როცა ბავშვს თავი ზღაპრის გმირი ჰგონია

გააზიარე:

 

თუ ერთ მშვენიერ დღეს თქვენმა შვილმა გადაწყვიტა, რომ ადამიანი-ობობაა და კედლებზე, სკამებსა და მაგიდაზე ცოცვა დაიწყო, არც გაგიკვირდეთ და არც შეშინდეთ. უმჯობესია, “სპაიდერმენის“ კოსტიუმი უყიდოთ და მის ოცნებას ხორცი შეასხათ. 

 

 

მიბაძვით სწავლა – ბავშვის განვითარების აუცილებელი კომპონენტი

ყველამ იცის, რომ ბავშვები ხშირად ბაძავენ ზღაპრებისა და კომიქსების გმირებს, ანიმაციური ფილმების პერსონაჟებს. ცდილობენ, მათსავით ჩაიცვან და მოიქცნენ. ამის შემხედვარე მშობლები ზოგჯერ ვერ ხვდებიან, რა სჯობს: გამოაფხიზლონ პატარა და ამ ზღაპრული სამყაროდან გამოიყვანონ თუ თამაშში თვითონაც აჰყვნენ.

ფსიქოლოგთა აზრით, მიბაძვა სავსებით ბუნებრივი პროცესია, ბავშვის განვითარებისთვის აუცილებელიც კი. პატარა სწორედ მიბაძვით სწავლობს ქცევის წესებს, ითვისებს სხვადასხვა მანერას, საუბრის სტილს…

ნურავის ეგონება, რომ ბავშვები მხოლოდ საყვარელ გმირებს ბაძავენ. არამც და არამც. მიბაძვას ისინი ჯერ კიდევ ჩვილ ასაკში იწყებენ, როდესაც პირველი სიტყვების თქმასა თუ გავლას ცდილობენ. აბა გაიხსენეთ, თქვენ არ ასწავლიდით და აჩვენებდით თქვენს პატარას, როგორ უნდა ეთქვა “დედა”? როგორ უნდა დაეღეჭა საჭმელი? როგორ დაეჭირა კოვზი ხელში? მიბაძვის პირველი ობიექტები ბავშვისთვის მისი მშობლები და ოჯახის წევრები არიან და ეს  გაუცნობიერებლად, თავისთავად ხდება. ამიტომ არის, რომ ერთ ოჯახში გაზრდილ ბავშვებს ხშირად მსგავსი ქცევები, სიარულისა და ლაპარაკის მანერა აქვთ.

როდესაც ბავშვი იზრდება და მის სამყაროში მეგობრების, ნათესავების, ზღაპრებისა და ანიმაციური გმირების სახით ახალი პერსონაჟები შემოდიან, მიბაძვის ობიექტთა არეალიც ფართოვდება. პატარას ეძლევა შესაძლებლობა, თვითონ აირჩიოს, ვის ქცევას გაიმეორებს. ზოგჯერ ის რომელიმე მეგობარს აიდეალებს და ცდილობს, მასავით ჩაიცვას, ჭამოს ის საჭმელი, რომელიც მეგობარს უყვარს, თუმცა მისაბაძი მაგალითი უმეტესად რომელიმე ზღაპრის, საყვარელი წიგნის ან ანიმაციური ფილმის გმირი ხდება.

როდესაც მიბაძვას ზიანი მოაქვს

ყველაფერი რიგზეა, როდესაც პატარა მშობლებისთვის მოსაწონ და მისაღებ მიბაძვის ობიექტს ირჩევს, მაგალითად, კარგად აღზრდილ მეგობარს, ჭკვიან და წიგნების მოყვარულ უფროს ბიძაშვილს, დედას ან მამას, მაგრამ რა ვქნათ, როცა ბავშვი ადამიან-ობობას ბაძავს და კედლებზე აფოფხებას ცდილობს (მისი მცდელობა კი უზარმაზარი კოპით სრულდება) ან სუპერმენობა სურს და აივნიდან გადაფრენას ლამობს, ან კიდევ (როგორც ბავშვობაში დაემართა ჩემს ერთ მეგობარს), პეპელას ბაძავს და დარწმუნებულია, რომ კიბიდან თუ გადმოხტა, აუცილებლად გაფრინდება?

პირველ რიგში, გაითვალისწინეთ, რომ არაფრით არ შეიძლება, შეურაცხყოფა მივაყენოთ ბავშვის იდეალს, დავცინოთ მას ან ვუთხრათ პატარას, რომ ის ვერასდროს გახდება ადამიან-ობობასავით მოხერხებული ან სუპერმენივით ძლიერი. გარდა ამისა, ფსიქოლოგთა აზრით, დაუშვებელია ბავშვის დაცვისა და გაფრთხილების მიზნით მისი ასაკის შესაბამისი რომელიმე წიგნის, ანიმაციური ფილმისა თუ ზღაპრების აკრძალვა.

ცოტა ხნის წინ ბავშვთა ფსიქოლოგთან მიიყვანეს მოზარდი, რომელმაც სერიოზული სტრესი მიიღო – თანატოლთა დაცინვის ობიექტად იქცა იმის გამო, რომ წარმოდგენა არ ჰქონდა ჰარი პოტერზე. მშობლები საგულდაგულოდ უმალავდნენ ყოველგვარ ინფორმაციას ამ წიგნისა თუ ფილმის შესახებ, რადგან შიშობდნენ, რომ მათ შვილს შესაძლოა ამ რომანის რომელიმე პერსონაჟისთვის მიებაძა.

რჩევა: კარგი იქნება, თუ თქვენც დაინტერესდებით თქვენი შვილის საყვარელი პერსონაჟით, მასთან ერთად წაიკითხავთ წიგნს, უყურებთ ფილმს, აუხსნით ბავშვს, რომ არ არის აუცილებელი, ადამიან-ობობასა და სუპერმენს კედლებზე ხტომასა და ფრენაში მიბაძოს, რადგან ეს მხოლოდ ზღაპარში ხდება. უმჯობესია, ამ გმირებში სხვა დადებითი თვისებები დაინახოს და მათი გამეორება სცადოს. მაგალითად, მიბაძოს სიკეთის კეთებაში, ხალხზე ზრუნვაში. 

როდესაც ბავშვს მდიდარი წარმოსახვა აქვს, მის მიმართ მეტი ყურადღება გმართებთ. ასეთი ბავშვები ხშირად წარმოიდგენენ ხოლმე, რომ მათ შეუძლიათ ჩიტებივით ფრენა, თევზებივით ცურვა. ალბათ გახსოვთ ეპიზოდი ერთი ქართველი მწერლის ნაწარმოებიდან, კოჭებამდე მიწაში ჩამდგარ ბიჭუნა გოგონა წყალს რომ უსხამს – ხესავით მაღალი გაიზრდებაო... ასეთ შემთხვევაში ბავშვს შენიშვნის მიცემამდე უნდა ავუხსნათ, რომ ის არც ხეა, არც პეპელა და არც თევზი. შესაბამისად, თვისებები, რომლებიც ამ სულიერ თუ უსულო არსებებს აქვთ, მას ვერ ექნება. 

ასე რომ, იყავით ყურადღებით, მშვიდად და გახსოვდეთ, ბავშვები მშვენივრად არჩევენ კეთილსა და ბოროტს, ცუდსა და კარგს, ხოლო თუ რამე კარგად ვერ გაიგეს, ჩვენი ვალია, დავეხმაროთ

გააზიარე: