ორსულობა და საშარდე სისტემა

გააზიარე:

ორსულობისას ქალის ორგანიზმი მრავალფეროვან გარდაქმნას განიცდის. გარდა ხილული ცვლილებებისა, რომლებიც ორსულობის ვადის მატებასთან ერთად უფრო და უფრო შესამჩნევი ხდება, თავს იჩენს უხილავი, ფარულად მიმდინარე ძვრები. ეს გასაგებია – შრომის ცხრათვიან, ახლებურ რეჟიმს ხომ ყველა ორგანო უნდა მოერგოს. სწორედ ასე იქცევა შარდის გამომყოფი სისტემა, მაგრამ ვიდრე მის გარდაქმნებზე გესაუბრებოდეთ, აგებულებასა და ფუნქციებზე მოგახსენებთ.

რთული გზის შესახებ

შარდი გარეთ გამოსვლამდე ფილტრაციის რთულ გზას გადის. ფილტრის მთავარი აპარატი თირკმელებშია “ჩამონტაჟებული”. სწორედ აქ იწყება შარდის წარმოქმნა და მოგზაურობა. 

საშარდე სისტემას ქმნის წყვილი თირკმელი, მათგან გამომავალი შარდსაწვეთები (შესაბამისად, ისინიც წყვილია), შარდის ბუშტი და შარდსადენი, რომელიც ბოლო გაჩერება გახლავთ. სისხლი, რომელიც თირკმელებში, ლობიოსმაგვარ წყვილ ორგანოში მიედინება, მაქსიმალურად იწმინდება ცვლის პროდუქტებისგან და წარმოიქმნება შარდი. უფრო მეტად თუ დავწვრილმანდებით, გეტყვით, რომ თითოეულ თირკმელში ოთხ მილიონამდე (ორივეში – ორჯერ მეტი!) მწყობრად ჩალაგებული უწვრილესი მილაკი მდებარეობს, დასაწყისში კი დახვეული სისხლძარღვებისგან წარმოქმნილი ბურთულაა, რომელსაც გორგლის კაფსულას უწოდებენ. სწორედ აქედან იღებს სათავეს სისხლის ფილტრაციის ურთულესი პროცესი.

გორგლის კაფსულაში ფილტრაციის შედეგად წარმოქმნილი სითხე მილაკებში იღვრება. შესაძლოა, ძნელი წარმოსადგენი იყოს, მაგრამ ყოველდღიურად 140 ლ-მდე ასეთი სითხე იფილტრება. ამგვარად წარმოიქმნება პირველადი შარდი.

მილაკებში ჩაღვრილი სითხე ხელმეორე შეწოვას (რეაბსორბციას) განიცდის და მხოლოდ ამ ორმაგი გაფილტვრის შემდეგ ხვდება ჯერ თირკმლის ფიალებში, შემდეგ კი შარდსაწვეთების საშუალებით  – შარდის ბუშტში.

შარდის ბუშტი ელასტიკური კუნთოვანი ტომარაა, რომელშიც შარდი დროებით გროვდება და მალევე გამოიდევნება. ამ რეზერვუარიდან შარდი შარდსადენი მილის საშუალებით გამოიყოფა. იმ ადგილის გარშემო, სადაც მილი შარდის ბუშტიდან გამოდის, ჩაქსოვილია კუნთი, რომელსაც შარდის ბუშტის სპინქტერი ეწოდება და რომელსაც უნდა ვუმადლოდეთ, რომ მხოლოდ სურვილის მიხედვით გვიწევს საპირფარეშოს მონახულება.

ცხრათვიანი სირთულეები

ფეხმძიმობის დროს თირკმლებს, ისევე, როგორც ორგანოთა უმრავლესობას, ორმაგი დატვირთვით უხდება მუშაობა: ისინი არა მარტო ქალს, არამედ ნაყოფსაც ემსახურება. მეორე და მესამე ტრიმესტრებში (ბოლო ექვსი თვის მანძილზე) თირკმლის კაპილარებში ფილტრაციის პროცესი ნაკლები ინტენსივობით მიმდინარეობს, ხოლო მილაკებში უკუშეწოვა ჩვეული რიტმით გრძელდება. ყოველივე ამის შედეგად ქალის ორგანიზმში სითხე ჭარბად კავდება, რასაც ორსულობის მიწურულს ქვედა კიდურების უმნიშვნელო შეშუპება მოჰყვება. შესაძლოა, ამ დროისთვის სხეულში შეკავებული სითხის მოცულობამ 7 ლიტრამდე მიაღწიოს.

საზოგადოდ, თირკმელები ორსულობის პერიოდში ერთ უჩვეულო (თუმცა ფრიად მისასალმებელი) თვისებას იძენენ: ისინი შედარებით ნაკლებ სისხლს მოიხმარენ. ამით თითქოს ზოგავენ სისხლის მარაგს, რომელიც სხვა ორგანოებს ადრინდელზე მეტი სჭირდებათ.

ზოგიერთ ორსულს ხშირად აღენიშნება ორთოსტატიკური პროტეინურია, რომელიც შემდეგნაირად ვლინდება: თუ ქალს ზურგზე ეძინა, საწოლიდან წამოდგომისთანავე ანალიზისთვის ჩაბარებულ შარდში ცილა გამოჩნდება. ამის მიზეზად ქვედა ღრუ ვენაზე (რომელიც თირკმელებიდან სისხლის გადინებას უზრუნველყოფს) საშვილოსნოს ზეწოლას მიიჩნევენ, რაც, როგორც ჩანს, შარდის შემადგენლობაზე მოქმედებს.

ხდება ისეც, რომ ფეხმძიმე ქალბატონს გლუკოზურიის დიაგნოზს უსვამენ. როგორც მიხვდით, ეს დიაგნოზი შარდში შაქრის გამოჩენაზე მიგვითითებს. თუ სისხლში გლუკოზის დონე ნორმის ფარგლებშია,  გლუკოზურიის მიზეზი ფილტრაციის გააქტიურებაა და არა ის პათოლოგიური ძვრები, რომლებიც შაქრიან დიაბეტს იწვევს. ამგვარი “ცრუ შაქარი” მშობიარობისთანავე უკვალოდ ქრება.

ფეხმძიმობის დროს გადიდებული საშვილოსნო შარდის ბუშტს აწვება, რაც მოშარდვის სურვილის გახშირებას იწვევს. ზოგჯერ ამგვარი ცვლილება ფეხმძიმობის პირველივე ტრიმესტრიდან ხდება შესამჩნევი.

შესამჩნევად გაზრდილი საშვილოსნოს ზეწოლის გამო შარდის ბუშტის ფუძე ზემოთ იწყებს ანაცვლებას, რასაც შარდსაწვეთების უმნიშვნელო დაჭიმვა და დაგრძელება მოჰყვება.

არის შემთხვევები, როდესაც საშვილოსნო შარდსაწვეთებზეც ახდენს ზემოქმედებას, რაც თირკმელებიდან შარდის ჩამოდინებას აბრკოლებს. სპეციალისტთა დაკვირვებით, უმეტესად მარჯვენა შარდსაწვეთი იჩაგრება, ვინაიდან ფეხმძიმობისას საშვილოსნო ხშირად უმნიშვნელოდ ტრიალდება მარჯვნივ.

ცნობილია, რომ ორსულობისას ორგანიზმის ჰორმონული ფონი საგრძნობლად იცვლება. ამ გარდაქმნების გამო შარდსადენი მილი და შარდსაწვეთები ფართოვდება (როგორც ჩანს, კუნთების მოდუნების ხარჯზე). ამის შედეგად მავნე მიკროორგანიზმები უფრო იოლად აღწევენ მილაკებში, ამიტომაც ორსულებს მაღალი აქვთ შარდგამომყოფი ორგანოების მწვავე ინფექციური პათოლოგიების აღმოცენებისა და ქრონიკული შემთხვევების გამწვავების რისკი.

შარდგამომყოფი სისტემის პათოლოგიებს შორის ორსულები ყველაზე ხშირად პიელონეფრიტი ემართებათ. ამ დროს აღმავალი გზით (შარდსადენი მილიდან, რომელიც ქალებს მამაკაცებთან შედარებით ისედაც მოკლე და განიერი აქვთ) მიკროორგანიზმები იოლად აღწევენ თირკმლის გაფართოებულ ნაწილში –  ფიალებში, იქ იბუდებენ და ანთებით პროცესს უდებენ სათავეს. 

სხეულის ტემპერატურის მატება, ტკივილი წელის არეში, დისკომფორტი, წვის შეგრძნება შარდვის დროს (თუმცა ეს სიმპტომი ყოველთვის არ იჩენს თავს) საშარდე სისტემის ინფექციურ (ბაქტერიულ)  პათოლოგიაზე მიგვანიშნებს. თუ ორსული მსგავსმა ჩივილებმა შეაწუხა, უთუოდ ექიმს უნდა ეწვიოს.

გაითვალისწინეთ: შარდის გამომყოფი ორგანოების ინფექციებისგან თავდაცვა, უდავოა, ყველას სჭირდება, მაგრამ განსაკუთრებული ყურადღება მაინც ორსულებს მართებთ, ამიტომ გირჩევთ:

. რეგულარულად დაიცალოთ შარდის ბუშტი – საჭირო ოთახს ყოველი საჭიროებისას მიაკითხოთ.
. მიიღოთ მეტი სითხე. ამგვარი ტაქტიკა შარდის ოდენობას გაზრდის და შარდის ბუშტის ბაქტერიებისგან უფრო სწრაფ გათავისუფლებას შეუწყობს ხელს. თუ შეშუპება გაწუხებთ, დაეკითხეთ ექიმს, დასაშვებია თუ არა თქვენთვის სითხის ჭარბად მიღება.
. ერიდოთ მწარე, მჟავე, სუნელებით შეზავებულ კერძებს. მწნილი, მარინადი, ალკოჰოლი მხოლოდ კუჭის ლორწოვანს როდი აღიზიანებს – ეს პროდუქტები შარდის ბუშტსაც ვნებს. 
. მაქსიმალურად დაიცვათ სისუფთავე. ინტიმურ ადგილებს ყოველდღე სჭირდება დაბანა. გაითვალისწინეთ, რომ საპონი ლორწოვანს აშრობს და აღიზიანებს, ამიტომაც სჯობს, უპირატესობა სპეციალურ ინტიმურ გელს მიანიჭოთ, მით უმეტეს, თუ ჰიგიენის ეს საშუალება სპეციალურად ორსულებისთვის არის შექმნილი.

გააზიარე: