დეპრესია და დახუფული ბრაზი
გააზიარე:
ეს გუშინწინ მოხდა. მე და კლიენტი განვიხილავდით, რომელ ემოციებს გვითრგუნავს საზოგადოება – მშობლები, მეგობრები, მედია... სევდაზე ადრე დავწერე. იმაზე, როგორ არ გვაქვს გლოვის, ტკივილის უფლება, რადგან ცხოვრება ხომ მშვენიერია, ჩვენ კი ცხვირ-პირი ჩამოგვტირის. ახლა კი მეორე მიუღებელ ემოციას შევეხები – ბრაზს. კლიენტთან საუბრისას სერიალი "სოპრანოს კლანი" და ტონი სოპრანოს თერაპევტ-ფსიქიატრის, ექიმ მელფის სიტყვები გამახსენდა: “დეპრესია შიგნით შებრუნებული მრისხანებაა”. ასეა. ყოველთვის არა, მაგრამ ხშირად.
ემოციების დათრგუნვა
ბავშვობაში ჩვენს ემოციებს ხშირად აუფასურებენ. მაგალითად, ბავშვი გვთხოვს, მაღაზიაში ტკბილეული ვუყიდოთ. ჩვენ უარს ვეუბნებით – რომ ვუყიდოთ, სადილამდე ვერ მოითმენს და შეჭამს, სადილის წინ კი ტკბილეული არ შეიძლება. ჩვენი პოზიცია გამართლებულია. ჩვენ ამ დროს ძლიერ ემოციას არ განვიცდით, დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებთ ტკბილეულს და მიგვაჩნია (სამართლიანადაც!), რომ ჯანსაღი კვება უფრო პრიორიტეტულია. მაგრამ ბავშვმა ეს არ იცის. ბავშვისთვის ტკბილეულზე უარი ემოციური მომენტია. მას რაღაც ძალიან უნდა და ვერ იღებს. მას არ შეუძლია გრძელვადიანი პროგნოზირება, ვერ წარმოიდგენს, რომ ტკბილეულს ხვალ ან დღესვე, ოღონდ მოგვიანებით მივცემთ. ვერ გაიაზრებს მიზეზშედეგობრივ კავშირს სადილსა და ტკბილეულის შეჭმა-არშეჭმას შორის. მისთვის სასურველის ვერმიღება კატასტროფაა და დაახლოებით ისევე განიცდება, როგორც ის, ჩვენ რომ სამუდამოდ აგვიკრძალონ ნაყინის ჭამა.
რას აკეთებს ბავშვი? ან სევდიანობს ანუ ტირის, ან ბრაზობს ანუ ყვირის. სწორედ აქ ვაკეთებთ ჩვენ სტრატეგიულ არჩევანს: არ ვთმობთ პოზიციას და ვაჩვევთ ბავშვს, რომ არსებობს განსაზღვრული წესები, რომ საკუთარ თავზე ზრუნვა და ჯანსაღი კვება მნიშვნელოვანია. ეს ხდება ნელ-ნელა, ყოველი ასეთი დისკუსიის დროს, და საფუძვლიან ჩვევაში გადადის. ამავე დროს, ვხედავთ და გვჯერა, რომ ბავშვი განიცდის და ვაძლევთ ამის საშუალებას. ბრაზობს? ყვირის? ეს მისი ლეგიტიმური ემოციაა. მოდი, გავიყვანოთ მაღაზიიდან და მივცეთ საშუალება, ბრაზი ფიზიკურად გამოხატოს. მოისროლოს ბოთლი, ფეხი ჰკრას ქვას... ეს ძალიან მნიშვნელოვანია – ბრაზი უნდა გამოვიდეს სხეულიდან. ბრაზი დაგროვილი ენერგიაა. ბავშვს აქვს უფლება, გაბრაზდეს. ეს მისი ბუნებრივი რეაქცია. მისი ორგანიზმი ასე პასუხობს სტრესულ ვითარებას.
ბავშვობაშიც და მერეც, როდესაც ჩვენს ემოციებს თრგუნავენ, თავს დამცირებულად ვგრძნობთ. გვაწვებიან, გვჭყლეტენ. ამას კი ბრაზი და მრისხანება მოჰყვება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს ემოციური ჭყლეტა ადრეულ ასაკში ან მოზარდობისას ხდება.
ერთი შემთხვევა
ჰილარი ჰენდელი, ფსიქოთერაპევტი, თავისი კლიენტის ისტორიას ჰყვება:
დეივიდი გაიზარდა ოჯახში, სადაც ემოციების გამოხატვა მშობლების უკმაყოფილებას იწვევდა. როდესაც დეივიდი ტიროდა, მისგან მოითხოვდნენ, ყურები არ ჩამოეყარა და გაეღიმა. როდესაც უხაროდა, მისგან მოითხოვდნენ, დაწყნარებულიყო და არ ეცანცარა. მშობლებს არასოდეს უკითხავთ ბიჭისთვის: რა მოხდა? როგორ ხარ? თავს როგორ გრძნობ?
ოცდაათი წლის დეივიდმა თერაპევტს დეპრესიის გამო მიმართა. ის ჰყვებოდა, რა კარგი მშობლები ჰყავდა – კერძო სკოლაშიც შეიყვანეს, უნივერსიტეტში სწავლის საფასურიც გადაუხადეს, მუდამ ზრუნავდნენ მასზე, თავად კი ალბათ რა უმადური იყო, ცუდად რომ გრძნობდა თავს და არაფერი ახარებდა.
თერაპიაზე აღმოჩნდა, რომ დეივიდის დეპრესიას შინაგანი კონფლიქტი იწვევდა: ის ბრაზობდა მშობლებზე, მაგრამ, ამავე დროს, თავს დამნაშავედ გრძნობდა ამის გამო. დანაშაულის განცდის შედეგად მისი მთავარი მამოძრავებელი ემოცია, ბრაზი, გულის სიღრმეში იმარხებოდა.
ჩვენ უმეტესად ვერ ვხვდებით, რომ შეგვიძლია, თან ვბრაზობდეთ მშობლებზე და თან მათი მადლიერები ვიყოთ. ან ერთ, ან მეორე ექსტრემალურ პოზიციას ვიკავებთ ხოლმე. არადა, მშობლები ხომ ჩვეულებრივი ადამიანები არიან. ზოგი რამ გამოსდით (მაგალითად, დეივიდის მშობლები აქტიურად უჭერდნენ მხარს მის განათლებას და თვითრელიზაციას), ზოგი რამ – არა (მაგალითად, ისინი ვერ უმკლავდებოდნენ ემოციების გამოხატვას). ეს ნორმალურია. იდეალური მშობელი არ არსებობს. ყველას გვეშლება რაღაც. ჩვენს მშობლებსაც რაღაც შეეშალათ. ჩვენ გვაქვს ბრაზის უფლება.
დეივიდი იზრდებოდა და ბრაზს იკავებდა. ამისთვის კი უამრავი ფსიქიკური ენერგია სჭირდებოდა. მისმა გონებამ სხვადასხვა ხრიკი გამონახა ბრაზის დასაბლოკავად – შფოთვა, დანაშაულის განცდა, სირცხვილი. ეს მექანიზმები მშვენივრად "აშეშებს" ბრაზს. მაგრამ, ამავე დროს, "აშეშებს" თვითრწმენასაც და კეთილდღეობისკენ სწრაფვასაც.
აღდგენა
ემოციების გამოხატვა, რა თქმა უნდა, იმას არ ნიშნავს, რომ ზრდასრული ადამიანები ბავშვებივით ქუჩაში უნდა ვყვიროდეთ და ბოთლებს აქეთ-იქით ვისროდეთ. ზრდასრულებს მეტი პასუხისმგებლობა გვაკისრია. არც იმას ნიშნავს, მშობლებს მივუვარდეთ და ვუყვიროთ, რომ ცხოვრება დაგვინგრიეს. ისინი ალბათ ვერც მიხვდებიან, რა მოხდა. საინტერესო ფენომენია – ტრავმას ან თუნდაც უბრალოდ სტრესს სხვა გვაყენებს, მაგრამ აღდგენას თავად ვხელმძღვანელობთ. გულის სიღრმეში ეს უსამართლობად მიმაჩნია – სხვის გაფუჭებულს მე ვამთლიანებდე, მაგრამ შევხედოთ ამას სხვა კუთხით: ვის სჭირდება აღდგენა? ვის ინტერესებში შედის გამოჯანმრთელება? ჩემსაში. შესაბამისად, საკუთარ თავზე ზრუნვა, სამყაროში არსებული რესურსების შემჩნევა, მოპოვება და გამოყენება ჩემი პასუხისმგებლობაა და არა მშობლის ან ნებისმიერის, ვინც დამაზიანა.
დეპრესიის შემსუბუქება ბრაზის გამოშვებით
ამიტომ ბრაზის გამოსახატავად თერაპიას მივმართავთ. ამისთვის მრავალი ტექნიკა არსებობს, სერიალებში გაშარჟებული ბალიშის ცემით დაწყებული, მთელი ტრავმული სიტუაციის ინსცენირებით და ხელახლა გავლით დამთავრებული. მე, მაგალითად, ძალიან მიყვარს წერილი, რომელსაც არ ვგზავნით. ამ დროს კლიენტს ვთხოვ, წერილი მისწეროს ადამიანს, რომელზეც ძალიან ბრაზობს, ოღონდ არ წააკითხოს. ეს მას საშუალებას აძლევს, ბოლომდე გამოთქვას თავისი ბრაზი, თანაც ისე, რომ მეორე ადამიანი არ დააზიანოს და, შესაბამისად, მის წინაშე დანაშაული არ იგრძნოს. როგორც წესი, ამ განცდების გააზრება და წაკითხვა საკმარისია, მაგრამ თუ საჭიროა საუბარი, კლიენტი თავად წყვეტს, რა უთხრას და რა არა ადამიანს, რომელმაც ასე გააბრაზა.
ჩვენი ტრენერები, გამოცდილი თერაპევტები, ხშირად გვეუბნებოდნენ: თერაპია – ეს ლაბორატორიაა. თერაპიის დროს ერთგვარად იდგმება რეალობა. შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ, მაგალითად, მუსიკის მასწავლებელი სკამია, რომელსაც ავაყირავებთ, წავაქცევთ, საერთოდაც ოთახიდან გავაძევებთ. ეს გვეხმარება, სხეული ბრაზისგან დავცალოთ. თერაპიის დროს შევიძლია ვიყვიროთ, ვიგინოთ, ვიტიროთ. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რეალურ ცხოვრებაში უნდა მივუვარდეთ მუსიკის მასწავლებელს და პირდაპირ ვაჯახოთ ყველაფერი, რასაც თერაპიაზე ვყვიროდით, რადგან, როგორც ვახსენე, ჩვენ რთული არსებები ვართ – შესაძლებელია, ერთი და იმავე ადამიანის მიმართ ბრაზსაც ვგრძნობდეთ და სხვა ემოციასაც და ის მეორე ემოციაც იმსახურებს პატივისცემას. მაგალითად, შესაძლოა გვიხაროდეს, რომ ფორტეპიანოზე დაკვრა ვისწავლეთ – მასწავლებლის გარეშე ამას ვერ მოვახერხებდით. გარდა ამისა, რეალურ ურთიერთობაში, თერაპიის დროს დადგმული სცენისგან განსხვავებით, ორი ადამიანი მონაწილეობს. შესაბამისად, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება კონტაქტს. კონტაქტი ზემოქმედებს, გვცვლის. როცა ბოდიშს გვიხდიან, ჩვენი ქცევა იცვლება. როცა, პირიქით, გვაბრალებენ რამეს, მაშინაც იცვლება.
ამიტომ ხდება თერაპია მნიშვნელოვანი, როდესაც ემოციების მრავალწლიან დახუფვასთან გვაქვს საქმე. ეს ბრაზი და მძვინვარება ისე უნდა გამოვიდეს ჩვენგან, რომ საბოლოოდ თავის დაცვა და ჩვენი საზღვრების გამაგრება ვისწავლოთ, დავხუროთ ბავშვობის ტრავმები, ცხოვრებას უფრო ფხიზლად შევხედოთ, ავიღოთ პასუხისმგებლობა საკუთარ ემოციურ ჯანმრთელობაზე. თერაპია არ გვინგრევს ურთიერთობებს, პირიქით, მათ აღდგენასა და უფრო გულწრფელი კონტაქტის დამყარებაში გვეხმარება. ამიტომ გეშტალტთერაპიაში ურთიერთგადაჯაჭვულია ორი ცნება: "უნდასგან" გათავისუფლება და "მინდას" აღიარება და მოპოვება და, ამავე დროს, საკუთარ ქმედებებზე პასუხისმგებლობის აღება. ერთი მეორის გარეშე არ მუშაობს.
ფსიქოთერაპევტი ლიკა ბარაბაძე