შევებრძოლოთ ნაოჭებს

გააზიარე:

ყველაფერი ბოტოქსის შესახებ

ბოტოქსი ნაოჭების გასწორების ყველაზე ცნობილი და გავრცელებული ხერხია. სწორედ ამიტომ საჭიროა მაქსიმალურად მეტი ინფორმაციის გაგება სანამ გადაწყვეტთ მის გაკეთებას.

ბოტოქსს 80-იანი წლებიდან აქტიურად იყენებენ როგორც სამკურნალოდ, ისე კოსმეტიკური მიზნითაც. კანში მისი შეყვანა იწვევს კუნთების დროებით დამბლას, პარეზს. რამდენიმე ხნის შემდეგ პარეზი გაივლის, მაგრამ იზღუდება მიმიკა, მაგალითად, წარბების შეყრისას ნაოჭები აღარ იკვეთება.

სახელწოდება “ბოტოქსი” სამ პრეპარატს გულისხმობს: A ტიპის ბოტულოტოქსინს, ქსეომინსა და დისპორტს.

ერთმანეთისგან ისინი მხოლოდ ცილოვანი დანამატებით განსხვავდება და სამივე პრეპარატი ეფექტურია. არჩევანი ექიმსა და ცალკეულ შემთხვევაზეა დამოკიდებული.

ბოტოქსით შესაძლებელია ნაოჭების გასწორება სახის ნებისმიერ ნაწილზე, თუმცა მისი მეშვეობით პროცედურებს უმეტესად სახის ზედა მესამედზე ატარებენ, ყველაზე ხშირად – წარბებს შორის, თვალების ირგვლივ და შუბლზე. კარგად ასწორებს ტუჩების ირგვლივ არსებულ მწეველთა ნაოჭებს. შესაძლებელია მისი მეშვეობით ყელის გადაჭიმვაც.

 

როდის დავიწყოთ ბოტოქსის გამოყენება?

– ბოტულოტოქსინის ხანგრძლივი გამოყენებისას ორგანიზმი მის მიმართ ანტისხეულებს გამოიმუშავებს და პროცედურების ეფექტი სუსტდება. ამ დროს მინარევიან ბოტულოტოქსინზე გადავდივართ. აქედან გამომდინარე, მცდარია წარმოდგენა, თითქოს ნაოჭების პრევენციისთვის ბოტოქსის გამოყენება რაც შეიძლება ადრე უნდა დავიწყოთ. პირიქით, რაც უფრო გვიან დავიწყებთ, მით უფრო დიდი რეზერვი ექნება ორგანიზმს.

პროცედურა ამბულატორიულად ტარდება. პაციენტთან ერთად ვარჩევთ ჩარევის მასშტაბს და ვიწყებთ ინექციებს. ბოტოქსი ინსულინის უწვრილესი ნემსით შეგვყავს. პროცედურა სულ რამდენიმე წამს გრძელდება და მცირე დისკომფორტს იწვევს. მას უმეტესად ანესთეზიის გარეშე ვატარებთ, მაგრამ თუ პაციენტმა მოისურვა, გაუტკივარებაც შეიძლება.

ბოტოქსის ეფექტი სამიდან ექვს თვემდე გასტანს. ინექციის არეში კუნთები მოძრაობის უნარს კარგავს, კანი გადაჭიმული რჩება და, ამის კვალობაზე, აღარც მიმიკური ნაოჭები წარმოიშობა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბოტულოტოქსინი დაბერების პროცესს აჩერებს _ ამ სამი თვის განმავლობაში კანი ჩვეულებრივ ბერდება და როცა ბოტულოტოქსინის მოქმედების ვადა ამოიწურება, ნაოჭები ერთბაშად იჩენს თავს. ამრიგად, ბოტოქსი კი არ აფერხებს, არამედ განსაზღვრული ხნით ნიღბავს კანის დაბერების ბუნებრივ პროცესს.

ბოტოქსის ინექციებისთვის ასაკობრივი შეზღუდვა არ არსებობს, რადგან მათ მხოლოდ კოსმეტიკური დეფექტის შესანიღბავად არ იყენებენ. უკანასკნელ ხანს ის ეფექტურად გამოიყენება ჰიპერჰიდროზის (ჭარბი ოფლიანობის) სამკურნალოდ. ამ დროს ინექციები კეთდება იღლიის ფოსოებში, ხელისგულებზე, ფეხისგულებზე. მათთვის, ვინც სახის ოფლიანობას უჩივის, ბოტოქსის პროცედურები ორმაგ დატვირთვას იძენს. ჭარბი ოფლიანობის მკურნალობისას ბოტულოტოქსინის ეფექტი შთამბეჭდავია.

უმჯობესია, პროცედურები მანამდე დავიწყოთ, ვიდრე ღრმა ნაოჭები და ღარები ჩამოყალიბდება, თორემ შესაძლოა, ბოტოქსის ინექციები საკმარისი აღარ აღმოჩნდეს და ნაოჭების ფილერით შევსება მოგვიწიოს.

ეფექტი ბოტულოტოქსინის შეყვანიდან მესამე დღეს ხდება შესამჩნევი, პიკს ორი კვირის თავზე აღწევს და, როგორც უკვე გითხარით, სამიდან ექვს თვემდე გასტანს. ეფექტის ხანგრძლივობა იმაზეა დამოკიდებული, როგორ უვლის ქალი კანს, დადის თუ არა საუნაში, სოლარიუმში და სხვა.

 

ვის მივმართოთ?

– სახე ცვილის ნიღაბს რომ არ დაემსგავსოს, ბოტოქსი ეტაპობრივად, დოზირებულად და სიმეტრიულად უნდა შევიყვანოთ. ეს მთელი ხელოვნებაა, ამიტომ პროცედურა პროფესიონალმა უნდა ჩაატაროს. პრეპარატის არასწორი შეყვანისას შესაძლოა საქმე გართულებებით დასრულდეს. ყველაზე მსუბუქი გართულებაა სისხლჩაქცევები ინექციის ადგილას, ყველაზე მძიმე კი _ ქუთუთოს პტოზი. ამ დროს ადამიანი თვალს ვეღარ ახელს. ნამდვილი პტოზი ექვს თვეს გრძელდება.

პროფესიონალურად ჩატარებული პროცედურის შემდეგ არავითარი გართულება არ არის მოსალოდნელი. მხოლოდ ბოტოქსის შუბლის კუნთში შეყვანისას შეიძლება შეგვაწუხოს თავის ხანმოკლე ტკივილმა. ცხადია, არც ინდივიდუალური აუტანლობა, შეშუპება, ალერგიული რეაქციაა გამორიცხული. ამას თუ არ ჩავთვლით, უკუჩვენება პრაქტიკულად არ არსებობს, თუმცა პროცედურა არ ტარდება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, ასევე – მძიმე ქრონიკული დაავადების (მიასთენიის, ჰემოფილიის), კანის ინფექციური დაავადების, გამონაყარის, ჰერპესის დროს.

პროცედურის შემდეგ 4 საათის განმავლობაში არ შეიძლება დაძინება. არ არის სასურველი დიდი ხნით თავის დახრა. პირველ დღეს აკრძალულია ალკოჰოლის მიღება, ხოლო პირველი ორი კვირის განმავლობაში – მზეზე ან სოლარიუმში გარუჯვა, საუნაში წასვლა. მართალია, ბოტოქსის შემდეგ კანი, ერთი შეხედვით, ახალგაზრდავდება, მაგრამ, როგორც უკვე გითხარით, უჯრედულ დონეზე მიმდინარე ასაკობრივი ცვლილებები არ წყდება, ამიტომ აუცილებელია კანის მოვლა, დამატენიანებელი და აღმდგენი ნიღბების გამოყენება. თერმულ პროცედურებს კი რამდენიმე ხანს უნდა ვერიდოთ.

 

სასწაულმოქმედი ფილერი

– შემთხვევა როდესაც ნაოჭების გასასწორებლად ბოტოქსი არ არის საკმარისი და გვჭირდება ფილერი. რა არის ეს და რა დანიშნულება აქვს?

– ფილერი ჰიალურონის მჟავას საფუძველზე დამზადებული სპეციალური შემავსებელი გელია. მას ღრმა ღარების ამოსავსებად და სახის რელიეფის კორექციისთვის იყენებენ. ჰიალურონის მჟავა ბუნებრივი ნივთიერებაა, რომელიც ადამიანის ორგანიზმში გამომუშავდება. კოსმეტოლოგიაში გამოიყენება მისი ხელოვნურად შექმნილი სტაბილიზებული ფორმა.

ხელოვნურ ბიოპოლიმერებს, რომლებსაც სხვადასხვა დროს იყენებდნენ სახის დეფექტების კორექციისთვის, ამჟამად პრაქტიკაში ვეღარ შეხვდებით. ისინი სუფთა ჰიალურონის მჟავაზე დამზადებულმა შემავსებლებმა შეცვალა.

ფილერებს წარმატებით ვიყენებთ სახის, კისრის, ხელის ნაოჭების გასასწორებლად, დაშვებული კანის ასაწევად. მოგეხსენებათ, ასაკთან ერთად კანქვეშა ცხიმოვანი შრე ატროფირდება და სახე ფორმას იცვლის. ფილერი ატროფირებული შრის ადგილს იკავებს და სახეს ახალგაზრდულ ოვალს უბრუნებს. ამასთან ერთად, ჰიალურონის მჟავა იკავშირებს წყლის მოლეკულებს და ააქტიურებს კოლაგენის გამომუშავებას, რისი წყალობითაც კანი უკეთ ნოტივდება და უფრო ელასტიკური ხდება, ხოლო პრეპარატის გაწოვის შემდეგ ნაკლები ინტენსივობით წარმოიქმნება ნაოჭები.

 

სხვა შესაძლებლობები

– ფილერების მეშვეობით შესაძლებელია სახის რემოდელირება ქირურგიული ჩარევის გარეშე, დეფექტების აღმოფხვრა, ცხვირის ან ნიკაპის ფორმის კორექცია, წარბის, თვალის კუთხის, ტუჩის კუთხის აწევა, ყვრიმალის წამოწევა და სხვა.

პროცედურისთვის კანს წინასწარ ვამზადებთ და ვამუშავებთ. პრეპარატს ინდივიდუალურად, პაციენტის ასაკისა და დეფექტის მიხედვით ვარჩევთ. ქსოვილი ნაკლებად რომ დაზიანდეს, შემავსებელი სპეციალური ბლაგვცხვირიანი კანულით შეგვყავს, თუმცა მისი შეყვანა მიკროინექციითაც შესაძლებელია. პროცედურის ჩატარება ნებისმიერ ასაკში შეიძლება. აღდგენით პერიოდს ის არ მოითხოვს.

ეფექტი მყისიერია და დროთა განმავლობაში უფრო და უფრო აშკარა ხდება. განსაზღვრული ხნის შემდეგ ეფექტის გასაძლიერებლად შეიძლება პრეპარატის დამატებაც. საბოლოო ჯამში, შედეგი ერთ წლამდე გასტანს.

ფილერის შეყვანაც დიდ სიზუსტეს მოითხოვს. თუ ექიმმა დოზას ოდნავ გადააჭარბა, შესაძლოა, სახე შეშუპდეს, რადგან ჰიალურონის მჟავა, როგორც მოგახსენეთ, წყალს აკავებს. მნიშვნელოვანია პრეპარატის ხარისხიც. ხარისხიანი შემავსებელი ხანგრძლივი ეფექტისა და მინიმალური გართულების გარანტიაა.

გააზიარე: