დავამარცხოთ შაკიკი

გააზიარე:

 

როგორც ნოდარ დუმბაძე ამბობდა, არ არსებობს კაცი, თავის ტკივილი რომ არ გამოეცადოს, მაგრამ დაავადებამ შაკიკის ამაყი სახელი რომ დაიმსახუროს, ჩამოთვლილთაგან ერთი ან რამდენიმე თვისება უნდა ახასიათებდეს:

  • ინტენსიური მოპულსირე ან ყრუ ტკივილი თავის ერთ ან ორივე მხარეს;
  • გულისრევა ან ღებინება;
  • მხედველობის ცვლილები, დაბინდული მხედველობა ან ბრმა ლაქები;
  • სინათლის, ხმაურის, სუნების აუტანლობა;
  • ტკივილის გაუარესება ფიზიკური დატვირთვისას.

ნებაზე მიშვებული ტკივილი 4-დან 72 საათამდე გრძელდება. რამდენად ხშირად შეგახსენებთ თავს, არც ეს არის ზუსტად განსაზღვრული: ზოგს თვეში რამდენიმე შეტევა ემართება, ზოგს კი – წელიწადში ერთი-ორი.
ზოგჯერ შაკიკს გამაფრთხილებელი ნიშანი, ე.წ. აურა უძღვის წინ. ამ დროს მხედველობის ველში შეიძლება გაჩნდეს მოციმციმე ნაპერწკლები, დაკლაკნილი ხაზები ანდა გადღაბნილი ლაქები, შეიგრძნოთ ხელის ან ფეხის დაბუჟება ან ჩხვლეტა, არ არის გამორიცხული, მეტყველებაც კი გაგიჭირდეთ.

შაკიკის შემოტევებმა რაც შეიძლება ნაკლებად რომ შეგაწუხოთ:

კარგად იძინეთ. ტკივილი ძილს გიფრთხობთ. მეორე მხრივ, თავად უძილობამაც შეიძლება შაკიკი გამოიწვიოს. ასე რომ, ჯანსაღი ძილი ძალიან მნიშვნელოვანია. ორგანიზმს წესრიგი უყვარს. ეცადეთ, დაახლოებით ერთსა და იმავე დროს დაწვეთ დასაძინებლად და ადგეთ დილით. საღამოობით მხოლოდ დამამშვიდებელი და მომადუნებელი რამ აკეთეთ: უსმინეთ წყნარ მუსიკას, მიიღეთ თბილი აბაზანა, იკითხეთ საყვარელი წიგნი. ერიდეთ ძნელად მოსანელებელ საკვებს, ჩაის, ყავას, ნიკოტინს. საძინებელ ოთახში არც ტელევიზორს ესაქმება რამე და არც, მით უმეტეს, თქვენს სამსახურებრივ ანგარიშს. და კიდევ ერთი რჩევა: თუ დაძინებას ვერ ახერხებთ, ნუ ინერვიულებთ. ძილს ყველაზე მეტად ჩაძინების მცდელობა და ამის გამო წუხილი აფრთხობს. თუ გემრიელი ძილისთვის ყველაფერი გააკეთეთ, ის კი მაინც არ მოდის, ამით არაფერი შავდება, უბრალოდ, იკითხეთ ან რომელიმე მშვიდ საქმიანობას მიჰყავით ხელი, ვიდრე რული მოგეკიდებათ.

გონივრულად ჭამეთ. პავლოვი არ შემცდარა – თანმიმდევრულობა და წესრიგი ჭამა-სმასთან მიმართებაშიც ძალიან კარგია. ნუ გამოტოვებთ კვებას, განსაკუთრებით – საუზმეს. თუ ეჭვი გაქვთ, რომ რომელიმე საკვები თავს გატკივებთ, მასზე უარი თქვით.

ივარჯიშეთ. ფიზიკური დატვირთვისას ორგანიზმი გამოყოფს ქიმიურ ნივთიერებებს, რომლებიც ტვინში ტკივილის სიგნალის გადაცემას აფერხებენ. იგივე ნივთიერებები ამცირებენ შფოთვასა და დეპრესიას – შაკიკის გამამწვავებელ ცნობილ ფაქტორებს. ასე რომ, აირჩიეთ ფიზიკური აქტივობის ნებისმიერი სახეობა, ვთქვათ, სიარული, ცურვა, ველოსიპედით სეირნობა, ოღონდ დატვირთვა თანდათანობით გაზარდეთ და ზედმეტი არ მოგივიდეთ. ქანცის გაწყვეტაც შეიძლება გახდეს შაკიკის შეტევის მიზეზად იქცეს.

შეინარჩუნეთ სიმშვიდე. სტრესი და შაკიკი ხშირად ხელიხელჩაკიდებულები დადიან. ყოველგვარი სტრესისთვის თავის არიდება შეუძლებელია, თუმცა კონტროლი თქვენს ხელთაა. ნუ ეცდებით, ყველაფერი მოასწროთ. გადაწყვიტეთ, რა არის ამ წუთას განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, დანარჩენზე კი ან უარი თქვით, ან სხვას გადააბარეთ. წამოპილპილებისას ათამდე დათვლა, ბავშვობიდან რომ გვასწავლიდნენ, მართლაც სასარგებლო რამ არის. ადვილი შესაძლებელია, აღმოჩნდეს, რომ თქვენი მღელვარება უსაფუძვლო იყო და გამოსავალიც უფრო ადვილად იპოვოთ. ეცადეთ, ნერვებს არ აჰყვეთ, როდესაც არაფრის შეცვლა არ შეგიძლიათ.

აწარმოეთ დღიური. ეს შესანიშნავი საშუალებაა, დაადგინოთ, რა იწვევს ტკივილის შეტევებს. ჩაიწერეთ ყველაფერი: როდის დაიწყო ტკივილი, რას აკეთებდით ამ დროს, რამდენ ხანს გასტანა და რამ მოგგვარათ შვება (თუ ასეთი რამ მოხდა). გარდა იმისა, რომ დასკვნების გამოტანას თავადაც შეძლებთ, ექიმი უფრო უკეთ დაინახავს მთელ სურათს და მკურნალობის გეგმის შემუშავებაც უფრო გაგიადვილდებათ. სამწუხაროდ, ვერც ერთი მედიკამენტური თუ არამედიკამენტური მეთოდი შაკიკს სამუდამოდ ვერ დაგავიწყებთ. ასე რომ, თუ თავი შეგახსენათ, მარტივი რჩევები გაითვალისწინეთ:

მოძებნეთ მშვიდი გარემო. თუ შესაძლებელია, ყოველდღიურ საქმიანობას თავი ანებეთ და ბნელ, წყნარ ოთახში მოისვენეთ. შაკიკი ხომ ხშირად სინათლისა და ხმაურის მიმართ მგრძნობელობას ზრდის. თუ დაძინებასაც მოახერხებთ, ყველაფერს აჯობებს.

დალიეთ წამალი. ჩვეულებრივ, რაც უფრო ადრე დალევთ წამალს, მით უფრო ძლიერია ეფექტი. თუ ექიმისთვის რჩევა ჯერ არ გიკითხავთ, სცადეთ რომელიმე ურეცპტოდ გასაცემი პრეპარატი: დიკლოფეროლი, კეტოლონგი. ხშირად პარაცეტამოლი ან ასპირინიც საკმარისია. განსაკუთრებით – თუ მათთან ერთად კომბინაციაში სპაზმის მომხსნელი პრეპარატიც შედის (ასეთი კომბინირებული პრეპარატია ანბერი).

სცადეთ ტემპერატურული თერაპია. თავსა და კისერზე ცივი ან ცხელი კომპრესი დაიდეთ. ყინულს გამაბუჟებელი ეფექტი აქვს, რამაც შესაძლოა, ტკივილის შეგრძნება გააყუჩოს. ცხელი კომპრესები კი დაჭიმულ კუნთებს მოდუნებაში ეხმარება. ასეთსავე ზემოქმედებას ახდენს ცხელი შხაპი თუ აბაზანა. დაიზილეთ მტკივანი ადგილები, საფეთქლები იქნება ეს თუ თავის თმიანი ნაწილი. მეტისმეტი მონდომება საჭირო არ არის, ნაზი ზეწოლაც საკმარისია. კუნთების დაჭიმულობა მხრისა და კისრის მასაჟით მოიხსენით.

დალიეთ კოფეინიანი სასმელი. ცოტაოდენი კოფეინი პარაცეტამოლისა და ასპირინის ტკივილგამაყუჩებელ ეფექტს აძლიერებს. ოღონდ ზომიერება დაიცავით. დიდი ოდენობით კოფეინმა გარკვეული ხნის შემდეგ შესაძლოა თვითონვე შეუწყოს ტკივილი ე.წ. აღკვეთის ტკივილის აღმოცენებას.

გააზიარე: