საშვილოსნოს ყელის დავადებების მკურნალობა
გააზიარე:
თანამედროვე მსოფლიოში რადიოტალღების არსებობა არავის უკვირს, მაგრამ შესაძლოა, გაოცება გამოიწვიოს მათმა ახალმა ამპლუამ მედიცინაში – განსაზღვრული სიხშირის რადიოტალღებს ოპერაციის ჩასატარებლად იყენებენ. მეთოდი წარმატებით დაინერგა საშვილოსნოს ყელის კიბოსწინარე დაავადებათა სამკურნალოდ. ამ სიახლეზე გვესაუბრება ქალაქის პირველი კლინიკური საავადმყოფოს გინეკოლოგიური კლინიკის ხელმძღვანელი, პროფესორი დავით ხეროდინაშვილი:
-ავთვისებიანი სიმსივნეების თავიდან აცილების მთავარი მიმართულება კიბოს პროფილაქტიკაა. პროფილაქტიკა კიბოსწინარე დაავადებებისა და კიბოს საწყისი ფორმების დროულ გამოვლენასა და სათანადო მკურნალობას გულისხმობს. ამ მხრივ გამონაკლისი არც საშვილოსნოს ყელის კიბო გახლავთ.
საშვილოსნოს ყელის კიბო ავთვისებიანი სიმსივნის წარმოქმნის კლასიკური მაგალითია. ის მხოლოდ საშვილოსნოს ყელის ფონური დაავადების ფონზე ვითარდება. საშვილოსნოს ყელის კიბოს ავთვისებიან დაავადებებს შორის დღესაც ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უჭირავს, საქართველოში კი ის განსაკუთრებით აქტუალურია.
საშვილოსნოს ყელის კიბოს პროფილაქტიკის ყველაზე ეფექტური გზა ფონური დაავადებების დროული დიაგნოსტიკა და ადეკვატური მკურნალობაა. ბოლო წლებში ჩატარებულმა გამოკვლევებმა ცხადყო, რომ საშვილოსნოს ყელის ფონური დაავადებები გავლენას ახდენს ქალის სასქესო, რეპროდუქციულ და მენსტრუაციულ ფუნქციებზე. ეს გავლენა განსაკუთრებით შესამჩნევია რეპროდუქციული ასაკის ქალებში, რომლებსაც საშვილოსნოს ყელის ფონური დაავადებები აღენიშნებათ. მათ შორის ხშირია ორსულობის დრომდე მიუტანლობა, ნაყოფის ანტენატალური სიკვდილი და მუცლადმყოფი ნაყოფის ინფიცირება.
უთუოდ უნდა ითქვას, რომ საშვილოსნოს ყელის კიბოსწინარე დაავადებებს მჭიდრო კავშირი აქვს სასქესო ორგანოების ინფექციურ დაავადებებთან, მენსტრუაციული ფუნქციის მოშლასთან, ქალის ორგანიზმის იმუნოლოგიურ რეაქციულობასთან, ვირუსულ ინფექციებთან, კერძოდ, ჰერპესულ და პაპილომოვირუსულ ინფექციასთან (განსაკუთრებით – ამ უკანასკნელთან).
საშვილოსნოს ყელის ფონურ დაავადებებს ეკუთვნის ვიზუალური და კოლპოსკოპიური გამოკვლევების შედეგად გამოვლენილი საშვილოსნოს ყელის პათოლოგიური პროცესები – ფსევდოეროზია, ექტოპია, ნამდვილი ეროზია, ლეიკოპლაკია, ბრტყელი კონდილომა, პოლიპოზი.
რეალურ კიბოსწინარე დაავადებად შეიძლება ჩაითვალოს დისპლაზია, რომლის დროსაც აღინიშნება ზედაპირული ეპითელიუმის სხვადასხვა ხარისხის ცვალებადობა.
რეპროდუქციული ასაკის ქალებში საშვილოსნოს ყელის ყველაზე გავრცელებული პათოლოგიაა ფსევდოეროზია (ექტოპია) ან ენდოცერვიკოზი, რომელიც ათიდან ორ შემთხვევაში გვხვდება. საშვილოსნოს ყელის ცერვიკოზების ღრმა შესწავლამ აჩვენა, რომ ამ პათოლოგიის დროს ინტრაეპითელური კიბო შემთხვევათა 8%-ში ვლინდება. ეს იმაზე მიუთითებს, რომ ცერვიკოზის თითოეული შემთხვევა, მეტადრე – მისი პროლიფერაციული ფორმა, გამორჩეულ ყურადღებას მოითხოვს.
საშვილოსნოს ყელის ფონურ დაავადებათა მკურნალობის ქირურგიული მეთოდებიდან საქართველოში ყველაზე ხშირად გამოიყენება რადიოქირურგია, კრიოდესტრუქცია, ლაზეროთერაპია და ელექტროკონიზაცია. აქვე გეტყვით, რომ განვითარებულ ქვეყნებში საშვილოსნოს ყელის ფონურ დაავადებათა ქირურგიული მკურნალობისას ელექტროკოაგულაცია და ლაზერი პრაქტიკულად არ გამოიყენება, ვინაიდან იწვევს ქსოვილების ღრმა დაზიანებას – ნეკროზს და ახასიათებს გართულებათა მთელი წყება, უპირველეს ყოვლისა, სისხლდენა. ამჟამად ყველაზე ფიზიოლოგიურ და ეფექტურ მეთოდად რადიოქირურგიული მკურნალობა მიიჩნევა. თუმცა არ შეიძლება, საშვილოსნოს ყელის ფონური დაავადებების ქირურგიული მკურნალობა იზოლირებულ მეთოდად განვიხილოთ. ის საშვილოსნოს ყელის ფონურ დაავადებათა კომპლექსური მკურნალობის ერთ-ერთი ძირითადი მეთოდია. მასთან ერთად მიმართავენ საშოს დამუშავებას ქიმიური მიკრობსაწინააღმდეგო ხსნარებით, ანტივირუსული მალამოებით. ასევე მნიშვნელოვანია ორგანიზმის იმუნომოდულაცია, ანტიმიკრობული, ანტივირუსული პრეპარატებისა და ანტიბიოტიკების გამოყენება.
რადიოტალღური ქირურგია რბილი ქსოვილის გაჭრისა და კოაგულაციის ატრავმული მეთოდია. ქსოვილის გაჭრის ეფექტს სითბური ენერგია განაპირობებს. ეს ენერგია გამოიყოფა მაღალი სიხშირის რადიოტალღების ზემოქმედებისადმი ქსოვილების მიერ გაწეული წინააღმდეგობის ფონზე. მაღალი სიხშირის ენერგია ელექტროდის დაბოლოებაზე კონცენტრირდება. თვითონ ელექტროდი არ ხურდება, მაგრამ მასზე კონცენტრირებული ენერგია ზემოქმედებს უჯრედზე და იწვევს მოლეკულური ენერგიის მოზღვავებას, რის შედეგადაც უჯრედი, ფაქტობრივად, ორთქლდება. აღნიშნული მეთოდი ფართოდ გამოიყენება საშვილოსნოს ყელის, საშოსა და ვულვის სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ.
თავად მეთოდი არცთუ ისე დიდი ხნისაა. 1978 წელს მეცნიერმა ვ. მანესმა ექსპერიმენტული გამოკვლევების შედეგად დაადგინა, რომ ქსოვილების გაჭრისა და ერთდროული კოაგულაციის ოპტიმალური სიხშირე 3,8-4,0 მეგაჰერცია, ეს კი რადიოტალღის სიხშირეა, რის გამოც ამ სიხშირის ტალღებს რადიოტალღები უწოდეს.
1996 წელს ა. ჰოფმანმა მეცნიერთა ჯგუფთან ერთად ერთად ერთმანეთს შეადარა ოპერაციის შემდგომი ნაწიბურის შეხორცება სკალპელის, ელექტროდანის, ლაზერისა და რადიოტალღური დანის გამოყენების შემდეგ და რადიოტალღური მეთოდის აშკარა უპირატესობა დაადასტურა.
ასე რომ, რამდენიმე წელია, რაც ეს მეთოდი დაინერგა. ამჟამად მსოფლიოში ყველაზე ფართოდ გამოიყენება ამერიკული წარმოების რადიოტალღური აპარატი “სურგიტრონი”, რომელიც მაღალი (3,8-4,0 მეგაჰერცი) სიხშირის ელექტროტალღების გენერატორს წარმოადგენს.
რადიოტალღებზე მომუშავე ინსტრუმენტების ძირითადი თვისებაა, არ გამოიწვიოს ჭრილობის კიდეების ნეკროზი, დაჩირქება და სისხლდენა. ამავე დროს მათი მეშვეობით ქსოვილის გაკვეთა ნებისმიერი მიმართულებით და ნებისმიერ სიღრმეზეა შესაძლებელი, ეს თვისებები კი რადიოტალღური ქირურგიის ფართოდ გამოყენების საშუალებას იძლევა.
რადიოტალღური მეთოდის გამოყენებისას არ არის საჭირო წვრილი სისხლძარღვების ლიგირება და კოაგულაცია. ამასთანავე, რადიოტალღას მიკრობების განადგურების უნარი შესწევს, რის გამოც ოპერაციის შემდგომი პერიოდი გართულებათა გარეშე მიმდინარეობს, ნაწიბური კი, ფაქტობრივად, შეუმჩნეველია.
ყოველივე ზემოთქმულის გამო მკურნალობისა და რეაბილიტაციის პერიოდი ხანმოკლეა, რაც რადიოტალღურ მეთოდს ეკონომიურად მოგებიანს ხდის.
რადიოტალღური ქირურგიის უნიკალური თავისებურებებია:
. ჭრილობის გარშემო ნეკროზული უბნებისა და დამწვრობის არარსებობა;
. მიკროსკოპულად სწორი ატრავმული განაკვეთი;
. ოპერაციის პერიოდში სისხლის მინიმალური დანაკარგი;
. ქსოვილების გაკვეთის პერიოდში არსებული სიმსუბუქე, ქვეშ მდებარე ქსოვილების ტრავმის არარსებობა;
. რადიოტალღების ძლიერი მაკოაგულირებელი თვისების გამო ოპერაციის მიმდინარეობა პრაქტიკულად მშრალ პირობებში;
. ქსოვილების დანახშირების – ღრმა ნეკროზის – არარსებობა;
. ქსოვილების მინიმალური შეშუპება;
. ოპერაციის დროს ტკივილის არარსებობა, ჭრილობის სწრაფი შეხორცება;
. ქსოვილებზე ზემოქმედებისას რადიოტალღების მასტერილებელი ეფექტი;
. მაღალი კოსმეტიკური ეფექტი.
რადიოქირურგიული ჩარევის შემდეგ ჭრილობა ხორცდება ე.წ. ფიბრინოზული ფუფხის ქვეშ, რომელიც ნაოპერაციევ ადგილს ოპერაციიდან 8-10 დღის შემდეგ სცილდება. ამას თან ახლავს უმნიშვნელო სეროზულ-სისხლიანი გამონადენი. ჭრილობის სრული ეპითელიზაცია ანუ აღდგენა ოპერაციიდან 28-40-ე დღეს ხდება. შედარებისთვის გეტყვით, რომ ელექტროექსციზიის (ელექტრომოწვის) შემდეგ ფუფხის მოცილება ასიდან 15-30 შემთხვევაში სისხლდენას იწვევს, რადიოტალღურ ჩარევას კი ასეთი რამ სრულებით არ ახასიათებს.
იმისთვის, რომ ოპერაციის შემდგომ პერიოდში მიღებული ეფექტი შევინარჩუნოთ, 1-2 წლის განმავლობაში კვირაში ერთხელ რეკომენდებულია საშოს დამუშავება გვირილის ნაყენით, ხოლო საშოს ფიზიოლოგიური ფლორის შენარჩუნების მიზნით – იმავე სიხშირით პრეპარატ გინილაკის გამოყენება.