მეხსიერება
გააზიარე:
რა არის მეხსიერება
მეხსიერებას ინფორმაციის შენახვისა და აღდგენის უნარს ვუწოდებთ. ეს ერთსა და იმავე დროს ბიოლოგიური პროცესიცაა და შემეცნებითიც. ადამიანის ნერვული სისტემა რეცეპტორების მეშვეობით იღებს ინფორმაციას და თავის ტვინის სხვადასხვა განყოფილების ნეირონების მეშვეობით ინახავს, საჭიროების შემთხვევაში კი პოულობს და მოთხოვნილებისამებრ იყენებს. ეს კარგად აწყობილი და ადამიანის სიცოცხლისთვის უმნიშვნელოვანესი სისტემაა.
წარსული, აწმყო, მომავალი
მეხსიერების ფუნქციაა გამოცდილების შეძენა, წარსულში აღქმულისა და განცდილის დამახსოვრება და მომავალში მისი გათვალისწინება. სხვა ფსიქიკური პროცესებისგან მეხსიერება სირთულითა და მოცულობით, ფორმებისა და მექანიზმების სიმრავლით, ფართო დიაპაზონით გამოირჩევა. ის მოიცავს როგორც აწმყოს, ისე წარსულსა და მომავალს. ის, რაც უნდა დავიმახსოვროთ, თავდაპირველად აწმყოში აღიქმება, მერე კი ფსიქიკაში ინახება, ზოგჯერ – უცვლელად, ზოგჯერ – განსაზღვრული ცვლილებებით, და, ამდენად, წარსულს განეკუთვნება. ვინაიდან წარსულში მიღებული ცოდნა მომავალში გამოსაყენებლად გვჭირდება, მეხსიერება არა მხოლოდ წარსულის შენახვას, არამედ მომავალში მისი გამოყენების შესაძლებლობასაც გულისხმობს.
ეტაპები
გამოყოფენ მეხსიერების სამ ძირითად პროცესს, რომლებსაც ფსიქოლოგიური სტრუქტურა და კონკრეტული ამოცანები განასხვავებს ერთმანეთისგან. ესენია:
1. ინფორმაციის აღბეჭდვა (კოდირება)
დამახსოვრების პროცესი შთაბეჭდილების მიღებით, ფსიქიკურ სისტემაში ინფორმაციის შემოჭრით იწყება. რას ვუწოდებთ დამახსოვრებას? ეს არის შთაბეჭდილების, მოვლენის, ცნობის განსაზღვრულ ფორმაში მოქცევა და ცნობიერში “შეტანა”. პროცესი ძალიან ჰგავს კომპიუტერში ინფორმაციის შეყვანას – ამისთვის მისი კოდირება და კომპიუტერის სისტემაში შეყვანაა საჭირო.
2. შენახვა
ამ დროს კოდირებული ინფორმაცია “მაგრდება”, ინახება განსაზღვრულ ფსიქიკურ და ნეირონულ სტრუქტურებში. შენახვა აღბეჭდილი მასალის აქტიურ გადამუშავებასაც გულისხმობს და არა მხოლოდ მეხსიერების საცავებში ინფორმაციის არქივაციას ან კონსერვაციას. იგი მოიცავს სურათხატების, ნიშნების, სიმბოლოებისა და შინაარსების გაშიფვრას, დახარისხებას, სხვა ინფორმაციასთან მიზეზშედეგობრივი კავშირების დამყარებას, ორგანიზაციას, დახარისხებას, რანჟირებას (მნიშვნელობის მიხედვით დალაგებას) და უამრავ სხვა ფსიქიკურ პროცესს.
3. აღდგენა
ამ დროს მეხსიერებიდან ამოგვაქვს ადრე შეძენილი ცოდნა, ჩვევები, ინფორმაცია, სურათხატები. სპეციალისტები ერთმანეთისგან განასხვავებენ განზრახ და უნებლიე აღდგენას. პირველ შემთხვევაში ადამიანი რაღაცას მიზანმიმართულად იხსენებს. აღდგენის ამ ტიპს მოგონებას ვუწოდებთ.
უნებლიე აღდგენის დროს მეხსიერებიდან თავისთავად ამოტივტივდება ესა თუ ის ინფორმაცია, რომელიც საგანგებოდ არ დაგვიმახსოვრებია და თავის დროზე შესაძლოა არც კი მიგვიქცევია ყურადღება. ცნობიერებაში ინფორმაციის ამგვარ სპონტანურ და აკვიატებულ ამოსვლას პერსევერაცია ეწოდება. ამიერიდან, როცა რაიმე მელოდია აგეკვიატებათ და, განურჩევლად იმისა, გინდათ თუ არა, კარგა ხანს “იღიღინებთ” გონებაში, გეცოდინებათ, რომ საქმე პერსევერაციასთან გაქვთ.
თითოეული ეს პროცესი აუცილებელია მეხსიერების ნორმალური ფუნქციობისთვის. რომელიმე მათგანის შეფერხება მეხსიერების ფუნქციის მოშლას იწვევს.
ხანმოკლე და ხანგრძლივი მეხსიერება
სავარაუდოდ, ყველა ჩვენგანს შემთხვევია ასეთი რამ: გამოცდისთვის მოკლე ხანში დაგვიმახსოვრებია ზღვა მასალა, რომელიც გამოცდის შემდეგ უკვალოდ გამქრალა ჩვენი მეხსიერებიდან. ამის საპირისპიროდ, არსებობს ცოდნა, რომელიც არასოდეს გვავიწყდება. ეს იმიტომ, რომ ტვინი თავად ახარისხებს, რა შეინახოს დიდხანს და რა – მოკლე ხნით. აქედან გამომდინარე, არსებობს ორი ტიპის მეხსიერება: ხანმოკლე ანუ ოპერატიული და ხანგრძლივი.
დავიწყების უპირატესობები
წარმოიდგინეთ, რა რთული იქნებოდა ცხოვრება, ტვინი ყველაფერს რომ იმახსოვრებდეს, ყველა წვრილმანს სამუდამოდ რომ აღბეჭდავდეს მეხსიერებაში. საბედნიეროდ, ტვინს შესწევს უნარი, უსარგებლო და მოძველებული ინფორმაციისგან გათავისუფლდეს. ეს აუცილებელია, რათა მეხსიერებამ სათანადოდ იმუშაოს. როცა სასარგებლო ინფორმაცია გვავიწყდება, ეს იმის ნიშანია, რომ დავიწყებაზე პასუხისმგებელი მექანიზმი მეტისმეტად კარგად მუშაობს.
გასწავლით მეხსიერების გაუმჯობესების რამდენიმე ხერხს.
დაინტერესება
მკვლევრები აღნიშნავენ, რომ ცუდი მეხსიერება ხშირად უყურადღებობის ბრალია. დაინტერესდით იმ საკითხით, რომლის შესწავლაც გსურთ. გაიაზრეთ, რაში გჭირდებათ ეს. მოიშველიეთ შესაბამისი არგუმენტაცია. ეს მეთოდი თვითდარწმუნების პრინციპს ემყარება. როდესაც ვინმესგან რამის მიღება გსურთ, მის დარწმუნებას, დაყოლიებას ცდილობთ. აქაც იგივე ხდება, ოღონდ ამჯერად საკუთარ თავს ვაინტერესებთ და ვარწმუნებთ.
გაგება
თუ რამე კარგად არ გვესმის, ნაკლებსავარაუდოა, დაგვამახსოვრდეს. საკითხის კარგად გაგება სხვადასხვა ინფორმაციის ერთმანეთთან ლოგიკურად დაკავშირებაში გვეხმარება. მაგალითად, თუ ტექნიკური დისციპლინის შესწავლის დროს სტუდენტმა კარგად გაიგო, როგორ მუშაობს ესა თუ ის დანადგარი, უფრო იოლად დაიმახსოვრებს მისი მუშაობის პრინციპს. მართვის შესწავლის დროსაც მნიშვნელოვანია არა მექანიკური დამახსოვრება, არამედ ზოგადი პრინციპების გააზრება. ერთი სიტყვით, როცა გვესმის, რასაც ვსწავლობთ, უკეთესადაც ვიმახსოვრებთ.
დაჯგუფება
ეს მეთოდი განსაკუთრებით ეფექტიანია უცხო ენების შესწავლის დროს. დაახარისხეთ მსგავსი ან ერთმანეთთან დაკავშირებული საკითხები, დააჯგუფეთ სიტყვები სხვადასხვა ფაქტორის (მსგავსი ჟღერადობის, მნიშვნელობის, ე.წ. სემანტიკური ველის) მიხედვით.
ხმამაღლა გამეორება
ხმამაღლა გამეორება ბევრს ინფორმაციის უკეთ დამახსოვრებაში ეხმარება. თუ სმენითი მეხსიერება გაქვთ განვითარებული, ხშირ-ხშირად იმეორეთ საჭირო ცნობები ხმამაღლა. შეგიძლიათ, აუდიოჩანაწერებიც გამოიყენოთ. ეს მეთოდი დროსაც დაგაზოგვინებთ. მაგალითად, შეიძლება სახლის დალაგება, ჭურჭლის დარეცხვა და პარალელურად საჭირო ინფორმაციის მოსმენა. საზოგადოდ, იმისთვის, რომ ტვინმა ინფორმაცია აღიქვას და გადაამუშაოს, გარკვეული დროა საჭირო. ამას ხელს უწყობს ნასწავლის ხმამაღლა გამეორება ან ვინმესთვის მოყოლა.
წარმოდგენა და წარმოსახვა
რაც უფრო მეტი შეგრძნებაა ჩართული დამახსოვრების პროცესში, მით უფრო მყარად აღიბეჭდება ინფორმაცია მეხსიერებაში. წარმოსახვის უნარი ამ მხრივ უმნიშვნელოვანესია. წარმოიდგინეთ ის, რისი დამახსოვრებაც გსურთ. შეგიძლიათ, წარმოსახული სურათი ფურცელზეც გადაიტანოთ გრაფიკული ჩანახატის, სქემის, დიაგრამის სახით. წარმოდგენა, ისევე როგორც ხმამაღლა გამეორება, ტვინის სხვადასხვა უბანს ააქტიურებს.
ასოციაცია
ახალი ინფორმაციის დაკავშირება უკვე ნაცნობთან ძალიან სასარგებლოა. თუ ასოციაციის დახმარებით ახალ ინფორმაციას მეხსიერებაში ჩაბეჭდილ მოგონებებს დავუკავშირებთ, მას უფრო ადვილად დავიმახსოვრებთ და საჭიროების შემთხვევაში უფრო ადვილადაც აღვადგენთ. პროცესი შეიძლება საინტერესო და სახალისოც გავხადოთ. კვლევები მოწმობს, რომ რაც უფრო სასაცილო და აბსურდულია ასოციაცია, მით უფრო გვიადვილდება გახსენება.
პრაქტიკული სავარჯიშოები მეხსიერების გასაუმჯობესებლად
მეხსიერებას ყოველდღიური ვარჯიში სჭირდება. გთავაზობთ პრაქტიკულ სავარჯიშოებს, რომელთა ყოველდღიური შესრულება საგრძნობლად გააუმჯობესებს მეხსიერებას:
* გაღვიძებიდან 5-10 წუთის შემდეგ რაც შეიძლება სწრაფად დაითვალეთ 100-დან 1-მდე.
* დახუჭეთ თვალები, დაასახელეთ რიცხვი და გამოთვალეთ მასზე ათით ნაკლები და ათით მეტი.
* ზეპირად გადაამრავლეთ, გაყავით, შეკრიბეთ ან გამოაკლეთ ერთმანეთს ორ- და სამნიშნა რიცხვები.
* მეხსიერებას ააქტიურებს რაიმე ახლის, აქამდე უცნობის შესწავლა. მაგალითად, უცხო ენისა ან რომელიმე მუსიკალური ინსტრუმენტისა. სწავლა არასდროს არის გვიან. შეგიძლიათ, დაიზეპიროთ საყვარელი ლექსები ან ამონარიდები პროზაული ტექსტებიდან, მერე კი ხმამაღლა წაიკითხოთ – ლექსიკურ მარაგსაც გაიმდიდრებთ, მეტყველებასაც დაიხვეწთ და მეხსიერებასაც გაიუმჯობესებთ.
* გაიმეორეთ ანბანი, თითოეულ ასოზე მოიფიქრეთ სიტყვა. თუ რომელიმე ასო დაგავიწყდათ ან შესაბამისი სიტყვა ვერ გაიხსენეთ, ნუ შეყოვნდებით – აქ მთავარია ტემპი.
* შეუჩერებლად ჩამოთვალეთ ქალისა და მამაკაცის ქართული ან უცხოური სახელები ერთი წუთის განმავლობაში.
* აიღეთ ანბანის ნებისმიერი ასო და დაასახელეთ 20 სიტყვა, რომელიც ამ ასოზე იწყება.
* საწოლში, ძილის წინ, მთელი დღე წარმოსახვით უკან “გადაახვიეთ”. გაიხსენეთ ყველა დეტალი, რაც დღის განმავლობაში დაგამახსოვრდათ. ამ დროს ერიდეთ შეფასებას. ემოციური დამოკიდებულების გარეშე, უბრალოდ, ჩამოთვალეთ, რა მოხდა.
ნინო ლომიძე