სოფო ბათილაშვილი: “ხელოვნების საშუალებით სამყაროსთან ურთიერთობა დიდ სიამოვნებას მანიჭებს”

გააზიარე:

“მხოლოდ ქართულის” რეიტინგმა ყველა რეკორდი მოხსნა. როგორც ჩანს, ჩვენს ხალხს ეროვნული მოტივები მართლაც მონატრებია. მთავარი პრიზი კონკურსის ყველაზე ახალგაზრდა მონაწილემ – სოფო ბათილაშვილმა მოიპოვა. დღეს სოფო ამბობს, რომ ამ პროექტმა მისი ცხოვრება სრულიად შეცვალა. დაუგეგმავ ცვლილებებზე, მუსიკის სიყვარულზე, პოპულარობის ხიბლზე, ოცნებებსა თუ გეგმებზე მომღერალი თავად გვესაუბრება:

 

– სანამ პროექტში გავიმარჯვებდი, ბევრი უარი მტკიცეს. ახლა ეს ყველაფერი ღიმილით მახსენდება... არსად მიმართლებდა. საკუთარ თავში ჩავიკეტე, ბევრ რამეზე ფიქრი და ბევრი რამის გადაფასება მომიწია, სანამ ღირებულებათა ახლანდელი სისტემა ჩამომიყალიბებოდა. ყველაზე დიდი წარმატება ალბათ საკუთარი თავის პოვნაა. ვფიქრობ, საკუთარ თავში ბევრი რამ აღმოვაჩინე, თუმცა ჯერ კიდევ ძიების პროცესში ვარ.

– რა აზრის ხარ სატელევიზიო მუსიკალურ პროექტებზე? არის თუ არა ეს ნიჭიერი ადამიანების აღმოჩენის რეალური შანსი? და თუ არის – რამდენად აქვთ მათ ჩვენს ქვეყანაში პროფესიული განვითარების შესაძლებლობა?

– ზოგი პროექტი მართლაც ძალიან წარმატებულია, გააჩნია, ვინ მუშაობს მასზე ან როგორია თავად მონაწილეთა მოტივი და მიზანი.

ბედმა გამიღიმა, პროექტში არაჩვეულებრივი პედაგოგები და ბენდი დამხვდნენ. მათთან ურთიერთობამ ბევრი რამ მასწავლა.

სხვა კონკურსებშიც მიმიღია მონაწილეობა, მაგრამ როცა მომღერლები მეკითხებიან, რომელ პროექტში ვურჩევდი ძალების მოსინჯვას, დაუფიქრებლად ვპასუხობ: “მხოლოდ ქართულში”. ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა ასე კარგად დამინახეს და მიგრძნეს ჩემი მუსიკიანად.

“ავერსი”, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ეროვნული ინტერესების გამტარებელი კომპანია, ამ პროექტის სპონსორი და მხარდამჭერია. სწორედ ასეთი პატრიოტული და გულწრფელი დამოკიდებულების გამო ვაფასებ “ავერსს” და თავადაც მისი დიდი გულშემატკივარი ვარ.

– “მხოლოდ ქართულმა” ცნობილი გაგხადა. ამბობენ, რომ პოპულარობა ადამიანს თავბრუს ახვევს... შენ როგორი რეაქცია გაქვს ამ ყველაფერზე?

– პროექტმა ცოტათი მე შემცვალა და ბევრით –ჩემი ცხოვრება. მაგრამ რომ გითხრა, საკუთარი პოპულარობა სულ მახსოვს-მეთქი, მოგატყუებ. ჩვეულებრივად დავდივარ, ჩვეულებრივი ტრანსპორტით და ჩვეულებრივი ჩაცმულობით. მაინცდამაინც ვერ ვხედავ ამ ყველაფრის შეცვლის საჭიროებას. თავს კარგად ასე ვგრძნობ.

– რა მოგწონს და რას ვერ ეგუები ახალ რეალობაში?

– ჯერჯერობით ყველაფერი მისაღებია... ყველაფერს ვეგუები. ბევრი ტკივილიც მხვდება, მაგრამ დღეს უფრო ძლიერი ვარ, ვიდრე ვიყავი და ეს ძალიან მომწონს. უფრო ხშირად მინდება რაღაც კარგის კეთება, უფრო იშვიათად ვფიქრობ ცუდზე. უზომოდ მომწონს ისიც, რომ ადამიანებისგან გულწრფელ სიყვარულს ვგრძნობ. მომწონს, დაღლილობისგან დაღვენთილი შინ რომ ვბრუნდები და მაინც არ მადარდებს, რა მტკივა, რადგან ბედნიერი ვარ. უბედურიც ხშირად ვყოფილვარ, მაგრამ ვისწავლე, როგორ დავძლიო ეს განწყობა, წარუმატებლობას კი გამოცდილებად ვიყენებ.

– რას ვერ შეელევი შენი წარსული ცხოვრებიდან?

– ვერ შეველევი ყველას, შეველევი ყველაფერს, თუმცა გამიჭირდება იმის შელევა, რისთვისაც ბევრი ვიშრომე.

 

სოფო ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობს, თუმცა, როგორც თავად გვითხრა, ამ მიმართულებით საქმიანობას არ აპირებს:

– უნივერსიტეტში ჩაბარებიდან მალევე ვიგრძენი, რომ ვიზრდებოდი. მოკლე ხანში ბევრ იმ კითხვაზე ვიპოვე პასუხი, რომლებიც მთელი სიცოცხლე მაწვალებდა. კავკასიის უნივერსიტეტი ჩემი ცხოვრების ნათელ წერტილად დარჩება.

 

საუბრისას სოფომ მუსიკაში თავისი პირველი ნაბიჯებიც გაიხსენა:

– მუსიკა ჩემში ჩემთან ერთად დაიბადა. მშობლები ამბობენ, რომ ლაპარაკზე ადრე სიმღერა დამიწყია. მუსიკა ჩემთვის ისეთივე ბუნებრივი რამ იყო, როგორიც ძილი ან ჭამა. მისი მოსმენის, დაკვრის, სიმღერის მოთხოვნილება ისევე მაწუხებდა, როგორც შიმშილი ან წყურვილი.

ხელოვნების საშუალებით სამყაროსთან ურთიერთობა დიდ სიამოვნებას მანიჭებს.

– ამბობ, ოცნებები გეგმებად მექცაო. ფიქრობ, რომ მიუღწეველი არაფერია?

– ალბათ მარტო მკვდრეთით აღდგომა, მაგრამ ბოლო დროს ამაშიც აღარ ვარ დარწმუნებული...

სამყაროზე ბევრი არაფერი ვიცი, მაგრამ გამოცდილებამ მასწავლა, რომ როგორც კი მიზანი დავისახე და მისკენ მიმავალი გზების ძებნა დავიწყე, ყველაფერი, რაზეც კი მიოცნებია, ნელ-ნელა თვითონვე მოვიდა ჩემს ცხოვრებაში. ეს მაძლევს მოტივაციას, უფრო დიდი ოცნებებისკენ განვაგრძო სვლა.

– ახლა რაზე ოცნებობ ან რას გეგმავ?

– ბევრი ოცნება მაქვს. წარმომიდგენია, როგორი ვიქნები ოცდაათი წლის შემდეგ –ბევრად უკეთესი, ვიდრე ახლა ვარ - და ძალიან მომწონს ასეთი სოფო.

– რა არის შენი ცხოვრების კრედო?

– არ დავნებდე, მივცე საკუთარ თავს დრო, შემეძლოს სიყვარული.

 

ამბობს, რომ მისი შთაგონების წყარო სამყაროა და ის, რაც ვერ აუხსნია, ამიტომ ღმერთს არქმევს. ბედნიერია, როცა მისთვის ძვირფასი ადამიანები კარგად გრძნობენ თავს და მის გვერდით არიან. ეს ამშვიდებს, ძალას მატებს. ამ დროს ისეთი ძლიერი ვარ, რომ ჩემთვის გადაულახავი სირთულე აღარ არსებობსო, მითხრა.

თუმცა ჯერჯერობით ერთი დაუძლეველი პრობლემა მაინც აქვს: არც ისე სასარგებლო საჭმლი უყვარს და ვარჯიში ეზარება:

– ეს ის ნაკლია, რომელსაც აუცილებლად გამოვასწორებ. ყოველდღე ვებრძვი მავნე თვისებებს საკუთარ თავში. მიხარია, რომ არ ვეწევი, არ ვსვამ. ეს მამშვიდებს. განტვირთვის ხშირად ვსეირნობ. ეს ერთ-ერთი საუკეთესო თერაპიაა ჩემთვის.

 

უყვარს ლიტერატურაც. მიაჩნია, რომ ის გონების აუცილებელი საზრდოა:

– მე და ლიტერატურას თავისებური ურთიერთდამოკიდებულება გვაქვს... ვერასოდეს დაგისახელებთ საყვარელ ავტორს, ისევე როგორც ვერასოდეს გეტყვით, წიგნიდან რომელი მონაკვეთი მომწონს. მარტივი მიზეზის გამო – არ მემახსოვრება. ლიტერატურას პრაქტიკულად ვიყენებ, კითხვისთანავე ვინახავ გონებაში და გადაწყვეტილების მიღებისას მეხსიერებიდან ესა თუ ის ინფორმაცია ამოტივტივდება ხოლმე. უცებ ვერც ვიხსენებ, საიდან; დავფიქრდები და ვხვდები – რომელიღაც ტექსტის ჩემებური ანალიზია.

– დაასრულე ფრაზა: “ჩემი ქალაქი...”

– ჭუჭყიანი და აჯაფსანდალზე მეტად არეულია. აქ ჩემი სახლია, აქ ჩემი ხალხი ცხოვრობს, აქ ბევრი ბედნიერი წამი განმიცდია და ამ ქალაქისთვის ბევრი კარგი რამ მინდა.

– რა არის შენი როგორც ხელოვანის მთავარი სათქმელი?

– არ მინდა, ეს სათქმელი სიტყვიერად ვთქვა. იმედი მაქვს, შევძლებ ჩემი მუსიკით მის გადმოცემას.

თამარ ციბალაშვილი

 

გააზიარე: