვნილი საბანაო საშუალებები, რომლებიც კანის გამაღიზიანებელ  ნივთიერებებს არ შეიცავს. რამდენი და რა სიხშირით გამოიყენოთ, დაკვირვების შედეგად მიხვდებით.

შამპუნის გამოყენება სასურველია დაბადებიდან 3-4 კვირის შემდეგ, ისიც მხოლოდ მაშინ, თუ პატარას ხშირი და გრძელი თმა აქვს.

არც შამპუნი და არც საპონი დიდხანს არ დაუტოვოთ ბავშვს კანზე – 2-3 წუთში ჩამობანეთ.

სახე კი სასურველია მხოლოდ წყლით დაბანოთ და ეცადოთ, ქაფი თვალებში არ ჩაუვიდეს.

* სისუფთავე კარგია, მაგრამ ზედმეტი ნუ მოგივათ. პატარას თავისი უნიკალური სუნი უნდა ჰქონდეს, ისევე როგორც დედიკოს (ეცადეთ, ბავშვის გაჩენის შემდეგ პირველ თვეებში პარფიუმერია არ გამოიყენოთ) – ერთმანეთის ბუნებრივი სუნის შეცნობა კიდევ უფრო განამტკიცებს დედასა და შვილს შორის სათუთ კავშირს.

* და მთავარი რჩევა: აქციეთ ბანაობა გართობად. ეს კიდევ ერთი გზაა პატარასთან სოციალური ურთიერთობის დასამყარებლად. განსაკუთრებით მაშინ, როცა ბავშვი ბანაობისას ჭირვეულობს. ეს მხოლოდ გამოუცდელობით მოსდის – ყველა პატარას უყვარს ჭყუმპალაობა, უბრალოდ, ამ პროცესის სასიამოვნო მხარე უნდა დაანახოთ.

აუცილებელი ფიზიკური საჭიროებების დაკმაყოფილებასთან ერთად ახალშობილს დამატებითი კომფორტიც სჭირდება.

როგორ ჩავაცვათ

საზოგადოდ, მიღებულია, რომ ახალშობილსაც ისევე ჩავაცათ, როგორც მოზრდილი ჩაიცვამდა იმავე გარემოში, პლუს სამოსის ერთი შრე – თხელი გადასაფარებელი ან მოსაცმელი. უნდა მიეჩვიოთ ბავშვის სხეულის ტემპერატურის გარჩევას: თუ ხელ-ფეხი ტანთან შედარებით გრილი ან ცივი აქვს, ესე იგი დამატებითი სითბო სჭირდება; თუ თავი და კისერი უოფლიანდება, სამოსი უნდა მოუშილიფოთ ან ძილისთვის განკუთვნილ გარემოში რამდენიმე გრადუსით დასწიოთ ტემპერატურა. დღენაკლულ პატარებს ცხიმოვანი ქსოვილი ნაკლებად აქვთ განვითარებული, შესაბამისად, თბორეგულაცია უჭირთ. მათ უფრო თბილად უნდა ჩააცვათ.

ბამბის ქსოვილის სამოსი ყველაზე ოპტიმალურია ჩვილისთვის. ის იწოვს ზედმეტ ტენს სხეულიდან და უზრუნველყოფს ჰაერის ცირკულაციას, შესაბამისად, სხეული არ გადახურდება.

პატარას ტანსაცმელი არც უნდა უჭერდეს და არც ისე ხალვათად ჰქონდეს, რომ მხრებიდან უცურდებოდეს. სამოსს არ უნდა ჰქონდეს ზონარები – არსებობს საშიშროება, თამაშის ან ძილის დროს ჩვილს კისერზე შემოეხვიოს.

თუ პატარას თავის საწოლში სძინავს, აუცილებლად უნდა იქონიოთ სეზონის შესაბამისი გადასაფარებლები. თუ მშობლებთან მოუწია ძილი, მათ სითბოს მიიღებს. გადახურების თავიდან ასაცილებლად კი უფრო მსუბუქად ჩააცვით და აღარც გადასაფარებელი დაგჭირდებათ.

როგორ მოვაწყოთ საბავშვო ოთახი

სამი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომლებიც უნდა გაითვალისწინოთ ბავშვის ოთახის მოწყობისას, თბორეგულაცია, განათება და ვენტილაციაა. სასურველია, ოთახს დღის გარკვეულ მონაკვეთში მაინც ადგებოდეს მზე და ჰქონდეს კარგად იზოლირებული ფანჯარა, რომ პერიოდულად გაანიავოთ.

ოთახის ტემპერატურა სასურველია 20-210ჩ იყოს, ხოლო ტენიანობა – 50%. მშრალი ჰაერი ხშირად აშრობს ცხვირის ლორწოვანს და სუნთქვას აძნელებს. ოპტიმალური ტენიანობა დადებით გავლენას ახდენს ძილზეც. ტემპერატურა-ტენიანობის მთავარი წესი ასეთია: თუ ტემპერატურა იმატებს, ტენიანობამაც უნდა მოიმატოს.

ზამთარში გათბობის ყოველგვარი საშუალება აშრობს ჰაერს, ამიტომ იზრუნეთ ოთახის დატენიანებაზე. ნუ მოერიდებით ფანჯრის გაღებას – სუფთა ჰაერი წელიწადის ყოველ დროს საჭიროა, ოღონდ ყურადღება მიაქციეთ, რომ პატარა ორპირ ქარში არ მოხვდეს.

ძილის პოზიციები

მიუხედავად იმისა, რომ ახალშობილებს მუცელზე წოლა უყვართ, ბავშვი აუცილებლად ზურგზე დააძინეთ! უკეთესად ძილი არ ნიშნავს უსაფრთხოდ ძილს. ახალშობილთა უეცარი სიკვდილის სინდრომი სწორედ ძილის დროს მუცელზე წოლასთანაა დაკავშირებული, ზურგზე წოლა კი უეცარი სიკვდილის ალბათობას 50%-ით ამცირებს. ჩვილები, რომლებსაც ზურგზე სძინავთ, უფრო ადვილად ფხიზლდებიან, რაც ახალშობილთა უეცარი სიკვდილის სინდრომისგან დამცავ მექანიზმად არის მიჩნეული.

როდის გავიყვანოთ გარეთ

ახალშობილის სიცოცხლის პირველ თვეს მნიშვნელოვანია მის გარშემო მუდმივი ტემპერატურისა და ტენიანობის შენარჩუნება, ვინაიდან ბავშვის სხეულს სითბოს რეგულაციის მექანიზმები ჯერ არ გააჩნია. თავიდან უნდა ავიცილოთ ტემპერატურის სწრაფი და ექსტრემალური ცვლილებები. თუ თქვენი პატარა დროულია, აქვს კარგი წონა და კარგად განვითარებული ცხიმოვანი ქსოვილი, მაგალითად, ზამთარში სახლსა და მანქანაში ტემპერატურებს შორის სხვაობა მასზე ნაკლებად სტრესულად იმოქმედებს, ხოლო თუ სახლისა და გარემოს ტემპერატურა სულ რამდენიმე გრადუსით განხვავდება ერთმანეთისგან, ახალშობილს სიცოცხლის პირველსავე დღეებში შეგიძლიათ გააცნოთ გარესამყარო.

გახსოვდეთ: ბავშვს სეირნობა კი არა, ავადმყოფებთან კონტაქტი ხდის ავად. ასე რომ, ნურც თქვენ მოიკლებთ და ნურც თქვენს პატარას მოაკლებთ ამ საერთო სიამოვნებას.

მატყუარა

ბავშვის აღზრდის არც ერთი საკითხი არ იწვევს იმდენ კამათს, რამდენსაც მატყუარას გამოყენება. პატარებს წოვის უძლიერი რეფლექსი და მოთხოვნილება აქვთ – ეს ფაქტია, რომელსაც ვერსად წავუვალთ. განსაზღვრულ ასაკამდე ამ რეფლექსის წახალისება და შენარჩუნება აუცილებელიც კია – რაც უფრო ყოჩაღად წოვს პატარა, მით უფრო უკეთესად იკვებება. მეტიც – პატარები საკუთარ ცერს ჯერ კიდევ საშვილოსნოში წოვენ. ასე რომ, მატყუარას გამოყენება გამართლებულია. ცუდი ის არის, რომ ხშირად მას ბოროტად იყენებენ.

გახსოვდეთ: როდესაც პატარა ძუძუთი კვებას სწავლობს, ის ძუძუსთავზე მოჭიდებას და რაც შეიძლება მეტი რძის ნაკლები ძალისხმევით მოპოვებას ეჩვევა, მატყუარას ფორმა კი დვრილის ფორმისგან განსხვავდება. მატყუარას პატარა ფუძე აქვს, ამიტომ ბავშვს პირის ფართოდ გაღება აღარ უწევს, წარმატებული ძუძუთი კვებისთვის (დვრილზე მოჭიდებისთვის) კი პირის ფართოდ გაღებაა საჭირო. ამან შეიძლება დააბნიოს პატარა, მით უმეტეს – თუ დღენაკლული დაიბადა: ამ დროს რეფლექსების უმეტესობა უმწიფარია და ახალშობილს უფრო მეტად უჭირს გარემოსთან ადაპტირება.

პატარას შეიძლება არ მოეწონოს მატყუარას ტექსტურა, სუნი და გემო და არ მიიკაროს, ზოგს კი, პირიქით, მატყუარადან ძუძუთი კვებაზე გადასვლა უჭირს.

მატყუარა მშობლების კარგი მეგობარია, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ ის ბავშვის საჭიროებისთის შეიქმნა და არა მშობილების კომფორტისთვის.

ისეთ სიტუაციაში, სადაც ხმაური უხერხულია, მატყუარა შესანიშნავ დამხმარედ მოგევლინებათ. გარდა ამისა, ის დადებითად მოქმედებს ნერწყვის წარმოქმნაზე, რომელიც საჭმლის მომნელებელი ერთ-ერთი წვენია. ზოგჯერ კი პატარა კარგადაა დანაყრებული, მაგრამ მაინც აქვს წოვის სურვილი და ვერ იძინებს – მატყუარა სწორედ ასეთი შემთხვევებისთვისაა.

მთავარი რჩევა, რაც ამ საკითხთან მიმართებით შეიძლება მივცეთ მშობლებს, ის არის, რომ თუ ცდილობთ, პატარას ძუძუ აწოვოთ, მატყუარასთან მის დამეგობრებას ნუ იჩქარებთ. ის კომფორტულია, მაგრამ ფარავს ყველაზე ძვირფასს – პატარას ღიმილს.

სესილი ცირეკიძე

გააზიარე: